ივნისის 5, შაბათს, მშობელთა მსოფლიო მოხსენებას, ღამის 12 საათზედ დარეკეს, ვიწყეთ შუაღამის ლოცვანი ქრისტეს აღდგომის საკრებულო ეკკლესიაში, შემდეგ განვაგრძეთ ცისკარი; ცისკარს შეუერთეს წირვა, რომელიც შევასრულეთ ქრისტე მაცხოვრის საფლავის ეკკლესიაში. ოთხნი თანამწირველნი ვიყავით, ერთი რუსის დეკანოზი, ერთი მე ქართველთაგანი, ორი ბერძენთა მღვდელმ-მონაზონი. მთავარ-ეპისკოპოზი, კირილე ბერძენი, იყო უპირატესი მწირველი.
წინა საღამოზედვე, უწინარეს მწუხრისა, შეიწვიეს მლოცველნი დაბრაზებში ბერძენთა მამათა და წინადადება მისცეს, დაეწერათ მათ თვისნი ცოცხალნი და მიცვალებულნი წირვაზედ მოსახსენებლად. ვინც წერა არ იცის, თვით ბერძენნი ჩასწერენ დავთარში მათ სახელებს მოსახსენებლად. ამ შრომისათვის მლოცველნი შესწირავენ ფულსა შეძლებისაებრ.
წირვაზედ შევნიშნე შემდეგი განსხვავებანი, არა ჩვეულებრივნი ჩვენთვის: დიდს გამოსვლაზედ, ან პატიოსანთა ძღვენთა გამოსვენების დროს (ბარძიმ-ფეშხუმითა), მოიხსენეს პირველად მართლ-მადიდებელი რუსეთის იმპერატორი, მეუღლე მისი, დედა მისი და მემკვიდრე მისი, შემდეგ იერუსალიმის პატრიარქი და სხვანიცა მართლ-მადიდებელნი პატრიარქნი სახელდორივ, მერე წაიკითხა მწირველმა მთავარ-ეპისკოპოზმა განსახსნელი ლოცვა, რომელიც ჩვეულებრივ წაიკითხება აღმსარებელთა ზედა კურთხევანიდგან: „უფალო, ღმერთო ჩვენო, ძეო და სიტყვაო ღმრთისა ცხოველისაო, მწყემსო და კრავო“, და მოიხსენა სახელდობრ სიიდამ ცოცხალნი, ვინც ჩაწერილ იყვნენ. შემდეგ წაიკითხა ეგრეთვე მიცვალებულთა სახელები და მათთვისაცა წაიკითხა მთავარ-ეპისკოპოზმა რუსულს ენაზედ ლოცვა, რომელიც ჩვეულებრივ წარიკითხების მიცვალებულზედ ანდერძის შესრულების დროს. ამ გვარს წირვას უწოდებენ „разреширельная литургiя“, „განმხსნელი წირვა“. მშვიდობიანი კათაკმეველთათვის და შემდეგ მცირე კვერექსი სრულიად გამოსტოვეს; საღმრთოთა ძღვენთა კურთხევის ანუ განწმედის უწინარეს, მთავარ-ეპისკოპოზმა დაწესებული ლოცვა რუსულისა და ქართულის კონდაკით არ წარმოსთქვა, და არცა არს იგი შეტანილი ახალს ბერძნულს კონდაკში: „უფალო, რომელმან ყოვლად წმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოწაფეთა შენთა გარდამოუვლინენ და განანათლენ იგინი, მას, სახიერ, ნუ მიმიღებ ჩვენგან, არამედ განმიახლე მვედრებელთა შენთა“ . ეგრეთვე ასამაღლებელზედ: „ვმადლობდეთ უფალსა“ , ბერძენნი გალობენ მხოლოდ შემდეგ სიტყვებსა: „ღირსა არს და მართალ“; ხოლო გაგრძელება ამ საგალობელისა გამოტოვებულია ბერძნულს კონდაკში.
ლოცვა ყოვლად წმიდის სულის გარდამოსვლისათვის, საიდუმლო ზიარების შესრულებაზედ „უფალო, რომელმან ყოვლად წმიდა სული შენი ჟამსა მესამესა მოწაფეთა შენთა გარდამოუვლინენ“, გამოტოვებულია ბერძნულს ახლად გამოცემულს კონდაკში ამ საფუძველით, როგორც ამბობენ ბერძენთა მამანი, რომ ეს ლოცვა არ იპოვება წინა საუკუნეების კონდაკებშიო. მართალია, ეს ლოცვა არ იყო ხმარებული იოანნე ოქროპირის დროსა იმისათვის, რომ ეს ლოცვა ჯერ არ იყო შედგენილი იოანნე ოქროპირის დროსა. საზოგადოდ უნდა ვსთქვათ, რომ მღვდელ-მოქმედებანი და ლოცვანი მოციქულთა დროიდგან თანდათან ივსებოდა და სისრულეში მოდიოდა წმ. მამათაგან, მაგალითებრ, იოანნე ოქროპირის დროს არ იყვნენ შედგენილ და ხმარებულ შემდეგი საგალობელნი: 1) მხოლოდ შობილი ძე და სიტყვა ღმრთისა, უკვდავი არსება; 2) ტროპარნი მესამე და მეექვსე გალობიდან, რომელნიც წარიკითხებიან მცირე გამოსვლის დროსა, ესე იგი, წმ. სახარების გამოსვენებაზედ, რადგანაც ეს საგალობელნი არიან შედგენილნი შემდეგ ოქროპირისა; 3) სამწმიდა გალობა „წმიდაო ღმერთო“ იქმნა შემოღებულ წმ. პროკლე პატრიარქის დროსა, რომელიც იყი ოქროპირის მოწაფე, და შემდეგ ოქროპირის უსამართლოდ განდევნისა, მის მეექვსე მოადგილეთაგანი კონსტანტინეპოლის საპატრიარქო საყდარზედ. ამავე წმ. პროკლეს შთაგონებით ბიზანტიის იმპერატორმა თეოდოსი მცირემ გარდაასვენებინა აფხაზეთის ქალაქ კომანადან 438 წელსა, სადაც აღსრულდა წმ. იოანნე ოქროპირი, მისი წმ. ნაწილნი კონსტანტინეპოლად, შემდეგ 30 წლისა ოქროპირის აღსრულებისა; 4) წარმოთქმა ბეჯითის ანუ მრჩობლის მშვიდობიანისა შემდეგ სახარების წარკითხვისა; 5) საგალობელი „რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოდ ვემსგავსენით“, არს შედგენილი იმპერატორ იუსტინე მცირის დროსა; 6) სიმბოლო სარწმუნოებისა, შედგენილი პირველს მსოფლიო კრებაზედ 318 ღმერთ-შემოსილთა მამათაგან ნიკეას ქალაქსა 325 წელსა და დასრულებული მეორე მსოფლიო კრებაზედ 381 წელსა ქ. კონსტანტინეპოლსა. ეს მართლ-მადიდებელის სარწმუნოების აღსარება იყო შეტანილი წირვის წესში ტიმოთე პატრიარქის დროსა 510 წელსა; 7) ლოცვა სულის წმიდის გარდამოსვლისათვის, რომელიც ზევით მოვიხსენიე; 8) ქებითი საგალობელი ღვთისმშობლისა მიმართ: „ღირს არს ჭეშმარიტად“ და „უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა“; 9) საგალობელი წირვის დასრულებაზედ: „აღავსე პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო“, არის შეტანილი წირვის წესში პატრიარქ სერგისა და იმპერატორ ირაკლის დროსა 620 წელს.
ეს ზემოხსენებულნი საგალობელნი და ლოცვანი თუმცა-ღა არიან შეტანილნი შემდეგ წირვის წესში, მაგრამ მცირედათაც არა სცვლიან გარეგანს წესსა ლიტურგიისას (წირვისას), რომელიც მიუღია წმ. ეკკლესიას მოციქულთა დროდგან. პირველად ლიტურგიის წესის შედგენა მიეწერება წმ. იაკობ მოციქულსა, ძმასა უფლისასა, პირველს მღვდელ-მთავარს იერუსალიმის საყდრისას. ეს წირვა წმ. იაკობ მოციქულისა სრულდებოდა საქართველოს ეკკლესიაში მეცხრე საუკუნემდის, ხოლო იერუსალიმის ეკკლესიაში სრულდება წელიწადში ერთგზის, ამ მოციქულის დღესასწაულზედ. მეოთხე საუკუნეში წმ. იაკობ მოციქულის წირვის ლოცვები, მომეტებულად საიდუმლოდ სათქმელნი, შეამოკლა წმ. ვასილი დიდმა, კესარია კაბბადუკიის მთავარ-ეპისკოპოზმა. ხოლო წმ. ვასილის წირვისა საიდუმლოდ წარმოსათქმელნი ლოცვანი შეამოკლა წმ. იოანნე ოქროპირმა, წესი და რიგი კი წირვისა დაშთა სრულიად შეუცვლელად. ამ დიდთა მღვდელმთავართა შეამოკლეს საიდუმლო ლოცვები იმისათვის, რომ მორწმუნეთ ემძიმებოდათ ხანგრძლივ ეკკლესიაში დგომა და ყურადღებით მოსმენა. ხოლო იოანნე ოქროპირის დროიდან წმ . მართლ-მადიდებელს ეკკლესიას უპყრია უცვალებელად ეს საღმრთო ლიტურგია ანუ წირვა.
ამისათვის, ერთი საგალობელი ანუ ლოცვა რომ გამოაკლდეს წირვის წესსა იმ მიზეზით, რომ იგი არ იყო მოციქულთ დროსა, რომელთაგანაც არიან შედგენილნი უმთავრესნი წესნი და ლოცვანი წირვისა, მაშინ შეიძლება სხვებიც გამოვტოვოთ, ხოლო ამ სახით სრულიად დაირღვევა წესი ლიტურგიისა, ვითარცა ოქრო-ქსოვილ ფარჩიდან ერთი ძაფი თუ გამოვაკელით, მაშინ მრთელი ქსოვილი დაირღვევა.
„მოციქულთა ქადაგება და წმ. მამათა მოძღვრება სწორად ბეჭედად სარწმუნოებისა და კვართად სამღთოდ ღმრთის-მსახურებისა ქრისტეს ეკკლესიასა ბრწყინვალედ ჰმოსიეს, და მართლ-მადიდებლობით ადიდებს დიდსა და უბიწოსა ღმრთის-მსახურების საიდუმლოსა“ (კონდაკი: კვირიაკესა სამას ათრვამეტთა ღმერთ-შემოსილთა მამათა ნიკელთა).
შემდეგ წირვის შესრულებისა ქრისტეს საფლავზედ, დიდი პანაშვიდი გარდავიხადეთ გოლგოთაზედ მოსახსენებელად პირველ გარდაცვალებულთა მამათა და ძმათა, სარწმუნოებით და სასოებით აღდგომისა აღსრულებულთა. ამ პანაშვიდში მიიღეს მონაწილეობა სამმა მღვდელმთავარმა, ექვსმა არქიმანდრიტმა, ოცამდე - იღუმენმა, ორმა დეკანოზმა, ერთმა ქართველმა და მეორემ - რუსმა, და მღვდელ-მონაზონთა. მთავარ-დიაკონი წარსდგებოდა თითოეულის ეპისკოპოზის და არქიმანდრიტას წინაშე და კურთხევანიდამ ჰგალობდნენ სძლისპირებს მუხლებითურთ. დილის ხუთს საათზედ გამოვედით ეკკლესიიდგან, ცისკრისა, წირვისა და პანაშვიდის შესრულების შემდეგ. ამ ღამისთევამ ქრისტეს აღდგომის ტაძარში, სადაც არს ქრისტე მაცხოვრის ცხოველ-მოსილი საფლავი და გოლგოთაც -ქრისტეს ჯვარცმის ადგილი, დიდად იმოქმედა ჩემზედ, რადგანაც თვალით ვიხილე და ყურით მოვისმინე სარწმუნოებრივი გრძნობა რუსთა მდაბიო ერისა, ცხადად გამოჩენილი ამ ღამეს გოლგოთის წინაშე, სადაც ყოველნი დამსწრე მლოცავნი ერთგულად ისმენდნენ და ერთხმად ჰგალობღნენ მოხუცნი ჭაბუკთა თანა, მამრნი და მდედრნი, დაუჯდომელთა, ვნებათა უფლისათა, ცხოველ მყოფელის საფლავისა და უფლისა აღდგომისასა, ღვთის-მშობელისა, და წმ. მღვდელ-მთავრის ნიკოლოოზ საკვირველმოქმედისასა, ღამის 8 საათიდგან შუაღამის 12 საათამდე.
<< წინ |