ივლისის 6, დილის 7 საათზედ, ადრიან, წირვის მოსმენის შემდეგ, გავემგზავრე პანტელეიმონის მონასტრის ჯორებითა და ერთის მსახურის თანამგზავრობითა. მივედით პირდაპირ ჩვენს ქართველთა ძმათა ახლად დაფუძნებულს სავანეში. მომეგებნენ ყოველნივე ძმანი ჭეშმარიტის ძმობრივის სიყვარულითა; გაიხარეს სულიერად ჩემის მისვლით და გავიხარე მეც ფრიად უცხოებაში ასეთის მოგებებით. როდესაც ვიხილე ქაათველთა ძმათა შორის მშვიდობა, სიყვარული, პატივისცემა, მორჩილება და საზოგადოდ კეთილი განწყობილება ურთიერთ-შორის, გამახსენდა სახარების სიტყვანი: „ნუ გეშინის მცირესა მაგას სამწყსოსა, რამეთუ სათნო-იყო მამამან ზეცათამან მოცემად თქვენდა სასუფეველი“ (ლუკ. 12,32), ასე ეტყოდა უფალი იესო ქრისტე მოწაფეთა თვისთა, რიცხვით მცირეთა, გარნა სიყვარულის საკრველით შეერთებულთა, ეტყოდა მათ გასამხნევებლად და სანუგეშებლად.
ამ ქართველთა ძმათ შეუსყიდნიათ ივერიის მონასტრისაგან 1870 წ. ორმოცი დღიური მიწა 2,000 მანეთად და აქ დაუფუძნებიათ ახალი სავანე წმ. მოც. იოანნე ღვთისმეტყველის სახელზედა. ივერიის ათონის მონასტერი, ქართველთა მამათა სამკვიდრებელი, არს აღშენებული მეათე საუკუნის დასასრულ თორნიკე ერისთავის მეთაურობით, ქართველთა მეფეთა და მთავართა საფასეთი და შეწირულებითა, ქართველთა მამათა შრომით, რუდუნებითა, მოღვაწეობითა და სისხლის ოფლით, ლოცვითა და ცრემლით დამყარებული. ამ ივერიის სავანეში დასრულდა თარგმანი საღმრთო და საეკკლესიო წიგნებისა ქართულს ენაზედ. იგი იყო ნერგი სასულიერო განათლებისა ქართველის ერისათვის; ამ ივერიის მონასტერს აწ ძალ-მომრეობით ჰფლობენ ბერძენთა მონაზონნი, 1850 წლების შემდეგ. ეს მონასტერი ითვლება ათონის მთაზედ პირველ ხარისხოვნად ოთხ სხვა ბერძენთა მონასტერთა შორის. მონასტერს აქვს შეწირული საქართველოსა და რუსეთშიაც დიდი შემოსავლიანი მამულები, რომლითაც ჰსარგებლობენ ბერძნები სრულიად უკანონოდ, ძალმომრეობით. ამავე ივერიის მონასტერში ასვენია საკვირველთ-მომქმედი ხატი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა, წოდებული ივერიის კარის ღვთის-მშობლად. ეს ხატი ზღვიდგან გამოასვენა ღირსმა მამამ გაბრიელ ქართველმა. სადაც პირველად დაუსვენებიათ, ზღვიდგან გამოტანის შემდეგ, იმ ადგილზედ აღშენებულია სამლოცველო და არის წყარო ცივის წყალისა.
7 ივლისს, დილის 4 საათზედ, მივადექით ივერიის მონასტრის ეზოს კარებსა. იგი შემოზღუდულია მაღალის ქვითკირის გალავნითა და ზღვის მხარეს მაღალი ექვს-სართულიანი ციხე აქვს აშენებული ქართველთა მამათა მიერ მტერთაგან მოსაგერებლად. გააღეს ბჭენი ეზოსანი; ჩემთან იყვნენ ამ დროს ქართველთა სავანეს ძმანი მღვდელ-მონაზონი გიორგი, კაცი დიდად გამოცდილი სულიერს მოღვაწეობაში და მხცოვანი წლოვანობითა, მღვდელი ალექსი ბაქრაძე, აგრეთვე მოხუცებული, მაგრამ შრომით ჭაბუკი მოხუცი, დიდი მშრომელი წმ. მამათა თხზულებათა გადაწერაში და მთარგმნელი რუსულიდგან ქართულად, და მონაზონი გაბრიელ (აბაშიძე), ჯერ წლოვანობით ახალგაზრდა, გარნა განვითარებული და მცოდნე ბერძნულის ენისა. მორიგე მეკარე მონაზონმა ბერძენმა იჭვნეულად შემოგვხედა და ჰკითხა მ. გიორგის, ვითომც ვერ იცნო, ვინა ხართ და რა გინდათ? ეს სიტყვები გვითარგმნა მამა გაბრიელმა. ქართველთა ძმათა ახალი სავანე მდებარეობს ივერიის მონასტერზედ სამის ანუ ოთხის ვერსის მანძილზედა, მაშასადამე, ესენი კარგად იცნობენ ერთმანეთს. მ. გიორგიმ უჩვენა ჩემზედა, და უთხრა რომ მოსულა საქართველოდგან, ჰსურს თაყვანი-სცეს კარის ღვთისმშობლის ხატსაო. უფრო უსიამოვნოდ შემოგვხედა მონაზონმა და არ უნდოდა ჩვენი შეყვანა ეკკლესიის ეზოში. არ მიჰბაძა მან ამ შემთხვევაში ლაბანს, რაჟამს მოეგება იგი ელეაზარს, მონასა მამამთავრის აბრაამისსა და უთხრა: შემოვედ, კურთხეულო უფლისა მიერ, სახლსა ჩემსა, რასათვის სდგეხარ გარე? მომიბრუნდა მ. გიორგი და მითხრა მე: მ. დეკანოზო, რა უყავ შენი ჯვარი? რათ ჰფარავ ანაფორას ქვეშ? გავიხსენ ზევითი ანაფორა და როდესაც დაინახეს ბერძენთა მონაზონთა მკერდზედ ჯვარი, ამას სცეს პატივი და შეგვიყვანეს ეზოში. მოვისმინეთ ადრე წირვა, თაყვანი-ვეცით ივერიის ღვთის მშობლის ხატსა და ვილოცეთ წინაშე საფლავისა წმ. მამათა იოანნე და ეფთვიმისა. წირვაზედ პატივი არა გვცეს და არა გვთხოვეს სიმბოლო სარწმუნოებისა და საუფლო ლოცვა წაგვეკითხა ქართულს ენაზედ, ვითარცა აქვთ მიღებულ წესად სხვა მონასტრების ბერძენთა, ბოლგართა და მოლდავანთა წირვის დროს. შემდეგ შეგვიყვანეს მონასტრის წინამძღვართან, მ. არქიმანდრიტ გერასიმესთან. ამას ტფილისში დიდხანს უმსახურნია; გამომკითხა ამბავი საქართველოს სამღვდელოებისა, ვისაც იცნობდა. ვთხოვე მისს მაღალ ღირსებას, რომ გვიჩვენონ მონასტრის საუნჯენი და წიგნთ-საცავი, ქართველთა მამათა მოღვაწეობის ნაყოფნი. წინამძღვარი დამპირდა შესრულებას ამ საღმრთო წადილისას.
წაგვიყვანეს წიგნთ-საცავში, რომელიც მეორე სართულშია. გვიჩვენეს ის წიგნები, რომელიც შკაფების თავზედ ეყარა, ნახევარზედ ჩრჩილითა და მტვრით შეჭმულნი; მათ შორის მომეტებული ნაწილი დასტამბულია მე-18 საუკუნეში. როდესაც მიუთითე დაკეტილ შკაფზედ და ვთხოვე ეჩვენებინათ ის წიგნები, მაშინ მომიგეს პასუხად: აქ არ არის ამ შკაფების გასაღების მქონი, კარეაში წავიდა 12 ვერსზედა და არ ვიცით, როდის დაბრუნდებაო; შევწუხდი და ვუპასუხე, 6 ათასის ვერსის მანძილზედ მოვსულვარ აქ წიგნების სანახავად და პატივი უნდა სცეთ ამ გარემოებას, ანუ იმ სამეცნიერო აზრს, რისთვისაც მინდა წიგნების გადათვალიერება, ანუ პატივ-ეცით ჩემს მოხუცებას და ხარისხსა. არ შეიძლება ეხლაო, მაინც უარი გამომიცხადეს. მეც, რა გამეწყობოდა, უნებლიედ დავმორჩილდი ამათ წინადადებას, რადგან დამპირდნენ წიგნების ჩვენებას ოთხის დღის შემდეგ. როგორც შემდეგ მითხრეს, წიგნების მცველიც იქა ყოფილიკო და გასაღებიც იქვე ჰქონოდათ, მაგრამ არ გამიღეს პირველს მისვლაზედ შკაფი, რადგანაც ჩვენის წამოსვლის შემდეგ მონასტრის ძმობას თათბირი ჰქონოდათ და გარდაეწყვიტათ, რის ჩვენება შეიძლებოდა და რა უნდა დაეფარათ ჩვენთვის. დანიშნულის დროის წინა საღამოს გამოეგზავნათ ივერიის მონასტრიდგან მორჩილი ქართველი - მეგრელი მაკარი, მხოლოობითი კაცი ჩვენის ქვეყნისა ივერიის მონასტერში. ამას მონასტრის გარეშე აქვს მიცემული სენაკი სასაფლაოს ეკკლესიასთან და მონასტრიდგან საზრდოობს; ეს მორჩილი წარმოეგზავნათ ჩემთან და დაებარებინათ, ხვალ ჩამოვიდეს მ. დეკანოზი და თან არავინ წამოიყვანოს ქართველთა სავანეს მღვდელ-მონაზონიო. აქედგან ცხადად დაინახავს ქართველი მკითხველი, თუ რა სიძულვილით უყურებენ ბერძენნი ქართველთა ძმათა.
მეორე დილით ადრე, 11 ივლისს, ცისკრის დასრულების დროს წავედი ივერიის მონასტერში, რომელიც მდებარეობს ერთის საათის სავალს მანძილზედ. ჩემთან წამოვიდნენ: მღვდელი მ. ალექსი ბაქრაძე, დახელოვნებული მკითხველი ქართულის ძველის ხელთ-ნაწერებისა და ერთიც გაბრიელ მონაზონი, ბერძნულის ენის მცოდნე. წირვის მოსმენის შემდეგ წინამძღვარი ვერა ვნახეთ, უძლურად არისო, და პირდაპირ წიგნთ-საცავში შევედით. წინ გვიძღოდნენ იღუმენი, სრულიად ახალგაზრდა კაცი, პროიღუმენი და მღვდელ მონაზონი - ბერძენნი; გააღეს დაკეტილი შკაფი, გადმოიღეს რამდენიმე ქართული წიგნი, რომელთაც მეცნიერებისათვის არა ვითარიმე მნიშვნელობა არა აქვს. მოვიკითხე კატალოგი ქართულის წიგნთსაცავისა, რომელიც არ აღმოჩნდა შედგენილი. მდაბიო მედუქნეს აქვს შედგენილი სია თავისის საწვრილმანოსი, და ამათ კი სასულიერო საუნჯის სია ჯერ არ შეუდგენიათ. ამისათვის, რასაც თვალითა ვხედავდით, ის წიგნები გადმოვაწყობინე. შემდეგ ვთხოვე ეჩვენებინათ ძველი ქართული სახარება და დაბადება. გადმოიღეს სახარება მხატვრობით, ტყავზედ დაწერილი რომელსაც მრთელი თაბახები ჰქონდა ამოჭრილი სურათებით. შევნიშნე, ასე ბარბაროსულად როგორ ეპყრობით ამისთანა ძვირფასს წიგნებსა-მეთქი? იმათ მიპასუხეს: რუსის მეცნიერმა პორფირი უსპენსკიმ ეპისკოპოზმა ამოსჭრა ჩუმად ეგ სურათებიო. შემდეგ გადმოიღეს ქართული დაბადება. გადმოვშალე პირველი კაბადონი, წავიკითხე, რომ იგი დაიწყებოდა შექმნათა წიგნის 12 თავით, 11 მუხლიდგან. გადმოვფურცლე ბოლო, რომელსაც აქვს ზედ წარწერილი, რომ იგი გადაწერილია ქორონიკონსა რჟჱ, 978 წელსა. გადავათვალიერე შუაში და აღმოჩნდა, რომ შიგ მრავალი თავი აკლია სრულიად. ერთის სიტყვით, სრული დაბადება არ არის. მაშინვე დავრწმუნდი, რომ ეს დაბადება ამ ივერიის მონასტრიდგან მოიტანა პლატონ იოსელიანმა 1848 წ. ქ. ტფილისს. აქ გადასწერეს ორი ცალი ამ დაბადებისა, ერთი სიონის საკრებულო ტაძრისათვის, მიტროპოლიტის ისიდორეს ბრძანებით, და მეორეც სამეგრელოს მთავრის დადიანის სურვილისაებრ, და ეს ძველი დაბადება უკანვე მიაქციეს ივერიის მონასტერში. ორივე პირი ამ დაბადებიდან გადმოწერილი ჩემს ხელში იყო 1894-1896 წლებში, როდესაც სინოდის ქართლ-კახეთ-იმერეთის კანტორის მონდობილებით ვასწორებდი დაბადების პირველ წიგნებს.
ეს დაბადება, რომელიც შეადგენდა საკუთრებას ნეტარხსენებულის მთავრის დადიანისას, მისს მემკვიდრეთაგან შეწირულია ეხლა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელის საზოგადოების“ სასარგებლოდ. მე ვუთხარ ბერძენს იღუმენსა: ამ დაბადებას მე კარგად ვიცნობ და მოკლედ მოვუთხარ ისტორია დაბადებისა. მერე მოვსთხოვე, მაჩვენეთ დაბადება „რომელიც თვით წმ. მამის ევთიმისაგან იყო თარგმნილი ბერძნულის ენიდგან. მათ მიპასუხეს, რომ ამაზედ მეტი დაბადება არ მოიპოვება აქაო. მე განვაგრძე წმ. ევთიმის ცხოვრების აღწერაში არს მოხსენებული, რომელ ახლად უთარგმნია მას ქართული დაბადება. მიპასუხეს, - არ არის სხვა დაბადებაო. მე შევნიშნე, ამისთანა დიდებულს ძველს მონასტერს არ შეიძლება, რომ არ ჰქონდეს ძვირფასი სახარება და დაბადება, და საღმრთონი ჭურჭელნი; მიპასუხეს: ერთხელ დაიწვა ქართული წიგნთ-საცავი და მეორედაც მოიპარეს ექვსი ჯორის საპალნე ძველი ქართული წიგნებიო, და რაც გადარჩა, ეს არისო. მე ვუთხარი: ერთგულნი მცველნი არა ყოფილხართ, როდესაც დაკეტილ ეზოდგან, დახშულის ციხიდგან იპარავენ რაოდენსამე საპალნე წიგნებსა და თქვენ ვერ გაიგეთ. ეს ცხადია დღესავით, რომ მოპარული კი არა, გასყიდულია მათგან. ამის გამგონს ცეცხლი ამეგზნა გულში. ჩვენს წმ. მამათა სისხლითა და ოფლით ნაშრომს სულიერს საუნჯეს ასე ბარბაროსულად წარიტაცებენ. უფრო ადამიანურად მოიქცა ომარ ხალითი, როდესაც დაიპყრო იერუსალიმი მეშვიდე საუკუნეში, მან არ ინება მაჰმადის წესზედ შესრულება ნამაზისა ქრისტე მაცხოვრის საფლავის ტაძარში, ვიდრე ეხლა ბერძენთა მონაზონნი ეპყრობიან ჩვენს წმ. მამათა სამკვიდრებელს.
დანაშთენი წიგნები სრულიად გადავათვალიერეთ. მომეტებული ნაწილი ეტრადზედ დაწერილი მოძღვრებანი და თარგმანებანია (განმარტებანი) წმ. მამათა: ვასილი დიდისა, გრიგორი ღვთისმეტყველისა, გრიგორი ორმეტყველისა, იოანნე ოქროპირისა, ეფრემ ასურისა, დოროთეოს, იოანნე სინაელისა, კლემექსის აღმწერელისა. ამათაც ზოგს თავი აკლია, ზოგს - ბოლო. აქ უნდა შევნიშნო, რომ ივერიის მონასტრის ქართველთა ღირსად მოსახსენებელთა მამათა არცა ერთი თხზულება სულიერის შინაარსისა და ფილოსოფიურიც არ დაუტევებიათ, რომ არ გადმოეთარგმნოთ ბერძნულის ენიდგან ქართულად.
ქართველთა ათონის სავანეს ძმანი სთხოვენ გადასაწერად ამ წიგნებს და ამითაც არ აკმაყოფილებენ მათს საღმრთო სულიერს წყურვილს. ამ გულის შემაშფოთებელის სურათის ხილვის შემდეგ თითონ დაგვითხოვეს, ანუ უკეთ ვსთქვა, გამოგვდევნეს, ჩვენის სადილის დროა და აქედგან გაბძანდითო. მივუბრუნდი ქართველთა ძმათა და ვუთხარ მ. ალექსი მღვდელსა და გაბრიელ მონაზონს: ძმანო, ჯიბენი უჩვენეთ კარგად ამ ზედამხედველთა, რათა არ იფიქრონ, რომ მოვიპარეთ რამე ამ მონასტრის წიგნთ-საცავიდგან. ამათაც ნამდვილ გადმოიბრუნეს ცალიერი ჯიბენი. ამ წიგნთ-საცავის გადახილვის დროს დაესწრო ერთი პროიღუმენი დანიელ, რომელიც კარგად ჰლაპარაკობს ქართულად, რადგანაც საქართველოში ნამყოფია და ქართველის ერის პურადობა გამოუცდია. იმანაც-კი არ მიგვიწვია, რომ სიცხისაგან დამაშვრალთა ყელი ჩაგვესველებინა ერთი ჭიქა ღვინითა. ქართველთა ძმათა ათონის სავანეს ბერძენნი სთვლიან კელლიად; აქაურის წესით, ქართველთა ძმათ არ შეუძლიანთ ჰყავდეთ მომეტებულ სამ მღვდელ-მონაზონისა. ნება არ მისცა ივერიის მონასტრის კრებულმა ქართველ ძმათა სავანეს, რომ გუმბათი დაადგან ეკკლესიას. მონასტრის შიგნით ეზოში ბერძნის ბერებმა, ვითარცა ხატის მბრძოლთა, აუგლიჯეს ქართველებს ხატი წმ. იოანნე ღვთისმეტყველისა. ნებას არ აძლევენ ქართველთა ძმათ, გამოიყვანონ წყალი მილით ეზოში. ზაფხულობით ეს მცირე ნაკადული, მზეზედ მომდინარე, ჰშრება, პირუტყვნი აუწმინდურებენ. ამ გვარს შევიწროებაში არიან ქართველნი ძმანი ბერძნების მონაზონთაგან, და ყოველსავე ამას სულგრძელებით ითმენენ. მე-XIX საუკუნის დასაწყისს, როდესაც საქართველოში არეულობა იყო, ძალ-მომრეობით გამოსდევნეს ბერძენთა ჩვენნი ძმანი ქართველნი და დაიპყრეს, ვითარცა ავაზაკთა, ჩვენი დიდებული ივერიის მონასტერი.
აი ასეთი დამოკიდებულება არსებობს ივერიის მონასტრის ბერძენთა და ქართველთა სავანის ძმათა შორის. და როდის უნდა გასწყდეს ეს დაჭიმული ნასკვი გორდისა? დროა კვალადცა განვაახლოთ ჩვენი შუამდგომლობა რუსეთის უმაღლესის მთავრობის წინაშე, რომლისა შვილებად ვირიცხებით და ვართ ერთგულნი ქვეშევრდომნი რუსეთის ხელმწიფე იმპერატორისა. პირუთვნელი ისტორია სხვა-და-სხვა საუკუნეთა მწერალთა პირით მოგვითხრობს, და ქვანიც კი ჰღაღადებენ, რომ ათონის ივერიის მონასტერი ქართველთა ძმათა სამკვიდრებელია; ამას ჰმოწმობენ და ამტკიცებენ მრავალნი სიგელ-გუჯარნი და გრამატანი ბიზანტიის კეისართა, ქართველთა მეფეთა და პატრიარქთა. ცხადია, ბერძნები მონასტერს თავის ნებით არ გარდმოგვცემენ. ერთი საშუალებაღა დაგვრჩენია: რუსეთის მთავრობამ კეთილ ინებოს გამოსარჩლება თავისის ერთგულის ქართველთა ერისა და შეუკრას შემოსავალი მამულებისაგან, რომელიც მდებარეობს საქართველოსა და რუსეთში და რომელიც შეუწირავთ ივერიის მონასტრისათვის ქართველთა მეფეთა და მთავართა, და შემდეგ რუსეთის ხელმწიფეთა. საქართველოში მდებარე მამულებიდან, რომელნიც შეუწირავთ ქართველთა მეფეთა და მთავართა და აგრეთვე ქ. მოსკოვის მამულებიდან, რომელნიც შეუწირავთ რუსეთის მეფეთა ივერიის ათონის მონასტრისათვის, ბერძენთა მონაზონნი ამ მონასტრისა წელიწადში იღებენ შემოსავალს არა ნაკლებ ოცი ათასის თუმნისა. ასე მოიქცა რუმინიის მთავარი, რომელმაც 1860 წლებში სრულიად ჩამოართვა ბერძენთა მონასტრებს თავის სამეფოში მდებარე მამულები. ამ სახედვე მოიქცა რუსეთის მთავრობა 1870 წ. ბესსარაბიაში, სადაც 120 ათასის მანეთის შემოსავლიდგან წელიწადში, მხოლოდ ნახევარს აძლევენ ბერძენთა მონასტრებს. ეს ამბავი მოჰხდა ბესსარაბიაში მღვდელ-მთავრობის დროს მთავარ-ეპისკოპოზის პავლესა, შემდეგ საქართველოს ექსარხოსისა.
მეორე საშუალება, ჩემის აზრით, ეს არის, ქართველნი ძმანი მიღებულ იქმნენ ივერიის მონასტერში თანასწორის უფლებით ბერძენთა თანა, მხოლოდ იმ პირობით-კი, რომ ყოველთვის მიუცილებლად წინამძღვარი მონასტრისა და ეგრეთვე ეკონომოსი ამოირჩეოდნენ ქართველთა ძმათაგან, რადგანაც ივერიის მონასტერი ქართველთა სამკვიდრებელს შეადგენს; ერთს ეკკლესიაში განუწყვეტელად ქართულად შესრულდებოდეს ღვთის-მსახურება, ხოლო მეორეში - ბერძნულს ენაზედ, ვითარცა ვხედავთ ამ გვარს დამოკიდებულებას პანტელეიმონის მონასტერში რუსთა და ბერძენთა მონაზონთა შორის.
<< წინ |