მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

წმ. საუფლო საფლავის ბერძენთა ძმობის დაარსება იერუსალიმში და მოქმედება მისი

ბერძნები დაემკვიდრნენ იერუსალიმში სამასის წლის წინად. 1534 წელსა, სხვა-და-სხვა გაიძვერაობის საშუალებითა კონსტანტინეპოლში, იერუსალიმის პატრიარქად იქნა დანიშნულ ბერძენი, სახელად გერმანე პელოპონესი. ადგილობრივმა ქრისტეანებმა, რომელთა ხელშიაც იყო უფლება წმ. ადგილების გამგეობისა ომარ ხალიფას დროიდან, არ გაუწიეს არა ვითარიმე წინააღმდეგობა. მათ ეგონათ, რომ გამოცდილი ბერძნები მოიხმარებენ ომარის მანიფესტსა ქრისტეანობრივის სარწმუნოების თავისუფლებისა და განსაკუთრებულ გამგეობისათვის წმ. ადგილებისა ნამდვილ ძალად და გამოიტანენ იქიდან ადგილობრივ მცხოვრებთათვის ყოველს შესაძლებელს სარგებლობასა. მაგრამ მოსტყუვდნენ და თავისი მოლოდებანი არ გაუმართლდათ. გერმანე შეეცადა მხოლოდ თავის დამკვიდრებას ახალს ადგილზედა. მის გარეშემო დაფუძნდა ბერძენთა მონაზონთა კრებული. შორს მხედველმა გერმანემ შეადგინა საკუთარი პროგრამმა თავის მოქმედებისათვის. მან დაიწყო ნელ-ნელა ჩამორთმევა საეკკლესიო თანამდებობათა ადგილობრივის შთამომავლობის პირთაგან. როდესაც გარდაიცვლებოდნენ მიტროპოლიტნი და მთავარ-ეპისკოპოსნი, იგი აკურთხევდა მათ ადგილზედ ბერძენთა. ჩქარა ყველა თანამდებობანი წმ. საფლავთან იყვნენ დაჭერილ ბერძენთაგან. შემოსავალთა წმ. ადგილებიდან დაიწყეს, ცხადია, გარდასვლა ბერძენთა ხელში. ამ ფულებს ხმარობდნენ საჭიროებისათვის ძმათა და ქრთამისათვის თურქთა მართველობისა. თავის მოადგილეს, რომელიც იყო აგრეთვე არჩეულ ბერძენთაგან, გერმანემ დაუტევა ანდერძი არ მიუშვას არავინ უცხო ეროვნებისა წმ. საფლავის გამგებლობაში და შეძლებისაებრ ყოველს დანაშთენს უმაღლესს სასულიერო თანამდებობაზედა - ადგილობრივ მცხოვრებთაგანი. ეს წესდებულება არა ერთ გზის იქმნა განმეორებულ მისს მოადგილეთა მიერ უფრო მტკიცედ.

მე-16 საუკუნის ბოლოს კონსტანტინეპოლის პატრიარქმა პართენმა მოისურვა შეეერთებინა ერთად საპატრიარქო იერუსალიმისა და კონსტანტინეპოლისა და მართვა-გამგებლობა იერუსალიმისა კონსტანტინეპოლიდან. მაგრამ წმ. საფლავის ძმანი მტკიცედ წინააღუდგნენ. ამისათვის ახალი პატრიარქი, პაისი, რომელიც მოვიდა კონსტანტინეპოლიდან იერუსალიმს, უპატივცემულოდ იქმნა მიღებულ ადგილობრივ მცხოვრებთაგან, ასე რომ მის დასამკვიდრებელად ადგილზედ საჭირო შეიქმნა ჩარეულიყო ოსმალთა მართებლობა. ბოლოს მიხვდნენ ადგილობრივნი ქრისტეანენი ბერძენთა მზაკვარებას, მაგრამ გვიან-და იყო. ძალაუნებურად უნდა დაჰმორჩილებოდნენ ბერძენთა პატრიარქსა, რომელსაც ამტკიცებდა ოსმალთა მთავრობა.

დროთა მიმდინარეობაში წმ. საფლავის კრებულმა სცნო, რომ მისი მდგომარეობა უფრო მტკიცე იქმნება, უკეთუ პატრიარქები იქმნებიან არჩეულ მათ შორის, რადგანაც გამსჭვალულ არიან იგინი ერთნაირის აზრითა და მისწრაფებითა. დოსითეოს პატრიარქმა გამოსცა უკვე ბრძანება, რათა პატრიარქი იერუსალიმისა იქმნებოდეს მონაზონთაგან წმ. საფლავის კრებულისა. იმ დროდან, თუმცა პატრიარქები იერუსალიმისა ხშირად სცხოვრობდნენ კონსტანტინეპოლში, სადაც მათ შეეძლოთ ჩქარა მოესპოთ ყოველნაირი დაბრკოლებანი იერუსალიმის პატრიარქიაში და ეცხოვრათ უდიდესის სიბორგილითა და განცხრომა-ფუფუნებითა, წეს-დებულებანი პატრიარქის აღმორჩევისათვის წმ. საფლავის ძმათაგან შეურყეველად იცვებოდიან და იცვებიან აწინდელს დრომდის, ნიკიფორე (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი), სახელდებული მიტროპოლიტი, იყო ერთი შესანიშნავი მოღვაწეთაგანი წმ. ქვეყანაში (პალესტინაში) მე-17 საუკუნეს. იგი მოგზაურობდა აზიასა, ევროპასა და აფრიკაში იმ აზრითა, რათამცა გაემდიდრებინა თავი თვისი მეცნიერებითა. თანამედროვენი რაცხდენ მას „ფილოსოფოსად, რიტორად, და შვიდი ენის მეცნიერად“. ეს „სახელდებული მიტროპოლიტი“, ვითარცა იგი უწოდებს თავსა თვისსა საქართველოს მეფეთა მიწერ-მოწერაში რუსეთის ხელმწიფეებთან, იყო სამ გზის წარგზავნილ დესპანად მოსკოვს მეფე მიხეილ თეოდორეს ძისა მიმართ (1636, 1639 და 1640 წელ.); ათხუთმეტ გზის იყო გაგზავნილ საქართველოს მეფის თეიმურაზ პირველის დავედრებით (1605- 1663 წელ.) სხვა-და-სხვა მხარესა და სხვა-და-სხვა ხელმწიფეთა მიმართ აზიისა და ევროპისა. ამან ფრიად განაშვენა ქართველთა ჯვარის მონასტერი იერუსალიმში. პალესტინაში დაიმსახურა მან ესე-ვითარი პატივი და დიდება, რომ იერუსალიმის პატრიარქმა თეოფანემ თავის სიკვდილის უწინარეს (1645 წ.) დაჰნიშნა იგი ნიკოლოოზ ჩოლოყაშვილი თავის მოადგილედ; მაგრამ გაიძვერაობისა და მზაკვარებისა გამო ბერძენთასა ეს დანიშნულება ანდერძისაებრ უწმიდესის პატრიარქისა არ იქმნა შესრულებულ [*]. დღეს წმ. საფლავის ძმანი ჰფლობენ დიდძალის ფულითა, სამასის წლის განმავლობაში მოხვეჭილითა, სარგებლობენ დიდის შემოსავლითა რუსეთის და საქართველოს მამულებიდან, რომელნიც შეწირულ არიან წმ. საფლავისადმი, და თითქმის აქამომდის იღებენ ფულით შემწეობასაც რუსეთის უუწმიდესის სინოდისაგან [**].

 

წმიდა მთა სინა

იერუსალიმს მისრულნი რუსეთიდან მლოცველნი სარგებლობენ დროებით ქრისტეს შობის დღესასწაულიდან დიდ მარხვამდის და მიდიან მოსალოცავად, და მოსახილველად სინას მთისა. ეს მსვლელობა შესრულდება ორის გზით: პირდაპირ ხმელეთით იერუსალიმიდან წინამძღვანელობითა რუსის მონასტრის ბერ-მონაზონისა და მფარველობის ქვეშ პალესტინის ბედუინთასა. ეს საშუალება მგზავრობისა თუმცა მოკლეა, მაგრამ ფრიად შემაწუხებელია. ამისათვის უფროს ამჯობინებენ მგზავრობას სინას მთაზედ იაფფის ქალაქიდან ალექსანდრიასა და ქაირზედა. ამასთანავე მლოცველს ეძლევა შეძლება მიმოიხილოს შესანიშნავნი ქრისტეანეთათვის ადგილნი ეგვიპტეში, სადაც იმყოფებოდა ღვთაებრივი ერმა იესო ყოვლად წმიდა თვისის დედითურთ და მართალის იოსებით გადასარჩენად დევნულებისაგან იროდ მეფისა.

 

[*] - Заслуги грузинского монашества и монастырей для отечественной церкви и общества, Епископа Кирiона.

[**] - Русское Богатство, № IX 1900 г.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>