მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

რუსთა წმ. პანტელეიმონის მონასტერი წმ. ათონის მთაზედ

ივნისის 27, კვირას, ნაშუადღევის 4 საათზედ მოვედით მშვიდობით წმ. ათონის მთის ძირამდე. ნავთსადგური ორს ვერსზედ არის დაშორებული რუსთა წმ. პანტელეიმონის მთავარმოწამისა და მკურნალის მონასტერზედ. ამ მონასტრის მონაზონთა თავისის ნავით წაგვიყვანეს მონასტრამდე; მოგვცეს ბინა ერთს ოთახში მე და ერთს რუსის მღვდელს იერუსალიმიდგან ჩემთან ერთს გემზედ წამოსულს. ჩემი თანამოგზაური მ. დეკანოზი სოლომინი კი სტამბოლიდგან თავისის სახლობით ოდესისაკენ გაემგზავრა, რადგანაც მეუღლით იყო, და დედათ-კი აღკრძალული აქვთ ათონზედ ასვლა.

28 ივნისს, საღამოს 8 საათზედ, მცირე მწუხრის შემდეგ, იწყო საკრებულო მონასტრის ტაძარში ღამისთევით შესრულება მწუხრისა და ცისკრისა და მთელს ღამეს გაგრძელდა იგი, დილის 5 საათამდის. მეც ვალდებულ ვიყავ დავმორჩილებოდი მონასტრის ტიბიკონს, თუმცაღა ჩემთვის ძნელი იყო მთელს ღამეს ფეხზედ დგომა და უძილობა ჩემს წლოვანობაში. მაგრამ სასუფეველისათვის ღვთისა კაცმა უნდა „განვლოს იწრო ბჭე და საჭირველი გზა“ (მათ. 7,14); „სასუფეველი ცათა იიძულების, და რომელნი აიძულებდენ (ძალს მოიხმარებენ მოღვაწეობაში), მათ მიიტაცონ იგი“ (მათ. 11,12).

29 ივნისს, დღესასწაულსა თავთა მოციქულთასა პეტრესა და პავლესსა, მეც თანამწირველ-ვიყავ. წინამძღვარი მონასტრისა, მამა არქიმანდრიტი ანდრია, თითონაც მწირველი იყო და 12 თანამწირველნი ვიყავით. წინამძღვარს მიტრაზედ ჯვარი აქვს, მკერდზედ ჰმოსია არქიმანდრიტობის ჯვართანა პანაგიაცა ჯვარცმის ხატითა.

ამ პანაგიით დაუჯილდოვებია იგი პატრიარქს იოაკიმეს კეთილის სამსახურისათვის; პანაგიას მხოლოდ მღვდელმოქმედების დროს ატარებს მ. არქიმანდრიტი და მისის სიკვდილის შემდგგ მისთა მოადგილეთ უნდა ატარონ. წირვის შესრულების ჟამს ასამაღლებელთა წარმოთქმაზედ: „მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი“... და „იყავნ წყალობანი უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა“... ეგრეთვე მოიღო ჯვარი ტრაპეზიდგან და აკურთხა ერი, აღსავლის კართა გაღებით, ვითარცა ზევით მოვიხსენე იერუსალიმს რუსთა მონასტერში გარდახდილ წირვის შესახებ; აგრეთვე აკურთხა სეფისკვერნი სინით; დიდს გამოსვლაზედ აქაც ზურგზედ დააფინეს დაფარნა მთავარ-დიაკონს.

მწუხრზედ ნაკურთხნი პურნი, მცირედ დალტობილნი მწუხრზედვე ნაკურთხის ღვინით, მეორე დღეს წირვის დასასრულზედ, ფსალმუნის კითხვის დროს: „ვაკურთხო უფალი ყოველსა ჟამსა“, სეფისკვერთან ერთად დაურიგეს ეკკლესიაში მლოცველთ.

წირვის შემდეგ მომილოცეს ჩემის ანგელოზის დღეობა მ. არქიმანდრიტმა წმ. პანტელეიმონის ხატითა და სეფისკვერითა და ძმათა დარბაზში, სადაც შეგვიწვია მ. წინამძღვარმა სტუმარნი და უფროსნი ძმანი და მოგვართვეს ჩაი. შემდეგ მიგვიწვიეს საზოგადო ტრაპეზზედ; თვით წინამძღვარი დაესწრო სადილს; ექვსასამდე მონაზონნი სადილობდნენ მაღალს კათედრაზედ; ჰკითხულობდა მორიგე მონაზონი წმ. მოციქულთა ცხოვრებას. ღვინო არავინ დალია, ვიდრე ზარი არ ჩამოარაწკუნა წინამძღვარმა; თითოეულს ძმას წინ ედგა ღვინო პატარა ტყვიის ჩარექით. სადილის დასრულების წინ მეორედ დააწკარუნა ზარი და კათედრიდგან ჩამოვიდა მკითხველი მონაზონი, მიიღო კურთხევა წინამძღვრისაგან და ერთი ნაჭერი პური და ერთი ჭიქა ღვინო.

სადილის დასრულების შემდეგ წინამძღვარმა კვალადცა აკურთხა სუფრა ამ სიტყვებითა: „ქრისტე ღმერთო, აკურთხე ნაშთი პურთა მონათა შენთა“. შემდეგ მოართვეს კალათი, რომელშიაც შთააგდო ორი ნატეხი პურისა და მახლობელ მსხდომარეთაც ჩაჰყარეს კალათაში რამდენიმე ნატეხი პურისა. ეს მონასტრული წესი წარმოგვიდგენს იმ შემთხვევას, როდესაც უფალმა იესო ქრისტემ უდაბნოსა ადგილსა აკურთხა ერთ გზის ხუთი პური და მეორე გზის - შვიდი პური და რამდენიმე ათასნი განაძღო, და შემდეგ უბრძანა მოწაფეთა: „შეჰკრიბეთ ნეშტი ეგე ნამუსრევი, რათა ნუმცარა წარჰსწყმდების“ და მათ აღავსეს 12 სფირიდი ანუ გოდორი. დასასრულ შეასრულეს პანაგიის წესი, წარსთქვეს ლოცვანი და მცირედი ნაწილი ნაკურთხის პურისა ყოველთა მივიღეთ ტრაპეზის შემდეგ; მოსკოვის ლავრაში პანაგიის შესრულების დროს ღვინოც შევსვით 29 აგვისტოს 1885 წელსა, ხოლო აქ მხოლოდ აღიაზმა იყო.

მნიშვნელობა პანაგიისა. უფლის ამაღლებისა შემდეგ, მოწაფენი მისნი როდესაც შეკრბებოდნენ სადილად, ერთს უპირატესს ადგილს სადილზედ დაუტევებდნენ თავისუფლად და ზედ დასდებდნენ ერთს ნაჭერს პურს, რომელსაც უწოდგბდნენ „ქრისტეს ნაწილად“; და ამ სახით თვალსაჩინოდ წარმოიდგენდნენ ქრისტე მაცხოვრის მათ შორის უხილავად მყოფობასა, მის აღთქმისაებრ: „მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა“ (მათ. 28,20). სადილის დასრულების შემდეგ აღამაღლებდნენ პურსა, ქრისტეს ნაწილად წოდებულსა, და იტყოდნენ ლოცვასა: „უფალო იესო ქრისტე, ღმერთო ჩვენო, შეგვეწიენ ჩვენ“; მერე შესჭამდნენ ყოველნი ამ პურისაგან, ვითარცა სიწმიდისაგან. შემდეგ ღვთისმშობლის მიძინებისა, მესამე დღეს, საღამოზედ, როდესაც ჩვეულებრივ აღამაღლებდნენ ქრისტეს ნაწილს პურსა, იხილეს მოციქულთა ჰაერში ყოვლად წმიდა ღვთისმშობელი, რომელი ეტყოდა მათ: ნუ გეშინინ, მე თქვენთანა ვარ“. მოციქულთა, ამ ხილვის შემდეგ, შემოიღეს თქმა ლოცვისა: „ყოვლად წმიდაო ღვთისმშობელო, გვაცხოვნენ ჩვენ“. თვით სიტყვა „პანაგია“ ჰნიშნავს ბერძნულს ენაზედ „ყოვლად წმიდასა“. საქართველოს მონასტრებში არა სრულდება პანაგიის წესი, ვგონებ, ძმათა სიმცირისა გამო.

3ო ივნისს, ადრე წირვის მოსმენის შემდეგ, დილის 8 საათზედ, პანტელეიმონის მონასტრიდამ გამოგვაყოლეს გზის მაჩვენებელი მოხუცი მორჩილი, ორი კაცი მეჯინიბე და მონასტრის ჯორებით წამოვედით მე და ერთი რუსის მღვდელი, და ერთიც ახალგაზრდა ვაჭრის შვილი რუსთაგანივე, მონასტრების მოსალოცავად. 15 ვერსის მანძილზედ თუმცა აღმართია, მაგრამ ტყე არის, დაჩრდილებული მომეტებულ ნაწილად წაბლოვანითა, მუხნარითა და რცხილით. მოვედით სამის საათის შემდეგ პატარა ქალაქ კარეაში, რომელსაც გარს შემორტყმული აქვს ვენახები, ბერძნულ თხილისა და ზეთის ხილის ბაღები. ამ ქალაქში აქვთ მუდმივი კრება, ანუ პროტატი ათონის მონასტრების წარმომადგენელთა, განსახილველად და გარდასაწყვეტად ურთიერთ შორის დავათა და საჩივართა. წმ. ათანასეს ლავრას და თვითოეულს პირველის ხარისხის მონასტერს აქა აქვსთ თავისი მეტოქია, ეგრეთვე ივერიის მონასტერსა და ერთი მათი წარმომადგენელიც ყოველთვის აქ იმყოფება. ხოლო დიდისა და შესანიშნავის საქმის განხილვის დროს თითონ წინამძღვრები იკრიბებიან. შევედით აქაურს ტაძარში, თაყვანივეცით ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედსა ხატს, წოდებულსა „ღირს არს“.

ამ ხატის შესახებ ათონის მამანი აი რას მოგვითხრობენ: აქ საკუთარს სენაკში სცხოვრობდა ერთი მეუდაბნოე, დიდი მოღვაწე, რომელიც ჰლოცულობდა ჩვეულებრივ შუაღამისას ამ ღვთის მშობლის ხატის წინაშე; როდესაც დაასრულა საგალობელი: „ ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთის-მშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად უბიწოდ და დედად ღმრთისა ჩვენისა“, მოესმა ხმა ღვთის-მშობლის ხატისაგან, განაგრძე საგალობელი შემდეგის სიტყვებით: „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, გაწუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ“. ამის შემდეგ შემოიღო მართლმადიდებელმა ეკკლესიამ ეს საგალობელი.

აქედგან ჩავედით მახლობლად მდებარე წმ. ანდრია მოციქულის რუსთა სკიტში. სკიტად იწოდებიან მეორე ხარისხის მონასტერნი, რომელნიც აღშენებულ არიან სხვა მონასტრისაგან შესყიდულს მამულზედ და იმყოფებიან მის დამოკიდებულების ქვეშე; არ შეუძლიანთ სკიტში აღაშენონ რაიმე მონასტრის წინამძღვრის ნება დაურთველად, რომლისაგანაც მამული შეუსყიდნია სკიტსა; არ შეუძლიანთ ხელდასხმა ანუ კურთხევა დიაკონად ანუ მღვდლად ბატონის წინამძღვრის ნება-დაურთველად. ვითარცა ხარკსა ყოველ-წლობით სკიტი გარდაიხდის რამდენსამე ათსა, ანუ ოცსა, ასსა ოქროსა მონასტრის სასარგებლოდ, რომლის მამულზედაც სცხოვრებენ, თუმცა შესყიდულიც აქვთ მამული. ეს ანდრიას სკიტი დიდად კეთილგანწყობილია და, თავის კეთილ მდგომარეობით თუ არ აღემატება, არ დაუვარდება ბერძნის ვატოპედის მონასტერსა, რომელსაც ემორჩილება იგი, მაგრამ მონასტრის სახელწოდებას მაინც ვერ ატარებს, თუმცა საკუთარი წინამძღვარი არქიმანდრიტი ჰყავს და სამასამდი ძმანი. ამ ანდრიას სკიტში აღუშენებიათ დიდად მშვენიერი ტაძარი, რომელიც შეადგენს შვენებას მთელის ათონისას და დიდის ტახტის ქალაქისას. დახარჯულია ამაზედ ნახევარ მილიონი მან., თუმცა მარმარილო იქვე ახლოს აქვთ მოსაჭრელი. ამ ეკკლესიის კანკელი ხატებით ღირებულია 120 ათას მანეთად; ჯერ არ დაუსრულებიათ შინაგანი მუშაობა, და ერთის წლის შემდეგ იქმნება მზად კურთხევისათვის. როგორც საეკკლესიო უწყებათაგან ვსცანი, ეს დიდებული ტაძარი უკვე უკურთხებიათ მაისში 1900 წ. ამ სკიტში ჰმოღვაწეობენ მხოლოდ რუსნი მამანი მონაზონნი. ამ სკიტის წინამძღვარმა, მ. არქიმანდრიტმა იოსებმა, ჯერ შუა ხნის კაცმა, სიყვარულითა და პატივისცემით მიგვიღო, დაგვატარა ძველი და ახალი ეკკლესიანი და შენობანი; შემდეგ მიგვიწვია ტრაპეზზედა; ჩვენთან იყვნენ სადილად ორი ინგლისელი ახალგაზრდა. თუმცა წინამძღვარმა გვთხოვა ღამის გათევა მათ მონასტერში, მაგრამ მადლობა მოვახსენეთ, რადგანაც დაღამებამდის სამი საათი დრო კიდევ იყო და მახლობელს მონასტერში მივიდოდით. ამ ანდრიას სკიტს აღმოსჩენია ერთი დიდი კეთილისმყოფელი, მდიდარი რუსთაგანი, გვარად სიბირიაკოვი, რომელსაც შეუწირავს ერთი მილიონი მანეთი და თვითონაც შეუმოსნია კერძო მონაზონობა (рясофонрый), და აქვე მონასტრის გარედ საკუთარს ფლიგელში სცხოვრვბს მ. დავით არქიმანდრიტთან, რომელმაც შეაწირვინა ეს ფული ჟამსა მისს სამსახურისასა პეტერბურგში. სახელი მონაზონობაში სიბირიაკოვს ეწოდება ინოკენტი. ერთი ცალი საქართველოს წმიდათა ხატისა ვუძღვენი მ. წინამძღვარს ამ სკიტისას, რაიცა დიდის სიამოვნებით მიიღო.

30 ივნისს, საღამოს 6 საათზედ, მოვედით რუსთა წმ. ილია წინასწარმეტყველის სკიტში. ამასაც ესეთი დამოკიდებულება აქვს ბერძენთა პანტოკრატორის (ყოვლისა მპყრობელის) მონასტერთან, ვითარცა წმ. ანდრიას სკიტს ვატოპედის მონასტერთან. აქ დავრჩით ღამის გასატარებლად; ახალ საკრებულო ტაძრის აღშენებას ეხლა აპირებენ; ვიწრო ეზო აქვთ; ეკკლესიის საძირკვლისათვის ხევს ასწორებდნენ მიწითა და ქვითკირით; ეზოში ბევრი ლიმონისა და ფორთოხალის ხეები არის, და ესენი ამშვენებენ ეზოს. მ. არქიმანდრიტი და ძმანიცა მცირე რუსეთიდგან არიან. მ. წინამძღვარი რაფაელ ფრიად თავმდაბალი, ლმობიერი და მეურნე კაცია, აღმასრულებელი მაცხოვრის მცნებისა: რაომელსა უნდეს თქვენ შორის პირველ ყოფაი, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10,44). წყლის ნაკლულევანება აქვთ ამ მონასტერში; ჯორებით ეზიდებიან ოთხის ვერსის მანძილიდგან წყალს. აღმართზედ. ამ სკიტშია საკვირველთმომქმედი ხატი ყოვლად წმ. ღვთისმშობელისა, წოდებული „რძით მასაზრდოებელი“. ღვთისმშობელს უპყრია ხელში იესო ქრისტე ძუძუ მწოვარად.

პირველ ივლისს, დილით ცისკრისა და წირვის მოსმენის შემდეგ, მადლობა მოვახსენეთ მ. წინამძღვარს რაფაელსა და მივართვი სახსოვრად ერთი ცალი ქართველთა წმიდათა ხატისა, რომელიც დიდის კმაყოფილებით მიიღო და თვითონაც გარდმომცა კურთხევა მონასტრისა - ღვთისმშობლის ხატი. ამ სკიტს აქვს საკმაოდ ვრცლად გამოცემული წიგნი „გზის მაჩვენებელი პალესტინისა“, რომელიც შევიძინე ფულითა.

ამ ილიას სკიტიდგან გამოვემგზავრეთ პირდაპირ ქართველთა ახალ-დაფუძნებულ სავანისაკენ, სადაც მოვედით სამის საათის შემდეგ. გამოვლით ვნახე ჩვენნი ქართველნი ძმანი, შევისვენეთ აქ ერთს საათს და დავპირდი შემდეგ ხანგრძლივ ნახვასა. აქედგან გამოვიარეთ იმავე დღეს ივერიის ქართველთა ძველს დიდებულს მონასტერში; შევედით ეკკლესიაში დაუბრკოლებლივ, როგორც რუსნი, თაყვანივეცით კარისა ღვთისმშობელის ხატს; შევედით საკრებულო ტაძარშიაც, დავათვალიერე და ყოველგან მოუსპიათ ნაშთნი და კვალნი ქართველთა მამათა აქ მოღვაწეობისა; რომ შესაძლებელი იყოს, სახელსაც ივერიის მონასტრისას მოსპობენ, მაგრამ არ შეიძლება, რადგანაც სიგელ-გუჯარნი ამ მონასტრის მამულებისა ივერიის მონასტრის სახელზედ არიან ბოძებულნი ბიზანტიის იმპერატორთა და საქართველოს მეფეთაგან.

გამოვიარეთ ამავე დღეს რუსთა წმ. მთავარ-მოწამის არტემის კელიაში (მესამე ხარისხის სავანეა); აქ ვისადილეთ; ახალი აღშენებულია ეს სავანე. აქედგან გამოვიარეთ წმ. ათანასეს ლავრაში, რომელიც პირველობს ათონის სავანეთა შორის. შესანიშნავი მხოლოდ ერთი ფეშხუმი მიჩვენეს ამ ლავრაში, ძვირფასი, მხოლოდ არა ოქროსი. ეს ლავრა დაფუძნებულია თითქმის ივერიის დიდს მონასტერთან; მომეტებული ნაწილი ათონის მამულებისა მას ეკუთვნის; ბევრი სავანე, ამათ მამულზედ აღშენებული, დღესაც იხდის ხარკსა მის სასარგებლოდ.

ათონის მთაზედ მხოლოდ ეს ერთი იწოდება ლავრად. ჩვენდა სამწუხაროდ, არ გვაჩვენეს ამ ლავრაში შესანიშნავნი სამკაულნი და არც წიგნთსაცავი, სადაც ქართული წიგნებიც არის.

გარდმომცეს, რომ ათონის ბერძენთა წმიდა ათანასეს ლავრაში არის დაცული ბიზანტიის უკანასკნგლ იმპერატორის კონსტანტინე მე-XI პორფირა, გვირგვინი და სკიპტრა, რომელიც კონსტანტინეპოლიდგან წარმოუგზავნიათ ამ მონასტერში დასაცველად სატახტო ქალაქის ოსმალთაგან დამორჩილების წინად, და ამ სახედ გადაურჩენიათ ეს სამეფო რეგალიები ოსმალთა წარტაცებისაგან, რადგანაც ოსმალნი არ შეჰხებიან ათონის მონასტრებს. წელიწადში ერთ გზის, სამეფო ძვირფასს პორფირას შეიმოსს პატრიარქი, როდესაც სწირავს ამ ლავრაში წმ. ათანასეს დღესასწაულში. უკანასკნელი დედოფალი ბიზანტიისა მარიამ იყო ასული საქართველოს მეფისა. ამ დედოფალს შეუწირავს ათონის მონასტრებისათვის დიდი სახნავი მამულები და მონასტერთათვის საჭირო პური იქ ითესება. ამ დედოფალს უწოდებენ: „კალი მარიამ“, ესე იგი „კეთილი მარიამ“.

ამ ლავრის საკრებულო ტაძრის წინ არის მარმარილოს აუზი, ზევიდგან დახურული; ამ აუზში გადმოსჩქეფს მშვენიერი წყაროს წყალი; აქ აკურთხებენ წყალსა ნათლისღების დღესასწაულში. საზოგადოდ პირველ ხარისხის მონასტრებსა აქვსთ ამ გვარი აუზები.

მწუხრად მოვედით მოლდავანების სკიტში, რომელიც თუმცა ახლად აშენებულია, მაგრამ კარგად განწყობილია; ღვთისმსახურება თვისს სამშობლო ენაზედ აქვთ. საეკკლესიო წიგნები ლათინურის ანბანით აქვთ დასტამბული; წესები ღვთისმსახურებისა სრულიად მართლმადიდებელის ეკკლესიისა აქვთ. რუსული ენა არ ესმით. „უფალო შეგვიწყალენ“ მათ ეწაზედ ითქმის:ა „დომნე მილეიშტე“.

დილის ხუთს საათზედ, ცისკრის მოსმენის შემდეგ, გამოვემშვიდობეთ და შევუდექით აქედგან ათონის მთის მწვერვალის გზას.

ორს ივლისს, დილის 9 საათზედ მივედით ათონის მთის მწვერვალის ძირში. აქ არის სამლოცველო ნიში ღვთისმშობლისა. აქ შევისვენეთ; ვისაუზმეთ; აქედან ქვევითი შევუდექით აღმართს ხუთი ვერსის სიშორეზედ; 12 ათასი ფუტი სიმაღლე აქვს ამ მწვერვალს; ზედ მწვერვალზედ არის პატარა ეკკლესია ფერისცვალებისა, რომელიც აღმოსავლეთის მხარეს კლდეზედ არის მიშენებული, საიდგანაც საშინელი დასახედია ზღვის უფსკრული. მწვერვალზედ ასვლისათანავე უსიამოვნო სანახავი წარმოგვიდგა: წინა დღეს ყოფილიყო აქ ჭექა-ქუხილი, ჩამოვარდნილიყო მეხი და გარშემო ეკკლესიისა დაეხოცა ოცამდე თხა, რომელნიც დაბერილნი და ასუნებულნი ეკკლესიის კარებზედ ეყარნენ; თხები ეკუთვნოდა ათონის ბერძენთა ლავრასა. ვილოცეთ, შევისვენეთ ნახევარს საათს და წარმოვემართენით დაღმართზედ, რომლის ჩამოსვლას მოვუნდით საათ ნახევარს. საღამოს მოვაღწიეთ რუსთა წმ. გიორგის კელიასა. აქ გავატარეთ ღამე; ახალ მოშენე სავანეა; ბევრი მლოცავნი იყვნენ მდაბიოთაგან - რუსები. მეორე დილით, ცისკრის შემდეგ, ჯორები გავგზავნეთ პანტელეიმონის მონასტერში, ხოლო ჩვენ დაღმართით ჩავიარეთ ქვევითად ოთხის ვერსის მანძილი და მივედით ბერძენთა მონასტერში წმ. და მართალთა მშობელთა ღვთისათა იოაკიმ და ანნასი; აქ ვილოცეთ, შევისვენეთ ერთს საათს, შემდეგ ჩავედით ზღვაზედ, დავიქირავეთ ნავი, ჩავსხედით შვიდნი სულნი; ჩვენთან იყო რუსის ახალგაზრდა მღვდელი, რომელიც ჰმსახურობს სამხრეთს საფრანგეთს, მეტონის ქალაქში, სადაც ზამთრობით სცხოვრებენ გულით სნეულნი, რუსეთიდგან მისულნი, მაღალის წოდებისა და გვარის კაცნი. შუადღის 12 საათზედ მშვიდობით დავბრუნდით წმ. პანტელეიმონის მონასტერში. ასე შევასრულე, ღვთისა შეწევნითა, პირველი ჩემი მოლოცვა და მიმოხილვა რამდენისამე მონასტრისა ბერძენთა, რუსთა და მოლდავანთა.

4 ივლისს, კვირა დღეს, ვწირე პანტელეიმონის მონასტრის საკრებულო ტაძარში; წინამძღვრის მოადგილე იყო მწირველი რვა თანამწირველითურთ. ამ წირვაზედ აი რა შევნიშნე: შემდეგ დასრულებისა სიმბოლო სარწმუნოებისა დიდს დაფარნას ყოველნი თანამწირველნი ემთხვივნენ. იმ დღეს საზოგადო ტრაპეზზედ იყო კოლიო პატივად და მოსახსენებლად ამ დღეს ხსენებულის წმიდისა მამისა ანდრია კრიტელისა; ამ გვარივე კოლიო იყო წმ. მოციქულთა პეტრე და პავლეს დღესასწაულზედაც.

კოლიოს წმიდათა ხსენებაზედ ამზადებენ ხორბლისაგან არა თაფლითა, არამედ მშრალად, ქიშმიშით შემკობილს, სადილის ბოლოს ჩამოურიგებენ თითო კოვზსა კოლიოს.

ამ დღეს სადილად შემოვიდა ბერძენი იღუმენი ამავე პანტელეიმონის მონასტრისა. წინ მოუძღოდნენ ორის ანთებულის სანთლითა და გაღიობითა ბერძნულად. კურთხევა სადილისა წარმოსთქვა ბერძნულადვე, იყო მოსილი მანტიითა სადილზედ; ამ დროს კითხულობდა ბერძნულად კათედრაზედ ბერძენი მონაზონი; კითხვა უცხო ენაზედ, რასაკვირველია, არ ესმოდათ რუსთა მონაზონთა. უფროსობდა სადილზედ ბერძნის იღუმენი, რომელიც იჯდა მარჯვენით, ხოლო მარცხენით იჯდა რუსის წინამძღვრის მოადგილე, ხოლო წინამძღვრის ადგილი ცალიერი იყო, რადგანაც იგი არ შემოსულა ამ დღეს სადილად. როგორც შევნიშნე და დავრწმუნდი კიდეც ბერძენთა მონაზონნი ამ მონასტერში მონაწილენი არიან თანასწორის უფლებითა, თუმცა ბერძენნი არიან ამ მონასტერში 40 ბერნი, ხოლო რუსნი 500 კაცნი. ამ პანტელეიმონის მონასტრის ტაძარში სწირავენ ბერძნულად, ხოლო დიდს საკრებულო ტაძარში და სხვა რამდენსამე ეკკლესიაში ღვთის-მსახურებას ასრულებენ სლავურს ენაზედ, და ყოველთა ძმათა, ეროვნების განურჩევლად, ზოგადი ცხოვრება აქვთ.

4 ივლისს, საღამოს 7 საათზედ, იწყეს ღამის თევით მწუხრი და ცისკარი, რომელიც დილის ექვს საათზედ დაასრულეს. სადაგ დღგებში შუაღამის ლოცვას იწყებენ ღამის 1 საათზედ.

5 ივლისს, ორშაბათს, ხსენებაა ღირსისა მამისა სერგი რადონეჟელისა. ამ დღესასწაულში გამოჩინებით შესრულდა წირვა და პარაკლისი; უპირატესობდა მოადგილე წინამძღვარისა, მ. იღუმენი. თანამწირველნი იყვნენ ათნი, რომელთა შორის მეც მივიღე მონაწილეობა.

5 ივლისს, ორშაბათ დღეს, მოვიდნენ ათონის რუსთა პანტელეიმონის მონასტერში ორი ინგლისელი სტუდენტი, ერთი ოქსფორდის უნივერსიტეტისა, ხოლო მეორე - კემბრიჯისა; ესენი მოსულიყვნენ ათონზედ ძველის ხელნაწერების სანახავად. გავიცან ესენი მონასტრის სასტუმროში საღამოს ჩაიზედ. ველაპარაკებოდით ჩვენ რუსის მონაზონის (თავად  ვიაზემსკის) შუამავლობით, რომელიც თავისუფლად ჰლაპარაკობს ფრანგულად. ამ სტუდენტებმა რომ შეიტყეს ჩემი, ქართველია ეროვნებითაო, სთქვეს, ათონის წმ. ათანასეს ლავრაში ვნახეთ სახარება ბერძნული მერვე საუკუნისა, რომლის უკანასკნელი თავი იოანნეს სახარებისა განსხვავდება ეხლანდელ ეკკლესიის მიერ მიღებულ ტექტისაგანაო. ამაზედ მე მოვახსენე, რომ ძვირფასი იქმნება-მეთქი ღვთისმეტყველების მეცნიერებისათვის შეთანასწორება ქართულს სახარებასთან, რომელიც ეკუთვნის მეშვიდე საუკუნესა და დაცულია აწ ტფილისას სიონის საარქეოლოგიო მუზეუმში. სტუდენტებმა სთქვეს, რომ ჩვენ გადავიღეთ ფოტოგრაფიით რამდენიმე ფურცელი ძველის ქართულის პერგამენტისა და მნიშვნელობა მისი არ გვესმისო. ვუთხარი: მე მზა ვარ გემსახუროთ ამ საზოგადო სამეცნიერო საქმეში, ძალისაებრ ჩემისა. აღმითქვეს, გაჩვენებთ იმ ხელ-ნაწერსაო. მეორე დილით ისინი ადრე წასულიყვნენ ბერძენთა გრიგორიანთ მონასტერში ზღვით, ხოლო მე ამ დღესვე, დილის 8 საათზედ, ჯორებით გავემგზავრე ქართველთა სავანეში და, სამწუხაროდ, ის სტუდენტები შემდეგ აღარ შემხვედრიან.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>