დიდს შაბათს, დილითგან ადრე, იკრიბებიან წმ. საფლავის ტაძარში მომეტებული ნაწილი მართლმდიდებელთა ქრისტეანეთა ადგილობრივ მცხოვრებთა და ყოველნი მლოცავნი, რომელნიც მოსრულნი არიან ყოველთა კიდეთაგან ქვეყანისათა ფერად-ფერადთა ეროვნებათა, გარდა ლათინებისა, და დალაგდებიან ტაძრის სხვა და სხვა კუთხეებში, სადაც ვინ ჰპოვებს უმჯობესად. ყოველნი ლამპარნი და სანთელნი, რომელნიც მოიპოვებიან ტაძარში, დაიშრიტებიან. მრავალ-რიცხვოვანი ჯარიც ოსმალთა დალაგდება გარეშემო წმ. საფლავის სამლოცველოსი და საშუალ ადგილებზედ ტაძრისა ასაშორებელად და დასამშვიდებელად უწესოებისა, რომელიც შესაძლებელია მოჰხდეს ტაძარში შეჯახების დროს ამ დღეს ამოდენთა ერთა და ხალხთა შორის.
აღდგომა. იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ეკლესია |
დიდ-შაბათის ცისკრის დაწყების წინად, არაბნი მართლმადიდებელის სარწმუნოებისა შეასრულებენ ძველის დროჲდან ნება-დართულის სულთანის ფირმანით ჩვეულებასა სიხარულის გამოცხადებისათვის წმ. ცეცხლის გამოჩენის მიზეზისა გამო: ხმა-მაღალის გროვით იგინი შემოურბენენ სამგზის გარეშემო კუვუკლიასა, სცემენ ტაშსა და მაღლა ხმით ღაღადებენ: „უფალო შეგვიწყალენ“ და „არა არს სხვა სარწმუნოება, გარდა მართლმადიდებელის სარწმუნოებისა“! შესავალი კუვუკლიისა ანუ წმ. საფლავის სამლოცველოსი დაიხშვება და მიიბეჭდება განსაკუთრებითის ბეჭდითა მაჰმადიან მეკარეთაგან წმ. საფლავის ტაძრისათა. საკრებულო ტაძრის საკურთხეველში შეიკრიბებიან ბერძენთა პატრიარქი და მის იქ არ ყოფნაში ერთი მღვდელ-მთავართაგანი იერუსალიმის საყდრისა (ტახტისა), ჩვეულებრივ მიტროპოლიტი პეტრის ქალაქისა სრულის მართლმადიდებელის სამღვდელოების თანადასწრებითა, შემდეგ სომეხთა სამღვდელოება და მოდასენი სხვათა ქრისტეანეთა ეროვნებათა. ხოლო ოდეს იგი მოიწევა დანიშნული ჟამი, სამეუფო კარნი გაიღებიან და სამოსელ-გახდილი პატრიარქი ანუ მიტროპოლიტი ერთს მხოლოდ თეთრს ბისონში, გროვა სანთლებით ხელთა შინა, რომელნიც არიან დანიშნულ მისაღებად წმ. ცეცხლისა, წინამძღომელობითა მთელის სამღვდელოებისათა, შემოსილითა სრულის ბრწყინვალე შესამოსელითა, წარემართება წმ. საფლავის სამლოცველოსაკენ გალობითა: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზეღა ღირს-მყვენ წმიდითა გულითა დიდებად შენდა“.
საღმრთო კრება სამგზის შემოუვლის წმ. კუვუკლიას, ლიტანიის შემდეგ ბეჭედი კარებიდან აიხსნება და მართლმადიდებელი ბერძნის პატრიარქი ზოგად სომხების პარიარქისათანა შევალს წმ. საფლავის ქვაბსა. მხოლოდ საფლავსა შესვლის უწინარეს ოსმალნი უშინჯავენ ჯიბეთა და თითქმის წვერსაც, რომ დაფარული არა ჰქონდეს წუმწუმა. ამ დღესასწაულობითს წამს დამშვიდდება ეკკლესიაში აღელვება, ყოველივე აღივსება მოლოდებითა და ღრმა დუმილი სუფევს ყოველსა კუთხესა ვრცელის და მრავალ-ეროვნულის მორწმუნეთა კრებისა. ერთბაშად მოისმის ქუხილის მსგავსი ყვირილი სხვა და სხვა ენაზედ 30 ათასის კრებისა, რომელიც შეაძრწუნებს ძარღვებსა, და მაღალი თაღებიც ტაძრისა აორკეცებენ ამ ხმიანობასა. წმ. ცეცხლი აღმობრწყინდება თვით ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ, და იქიდამ აღანთებს სანთელთა პატრიარქი. ამ წმ. ცეცხლს მოლურჯო ნათელი აქვს და არცა სწვავს. ზოგნი პირისახეზედაც შემოივლებენ ანთებულს სანთელსა და არა სწვავსო, ვითარცა გადმომცეს იქ დამსწრეთ წმ. ცეცხლის გამოჩენის დროსა. ამ დროს თითოეულს იქ დამსწრეს, დიდსა და პატარას, უნდა ეპყრას ხელთა შინა ოცდა ცამეტი სანთელი, სახსოვრად ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერად ცხოვრებისა 33 წელთა. წმ. ცეცხლი გარდაეცემა მარჯვენით რგვალის სარკმელით ანგელოზის სამხრედამ მართლ-მადიდებელის პატრიარქისა მიერ, ხოლო მარცხენით კერძო - სომეხთა პატრიარქისაგან.
მარჯვენის სარკმელიდამ წმ. ცეცხლს მიიღებს ჩვეულებრივ რომელიმე გამოჩენილი პატივცემული სახლობა ადგილობრივთა მართლ-მადიდებელთაგანი და გარდაიტანს მას საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაცა კანდელაკი წმ. საფლავისა დაურიგებს ყოველთა ტაძარში მყოფთა. ხოლო სომეხნი, კოპტები და სირიელნი მიიღებენ წმ. ცეცხლსა სომხების პატრიარქისაგან მარცხენა სარკმელიდან (ფანჯრიდან), გარდაიტანენ თავის სამლოცველოებში და დაურიგებენ თვისთა ზარების რეკითა, რკინის სარაკუნებელის ტყეპითა, სასიხარულო ხმითა დედაკაცთა და ტაძრის განათებითა 30 ათასის ცეცხლითა პატრიარქს გარდაიყვანენ არაბნი ხელითა უკანვე საკრებულო ტაძრის საკურთხეველში, სადაც დაუყოვნებლივ დაიწყება დიდშაბათის ცასკარი. ამ წამიდან იერუსალიმის ეკკლესიებში და გარემო სოფლებში აღეგზნება ცეცხლები. ხოლო ტაძარში მყოფნი თითოეული ამ ჟამად მხოლოდ ხუთს წამს აღანთებს 30-ს სანთელს და შემდეგ ერთბაშად მოასვენებს განგებ მომზადებულის შავის შალის ანუ მაუდის ქუდითა, ერთბაშად დახურავს და ჩააქრობს, რომ სანთლის კორიანტელმა ანუ კვამლმა არ შეაწუხოს იქ მდგომარენი.
იერუსალიმის პატრიარქის მიერ ცეცხლის გამოტანა |
წმიდა ცეცხლის გამოჩენის დღესასწაულობა შთააგონებდა უმაღლესს გალობათა მთხზველსა ჩვენის ეკკლესიისას დაეწერა ტროპარი, რომელიც იგალობება ცისკრად წმ. პასექისა: „აწ ყოვლითურთ აღივსო ნათლითა ცა, და ქვეყანა, და ქვესკნელი, და ყოველივე ქმნილი დღესასწაულობს აღდგომასა ქრისტესსა, რომლითა განვჰსძლიერდით“.
ჩრდილოეთის კედელზედ წმ. საფლავის ტაძარსა, თითქმის მრთელს მისს სიგრძეზედ, აქვს მიშენებული ფრანგთა მონასტერი. შესავალი მასში არის წმ. საფლავის სამლოცველოდამ თითქმის პირდაპირ წმ. საფლავისა. ოდესმე ეს მონასტერი გვეკუთვნოდა ქართველებს და იყო ნაკურთხი წმ. იოანნე მახარებელის სახელსა ზედა. მაგრამ ფრანცისკანებმა, ფრანგების მონაზონთა, რომელნიც გამოდევნილ იყვნენ სიონიდამ, სადაცა იგინი დიდის ხნიდამ სცხოვრობდნენ, იქირავეს ქართველთაგან ეს მონასტერი თავიანთთვის საცხოვრებლად, ხოლო შემდეგ ისარგებლეს ხელ-შემწყობ გარემოებითა - უფულობითა და დაუდევნელობითა ამ სავანეს მფლობელთასა, მიითვისეს იგი და უწოდეს სხვა სახელი: „მონასტერი მაცხოვრისა“ და რომელნიმე მწერალნი უწოდებენ მას წმ. ქალწულ მოწამის ეკატერინეს სახელისას, იგი შემკობილია ძვირფასის ხატებითა და სურათებითა.
ამ მონასტერში დაბინავებულია ეხლა მცველი დასი წმიდა ქვეყანისა, გამგეობის ქვეშ იღუმენისა, რომელსაც აქვს შემდეგი ტიტული: „მცველი სიონისა და წმ. ქვეყანისა“. მისს გამგებლობას და მასთან არსებულ საბჭოს აქვს რწმუნებული დაცვა ყოველთა წმიდათა ადგილთა პალვსტინისათა, რომელნიც იმყოფებიან ფრანცისკანთა ხელშია და რომელნიც მომეტებული ნაწილი არიან ისპანელები და სიცილიელები. საუკეთესო შვენებას ამ მონასტრისას შეადგენს შინაური ეკკლესია ფრიად მოწყობილი და დიდის გემოვნებით შემკობილი. რომის კათოლიკეთა მონასტერს ეკუთვნის მას ზედ მიშენებული მონასტერი წმ. თეოდორეთა, წოდებული „ახალ სახლად“, სადაცა დაბინავდებიან უფასოდ მლოცავნი რომის კათოლიკეთა აღსარებისანი, რომელნიც მოდიან იერუსალიმს დასავლეთის ევროპიდამ.
ამავე დღეს ვნახეთ ახლად გამოჩენილი გზა, რომლითაც მიჰყავდათ იესო ქრისტე იერუსალიმით გოლგოთაზედ ჯვარცმისათვის. აღმოუჩენიათ ქალაქის ბჭენი და ერთს ქვაზედ წარწერა ადრიანესი, რომის კეისრისა. ამის ბრძანებით მეორედ დააქციეს იერუსალიმი 135 წელსა, და აღაშენეს ქრისტეს ჯვარცმის ადგილზედ წარმართთა საკერპო ვენერისა, ხოლო ქრისტეს აღდგომის ადგილზედა - იუპიტერისა. წარმართთა სურდათ სრულიად დაეფარათ და მოესპოთ ქრისტეანეთათვის ეს წმ. ადგილები, მაგრამ ღვთისა განგებისაებრ ეს წარმართთა ტაძარნი აღმოჩნდნენ შემდეგ ძეგლად, მაჩვენებელად ქრისტე მაცხოვრის საფლავისა. „და ნათელი იგი ბნელსა შინა სჩანს, და ბნელმა იგი ვერ დაფარა“ (იოან. 1, 5).
ღვთაებრივი ცეცხლის გავრცელება აღდგომის ტაძრის ეზოში |
ამაო იყვნენ მზაკვარებანი წარმართთა და მათის ურწმუნო იმპერატორისა. ადგილები იერუსალიმის სიწმიდეთა და საზოგადოდ სრულიად პალესტინისა, სამასის წლის განმავლობაში დაცულიყვნენ ქრისტეანეთა ხსოვნაში, რომელნიც მოვიდოდენ თაყვანის საცემლად საიდუმლოდ.
ნეტარმა ელენა დედოფალმა, აღძრულმა ქრისტეს სიყვარულით, მოისურვა აღმოჩენა ამა წმ. ადგილებისა და ჰპოვა ცხოველს-მყოფელი ჯვარი ქრისტესი 326 წელს, რომლისა სახსოვრად ეკკლესიამ დააწესა დღესასწაული 14-ს ენკენისთვესა, მსოფლიო ამაღლება პატიოსნისა და ცხოველს-მყოფელისა საუფლო ჯვარისა.
პირველი ეკკლესია ქრისტე მაცხოვრის საფლავზედ მანვე აღაშენა და კურთხევისათვის მისსა მოუწოდეს 300 ეპისკოპოსთა. კურთხევა შესრულდა 13-ს სეკდემბერსა და სახსოვრად მისსა დააწესეს დღესასწაული „ენკენია“, ანუ განახლება კურთხევისა, და ყოველ წლივ დღესასწაულობდნენ ამ კურთხევის დღეს, ამისათვის სეკდემბრის თვეს ეწოდება ენკენისთვე.
საზოგადოდ ძველ ქრისტეანობის დროსა ჰქონდათ საღმრთო წესად შემოღებული, ედღესასწაულნათ წლითი წლად კურთხევის დღე ადგილობრივის ეკკლესიისა. შემდეგ ეს წესი გამოვიდა ხმარებიდან და მისს მაგიერ ვდღესასწაულობთ იმ დღესა ანუ რიცხვსა, როდესაც შესრულდება ხსენება იმ წმიდისა ანუ დღესასწაულისა, რომლის სახელზედაც არის ნაკურთხი ეკკლესია.
მართლ-მადიდებელთა ტრაპეზი გოლგოთაზედ არის დამტკიცებული ოთხს პატარა სვეტზედა, იმ წმიდა ადგილზედა, სადაც იყო დამყარებულ მაცხოვრის ჯვარი. ტრაპეზს ქვეშ მოსჩანს რგვალი გაღებული ადგილი, სადაც იდგა ჯვარი ქრისტესი. ეს ადგილი გარშემო მოჭედილია ვეცხლითა, რომელზედაც ამოჭრილია გამოხატულება ქრისტეს ვნებათა.
მარჯვენით ტრაპეზისა მოსჩანს გაპობილი კლდე, რომელიც გასქდა იმ წამსა, რაჟამს უფალმან განუტევა სული ჯვარსა ზედა. ტრაპეზზედ არიან დაკიდებულ 14 ძვირფასნი ლამპარნი, შეწირულნი ქრისტეანეთა მეფეთაგან. იატაკი არის მოფენილ თეთრისა, შავისა და წითელის ქვითა. მარჯვენით მართლმადიდებელთა ტრაპეზისა, სამხრეთით კერძო, არის სამწირველო ფრანგთა, რომელიც მხოლოდ ღვთის მსახურების დროს განიყოფება ფარდითა.
პატრიარქი და მღვდელმთავარნი გოლგოთაზედ სწირავენ უმიტროდ პატივსადებლად ამ ადგილზედ იესო ქრისტეს დამდაბლებისა.
ჩრდილოეთის ნაწილს ქვეშ გოლგოთისა, რომელიც ეკუთვნის ბერძენთა მართლმადიდებელთა, არის ბნელი სამლოცველო ადამისა. აქ რკინის ხრახნილში შეიძლება დანახვა ტრაპეზს უკან ბუნებითის კლდისა გოლგოთისა და გამსქდარნი ქვანი ჟამსა იესო ქრისტეს სიკვდილისა. ამ თვალთ ხილულს გახეთქილს კლდეს აქვს შესანიშნავი სიღრმე. ამ ადგილსა, საიდუმლო გარდმოცემით აღმოსავლეთისა და მოწმობისაებრ უძველესის სირიულის ხელნაწერისა, იყვნენ დამარხულ მართალ ნოეს მიერ ძვალნი და თხემი (თავის ქალა) პირველის მამის ადამისა, და ჟამსა იესო ქრისტეს ჯვარცმისასა გარდამოსრული მის ცხოველსმყოფელი გვერდისაგან სისხლი დავარდა თავსა ზედა სამოთხეში შემცოდველისა პირველ მამისა ადამისა და განბანა იგი სამოთხესა შინა მის მიერ ქმნულ ცოდვისაგან. ამ გარდამოცემის საფუძველზედ შემოვიდა ჩვეულებად გამოხატვა ჯვარს ქვეშე ადამის თავისა და ძვალთა მისთა. ამავე გარდმოცემაზედ უნდა იყოს დაფუძნებულ, ჩემის აზრით, ჩვეულება, მიღებული სრულიად საქართველოს ერისაგან - მიცვალებულის შესანდობარის წარმოთქმის დროს სუფრაზედ რაოდენსამე წვეთს ღვინოს დაასხამენ პურზედა. აქავე უჩვენებენ ადგილსა, სადაც გარდმოცემით იყო დაფარულ მტვერი მელქისედეკისა, იერუსალიმის აღმაშენებელისა, მღვდლისა ღმრთისა მაღლისა.
გოლგოთა |
3 ივნისს, ხუთშაბათს, დილის შვიდს საათზედ, წავედით ეტლით ზეთისხილის მთაზედ, რომელიც მდებარეობს აღმოსავლეთით ქ. იერუსალიმისა, აქედგან ამაღლდა უფალი იესო ქრისტე, აქ მოვისმინეთ წირვა სლავურს ენაზედ. ეს ამაღლების ეკკლესია ახლად აღუშენებია რუსეთის მისსიას იმ საძირკველზედ, სადაც აღუშენებია ეკკლესია ნეტარსა ელენე დედოფალსა მეოთხე საუკუნეში, რომელიც შემდეგ შეუმუსრავთ მაჰმადის მორწმუნე არაბთა მეშვიდე საუკუნეში.
აქ, ძველ ნანგრევებში, საძირკვლის გაწმენდის დროს, აღმოუჩენიათ იატაკზედ მოზაიკა, რომლითაც არის დახატული თევზი და მამალი ქათამი და აქვს წარწერა იატაკზედ. ეს წარწერა ემსგავსება ძველს ქართულს ხუცურს ასო-მთავრულს. სახე და სახელწოდება თევზისა ჰქონდათ მიღებული პირველთა ქრისტეანეთ სიმბოლოდ ანუ ნიშნად ერთ-მორწმუნეობისა. სიტყვა თევზი, ბერძნულად „იხთის", შესდგება იმ ასოთაგან, რომლითაც დაიწყობიან ბერძნულს ენაზედ სიტყვანი: „იესო ქრისტე, ღვთისა ძე, მაცხოვარი“.
ხოლო სახე მამლისა ჰნიშნავს დაცემასა, ანუ უარისყოფასა პეტრე მოციქულისასა, და აღდგენასა ანუ სინანულსა მისსა, და კვალადცა მოციქულის ღირსებაზედ აღყვანებასა. აქვე, ზეთის ხილის მთაზედ, უჩვენებენ ფეხის კვალს ქრისტე მაცხოვრისას, დაშთენილს ამაღლების დროსა. ეს ქვა ოსმალთა მეჩეთშია და ფასით უშვებენ ქრისტეანეთა სანახავად და პატივსაცემლად მისა, ვითაცა კვარცხლბეკისა ფერხთა მისთასა.
ამაღლების მთაზედ, რაოდენადმე დაბლა მის უკანასკნელის მწვერვალისა, ოდესმე ჰშვენოდა დიდებული ტაძარი „ამაღლებისა“, აღშენებული წმ. ელენე დედოფლისა მიერ იმ ადგილსა ზედა, საიდგანაც ამაღლდა ზეცად მაცხოვარი, ეხლა ეს ადგილი შემოზღუდულია ქვის გალავანითა და შესვლა იქ შეიძლება მხოლოდ ერთის კარებითა: მახლობლად უბრალოდ აშენებულის ოსმალთა მეჩეთისა, მაღალის გარეშემო სარბენით (მინარეთი), შუა ეზოში სდგას რვა-კუთხიანი შენობა ზევიდამ გახსნილის გუმბათითა. ის აზრი ყოფილა წმ. ელენესი ეკკლესიის აღშენების დროს ამ ადგილზედა, რომ მლოცველთა შესძლებოდათ ხილვა ცისა, სადაცა დიდებით ამაღლდა ქვეყანით ქრისტე მაცხოვარი. კედლები სამლოცველოში ცალიერია, არ მოიპოვება იქ არცა წმ. ხატები, არცა ლამპარნი, ხოლო მარჯვენით შესვლისათანა, რომელიც არის ბუნებითის კლდისა, სჩანს კვალი მარცხენა ფერხისა უფლისა იესო ქრისტესი ხოლო აღბეჭდილი კვალი მარჯვენა ფერხისა გარდატანილია აქედამ და ინახება „იელაქსა“-ს მეჩეთში იერუსალიმშივე. მრთელი შემოზღუდული ეზო ეკუთვნის ოსმალთა, რომელნიც ნებას აძლევენ ყოველ ქრისტეანეს, შეასრულონ აქ ღვთის-მსახურება გაწყობილთა შუა ეზოში საკურთხეველთა შინა, - მართლ-მადიდებელთა: ბზობასა, ამაღლებასა და დღესა უფლისა ფერისცვალებისასა.
მაცხოვრის ამაღლების ადგილი |
1870 წელსა, როდესაც იერუსალიმში ზეთის ხილის მთაზედ საძირკველსა სთხრიდნენ ახალის ეკკლესიისათვის რუსეთის პალესტინის მისსიის გამგეობითა, აღმოჩენილა ფერადი იატაკი, მოზაიკით დაფენილი (ფერადი მარმარილოს ქვით), ზედ დახატულ მოზაიკითვე ფრინველებითა და თევზებითა, რომლების მნიშვნელობაზედ ზევით ვსთქვი; იმ დროს იქ დასწრებია რუსეთის დიდი მთავარი კონსტანტინე ნიკოლოოზის ძე და მისის ბრძანებით შემოუზღუდნიათ ეს ადგილი რკინის ღობითა, და მასზედ სიარული აღკრძალულია. აქვე შკაფში აქვსთ დაცული ნამტვრევნი და ნატეხნი სხვა და სხვა ძველთა საფლავთა ქანდაკებისა, სვეტებისა და ჩუქურთმებისა - სხვა და სხვა შენობათა, რომელნიც უპოვნიათ საძირკვლის დაღრმავების დროს. იქვე არის ძველი აკლდამა იმ დროისა, როცა იერუსალიმი იქმნა დაქცეული. ამ აკლდამაში ყოფილა გამოკვეთილი ხუთი, ექვსი საფლავი; მათ შორის რომელნიმე არიან გახსნილნი და მათში მოსჩანან ძვალნი გაშიშვლებულნი; ხოლო სხვა საფლავნი არიან დახურულ და მტკიცედ გადალესილ ზევით მათ ფიცრებზედ არიან აღბეჭდით აღმოჭრილნი ლურსმითა ჯვრები და წარწერანიც; ეს წარწერანი ჰხმობენ, რომ საფლავნი დაიტევენ თავის შორის ფხვიერთა ნაშთთა ქართველთა ქრისტიანეთა მეფეთასა. ეს ცნობა ამოვიღე რუსის მღვდლის მ. ალექსანდრე ანისიმოვის წიგნიდამ, რომელიც დაბეჭდილია 1899 წელსა. ხოლო ჩემთვის არ უჩვენებიათ ეს ქართულნი წარწერანი, ჩემდა სამწუხაროდ.
ეხლა ზეთის-ხილის მთაზედ სდგას შვენიერი ტაძარი, რუსთაგან აშენებული. ხოლო 1875 წელსა მამა ანისიმოვს კარავში უწირავს ამ ადგილას ბზობისა და ამაღლების დღესასწაულებში. ამ ტაძარშია დაკრძალული გვამი რუსის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ანტონინისა, დიდისა მოღვაწისა და მშრომელისა რუსეთის ეკკლესიის სასიქადულოდ. რაც რუსეთის მისსიას პალესტინაში მამულები აქვს შეძენილი და მასზედ შენობანი, სრულიად ამ ნეტარხსენებულს მ. ანტონინს შეუსყიდნია დიდის გამოცდილებით და მოხერხებითა, წინააღმდეგ ბერძენთა, რომელნიც მსურველნი არ არიან, რომ რუსეთის გავლენა გაძლიერდეს პალესტინაში, თუმცა რუსეთის მართლმადიდებელის მორწმუნე ერის შემოწირულობით სცხოვრებენ აქაურნი მრავალ რიცხვოვანნი ბერძენთა მონასტერნი. რუსეთის შემოსავალი რომ მოაკლდეთ, შიმშილით ამოსწყდებიან, ვითარცა თევზნი უწყლოდ.
ამაღლების ეკკლესიასთან არის აღშენებული რუსთა მისსიისაგან მაღალი სამრეკლო, რომლიდგანაც ზარის რეკა სასიამოვნოდ მოისმის მთელს იერუსალიმში. ამ სამრეკლოდგანვე სჩანს ხმელთა შუა ზღვა 80 ვერსის სიშორეზედ და მარილოვანი ზღვაც 40 ვერსის სიშორეზედ.
რუსეთის მართლმადიდებელს პალესტინის საზოგადოებას, ამ ნეტარხსენებულის მ. არქიმანდრიტის ანტონინის წინამძღვრობის დროს, აღუშენებია: იერუსალიმში მშვენიერი მონასტერი ორის ეკკლესიით, ერთი საკრებულო აზრით და მეორეც ქსენონში - სნეულთა მლოცველთათვის რუსთა, ამაღლების ეკკლესია ზეთისხილის მთაზედა მონასტერთანვე აღუშენებია ორ-სართულიანი სასტუმრო სახლი პატივცემულთა მლოცველთათვის, რომელნიც ფასის გარდახდით დღეში 1-3 მანეთამდის, დაისადგურებენ იქ; ამ სასტუმროს განაგებს საკუთარი მმართველი ერისაგანი. აგრეთვე შეუძენია მამულები და აღუშენებია სახლები მლოცავთათვის: ქალაქს იაფფაში მშვენიერის წალკოტით და ეკკლესიით, ხმელთაშუა ზღვის ნაპირზედა, მამბრეს მუხასთან და იერიქონში, აქაც მშვენიერის ბაღებითა და სახლებითა მლოცავთა მოსასვენებლად. ხსენება მართლისა ქებით აღესრულების. ამ ღირსს მამასა და მოღვაწეს დიდის პატივისცემით და ლოცვით იხსენიებს ყოველი მლოცველი პალესტინის სიწმიდეთა, როდესაც ჰხედავს მისს ნაშრომს სამშობლოს სასიქადულოდ.
ხეთისხილის მთაზედვე არის მღვიმე ღირსის დედა პელაგიასი, სადაც იგი მოღვაწეობდა. ლარნაკი ანუ საფლავიცა მისი არს ამაღლებული, მაგრამ წმ. ნაწილნი მისნი, ვგონებ, აქ არ მოიპოვება და გარდატანილია სხვა ადგილას; ეს მღვიმეც ოსმალთა მფლობელობაშია.
ღვთისმშობლის საფლავის ეკლესია |
ღირსი დედა პელაგია შთამომავლობით იყო ანტიოქიის ქალაქიდამ, ასული წარმართთა მშობელთა, არა ჩვეულებრივის შვენიერებისა, შეუდგა მეძავობასა, შეიძინა დიდი სიმდიდრე. ერთჯერ შევიდა იგი ანტიოქიის საკრებულო ტაძარში, აღტაცებული დარჩა წმ. ეპისკოპოზის ნონის ქადაგებითა საშინელს განსჯაზედ და დაუსრულებელს ტანჯვაზედ ცოდვილთასა. შემუსრვილმა გულითა ცოდვათა თვისთათვის ღირსმა პელაგიამ, განბრწყინვებულმა ღვთაებრივის მადლითა, დაუტევა წარმართობა და ბიწიერის ცხოვრების გზა და დაბინავდა მამაკაცის სახედ ამ გამოქვაბულში, სადაც ათს წელზედ მომეტებული განატარა სასტიკს მოღვაწეობაში. მისს ხსენებას ეკკლესია დღესასწაულობს რვა ოკდომბერსა. ამ ადგილს პატივსცემენ მაჰმადიანნი და ურიანიცა.
ელეონის ანუ ზეთის ხილის მთის ძირში არს გეთსიმანია, სადაც იყო მტილი, რომელშიაც უფალი იესო ქრისტე უკანასკნელ ჟამსა ჰლოცულობდა და ევედრებოდა: „მამაო ჩემო! უკეთუ შესაძლებელ არს, თანაწარმხედინ ჩემგან სასუმელი ესე; ხოლო არა ვითარ მე მნებავს, არამედ ვითარცა შენ“ (მათ. 26, 39).
აქვე გეთსიმანიაში არის საფლავი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობელისა: ამ საფლავზედვე არის სამწირველო. გეთსიმანიაშივე არის ახალი ეკკლესია, აღშენებული რუსეთის იმპერატორის ალექსანდრე მესამისაგან, აწ ღვთისა მიერ განსვენებულისა, მოსახსენებელად დედისა თვისისა იმპერატრიცა მარიამ ალექსანდრეს ასულისა, წმიდისა მოციქულთა სწორისა მარიამ მაგდალინელის სახელსაზედა ამ ეკკლესიაში ღვთის-მსახურება სრულდება მხოლოდ შაბათობით სლავურს ენაზედ. ეს ეკკლესია აკურთხეს ოკდომბერს 1888 წელსა თანადასწრებითა მათ იმპერატორებით უმაღლესობათა დიდის მთავრის სერგი ალექსანდრეს ძისა, დიდის მთავრინა ელისაბედ თეოდორეს ასულისა და დიდის მთავრის პავლე ალექსანდრეს ძისა.
4 ივნისს, პარასკევს, მოვისმინე წირვა დილის შვიდს საათზედ გეთსიმანიაში, სადაცა არს საფლავი ყოვლად წმ. ღვთის-მშობელისა. მწირველი იყო ბერძენთა იგუმენი, წირვაზედ ჰგალობდნენ რუსთა დედა-მონაზონნი მწყობრად, ტკბილად, ლმობიერად, რომელნი მოსრულ იყვნენ იერუსალიმს სალოცავად და რამდენსამე თთვეს და იქნება წელსაც დარჩებიან აქ. სამოციქულო და სახარება ჯერ ბერძნულად წაიკითხეს და შემდეგ სლავურად. თვით საფლავის ქვა არს დადებულ ტრაპეზად; საფლავში შესასვლელად დაბალი თაღია, ვითარცა ქრისტეს საფლავზედ, უნდა წელში მოიდრიკოს კაცი შიგ შესასვლელად. ბერძნებმა გაათავეს წირვა დილის რვა საათზედ, აკრიბეს საღმრთონი ჭურჭელნი, სახარება და სამოსელნი, შემდეგ შემოვიდნენ სომეხნი, ამავე ტრაპეზზედა სწირეს, გარდა სამღვდელოთა, სომეხთაგანი არავინ იყო. კოპტებსაც ამავე ტაძარში აქვთ სამწირველო, დასავლეთის მხრივ, საკუთარს კუთხეში. კოპტების მღვდელი შეიმოსა გრძელის თეთრი სტიხარით, რომელსაც გულსა და ზურგზედ შავი ჯვარი აკერია, თავსა და მხრებზედა მოიხვია გრძელი თეთრი პირსახოცი; ბარძიმი ჩვენი მსგავსი აქვთ; სამს სეფისკვერზედა სწირა; სეფისკვერი თხელია; დიდს გამოსვლაზედ მღვდელს ზურგზედ ჰქონდა გადაშლილი დიდი დაფარნა, ვითარცა ბერძენთა და ათონის რუსთა მონასტერშიაც მიუღიათ. სომხები და კოპტები ერთს ტაძარში ერთს დროს ასრულებენ წირვასა, თუმცა მათი სამწირველოები დაშორებულია ერთმანეთისაგან ხუთის ნაბიჯის მანძილზედ. ცხადია, ერთმანეთს დაუშლიან, მაგრამ ამათი ყური შეჩვეულია ამ გარემოებასა.
ამავე გეთსიმანიის ტაძართან არის საფლავი წმიდათა და მართალთა იოაკიმე და ანნასი, მშობელთა ყოვლად წმ. ქალწულისა მარიამისა, და მის დამწინდებელის იოსებ მართლისა.
ღვთაებრივი
ცეცხლისგან გაპობილი სვეტი |
სადაც უფალი იესო ქრისტე ლოცულობდა უკანასკნელად გეთსიმანიის მტილში, იმ ადგილზედ ფრანგთა მონასტერია, სადაც აქვთ გაშენებული პატარა ბაღი. აქვე უჩვენებენ ადგილს, სადაც უფალმა იესო ქრისტემ განაღვიძა მოციქულნი პეტრე, იაკობ და იოანნე, დამძიმებულნი ძილითა, რქვა რა მათ: „აღსდეგით, აჰა, მტერი მოახლებულ არს“. მეორე ადგილს უჩვენებენ, სადაცა სხვანი მოწაფენი ელოდებოდნენ გარეშე მტილისა. ერთის სიტყვით, აქ აღნიშნულია ქრისტეს თვითოეულ ფერხის გადადგმა უკანასკნელთა დღეთა: ადგილი დაშოლტვისა, პირველ, მეორე და მესამე დავარდნისა ჯვარს ქვეშე, სადაც სვიმონ კვირინელი იტვირთებს ჯვარსა უფლისასა, სადაც მაცხოვარი ეტყვის დედათა იერუსალიმელთა: „ნუ სტირთ ჩემზედა, არამედ თავთა თქვენთათვის სტიროდეთ და შვილთა თქვენთათვის (ლუკ. 23, 28).
ქრისტეს აღდგომის ტაძრის კარების გარეთ, მარცხნივ, საშუალო სვეტზედ არის ქართული წარწერა ასომთავრული, რომლიდგანაც ამოვიკითხე მხოლოდ შემდეგი: „ქრისტე მაცხოვარ, შეიწყალე ჯარვარ...“ გაგრძელება ამოფხვრილია, რადგანაც ეს ადგილი სვეტისა გაპობილია. სვეტის გასქდომის მიზეზად აი რას მოუთხრობგნ გარდმოცემით: 1549 წელსა, დიდს შაბათს, არ მიუციათ ნება ძალმომრეობით მართლ-მადიდებელთა ბერძენთა პატრიარქისათვის, რათა შესულიყო და მიეღო ქრისტე მაცხოვრის საფლავიდგან საღმრთო ცეცხლი, რომელიც სასწაულებრივ ყოველს დიდს შაბათს აღმობრწყინდება ცხოველ-მყოფელ საფლავიდგან. ეს უფლება ანუ უპირატესობა ქრთამისა გამო ოსმალთა ფაშას გარდაეცა სომეხთა პატრიარქისათვის. თუმცა-და შესულა სომეხთა პატრიარქი ქრისტეს საფლავის წინაშე, მაგრამ სასწაულებრივ არ ანთებულა სანთელი მის ხელში, არამედ საღმრთო ცეცხლი აღმობრწყინვებულა ქრისტეს საფლავიდგან და გამოვარდნილა გარეთ კედელში ამ ზემოხსენებულის სვეტით, და იქიდგან აღუნთიათ სანთელი მართლ-მადიდებელთა, მდგომარეთა თვისის სამღვდელოებით ეკკლესიის გარეთ კარებთან. ხოლო სომეხნი ამბობენ, რომ ამ სვეტიდან გამოჩნდებოდა წმიდა ცეცხლი საზოგადოდ ღარიბთა მლოცველთათვის, რომელთაც არ შეეძლოთ გარდახდა ჩვეულებრივის ხარკისა უფლებისათვის დასწრებისა ტაძარში დიდს შაბათსა, წმიდა ცეცხლის გამოჩენის წამსა.
წმიდა ანუ მადლიანი ცეცხლი აღმობრწყინდება ქრისტე მაცხოვრის საფლავიდამ ყოველს წელს დიდს შაბათს.
დიდს პარასკევს, შემდეგ ცისკრის დასრულებისა, ღამის 12 საათზედ, გააქრობენ ყოველთა კანდელთა და სანთელთა მრთელს ტაძარში და წმ. საფლავზედაც ესრე იქმნება, ვიდრე მართლ-მადიდებელი პატრიარქი ეღირსება წმ. ცეცხლის მიღებას ქრისტე მაცხოვრის საფლავიდან; და მაშინ აღანთებენ კვალადცა კანდელთა და სანთელთა მრთელს ტაძარში, და ამ საათიდამ ანთებული სანთელი და კანდელი ქრისტეს საფლავიდან მიღებულის ცეცხლითა აღარ დაიშრიტება მრთელს წელს ქრისტეს საფლავზედა, ვითარცა დღე, ეგრეთვე ღამე.
ბრწყინვალე აღდგომის ლიტანიაზედ გარე შემოუვლიან ქრისტეს ცხოველ-მოსილის საფლავის სამლოცველოსა ათორმეტის ძვირფასის დროშითა (ბაირაღითა), რომელნიც შეუწირავთ ბერძენთა კეისართა და ქართველთა მეფეთა და პატრიარქთა, გალობითა: „აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოსნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქვეყანასა ზედა ღირს-მყვენ წმიდით გულითა დიდებად შენდა“ .
ბრწყინვალე აღდგომის წირვაზედ ბერძნები კითხულობენ სახარებასა ჩვეულებრივ ბერძნულსა და არაბულს ენაზედა, ხოლო მწუხრზედ ამა დღესასწაულისა სხვა და სხვა ენაზედ წაიკითხავენ სახარებასა, და სახარებიდან თითოეულის მუხლის წაკითხვის შემდეგ რეკავენ ზარსა.
წმ. მოციქულის იაკობ ზებედეს მონატერი |
სიმდიდრით და შვენიერებით არც ერთი ეკკლესია არ შეედრება მრთელს პალესტინაში წმ. მოციქულის იაკობ ზებედეს ტაძარსა იერუსალიმში. ეს ეკკლესია აღუშენებია საქართველოს მეფეს, გიორგი კუროპალატსა, XI საუკუნის ნახევარში, და ეხლა, ჩვენდა სამწუხაროდ, სომხები ჰფლობენ მას, თითქმის ასის წლის განმავლობაში. აღმოსავლეთის წმ. ადგილების მომხილველი და აღმწერელი მურავიოვი სწერს, რომ იერუსალიმის საპატრიარქოში არის გრამატა მასზედა, რომ სომხები მოვალენი არიან გარდასცენ ეს ტაძარი ქართველთა, როდესაც იგინი შემძლებელ იქმნებიან გარდაუხადონ ყოველ წლიური ხარკი ხვანთქარს ამ მონასტრის მფლობელობისათვის. მაგრამ ბ-ნ ცაგარელს ეს გრამატა ვერ უნახავს იერუსალიმში მყოფობის დროს 1883 წელსა.
იერუსალიმში, გეთსიმანიის მახლობლად, ლათინთა მონასტერში უჩვენებენ ცხოვართა საბანელსა, რომელსაც ეწოდებოდა უბრაელებრ „ბითეზდა“, სადაც იყო ხუთი განყოფილება და მათ შინა მრავალნი უძლურნი ელოდებოდნენ განკურნებასა წყლისა ამღვრევის ჟამს, და სადაც უფალმა იესო ქრისტემ განკურნა სიტყვითა 38 წლის განრღვეული ანუ უძლური. მღვიმეში ანუ სარდაფში ღრმად არის ჩასასვლგლი, და იქ ეხლაც არის წყალი. ამავე მონასტერში გამოფენილია ქაღალღზედ წარწერა ოცს ენაზედ იმ მოთხრობისა, რომელსაც აგვიწვრს იოანნე მახარებელი თავისს სახარებაში (თ. V,1-15 ). ქართულს ენაზედ ვერა ვპოვე ეს წარწერა. სჩანს, არა სცოდნიათ ქართული ენა, რომ მას ზედაც გამოეწერათ ეს დასაწყისი სახარებისა. ფრანგებს საზოგადოდ სუფთად აქვთ დაცული ის წმიდა ადგილნი, რომელნიც მათ მფლობელობაშია. ამავე მონასტრის ბაღში უჩვენებენ იმ ხეთისხილის ხესა, რომლის ქვეშაც უკანასკნელად სისხლის ოფლით ევედრებოდა იესო ქრისტე ზეციერსა მამასა.
4 ივნისს, პარასკევს, საღამოს 7 საათზედ, წავედით ქრისტეს აღდგომის ტაძარში; რვა საათზედ დახშეს ოსმალებმა ბჭენი ეკკლესიისანი. ეკკლესიაში იყვნენ ღამის სათევად მრავალნი მლოცველნი რუსნი 120 კაცამდე და სამღვდელონი სამნი, და მათ შორის მე. აქ უნდა მოვიხსენო, რომ ბერძენთა, სომეხთა და ლათინთა მონაზონთა მამათ შიგ ეკკლესიაში აქვთ სენაკები და მიუცილებელი საჭირო ადგილებიცა. ილოცეს ბერძენთა მონაზონთ მწუხრი სერობითურთ გოლგოთას ეკკლესიაში, მთავარ-ეპისკოპოსის თანადასწრებით. მწუხრის შემდეგ ბერძენთა მონაზონნი შევიდნენ თვისთა სენაკებში, და დავრჩით ტაძარში მხოლოდ უცხოეთით მოსულნი. ვიწყეთ გოლგოთაზედ შესრულება დაუჯდომელისა ვნებათა უფლისათა, რომლისა თავი და ბოლო მე წავიკითხე და შუა ნაწილი - რუსის მ. დეკანოზმა, ჩემმა თანამოგზაურმა პალესტინაში.
გოლგოთაზედ ტრაპეზს ქვეშ არის ამოჭრილი ადგილი, ვერცხლით მოჭედილი, რომელზედაც ყოფილა დამყარებული ჯვარი უფლისა; ყოვლისა ამის მხილველსა მცირე მორწმუნესაცა უნებლიედ აღეგზნება სარწმუნოებრივი გრძნობა. ყოველის ლოცვის შემდეგ ამ ადგილს მუხლ-მოდრეკით თაყვანსა სცემენ მლოცველნი. კვალადცა განვაგრძეთ შესრულება დაუჯდომელისა ცხოველ-მოსილის საფლავისა და აღდგომისა უფლისა, ყოვლად წმიდისა ღვთის-მშობელისა, წმ. მღვდელ-მთავრისა ნიკოლოოზისა და ეს გაგრძელდა რვა საათიდგან დაწყებული თორმეტამდე. მონაწილეობას იღებდა ლოცვაში დაბალი ერიც რუსთაგანი არა მხოლოდ მოსმენითა, არამედ კითხვითა და ზოგადის მწყობრის გალობითაც.
<< წინ |