ქართლის ცხოვრება

ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი

დაჯდა მეფე ადარნასე, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა მას ჟამსა უკუე მოკუდა ქსანთა ერისთავი ვირშელი, და დაშთა ძე მისი შალვა სამისა წლისა, და აღზარდა იგი მეფემან პატივითა მამათათა.

და ამისა შემდგომად მოკუდა მეფე ადარნასე, დაშთა ძე მისი ვახტანგ ექუსისა წლისა, და დაჯდა მეფედ დავით ძმა ადარნასესი, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. მაშინ მამის ძმამან მისმან დავით მეფემან არა რაჲ მისცა ძმისწულსა თჳსსა ვახტანგს. მაშინ შალვა, გაზრდილი მამისა მისის, არა განეშორა, არამედ ზრდიდა ყრმასა მას. მაშინ დავით მრავლითა სიტკბოებითა და მრავლისა დიდებისა მინიჭებითა ევედრებოდა შალვას. ხოლო მან არა ისმინა, არამედ განამაგრნა ციხენი, და შევედრნა ერთგულთა მონათა. და თჳთ წარყვა ძესა მეფისასა ურდოს.

მაშინ მეფემან დავით შეკრიბა ყოველი ლაშქარი თჳსი, და თათარნი შირვანელნი, და ყოველნი მყოფნი კახეთს და მუხრანს, და მოადგა ცხრასავე ჴევსა შალვას საერისთვოსა, და ჩამოასხნა დვალანი და ჴადელ-ცხვატელნი, და ყოველნი მთიულნი ქუემონი. და დაწვეს და მოაოჴრეს ყოველი ცხრაძმის ჴევი, გარეშე ციხეთა, და ციხეთა ჰბრძოდეს ქუენიფნევს, ქარჩოხს, ქოლოთს და ისროლის. არამედ ასე ვერ აიხუნეს, და შვიდ წელ გაგრძელდა ომი მათი. ხოლო ციხანთა ესოდენ შესჭირდა და იწყეს ჭამა ღუედისა. და ესევითართა ზედა მოვიდა ვახტანგ და შალვა სპარსთა ლაშქართა ურიცხჳთა სპითა.

მაშინ დავით დგა ბაზალეთს და, ვითარცა სცნა მოსვლა მათი, მიმართა ციხესა დარიელისასა. და მიუდგა უკანა სპა ყოველი და შეიარეს არაგჳ, და გარდავლეს ჯუართა ყელი, და ჩავიდეს დარიელს, და მოადგეს დავითს ციხესა გუელეთისასა.

ხოლო შალვა დადგა ჴადას, და ესოდენ ძლიერად ჰბრძოდა, რომელ ერთსა დღესა აიღო ცხრა ციხე, და დაარღვივა. და მას ერთსა კარასა დაარღვივა ციხე ოცდახუთი, თხუთმეტი იქით არაგჳსა. მაშინ მისცა ვახტანგ დავითს ჯავახეთი და ალასტანი, და გამოიყვანა გუელეთით. ხოლო შალვა მიმართა ჴევთა დვალეთისათა, და მოაოჴრნა ყუელანი. და მოუჴდეს ბოვდაელნი ღამესა ბნელსა, დაუხუდეს მომლოდენი, რამეთუ ესმა შალვას მოსლვა მათი.

მაშინ მიაწყუდივნეს იგინი მთხრებლსა კლდისასა და ერთიცა მათგანი ვერღარა წარვიდა და მოსრეს სიმრავლე არა მცირედი დვალთა. მაშინ მოწვნეს და მოაოჴრნეს ყოველნი ჴევნი დვალეთისანი და შემუსრნეს და დაარღვივნეს ყოველნი ციხენი, თრუსოით აჩაბეთამდის. მაშინ წარვიდა ყოველი სპა სპარსთა და მეფემან მიუბოძა შალვას თრუსოი, ღუდა, გაგასძენი, მლეთე, არაჴუეთი, ქანდო, ყანჩაეთი, აბაზას ძეთა მამული, ძაგნაკორანი, დიღუამი, გავაზი, აწერის ჴევი, ბექუშე, და ყოველთა დიდებულთა მისთა უმჯობეს ხედვიდა. მაშინ მოკუდა დავით მეფე, და მასვე წელსა მოკუდა ვახტანგ მეფე.

დაჯდა მეფედ ძე დავითისი გიორგი და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო აბაზას ძე ნავროზ წარვიდა სპარსეთად. მაშინ მეფემან უბრძანა შალვას მოდგომად ციხესა ლოწობნისასა. მაშინ შალვა მოადგა ლოწობანს და ჰბრძოდა სასტიკად ოთხ დღე. და მეხუთესა დღესა აღიღო იგი. მაშინ მოიყვანნა ორნი იგი ხატნი ფრიად შუენიერნი.

მაშინ მეფემან გიორგი განილაშქრა მაღაროს და დიდად ევნო მათგან ვიწროთა მათ ჴევთა სიმრავლითა საგორავისათა და დიდად მწუხარე მოვიდა. და კუალად მეორედ წარვიდა დღეთა ყუელიერისათა და იყო სიცივე დიდი. და შიშისაგან საგორავისა წარმოვიდეს გზასა მთისასა, რომელი იყო განყინევულ. მაშინ უმეტეს ევნო, რამეთუ ინქრეოდა ცხენები, და კაცნი იგი მსგავსად მჴეცთა შესვარულნი სისხლისა მოსდევდეს. ხოლო შალვა მისა ამას ლაშქრობასა არა იყო მუნ, არამედ ძენი ხოლო მისნი იყვნეს. რამეთუ ესხნეს ძენი ცამეტნი, ქველნი და გონიერნი.

მაშინ შალვა წარვიდა ლაშქრითა თჳსითა, მივიდა და დასხა უმჯობესი ლაშქარი მზირად ღამე, და განთიად მივიდა მცირედითა ლაშქრითა. და მოწვა და მოაოჴრა ქუეყანა მათი, და არა-რა აიღო ლაშქარმან ალაფი თჳნიერ აბაჯრისა და წარმოვიდეს. მაშინ მოუდგეს უკანა ლაშქარნი იგი მის ქუეყანისა და წარჴდეს მზირთა. და აღდგა ყოველი ლაშქარი დამალული, და მოუბრუნდა შალვა და შეიწყუდინეს ადგილსა იწროსა. და მოკლეს ორმეოცდათხუთმეტი კაცი და მრავალი შეიპყრეს. მაშინ კუალად შთავიდეს და დადგეს, და მოაოჴრეს და დაწყეს ყოველი ქვეყანა მათი, და წარმოვიდეს გამარჯუებულნი ალაფითა დიდითა, ქორონიკონსა ი~ზ, ქრისტეს აქეთ ჩ~სპდ.

ამას ჟამსა მოვიდა ამბავი: კლიტენი იერუსალიმისანი სპარსთა დაიპყრესო და დიდად შეწუხნა მეფე გიორგი. მაშინ წარგზავნა ძე შალვა ერისთავისა, რომელსა ერქუა პიპა, გზასა ჴმელთასა მრავლითა ძღუნითა წინაშე ნისრელისა. და მივიდა პიპა წინაშე ნისრელისა. ხოლო მან სიხარულით შეიწყნარა ძღუენი იგი და მისცნა კლიტენი იერუსალიმისანი. მივიდა პიპა ზედა საფლავსა ქრისტესსა და შეემთხვივა, ჟამი აწირვინა და ეზიარა, და მოილოცნა წმიდანი ადგილნი, და შეკრიბნა ნაწილნი წმიდათანი და ხატნი შუენიერნი, და წარმოვიდა მასვე გზასა ჴმელით და მოვიდა წინაშე მეფისა, და მოიღო იერლაყი შეწყალებისა და აღსრულება ყოვლისა სათხოველისა მისისა. ფრიად განიხარა მეფემან გიორგი, რამეთუ მოეცნეს კლიტენი ქართველთა.

მაშინ მოადგა ოვსთა გორს მყოფთა და ბრძოდა სამ წელ. ხოლო ვირშელი და ლაშქარი მისი უმჯობეს ბრძოდა სპისა ყოვლისაგან, და აქებდეს ქებითა დიდითა, რომელი ესე შეიშურეს მთიულთა არაგჳსათა და თქუეს: „უკეთუ ომსა გარეგანსა უმჯობეს არიან, არამედ მივიდეთ მთასა ლომისისასა და მუნ შემებნენ ჩუენ, და იხილოთ რომელნი უმჯობეს ვართ“. მაშინ შექმნეს პაემანი და დაიმუქარნეს. და შემდგომად გორისა აღებისა აუწყეს ერთი-ერთსა, და შევიდეს ვირშელი და ყოველი ლაშქარი მისი მთასა ლომისისასა, ხოლო არაგჳსა მთისნი დადგეს ღოჯის-თავს, და აწუევდეს ლომისასა, ხოლო იგინი ტყესა ციხესა ღოჯის-თავისასა და ქარაფსა კლდეთასა არა განეშორნეს.

მაშინ მივიდა დავით ძე გიორგისი და არა. ჩაუშვნა ომად, არამედ განყარნა ყოველნი თავის-თავ, და წარვიდეს ყოველნი აზნაურნი ქართველნი თჳნიერ სამთა მათ ჴევთა. მაშინ წარმოვიდა ვირშელი და შთამოვიდა ვაჩედ. ხოლო ლაშქარი წყაროთა, მუხათა და წისქვილთა თანა გუერდსა მას შთამოვიდოდა. და ვითარცა ესმა ესე მთიულთა არაგჳსათა, წარმოუდგეს უკანა მათსა და გამოვიდეს ლომისას. ხოლო დავით ძე მეფისა მუჴლთა დაუყრიდა, და ლომისას მყოფნი ხატთა დაუსუენებდეს და ევედრებოდეს, რათა არა სდევდენ. ხოლო მათ არა ისმინეს, არამედ მრავლითა გინებითა მოსძახდეს და საგორავისა სიმრავლესა ჩამოჰყრიდეს. მაშინ ვირშელმან შეკრიბნა მცირედნი იგი ლაშქარნი სამისა ამის ქვეყნისანი და რქუა: „მათ აწ არღარა იქმნების ომი, რამეთუ გაიყარა ლაშქარი ჩუენი, არამედ კულა შევყაროთ ლაშქარი ჩუენი და მაშინ ვებრძოლნეთ მათ“. ხოლო არა ინებეს ესე მცირეთა მათ ლაშქართა, არამედ თქუეს: „მამანი ჩუენნი მცირედნი მძლავრობდიან მამათა მათთა დიდთა და მრავალთა, და უკეთუ არა ვართ შვილნი მამათა ჩუენთანი, რასათჳს გუაქუს მამული მათი?“.

მაშინ განიშიშულეს ფერჴები მათი და წარიძღუანეს დროშა და აღმართეს ორსა მას ქედსა მთასა ლომისისასა. და ჩამოეგებნეს ერთსა მას ქედსა ცხავატელ-გარეთნი და ყოველნი მიმდგომნი მათნი. მაშინ ჩამოყარეს ეს საგორავი ურიცხჳ, და აღვიდეს კუალადცა, რამეთუ დაბურვილ იყვნეს ფარითა, ვითარცა სიპითა, და დაასხეს ქვა და შუბი მსგავსი წჳმისა. მაშინ შეიქმნა სიმრავლე ისრისა, ვითარცა სეტყუა ჴშირი. და ფუცვიდეს ღმერთსა, რომელ ქუემოთ ნასროლმან ისარმან ფარი და ჯაჭვიანი კაცი გაიარის და მიწასა ნახევრად დაესვის. აღმოიწუადეს ჴრმლები, და შეუჴდე, და აიხუნეს, და აემართნეს აღმა მთასა, და გორვიდეს ჩამოღმა. და იგი იყო უმჯობესი მათ შორის, რომელმან დაყარის აბჯარი და ტანისამოსი და შიშუელი მირბოდის.

მაშინ ვირშელმან ერისთავმან, იხილნა რა ესრეთ უღონო ქმნილნი მებრძოლნი მისნი, უბრძანა არა ჴოცად მათდა, არამედ პყრობად და დევნად. და მიუდგეს უკანა, და გაჰყვეს იქით არაგჳსა. და მოვიდა ერისთავი ლომისას და გაუშვნა ყოველნი, რომელნი ჴლთა დარჩომოდეს, და შეწირა ლომისას არა მცირედი. და ისტუმრა შინა დავით ძე მეფისა.

ამისა შემდგომად გარდაჴდა წელნი რაოდენნიმე. ვითარცა წესი არს ჩუეულება ეშმაკისა, აღძრა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თურქნი ქრისტიანეთა ზედა. შეკრბა ერი ურიცხჳ და მოვიდა ქართლს წინაძღომითა ბაედარის მის ხოსიასითა. ეწყუნენ ქართველნი და თურქნი, მოკლეს მეფე გიორგი და მის თანა ქუენიფნეველი იოანე და ყოველნი მთავარნი დიდებულნი ქართლისანი, და ლაშქარნი სრულიად დაჴოცნეს, საქართველო მოარბიეს და წარტყუენეს თთუესა. აგვისტოსა რვასა, ქ~კსა ჲ~ა.

და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და განაგებდა ყოველსა სამეფოსა ქართლისასა.

აღესრულა დავით და დაჯდა მის წილ ძე მისი გიორგი.

დაჯდა მეფედ ბაგრატ, და განაგებდა სამეფოსა ქართლისასა. ხოლო მჯდომარე იყო წმიდასა კათოლიკე ეკლესიისა ხარისხსა ზედა ჟამსა მას და მწყსიდა კეთილად მწყემსი იგი კეთილი სანატრელი და ყოვლად წმიდა კათალიკოზ-პატრიარქი ელიოზ.

და ამას ჟამსა შინა გამოჩნდა მძლავრი ლანგ-თემურ, პირველად ქუეყანასა თურქეთისასა. რამეთუ ეწოდა სახელად თემური და მკელობელ იყო, და სპარსთა ენათა მიერ მკელობელსა ლანგ ეწოდების. ხოლო ესე ლანგ-თემურ გუარტომობით იყო ჩინყის სამარყანელი. ამისთჳს უწოდდენ ჩინყიზად.

რამეთუ პირველთა ჟამთა შინა იყო ვინმე ქუეყანასა თურქთასა ასული ერთი მდიდრისა რომლისამე, მუნ მკჳდრთაგანისა კაცისა. და იყო ქალი ესე მდიდარ ფრიად. საჭურჭლეთა და მონათა სიმრავლითა გარდარეულ. და უფლებდა რომელსამე ელსა და სპათა ზედა. ესრეთ განაგებდა ელსა და სპათა თჳსთა ქალი ესე, და არა ესუა ქმარი. ხოლო იქმნა მის ზედა ჴელოვნება რამე ბელიარისა, და მიდგომილება ანტესებრივი, და ეგრეთვე ქალი იგი მიდგომილ იქმნა თჳნიერ ქმრისადა დაწინდებისა. ხოლო საცნაურ იქმნა მიდგომილება იგი მისი ყოველთა მიერ. და მცნობელთა საქმისა ამის სპათა მისთა მიერ, ფრიად შემძნობელ. განსაქიქებელ და საკიცხელ უჩნდათ რამეთუ დიდად წარჩინებულ იყო მკჳდრთა მის ადგილისათა. ხოლო ვერღარა თავს იდვეს სირცხვილი იგი მისი სპათა და მონათა მისთა. დღესა ერთსა შეკრბეს ვანად მისსა, მიუვლინეს და ეტყოდეს: „ვინათგან მთავარ და უფალ ქმნილ ხარ ჩუენ ზედა, რასათჳს ჰყავ საქმე ესე, და შეამთხვიე თავსა შენსა ესევითარი სირცხვილი“. ხოლო მან უარ-ყო ფრიად და ეტყოდა მათ: „უკეთუ სარწმუნო ხარო სიტყუათა ჩემთა, ესე უწყოდეთ, რამეთუ მე კაცთაგან არა მიდგომილ ვარ. და უკეთუ არა სარწმუნო გიჩნსთ, დაადგინეთ სრასა ამას ჩემსა მსტოვარნი, და მათ ცნან, თუ ვინა მოვალს ჩემდა, და მით გულ-სავსე იქმნეთ“. და მათ ჰყვეს ეგრეთ, განაწესნეს მცველნი და განმსტრობელთა საქმისა მის იხილეს მსგავსი ნათლისა მზაკუარება მთავრისა მის ბნელისა, რომელი ჴელოვნებათა თჳსთა მიერ რეცა ნათლად შეიცვალების, და უფროსღა ნებისმყოფელთა თჳსთა ზედა ესრეთ მოქმედებს. ხოლო მცველთა მათ იხილეს ნათლისა სახე იგი, რომელი მივიდა ქალისა მის თანა, და მსგავსმან განისუენა მსგავსისა თანა. და ეგრეთვე ღამე ყოველ მოქმედებდა. და აუწყეს მცველთა ცხადად ხილული იგი მათ მიერ. მაშინღა სარწმუნო იქმნნეს საქმესა მას.

ხოლო მიუდგა ქალი იგი და შვა ყრმა-წული, და აღიზარდა იგი, და უწოდეს მას ძედ ნათლისად, და მიერითგან უწოდეს ჩინყიზი. და ვითარცა აღიზარდა იგი, იქმნა მეფედ თურქთა ზედა, და მიერითგან მეფობდენ მუნ ტომნი მისნი.

და ესეცა ლანგ-თემურ იყო ტომობით თესლი ჩინყიზისა მის, და იყო თურქთა მეფისა ყმა საყუარელი და მჴედართ-მთავარი, და მიანიჭა ქალიცა თჳსი. ამისთჳსცა განძლიერდა ფრიად, და უძლებდა სპათა თჳსთა ზედა, და სხუანიცა მრავალნი მიიმძლავრნა, და დიდად სახელოვან და განთქმულ იქმნა მკჳდროანთა მის ადგილისათა. ხოლო ჴელოვნებითა თჳსითა მოიპოვა ჟამი რაჲმე ნებისა თჳსისა, და მოკლა მეფე თურქთა, და ძენიცა მისნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა, და თჳთ და. იპყრა სრულიად ქუეყანა თურქეთისა, და მერმე ინდოეთი და ერანი. და კუალად უმეტესად განძლიერდა, და ვერღარა-ვინ აღუჩნდეს წინააღმდგომად მისსა, რამეთუ ვრცელად ცხოვრება მისი წიგნთა შინა სპარსთასა განმარტებით წერილ არს, და სომეხთაცა სხუებრ რადმე აღუწერიათ.

ხოლო ამიერითგან უფროსად განძლიერდა ლანგ-თემურ, რამეთუ კნინღა სრულიად დაიპყრა პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ესრეთ წარემართებოდა საქმე მისი, ვითარცა ალექსანდრე მაკედონელისა. და ესე არა თუ კეთილ-მოქმედებისა მისისათჳს, არამედ ესრეთ არს სოფლისა მის ჩუეულება. და იგი მპყრობელი ყოვლისა ქუეყანისა აწ ესე-რა იგიცა ნაცარ და მტუერ ქმნილ არს, და სულითა ქუესკნელად შთასრულ არს.

ხოლო აწ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

მაშინ დაიპყრა ლანგ-თემურ ყოველივე ქუეყანა აღმოსავლეთისა, და წარმოვიდა ძლიერებითა მრავლითა და სპითა ურიცხჳთა, რომელი ჰფარვიდა ყოველთა ველთა ქუეყანისათა, და ესრეთ მოიწია სომხითად, და მოიცვა სრულიად სომხითი. რამეთუ მოაწია მათ ზედა ჭირი, სრვა, ტყუენვა და სრულიად იავარ ჰყო სომხითი, ესრეთ ვითა ცხოვრებასა სომეხთასა განმარტებით წერილ არს.

ხოლო დაიპყრა სრულიად სომსხითი და მრავალი ტყუე ჰყო, და უმრავლესნი მათნი მოსრნა პირითა მახჳლისათა, და სხუანი ყოველნივე თჳსად მიიმძლავრნა, და ჰყო საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. და წარვიდა მუნითგან, და დაიპყრა კარი, და აღიღო ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი მათნი, ხოლო წინააღმდგომნი და ურჩნი ყოველნივე მოსრნა პირითა მახჳლისათა. და დაიბანაკა მუნ ზამთარსა ერთსა. რამეთუ იყო ზამთარი ძლიერი და ფიცხელი.

ხოლო წარვიდა ათაბაგიცა და მორჩილ ექმნა მას, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი, და დიდად პატივ-სცა ათაბაგსა.

მაშინ წარვიდა შერდიას-შვილი ვირშელი, და წარმოუძღუა წინა ყოვლითა სპითა ჩაღნელ - ქვეშნელ - სიყალშელ - ნალროელ - ინდუსტანელითა, და ყოვლისა სპარსეთისა და აღმოსავალისა ლაშქრითა, დიდითა რისხვითა და გულისწყრომითა.

ხოლო შემდგომად ზამთრისა წარმოემართა ქართლსაცა ზდია. ვითარცა ღელვანი ზღჳსანი. განძჳნებულნი, რამეთუ წადიერ იყო დაპყრობა საქართველოსა, და ესრეთ იყო ნება სვინიდისისა მისისა. გარდამოვლო აბოცი, წარმომტყუენველმან და სრულიად იავარ-მყოფელმან ყოვლისა სანახებისამან. არა ჰყოვნა მუნ, არამედ წარმოვიდა, გარდმოვლო თრიალეთი და საბარათიანო, საშინელებითა და ზარითა დიდითა, ქრონიკონსკ ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.

რამეთუ ვის ძალ-ედვა წინააღდგომად მისა? რამეთუ ჰყვა ბანაკი და სიმრავლე სპათა ურიცხჳ, რომელსა ვერ იტევდენ მთანი და ველნი და ყოველნივე არენი და სანახებ[ნ]ი საქართველოსანი, და მოსრნა ყოველივე თრიალეთი, საბარათიანო, და გარემონი, მკჳდრნი მათ ადგილთანი წარმოსტყუენნა, და შემუსრნა ყოველნივე სიმაგრენი, ციხენი და გოდოლნი. და არა დაშთა დაბანი, რომელნი სრულიად არა აღაოჴრნა.

რამეთუ არაოდეს მოწევნულ არს ჭირი ესევითარი საქართველოსა ზედა, რომელი მან მოაწია.

მაშინ სცნა რა საქმე ესე მეფემან ბაგრატ, მწუხარე იქმნა ფრიად, და ეძიებდა ღონესა რასამე საქმისასა, რამეთუ ვერ ძალ-ედვა წინააღდგომა მისი. ხოლო შევიდა ციხესა ტფილისისასა.

მაშინ გიორგი მეფე წარვიდა და მივიდა სამწევრისს და ოდეს ესმა მოსლვა ტფილისს თემურისა, მაშინ აღიყარა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით.

მაშინ ერისთავი ვირშელი უკუდგა ციხესა ბეხუშისასა დედაწულითა და ჯოგითა, და თანა ჰყვა კათალიკოზი ელიოზ ყოვლითა საყდრის შვილითურთ, და ხიზნითა და ჯოგითა და ცხვრითა, და გამაგრდა მას შინა.

და ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, წინააღდგომა და სიმაგრე, ეგრეთ ჰმონებდა თჳთ მისლვასა და მორჩილებასა მეფისა ბაგრატისასა, ვითარცა მორჩილ ექმნა ათაბაგი და სხუანიცა მრავალნი. მაშინ ფრიად განრისხნა მძლავრი იგი ზუავი და ამპარტავანი. მივიდა და გარე მოადგა ციხესა ტფილისისასა, და უბრძანა სპასპეტთა და სპასალართა თჳსთა ყოველთავე ბრძოლა ძლიერი, და განწირვა თავთა მათთა.

ხოლო რომელნიმე დიდებულნი თავადნი ქართლისანი არა იყვნენ ციხესა მას. შინა მეფისა ბაგრატის თანა, არამედ წარსულ იყვნეს თჳს-თჳად სახიზარსა და სიმაგრესა შინა, და რომელნიმე თანა ჰყვეს რჩეულნი ჭაბუკნი, რომელნი სამარადისოდ თანა ჰყვებოდეს მეფესა.

ხოლო მოისვა მძლავრმან ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და უბრძანა სიმრავლესა ბანაკთა თჳსთასა აღება ციხისა და შემუსრვა ზღუდეთა ციხისათა.

მაშინ მეფემან ბაგრატ, დიდად მინ[დო]ბილმან და მსასოებელმან მოწყალებათა ღმრთისათამან, განიგულა წინაგანწყობა მათი, მეტყველმან ესრეთ: „ფრიად უმჯობეს არს და სანატრელ სიკუდილი სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, ვიდრეღა-რა მორჩილებასა და იძულებით შეპყრობასა მძლავრისა მის მიერ“ და ესრეთ შეიჭურა ჯაჭუ-ჭური ქრისტეს სარწმუნოებისა, და გამოვიდა შემთხუევად და ბრძოლად ლანგ-თემურისა.

და მიმტევნეს ბანაკსა მათსა მეფე ბაგრატ და სპანი ქართველთანი ესრეთ ვითარცა გავაზი გუნდსა წეროთასა და ვითარცა ლომი მროწეულსა ზროხათასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ, და მოისრა ორ-კერძოვე სიმრავლენი სპათანი, და უფროსღა უმრავლესნი მოსწყდეს სპანი ლანგ-თემურისანი. და ვერა უძლეს ოტებად მათდა სიმრავლისაგან ბანაკთასა; და დაშურეს ფრიად ქართველნი ფიცხელთა ბრძოლათა მიერ და სრვათა, და მოისრნეს ქართველნიცა მრავალნი. და ესრეთ უკუნ იქცეს. მუნვე ციხესა ტფილისისასა.

ამისა შემდგომად ფრიად განძჳნებულმან ლანგ-თემურ და ვერ მიმთხუეულმან ნებასა გულისთქმისასა მოიპოვა ღონე ესევითარი, და ქმნეს ჩელტები რკინითა შემზადებული. ესე აღიფარეს და მიეტევნეს ციხესა მას ტფილისისასა. და ესრეთ მძლავრობით შემუსრეს და აღიღესს ციხე იგი, და იავარ ჰყვეს სრულიად შინაგან მყოფნი ციხესა მას შინა: და რომელნიმე მოსრნეს, და რომელნიმე ტყუე ყვეს.

მაშინ შეიპყრეს თჳთ მეფე ბაგრატ და დედოფალი ანნა, და მის თანა მყოფნი ქართველნი ყოველნივე. და განიხარა ლანგ-თემურ შეპყრობისა მისისათჳს, და პყრობილ ჰყო მეფე ბაგრატ, და სრულიად მის თანა მყოფნი ქართველნიცა. და თჳთ დაიპყრა ციხე, და შეაყენნა მას შინა სპანი თჳსნი. ხოლო აიძულა მეფესა ბაგრატს სჯული მაჰმადისა ლანგ-თემურ, და აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა, და პატივსა ძმებრივსა, და კუალადვე მინიჭებასა სამეფოსა თჳსისასა. ლიქნითა სიტყუათათა მოქენე იყო პყრობა სჯულისა მისისა, და არა მორჩილ ექმნა ყოვლადვე, რამეთუ მტკიცედ ეგო სარწმუნოებასა თჳსსა ზედა მეფე ბაგრატ.

და დაყო მცირედ-რამე მუნ ლანგ-თემურ. და მერმე აუწყეს ნადირთა სიმრავლე და შექცევა ყარაიასა, და წარვიდა ყარაიასა შინა. მოინადირეს და შემოსეს კეთილად, მოსრეს სიმრავლე ნადირთა, და იშუებდეს უზრუნველად და განსცხრებოდეს. მაშინ განიზრახა წარსლვად ყარაბაღს, და აღიყარა და წარვიდა, და თანა წარიყვანა მეფე ბაგრატ პყრობილი. და შთასრულმან ყარაბაღს დაიბანაკა მუნ რაოდენთამე ჟამთა, და იგონებდა ბოროტსა, რამეთუ სავსე იყო შორითა და ჴდომითა, რომლისა თხლე არა წარმოიცალიერა, და გარდამოეცემოდა გესლი ასპიტისა ბაგეთაგან მისთა, რამეთუ სრულიად ეგულვა და მოქენე იყო იავარ-ყოფისათჳს საქართველოსა, ვინათგან მეფე ბაგრატ პატიმრად ჰყვა, და სხუა არავინ საეჭულ უჩნდა წინააღმდგომი მისი. ხოლო განაწესა სპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთა თჳსთაგანი და მისცნა სიმრავლენი სპათანი ურიცხუ[ნ]ი, წარმოგზავნა საქართველოსა ზედა, და ამცნო სრულიად მოოჴრება და დასრულება ქართლისა; და უმეტესად წმიდათა ეკლესიათათჳს, ციხეთა და შენობათათჳს ეტყოდა: „დაარღვიეთ, დაარღვიეთ მისაფუძვლადმდე მისა. ხოლო მჴცოვანთა მამათა და დედათა, და უფროსღა სამღდელოთაგან რომელნიცა შეიპყრან, მოსრან ყოველნივე პირითა მახჳლისათა, და სხუანი წარტყუენონ და ტყუე ჰყონ, და მოწვან ცეცხლითა წმიდანი ეკლესიანი, და ყოველნივე დაბანი და შენობანი ქართლისანი“. და ესრეთ ამცნო და განამტკიცნა სარდალნი და ყოველნივე სპანი თჳსნი მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ. მაშინ წარმოვიდენ და მოიწივნეს მსწრაფლ მყისსა შინა არეთა ქართლისათა, ქრონიკონს ქრისტეს აქეთ ჩ~ტჟგ.

და ვითარცა მოიწივნნეს, მაშინ მოიცვეს ტფილისი და სრულიად ყოველნივე სანახებნი ქართლისანი, და სრვიდეს უწყალოდ, ვითარცა პირველ მეგჳპტელთა ღმრთისა მიერ რისხვით მივლინებული იგი მომსრველი სენი. რამეთუ ესრეთ თქმულ არს: ორგზის ჟამიც აღარ მოექცევისო. ნანდვილვე ფრიად უბოროტეს ჟამისა გამოჩნდეს. იგინი, რამეთუ მომსრველი იგი ჟამი ზეგარდამოითა ბრძანებითა ყოვლად მოწყალისა ღმრთისათა მიივლინების კაცთა ზედა განმრავლებისათჳს ცოდვათა ჩუენთასა, და სწურთნის ვითარცა საყუარელსა ძესა მამა იგი მოწყალე. რათა შეინანონ და მოიქცენ სინანულად, და განგებითა ღმრთისათა მის მიერ აღსრულებელნი გუამნი მკუდართანი ყოველნივე მღდელთა მიერ შეიმუსრვის და იმსახურების, და წმიდათა ეკლესიათა შინა განწესებულ არს სამარხო მათი პატივად და ლხინებელად აღსრულებულთა სულთათჳს. და მომსრველი იგივენი ვერ მიეხების ღდელთა რათურთით. და ესრეთ განთავისუფლებულ არიან მღდელნი მომსრველთა სენთა მიერსა, და წმიდათა ეკლესიათა მიერ ფრიად შიშნეულ არს, და მძრწოლარე ჭირი იგი მომსრველი, არამედ მაშინ ფრიად უბოროტეს გამოჩნდეს მომსრველისა მისგან ჟამისა სპანი იგი ლანგ-თემურისანი საქართველოსა შინა.

ხოლო არა თუ ყოველთა კაცთა სრვა კმა ვყოთ, არამედ წმიდანი ეკლესიანიცა და მას შინა მყოფნი სამღდელონი კრებულნი ცეცხლითა დამწვარ იქმნნეს მათ მიერ.

მაშინ დაუტევეს ქუემო-კერძონი იგი სანახებნი ქართლისანი, და წარვიდეს ზემოთ კერძო შიდა ქართლად, რომელსა აწ ზემო ქართლად უწოდენ. რამეთუ პირველ მოსლვასა მათსა დაშთა შიდა ქართლი წარუტყუენველად. მაშინ მივიდეს უსჯულონი იგი წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა მცხეთას, უფროსღა და უმჯობეს სავსენი შურითა მისითა. ეჰა, ვაჲმე დღისა მისთჳს და ჟამისა, რომელი მოიწია ჩუენდა სიმრავლისათჳს ცოდვათა ჩუენთასა. აჰა წარმოდეგინ ჩუენდა გოდებისა მთხზველად ჴმა ჰრამათ მტირალი საღმრთო იერემია, მეტყუელი ესრეთ: „განიშორა უფალმან საკურთხეველი თჳსი, განაბნია სიწმიდე თჳსი, შემუსრა ჴელითა მტერისათა ზღუდე ტაძართა მისთა, ჴმა ბრძოლისა მოსცა სახლსა შინა უფლისასა, ვითარცა დღესა შინა დღესასწაულისასა, და ეკუეთნეს ქუეყანასა ბჭენი მისნი, წარწყმიდნა და შემუსრნა მოქლონნი მისნი, მეფე მისი, და მთავარნი მისნი წარმართთა შორის. და არა არს სჯული, და წინასწარმეტყუელთაცა მისთა არა ჰპოვეს ხილვა უფლისა მიერ“.

რამეთუ ესრედ სახედ ყოველივე ჰყო მძლავრმან უწყალომან ლანგ-თემურ საქართველოსა შინა, ვითარცა მეფემან ბაბილოვნისამან ნაბუქოდონოსორ მოაწია იერუსალიმსა ზედა, ამან უფროსღა გარდამატა მას, რამეთუ მან არა იკადრა დარღუევა ტაძრისა მის სოლომონისა, თჳნიერ წარღებისა მრავალთასსა მას პატიოსანთა ჭურჭელთა ტაძრისათა, არამედ ამან ლანგ-თემურ ესეოდენი ბოროტი ქმნა რომელ წარიღო, სრულიად პატიოსანი სამკაული და შემკობილნი რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი, და იგი არა ჯერ უჩნდა. კმაყოფად, არამედ თჳთცა შეჰკადრა და ბილწითა ჴელითა წარმდებად ჴელ-ჰყო დარღვევად და მოოჴრებად სუეტისა ცხოველისა შინაგან, და გარეთ ზღუდენი და პალატნი. და ყოველნივე შენობანი სრულიად იავარ ჰყვეს სპათა ლანგ-თემურისთა.

ამისა შემდგომად აღიყარნეს და წარვიდეს და, სადაცა განვლეს, დაწვეს და მოაოჴრეს დაბანი და შენობანი ზემო-კერძოთა სანახებთანა. და ესევითარითა სიბოროტითა მიიწივნეს ქუაბთა ჴევს, და იგიცა მოიცვეს და წარმოსტყუენეს. და უყვეს მრავალი ბოროტი გარეშე წმიდისა ეკლესიისა, და ინებეს წმიდისა მის ეკლესიისა ცეცხლითა დაწვა და დარღუევა, რამეთუ შინაგან ტაძრისა მის შევტოლვილ იყვნეს ყოველნივე მუნ მყოფნი, წმიდანი მღდელნი, დიაკონნი და ფირჩოსანნი, მღდელ-მონაზონნი, გლახაკნი და უღთონი დავრდომილნი, და დედანი მონაზონნი, რომელნი მდგომ იყვნეს. აზნაურთა და თავადთა ასულნი და დედანი.

ხოლო ესე ყოველნივე მონაზონნი გამოიყვანნა და შეასხნა სამეჩანგო შესასხმელნი, და დაჰკიდნა ეჟუანნი და ზარნი და ფერჴისა დააბმევინა, ათამაშა და ამღერა. და ერთმან ვინმე მონაზონმან აღმოთქუა: „ვაჲ ჩუენს დედაბრობასა, ეს რა გუეძღარუნებიან“. ამისა შემდგომად რომელნიცა ინებეს, წარიყვანეს, და რომელთა არა დაუტევეს სჯული ქრისტესი და ურჩ ექმნენ მათ და გლახაკნი და დავრდომილნი რომელნიცა იყვნეს, მათ ყოველთა შეუკრნეს ჴელნი და ფერჴი, და დააწყვეს საშუალ ეკლესიისა, რამეთუ იყო ჴმა მათი ვაებისა და ოჴრებისა, ვითარცა ქუხილი ცისა. ხოლო მათ ყოველთა, უკეთურებითა აღსავსეთა, აღაგზნეს შიგან და გარეშე ტაძრისა მის აღატყინეს ცეცხლი მძლაფრი, და დაწვეს ტაძარი იგი ქუაბთაჴევისა ღმრთისმშობელისა, და მას შინა მყოფნიცა იგი წმიდანი და სამგზის სანატრელნი სამღდელოთა დასნი, რომელნი მას შინა ცეცხლითა აღესრულნეს და წამებისა ღუაწლითა და გჳრგჳნითა შემკულნი აწ იხარებენ წანაშე ღმრთისა და ჩუენთჳს ჰყოფენ ვედრებასა. ხოლო დამწვარნი იგი წმიდათა გუამთა მათთა აჩრდილნი ვიდრე დღეინდელად დღედმდე მსგავსად კაცთა სახედ იხილვების იატაკსა მას შინაგან წმიდისა ტაძრისასა. და ესენი სურვილითა წამებისათა და ტრფიალებითა ზესთა სასურველისათა შეთქმულ იქმნეს, რათა ღირს იქმნენ იგინი ქრისტესთჳს სიკუდილსა და ტანჯვასა, და აქა მცირედ მოითმინნეს და მუნ საუკუნოდ იშუებენ, და იმოთხვენ ზეცათა შინა ყუავილთა მათ დაუჭნობელთა.

ხოლო უსჯულოთა მათ მოვლეს გარემონი მათ ადგილთანი, და წარტყუენნს ყოველნივე. და ამისა შემდგომად წარვიდეს და მიიწივნნეს რუისს და დაიბანაკეს მუნ. მოიცვეს სრულიად შიდა ქართლი, დაწვეს და აღაოჴრეს, და მოვლნეს ყოველნი არენი და სანახებნი შიდა ქართლისანი, და აღიღეს ციხენი, გოდოლნი და სიმაგრენი ყოველნივე თჳნიერ მთისა კავკასიისა. მაშინ ძირითურთ აღმოფხურეს დიდი ეკლესია იგი რუისისა, რომელ არს საყდარი ღვთაებისა, ვიდრე საფუძველითურთ დაარღვივეს, და არა-სადა დაშთა დაბანი და შენობანი მათ მიერ წარუტყუენველად.

და ესრეთ სრულ ჰყვეს ბრძანებული იგი ლანგ-თემურისა სპათა მისთა, ვითარცა პირველ ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარმან მეფესა ნაბუქოდონორისმან ჰყო იერუსალიმს შინა იუდიანთა ზედა, მოქმედმან ესევითარისა უკეთურებისამან, რომელმან განასახლნა იერუსალიმით ბაბილოვნად იუდიანნი, ძენი სიონისანი, სიტყჳსაებრ წინასწარმეტყუელისა იერემიასსა: „მოვიდაო ნაბუზარდან მთავარ-ქონდაქარი და წინაშემდგომი მეფისა ბაბილოვნისა იერუსალიმად, და დაწვა სახლი უფლისა, და სახლი მეფისა, და ყოველნი სახლნი ქალაქისანი, და ყოველი სახლი დიადი მოცეცხლა ცეცხლითა“. ესე ყოველივე ჩუენდა მომართ აღასრულა უწყალომან ლანგ-თემურ და სპათა მისთა, რამეთუ სრულ ჰყვეს ყოველივე ბრძანებული მისი.

ამისა შემდგომად აღიძრნეს და წარვიდეს მუნითგან და ჩავლეს კახეთი. იგიცა წარმოსტყუენეს და იავარ ყვეს, და მრავალნი ტყუ ყვეს. და რომელნიმე მოსრნეს პირითა მახჳლისათა, და შენობანი ყოველნივე მოცეცხლეს და წარვიდეს ლანგ-თემურისა თანა, მიულოცეს გამარჯუება.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>