ქართლის ცხოვრება

დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი

ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი

ხოლო ესე-ვითარსა საკჳრველსა სივლტოლასა მათსა თჳთ მეფე და სპანი მისნი ესოდენ ურწმუნო იყვნეს, ვიდრემდის არა-ვინ სდევნა ყოვლად, რამეთუ ხვალისა ომი ეგონა. და წარიღო გიორგი ჭყონდიდელმან რუსთავი-ცა, მეფისა მუხნარს ყოფასა. ქრონიკონი იყო სამას ოცდა თხუთმეტი რომლისათჳს-ცა დიდად წმენა შეექმნა თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა. რამეთუ მოიმსტვარნის მეფემან რომელთა მოსრვა ეგებოდის, და უგრძნეულად დაესხის და მოსწყჳდნის და ესე არა ერთ-გზის ანუ ორ-გზის, გინა სამ, არამედ მრავალ-გზის, ვითარცა აწ ერთი ითქუას.

რამეთუ ტაოს ჩამოდგეს დიდნი თურქნი ხარგებითა, ვინათგან ზამთრისა სიფიცხესა და მთათა სიმაგრეთა მიენდვნეს. ხოლო მეფემან მოიჴელოვნა ესრეთ, რამეთუ სპათა ქართლისათა მზაობა უბრძანა და თჳთ ქუთათისს გარდავიდა, რომლითა უეჭუელ ყვნა იგინი. და თუესა თებერვალსა აცნობა ქართუელთა და მესხთა, რათა კლარჯეთს დახუდენ პაემანსა, და თჳთ შიდითა სპითა ხუფთით ჭოროხის პირი წარვლო. და შეკრბეს ერთად, და უგრძნეულად დაესხნეს მათ ზედა, უშიშად გულ-დებითა მსხდომარეთა ბასიანამდე და მთად კარნიფორისად. რამეთუ ქრონიკონი იყო სამას ოცდათექუსმეტი.

მოსრეს სიმრავლე მათი ურიცხჳ, და აღიღეს დედა-წული მათი, ცხენები, ცხოვარი, აქლემები და ყოველი ნაქონები მათი, რომლითა აღივსო ყოველი სამეფო მისი ყოვლითა კეთილითა.

და მას-ვე წელსა ასული თჳსი კატა გაგზავნა საბერძნეთს სძლად ბერძენთა მეფისად. რამეთუ პირველ ამისსა პირმშო ასული თჳსი თამარი გაეგზავნა დედოფლად შარვანისა, რათა ვითარცა ორნი მნათობნი - ერთი აღმოსავლეთს, ხოლო მეორე დასავლეთს - ცისკროვან ჰყოფდენ სფეროსა, მამისაგან მიმღებელნი მზეებრთა შარავანდედთანი.

ამისა ჟამთა შევიდენ მთარგმანებელნი წიგნთანი ეფრემ მცირე, და თეოფილე, და არსენ იყალთოელი, და იოვანე ტაიჭის ძე, ქრისტეს აქათ ქ(რონი)კ(ონ)ს ჩ~როდ.

და მეორესა წელსა დაიპყრნა გრიგოლის ძენი, ასამ და შოთა, და აღიღო ციხე გიში. და გაგზავნა ძე თჳსი დემეტრე შარვანს სპითა ძლიერითა ლაშქრად. ხოლო მან ქმნნა ომნი საკჳრველნი, რომლითა განაკჳრვნა მხილველნი და მსმენელნი; გამოიღო ციხე ქალაძორი და ძლევა-შემოსილი მოვიდა წინაშე მამისა თჳსისა, სავსე ალაფითა და ტყჳთა ურიცხჳთა.

ხოლო მეორესა წელსა ბზობად წარმოემართა მეფე ღანუჴით წარსლვად რაჴსის პირსა, და ზატიკი გარდაიჴადა ნაჴიდურს. მუნ მოართუეს ამბავი ბეშქენ ჯაყელისა ჯავახეთს თურქთაგან მოკლვისა. და ამისთჳს უშლიდეს დიდებულნი მას ჟამსა წარსლვად. და არა მოისმინა ყოვლად. არამედ დაესხა თურქთა, რაჴსის პირსა მდგომთა, და მოსრა სიმრავლე მათი, და წარმოიღო ტყუე და ალაფი ურიცხჳ.

ამას-ვე წელსა აღიღო სომხითისა ციხე ლორე. და მას-ვე წელსა, ივლისსა, აღიხუნა აგარანი, მეორესა დღესა, ცისკარს. რამეთუ პირველ-ცა ესე ციხე აეღო ბაგრატს, პაპასა მისსა, გარნა სამ თუე ბრძოლითა. ხოლო ამას-ვე წელსა აგჳსტოსსა მოკუდა სულტანი მალიქი, მალიქ-შას ძე, და ალექსი ბერძენთა მეფე და ვერ ცნეს ერთმან მეორისა სიკუდილი. ქრონიკონი იყო სამას ოცდათურამეტი.

ხედვიდა რა მეფე დავით ესე-ოდენთა ზეგარდამოთა ღმრთისა მიერ წყალობათა, შეწევნათა, ძლევათა და გამარჯუებათა თჳსთა, და რომელთა ღმერთი მოსცემდა სამეფოთა ქუეყანათა, ქალაქთა და ციხეთა, რამეთუ არა იყო ესე-ოდენი სიმრავლე ლაშქართა სამეფოსა შინა მისსა, რათა-მცა ქალაქთა და ციხეთა შინა მდგომად და დამჭირველად და კუალად თჳთ მის თანა მყოფად და მოლაშქრედ-მცა კმა ეყვნეს დაუცხრომელად მიმოსლვასა ლაშქრობასა მისსა ზამთარ და ზაფხულ ამისთჳს-ცა შემოიკრიბა გონება, კეთილად და გონიერად გამგონე, ვითარცა დავით, სულისა მიერ წმიდისა, აღიღო მაღლად თავი თჳსი და მიმოავლო თუალი გონებისა თჳსისა და განიცადა კეთილად, განიზრახა სამეფოთა ცნობითა, რომელ არა კმა იყვნეს სამეფოსა მისისანი თანა-მიყოლად კრთომათა და წადიერებათა სულისა მისისათა.

და მსგავსად ალექსანდრესსა ქმნა და ამან-ცა სულთ-ითქუნა, რამეთუ ითქუმის-ცა მისთჳს, ვითარმედ ფილოსოფოსმან ვინ-მე რქუა მას: „არიან-ო მრავალნი და ურიცხუნი სამეფონი, რომელთა არ-ცა თუ სახელი გასმიეს შენ.“ და მან სულთ-ითქუნა და თქუა: „უკეთუ დამიშთეს ესენი, რა იყოს მპყრობელობა ჩემი“. ამისთჳს-ცა ამან მეორემან ალექსანდრე განიზრახა სივრცითა გონებისათა, რამეთუ სხუაებრ არა იყო ღონე, და უწყოდა კეთილად ყივჩაყთა ნათესავისა სიმრავლე, და წყობათა შინა სიმჴნე, სისუბუქე და მიმოსლვა, სიფიცხე მიმართებისა, ადვილად დასამჭირვლობა და ყოვლითურთ მომზავებლობა ნებისა თჳსისა. და ამათ თანა უადვილეს იყვნეს მოსლვად მახლობელობითა-ცა და უპოვარებითა, და რამეთუ პირველ მრავალთა წელთასა მიერ მოეყვანა სანატრელი და ყოვლად განთქმული სიკეთითა გუარანდუხტ დედოფალი, შვილი ყივჩაყთა უმთავრესისა ათრაქა შარაღანის ძისა, სჯულიერად მეუღლედ თჳსად და დედოფლად ყოვლისა საქართველოსა. ამისთჳს-ცა წარავლინნა კაცნი სარწმუნონი და მოუწოდა ყივჩაყთა და სიმამრსა თჳსსა.

ხოლო მათ სიხარულით მიითუალეს, გარნა ითხოვეს გზა მშვიდობისა ოვსთაგან. ამისთჳს-ცა ბრძანა მეფემან წარსლვა ოვსეთს, და სიტყუასა-ვე თანა წარემართა და თანა-წარიტანა გიორგი ჭყონდიდელი და მწიგნობართ-უხუცესი თჳსი, კაცი სრული ყოვლითა სიკეთითა სულისა და ჴორცთასა, სავსე სიბრძნითა და გონიერებითა, განმზრახი, სჳანი და ფრთხილი, თანა-აღზრდილი აღმზრდელი პატრონისა და თანა-განმკაფელი ყოველთა გზათა, საქმეთა და ღუაწლთა მისთა.

შევიდეს ოვსეთს და მოეგებნეს მეფენი ოვსეთისანი და ყოველნი მთავარნი მათნი, და ვითარცა მონანი დადგეს წინაშე მისსა. და აღიხუნეს მძევალნი ორთაგან-ვე, ოვსთა და ყივჩაყთა, და ესრეთ ადვილად შეაერთნა ორნი-ვე ნათესავნი. და ყო შორის მათსა სიყუარული და მშჳდობა ვითარცა ძმათა. და აღიხუნა ციხენი დარიალასა და ყოველთა კართა ოვსეთისათა და კავკასიისა მთისათანი და შექმნა გზა მშჳდობისა ყივჩაყთათჳს, და გამოიყვანა სიმრავლე ფრიად დიდი; და სიმამრი და ცოლის ძმანი თჳსნი არა ცუდად დაშურეს; არ-ცა ცუდ იქმნა გამოყვანა მათი, არამედ მათითა ჴელითა მოსრნა სრულიად სპარსეთისა ძალნი, და დასცა შიში და ზარი ყოველთა მეფეთა ქუეყანისათა, და მათითა თანა-დგომითა ქმნნა საქმენი დაურწმუნებელნი, ვითარცა ითქუას წაღმართ.

ხოლო მაშინ ოვსეთს ყოფასა მიიცვალა გიორგი ჭყონდიდელი; თავ-ადგა სიყრმითგანთა პატრონისა მსახურებათათჳს; და პატივითა დიდითა წარმოგზავნა მონასტერსა ახალსა და მუნ დაემარხა. რომელი იგლოვა ყოველმან სამეფომან და თჳთ მეფემან, ვითა მამა და უმეტეს-ცა მამისა, შემოსითა შავისათა ორმეოც დღე, ვიდრემდის იშვა ვახტანგ, რომლისა ხარებითა დაიჴსნა გლოვა.

ხოლო ყივჩაყი დააყენნა ადგილთა მათ მარჯუეთა დედა-წულითა მათითა, რომელთა თანა იყო წყობად განმავალი რჩეული ორმოცი ათასი. ესენი განასრულნა ცხენებითა და საჭურველითა; და კუალად მონანი რომელ ჰყვეს რჩეულნი და განსწავლულნი ღუაწლსა, ვითარ ხუთიათასი კაცი, ყოველნი ქრისტიანე ქმნულნი, მისანდონი და გამოცდილნი სიმჴნითა. და თჳთ ყივჩაყნი-ცა უმრავლესნი ქრისტიანე იქმნებოდეს დღითი-დღე, და სიმრავლე ურიცხჳ შეეძინებოდა ქრისტესა. ესენი რა ესრეთ შემოიკრიბნა, და დააწყუნა გუარად-გუარად და დაუდგინნა სპასალარნი და მმართებელნი; და ეგრეთ-ვე თჳსისა სამეფოსა სპანი, რჩეულნი და მოკაზმულნი, ცხენ-კეთილნი და პირ-შეუქცეველნი; და საშუალ მათსა თჳთ იგი უმსგავსო სპასპეტი და წინა-მბრძოლი, მიმსგავსებული ძუელისა ქაიხოსროსთჳს მოთხრობილთა, წინა-უძღოდა, და იწყო რბევად სპარსეთისა, შარვანისა და სომხითისა დიდისა. რამეთუ არა დაშურებოდა, არ-ცა მოეწყინებოდა, არამედ ჟამიერად და წესიერად ალაშქრებდა მათ, მართებდა და განაგებდა მსგავსად მისსა დიდ-გონეობითა, და ვინ-ღა-მცა იყო წინა-მდგომი მისი, და ანუ მიმმართი ომისა მის წინაშე. რამეთუ დაღათუ წერილმან ფრთოვანსა ვეფხსა მიამსგავსა მაკედონელი იგი სიფიცხითა მიმმართველობისათჳს, და მსწრაფლ მიმოვლისა ქუეყანათა შინა, და ჭრელად მრავალ-ფერობისათჳს ქცევათა და განზრახვათა მისთასა, არამედ ჩუენი ესე გჳრგჳნოსანი და ახალი ალექსანდრე, დაღათუ იყო ჟამითა შემდგომი, არამედ არა საქმითა-ცა, არ-ცა განზრახვითა, არ-ცა სიმჴნითა უმცირე, და თჳთ მათ საქმეთა შინა, რომელთა მძლედ ითქმის ალექსანდრე, არა უმდაბლე. არამედ მრავლითა უმაღლეს მგონიეს ესე. და რა-ოდენ საწუთოთა და ჴორციელთა შინა იგი მისთა სწორთა და მისგან და მის ჟამისათა ყოველთა უმაღლეს და უზეშთაეს იყო, ეგე-ოდენ ესე საღმრთოთა და ქრისტეს მცნებათა შინა ჴორციელთა-ვე თანა მისთა პირველთა ყოველთა ჰმატდა. რამეთუ არა სცა ძალი თუალთა, არ-ცა სრული წამთა, არ-ცა განსუენება ჴორცთა თჳსთა; არა მიდრკა გემოვნებათა მიმართ. არ-ცა ნებასა ჴორცთასა; არა სასმელ-საჭმელთა, არ-ცა სიმღერა-სიღოდათა და არათურთითა არარა ჴორციელთა შეაკრა გონება, გარნა საღმრთოთა და სასულიეროთა ყოველთა დასრულებად და უდებებად მზიდველთა ნებისათა და განიცადეთ-ღა ოთხთა ამათ წელთა ქმნილნი მისნი, რომელთა მრავალ-გზის ქმნულთა მცირედი მეგულების თქუმად.

ხოლო აქუნდის ჩუეულებად ესე მეფესა, რამეთუ განზრახვით გარდავიდის აფხაზეთით და ჩამოიტყუვნნის თურქმანნი საზამთროთა ადგილთა მტკურის პირისათა. რამეთუ მათნი-ცა მსტოვარნი ზედა ადგიან მეფესა და ეძებდიან გზათა მისთა გარდავიდა მეფე გუგეთს და მიერ ხუფათს, და ამით გულ-პყრობილ ყვნა იგინი. ქრონიკონი იყო სამას ორმოცი. ხოლო მათ ცნეს რა სიშორე მისი, ჩამოდგეს ბოტორას, დიდნი ფრიად, და დაიზამთრეს. და არა ჰრულოდა მეფესა, არამედ გარდამოიფრინვა თებერვალსა ათოთხმეტსა და უცნაურად დაესხა ზედა, და ძლით ვინ-მე შეესწრა ცხენსა და გარდაიხუეწა. აღიღეს ტყუე და ალაფი ურიცხჳ, და მოვიდა ღანუჴს.

და მას-ვე შჳდეულსა პირ-მარხვასა დღესა აიღო შარვანს ქალაქი ყაბალა, და აღავსო სამეფო თჳსი ოქროთა და ვეცხლითა და ყოვლითა სიმდიდრითა წარმოვიდა ქართლს და მსწრაფლ შეკრიბა სპა, და ჩავიდა შარვანს, მაისსა შჳდსა, არბია ლიჟათათ ვიდრე ქურდევანამდე და ხიშტალანთამდე, და სავსენი ალაფითა მოვიდეს ქართლს. მათ-ვე დღეთა შეიბნეს შარვანელი და დარუბანდელი, მოკლეს აფრიდონ, და მოსწყჳდნეს შარვანელნი.

თუესა ნოემბერსა წარვიდა მეფე აშორნიას, დაესხა თურქმანთა, მოსრნა და იავარ-ყვნა, და წარმოიღო ნატყუენავი მათი ურიცხჳ. ჩამოვლო მგზავრ, დაესხა სევგელამეჯს თურქმანთა-ვე და არა დაუტევა მოტირალი კარავთა მათთა; ესე ერთისა წლისა.

და მას-ვე ზამთარსა ჩავიდა აფხაზეთს ბიჭჳნტამდე და განაგნა საქმენი მანდაურნი: ღირსნი წყალობისანი შეიწყალნა, შემცოდენი დაიპყრნა და წუართნა; რამეთუ იყო ზამთარი ძნელი და თოვლი ფრიადი. ხოლო ცნეს რა თურქთა, ვითარმედ შორს არს მეფე, გულ-დებით ჩამოდგეს პირსა მტკურისასა, გარნა ლომსა მოჴელოვნებულსა არა სცონოდა, არ-ცა ჰრულოდა ომისათჳს, ვერ-ცა-რა დამხრწეველთაგანი დაიმჭირვიდა წარმოვიდა მსწრაფლ აფხაზეთით თოვლთა საშინელთა, გარდაათხრევინა მთა ლიხისა, სადა გარდანაკუეთსა თოვლისასა აქუნდა სიმაღლე მჴარი სამი. და დახუდა მზად სპა მისი, და პირველ ამბავისა ქართლისა ცნობამდე დაესხა ხუნანს და აღავსო ლაშქარმან მთით მტკურამდე და გაგთათ ბერდუჯამდე. და მოსრეს პირითა მახჳლისათა, რომელ არა დაუშთა მთხრობი ამბავისა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი, თუე მარტი.

გაზაფხულ განდიდნა მტკუარი, რომელ ნადინებსა ვერ დამტია. ამისითა მინდობითა ჩადგეს თურქმანნი ბარდავს გულ-დებითა. მაშინ მონახნა მეფემან იგინი-ცა და ალონს მტკუარსა გაცურდა ყივჩაყითა დაუზრავხა მას წყალსა, მოსრნა თურქნი, არბია ბარდავი. და დაყო ორი დღე, და ნებიერად მოვიდა შინა სავსე ალაფითა. თუე იყო ივნისი.

ამათ ესე-ვითართა ჭირთაგან შეიწრებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი წარვიდეს სულტანსა წინაშე, და ყოველსა სპარსეთსა შეიღებნეს შავად, რომელთა-მე პირნი, და რომელთა-მე ჴელები, და რომელნი-მე სრულიად; და ესრეთ მიუთხრნეს ყოველნი ჭირნი, მოწევნულნი მათ ზედა, რომლითა აღძრნეს წყალობად თჳსა, და იქმნა გლოვა ფრიადი შორის მათსა.

მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს, სადაყას ძესა, და მოსცა ძე თჳსი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუსისი, კაცი დაჰმანი და მრავალ-ღონე. და უბრძანა თურქმანობასა სადა-ღა-ცა ვინ იყო, დამასკოთ და ჰალაბითგან ამოღმართ, ყოველსა მჴედრობად შემძლებელსა, ამათ თანა ათაბაგსა განძისასა მისითა ძალითა და ყოველთა სომხითისა ამირათა. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაერთი.

შეკრბეს ესე ყოველნი, შეითქუნეს, შეიმტკიცნეს სიმრავლითა ვითარცა ქვიშა ზღჳსა, რომლითა აღივსო ქუეყანა, და აგჳსტოსსა თურამეტსა მოვიდეს თრიალეთს, მანგლისს და დიდგორთა, რომელ თჳთ ფერჴთა ზედა ვერ ეტეოდეს ამათ ადგილთა. ხოლო მეფემან დავით, უშიშმან და ყოვლად უძრავმან გულითა, თუ ვითარ წინა განაწყო სპა მისი, და თუ ვითარ ყოველი საქმე შუენიერად და ღონიერად ყო, რაბამ რა-მე წყნარად, უშფოთველად და გამოცდილებით და ყოვლად ბრძნად განაგო, და თუ ვითარ თჳსნი სპანი დაიცვნა უვნებელად, - ამათ ყოველთათჳს არა ჩუენი, არამედ ვგონებ, რომელ ყოველთა ბრძენთა სოფლისათა ენა ვერ შემძლებელ არს მითხრობად ზედა-მიწევნით ყოველსა-ვე.

რამეთუ პირველსა-ვე ომსა იოტა ბანაკი მათი და ივლტოდა, რამეთუ ჴელი მაღლისა შეეწეოდა, და ძალი ზეგარდამო ფარვიდა მას, და წმიდა მოწამე გიორგი განცხადებულად და ყოველთა სახილველად წინაუძღოდა მას და მკლავითა თჳსითა მოსრვიდა ზედა-მოწევნულთა უსჯულოთა მათ წარმართთა, რომელ თჳთ იგი უსჯულონი და უმეცარნი მოღმართ აღიარებდეს და მოგჳთხრობდეს სასწაულსა ამას მთავარ-მოწამისა გიორგისსა, და ვითარითა ღონითა მოსრნა სახელოვანნი იგი მებრძოლნი არაბეთისანი, და ანუ მეოტთა ვითარ სიმარჯჳთ და განკრძალულად სდევნნა და მოსრნა, რომლითა აღივსნეს ველნი, მთანი და ღელენი მძორებითა.

ხოლო სპანი ჩუენნი და უფროსად ყოველი სამეფო აღივსო ოქროთა და ვეცხლითა, არაბულითა ცხენებითა, ასურულითა ჯორებითა, კარვებითა, სრა-ფარდაგებითა, სხჳთა უცხოთა ჭურჭლებითა საბრძოლელთა თჳთო-სახეთათა, ქოსთა და ფილაკავანთათა, სასმურთა ტურფათა და სანადიმოთათა, საბანელთა და სამზარეულოთათა, - რაოდენმან ქარტამან და მელანმან დაიტიოს აღწერად! და რამეთუ გლეხთა იხილე-მცა, ოდეს არაბთა მეფენი მოჰყვანდეს ტყუედ. და სხუათა გოლიათთათჳს რად-ღა რა-მცა გჳნდოდა თქმად.

ხოლო ამად რა თხრობად მოვიწიე, ვაებისა ღირსად შევრაცხენ დიდნი იგი და სახელოვანნი გამომეტყუელნი, ვიტყჳ უკუე უმიროსსა და არისტოვლის ელინთა, ხოლო იოსიპოს ებრაელსა, რომელთაგანმან ერთმან ტროადელთა და აქეველთანი შეამკვნა თხრობანი, თუ ვითარ აღამემნონ და პრიამოს, ანუ აქილევი და ეკტორი, მერმე-ცა ოდისეოს და ორესტი ეკუეთნეს, და ვინ ვის მძლე ექმნა; და მეორემან ალექსანდრესნი წარმოთქუნა მძლეობანი, სიმჴნენი და ძლევა-შემოსილობანი; ხოლო მესამემან ვესპასიანე ტიტოჲს-მიერნი მეტომეთა თჳსთა-ზედანი ჭირნი მისცნა აღწერასა. და ვინათგან ამათ ნივთნი საქმეთანი არა აქუნდეს კმად მისათხრობელად, ამისთჳს-ცა მის ჴელოვნებითა რიტორობისათა განავრცელნეს, ვითარცა იტყჳს თჳთ სადა-მე ალექსანდრე: „არა დიდ იყავ აქილევი, არამედ დიდსა მიემთხჳე მაქებელსა უმიროსს“. რამეთუ ოცდარვა წელ განგრძობასა ტროადელთა ბრძოლისასა ვერა-რა ღირსი ქებისა იქმნა ხოლო მეფისა დავითისი ესე-ოდენთა მიმართ წინაგანწყობა სამ ჟამადმდე იყო, და ვერ-ცა პირველსა კუეთებასა შეუძლეს წინა-დადგომად. ჰქონებოდეს-მცა ამათ ბრძენთა თხრობათა ნივთად საქმენი დავითისნი, და მათ-მცა აღწერნეს ჯეროვნად მათისა-ებრ რიტორობისა, და მაშინ-ღა-მცა ღირს ქმნილ იყვნეს ჯეროვანსა ქებასა. და ესენი ესე-ოდენ.

ხოლო მეორესა წელსა აიღო მეფემან ქალაქი ტფილისი, პირველსა-ვე ომსა, ოთხას წელ ქონებული სპარსთა, და დაუმკჳდრა შვილთა თჳსთა საჭურჭლედ და სახლად თჳსად საუკუნოდ. ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაორი.

და მეორესა წელსა მოვიდა სულტანი შარვანს, შეიპყრა შარვანშა, აიღო შამახია და მოგზავნა მოციქული მეფისა წინაშე, და მოუწერა წიგნი და მორქუა, ვითარმედ: „შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს. ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე, და თუ გინდა სამალავთათ გამოვედ და მნახე“ ხოლო ესმა რა ესე მეფესა, მსწრაფლ ჴმა უყო ყოველთა სპათა მისთა, და ბრძანებასა-ვე მისსა თანა მოვიდეს წინაშე მისსა ყოველნი სამეფოსა მისისანი. და წარემართა სულტანსა ზედა, და ყივჩაყნი ოდენ აღთუალულ იყვნეს მაშინ, და იყო შემბმელი კაცი ორმოცდაათი ათასი. და ეუწყა რა სულტანსა ზედა-მისლვა და ძალი და სიმრავლელ სპათა მისთა, და განკრთა, აიყარა ველთათ, სადა დგა, და მსწრაფლ შევიდა ქალაქად და გარე-მოიზღუდა ერთ-კერძო სხრტითა და ხანდაკებითა, და სხჳთ-კერძო ზღუდითა ქალაქისა შამახიისათა. ხოლო ცნა რა ესე მეფემან, არღარა ჯერ უჩნდა ზედა-მისლვა მლტოლვარისა, არამედ დავარდა მიწასა ზედა და მადლობა შეწირა ღმრთისა სახიერისა და კაცთ-მოყუარისა, და ადგილობანსა დადგა.

მაშინ სულტანმან მრავალთა მიერ ვედრებათა და ძღუენთა და მუდარითთა შეთულილობათა, ვითარცა მონამან ჭირვეულმან, არ-ღა ძღუენი ანუ ომნი ითხოვნა, არამედ გზა სამლტოლვარო, ფრიად რა-მე სიმდაბლით და არა სულტანურად, შეიწრებულმან შიმშილითა და წყურილითა მრავალ დღე.

მას-ვე დღესა სულტანსა წინაშე მიმავალი ათაბაგი რანისა აღსუნღული, ძალითა მრავლითა, მოსრეს მონათა მეფისათა ვითარ ოთხი ათასი კაცი, და იგი ოდენ მარტო მეოტი ძლით მივიდა სულტანსა წინაშე. იხილა რა ესე სულტანმან, მას-ვე ღამესა გაიპარა, და სასდუნით მეოტი სხჳთ გზით წარვიდა სოფლად თჳსად. და ესრეთ ძლევა-შემოსილი და მმადლობელი ღმრთისა შემოიქცა მეფე. და მცირედთა დღეთა განისუენა ამთენს.

და მეორესა თუესა, ივნისსა, კუალად წარვიდა შარვანს, აღიღო გულისტანი, სახლი თავადი შარვანისა, სიცხეთა მათ საშინელთა, მოირთო შარვანი და აღავსნა კეთილითა ყოველნი მორჩილნი ბრძანებათა მისთანი. წარმოვიდა ქართლად. ხოლო სთუელთა გადავიდა გეგუთს, ინადირა, განისუენა, განაგო მანდაური ყოველი, და მარტსა გარდამოვიდა ქართლად, და აღიღო ქალაქი დმანისი. და აპრილსა დაესხნეს შაბურანს, დარუბანდელსა, და მოსწყჳდნეს ქურდნი, ლეკნი და ყივჩაყნი დარუბანდელისანი და აღიხუნეს შარვანისა ციხენი ღასანნი და ხოზაონდი და მიმდგომი მათი ქუეყანა.

და მყის აღისრბოლა ვითარცა არწივმან, და მაისსა აღიხუნა ციხენი სომხითისანი: გაგნი, ტერონაკალი, ქავაზინნი, ნორბედი, მანასგომნი და ტალინჯაქარი. და ივნისსა წარემართა ლაშქრითა, განვლო ჯავახეთი, კოლა, კარნიფორა, ბასიანნი სპერამდის, და, რა-ცა პოვა თურქმანი, მოსრა და ტყუე ყო; ჩამოვლო ბუღთა-ყური, და დაწუნა ოლთისნი, და მოვიდა თრიალეთს დიდითა გამარჯუებითა. და მცირედნი დღენი შუა გამოჴდეს და განიყარა ლაშქარი თჳს-თჳსად.

და აგჳსტოსსა ოცსა მოვიდეს მწიგნობარნი ანელთა თავადთანი და მოაჴსენეს მოცემა ქალაქისა და ციხეთა ბოჟანას წყაროთა ზედა მდგომსა. და მსწრაფლ წიგნები წუევისა წარსცა ყოველთა, და მესამესა დღესა სამოცი ათასი მჴედარი წინაშე უდგა წარემართა და, ვითარცა მიიწია, მესამესა დღესა აიღო ქალაქი ანისი და ციხენი მისნი უჭირველად, და სოფელნი და ქუეყანანი მიმდგომნი ანისისანი.

და დაიპყრნა არფასლანიანნი და ამოსწყჳდნა იგინი, რომელთა დიდი საყდარი ანისისა მისგითად მოეკაზმათ და ქრისტიანეთა სისხლითა იგი საყდარი და ქალაქი მოერწყო. იმუქფა ღმრთის-მოყუარემან დავით აღმაშენებელმან მოლათა და დარიშმანთა სისხლითა ახლად-ვე მან მორწყო და საყდარი იგი ახლად მონათლა, რომელი აღეშენა ბერძენთა ასულსა დედუფალსა კატრონიტეს და იქი-ვე ესაფლავა. მაშინ მივიდა თჳთ მეფე დავით და კათალიკოზი, ეპისკოპოზნი და ერთობილი ლაშქარი საფლავსა ზედა, და ახლად წესი აღუგეს. და თჳთ მეფემან სამ-გზის საფლავსა ჩასმახა: „გიხაროდენ შენ, წმიდაო დედოფალო, რამეთუ იჴსნა ღმერთმან საყდარი შენი უსჯულოთა ჴელთაგან“. ამასა ზედან მკუდრისა ძუალთა საფლავით ჴმა გამოსცეს. და ღმერთსა მადლობა მისცა. განუკჳრდა მეფესა და ერთობილ[თა] ერთა. და წარმოვიდა მუნით მეფე დავით.

და წარმოიყვანა ბულასვარ, რვათა ძეთა მისთა თანა და მჴევალთა და სძალთა, და ჩაგზავნა აფხაზეთად; ანისისა მცველად დაუტევნა აზნაურნი მესხნი, და წარმოვიდა ქართლად. და მცირედთა დღეთა მოუსუენა სპათა თჳსთა. და მერმე წარემართა შარვანს, და აღიღო ქალაქი შამახია და ციხე ბირიტი, სრულად ყოველი შარვანი, და დაუტევნა ციხეთა და ქალაქთა შინა ლაშქარნი დიდნი, ჰერნი და კახნი. და განმგებელად და ზედა-მხედველად ყოველთა საქმეთა მანდაურთა აჩინა მწიგნობართ-უხუცესი თჳსი სჳმონ, ჭყონდიდელი მთავარ-ეპისკოპოსი, მაშინ ბედიელ-ალავერდელი, მიმსგავსებული გიორგი დედის ძმისა თჳსისა, კაცი ყოვლითურთ სრული და ბრძენი.

და განაგო მეფემან ყოველი საქმე შარვანისა, აღავსნა კეთილითა და საბოძვარითა ქურდნი, ლეკნი და თარასნი, მოვიდა ქართლად. და ყივჩაყთა თჳსთა უჩინა საზამთროდ სადგური, და საზრდელი, და კაცნი ზედა-მდგომნი მათნი. და განაგო ყოველი საქმე ქართლისა, სომხითისა და ანისისა და ეგულებოდა გაზაფხულ ქმნა დიდთა საქმეთა და უფროსთა ლაშქრობათა, ვინათგან არა-ვინ წინა-აღუდგა მას. რამეთუ თჳთ სულტანი მუნ, სადა იყო, ძრწოდა შიშისაგან მისისა, და არ-ცა-ღა თჳთ ძუელად ქონებულთა ქალაქთა და ქუეყანათა ჰგონებდა თჳსად ქონებად, არამედ რა-ოდენ-ცა შორს იყო, ეგრე-ცა ეოცებოდა მძინარესა შიში და მღჳძარესა სიკუდილი.

ამისთჳს-ცა ზედას-ზედა წარმოავლენდის მოციქულთა ძღუენითა და მშჳდებად პირსა მისსა რამეთუ წარმოსცნის საჭურჭლენი მძიმენი, ტურფანი, მრავალ-ფერნი, მფრინველნი და ნადირნი უცხონი და ძჳრად საპოვნელნი, და ეძიებნ მშჳდობასა და სიყუარულსა და ყივჩაყთაგან არა რბევასა. ამისთჳს-ცა არა-რას მიხედვიდეს წარსაგებელთა სიმრავლესა, ოდენ-მცა მუნ თჳთ, სადა იყვის, იპოვის მშჳდობა და სიცოცხლე თავისა თჳსისა. და ვგონებ, ვითარმედ მამათა და პაპათაგან წაღებულნი ქუეყანანი, ტყუენი და სიმდიდრენი მრავალ-წილად უკუ-მოიზღუნა ამან მჴნემან. დაამშჳდა ქუეყანა, აღივსო და გარდაეცა ყოვლითა კეთილითა, განავსო და აღაშენა ყოველი ოჴერ-ქმნილი. და გარდაემატა ყოველთა ჟამთა მშჳდობითა და სიმდიდრითა სამეფო ჩუენი, ნაცვლად გარდასრულთა ოჴრებათასა.

ესე-ვითარნი უკუე არიან მეფობრივთა მიმოსლვათა მისთა, წყობათა და ღუაწლთა, ძლევათა და წარმართებულებათა, დაპყრობათა და ახუმათა დიდთა მათ და მრავალთა სამეფოთა და სამთავროთა მოთხრობანი და საქმენი, რომელნი მან ქმნნა და აღასრულნა, რომელნი ჩუენ მცირედითა და ყოვლად კნინითა სიტყჳთა წარმოგჳჩენიან დიდთა მათ და მითხრობად შეუძლებელთა საქმეთა მისთაგან, და ბრჭალთაგან ლომსა და ფესჳსაგან მცირისა ყუავილისასა ქსოვილისა ვითარებასა საცნაურ ყოფად ვმეცადინობთ, ვითარცა აჩრდილისაგან კაცსა, რომელნი-ესე შეუძლებელ არიან ყოფად.

ხოლო ჴორციელთა საქმეთა ესრეთ მოქმედისაგან უკეთუ ვიეთ-მე ჰგონონ, ვითარმედ რად-ღა-მცა მოეცალა საღმრთოთა და სულიერთა სათნოებათა მიმართ მიხედვად-მცა და მოგონებად, არა თუ ქმნად, ვინათგან ფრიად-ცა კმა არიან ესენი ერთისა ჴორცთა შინა მყოფისა კაცისაგან ქმნად და წარმართებად, და თუ სადათ პოვა სამეფო თჳსი სიმდაბლედ შთასრული, და თუ სადა სიმაღლედ აღიყვანა, და თუ სადა დასხნა საზღვარნი და ძლეულნი ვითა მძლედ გამოაჩინნა, - ამათნი მგონებელნი ნუ უკუე არა იბრალნენ, არამედ ეუწყენ მათ, ვითარმედ უკეთუ ამათ პირთათჳს ვინ გამოიძიოს და ზედა-მიწევნით ვინ ცნობა ინებოს, კნინ-ღა და ესე ჴორციელნი საქმენი წარმოთქმულნი ფრიად უნდოდ და არა-რად პოვნეს, ვითარცა ნამდჳლ-ვე მცირედნი და სასაწუთონი; და დგრომადთა მათ თანა მტკიცეთა და საუკუნოდ ღმერთ-მყოფელთა მისთა საქმეთა, რომელთა-იგი უმეტეს ამათსა მათ მოქმედებდა და უსასწრაფოეს აქუნდა, რომელთაგანნი მცირედნი მრავლისაგან, ვითარცა სასმელი ერთი მტკურისაგან, ჩუენ-ცა მივსცეთ თხრობასა. იტყჳს სოლომონ: დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე-ო. ხოლო დავით, მამა ღმრთისა: დასაბამად სიბრძნისა შიში უფლისა. ესე შიში უფლისა მოიგო სიყრმითგან თჳსით დავით, და ჰასაკსა მისსა თანა აღორძნდა, და ჟამსა თჳსსა ესე-ვითარნი ნაყოფნი გამოიხუნა, რომლითა ორ-კერძო ცხოვრება თჳსი განაშუენა, რომლითა შეამკუნა საქმენი თჳსნი, რომლითა განაგნა ჴორციელნი და წარმართნა სულიერნი.

ხოლო ისმენდი, თუ ვითარ გონიერად დედად სიბრძნისა რა პოვა შიში უფლისა, ღმერთთად-ც - საღმრთონი წერილნი. და ესენი მდიდრად შეიკრიბნა, რა-ოდენნი პოვნა გარდამოღებულად ენასა ქართველთასა სხუათა ენათაგან, ძუელნი და ახალნი, ვითარცა სხუამან პტოლემეოს, ამას ზედა ოდენ სასოვან ქმნილმან, და ესე-ოდენ შეიყუარნა და შეითჳსნა, რომელ სთქუა-მცა, თუ მათ შინა ცხოველ არს და მათ შინა იძრვის იგინი იყვნეს მისსა საზრდელ, ყოველთა გემოან, და სასმელ ტკბილ და საწადელ; იგინი - შუება, განცხრომა საწურთელ და სარგებელ. დღე და ღამე მიმოსლვათა შინა მიმდემთა, ლაშქრობათა მოუწყენელთა, შრომათა განუსუენებელთა წიგნები ეტჳრთა სიმრავლესა ჯორთა და აქლემთასა; და სადა გარდაჴდის ჰუნესა, პირველ ყოვლისა წიგნნი მოაქუნდიან ჴელითა, და არა დააცადის კითხვა, ვიდრე არა დაშურის.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>