ქართლის ცხოვრება

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი

ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი

ამისა შემდგომად მოვიდა სულტანი მალიქ-შა მოადგა სამშჳლდესა და წარიღო, და ივანე ძე ლიპარიტისი ტყუე ჰყო, მოაოჴრა სომხითი და წარვიდა. ხოლო მას-ვე წელსა მოვიდა სარანგი ძალითა სულტანისათა, ჩამოდგა სამშჳლდის ბარს; და მივიდეს ლაშქარნი გიორგი მეფისანი, შეიბნეს ფარცხისს, სძლიეს სპათა გიორგისთა და იოტნეს სპარსნი, რამეთუ დიდი ძლევა მოსცა ღმერთმან გიორგის.

და წარვიდა მეფე გიორგი მამულსა თჳსსა ტაოს, და მოვიდა ბანას.

ხოლო მუნ მოვიდა წინაშე მათსა ზორვარი აღმოსავალისა გრიგოლ ბაკურიანის ძე, რომელსა ჰქონდეს ოლთისნი, და კარნუ-ქალაქი, და კარი, და დიდად განიხარეს და განისუენეს. და მოსცა გიორგი მეფესა კარის ციხე-ქალაქი და მისი მიმდგომი ქუეყანა, და განიყარნეს ხოლო მეფემან გიორგი დაუტევნა კარს აზნაურნი შავშნი და წარმოვიდა შინა. ხოლო განძლიერებასა თურქთასა დაუტევნეს ბერძენთა ქუეყანანი მათნი, ციხენი და ქალაქნი, რომელ აღმოსავლეთს ჰქონდეს, და წარვიდეს. რომელნი-ცა აიხუნეს თურქთა და დაემკჳდრნეს მას შინა. და ვინათგან მეზობლობით მოეახლნეს საზღვართა ჩუენთა, განმრავლდა შიში და ჭირი მათგან ჩუენ ზედა. რამეთუ იწყეს მიერითგან რბევად, ტყუენვად და მოოჴრებად, წუად, სრვად და ტყუეობად ჩუენ ქრისტიანეთა.

რამეთუ მათ ჟამთა შინა გიორგი მეფესა, ყუელს გარე-მდგომსა, დაესხნეს უგრძნეულად თურქნი დიდნი, რომელთა თავადი იყო აჰმად, ამირა ძლიერი და მაგრიად მოისარი, რომელსა მას ოდენ ჟამსა აეღო კარი. მოვიდეს ესენი შინა-განცემითა ქრისტიანეთათა, აოტეს გიორგი მეფე და სპა მისი ურიცხჳ.

ხოლო საჭურჭლენი დიდნი და სამსახურებელნი სამეფოთა ტაბლათანი, ოქროსა და ვეცხლისანი, ბაგრატეულნი სასმურნი და სამწდეონი პატიოსანნი, კარავნი სამეფონი და ყოველთა დიდებულთანი აიხუნეს იავარად და წარვიდეს. ხოლო გიორგი მეფე წარვიდა მეოტი აჭარით აფხაზეთად. მათ უკუე ლაშქართა, ესევითარითა ალაფითა სავსეთა მიმავალთა, წინა დაემთხჳვნეს ამირანი დიდნი, იასი ვინ-მე და ბუჟღუშ, და მათ თანა სიმრავლე ურიცხჳ თურქთა, საბერძნეთს მიმავალთა. რომელთა იხილეს რა ესე-ოდენი სიმრავლს ოქროსა და სიმდიდრისა რომელი ჰქონდა და ცნეს მეოტობა გიორგისი, და ესმა-ცა მათგან, ვითარმედ: „რად წარხვალთ საბერძნეთად? აჰა ქუეყანა საქართველო, უკაცური და სავსე ესე-ვითარითა სიმდიდრითა“. ხოლო მათ მყის მოაქცივნეს გზანი მათნი და მოეფინნეს პირსა ყოვლისა ქუეყანისასა, ვითარცა მკალნი.

და დღესა ივანობისასა ასისფორნი და კლარჯეთი ზღვის-პირამდის, შავშეთი, აჭარა, სამცხე, ქართლი, არგუეთი, სამოქალაქო და ჭყონდიდი აღივსო თურქითა. მოისრა და ტყუე იქმნა ამათ ქუეყანათა მკჳდრი ყოველი. და მას-ვე ერთსა დღესა დაწუეს ქუთათისი, და არტანუჯი, და უდაბნონი კლარჯეთისანი. და დაყვეს ამათ ქუეყანათა შინა თურქთა ვიდრე მოსლვადმდე თოვლისა, მოჭამეს ქუეყანა და მოსწყჳდეს, თუ სად-ღა ვინ დარჩომილ იყო ტყეთა, კლდეთა, ქუაბთა და ჴურელთა ქუეყანისათა. და ესე იყო პირველი და დიდი თურქობა; რამეთუ ქრონიკონი იყო სამასი ხოლო თუ ვინ-მე მთიულეთს ანუ სიმაგრეთა სადა-მე ვინ დაშთა კაცი, ზამთრისა სიფიცხითა, უსახლობითა და შიმშილითა ეგრე-ცა მოისრა.

და განგრძელდა ესე-ვითარი ჭირი ქრისტიანეთა ზედა; რამეთუ არესა თანა გაზაფხულისასა მოვიდიან თურქნი და მათ-ვე პირველთა საქმეთა-ებრ იქმოდიან, და ზამთრის წარვიდიან. და არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და მკა: მოოჴრდა ქუეყანა და ტყედ გარდაიქცა, და ნაცვლად კაცთა მჴეცნი და ნადირნი ველისანი დაემკჳდრნეს მას შინა. და იყო ჭირი მოუთმენელი ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა, შეუსწორებელი და აღმატებული ოდეს-ვე ყოფილთა სმენილთა და გარდასრულთა ოჴრებათასა. რამეთუ წმიდანი ეკლესიანი შექმნეს სახლად ჰუნეთა თჳსთა, ხოლო საკურთხმველნი ღმრთისანი ადგილად არა-წმიდებისა მათისა. და მღდელნი რომელნი-მე თჳთ შეწირვასა-ვე შინა საღმრთოსა მსხუერპლისასა მუნ-ვე მახვილითა შეწირულ იქმნეს და სისხლნი მათნი აღირივნეს მეუფისათა თანა და რომელნი-მე მწარესა ტყუეობასა მიცემულ იქმნეს, მოხუცებულნი არა შეწყალებულ იქმნეს, ხოლო ქალწულნი გინებულ, ჭაბუკნი დაკუეთებულ, ხოლო ჩჩჳლნი მიმოდატაცებულ. ცეცხლი უცხო და მბრძოლი, რომლითა მოიწუა შენებული ყოველი, მდინარენი სისხლთანი. ნაცვლად წყლისა ნაკადულთა, მრწყველნი ქუეყანისანი. და რათა თჳთ მათ იერემიასთა ვიტყოდით, რამეთუ ამან ოდენ კეთილად უწყოდა ჟამისა ამის ჯეროვანი გოდება, ვითარმედ: „ძენი სიონისანი, პატიოსანნი და ბოროტისა გამოუცდელნი, უცხოთა გზათა ტყუეობისათა მოგზაურობენ. ხოლო გზანი სიონისანი იგლოვენ არა-ყოფისათვის მათ ზედა მედღესესწაულეთასა. და ჴელნი დედათა მოწყალეთანი არა საზრდელისა შვილთა მიცემად მოქმედებენ, არამედ საზრდელ თჳსსა ჰყოფენ თჳთ თჳსთა მათ საყუარელთა“. და ესენი ესრეთ და ფრიად-ცა უძჳრეს.

ამათ რა საქმეთა ესრეთ ხედვიდა მეფე გიორგი და რამეთუ არა-სადათ იყო ღონე ჴსნისა და შეწევნისა, არ-ცა რა დამჴსნელი ამათ ძჳრთა, რომელ მოეცვა პირი ყოვლისა ქუეყანისა, რამეთუ ძალი ბერძენთა-ცა შემცირებულ იყო, და რომელნი ქუეყანანი მათ აღმოსავლეთს ჰქონდეს ზღუასა გარეთ, ყოველი თურქთა დაეპყრა. მაშინ ჰყო განზრახვა დიდებულთა თჳსთა თანა, და დაამტკიცეს წარსლვა მაღალსა სულტანსა მალიქ-შას წინაშე.

და ესრეთ დადვა სული თჳსი და სისხლნი ქრისტეანეთა ჴსნისათჳს. და მინდობითა ღმრთისათა და წარძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა წარვიდა ასპანს, ნახა სულტანი და შეწყნარებულ იქმნა მისგან ვითარცა შვილი საყუარელი.

რამეთუ იყო კაცი იგი მალიქ-შა ვითარცა სიდიდითა კიდეთა მპყრობელობისათა შეუსწორებელ, ეგრეთ-ვე სახითა სიტკბოებისათა და სახიერებითა აღმატებულ ყოველთა კაცთასა, რომლისანი მრავალ არიან და სხუანი-ცა ურიცხუნი საცნაურებანი, მართლ-მსაჯულობანი, მოწყალებანი, ქრისტიანეთა სიყუარულნი, და, რათა არა განვაგრძოთ სიტყუა, ყოვლად უბოროტო რა-მე გონება ყოვლით-კერძო აქუნდა ამისთჳს-ცა ყოველი სათხოველი აღუსრულა მეფესა გიორგის, უმეტეს-ცა სასოებისა და სამეფო მისი განათავისუფლა ზედა-მარბეველთაგან და მოსცა კახეთი და ჰერეთი, გარნა ხარაჯა ითხოვა სამეფოსა მისისა, რომელსა აიღებდეს ჟამთა მრავალთა. და ესრე განდიდებითა და მრავლითა დიდებითა გამოგზავნა თჳსად სამეფოდ და წარმოაყოლნა სპანი დიდნი, რათა წარვლონ გზა მშჳდობისა და რათა აართვან კახეთი. და ჟამსა სთულისასა მოვიდეს კახეთად და მოადგეს ციხესა ვეჟინისასა და, ვიდრე ბრძოდეს-ღა, მოვიდა თოვლი.

ხოლო მეფესა გიორგის მოეჴსენა ნადირობა აჯამეთისა, არ-ღა-რას ზრუნვიდეს სხუასა, არ-ცა ელოდა აღებასა ვეჟინისასა და კახეთისა, არამედ ლაშქართა თურქთასა, რომელ ჰყვა, მისცა ნიჭად სუჯეთი და ყოველი ქუეყანა იორის პირი კუხეთი, რომელი მოოჴრდა მუნ დღეინდელად დღედმდე. ხოლო თჳთ გარდავლო მთა ლიხთა და შთავიდა აფხაზეთად.

მათ ჟამთა კახთა მეფე აღსართან წარვიდა მალიქ-შას წინაშე, დაუტევა ქრისტიანობა და შეეძინა სარკინოზთა სჯულსა, და ამით ღონითა აიღო სულტანისაგან კახეთი. ამათ ესე-ვითართა ჟამთა არა-ვე დამშჳდნა ქუეყანა, არ-ცა-რა იქმნა ლხინება კაცთა უკეთურებისათჳს მკჳდრთა მისთასა, რამეთუ ყოველმან ასაკმან და ყოველმან პატივმან ყოვლითურთ შესცოდეს ღმერთსა და მიიქცეს გზათაგან წრფელთა ყოვლისა მიმართ უკეთურებისა, და ბუნებით მოწყალე და სახიერი ღმერთი ესე-ოდენ განარისხეს, ვიდრემდის თჳთ მოიხადეს განჩინება რისხვისა, ქადებული უსჯულოთათჳს ესაიას მიერ მეტყუელისა ესრეთ: „ვაჲ ნათესავსა ცოდვილსა, ერი რომელი სავსე არს უსჯულოებითა, კუალითგან ფერჴთათ ვიდრე თავადმდე, არა არს მას შინა სიცოცხლე, არ-ცა ბრძჳლ, არ-ცა შესახუეველ, და შემდგომნი: „ამისთჳს ქუეყანა თქუენი ოჴერ, ქალაქნი ცეცხლითა მომწუარ, სოფელთა თქუენთა უცხო-თესლნი მოსჭამდენ, და მოოჴრებულ და დაქცეულ არს ერისაგან უცხო-ტომთასა“.

ესე ყოველი მოიწია, და თუალითა ჩუენითა ვიხილეთ და ფრიად უფროს ამათ წარმოთქმულთასა, რამეთუ ვითარ-მცა ვინ გამოთქუა თითოეულად რომელი დღეთა ჩუენთა მოიწია ჭირი. ამას ყოველსა ზედა არა-ვე დასცხრა გულის-წყრომა უფლისა ჩუენ ზედა,' რამეთუ არა შევინანეთ, არ-ცა გულის-ხმა ვყავთ, არ-ცა ჯეროვნად მოვიქეცით გზათა მიმართ უფლისათა. ამისთჳს-ცა ქუეყანით მავალთა ბოროტთა ზედა სხუანი-ცა საშინელებანი ზეგარდამონი, ღმრთისა მიერ მოვლინებულნი გუემანი მოიწივნეს ქუეყანასა ჩუენსა ზედა, რათა არა თქუან მცოდველთა, ვითარმედ: „ესე აღძრვანი წარმართთანი არა ცოდვათა ჩუენთათჳს იქმნნეს, არ-ცა ღმრთისა მიერ მოიწივნეს, არამედ შეცვალებითა რათა-მე ჟამთათა და დამთხუევითა აღძრვისა საქმეთათა“.

ამისთჳს-ცა დღესა აღვსებასა, თჳთ მას აღდგომასა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესსა, რომელსა შინა სიხარული და განსუენება ჯერ იყო, მოხედნა უფალმან რისხვითა და შეძრა ქუეყანა საფუძველითურთ, ესე-ოდენ სასტიკად, ვიდრემდის მთანი მაღალნი და კლდენი მყარნი სახედ მტუერისა დაიგალნეს, ქალაქნი და სოფელნი დაირღუეს, ეკლესიანი დაეცნეს, და სახლნი დაინთქნეს და დაზულეს, და იქმნეს საფლავ მას შინა მკჳდრთა. რომელთა თანა თმოგჳ-ცა დაიქცა და დაიპყრნა ქუეშე კახაბერი ძე ნიანიასი ცოლით-ურთ. და განგრძელდა ესე-ვითარი ძრვა ქუეყანისა საშინელი ვიდრე წელიწდამდის, რომელსა შინა მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ.

მაშინ რისხვასა შინა მოიჴსენა წყალობა მან, რომელი სწავლის ყოველსა შვილსა, რომელი უყუარს, მოაკუდინებს და აცხოვნებს“, რომელი მზა არს წყალობად, უფროს მამისა მოწყალისა, რამეთუ წერილისა-ებრ: არა-თუ-მცა უფალმან დამიტევა ჩუენ თესლი, ვითარცა სოდომნი-მცა შევიქმნენით და გომორელთა-მცა მივემსგავსენით, რამეთუ ამიერითგან იწყეს ნიავთა ცხოვრებისათა მობერვად და ღრუბელთა მაცხოვარებისათა აღმოჭჳრობად, ვინათგან ათორმეტ წელ ამათ თჳთო-სახეთა ჭირთა განგრძობითა ბნელსა უკუნსა შინა იწყო აღმოცისკრებად მზემან ყოველთა მეფობათამან, დიდმან სახელითა და უდიდესმან საქმითა, სახელ-მოდგამმან დავით, ღმრთისა მამისამან, და თჳთ სამეოცდამეათურამეტემან შვილმან ამის დავითისმან, დავით.

მას ჟამსა იყო ჰასაკითა თექუსმეტისა წლისა, ხოლო ქრონიკონი სამას და ცხრა. ამას მარტოდ შობილსა გიორგისგან თჳთ მამამან დაადგა გჳრგჳნი მეფობისა და, უჭეშმარიტესი ვთქუათა, „თჳთ მამამან ზეცათამან პოვა დავით, მონა თჳსი, და საცხებელი მისი წმიდა სცხო მას რამეთუ ჴელი მისი შეეწეოდა მას, და მკლავმან მისმან განაძლიერა იგი“; „წყალობა და ჭეშმარიტება შეემოსებოდა მას“; და „უზეშთაეს ყო იგი უფროს ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა“ ვიდრემდის „დავსდვა ზღუასა ზედა ჴელი მისი და მდინარეთა ზედა მარჯუენე მისი“. გარნა შრომითა ფრიადითა და ღუაწლითა ძლიერითა მრავალთა დღეთა შემდგომად იქმნა ესე, ვითარცა წინამდებარემან სიტყუამან ცხად ყოს.

რამეთუ მეფე იქმნა რა დავით, მოოჴრებულ იყო ქართლი და თჳნიერ ციხეთა სადა-მე არა სადა იყო კაცი სოფელსა შინა, არ-ცა-რა შენებულობა. და მათ ჟამთა შინა ჰქონდეს თრიალეთი და კლდე-კარნი და მიმდგომი მისი ქუეყანა ლიპარიტს და მეფესა დავითს წინაშე იყო რე-ცა ერთ-გულად. ეგრეთ-ვე ნიანია კახაბერის ძესა და სხუანი-ცა აზნაურნი მცირედ-მცირედ შემოკრბიან დაშთომილნი სადა-ვე და სოფლებად-ცა იწყეს შთამოსლვად და დასხდომად.

და იყო მაშინ საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულის-თავი. და ოდეს-ცა ნადირობა უნდის ქართლისა ჭალათა, ანუ ნაჭარმაგევს, რომელი ყოვლად აღსავსე იყო ირემთა და ეშუთა მიერ, ხოლოცხენ-კეთილნი კაცნი ჩამოგზავნიან და გაინახიან; ეგრეთ-ღა ჩამოვიდიან ნადირობად ვაკესა.

ხოლო ამა ვითარებასა შინა გარდაჴდა წელიწადი ოთხი, მოკუდა სულტანი მალიქ-შა და ლიპარიტ ამირამან იწყო მათ-ვე მამულ-პაპურთა კუალთა სლვა, რამეთუ ზაკჳდა წინაშე მისსა მოპოვნებად უსჯულოებისა. დაღათუ ქრისტიანე იყო სახითა, გარნა ორ-გულება და სიძულილი პატრონთა გუარისაგან მოაქუნდა გონებითა. და ვინათგან გულის-ხმის-ყოფა არა ინება კეთილისა, დადგა ყოველსა გზასა არა-კეთილსა.

ამას რა ესე-ვითარებასა ხედვითა დავით, ინება გაწურთა მისი. ამისთჳს-ცა პყრობილ ყო იგი ჟამ რაოდენ-მე, რომელი კმა იყო განსასწავლელად გონიერისა ვის-მე. და ესრეთ მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ და ერთ-გულობისათჳს ღმრთისა შუა-მდგომელად მომცემი განუტევა იგი. და მით-ვე დიდებითა ადიდა და არა შეუცვალა. რამეთუ კეთილმან არა თუ მართალსა, არამედ არ-ცა-ღა თუ ბოროტსა ადვილად აბრალის, ვინათგან სიბოროტედ არა განსწავლულ არს, არ-ცა მეჭუელ.

ხოლო იგი ვითარცა ძაღლი მიექცა ნათხევარსა და ვითარცა ღორი ინწუბა სანგორელსა მწჳრისასა: განაცხადა მტერობა და უკეთურებასა იწურთიდა საწოლსა ზედა თჳსსა. იხილა რა მშჳდმან და ღმრთივ-განბრძნობილმან მეფემან დავით, რამეთუ კუდი ძაღლისა არა განემართების, არ-ცა კირჩხიბი მართლად ვალს, მეორესა წელსა კუალად შეიპყრა, ორ წელ პყრობილ ყო, და საბერძნეთს გაგზავნა. და მუნ განეჴუა ცხორებასა.

ამას ჟამსა გამოვიდეს ფრანგნი, აღიღეს იერუსალემი და ანტიოქია, და შეწევნითა ღმრთისათა მოეშენა ქუეყანა ქართლისა, განძლიერდა დავით და განამრავლნა სპანი. და არღარა მისცა სულტანსა ხარაჯა, და თურქნი ვერ-ღა-რა დაიზამთრებდეს ქართლს. რამეთუ ვიდრე აქამომდე ზამთრისა მოწევნასა თანა ფალანგებითა მათითა ჩამოდგიან ჰავჭალას და დიღომს, ჩაღმართ მტკურისა და იორის პირთა, რამეთუ მათი იყო სადგური.

კახეთს მეფობდა კჳრიკე, კაცი მეფობისა-ვე თანა მეფე-ქმნილი ვნებათა ზედა და ჭეშმარიტი ქრისტიანე. მოსცა. ჟამი ღმერთმან მეფესა დავითს და წარუღო კჳრიკეს ციხე ზედაზადენი. ქრონიკონი იყო სამას ოცდასამი. და წარემატებოდა დიდებითა და განმარჯუებულობითა. რომელთა თანა ესე-ცა იქმნა: მოკუდა რატი, ძე ლიპარიტისი, კაცი ორ-გული და ნანდჳლ-ვე ნაშობი იქედნესი. ესრეთ დასრულდა სახლი ბაღვივაშთა, სახლი განმამწარებელთა, რამეთუ სუა უკანასკნელი თხლე რისხვისა, სასუმელი ცოდვილთა ქუეყანისათა. და არღარა-ვინ დაშთა საყოფელთა მათთა მკჳდრი, რამეთუ აღიჴსნა უსჯულოება მამათა მათთა წინაშე უფლისა, და მამული მათი აღიღო მეფემან.

და შემდგომად წელიწდისა ერთისა მიიცვალა მეფე კჳრიკე, და დასუეს კახთა მეფედ ძმის-წული კჳრიკესი აღსართან, რომელსა არა რა ჰქონდეს ნიჭნი მეფობისანი, რამეთუ იყო ცუნდრუკი რა-მე, უსჯულო და უმეცრად უსამართლო, და ყოვლად წინა-უკმო მამის ძმისა მისისა.

მას ჟამსა განიცადა მეფემან გონებისა თუალითა და კეთილად გულის-ხმა ყო საქმე, რომლითა მოიმადლებდა ღმერთსა და სარგებელი დიდი იქმნებოდა.

გარდაიცვალა კათალიკოზი გაბრიელ საფარელი და დაჯდა კათალიკოზად იოანე.

რამეთუ წმიდანი ეკლესიანი, სახლნი ღმრთისანი, ქუაბ ავაზაკთა ქმნილ იყვნეს, და უღირსთა და უწესოთა მამულობით უფროს ვიდრე ღირსებით დაეპყრნეს უფროსნი საეპისკოპოსონი, ვითარცა ავაზაკთა, და მათნი-ვე მსგავსნი ხუცესნი და ქორეპისკოპოსნი დაედგინნეს, რომელნი ნაცვლად სჯულთა საღმრთოთა უსჯულოებასა აწურთიდეს მათ ქუეშეთა ყოველთა. და თჳთ სახლით უფლისათ და მღდელთაგან გამოვიდოდა ყოველი უსჯულოება და ცოდვა, რომელთა თუალი ღმრთისა ხედვიდა ყოველთა და განრისხებულ იყო, ვითარცა ზემო ვთქჳთ.

და რამეთუ არა სწორ არს ცოდვა მღდელისა და მჴედრისა, არ-ცა ერისა და მღდელთ-მთავრისა, არ-ცა მწყემსისა და სამწყსოსა, ვითარცა წერილ არს: მონამან რომელმან იცოდის ნება უფლისა თჳსისა და არა განემზადოს ნებისაებრ მის[ის]ა, იგუემოს ფრიად ამათ უკუე ესე-ვითართა და დიდთა წყლულებათა კურნებად შემოკრბა ერი მრავალი: რამეთუ სამეფოსა თჳსისა კათალიკოსი, მღდელთ-მთავარნი, მეუდაბნოენი, მომღუარნი და მეცნიერნი შემოკრიბნა წინაშე მისსა ჟამსა და ადგილსა ჯეროვანსა, და დღეთა მრავალთა ფრიადითა გამოწულილვითა კეთილად გამოიძიეს და ყოველი ცთომა განმართეს, კეთილი და სათნო ღმრთისა წესი ყოველი დაამტკიცეს, უღირსად გამოჩინებულნი განკუეთნეს, და შეაჩუენნეს, გარდამოსთხინეს საყდართაგან, დაღათუ ძნელ-ღა იყო ესე, რამეთუ იყვნეს კაცნი მთავართა და წარჩინებულთა შვილნი, რომელთა უწესოდ დაეპყრნეს საყდრები; და მათ წილ ჭეშმარიტნი მწყემსნი და სათნონი ღმრთისანი დაადგინნეს, და ძეგლი შუენიერი ჭეშმარიტისა სარწმუნოებისა აღწერეს, მიმდგომი და მოწამე წმიდათა ათორმეტთა კრებათა. და ესრეთ ყოველნი ნიჭითა სამეფოთა წარგზავნნეს თჳთოეული სახიდ თჳსად. და ესე-ცა მიმსგავსებულად დიდისა კოსტანტინესსა აღასრულა მეფემან დავით უწინარეს ყოველთა კეთილთა საქმეთა თჳსთა, რომლისა სანაცვლოდ იხილეთ, თუ რა განაგო ღმერთმან გულთ-მეცნიერმან, უძილმან მცველმან ისრაელისამან.

რამეთუ ესე აღსართან, კახთა მეფედ ჴსენებული, შეიპყრეს ჰერთა დიდებულთა, არიშიანმან და ბარამ, და დედის ძმამან მათმან ქავთარ ბარამის ძემან, და მოსცეს მეფესა. და აღიხუნა მეფემან ჰერეთი და კახეთი, და ერწუხს ქმნნა წყობანი დიდნი და ჴმა-გასმენილი იგი დიდი ძლევა, რომელ მცირედითა ლაშქრითა და განწირულითა ერითა დაჴოცნა სულტანისა იგი ურიცხუნი სპანი, ათაბაგი განძისა და უმრავლესი კახთა და ქუეყანისა ერი, მტერთა-ვე თანა გარე-მოდგომილი ჩუენდა. ესე-ოდენ ადვილად და მოსწრაფედ ჴელთ-უსხნა ღმერთმან საკჳრველებათამან, რომელ ერთი ათასთა არა თუ სდევდა, არამედ ჴელითა იპყრობდა, და ორთა არა თუ წარექცივნეს ბევრნი არამედ სანთლითა თჳთ მათ-ვე ტყეთათ და მთხრებლთათ ტყუედ მოჰყვანდეს ყოველნი ქრისტიანენი.

ხოლო თჳთ მეფე არა თუ ვითარცა სხუა ვინ-მე ზურგით უდგა ოდენ სპათა თჳსთა, ანუ შორით უზახებდა, ვითარცა ერთი მთავართაგანი ვინ-მე, არამედ უპირატეს ყოველთასა თჳთ წინა უვიდოდა, და ვითა ლომი შემზახებდა ჴმითა მაღლითა, და ვითა გრიგალი მი-და-მო იქცეოდა; და თჳთ გოლიათ-ებრ მიმართებდა და მკლავითა მტკიცითა დაამჴობდა ახოვანთა, სრვიდა და დასცემდა წინა დამთხუეულთა ყოველთა, ვიდრემდის ფრიადისა ცემისაგან არა თუ ვითარცა ძუელსა დავითს ელია ზარის ჴელი ჴრმლისა ვადასა ოდენ დაეწება, არამედ ჴრმლით მისით უკ-მომდინარითა სისხლითა წელნი აღსავსე ესხნეს, რომელი შემდგომად ომისა გარდაჴდისა და სარტყლისა განჴსნისა საცნაურ იქმნა, ქუეყნად რა დაითხია ესე-ოდენისა მტკნარისა სისხლისა შეყინებულისა, რომელსა პირველ განხილვისა თჳთ მისგან ვგონებდით გამოსრულად. და მას დღესა სამნი ცხენნი გამოუკლნეს და მეოთხესა-ღა ზედა მჯდომმან სრულ ყო მის დღისა ომი. და ესე მრავლისაგან ყოვლად მცირედი და კნინი წარმოვთქჳთ.

ესრეთ რა თჳთ-მპყრობელობით დაიპყრა ჰერეთი და კახეთი, და ნებიერად' აღიხუნა ციხენი და სიმაგრენი მათნი, მზე-ებრ მიჰფინა წყალობა ყოველთა ზედა მკჳდრთა ქუეყანისათა. და ვინათგან ღმერთი ესრეთ განაგებდა საქმეთა დავითისთა, და წარუმართებდა ყოველთა გზათა მისთა, და მოსცემდა ჟამად-ჟამად ძლევათა საკჳრველთა, და უძღოდა ძალითი-ძალად, - არ-ცა იგი უდებებდა განმრავლებად ტალანტთა, არამედ სრულითა გულითა მსახურებდა, და მათ იქმოდა, რომელნი ნებისა ღმრთისად დაამტკიცნის და სათნო-ყოფილად მისდა აღუჩნდის, ვითარცა აწ ითქუას.

რამეთუ მოიგონა აღშენება მონასტრისა და დაამტკიცა რომელი-ცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ყოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცაჲ გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა, რაბამ რა-მე აღმატებული ყოველთა წინანდელთა ქმნულთა, რომელი ზეშთა ჰმატს შუენიერებასა ყოველთასა, სივრცითა და ნივთთა სიკეთითა და სიმრავლითა, და მოქმნულობისა შეუსწორებლობითა, რომელსა აწ თანა-მოწმობით ხედვენ თუალნი ყოველთანი. და აღავსო სიწმიდეთა მიერ პატიოსანთა ნაწილთა წმიდათასა, და წმიდათა ხატთა მიერ და სიწმიდისა სამსახურებელთა ყოვლად დიდებულთა და სხუათა ნივთთა ძნიად საპოვნელთა.

ამათ თანა დასხნა მუნ-ვე დიდთა და ხოსროანთა მეფეთა ტახტნი და საყდარნი, სასანთლენი და კიდელნი ფერად-ფერადნი იავარად მოხმულნი თჳსნი და კუალად გჳრგჳნნი და მანიაკნი, ფიალანი და სასუმელნი, რომელნი მოუხუნა მეფეთა არაბეთისათა, რაჟამს თჳთ იგინი-ცა ტყუედ მოიყვანნა, მას-ვე ტაძარსა შინა შეწირნა ღმრთისა საჴსენოდ და სამადლობელად ძლევისა მის საკჳრველისა.

და მუნ-ვე შემოკრიბნა კაცნი პატიოსანნი ცხოვრებითა და შემკულნი ყოვლითა სათნოებითა, არა თჳსთა ოდენ სამეფოთა შინა პოვნილნი, არამედ ქუეყანისა კიდეთათ სადათ-ცა ესმა ვიეთ-მე სიწმიდე, სიკეთე, სისრულე, სულიერითა და ჴორციელითა სათნოებითა აღსავსეობა, იძინა და კეთილად გამოიძინა, მოიყვანნა და დაამკჳდრნა მას შინა.

და მამული ლიპარიტეთი უმკჳდროდ დარჩომილ იყო, არამედ სხუათა მრავალთა და სამართლიანთა უსარჩლელ-მიუხუეჭელთა სოფელთა თანა მისცნა დედასა ღმრთისასა სამსახურებელად მისსა წინაშე მდგომელთა მისთათჳს. და უზრუნველი ტრაპეზი განუჩინა. რომელი-ცა აწ წინა-მდებარე არს ყოვლისა აღმოსავალისა მეორედ იერუსალემად, სასწავლოდ ყოვლისა კეთილისად, მოძღურად სწავლულებისად, სხუად ათინად, ფრიად უაღრეს მისსა საღმრთოთა შინა წესთა, დიაკონად ყოვლისა საეკლესიოსა შუენიერებისად.

ხოლო სახელი მისი გელათი.

და კუალად სხუა მოიგონა საქმე შემსგავსებული მოწყალისა და ტკბილისა ღმრთისა სახისა, კაცთ-მოყუარებისა თჳსისა: აღაშენა ქსენონი ადგილსა შემსგავსებულსა და შუენიერსა, რომელსა შინა შეკრიბნა ძმანი, თჳთო-სახითა სენითა განცდილნი, და მოუმზადა ყოველი საჴმარი მათი, უნაკლულოდ და უხუებით, და განუჩინნა შესავალნი და საღუაწნი მათნი ყოვლად-ვე. თჳთ მივიდის და მოიხილნის, მოიკითხნის და ამბორს-უყვის თჳთოეულსა, აფუფუნებდის მამებრ, სწყალობდის და ნატრიდის, განამჴნობდის. მოთმინებისა მიმართ, მონახის თჳსითა ჴელითა ცხედრები, სამოსლები და საგებელი მათი, პინაკი და ყოველი საჴმარი მათი, მისცის თჳთოეულსა ოქრო საყოფინი, და განაკრძალნის ზედა-მდგომელნი მათნი, და განაგის ყოველი საქმე მათი დიდად შუენიერად და ღმრთის-მსახურებით.

ხოლო ვიდრე ამა ჟამადმდე ქალაქი ტფილისი, რუსთავი და სომხითი და ყოველი სამშჳლდე და აგარანი თურქთა ჰქონდეს. ხოლო თრიალეთი და კლდე-კარნი ჰქონდეს. თევდორეს, ჭყონდიდელისა დის-წულსა, კაცსა გონიერსა და დიდად მყოფსა. რამეთუ რა მეფე გარდავიდის აფხაზეთად, უმცრორე ეშინოდის თურქთა და მათთა ციხოვანთა. მას ჟამსა მეფე გარდავიდა იმერეთს; და შეკრბეს გიორგი ჭყონდიდელსა და მწიგნობართ-უხუცესსა წინაშე თევდორე, აბულეთი და ივანე ორბელი და სიმარჯჳთ მოიპარეს სამშჳლდე.

მაშინ იქმნა დიდი სიხარული, რამეთუ დღითი-დღე შეემატებოდა საზღვართა სამეფოსათა. ცნეს რა თურქთა აღება სამშჳლდისა, უმრავლესნი ციხენი სომხითისანი დაუტევნეს, და ღამით მეოტ იქმნნეს, და ჩუენ თანა მოითუალნეს იგინი. რამეთუ ვიდრე მოაქამომდე სთუელთა ჩამოიარიან თურქთა სომხითი, ყოვლითა ფალანგითა მათითა, ჩამოდგიან გაჩიანთა, პირსა მტკუარისასა, ტფილისითგან ვიდრე ბარდავადმდე, და იორის პირთა, და ყოველთა ამათ შუენიერთა ადგილთა საზამთროთა, რომელთა შინა ზამთრის, ვითარცა არესა გაზაფხულისასა, ითიბების თივა, და აქუს შეშა და წყალი უსუებით, და მუნ არს სიმრავლე ნადირთა თჳთო-ფერი და საშუებელი ყოველი. ამათ ადგილთა შინა დადგიან ხარგებითა. ცხენისა, ჯორისა, ცხუარისა და აქლემისა მათისა არა იყო რიცხჳ, და აქუნდა ცხოვრება სანატრელი; ნადირობდიან, განისუენებდიან და იხარებდიან, და არა იყო ნაკლულევანება მათ თანა. თჳსთა ქალაქთა ვაჭრობდიან, ხოლო ჩუენთა ნაპირთა არბევდიან ტყჳთა და ალაფითა სავსეთა გაზაფხულსა თანა იწყიან სლვა აღმართ მთათა სომხითისა და არარატისათა. ეგრეთ-ვე ზაფხულის-ცა ჰქონდის შუება და განსუენება, თივათა და ველთა შუენიერთა, წყაროთა და ადგილთა ყუავილოვანთა, და ესე-ოდენ დიდი იყო ძალი მათი და სიმრავლე, რომელ სთქუა-მცა თუ „ყოველი თურქობა ყოვლისა ქუეყანისა იქი არს-ო“. და არავისგან მოსაგონებელ იყო ოდეს-ცა მათი გასხმა ანუ ვნება, არ-ცა თუ თჳთ სულტანისაგან. ოდეს სამშჳლდე და ძერნა აიღეს, ქრონიკონი იყო სამას ოცდაათი. მას წელსა მოვიდა ძალი სულტანისა და ყოველი თურქობა, კაცი ვითარ ასი ათასი, უგრძნეულად სიმარჯჳთა, ხოლო მეფე დგა ნაჭარმაგევს ტაძრეულითა. ცნა რა მიმწუხრი მოსლვა მათი თრიალეთს, ღამე ყოველ წარვიდა მასლათა კაცითა ათას ხუთასითა, რამეთუ ესე-ოდენნი დახუდეს მას წინაშე. ცისკარს მოვიდეს თურქნი და იქმნა ბრძოლა ფიცხელი მას დღესა, და შეწევნითა ღმრთისათა იძლია ბანაკი მათი. და მიდრეკასა დღისასა მიდრკეს სივლტოლად ესე-ოდენ ზარ-განჴდილნი და მოსწრაფნი, ვიდრემდის არ-ცა თუ კარავთა მათთა და ჭურჭელთა მიხედნეს ყოვლად, არამედ მოსწრაფებასა პატივ-სცეს ფერჴთა მათთა უფროს საქონლისა მათისა, და ესრეთ განიბნივნეს თჳსთა ქუეყანათა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>