დეკანოზი პეტრე კენჭოშვილი |
სიყრმით ჩემიდგან, რაც-კი თავის ცნობაში მოვსულვარ, რაც-კი ჩემ საყვარელ მშობელთაგან შემისწავლია პირჯვარის გამოსახვა და შევიძელ ხსენება და გამოთქმა სახელისა - ყოვლად ტკბილისა უფლისა იესო ქრისტესი, და შემდეგ სასულიერო სასწავლებელში ცნობიერად შევისწავლე წმ. სახარების მოთხრობანი ქრისტე მაცხოვრის ქვეყნიერს ცხოვრებაზედ, იმ დროიდან მარად-ჟამს ჩემთვის სანატრელი შეიქმნა მიმოხილვა და მოლოცვა იმ წმიდა ადგილთა, სადაც ყოვლად მოწყალე უფალმა იესო ქრისტემ, ძემან ღმრთისამან, სათნო-იჩინა ხორციელად შობა ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისაგან, და დაჰყო ქვეყანაზედ ხილულად 33 წელნი, ვიდრემდის შეასრულა ცხოვნება კაცთა ნათესავისა თავის ჯვარცმითის სიკვდილითა, დიდებულის აღდგომითა და ხორციელად ამაღლებითა თვისითა ზეცად. სიყმაწვილიდგან ჩემისა ამ სანატრელს დღესა, გულითადის ზემის საღმრთო წადილის შესრულებას ღირსმყო მე ყოვლად სახიერმა მაცხოვარმა, თვისის მიუთხრობელის მადლითა და მოწყალებითა, მხოლოდ ჟამსა მოხუცებისა ჩემისასა, როდესაც უკვე შევასრულე, მისისავე განუზომელის მოწყალგბითა, ორმეოცნი წელნი ჩემის მსახურებისა წინაშე წმ. დედა ეკკლესიისა და სამშობლოჲსა. სამადლობელად მოვლინებულთა ჩემზედა მოწყალებათა უფლისა მიერ ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩემისათა ვიდრე აქამომდე, საღმრთო ვალად დავუდგინე ჩემს თავსა წასვლა და მოლოცვა წმ. ქალაქ იერუსალიმისა, საიდგანაც აღმობრწყინდა ნათელი ქრისტეს სარწმუნოებისა და საიდგანაც „ყოველთა კიდეთა ქვეყანისათა იხილეს მაცხოვარება ღმრთისა ჩვენისა“ (წარდგომა ჯვარის ამაღლების დღესასწაულისა ცისკრად). ამავე დროს მოვისურვე მოლოცვა წმ. ათონის მთის სავანეთა, ვითარცა მართლმადიდებელის ეკკლესიის ბურჯისა, სადაც არს ივერიის კარისა ღვთის მშობლის მონასტერი, რომელშიაც აწ სცხოვრებენ ბერძენთა მონაზონნი მამანი.
გარდა დაკმაყოფილებისა ჩემის გულითადის სარწმუნოებრივის გრძნობისა და მისწრაფებისა, ჩემს მოგზაურობას პალესტინაში ჰქონდა მეორე საგნად პედაგოგიური მნიშვნელობაცა. აგერ, წყალობითა ღვთისათა, უკვე განვვლე 35 წელნი სამღვთო სჯულის მოძღვრებაში, და ახლა, შემდეგ მიმოხილვისა და მოლოცვისა წმიდა ქვეყანისა, პალესტინად წოდებულისა, თვალსაჩინოდ წარმოვიდგინე წმ. დაბადების და სახარების მოთხრობანი ანუ უმთავრესი შინაარსი ძველისა და ახალის აღთქმისა. ეს ცხადი ჭეშმარიტებაა, რომ წაკითხვა მხოლოდ იმ სისრულით ვერ გარდმოგვცემს ცხადს ცნობასა, ისრე ნათლად ვერ დაგვიხატავს საგანსა, ვითარცა თვალით ხილვა მისი. როდესაც წმ. თომა მოციქულმა თვალხმიერად იხილა ხელთა იესოსთა სახე იგი სამსჭვალთა და განგმირული გვერდი უფლისა იესო ქრისტესი, მაშინ ჭეშმარიტად ირწმუნა აღდგომა ქრისტესი და ღაღადჰყო: „უფალი ჩემი და ღმერთა ჩემი!“ (იოან. 20,25-28).
ქართულს ენაზედ შემხვედრია სახელმძღვანელო საღმრთო სჯულისა, რომელშიაც უმეცრებით ნაჩვენები იყო გეთსიმანიის ბაღი, ვითარცა ადგილი ქრისტე მაცხოვრის საფლავისა, როდესაც, სახარების მოთხრობით, იგი საფლავი იყო გამოკვეთილ კლდეში იოსებ შვენიერის მტილში (ბაღში), ხოლო ეს უკანასკნელი ადგილი შორავს გეთსიმანიას არა ნაკლებ ერთის ვერსის მანძილისა. რუსულს ენაზედაც წამიკითხავს სახარების განმარტებაში, რომ ვითომც საცხოვრებელი ადგილი წმ. ზაქარია მღვდელისა, წმ იოანნე წინამორბედის მამისა, იყო ქალაქი ქებრონი, რომელიცა შორავს იერუსალიმს სამხრეთად 30 ვერსით; წმ. ლუკა მახარებელი კი მოგვითხრობს, მის მიერ დაწერილს სახარებაში, რომ ყოვლად წმიდა ქალწული მარიამი, შემდეგ ანგელოზისა მიერ ხარებისა, წარმოვიდა სანახავად ელისაბედისა, ზაქარია მღვდვლის ცოლისა, ნაზარეთიდან მთად კერძო ქალაქად იუდასსა (ლუკ. 1,39-40). ხოლო ეს უკანასკნელი ადგილი შორავს იერუსალიმს რვა ვერსით დასავლეთისკენ; ამ ადგილს ეხლაც უწოდებენ მთად კერძოდ (нагорная), სადაც არის სამი მონასტერი - ერთი იოანნე ნათლისმცემელის შობის ადგილზედა რომის კათოლიკეთა, ხოლო მეორე იმ სახლის ადგილზედა, სადაც მიეგება მართალი ელისაბედი ყოვლად წმიდა ქალწულს მარიამს და მოიკითხა იგი შემდეგის სიტყვებით: „კურთხეულ ხარ შენ დედათა შირის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა! და ვინა (საიდგან) ჩემდა ესე, რათა მოვიდეს დედა უფლისა ჩემისა ჩემდა?“ (ლუკ. 1,42-44). ამ ადგილზედ არის ახლად დაფუძნებული დედათა მონასტერი, რომელშიაც მოღვაწეობენ 80 დანი რუსნი, და მესამე მონასტერიც მეზობლად რუსებისა არის კვალადცა რომის კათოლიკეთა იმ ადგილზედ, საიდგან ელისაბედი წყალს ეზიდებოდა წყაროსას სახმარად.
მესამედ, ჩემს მოგზაურობას პალესტინაში და წმ. ათონის მთაზედ ჰქონდა სხვათა შორის ეს გულითადი წადილიცა, რათამცა მომეხილა დიდებულნი სავანენი და წმ. ტაძარნი, აღშენებულნი მეოთხე საუკუნიდგან დაწყებული ვიდრე მე-18 საუკუნის დასრულებამდის ქართველთა მეფეთა, მღვდელ-მთავართა, თავად-აზნაურთა და სრულიად კეთილ-მორწმუნეს ქართველის ერისაგან, ვითარცა ძეგლნი (სახსოვარნი) ჩვენის ცხოველის სარწმუნოებისა და მართლმადიდებლობისა, ეროვნულის ძლიერებისა და დიდებისა. გარნა, სამწუხაროდ, რაც ყოვლისა შემმუსრველს დროთა და ჟამთა ვერ დაუკლიათ მათ დიდებულთა ნაშთთათვის, ამას ასრულებენ დღეს, ჩვენის გულის მოსაკლავად, სხვა-და-სხვა ერთა მკრეხელნი ხელნი.
ეს აღწერა წმ. ადგილთა, შეძლებისაებრ ჩემისა, და გამოცემა მისი ბეჭდვით ვიკადნიერე მისთვის, რათა მივსცე მცირედი შემწეობა ჩვენს პროვინციის სამღვდელოთა და დაბალს ქართველს საზოგადოებას, ვითარცა მოკლებულთა სულიერის საზრდოჲსა, რათამცა ისარგებლონ ამ წიგნის წაკითხვითა დასაკმაყოფილებლაღ თვის სარწმუნოებრივის გრძნობისა, რომელიც უღვივით მათ გულში ვითარცა ნაპერწკალი. ხოლო მე, მიმბაძველი ქრისტეს მოციქულისა, ვიტყვი: „წადილი გულისა ჩემისა და ვედრება ჩემი ღმრთისა მიმართ არს საცხოვრებელად ქართველის ერისა და ტომთა მისთა, რომელთაცა უბედურ ისტორიულთა გარემოებათა გამო ძალდატანებით უარჰყვეს სარწმუნოება ქრისტესი 17 და 18 საუკუნეში. ღმერთმან ინებოს, რათამცა ნაპერწკალი ცხოველის სარწმუნოებისა ქართველის ერის გულში აღგზნებულიყოს (ანთებულიყოს) ცეცხლად ქრისტე მაცხოვრის სიყვარულისა, და განდგომილნი ტომნიცა ქართველის ერისა ღვთისა წინამძღვანის მადლითა კვალადცა შემოუერთდენ თვის ქრისტეს მორწმუნეთა ძმათა. გამოავლინე, უფალო, ამათზედაცა ნათელი შენი და ჭეშმარიტება შენი; ესენი მიმიძღვეს და მიმიყვანეს მე მთასა წმადასა შენსა და საყოფელთა შენთა“ (ფსალმ. 42,3).
ამის მსგავსნი აღწერილობანი წმ. ადგილებისა არა მცირედ მოიპოვებიან რუსულს ენაზედ. მაგრამ ქართულ ენაზედ მე არ შემხვედრია არც ერთი. მე-18 საუკუნის ნახევარში მოუხილავს წმ. ადგილები ორს ქართველს მღვდელ მთავარს: ტფილელს მთავარ-ეპისკოპოზს ტიმოთე გაბაშვილსა და რუისის მიტროპოლიტს იონა გედეონიშვილსა, და ამათ აღუწერიათ კიდეც თვისი მოგზაურობანი, რომელნიც 1852 წელსა დაუბეჭდია უკვე პლატონ იოსელიანს. მაგრამ ეს წიგნები ძვირად საპოვნელია ამ დროში და ენითაც ადვილი გასაგები არ არის, ვითარცა დაწერილი ას ორმოც და ათის წლის უწინარეს. ასე რომ მით სარგებლობა ვერ შეუძლიან ჩვენს მდაბიო საზოგადოებას, თავადს გიორგი ავალიშვილს 1820 წელს მოულოცნია ქრისტე მაცხოვრის საფლავი და რაოდენიმე სხვა სიწმიდე პალესტინისა. მრთელი წელიწადი გაუტარებია ამ მოგზაურობაში. საქართველოდან გასულა იგი ივლისის თვეში 1819 წელსა და იერუსალიმში მისულა 1820 წელს დიდმარხვაში და აღდგომის დღესასწაულებს დასწრებია. აღუწერია კიდეც დაწვრილებით თვისი მოგზაურობა. ეს ხელნაწარი არის დაცული ეხლა ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების წიგნთსაცავში. ამ აღწერაში თავადი ავალიშვილი იმოდენად წმ. ადგილებზედ არა სწერს, რაოდენადაც აღწერავს იგი უცხო ქვეყანათა ეროვნებათა და ბუნებასა და თავის მგზავრობის შემთხვევათა. ენითაც ადვილი გასაგები არ არის ეს აღწერილობა; დაბეჭდილიც რომ იყოს, ამით სარგებლობა არ შეუძლიან ქართველს მდაბიო ერსა, ანუ საშუალო საზოგადოებასა.
1883 წელსა მოიარა პალესტინა, სინა და ათონის მთა ბ-ნმა ალექსანდრე ანტონის ძემ ცაგარელმა, ღირსადპატივცემულმა პროფესსორმა პეტერბურგის უნივერსიტეტისამ, მინდობილობითა რუსეთის პალესტინის მართლმადიდებელის საზოგადოებისა და სამგზავრო აღწერილობანი, როგორც თვისი მეცნიერული გამოკვლევანი შესახებ ქართულის მწიგნობრობისა და ნაშთთა პალესტინაში, სინაზედ და ათონის მთაზედ, გამოსცა რუსულად 1884 წელსა. ამითაც სარგებლობა არ ძალუძს ჩვენს მდაბიო საზოგადოებას, როგორც რუსულის ენის უცოდინარობით, ეგრეთვე ამ წიგნის სიძვირითა.
1899 წელსა მოუვლია აგრეთვე წმ. ათონის მთა ღირსად პატივცემულს პროფესსორს მარს და ათონის ივერიის (საქართველოს) მონასტერში დარჩენილა 40 დღე გამოსაკვლევად ქართულის არხეოლოგიურის ნაშთებისა ამ სავანვში, მაგრამ ამის გამოკვლევათაც მეცნიერული ხასიათი აქვს და მით ვერ ისარგებლებს ჩვენი მდაბიო ერი. ხოლო სანუგეშებელად მრავალთა ქართველთა, მოსურნეთა მოლოცვისა ქრისტე მაცხოვრის ცხოველმოსილის საფლავისა და სხვათა სიწმიდეთა პალესტინისათა, რომელთაც ნივთიერი შეიძლება ხელს არ უწყობს იმ სიშორეზედ მგზავრობისათვის, მათ ქრისტეს მოყვარეთა და მოსავთა მოვახსენებ შემდეგთა სიტყვათა ღირსთა მამათასა: „სასიქადულო ის კი არ არის, - რომ მოიხილო იერუსალიმი, არამედ რათამცა იცხოვრო იერუსალიმში სათნოებითა. ნუ წარმოიდგენ, რომ შენი ცხოვრება საშიშს მდგომარეობაშია მხოლოდ იმისათვის, - რომ შენ არ გიხილავს იერუსალიმი, და ნუ ჩამთვლი მე უმჯობესად ამისათვის მხოლოდ, რომ მე იქ ვსცხოვრებ. სადაც უნდა იყო შენ - იქ ანუ აქ, სასყიდელი (ჯილდო) განიზომება ღმრთისა მიერ საქმეებითა“ (ნეტარი იერონიმე). თვითონ ამ ნეტარს მამა იერონიმეს განუტარებია 30 წელნი ქალაქს ბეთლემში, ქრისტე მაცხოვრის შობის მღვიმეში, სადაც მან სთარგმნა დაბადება (საღმრთო წერილი) ებრაულის ენიდან ლათინურად, ვულგატად წოდებული, და ბოლოს აქვე აღასრულა თვისი ქვეყნიერი ცხოვრება მღვდლის ხარისხში 30 სეკტემბერსა 420 წელსა, მე-90 წელსა შობიდგან თვისისა.
„ყოველგან-მყოფისა მიმართ მივლენ სიყვარულითა და არა გემითა“ (ნეტარი აგვისტინე). ეს ღირსი მამა აგვისტინე იყო ეპისკოპოსი ქ. იაპპონისა, აღესრულა იგი 28 აგვისტოსა 430 წელსა, შობიდგან თვისისა 76 წლისა. წმ. გრიგორსა, ნოსელ ეპისკოპოზსა, დიდი ვასილის უმცირესს ძმასა, კეთილმოწიწებითის სიხარულითა მოუხილნია წმ. ადგილები პალესტინაში; მაგრამ მას ზედა მძიმე და უსიამოვნო შთაბეჭდილება მოუხდენია რომელთამე უწესოებათა და უთანხმოებათა პალესტინის მცხოვრებთა, რომელნიცა იყვნენ აღელვებულ სხვა-და-სხვა მწვალებლობათა მიერ. ამ გვარი მძიმე გრძნობის გავლენის ქვეშ გრიგორი სწერავდა ერთს განდეგილსა, რომელსაც ჰსურდა თაყვანის-ცემა წმ. ადგილთა პალესტინაში: „აქებდით უფალსა იმა ადგილთა შინა, სადაც იმყოფებით! ადგილის გამოცვლა არ დაგვაახლოვებს ჩვენ ღმერთსა. სადაც უნდა იმყოფებოდე შენ, უფალი მოვალს შენდა, უკეთუ სავანე შენის სულისა აღმოსჩნდება ისრეთი, რათამცა დაემკვიდროს იგი შენ შორის და იცხოვროს შენ შორის; ხოლო უკეთუ შენი შინაგანი კაცი სავსეა ბოროტთა გულის-თქმათა მიერ, მაშინ შენ გინდა იმყოფებოდე გოლგოთაზედა, გინდა ზეთის ხილთა მთაზედა, ანუ საფლავსა - ქვეშე აღდგომისასა, შენ იმოდენადვე არ ძალგიძს შეწყნარება შენ შორის ქრისტესი, რამოდენათაც მათცა, რომელთაც დასაწყისიც არ დაუდვიათ თვისის აღმსარებლობისა... ნუ თუ წმ. სული მრჩობლად გარდამოვალნ მხოლოდ იერუსალიმელთა ზედა, ხოლო ჩვენდა არა ძალუძს მონვლა?..“
მაუწყე მე, უფალო, გზაჲ, რომელსაცა ვიდოდე, რამეთუ შენდამი აღვიღე სული ჩემი (ფსალ. 142,8).