მეორე დილით წარვემართენით აქედან ხილანდარის მონასტერს, სადაც მივაღწიეთ სადილობისას და აქვე ვისადილეთ. ფრიად კეთილად განწყობილი მონასტერია იგი, მშვენიერი ეკკლესია და სახლებიც ჩინებული, ორ სამ სართულიანი აქვს. აქა ჰმოღვაწეობენ ბოლგართა ძმანი, გარნა ეს მონასტერი დაფუძნებით ეკუთვნის სერბიელთა; ამათაც ის დღე დასდგომიათ, რაც ქართველთ.
ვახშამზედ არხიდრომმან, სტუმართ შემწყნარებელმა უფროსმა, რომელსაც ვაუწყეთ ჩვენი ეროვნება, დაივიწყა წესი სტუმართ-მოყვარეობისა და დაიწყო შემდეგი საუბარი ივერიის მონასტერზედ: „ თუმცა ივერიის მონასტერი ქართველებს აღუშენებიათ, მაგრამ შემდეგ დაუდევნელობით თავი დაუნებებიათ და ეხლა ვერღა დიბრუნებენო“ . ამაზედ ვუპასუხე მე, აღგზებულმა სამშობლოს სიყვარულის ცეცხლითა: ჩვენის ერის სამკვიდრებელი - ივერიის მონასტერი ისევ დაქცეულიყო ყოვლად შემმუსრველის დროების ხელითა, იმას უფროს შევურიგდებოდით, ვიდრე ამ უსამართლო გარემოებას, რომ წმ. სავანე ჩვენთა წმ. მამათა სისხლის ოფლით დამკვიდრებული, შემდეგ უბედურ ისტორიულთა გარემოებათა გამო ძალმომრეობით და სრულიად უსამართლოდ წარუტაცნიათ ბერძენთა მონაზონთა და იგინი სარგებლობენ იმ მამულებითა, რომელნიც საქართველოს მეფეთა და მთავართა შეუწირავთ ქართველთა ძმათა სასარგებლოდ. სხვისა უბედურებაზედ დაფუძნებული ბედნიერება მკვიდრი არ იქმნება. ღვთის წყალობა გაქვსთ, მკითხველნო მამულის შვილნო, რომ ამ გვარის მკაცრის პასუხის შემდეგ არხიდრომმა იკადრა დადუმება. ხოლო მეორე დღეს დილით, ცხენებზედ რომ ვსხდებოდით, შენდობა მოითხოვა ჩემს წინაშე, წუხელ თუ რაიმე გაწყენინე, მომიტევეო. შემდეგ აღმოჩნდა, რომ თურმე ეშინიანთ ბოლგარელთა ძმათა, რომელნიც ხილანდარის მონასტერში მოღვაწეობენ, რომ სერბიელთ არ დაიბრუნონ ეს თვისი ძველადგანი სამკვიდრებელი და ამისათვის ეხლა ეფიქრებათ, რომ უკეთუ ქართველთა ძმათა დაუბრუნდათ ივერიის დიდებული მონასტერი, მაშინ სერბიელნიც ისარგებლებენ ამ მაგალითითა და მოითხოვენ ბოლგართაგან დაბრუნებას სერბიელთა მიმართ ხილანდარის მონასტრისას, ვითარცა თვისის ეროვნულის სამკვიდრებელისას.
ამავე მონასტერშია სამარე სერბიელთა კეთილმორწმუნის მეფის სვიმეონისა აქედან მისი გვამი გარდაუსვენებია მის შვილს, სერბიის მთავარეპისკოპოზს წმ. საბასა. ამ საფლავზედ არის ამოსული დიდი ვაზი.
10 ივნისიდან 1900 წელსა ქართველნი ძმანი ათონიდან იწერებიან ხილანდარის მონასტრის შესახებ შემდეგსა:
„მისს მაღალ-კურთხევას,
დიდ-ბუნებოვან მრავალ-მოღვაწეს დეკანოზს მ. პეტრე კონჭოშვილს!
მწირნი ხორცითა შორს, გარნა ახლოს სულითა, ვითარცა უძვირფასესისა და მარადის დაუვიწყებელის სამაგალითოსა ძმისა და მამისა, საღმრთო სიყვარულით და სურვილით ურთი-ერთ მარჯვენისა ამბორებას მოგახსენებთ ყოველნი ძმანი, წმ. ათონის ქართველთ სავანესა შინა დამკვიდრებულნი, და გვსურს მარადის თქვენი ბედნიერად წარმატება ყოველსა ღვთის-მსახურებასა შინა და სათნოებათა საღმრთოთა.
მამაო დეკანოზო! ახალ ამბავს და თავ-საკიდურ მასალას, შესადარებლად ჩვენის ივერიის ქართველთ მონასტრის აწინდელის მდგომარეობისას, მოგახსენებთ შემდგომს, ათონზედ არის სერბიის მეფეთაგან აღშენებული ხილანდარის მონასტერი თავის კუთვნილებით და აქვს გუჯრები ბიზანტიის იმპერატორთაგან დამტკიცებული და შემდგომითი შემდგომად ბეჭედ დასმული. ჟამთა ვითარებისა გამო XIV საუკუნეში, შემცირების მიზეზით სერბიის იღუმენთა და ძმათა - მონასტერი ესე დაუპყრიათ ყოველის უფლებით ბოლღარის ბერთა ვითარცა საკუთრება. სერბიელთა ბოლოს ქონებიათ სურეილი, რათა უფლების აღდგინებით მიეღოსთ თვისი საკუთარი ხილანდარის მონასტერი მათ; გარნა ბოლღარის ბერებს აღარ შეუშვიათ იგინი, აგულიანებისა გამო პროტატისა და მათის მხრის დაჭერისა.
1897 წ. მობრძანებულა სერბიის მეფე ალექსანდრე ათონს ხილანდარის მონასტერში მინისტრებით, მიტროპოლიტით, არხიმანდრიტებით და კრებულით; ვნების კვირის დიდ ხუთშაბათსა მონასტრის მმართველს მიუღია დიდის პატივით; მეფეს მიუღია წმიდა საიდუმლო ქრისტესი. პროტატი წამდგარა და მიულოცავს მეფისათვის პასექის დღესასწაული და მიმოხილვა წმიდა ათონის მონასტრისა. ამ დღესასწაულებზე მეფემ დაპყო რაოდენიმე დღენი და ბრძანა, რათა უჩვენონ მას ყოველნი სახსოვარნი მონასტრისანი დაწვლილებით. მაშინ უჩვენეს მას წინაპართა მისთა და მეფის სტეფანესაგან დანერგულნი უზარმაზარნი კვიპაროზისა და ზეთის ხილთა ხენი და სხ. ეგრეთვე ბიბლიოთეკა და ყოველნი ძვირფასნი ნივთნი, შეწირულნი წინაპართა მათთაგან, რომელიც დიდად ესიამოვნა.
უკანასკნელ გამოითხოვა სერბიის მეფემ მონასტრის მმართველისაგან გუჯარი მონასტრის კტიტორისა, დამტკიცებული ბიზანტიის იმპერატორთაგან. თუმცა დაეცათ შიშის ზარი ბოლღარის ბერებს მეფის მოთხოვნილობაზე, მაგრამ რადგან ძალა აღმართს ხნავდა, სრულებით უღონო იქმნეს. დაუყოვნებლივ მოართვეს მეფეს გუჯარი ხილანდარის მონასტრის დამდუძნებელთა; დახედა რა თავზე საბუთს, ბრძანა, შემდგომ წავიკითხავ მოსვენებით და ეს საბუთი თავის საკუთარი მუნდირის საცავში შთაიდვა; - მერმე წაბრძანდა მოსასვენებლად. მეორე დღეს უბრძანა მეფემ მონასტრის იღუმენს დამზადება საჯდომის ცხენებისა ლიმენამდი, რომელსაც იახღანენ ყოველნი. მეფე ჩაბრძანდა თავის ცეცხლის გემში მხლებლებით და გუჯარიც თან გაიყოლა სერბიაში.
ერთის წლის შემდეგ სერბიის მეფემ წარმოგზავნნა ეპისკოპოსი, იღუმენნი და მონაზონნი და უბრძანა, რათა მივიდენ თავის საკუთარ მონასტერში და მართონ ჩვეულებისაებრ. გარნა მეორედაც, ათონის მონასტერთ პორტატის შთაგონებით - ბოლღარის ბერებმა არ მიიღეს სრულებით სერბიის მეფისაგან წარმოგზავნილნი. რაოდენისამე ხნის შემდგომ დაბრუნდენ სერბელნი - არქიერი თავისი კრებულით, - და ყოველივე მათი შეურაცხება მოახსენეს სერბთა მეფეს.
1900 წელსა, შემდეგ პასექისა, სერბის მეფემ მეორედ გამოგზავნა ეპისკოპოსი, არხიმანდრიტნი მღვდელმონაზონნი, - და რაოდენნიმე მეფის მინისტრნი და შევიდენ თავიანთ საკუთარს მონასტერში მეფის ბრძანებით. ამაზედ ბოლღართ ბერებმა მოახსენეს თავიანთ ექსარხოსს, ხოლო მან ბოლღარის კონსული გამოგზავნა, ხილანდარის მონასტერში საქმეთა ცნობაში მოსაყვანად სერბიის და ბოლღარიის ბერებთ დავისა, და რადგანაც ბოლგარიის კონსულმა, იხილა რა სერბიის მეფის მინისტრი, და ეპისკოპოსი არხიმანდრიტით და კრებულით სცნო გარემოება, და რაკი შეატყო, რომ ვეღარაფერს არგებდა ბოლღართ ბერებს, მდუმრიად ჩაფიქრებული უკუნ იქცა თესალონიკეში. სერბიის მინისტრმა და ეპისკოპოსმა არხიმანდრიტებითურთ მოიწოდეს პროტატი (სინოდი) და მივიდენ რა (უარი ვერ გაბედეს), თანახმა შეიქმნენ ხილანდარის მონასტრის აღდგენაზე, და შთააბარეს მათ ყოველივე კუთვნილება ძველის უფლებით სერბიელთა, რომელთა წინამძღვრად სერბიის არხიმანდრიტი დაადგინეს იმ პირობით, რომ არა განასხნან ბოლღართ ბერები, არამედ რომელთაც ენებოსთ, იცხოვრონ მონასტერში, მხოლოდ მარადის სერბიის წინამძღვრის მორჩილებისა ქვეშე.
ამით გათავდა ამ წელს, სახარულევანი დღესასწაულობა „იუპიტერის აღმობრწყინვებით“ სერბიელთ ხილანდრის მონასტრისა, და პირველი სამაგალითო საქმე ათონის მოუდრეკელთ პორტატის უკანადახრისა!
მამაო წმიდაო! აჰა მაგალითი და მასალა შედარებით ჩვენის ივერიის ქართველთ მონასტრისა. თქვენის შრომით, შთაგონებით და ღვაწლით - მრავალნი განათლებულნი პირნი, სახსოვრად ნეტარხსენებულთა მამა-პაპათა მათთა, ღვთის სიყვარულით მხურვალედ განმსჭვალულთა, სახელთა მათთა არ დაამდაბლებენ და მიაქცევენ ამაზედ ყურადღებას.
ივერიის მონასტრის ბერძენთა ბერები ამ მაგალითით ძალიან ჩაფიქრდნენ, თუმცა უწინაც იშიშვოდენ, ხოლო აწ ხილანდარის მონასტრის სერბიელთ ბერების შთაბარების გამო ნამეტნავად ფიქრობენ და საიდუმლოდ დაასკვნიან: „თუ სულ ქართველთ საზოგადოება აღიძრა საჩივრით ჩვენზე, კითხვა აღარ უნდა, ქართველები აღადგენენ უფლებას ამ ივერიის მონასტერზედაო“ .
თქვენის ლოცვის მსასოებელი ათონის ქართველთ სავანის კრებული. მმართველი სავანისა მღვდელმონაზონი იონა ქრისტეს მიერ ძმებითურთ“.
ეს ზემოხსენებული მაგალითი ჩვენთვის დიდად შესანიშნავია და ხელსამძღვანელო ივერიის მონასტრის დაბრუნებისათვის ქართველთა ძმათათვის. უკეთუ ორმა ერმა ერთის სლავურის ტომისამ ერთმანერთს პატივი არა სცეს და სერბიელთა არ დაუთმეს თვისი ეროვნული სამკვიდრებელი-სავანე - ბოლგარებსა, მით უმეტეს ჩვენ უფროს დიდი საფუძველი გვაქვს, გამოვსთხოვოთ უცხო ტომის ერსა-ბერძენთა - ჩვენი ეროვნული, წმ. და დიდებული სამკვიდრებელი, რომლის კუთვნილებას ქართველის ერისადმი ქვანიცა ჰღაღადებენ; მით უმეტეს კიდევ, რომ რუსეთის იმპერიის კანონ-მდებლობით ვადა არ არის განსაზღვრული საეკკლესიო მამულების სადავოდ.
ამ ხილანდარის მონასტერში სცხოვრებს კერძოდ ერთი რუსის არქიმანდრიტი მელქისედეკ, რომელიც ვნახე, და რაკი გამიცნო, რომ ქართველი ვარ, დამიწყო საუბარი ივერიის მონასტრის შესახებ და ამ საქმის წარმართვისათვის რამდენიმე კეთილი რჩევა წარმოსთქვა.
ივლისის 15, მწუხრად, მივედით ზოგრაფის მონასტერში. აქაც ბოლგარნი ძმანი მოღვაწეობენ, თუმცაღა ეს სავანე უწინარეს აღუშენებიათ სერბიელთა. ეს სავანე ფრიად კეთილად განწყობილია ყოვლის მხრით, როგორც ეკკლესიებით, ეგრეთვე სახლებით, რომელშიაც სცხოვრებენ ძმანი. ამ მონასტერში მოიპოვება სამი შესანიშნავი საკვირველთ-მომქმედი ხატი წმ. მთავარმოწამისა ძლევა-შემოსილისა გიორგისა. ამ მონასტრის შუა ეზოში არის აღმართული მარმარილოს ძეგლი იმ ადგილას, სადაც დაუწვავთ 26 ღირსნი მამანი აღსარებისათვის მართლმადიდებელის სარწმუნოებისა იმ დროსა, როდესაც 1204 წელსა მეოთხე ჯვაროსანთ ლაშქრობისას, ფრანგთა დაიპყრეს კონსტანტინეპოლი და დასვეს ამ ქალაქში თავის სარწმუნოების პატრიარქი; ხოლო ბერძენთა სამღვდელოება თავის პატრიარქით სრულიად გამოდევნეს აქედან, და რაოდენნიმე მათგანნი დასტანჯეს, ამ დროსვე აწამეს ეს ზემოხსენებულნი ღირსნი მამანიც. ადგილი, რომელიც გაპოხიერებულია მასზედ დათხეულის წმ. მამათა სისხლითა, აწ შემკობილია მარმარილიას ძეგლითა და გარემოს დამშვენებულია ფერადის ტროპიკულის მცენარეებითა.
ათონის მთიდგან თესალონიკის მახლობლად გასავალში არის ქართველთა სოფელი. უკანასკნელ ორ წლამდე აქაურ ეკკლესიის ქვაზედ იყო წარწერა ქართულს ენაზედ, რომ იგი აღშენებულია ქართველთ მეფისაგან და ეხლა მოუსპიათ ბერძენთა ეს წარწერაც; აქ დასახლებულნი ქართველნიც გადაგვარებულან, ქართული ენაც დავიწყებიათ და ბერძენთაგანაც განირჩევიან ეროვნულის თვისებითა და შეხედულობითა. ამ სოფელს უწოდებენ: „იერისო“ . ეს ცნობა გარდმომცეს ათონის ქართველთა სავანის ძმათა.
ივლისის 16 დავბრუნდით ქართველთა ძმათა სავანეში. ამ დღეს მოსულიყო იერუსალიმით ნიკოლოოზ ჩიკვაიძე, რომელსაც პალესტინაში მოსწყენოდა, ათონზედ ამოვიდა და აპირებდა ქართველთა ძმათა სავანეში მოღვაწეობასა.
ორის თვის პალესტინაში და ათონზედ მიმოვლის შემდეგ 17-ს ივლისს გამოვეთხოვე საყვარელ ძმათ ქართველთა სავანისათა, რომელთაც, ვითარცა სიყვარულითა მიმიღეს, ეგრეთვე გამომაცილეს გულმოწლეობითა. ამ დღეს საღამოს რვა საათზედ ჩამოვედით რუსთა პანტელეიმონის მონასტერში, გამომაცილა იეროდიაკონმა გაბრიელ ქართველმა; იგი, ვითარცა მამასა შვილი, ეგრე მემსახურა მე, მოხუცებულსა წმ. ათონის სავანეთა მოხილვის და მოლოცვის დროსა (ფილიპ. 2,23) და დასასრულ გამომაცილა ცეცხლის გემზედ ასვლამდის. ყოვლისა ამ შრომისათვის მიაგოს მას ზეციერმა მამამ ას წილ სიყვარულისათვის სიყვარულითა, კეთილისათვის კეთილითა და სიმდაბლისათვის სულიერის სიმაღლითა. ამ საღამოზედვე გამოვეთხოვე წინამძღვარს მ. არქიმანდრიტ ანდრიასა, მადლობა მოვახსენე გულ-კეთილ შეწყნარებისა და პატივისცემისათვის, რომელმაც, კურთხევად წმ. მონასტრისა, გარდმომცა წმ. პანტელეიმონის ხატი.
<< წინ |