მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ტფილისიდან სტამბოლამდე

მაისის 16 დღესა 1899 წლისას, კვირა დღეს, გამოვემშვიდობე დედა-ქალაქს ტფილისსა, ვახსენე უფალი ღმერთი, რათა წყალობა მისი თანამავალ ჩემდა ყოფილიყო ვითარცა ამ მოგზაურობაში, ეგრეთვე ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა და წარვემართე რკინის გზის სადგურად. სადგურამდე გამომაცილა ორმა ქართველმა მღვდელმა და ერთმაც ახალგაზდა მოხელე თანამოსამსახურე რუსმა. ჩავჯეგ ვაგონში მარტოდ, ობლად, დაღონებული, მაგრამ გზა, რომელსაც წარვემართებოდი, და საგანი მგზავრობისა მახალისებდა, მამხნევებდა.

ერთს ვაგონში შემხვდა ორი ახალგაზრდა, როგორც აღმოჩნდა შემდეგ, ქართველნი ტომითაც, გვარითაც და სამშობლოს სიყვარულითაც. ვიდრე გამოველაპარაკებოდი, ერთმა მათგანმა აზრით უკვე მიცნო და მკითხა: „თქვენ იერუსალიმს ხომ არ მიემგზავრებით“? ნამდვილად, მაგრამ თქვენ საიდგან იცით ჩემი განზრახული მგზავრობა, როდესაც პირველად გხედავ? მან მიპასუხა: „მამა ჩემმა გ. ქ-მა, რომელიც თქვენ კარგად გიცნობთ, მითხრა, რომ იერუსალიმს მოგზაურობას აპირებთ“. სჩანს, ღირსეულ მამულიშვილს ღირსეულად აღუზრდია თვისი შვილები. ეს ახალგაზრდანი მიესწრაფებოდნენ ს. ატენს, რათა დასწრებოდნენ დღესასწაულობით ქარხნის გახსნას, სადაც მოამზადებენ ხის ყოველ-გვარ მასალას და სადაც, პარაკლისის გარდახდის შემდეგ, ქართული ჩვეულებრივი ლხინი ექმნებოდათ. ჩემის მხრივ ვუსურვე სასარგებლო საქმისათვის კეთილი წარმატება. ამ დროს შემოვიდა ვაგონში მესამე ქართველი ახალგაზრდა, ჩაცმული ქართულს ეროვნულს გემოვნებაზედ, და უთხრა ქ-შვილებს, რომ ერთ განათლგბულს ინგლისელ ქალს სურს დაესწროს ს. ატენში ქართულს ლხინს, მაგრამ მომავალს სამშაბათამდის დრო არ ექმნებაო. შემდეგ ჩვენ დავშორდით ერთმანერთს ქ. გორის სადგურზედა, და აღარ ვიცი, როდის გარდაიხადეს ატენში ლხინი.

რიონის სადგურზედ შემხვდა ორი ფრანგი, რომელნიც მისდევდნენ ერთს გურულს მებატონეს მის მამულის სანახავად და შესასყიდად. სამწუხარო იქნება, თუ საქართველოს მამულები გადავიდა სხვა ტომთა ხელში და ჩვენი ერი კი დარჩა შემდეგ ბოგანოდ. უკეთუ ჩვენმა ერმა დაიცვა თავისი არსებობა აქამდის, ეს სხვათა მიზეზთა შორის იმისათვის, რომ თავისს მამულზედ, მის წინაპართა სისხლით მორწყულზედ, იყო იგი მტკიცედ დამკვიდრებული.

16 მაისს, ღამის ცხრა საათზედ, მოვედით ქ. ბათუმს მშვიდობით, და პირდაპირ ცეცხლის გემ „ცესარევიჩ გიორგი“-ზედ გადაველ, რომელიც ერთის საათის შემდეგ გაემგზავრა ოდესისაკენ.

17 მაისს დილით მოვედით ფოთის ნავთსადგურში, სადაც გაჩერდა ცეცხლის გემი დილის ათს საათამდე. აქ მუშაობდა მანქანა, რომლითაც იღებენ ქვიშას ზღვის ძირიდგან ნავთსადგურის დასაღრმავებელად. აქ ერთი უბედური კაცი ზღვაში ვარდებოდა თავის დასარჩობად, მაგრამ ადრე შენიშნეს და დაიხსნეს სიკვდილისაგან; ვინაობა ამ უბადრუკისა ვერ შევიტყე, ჩოხა ემოსა და თავისის ვინაობისა არა სთქვა-რა. ბათომიდგან წამოსული აქ შემხვდა ერთი სომეხი, სოხუმში მოვაჭრე, რომელმაც გარდმომცა, რომ ქუთაისის სომეხთ არ ესმით თავისი სამშობლო ენა, და ამის დასამტკიცებლად მითხრა შემდეგი შემთხვევა: შევედი ქუთაისის სომეხთა ეკკლესიაში და სომხურად ვთხოვე ერთის აბაზის წმ. სანთელი მოეყიდნათ ჩემთვის, მიღდისამ ვერ გაიგონა ჩემი თხოვნა და ქართულად მითხრა: რა გინდაო? და შემდეგ სხვებმა ქართულად უთარგმნეს მიღდისას ჩემი სურვილი და მხოლოდ მაშან მომყიდა სანთელი. ეს სომეხი თითონ ოსმალეთიდგან ახლად გადმოსახლებული იყო და არ იცოდა ქართული.

18 მაისს შემხვდა გემზედ თანამოგზაურად ნოვოროსიისკიდამ კერჩამდის ახალგაზრდა ინჟენერი რუსი, რომელმაც მკითხა: На какой службе состоите Вы, на русской или грузинской? ვუპასუხე: совмещаю ту и другую вместе - Как это возможно? მივუგე: ვისაც სწავლა მიუღია რუსულს ენაზედ, მას შეუძლიან ემსახუროს რუსეთის სახელმწიფოს, გვარტომობის მიუხედავად. მე თითონ ქართველთ ეროვნებისა ვარ და ვმსახურებ რუსულს სახელმწიფო სასწავლებელში, ისე, როგორც თვით რუსნი.

კვალად მკითხა: რა განსხვავებაა რუსთა, ქართველთა და ბერძენთა ეკკლესიათა შორის? მივუგე: არსებითი (უმთავრესი ანუ დოგმატიური) გარჩევა მათ შორის არა არის რა. იგინი არიან შეერთებულ ერთ გვარის სარწმუნოების აღსარებითა და ლოცვათა და საიდუმლოთა ერთობითა ანუ ზიარებითა. მცირედი განსხვავება მათ შორის შეიძლება იყოს წესებში, მაგრამ ამ გვარი გარჩევა წესებში სრულიად არ დაარღვევს ერთობასა სარწმუნობისასა მათ შორის, მაგალითებრ: მცირე ანუ ქვემო რუსეთის ეკკლესიაში, ეგრეთვე ბერძენთა ეკკლესიაში, მიღებულია წესად, რომ სახარების კითხვის დროს წირვაზედ მღვდელი ანუ დიაკონი მიიქცეს პირით ერისაკენ, ხოლო დიდს რუსეთში კი მობრუნდება მღვდელი აღმოსავლეთისაკენ, ვითარცა საქართველოს ეკკლესიაშიაც მიღებულია. შემდეგ - განაგრძო: ვიყავი ბერძენთა ეკკლესიაში და სხვა წესები ვნახე. მე ვკითხე: სახელდობრ რომელნი? მან მიპასუხა: „ვერც ერთი საგალობელი სლავიანურს კილოზედ ვერ მოვისმინე ბერძენთა ეკკლესიაშიო“. ამის პასუხად ვუთხარ: საეკკლესიო გალობა რვა ხმად ანუ კილოდ განიყოფება. ეს შემოღებულია მერვე საუკუნიდგან ქრისტეს შობისა. ყველა მართლმადიდებელთა ეკკლესიათა რვა ხმაზედ აქვთ დაწყობილი გალობანი თვისს ეროვნულს კილოზედ, ანუ გემოვნებაზედ: - ამისათვის ცხადია, რომ ერთის ენის კილო მეორეს უცხოდ ეჩვენება. მაშასადამე საქართველოს და ბერძენთა ეკკლესიასაც თვის ეროვნულს კილოზედ აქვს შემოღებული და დაწყობილი საეკკლესიო გალობა.

აი ასეთი შემცდარი წარმოდგენა აქვთ რუსის ზოგიერთ მეცნიერთა სხვა ეროვნულს საეკკლესიო გალობასა და საგანზედ.

„ცესარევიჩ გიორგი“-ს გემზედ, რომლითაც ვიმოგზაურე ბათომიდამ ოდესსამდის, იყვნენ ორნი ძმანი, შობილნი ქართველ დედისაგან (გურიიდგან) და ზანგის მამისაგან; კარგად იციან ამათ ქართული და რუსული ენა, ერთი ზღვაოსნად ჰმსახურობს ამავე გემზედ, ხოლო მეორე - მზარეულად. ქართველთ გვარტომობის იერი ეტყობათ. ამავე გემზედ შემხვდა ბერძნის სახლობა, რომელსაც წამოეყვანა ბათომიდგან ერთი ათის წლის ქართველი ქალი გურიიდგან. ამ ქალისთვის ეთქვა ერთს ჩემს თანამოგზაურს სომეხს ჩემი ვინაობა, მაშინვე მოვიდა ჩემთან და მთხოვა ლოცვა-კურთხევა; მაშინ უკვე მოვედით ოდესის ნავთსადგურზედ და დროება არა მქონდა დაწვრილებით გამომეკითხა ამ ქალისათვის მისი ვინაობა, მხოლოდ ის-კი მითხრა, მივყავართ სტამბოლსაო, და აღარ შემხვედრია სხვა გემზედ, როდესაც გავემგზავრეთ ოდესიდამ სტამბოლისაკენ.

ამავე გემზედ შემხვდა ახალგაზდა სომეხი ერევნიდგან პ. ნიკ. აფ-ნი; თავის ხარჯით მიემგზავრებოდა ვენას ბუნების მეტყველების მეცნიერების შესასწავლად. მეორედ მიდიოდა ამ აზრით სამზღვარ გარედ. ოდესიდამ გაემგზავრა რკინის გზით. რამდენადაც პირველი შემთხვევა სამწუხაროა - მცირე წლოვანის ქალისა უცხო ქვეყანაში და უცხო ტომის სახლობაში მსახურება, რადგანაც იგი ადვილად დაივიწყებს სამშობლო ენას უცხო ქვეყანაში და სრულიადაც გადაგვარდება, ეგოდენ მეორე ამბავი სომხის ახალგაზრდის მისწრაფება მეცნიერების შესასწავლად, ვითარცა მწყურვალისა წყალზედ დასაწაფებლად, სანუგეშებელი და სასიხარულოა სამშობლოსათვის. იგი თავისუფლად ჰლაპარაკობდა ფრანგულად და ესმოდა ინგლისურიცა.

ქ. ოდესაში მივედით 22-ს მაისს და ამავე რიცხვის საღამოს ხუთს საათზედ გავემგზავრეთ კონსტანტინეპოლისაკენ „აზოვი“-ის ცეცხლის გემით. 23-ს მაისს, საღამოს 7 საათზედ, მივედით სტამბოლს. 24 მაისს მოვიარე სტამბოლი ანუ კონსტანტინეპოლი, მოვიხილე წმ. სოფიას ტაძარი, ოდესმე დიადი შვენება ქრისტეანობისა და აწ მეჩითად გარდაქცეული.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>