მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

ქალაქები: პორტ-საიდ, ალექსანდრია, ქაირ

სინას მთაზედ წამსვლელნი ამ გზით იაფფაში იღებენ ბილეთს ცეცხლის გემისას ალექსანდრიამდის. პორტ-საიდი ახალი ქალაქია და განსაკუთრებით არა რაიმეთი არ არის შესანიშნავი. მსურველთ შეუძლიანთ აქ დადგრომა ბერძენთა წმ. იოანნე ღვთის-მეტყველის მონასტერში. ალექსანდრია ფართოდ გადაშლილა ხმელთა შუა ზღვის სამხრეთ ნაპირად. იგი დაფუძნებულია ალექსანდრე მაკედონელისა მიერ უწინარეს 332 წელთა ქრისტეს შობამდის. ალექსანდრია შეიქმნა მეორე ქალაქად შემდეგ რომისა. ალექსანდრიაში წმ. მახარებელმა მარკოზმა დაჰნერგა ქრისტეს სარწმუნოება და იქმნა იგი დადგენილ პირველ ეპისკოპოსად ამ ქალაქისა პეტრე მოციქულის მიერ. ალექსანდრიაში იქმნა აღწერილ წმ. მახარებელ ლუკასაგან „საქმე წმიდათა მოციქულთა“. აქვე, ფაროსის კუნძულზედ, იქმნა გადათარგმნილ დაბადება ებრაულის ენიდამ ბერძნულად სამეოცდა ათთა მეცნიერთა ურიათა მიერ ხელმძღვანელობითა განათლებულის დიმიტრი ფალერელისა, დამფუძნებელისა შესანიშნავის თავის დროზედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკისა (წიგნთ-საცავისა) ორასის წლის უწინარეს ქრისტეს შობამდის. ეს თარგმანი ძველის აღთქმის საღმრთო წერილის წიგნებისა შესრულდა ბრძანებისაებრ ეგვიპტელთა მეფისა პტოლომე ფილოპატორისა. ალექსანდრიაში არის მონასტერი, რომელიც ეკუთვნის მართლმადიდებელს პატრიარქსა. ამ მონასტერში არის ტაძარი წმ. საბა განწმედილის სახელზედა და ამასვე ტაძარშია სამხრე წმ. ქალწულ-მოწამე ეკატერინას სახელზედა; გარდამოცემით ეს სამხრეა იმ ადგილზედა, რომელზედაც ყოფილა საპყრობილე, სადაც შეუმწყვდევიათ წმ. ეკატერინა თავის მოწამებრივის სიკვდილის წინად. სხვა მონასტერია კოპტებისა წმ. მარკოზის სახელზედა. საკრებულო ტაძარი კოპტების მონასტრისა აღშენებულია იმ ადგილზედა, სადაც წმ. მოციქულმა მარკოზმა მიიღო მოწამებრივი აღსასრული და სადაც იყო დასაფლავებულ. მის წმ. ნაწილნი გარდაუსვენებიათ ვენეციაში და მხოლოდ წმ. თავი მოციქულისა დაცულია ამ ტაძარშივე მარმარილოს ლუსკუმაში (კუბოში). საზოგადოდ ალექსანდრიაში ბევრი მშვენიერი შენობებია: სრა-სასახლე, მეჩეთი ათასი კამარათი (კოლონნა), საზღვაო სასწავლებელი, საზღვაო არსენალი. ალექსანდრია შეერთებულია ქაირთან რკინის გზით. ყოველთა ევროპის სახელმწიფოთა ჰყავთ აქ თვისი კონსულები. მცხოვრებელნი ალექსანდრიაში ირიცხება სამოც-და-ხუთ ათასამდე.

ქაირი არის უმთავრესი ქალაქი ეგვიპტისა. იგი მდებარეობს მარჯვენით კერძო ნილოსის ნაპირისა და არის ცენტრი არაბთა მეცნიერებისა და ხელოვნებისა, აქვს ოთხასამდის მეჩითი, რომელთა შორის რამდენიმე შესანიშნავია თავის ხუროთ-მოძღვრებით. ქაირში ითვლება სამას ათასამდის მცხოვრები სხვა-და-სხვა ეროვნებისა, რომელთაც აქვსთ თავის საცხოვრებელ ადგილად თითოეულსა საკუთარი უბანი.

ძველს ქაირში არის ბერძენთა ვრცელი მონასტერი, შესანიშნავი თვისის სიძველითა და დიდ-ზომიერებითა. უმთავრესი ეკკლესია ამ მონასტერშია წმ. მთავარ-მოწამე გიორგისა წმიდანის კუბოთი საკუთარს სამხრეში, რომელიც გადმოსვენებულია აქ ლიდდიდან; ხოლო საკრებულო ეკკლესიის საკურთხეველში ინახება ნაწილი ბეჭისა და თითი მთავარ-მოწამისა, და მარჯვნივ მხარეს კანკელისა ასვენია ძველი, კარგად დაცული ხატი ღვთისმშობლისა, დახატულა წმ. მახარებელის ლუკას მიერ. მახლობლად ბერძენთა მონასტრისა არის კოპტების მონასტერი, აღშენებული იმ სასტუმროს ადგილზედა, რომელშიაც შეაფარა თავი წმიდა სახლობამ, დევნულმა იროდისაგან. უმთავრესი ეკკლესია არის ღვთის-მშობლის მიძინების სახელზედა. ამ ეკკლესიაშია მარჯვენით აღსავლის კარისა შეუნიშნავი კარები იატაკში, რომელსაც ჩაჰყავს კაცი მღვიმეს, სადაც სცხოვრებდა წმ. სახლობა. ამ მღვიმის აღმოსავლეთის კედლის თახჩაში არის დადებული მარმარილოს ფიცარი ზედ ამოჭრილის ჯვარითა; ეს იყო საწოლი აკვანი ღვთაებრივის ყრმისა იესოსი, ხოლო მის გვერდით ქვის ტახტზედ იმყოფებოდა მისი წმიდა დედა. ორივე სარეცელი (საწოლი) ეხლა იხმარება ვრცელ ტრაპეზად. მეორე სარდაფში არის ქვის ემბაზი, რომელსაც ჰხმარობდა ღვთის მშობელი გასაბანებლად მაცხოვრისა. მარცხენით არის ჩასავალი ჭისაკენ, რომლიდანაც წყალსა ხმარობდა წმიდა სახლობა. ამ ჭის წყალი განთქმულია ქაირში, ვითარცა საკურნებელი საშუალება ყრმათათვის, როდესაც ყმაწვილი ავად გახდება, მის სამოსელს დაასველებენ ამ წყალში და ჩააცმევენ სნეულსა, რომელიც დაუყოვნებლივ მიიღებს შემსუბუქებას, სარწმუნოებისაებრ მშობელთა და ნათესავთა.

ძველს ქაირშია შესანიშნავი შენობა რავდენისამე ოთხ-კუთხიანის ეზოთი. იგი გარემოს მოზღუდულია მაღალის გალავნითა. ეს პურის მაღაზიებია, რომელსაც ძველის დროდან უწოდებს ერი მაღაზიებად იოსებისა. სამხედრო ციხესთან არის ჯურღმული, რომელსაც უწოდებენ ჭად მამა-მთავრის იოსებისა. გარდამოცემით იგი არის იმ საპყრობილის ადგილას, რომელშიაც იყო დამწყვდეულ უმანკო იოსებ პენტეფრისა მიერ.

მლოცველნი ქაირში ჩვეულებრივ დადგებიან სინას მეტოქიაში და გამოითხოვენ წერილებსა სინას მონასტრის მწყემს-მთავრისაგან, რომელიც აქ სცხოვრობს.

ჩრდილოეთით ამ უბნისა, სამის საათის მანძილზედ, მდებარეობს როფ. მატარიე. სოფელში შესვლისათანავე არის ძირკვი ოთხის ტოტით, რომელსაც უწოდებენ ხედ ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა; ამ ხის ჩრდილს ქვეშ შეეფარა წმ. მოგზაური დედა თავის უუსაუკუნესის ყრმითა, ვიდრემდის იოსები გამოსძებნიდა ბინას მათთვის. ეს გარეული ლეღვი ითვლება განუხრწნელ ხედ.

სუეცი პირველი ქალაქია მეწამულის ზღვის პირზედა. იგი შეერთებულია ქაირთან რკინის გზითა (7 საათის მანძილზედ). ბინა მლოცავთათვის იქმნება ბერძენთა სამღვდელოების სახლში წმ. მთავარ-მოწამე გიორგის ეკკლესიასთან. სუეცში საჭიროა რუსეთის მლოცავთათვის გამოცხადება რუსეთის კონსულის წინაშე და მიღება წერილებისა სინას მონასტრის რწმუნებულისაგან, ურომლისოდ შესაძლებელია შეხვდეს დაბრკოლებანი სინაზედ მისვლის შემდეგ.

 


<< წინ

სარჩევი