მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

განსხვავებანი საღმრთო წესების შესრულებაში
იერუსალიმისა და რუსეთის ეკკლესიათა შორის

1. მართლ-მადიდებლობის დღესასწაულის შესრულებაზედ დიდ მარხვის პირველს კვირიაკესა იერუსალიმში შემოუვლიან ჯვრებითა და წმ. ხატებითა ორ-გზის ქრისტე მაცხოვრის საფლავის სამლოცველოსა (კუვუკლიასა) და ერთხელაც აღდგომის ვრცელს ტაძარსა ხოლო შეჩვენების წესს არ აღასრულებენ იქ, ვითარცა მიღებულია საღმრთო წესად და სრულღება რუსეთისა და საქართველოს ეკლესიათა შორის ყოველსა წელსა დიდ მარხვის პირველს კვირა დღესა. შეჩვენება წარმოითქმება მათ ზედა, რომელნიც უარ-ჰყოფენ უმთავრესთა დოღმატთა, მართლ-მადიდებელის ეკკლესიისა მიერ აღვიარებულთა. წმ. ეკკლესია გამოაცხადებს განდგომილებად არა მათ, რომელნიც დაარღვევენ ზნეობრივთა ეკკლესიის კანონთა; მათ წმ. ეკკლესია დედობრივ სულგრძელებით მოუთმენს უკანასკნელ შეძლებამდის იმ იმედითა, რომ სჯულის-კანონის დამარღვეველნი შეინანებენ და მოიქცევიან ჭეშმარიტების გზასაზედა. წმ. ეკკლესია შეაჩვენებს, განაშორებს მათ, რომელნიც უარს-ჰყოფენ მყოფობასა და განგებასა ღმრთისასა, სულიერობასა ღმრთის არსებისასა და უმაღლესთა თვისებათა მისთა, წმ. სამებასა, თანა არსობასა და თანაღირსებასა ძისა ღვთისასა და სულისა წმიდისასა ღმრთისა მამისა თანა; შეაჩვენებს მათ ეგრეთვე, ვინც უარ-ჰყოფს საჭიროებას ქვეყანაზედ მოსვლისას, ვნებათა და სიკვდილსა ძისა ღვთისასა კაცთა ცხოვრებისათვის, ვინც არ შეიწყნარებს მადლსა გამოხსნისასა, ვინც უარ ჰყოფს მარადის ქალწულებასა ღვთისმშობლისას, ვისაც არა სწამს, რომ სული წმიდა მოქმედებდა წინასწარ-მეტყველთა და მოციქულთა მიერ, და აწცა იმყოფება ქრისტეანეთა გულთა შინა და დაადგინებს მათ ყოველს ჭეშმარიტებაზედ; შეაჩვენებს ეგრეთვე მასცა, ვინც უარჰყოფს სულის უკვდავებასა, აღსასრულსა სოფლისასა, საუკუნო სასჯელსა და საუკუნო მისაგებელსა საქმეთაებრ კაცთასა, ვინც განაგდებს წმ. შვიდთა საიდუმლოთა; შეაჩვენებს ეგრეთვე მას, - ვინც უარჰყოფს წმ. შვიდთა მსოფლიო კრებათა და მათ გარდამოცემათა, არ დაემორჩილება სამეფო ხელმწიფებასა, ღმრთისა მიერ დაწესებულსა, და, დასასრულ, ვინც განაგდებს და ჰგმობს წმ. ხატთა. იერუსალიმში ამას არ წარმოსთქვამენ ასარიდებლად უსიამოვნებისა და საცილებლად ამბოხებისა, რომელიც შესაძლებელია მოჰხდეს ქრისტეანობრივის სარწმუნოების სხვა და სხვა აღმსაარებელთა შორის; და ამ უსიამოვნებას შესაძლებელია ხელით შეტაკებაც მოჰყვეს და ერთმანერთის სიწმიდეთაც შეეხნენ და შეურაცხჰყონ.

2. წესი სამღვდელოსა ფერხთ-ბანის შესრულებისა ქალაქ იერუსალიმში დიდს ხუთშაბათსა. წირვის შესრულების შედეგ, დილის ცხრა საათზედ გამოვალს სამღვდელოთა დასი სრულის შესამოსლითა. მას წინ მიუძღვის ოსმალთა სამხედრო მწყობრი წეს-რიგის დასაცველად. შემდგგ მათ შეუდგებიან კავასები დიდის ყავარჯნებით; მათ მიჰყვებიან რავდენიმე ყმაწვილი ანთებულის სანთლებითა, ბერნი, მგალობელნი, მთავარ-დიაკონნი სასაკმევლებითა, მღვდელნი, კვალდცა მთავარ-დიაკონნი ორ-სანთლითა (დიკირითა) და სამ-სანთლათა (ტრიკირითა) და, დასასრულ, თვით პატრიარქი სრულის შესამოსელითა, მაკურთხეველი ერისა ჯვარითა. გამოვლენ ეკკლესიის გარეთ ეზოში, სადაც არის ამ შემთხვევისათვის გამართული მაღალი ვრცელი ტახტი, მოფენილი ძვირფასის ხალებითა; ამ ტახტზედ ავალს პატრიარქი და დასჯდება მისთვის მომზადებულს ოქროს სელზედ, ხოლო რჩეულნი ათორმეტნი სამღვდელონი, მიმღებელნი თანამონაწილეობისა ფერხთ ბანის წესის შესრულებაში, დაიჭერენ თავის ადგილებსა ორსავე მხარეს პატრიარქისა. შემდეგ აღვალს მოაჯირზედ პატრიარქის მოადგილის თანაშემწე და იქიდან დაიწყებს სახარების კითხვასა, ხოლო პატრიარქი ადგება თავის დასაჯდომელიდან და მივალს თითოეულ დასახელებულს ამ შემთხვევისათვის მოციქულთან, და მისცემს კითხვათა, რომლებზედაც იგინი ზეპირად პასუხ-უგებენ, ხოლო ზოგნი რვეულიდან, და შემდეგ განმარტებისა მდაბლად ფერხთამდის თავს მოუდრეკენ მას; შემდეგ პატრიარქი მოიხდის მიტრას, განიძარცვავს სხვათაცა სამღვდელო შესამოსელთა და დაჰბანს ფერხთა მათთა. შემდეგ კვალადცა შეიმოსება, ჩამოვა მაღალის დასაჯდომელიდან სამის რჩეულის სამღვდელოთურთ, და იწყებს ლოცვასა მახლობლად იმ ადგილისა, რომელზედაც იკითხებოდა სახარება, ხოლო თანამოგზაურნი მისნი დავარდებიან მიწაზედა ათის ნაბიჯის მანძილზედ. ლოცვის განგრძობაში პატრიარქი სამ-გზის მივალს მათთანა და განაღვიძვბს მათ. ამას შემდეგ ყოველნი აღვლენ კვალადცა ტახტზედა; პატრიარქს მიართმევენ დიდს კონას ყვავილებისას უსუბის მაგიერად და იგი ამოავლებს მას ვარდის წყლით სავსე თასში და ასხურებს სამღვდელოთა და ერსაცა. დასასრულ, დიდის ზარების რეკითა სამღვდელოთა კრებული იმავე წესითა დაბრუნდება იმაგე აღდგომის ტაძარში, საიდგანაც გამოვიდა. ამ საღმრთო წესის სანახავად მრავალი ხალხი იკრიბება ეკკლესიის გარემოს სახლების სართულზედა (ბანებზედა) და მოაჯრებზედა, ვითარცა ქრისტეანები, ეგრეთვე მაჰმადიანები; საზოგადო რიცხვით 30 ათას კაცამდის იქმნებიან მაყურებელნი ამ საღმრთო წესის შესრულების დროსა.

3. ბერძნებს არა აქვსთ წესად მიღებული ღამის თევით შესრულება მწუხრისა და ცისკრისა იმ სახით და წესითა, ვითარცა რუსეთის ეკკლესიაშია მიღებული. ბერძნები მხოლოდ პირველს ნაწილს ღამის-თევისას, ესე იგი მწუხრსა პურების კურთხევით შეასრულებენ ყოველთვის საღამოთი სამს საათზედ დიდის გამოჩინებით, ხოლო შემდეგ დილით ცალკე ერთი მღვდელი შეასრულებს მეორე ნახევარს ღამის-თევისას, ესე იგი ცისკარს, სრულიად უბრალოდ, ვითარცა სადაგს დღეში, წაიკითხავს მხოლოდ სახარებასა საკურთხეველში, ხოლო გამოსვენება სადღესასწაულო ხატისა, კმევა და ცხება ზეთითა არ იქმნება, და ან კი რით უნდა სცხონ, როცა პურებთან ერთად ზეთს არ აკურთხებენ იგინი.

4. პატრიარქის წირვაზედ, დიდს გამოსვლაზედ, ესე იგი ბარძიმ-ფეშხუმის გამოსვენებაზედ, თანანწირველთა სამღვდელოთა დაურიგებენ ტრაპეზის ჯვრებსა, გვადრუცებს (კოლოფებს) წმ. ნაწილებითა და ზოგსაც ხატებსა; მხოლოდ იმ ჯვარსა, რომელშიაც არის ჩასვენებული ნაწილი ნამდვილის ცხოველსმყოფელის ჯვარისა, არა ვის გარდასცემენ გამოსასვენებლად .

5. სიმბოლოს სარწმუნოებისას, ესე იგი „მრწამს ერთი ღმერთი“... არა ჰგალობენ, არამედ წაიკითხავს ერთი მღვდელთაგანი აღსავლის კარებში, პირით მიქცეული ერისადმი. ამ დროს მღვდელმთავარნი ემთხვევიან საღმრთოთა ძღვენთა და ტრაპეზსა, შემდეგ ამბორს უყოფვნ პატრიარქსა ხელზედა და მხართა ზედა, ხოლო პატრიარქი ამბორს უყოფს მათ თავზედა; მღვდელმთავარნი ურთიერთარს ეამბორებიან ბაგეთა, ხოლო მღვდელნი ემთხვევიან პატრიარქსა და მღვდელმთავართა მარჯვენესა ხელსა ზედა.

6. წირვაზედ მხოლოდ პატრიარქს, ანუ მღვდელმთავარს ანუ სხვა უპირატესსა აქვს კონდაკი და ხმა-მაღლა კითხულობს დაწესებულს საიდუმლო ლოცვათა მოსასმენელად თანამწირველთა, რადგანაც მათგან არავის უპყრია ხელში კონდაკი.

7. ქერუბიმთა საგალობელის შემდეგ რუსეთისა და საქართველოს ეკკლესიებში მიღებულია წესად, რომ მხოლოდ მწირველმა მღვდელმთავარმა წარმოსთქვას ასამაღლებელნი, ხოლო ბერძენთა ეკკლესიაში შემდეგ ქერუბიმთა საგალობელისაც რიგზედ წარმოსთქვამენ ასამაღლებელთა, ვისაც რომელი შეხვდება, განურჩეველად ხარისხისა, არქიმანდრიტი იქმნება იგი, იღუმენი, თუ დეკანოზი ანუ მღვდელი. პატრიარქის თანამწირველობაში თვითონ მე შემხვდა სათქმელად ორი ასამაღლებელი, პირველად მეოთხე ასამაღლებელი, ხოლო მეორედ: „და ღირს-მყვენ ჩვენ, მეუფეო, კადნიერებით დაუსჯელად კადრებად და ხდად (მოწოდებად) შენდა ზეცათა ღმრთისა მამისა და თქმად“, თუმცაღა თანამწირველნი ვიყავით რვანი.

8. ბერძენთა ეკკლესიაში მიღებულია წესად, როდესაც მღვდელი ან არქიმანდრიტი მიიღებს წმ. ტარიგის ნაწილსა მღვღელმთავრის ხელიდამ, იქვე უნდა დაადგრეს, მოიდრიკოს თავი ოდიკის წინაშე და იქვე მიიღოს წმ. ნაწილი ქრისტეს თვით უხრწნელის ხორცისა და იქვე გაიწმინდოს ხელნი ღრუბელითა ოდიკზედა. ჩვენნი სამღვდელონი იკითხავენ, როდისღა უნდა წაიკითხონ ლოცვა უწინარეს ზიარებისა? საბერძნეთის ეკკლესიაში ამ ლოცვას წარმოსთქვამენ თანამწირველნი მღვდელნი უწინარეს მიღებისა წმ. ნაწილისა მღვდელმთავრის ხელიდამ. ხოლო ბარძიმიდან ეზიარებიან ყოველნი თანამწირველნი სამღვდელონი წესისაებრ რიგზედა.

9. ქრისტე მაცხოვრის საფლავზედ კვეთის შესრულების დროს მღვდელმთავარი ანუ მღვდელი მუხლ-მოდრეკით ოქროთი მოქარგულს ბალიშზედა შეასრულებს ამ მღვდელმოქმედებას.

10. იერუსალიმში ბაიობის (ბზობის) ცისკრისათვის არ ამზაღებენ ბზას საკურთხებელად და დასარიგებლად მლოცველთადმი. ვისაც სურს იდგეს ეკკლესიაში ფინიკის შტოთი, ის წინადვე შეიძენს თავის ფულით ტოტსა და მიდის ეკკლესიაში დამზადებულის ფინიკის ტოტითა. ამისათვის ბზობის პარასკევსა და შაბათსა არაბთა მოაქვსთ ფინიკის ტოტები გასასყიდათ და ეკკლესიის გარეთ ეზოში ჰყიდიან, ორი შაურიდან დაწყებული ვიდრე ორ მანეთამდის თითო რტოს სიდიდისა და სიმშვენიერის მიხედვით.

11. აღდგომის მწუხრის შესრულება იერუსალიმში. ორ საათზედ შუადღის შემდეგ დაიწყება ქრისტე მაცხოვრის ეკკლესიაში გამოჩენილი ცერემონიალური მწუხრი პასექის პირველის დღისა. პატრიარქს შეიყვანენ ეკკლესიაში განსაკუთრებულის ცერემონიითა: მრთელი გზა ტაძრამდის და თვით ტაძარშიაც ტრაპეზამდის მოფენილია ყვავილებითა, ხოლო მის შესვლაზედ ეკკლესიაში წვიმასავით ესვრიან ვარდისა და სხვა ყვავილების კონებსა გალლერეებიდამ; პატრიარქს წინა უძღვიან ათი მთავარდიაკონი ორტოტიანის სასანთლეებითა, შემდეგ მიაქვსთ ათორმეტი რიპიდა (გრძელ ტარიანი ხატი სერაბიმთა), ხოლო მას შემდეგ შეუდგებიან ასამდი მღვდელნი მდიდარის სამოსელითა, და შესვლისათანავე ტაძარში დაიწყება გამოჩინებით შესრულება მწუხრისა. სახარებას კითხულობენ რვა ენაზედა; მწუხრის დასრულების შემდეგ პატრიარქი და მღვდელმთავარნი, მტვირთველნი ხელთა თვისთა ჯვართა და სახარებათა, დაჯდებიან სელში (კრესლოში) და ერი, ვითარცა აღდგომის ცისკარზედ, მივალს მათთან ქრისტეს აღდგომის მისალოცავად.

12. ზოგადი ხმარება კამილავკისა ბერძენთა სამღვდელოებისა მიერ. იერუსალიმში და საზოგადოდ ბერძენთა ეკკლესიაში წესად მიღებღლი აქვს სამღვდელოებას კამილავკით თავის დაბურვა განურჩეველად ხარისხისა, მღვდელია, მონაზონი ანუ თუ მთავარდიაკონი, მხოლოდ კამილავკები შავის ხავერდისაა და არა ფერადისა, ვითარცა მიღებულია ჩვენში. ამისთვის პატრიარქის მხრით დიდი პატივის ცემა იყო ჩემის ხარისხისა, რომ ნება მიბოძა წირვისა თავ დაუბურველად კამილავკითა. ბერძენთა ეკკლესიაში არიან მიღებულ მხოლოდ შემდეგნი ჯილდონი სამღვდელო პირთათვის: პანაგია (რგვალი ხატი ღვთისმშობლისა ანუ მაცხოვრისა) გულზედ სატარებელად მღვდელმთავრისაგან, ვითარცა მღვდელ-მოქმედების დროსა, ეგრეთვე გარეშე ეკკლესიისა, როგორც კუთვნილება სამღვღელმთავრო ხარისხისა, და მიტრა თავზედ დასახურავად, ვითარცა გვირგვინი, მხოლოდ საღმრთო მოქმედების დროს მღვდელმთავრისათვის; ჯვარი გულზედ სატარებელი არქიმანდრიტისა მიერ, და ენქერი, რომლითაც იმოსებიან, ვითარცა სულიერის ხრმალითა, მღვდელმთავარნი, არქიმანდრიტები და წარჩინებულნი იღუმენნი და დეკანოზნი.

13. ათონის ბერძენთა რომელსამე მონასტრებში დიდს გამოსვლაზედ, პატიოსანთა ძღვენთა გამოსვენების ჟამსა, მღვდელი მოიხსენებს მხოლოდ: „თქვენ ყოველნი მართლმადიდებელნი ქრისტეანენი მოგიხსენოს უფალმან ღმერთმან სასუფეველსა თვისსა“... ამას წარმოსთქვამს მღვდელი ოთხ გზის ოთხ მხარეზედ მიბრუნებით და შემდეგ პირდაპირ შევალს საკურთხეველში.

14. ვინაიდგან ყოველს სამშაბათს წმ. ეკკლესია აღასრულებს ხსენებასა წმ. დიდებულისა წინასწარმეტყველისა, წინამორბედისა და ნათლისმცემელისა იოანნესსა, ამისათვის მის სახელის მონასტერში იერუსალიმს თითოეულს სამშაბათს დიდმარხვისას შესრულდება პირველ-შეწირული წირვა. ამ წირვაზედ შეინიშნება შემდეგი განსხვავება: პირველს მუხლს „წარემართე ლოცვა ჩემი“ ჰგალობს საკურთხეველში მწირველი მღვდელი, ხოლო შემდეგი მუხლები იგალობებიან კლიროსზედ (საწიგნეზედ) და უკანასკნელს მუხლს „წარემართე ლოცვა ჩემი“ ჰგალობს კვალადცა მწირველი მღვდელი საკურთხეველში; ამ დროს არავინ მუხლს არ მოიდრეკს ეკკლესიაში არცა სამღვდელოთაგანი და არცა ერისაგანი. გარდა ამისა, თითოეულის მუხლის გალობის შემდეგ, მწირველი მღვდელი იცვლის ადგილს ტრაპეზის წინაშე; პირველად იგი სდგას და უკმევს ტრაპეზის წინ, მეორე მუხლის გალობის დროს გარდადის მარჯვენით კერძო ტრაპეზისა, შემდეგ - მარცხენა მხარეს, დასასრულ - უკანა მხარესა და სრულიად ბოლოს - კვალადცა წინა მხარესა.

15. იერუსალიმის ქრისტე მაცხოვრის აღდგომის ეკკლესიაში მართლმადიდებელთა ტრაპეზი არის სიგანით ექვს ადლამდის განიერის ფერხ-დასადგმელით წინადგან. სანაწილე ამ ტრაპეზზედა არის მალახიტისა (მწვანე მარმარილოსი) ეკკლესიის მსგავსად, ტრაპეზს ზევიდამ ადგია მარმარილოს საჩრდილობელი, რომელიც სამღვდელოთა ზიარების დროს დაიფარდების გარეშე მაყურებელთაგან, რომელნიც მრავლად იმყოფებიან საკურთხეველში გამოჩენილს დღესასწაულებში; ხოლო ზევით სართულიდამ მრავალნი დედანიც დაუბრკოლებელად უყურებენ ყოველთა და ყოველსავეს, რაც კი მღვდელ-მოქმედება სრულდება საკურთხეველში.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>