მოგზაურობა
წმ. ქალაქს იერუსალიმსა და წმ. ათონის მთაზედ

დეკანოზის პეტრე დავითის ძის კენჭოშვილისა, სჯულის მოძღვრისა
ამიერ კავკასიის ქალწულთა ინსტიტუტისა იმპერატორის ნიკოლოზ I-სა

მგზავრობა სტამბოლიდამ ქ. ოდესსადმის

მეორე დილით, ადრე წირვის მოსმენის შემდეგ, გავეშურე ცეცხლის გემზედ. ეს გემი იყო „ალექსადნრე II“, უფროსობდა დრაგომირ ჩერნოგორჩევიჩი, დიდად პატიოსანი და კეთილშობილი კაცი და სამღვდელოთა ღრმად პატივისმცემელი; სტამბოლში გამოვლით დავრჩით ორს დღეს.

ეს ცეცხლის გემი წარმოვიდა ბოლგარია-მაკედონიის საზღვრის პირზედ. გამოვედით თუ არა კონსტანტინეპოლის ლიმანს, აღელდა ზღვა და მეორე დღის სადილობამდე აღარ დასცხრა. ამოვიარეთ ბოლგარიის ქალაქს ბურგოსს; აქედგან ამოვიდა გემზედ ივანე თეოდოსის ძე გრეკოვი, ბოლგართაგანი, დრაგომანი რუსეთის საიმპერატორო სავიცე-კონსულოსი, რუსეთში აღზრდილი, დიდად პატიოსანი ახალგაზრდა; იგი მიემგზავრებოდა სიმფეროპოლის გუბერნიაში მშობლების სანახავად. ამანაც გადმომცა, სხვათა შორის, რომ ბოლგარიაში, ფილიპოპოლის მახლობლად, მთაში არის მონასტერი, რომელსაც უწოდებენ ქართულ სავანედ და ეკკლესია წმ. ნინოს სახელზედაო და ქართული წიგნებიც არისო იქ. ამ მონასტერში ეხლა ჰმოღვაწეობენ ბოლგარნიო“ . სად არს აწ ჩვენი ძველი დიდება? ყოველსა ქვეყანასა განხდა ხმა მისი...

ამოვიარეთ ვარნა, ბოლგართა ქალაქი, რომელსაც კარგი ბოღაზი აქვს. აქვე არის ქალაქს გარედ ახლად აშენებული საზაფხულო სასახლე იმათის მთავრისა. აწ სტკბებიან ბოლგარნი თავისის ეკკლესიურ და პოლიტიკურ დამოუკიდებლობისა და თავისუფლების ნაყოფით; ქება და დიდება მათ მწყემს-მთავართა, რომელთაც იწყეს ეს საქმე, არ შეუშინდნენ მრავალ მწუხარებათა და დევნულებასა, რომელნიც დაითმინეს სამშობლოს სიყვარულისათვის, და დასასრულ მაინც თავისის ეროვნების სასიქადულოდ დააბოლოვეს ეს საქმე.

22 ივლისს შესრულდა ორი თვე ჩემის მგზავრობისა იმ დღიდგან, როდესაც ოდესსიდგან გამოვედი და წარვემართე იერუსალიმს; სწორედ ამ რიცხვშივე, ორის თვის მოგზაურობის შემდეგ, მოვბრუნდი ოდესაშივე. ოდესსაში დავიბანაკე ანდრიას სკიტის მეტოქიაში. რაოდენად დიდად კეთილ-მდგომარეობაშია ანდრიას, ათონის მთაზედ, სკიტი, მისს მეტოქიას ჰშვენის უკეთესი კეთილ-მოწყობილობა ოდესსაში. სხვა ათონის რუსთა მონასტრების მეტოქიებს ოდესსაში უკეთესი კეთილ-მდგომარეობა ეტყობა; ილიას სკიტს, რომელიც ეხლა აპირებს საკრებულო ტაძრის აღშენებას ათონზედ, ოდესსაში აქვს მშვენიერი ტაძარი, რომელიც დიდად დაამშვენებს ყოველს სატახტო ქალაქს. ესევე ითქმის ოდესსაშივე მყოფ პანტელეიმონის მონასტრის მეტოქიას შესახებ. სამ-სართულიანი სახლები აქვთ ორსავე ამ მეტოქიებს. ოდესსაში ფრიად ცხელოდა. გულით მოვისურვე ნახვა ოდესსაში ღირსად პატივცემულის მამულიშვილის ვასილ პეტრიაშვილისა. ერთ გზის მისს სადგურში ვიკითხე, ორჯელაც უნივერსიტეტსა და ლაბორატორიაში, შემდეგ მითხრეს აგარაკად წასვლა მისი; წაველ რკინის გზით და ბევრი ვეძიე და, სამწუხაროდ ჩემდა, ვერსად ვიხილე. ესევე დამემართა 1885 წელსა აგვისტოს თვეში. ვნახე ოდესსაში დიდად მშვენიერნი შენობანი ფოსტა-ტელეგრაფისა და დახურული ბაზარი, ქალაქისაგან გამართული, სადაც ყოველი სანოვაგე მასალა ისყიდება. ამ დუქნებში ვაჭრობენ, ვითარცა მამრნი, ეგრეთვე მდედრნიცა, ეროვნებისა და სარწმუნოების განურჩევლად: რუსი, ურია, ნემეცი, ბერძენი და სხვანი.

 

განგრძობა მგზავრობისა ოდესსიდამ სუხუმამდის

ივლისის 27 წამოვედით ოდესსიდამ შუადღის პირველს საათზედა, ჩამოვიარეთ ევპატორია, სევასტოპოლი და ერთს საღამოს ჩაიზედ ვიწყეთ საუბარი; ჩემთან თანამოგზაურობდა ცეცხლის გემზედ ვლადიმირ ივანეს ძე ზაიოჩევსკი, დირექტორი კიევის ბრმათა სასწავლებლისა, ყოფილი პროფესორად კიევის უნივერსიტეტისა. მკითხეს ჩემის მოგზაურობის ამბავი და მეც, გულდამწვარი ათონის ივერიის მონასტრის ბერძენთაგან, მოვუთხრობდი მსმენელთა, რომ მე მსურდა ათონზედ მენახა ქართული ძველი დაბადება, რომლისა ღირსი ვერ გავხდი. მაშინ გვითხრა ერთმა ჩვენმა თანამეინახეთაგანმა: თქვენ მ. კ-ი ხომ არა ხართ? მე განცვიფრებული შევხედე და მოვახსენე: სწორედ ის გახლავარ, საიდგან უწყით ჩემი ვინაობა? მან მიპასუხა: მე ყურადღებას ვაქცევ ქართულს ლიტერატურას და მომისმენია ისტორია თქვენ მიერ შესწორებულის დაბადებისა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბ-ნი ოლივერ ვარდროპი, ინგლისელი, თვისის დით ქ-ნ მარჟორი ვარდროპით. ესენი მოდიოდნენ ქ. ქერჩს, სადაც პირველი ასრულებს ინგლისის ელჩის თანამდებობას.

ბ-ნმა ვარდროპმა, რომელიც ჩვენთან ერთს ცეცხლის გემზედ მოგზაურობდა ოდესსიდამ კერჩამდის, საუბრის ბოლოს მითხრა, რომ ბრიტანიის ბიბლიის საზოგადოება დაჰბეჭდავს ათონის ქართულს დაბადებას თავისის საფასით, ვითარცა შესანიშნავს არქეოლოგიის მხრივ, თუმცა იგი არ არის სრული ბერძნების დაუდევნელობითაო. ამისათვის ჩვენნი ქართველთა სასულიერო წოდების წარმორმადგენელნი მოვალენი არიან ეცადნენ აღძრან შუამდგომლობა წინაშე მთავრობისა ათონიდგან ქართულის დაბადების მოტანისათვის; ამასთანავე სთხოვონ ბრიტანიის საბიბლიო საზოგადოებას, დაჰბეჭდოს ქართული დაბადება იმ ასო-მთავრულით, რომლითაც იგი არის დაწერილი. ეს მაინც არ დაიკარგოს, ვიდრემდის უძველესი ამისა ვარიანტი დაბადებისა აღმოჩნდებოდეს, თორემ ნუ გაგიკვირდებათ, რომ ამ დაბადებასაც ის დღე დაადგეს, რაც დღე დაადგა ექვსის ჯორის საპალნეს ქართულთა წიგნთა, ვითომ მოპარულთა, ნამდვილად-კი ქურდულად გაყიდულთა.

მადლობა მოვახსენე ასეთის ყურადღებისათვის ქართულ მწიგნობრობის მიმართ, არა მხოლოდ საერო, არამედ სასულიეროსიც. მკითხა ამბავი ქართულის დაბადებისა და მეც ვუთხარი გარემოება ამ საქმისა. უცხო ქვეყნის შვილნი სიამოვნებით ყურადღგბას აქცევენ ჩვენს ლიტერატურას და ჩვენ, სამწუხაროდ, არა თუ გარეშე, არამედ ჩვენის საკუთარის ზოგად ჭირისა და ვარამისა არა ვუწყით-რა. დროა გამოვიღვიძოთ და განვიფრთხოთ ღრმა ძილი. ქერჩის კიდეზედ დავშორდით ამ დიდებულის სახელოვანის ერის ღირსეულთ შვილთა, ბ-ნთ ვარდროპთა. აქედგან განვაგრძეთ გზა და მოვედით ახალ ათონის მონასტერში. აქ აღუშენებიათ მშვენიერი ტაძარი და სახლები. გარემოს მისსა მონაზონთათვის აქვთ სკოლა აფხაზთა ყრმათათვის, სადაც სწავლობს 15 მოწაფე. რუსულს ენას ასწავლის ბ-ნი ნიკიფოროვი, ოდესმე სამხედრო პოლკოვნიკი და აწ ანაფორა მოსილი მონაზონი; ამ ნიკიფოროვს ტფილისის საზოგადოება კარგად იცნობს. ბოლოს დროს იგი ასრულებდა თანამდებობას მთების სკოლების ინსპექტორისას ქრისტეანობის აღმადგენელს საზოგადოების უწყებაში. აქ დავრჩი ორს დღეს. პირველ აგვისტოს, საღამოს 5 საათზედ, წამოვედი ეტლით ჩემის თანამოგზაურის ოდესსიდგანვე ბრმათა სასწავლებლის დირექტორთანავე. იგი თვისის სახლობით პირველად ჰმოგზაურობდა კავკასიაში და აღტაცებაში მოდიოდა აქაურის მდიდარის ბუნებით. საღამოს 8 საათზედ მოვედით ქ. სუხუმში, რომელიც ჰშორავს ახალ ათონის მონასტერს 24 ვერსით. აქ ვნახე ძველი მეგობარი, მრავალ პატივცემული მ. დეკანოზი დავით მაჭავარიანი, რომელთანაც ვისაუბრეთ ზოგად ჭირ-ვარამის შესახებ, ვნახე აგრეთვე მ. ბენედიქტე, წინამძღვარი ათონის ქართველთა სავანისა. გარდავეცი, რა მდგომარეობაშია მისი სავანე, რადგანაც იგი უკვე ხუთი წელია დაჰშორგბია მონასტერსა და იმყოფება სუხუმსა და ბათუმში.

 

ქ. სოხუმის ქართველთა აწინდელი მდგომარეობა სარწმუნოებრივი და ზნეობრივი

სუხუმშია ორი ათასამდე ქართველთა ტომის ერი, რომელთაც სამშობლო ენა ქართული აქვთ. მრავალთა შემომჩივლეს, რომ მოკლებულნი არიან ისეთს სულიერს ნუგეშსა და საზრდოს, როგორიც არის მოსმენა სამშობლო ენაზე წირვა ლოცვისა, რომელსაც დამატკბობელი, განმაცხოველებელი და მაცხოვარებითი ძალა აქვს მორწმუნე კაცის გულზედ.

ძალიან ადვილიც არის დაკმაყოფილება ამ საღმრთო მოთხოვნილებისა. აქაურს საკათედრო ტაძარში ჰმსახურებენ რამდენიმე ქართველნი სამღვდელონი. ნუ თუ იმათ არ შეუძლიანთ გამოსთხოვონ ნებართვა მწყემსმთავარსა ქართულს ენაზედ წირვა-ლოცვისა? იერუსალიმის და სრულიად პალესტინის ეკკლესიებში მიღებულია საღმრთო წესად რამდენსამე ენაზედ წაკითხვა სახარებისა, როგორც დიდს დღესასწაულებში, ეგრეთვე ყოველ დღიურს წირვაზედაც კი როდესაც ჰხედავენ სხვა და სხვა ეროვნების მლოცველთა. მთელს საქრისტეანოში მიღებულია ეკკლესიურის კანონით ბრწყინვალე აღდგომის დღეს სხვა-და-სხვა ენაზედ წაკითხვა სახარებისა, და ყოვლად მიუცილებელად-სამშობლო ენაზედ. და აი უბედურება! ამ ნუგეშსა და ღვთიურს სიხარულს მოკლებულ არიან აქაურნი ქართველნი. ამაზედ მომეტებული უბედურება სულიერი განაღა იქმნება, რომ კაცმა ქრისტეს აღდგომის დღეს ვერ გაიგონოს სამშობლო ენაზედა „ქრისტე აღსდგა მკვდრეთით“, მაშინ როდესაც სულიერნი მწყემსნი თვისის - ეროვნებისა თვალ წინ უდგანან.

თვითოეულს სულიერს მწყემსს უნდა მტკიცედ გვახსოვდეს, რომ ჩვენ მოგველის პასუხის გება სიკვდილის შემდეგ, როდესაც წარვსდგებით წინაშე ქრისტე მეუფისა და მოვახსენებთ: „აჰა, უფალო, მე და ცხოვარნი ჩემნი, რომელნი მომცენ მე, ვმწყსიდი მათ და არცა ერთი მათგანი არ წარვწყმიდე“. ნეტარ იქმნება ის მწყემსი, რომელსა ექმნება კადნიერება ამის წარმოთქმისა. ქრისტე მაცხოვრის მცნებისაებრ, ცხოვართა უნდა ესმოდეთ ხმა მწყემსისა და ვიდოდენ შემდგომად მისა, და მწყემსთა უნდა უწყოდენ სახელები ცხოვართა თვისთა და მოუწოდებდნენ. როდესაც სამწყსოს არ ესმის ხმა მწყემსისა ეკკლესიაში, ანუ გარეშე მისა, მაშინ მათ შორის არ არსებობს არა ვითარი კავშირი სარწმუნოებრივი და ზნეობრივი. მწყემსმან კეთილმან დასდვის თავი თვისი ცხოვართათვის. აი ნამდვილის მწყემსის იდეალი, ვითარცა გამოიხატების იგი სახარებაში: „ხოლო უფროსი ამისა სიყვარული არავის აქვს, რათა სული თვისი დასდვას მეგობართა თვისთათვის“ (იოან. 15,13). რომელთა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!

4 აგვისტოს, ოთხშაბათს, დილის 8 საათზედ, წარმოვემართენით სუხუმიდგან ჩემის ცნობილის თანამგზავრებით. ვიდრემდის ჩავსხდებოდით ცეცხლის გემში, ზღვა უკვე ჰღელავდა, შუადღისას უფრო ძალიან იმატა ფრთონამ, მოგზაურთა მომეტებული ნაწილი პირქვე დაეცა. ვერც მე გადაურჩი ზღვის სნეულებას; ფოთში ვერ შევიდა გემი და ღამის 10 საათზედ მივაღწიეთ ბათუმს. იქამდის საგრძნობელი იყო ღელვა, რომ მეორე დღესაც არ შემეძლო სიარული და თავ-ბრუ მეხვეოდა.

ვლადიკავკაზის ქართველთა საზოგადოების სასიქადულოდ უნდა აღვიარო, რომ მათ უმჯობესად და თითქმის სამაგალითოდ მოაწყეს თვისი საქმეები შესახებ ღვთისმსახურების შესრულებისა მშობლიურს ენაზედ. თავგანწირულებით ეცადნენ და აღაშენეს თავისათვის საკუთარი ეკკლესია, მიიწვიეს საკუთარი მოძღვარი, რომელსაც საღმრთო მოვალეობად დაუდგინეს ქართულს ენაზედ ყოველის მღვდელმოქმედების შესრულება. დაარსეს ეკკლესიასთანვე საკუთარი სასწავლებელი და აწ სტკბებიან ნაყოფთაგან ნაშრომთა თვისთასა. თუმცა აქაური ქართველი საზოგადოება შედარებით უფრო მცირეა რიცხვით ბათუმელ და სუხუმელ ქართველთაზედა, მაგრამ ვლადიკავკაზის ქართველობამ აღმოიჩინა ისრეთი სულიერი ძალა და სიმტკიცე, რომ არ შეეშინდა საქმის სიძნელეთა და დაბრკოლებათა, თვისს პირადს სიამოვნებას და განცხრომას მოაკლეს, ვითარცა შემსჭვალულთა ეროვნულის სიყვარულითა, და თავის წმიდა წადილის შესასრულებელად გაიწერეს შეძლებისაებრ ყოველ წლიური ხარკი. თუმცაღა, კვალადცა ვიტყვი, აქაური ქართველი საზოგადოება, როგორც რიცხვით, ეგრეთვე ნივთიერის შეძლებით გაცილებით დაბლა სდგას ბათუმის და იქმნება სუხუმის ქართველებზედაც.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>