ქართლის ცხოვრება

ახალი ქართლის ცხოვრება, მეორე ტექსტი

ხოლო ჟამსა მას მივიდა ლანგ-თემურ შაქის, და მიერთნეს ყოველნივე მკჳდრნი მის ადგილისანი, მიიმძლავრნა და ვერვის ძალ-ედვა. წინააღდგომად მისა, და ყვნა ყოველნივე საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა. მაშინ შემოიკრიბა და მიერთნეს ყოველნივე კავკასიანნი და ლეკნი, შირვანელნი და გილან-მაზანდარელნი, და თანა ჰყვა პყრობილად მეფე ბაგრატ, და ყოველნივე მის თანა მყოფნი ქართველნი, რამეთუ დიდად მოქენე იყო და ღონე-ჰყოფდა ლანგ-თემურ მიქცევად სჯულსა მისსა ზედა მეფისა ბაგრატისსა, და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და პატივსა დიდძალსა და კუალად მინიჭებასა საქართველოსასა, და უკეთუ არა სარწმუნო მექმნა და არა ისმინო ჩემი, ვბრძანო სიკუდილითა ბოროტითა სიკუდილი შენი და ყოველთავე ქართველთა, რომელნიცა პყრობილ არიან ჩემ მიერ“.

ხოლო მეფემან ბაგრატ, არარას მზრუნველმან თავისა თჳსისამან და ვითარცა სურვიელმან მწარისა სატანჯველისა და სიკუდილისამან ქრისტეს სარწმუნოებისათჳს, არა ინება და არცა სათნო უჩნდა მორჩილება მათი და დატევება სჯულისა თჳსისა, არამედ გამოჴსნისათჳს ქართველთასა, რათა არა მიზეზითა მისითა იქმნას აღსასრული მათი მის უწყალოსა მძლავრისა მიერ. ამისთჳსცა მოიპოვა ღონე რაჲმე ჴელოვნებით ძჳნად მათდა აღმრჩეველმან, რეცა-თუ პირ-მორჩილ ქმნილმან ნებასა მათსამან, ხლო გულითა შორად განშორებულმან მცირედსა ჟამსა შინა უმჯობესისა საქმისა წარმართებისათჳს, რათამცა ჴსნილ და განტევებულ იქმნენ მათ მიერ, და ამისთჳსცა მიჰყვა ნებასა. ლანგ-თემურისსა. ხოლო ლანგ-თემურს რა ესმა მორჩილება მეფისა ბაგრატისა, განიხარა სიხულითა დიდითა და მსწრაფლ წარავლინა კაცი, და თავისუფალ ჰყო პყრობილებისაგან, და მიიყვანა სახიდ თჳსად. და შეიტკბო და დიდად პატივ-სცა, და ეგრეთვე ქართველნიცა განათავისუფლნა კრულებათაგან. მაშინ მიანიჭა მეფესა ბაგრატს წყალობა, და უბოძა საბოძვარი მრავალი, და მოფენილობა სახლთა, და სარეცელნი და სხუანი მრავალნი საჴმარნი და სამკაულნი, ყოველივე შემსგავსებული სიმდიდრისებრ ჴელმწიფობისა მისისა, და მრავლითა ნიჭითა და საბოძვართა სიმრავლითა აღუსრულა გული, და უყოფდა ძმებრივსა პატივსა და სიყუარულსა ყზომოსა მიქცევისათჳს მისისა სჯულსა მაჰმადისსა. ხოლო მეფე ბაგრატ. დაღაცათუ პირითა აღიარებდა სჯულსა მათსა, არამედ მტკიცედ ეგო გულითა მჴურვალითა სარწმუნოებასა ზედა ქრისტესსა, და საიდუმლოდ თჳსგან ევედრებოდა ღმერთსა ცრემლითა მდუღარითა, რათა განტევებულ იქმნეს მათ მიერ.

მაშინ ქართველთა ყოველთავე დაატყვებინეს იძულებით სჯული მათი და მიიქცეს სჯულსა მათსა, და უფროსღა მას ზედა მწუხარე იყო მეფე ბაგრატ მიდრეკისათჳს და დატევებისა ქართველთა სჯულსა ქრისტეანობისასა. და ჟამსა მას დიდად სათნო უჩნდა ლანგ-თემურს მეფე ბაგრატ, და უსმენდა და მორჩილებდა სიტყუასა მისსა, და არღარა უფარვიდა საიდუმლოსა სვინიდისისა თჳსისასა, და იყო თანა-განმზრახი ლანგ- თემურისა.

ხოლო ჟამსა მას დაეპყრა ყოველივე აღმოსავლეთი ლანგ-თემურს, და არღარავინ საეჭუელ უჩნდა წინააღმდგომი, ვინათგან მეფე ბაგრატ თანა-ჰყვა და სრულიად საქართველო საბრძანებელსა მისსა ქუეშე იყვნეს, და ესრეთ მოქადულ იყო დაპყრობისათჳს საქართველოსა და მეფისა ბაგრატისა, რათამცა ჴელეწიფა პყრობად პირი ყოვლისა ქუეყანისა, და ამისთჳს დიდად პატივცემულ იყო მის მიერ.

ხოლო დღესა ერთსა, ოდეს იყვნეს მხოლოდ თჳსაგან თჳთმპყრობელი მძლავრი ლანგ-თემურ და მეფე ბაგრატ და ზრახვიდენ ურთიერთას, მაშინ რქუა მეფემან ბაგრატ ლანგ-თემურს სიტყჳთა ლიქნითა: „ვინათგან ესრეთ ვსცან სიმტკიცე სჯულისა თქუენისა, და აწ მეცა სარწმუნო მიჩნს და ესრეთ მნებავს, რათამცა სრულიად მორჩილ იყვნე სჯულისა თქუენ სამკჳდრნი საქართველოსანი. და უკეთუ გნებავს მოქცევა მათი სჯულსა თქუენსა ზედა, აწ მომეც სიმრავლენი სპათა თქუენთანი და მე წარვალ სამეფოსა ჩემსა საქართველოსა, და მე მოვხადო ყოველთავე მკჳდრთა ქართლისათა: დიდებულთა და მცირეთა, მთიულთა, ოვსთა, დვალთა, სუანთა და აფხაზთა - ამათ ყოველთავე მე დავარწმუნო სჯული თქუენი, და იგინი ვყვნე მოხარკე და მორჩილ ბრძანებისა თქუენისა.

მაშინ ვითარცა ესმა საქმე ესე ლანგ-თემურს, დიდად მხიარულ იქმნა, და სარწმუნო იქმნა განზრახვასა მისსა ზედა კუალად უმეტესად პატივ-სცა და მიანიჭა საბოძვარი დიდძალი, განძი და საჴელმწიფო საჭურჭლე. და აღამზადა სპანი, რჩეული კაცი თორმეტი ათასი და უჩინა მათ სარდალი და ათასისთავნი. და ამცნო მათ ლანგ-თემურ, რათა მორჩილებდენ მეფესა ბაგრატსა და არა ურჩ ექმნენ სიტყუასა მისსა. ხოლო წარმოვიდა მეფე ბაგრატ, და მის თანა მყოფნი ქართველნიცა, და სპანი ლანგ-თემურისნი თორმეტი ათასი. და ესრეთ იქმნა წინაუკმო აღრჩევა ესე მეფისა ბაგრატის, ვითარცა. პირველ აქიტოფელი აბესლომისათჳს და ესე არათუ თანა-განმზრახ იქმნა საქმედ სიბილწისა, არამედ შურის ძიებისათჳს პირველთა მათ სიბოროტეთა და უკეთურებათა ლანგ-თემურისათა, რომელი ჰყო საქართველოსა შინა.

მაშინ წარმოემართა და მიიწია არეთა და მზღვართა საქართველოსათა და იმარჯუებდა ჟამსა, თუ ვითარძი საბრჴე უდგას სპათა ლანგ-თემურისთა. ხოლო ჟამსა მას დაეპყრა სრულიად საქართველო გიორგის, ძესა პირმშოსა ბაგრატისასა. მაშინ წინააღრჩევით იდუმალ წარავლინა მეფემან ბაგრატ კაცი ერთი მჴედართაგანი, სარწუნო გულისა თჳსისა, მალემსრბოლად წინაშე ძისა თჳსისა გიორგისა, და მიუწერა ესრეთ: „განვერი საბრჴისა მისგან ლანგ-თემურისა ძალითა ყოვლად ძლიერისა ღმრთისათა; და აწ მოვალ შურისგებად და ძიებად პირველთა სიბოროტეთა, რომელი ჰყო მან ჩუენ ზედა და საქართველოსა ზედა. აწ ესერა მომყავს სპანი ლანგ-თემურისნი, კაცი ვითარ თორმეტი ათასი, დიდად რჩეულნი და წარჩინებულნი მისნი, სავსენი განძითა და საჭურჭლითა მრავლითა. და ესე იყო წადილი და სურვილი სვინიდისისა ჩემისა ესრეთ“.

და ვითარცა მიუმცნო ძესა თჳსსა გიორგის, მაშინ მოვიდა მეფე გიორგი ლიხთიმერეთით, და ესმა დვალთაგან ღალატი ქსანთ ერისთვისა. განრისხნა და განილაშქრა მათ ზედა, და შემოვიდა გზასა აჩაბეთისასა, და იწყო ტყუენვა და აოჴრება მათი, და მოაოჴრა სრულიად დვალეთი.

მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და შემოკრიბნა ყოველნივე, და წარმოემართა და მოვიდა და დაიბნაკა ერთსა ვიწროთაგანსა გზასა სიმაგრისასა, სადაცა წინასწარ ბირებულ იყო მეფისა ბაგრატის მიერ. ხოლო ოდეს მოიწია მეფე ბაგრატ ადგილსა მასა სადა-იგი მზირად განწყობილ იყვნენ უქმნეს წინაუკანა სპათა ლანგ-თემურისთა. მაშინ მიეტევვეს ქართველნი ვითარცა ხანძარი აღტყინებული ქართა მიერ განძჳნებული მდელოთა ველისათა ანუ მაღნართა შინა. და ვითარცა ხე ცულითა, დაკოდნეს ბეჭნი მათნი და პირითა მახჳლისათა მოსრნეს იგინი.

და მოიწია მათ ზედა რისხვა ღმრთისა საშინელი, ვითარცა-იგი ილოცა ეზეკია მეფემან ღმრთისა მიმართ სენექერემისთჳს, და გამოვიდა ანგელოზი უფლისა და მოსრა ბანაკისა მისგან ასურასტანელთასა ასოთხმეოცდახუთი ათასი კაცთაგან მთავართა. ესევითარი რისხვა ღმრთისა მოიწია სპათა ზედა ლანგ-თემურისთა, და მიუწყუეს მათცა საწყაული იგი, რომელიცა მოუწყეეს საქართველთსა, ვითარცა იტყჳს დავით: „ასულო ბაბილოვნისაო უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგის შენ მისაგებელი იგი, რომელ შენ მომაგე ჩუენ“ და შემდგომი.

ხოლო მოსრეს ყოველნი სპანი ლან-თემურისნი ვითარ თორმეტი ათასი, და ერთიცა მათგანი არა განერა. და წარიღეს ქართველთა ნატყუენავი და იავარი მათი. და იყვნენ სიხარულით და შვებით განმარჯუებულნი და უფროსღა მოხარულ იყვნენ ხილვისათჳს მეფისა ბაგრატისა და მის თანა მყოფთა ქართველთასა, რამეთუ ესრეთ გამარჯუება მისცა ღმერთმან ქართველთა, რომელ თორმეტის ათასის რჩეულის ლანგ-თემურისა სპისა მომსრველთა თორმეტი კაცი არა დააკლდა მათ მიერ საქართველოსა ამა წყობათა შინა.

მაშინ ვითარცა მიესმა ლანგ-თემურს ამბავი ესრეთი, შეუძნდა ვითარმცა სრულიად მიღებულ ქმნილიყო მისთჳს ყოველივე სახელმწიფო და განსაგებელი თჳსი, იშთვებოდა სულითა და განიხერხებოდა შურითა, და იმძლავრებოდა ბოროტთა გულისსიტყუათაგან. მაშინ დაღაიდუმა საქმე იგი. და დაიზამთრა მუნვე შაქის ბანაკითურთ თჳსით, და იყო მუნ ჟამსა რაოდენსამე. და ვითარცა მოიწია თუე მარტისა, შემოკრიბნა სიმრავლენი სპათანი, უმრავლესნი ზღჳსა ქვიშისა და უმეტესნი პირველთასა.

მაშინ მოუწოდა შარვან-შაჰს ბანაკითურთ თჳსით, და მოვიდა იგიცა სპითა ურიცხჳთა, და წარმოვიდა ლანგ-თემურ ძალითა მრავლითა და საშინელებითა ზარის-საჴდელითა, საყვირითა და დაბ-დაბთა ცემითა და ბუკთა ტკრციალითა. და ესრეთ მოიწია ბარდავს, და მუნ დაუტევნა საჭურჭლენი და ბარგნი, სამძიმარი, რომელი არა ეჴმარებოდა, და დაარჩინნა სპანი მეომარნი. და ესრეთ წარმოემართა და მოიწია მდინარესა მას ზედა მტკუარსა, და გასდვა ჴიდი ნავებითა, და განვლეს მას ზედა, რამეთუ მას ჟამსა იყო გაზაფხულის პირი, და წჳმდა, და მოსთოვდა მთათა ჰაეროვნებისაგან, და არღარა ჰყოვნეს მუნ, არამედ მოისწრაფეს შენობათა შინა.

ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი შემოიკრიბ[ნ]ა სპანი საქართველოსანი, რომელთა მინდობითა და სარწმუნოებისა ღმრთისათა არა ჰრიდეს სიკუდიდ განწირვად თავთა მათთა, დაღაცათუ უმრავლეს იყვნეს იგინი უმეტეს ასითა ათასითა ზომითა, არამედ არა შეშინდეს, არცა მომედგრდეს. ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი და ერთგულთა სპათა მისთა ქართველთა მყის მიისწრაფეს მათდა მიმართ.

აწ მიხედეთ მაშინდელსა მას სიქველესა და მჴეცქმნილობასა და სჯულისა სიმტკიცესა, მკჳდრნო საქართველისანო, ჩინებულნო და რჩეულნო, და თუ ვითარი ახოვნება და გულსმოდგინება აჩუენეს უსჯულოთა ზედა არა დაკნინებისათჳს საქართველოსა, რამეთუ ესრეთ ჯერ უჩნდათ მაშინ ბრძოლა მათი, ვითარმცა მჴეცთა სრვა და შექცევა ჯარაიასა შინა.

მაშინ მივიდეს ქართველნი სადა-იგი დაბანაკებულ იყვნეს პირველ შემოსლვადმდე მათსა შენობათა შინა ქართლისათა. ესენი მიეგებნეს წინა, და მიეტევნეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომი ჯოგთა მიმართ კანჯართასა, და ვითარცა მგელი ჯარათა მიმართ თხათასა; და ეკვეთნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი იმიერ და ამიერ.

აჰა, მიხედეს რჩეულებსა და ქებულსა ჭაბუკთა ქართველთასა დღე და ღამე სიხარულისა და განცხრომისა, და პირველსავე კუეთებასა ზედა მიდრიკნეს იგინი და შეანარცხეს ურთიერთას, ვითარცა შავარდენთა მიერ განქრეული გუნდი ჭილყუავთა, ეგრეთ საგონებელ იყვნეს ბანაკნი ლანგ-თემურისნი. არამედ სიმრავლისაგან მათისა ვერა აგრძნეს ბოლოდ კერძოთა მყოფთა ბანაკთა მისთა ესევითარი ძლიერი ბრძოლა თხემსა რაზმთა წყობისა მათისასა. რამეთუ მაშინ ფრიად სანატრელ საგონებელ იყო შორით მჭურეტელთა. კაცთა მიერ ახალმოასაკეთა მათ მოყმეთა ქართველთა ჭაბუკთა სიქველე და მკჳრცხლ-მორბედობა, რომელი კმა იყო ძუელთაგანცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მათ მიერ მივიდოდეს სიმწვავენი, და მკუეთებელნი ისართანი, მფეთებელნი ჴრმალთანი, და მხეთქებელნი ოროლთანი, და უშრომელობანი, და სიმაგრენი მკლავთანი. და ამას შინა განგრძელდა ომი.

ხოლო ლანგ-თემურისა მიერ პირველვე განწესებულ იყვნეს მცველნი რათა არავის უტევებდენ მლტოლვარეთაგანსა. და მაშინღა შეკრბეს ზოგად ერთ გუნდად, რამეთუ სიფიცხისაგან ომისა ფრიად შეძრწუნებულთა ეგულვებოდათ სივლტოლა და უკუნ ქცევა. ხოლო ლანგ-თემურ აღირჩია განწირვა თავისა თჳსისა და სიკუდილი და არა უკუნ ქცევა.

მაშინ იქადა მახჳლი და თჳთ განვიდა წინაგანწყობად, აღიზახა ჴმითა დიდითა სპათა მიმართ თჳსთა. და განმჴნდეს სპანიცა მისნი, და მიეტევნეს მიმყოვრებასა თანა ომისასა. რამეთუ სპანი ქართველთანი ფრიად დამაშურალ იყვნეს და დაელეწნეს აჯარნი საომარენი, არამედ კუალადცა ფიცხლად იბრძოდეს და სრვიდეს სიმრავლესა მათსა, და დასთხევდეს სისხლსა მათსა, რომელ ყოველნივე მეწამულად იხილვებოდეს სპანი ქართველთა, ცხენით კაცითურთ. და მოისრა ორკერძოვე ბანაკი ურიცხჳ, და უფროსღა ხუთი ზომა სპანი ლანგ-თემურისნი მოისრნეს, რამეთუ განგრძობასა თანა ომისასა ვერღარა ძალ-ედვათ ქართველთა წინაგანწყობა მათი დიდსა სიმაშურალისაგან, და არცაღა იარაღი შერჩომოდათ, არცაღა ცხენთა მათთა ძალედვა სრბა. რამეთუ მე ეგრეთ ვერ ძალ-მიძს აღწერად, და შესხმა ქებისა სიმჴნე-აჴოვნებათა მათ ჭაბუკთა ქართველთასა, ვითარ-იგი სპარსთა წიგნთა შინა წერილ არ; ქება სპათა ქართველთასა. მაშინ უკუნ იქცა მეფე ბაგრატ და ქართველნი და მიჰმართეს სიმაგრესა მთათასა, და დევნა უყო უკანა მათსა ლანგ-თემურ და სრულიად სპათა მისთა.

ხოლო წინათვე წარსულ იყვნეს ხიზანნი საქართველოსანი სიმაგრეთა შინა, რომელნიმე მთათა შინა კავკასიისათა, რომელნიმე სხუათა სიმაგრეთა მიმართ იმერთასა, და არღარავინ დაშთა საქართველოსა, არცა იპოვებოდა ხიზანი შენობათა შინა, ყოველნივე შელტოლვილ იყვნეს მთათა მიმართ.

ხოლო მეფემან ბაგრატ და ძემან მისმან გიორგი მიისწრაფეს სიმაგრეთა შინა, და წარვიდეს ქართველნიცა თჳს-თჳსად. მაშინ შემოვიდა საქართველოსა შინა რისხვითა დაუპყრობელითა და, ვითარ იგი ჰგონებდა, ვერ მიემთხვივა ნებასა გულისთქმისა თჳსისასა, ვერ პოვნა ხიზანნი. და მოვლეს სრულიად ქართლი, მოაოჴრეს და დაწვეს. ყოველნივე შენობანი, და უფროსღა წმიდანი ეკლესიანი და მონასტერნი დააქცინნეს და დაწვეს ცეცხლითა. ესე მეორე ბოროტი მოაწია წმიდათა ეკლესიათა ზედა, და შემდგომად მცირედისა ჟამისა წარვიდა ლანგ-თემურ და მიიქცა მუნვე ყარაბაღს, და დაჰყო მუნ ჟამ რაოდენმე.

ხოლო მეფემან ბაგრატ კუალად იპყრა სამეფო თჳსი და განაგებდა კეთილად. და მცირედსა ხანსა შინა მიიცვალა სარწმუნოებასა და სინანულსა შინა მეფე ბაგრატ, და დაჯდა მის წილად მეფედ გიორგი ძე მისი ქრისტეს აქეთ [...]

და ამასვე ჟამსა მიიცვალა ყოვლად სანატრელი კათალიკოზი ელიოზ და დაჯდა მის წილად კათალიკოზად გიორგი.

და ყო გლოვა დიდი მეფემან გიორგი, და აღასრულეს წესი დაფლვისა. და შემდგომად ამისა დაიპყრა მეფემან გიორგი ყოველივე საქართველოს იმერნი და ამერნი, და მეფობდა ერთობით სრულიად საქართველოსა ზედა.

და ვითარცა ესეა საქმე ესე მძლავრსა მას ლანგ-თემურს სიკუდილი მეფისა ბაგრატისა და გამეფება ძისა მისისა გიორგისა, კუალად აღივსო შურითა და რისხვითა დაუპყრობელითა, რამეთუ ესეოდენი ბოროტი და უკეთურება არა მოეწყინა, და არცა დააცხრო გულისწყრომა თჳსი; მაშინ გამოაყენა მეწინავეთ სარდალი თჳსი სახელით ყარალათი, და შემდგომად თჳთცა წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა.

ხოლო განსცა საბოძვარი მრავალი სპათა თჳსთა ზედა და დასცალნა სალარონი და საჭურჭლენი თჳსნი ყოველნივე, და ესრეთ დაიერთგულნა სპანი თჳსნი. და აღაზრზინნა იგინი, ვითარცა მჴეცნი, განრყუნად ქრისტეს სამწყოსთა, და იღრჭენდეს შეგინებულთა კბილთა მათთა ქრისტეს შემოსილსა მეფესა ზედა. მაშინღა წარმოემართა და მოიწია ყარაბაღს საშინელებითა და დიდძალითა ბანაკთა სიმრავლითა, რამეთუ ვერ იტევდა ვერცა ქალაქნი და ვერცა დაბანი სპათა მისთა, არამედ სიმრავლისაგან სპათასა არა იყო რიცხვი. და ესრეთ წარმოვიდა გულისწყრომით აღძრული, და მოიწია მზღვართა საქართველოსათა, და დაიბანაკა მუნ. ხოლო წარავლინა კაცი ერთი და მიუწერა მეფესა გიორგის ესრეთ, ვითარმედ:

„მამამან ძენმან მეფემან ბაგრატ, არა სარწმუნო ქმნილმან მორჩილებისა ჩემისამან, ქმნა ბოროტი და ზაკჳთ განხეთქა ზოგი მეფობისა ჩემისა, და ვითარცა ქურციკი საბრჴით განერა მახეთაგან ჩემთა, და მოსრა პირითა მახჳლისათა სპანი ჩემნი რჩეულნი, რიცხვით თორმეტი ათასი, რომელ არცაღათუ ერთი განერა. და უკეთუ შემდგომად ამისა სარწმუნო თუმცა ქმნილიყო მორჩილებად ჩემდა, არამცა მეძიებელ ვიყავ შურისა მის პირველისა, არამედ, ვინათგან აწ შენ დაგიპყრიან საქართველო თჳნიერ ბრძანებისა ჩერსა, რამეთუ ქუეყანა ესე ჴრმლითა ჩემითა დამიპყრიეს და ბრძანებელსა ქუეშე ჩემსა არს, აწვე მოვედ ჩემდა და იყავ მორჩილ ბრძანებისა, ეგრეთ, ვითარცა არს წესი მონათა თჳსთა უფალთა ზედა. და მეცა კეთილის-მოქმედ ვიყო შენდა მომართ, და იყოს მშჳდობა ურთიერთას შორის ჩუენსა. ხოლო უკეთუ არა ინებო მორჩილება ჩემი ვყო მრავლი ბოროტი შენ ზედა და თემთა შენთა ზედა უძჳრეს პირველისა, და ესრეთ სრულიად იავარ ვყო სამეფო შენი“.

მაშინ, ვითარცა ესმა ესე მეფესა გიორგის, განბასრა ამპარტავანება და ქედმაღლობა მისი, და შეითუალა მეტყუელმან ესრეთ:

„დაღაცათუ სარკინოზ ხარ და ბარბაროს სჯულითა, და არა უწყი წინასწარმეტყუელთა მიერ თქმული, თუ ვითარ იტყჳს: უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი ესე უწყოდე, რამეთუ მე მეფობისა შენისა არა უმცირეს ვარ, არცა უდარეს. არა უწყია, რამეთუ ძირთაგან დავით წინასწარმეტყუელისათა აღმოცენებულ ვართ, და მის გამო ღმრთისა მიერ ცხებით განმგების მეფობა ჩუენ ბაგრატოანთა და ტომნი ვართ დავით მეფისა და წინასწარმეტყუელისა? რომლისათჳს ბრძანა ღმერთმან, ვითარმედ: „ერთგზის ვეფუცე წმიდასა ჩემსა დავითს, და მე არა ვეცრუო მას, ნაყოფისაგან მუცლისა შენისა დავსუა საყდართა შენთაო“. და ესე დავით იგი არს, რომელმან ერთითა შურდულითა მოკლა გოლიათი და შემუსრა ქედმაღლობა მისი. ამისთჳსცა განგებითა მრავალმოწყალისა ღმრთისათა მეფე დამკჳდრებულ ვართ სრულიად საქართველოსა ზედა, და ესრეთ განთავისუფლებულ ვართ, და სხუა მეფე არა უფლებულ არს ჩუენ ზედა. გარნა მეუფე იგი ზეცათა უფალი ჩუენი იესო ქრისტე.

ხოლო მეფობა შენი აქაცა მწრაფლ წარმავალ არს და უმკჳდრო, და მუნ საუკუნოდ გეგულების ცეცხლი უშრეტი, რომელი განმზადებულ არს ეშმაკთათჳს და შენებრ მსახურთა ყოველთათჳსვე. და მზაკუარებითა მაგით და ჴელოვნებითა ბელზებელთათა დაგიპყრიეს სრულიად აღმოსავლეთი და გვყავს სიმრავლე ბანაკთა და სპანი ურიცხუნი. და ესე სამგზის მოსრულ ხარ და იავარ გიყოფიეს სამკჳდრებელი ესე სამეფო ჩემი, და წილხდომილი ესე სამყსო წმიდასა დედოფლისა ჩუენისა ღმერთისმშობელისა, და ესე არათუ ძალისა შენისა მოქმედება არს, არამედ ცოდვათა ჩუენთა განმრავლებისათჳს სამართლად გუწუართნა ჩუენ ღმერთმან. რამეთუ ესეოდენი ბოროტი გიყოფიეს და არა განსძეღ სისხლთა ჩუენთაგან, და კუალად გნებავს შეჭმად ჴორცთა ჩუენთა ძუალთა თანა, და აწ, ვინათგან ეგევითარითა სილაღითა მოქადულ ხარ ჩუენდა მომართ მომავალი. მოვედ, თუმცა არა ხარ სეფექალი და დიაც, და თუ შენ არა მოხვალ, მე მოვალ ძალითა ღმრთისათა რჩეუილითა სპითა-ჩემითა.

რამეთუ სამგზის შენცა გიხილავს, და სიმრავლეთა სპათა შენთათა უწყიან მჴეცქმნილობა და გამოცდილება ომსა შინა ჭაბუკთა ქართველთასა. დაღაცათუ სიმრავლითა ძალისა შენისათა მრავალი ბოროტი გიყოფიეს ჩუენდა მომართ, არამედ უვნებელად არცა ჩუენ მიერ წარსრულ ხარ. და ესრეთი წარგზავნა მოციქული ლანგ-თემურისა.

ხოლო მეფემან გიორგი მსწრაფლ შემოკრიბა სრულიად სამეფო თჳსი, სპანი რჩეულნი იმერნი და ამერნი, და მესხნი და კახნი, და ყოველივე საქართველო, და წარმოვიდა.

მაშინ მივიდა მოციქული იგი წინაშე ლანგ-თემურისა, და წარმოუთხრა ყოველივე თქმული მეფისა გიორგისა, და დიდად აქო სიმჴნე და სიქველე მეფისა გიორგისა და სპათა მისთა, და სიტყუათა მათ ზედა უფროსღა განძჳნდა, ვითარცა მჴეცი ბოროტი, და აღიყარა სიმრავლითა ძალისა თჳსისათა, და წარმოვიდა იგიცა.

და შეემთხვივნეს რა ურთიერთას, მაშინ ფიცხად მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა. ცეცხლი თივათა. და აჰა, შეიქმნა ომი ძლიერი იმიერ და ამიერ. და დიდად სახელოვნად გამოჩნდეს სპანი ქართველთანი, სრვიდეს და იპყრობდეს. და განგრძელდა ომი, და შეაძრწუნნეს სპანი ლანგ-თემურისნი, გარნა სიმრავლისაგან ბანაკთა მათთასა ძრვა ვერ ძალ-ედვათ. რამეთუ ესეოდენი სიმჴნე აჩუენეს სპათა საქართველოსათა, ვითარმედ, შეჰჴდიან კისკასად შუასა შინა რაზმთა მათთასა, და ეგრეთ მახჳლ-წვდილნი სრვიდეს, და განვიდიან თავითგან ვიდრე ბოლომდე, და კუალად მათგან უვნებელად უკმოქცეოდიან შორის ბანაკისა მის ისმაიტელთასა. და ესრეთ სახელოვნად გამარჯუებულნი მოვიდიან ღვთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა გიორგის წინაშე და მოულოცევდიან განმარჯუებასა.

მაშინ ფრიად შეწუხნა მძლავრი ლანგ-თემურ, ესრეთ რომე ამისთანა მარცხი და ზიანი მას არაოდეს შემთხუევია. და ესევითარითა სიმჴნითა ლომებრივითა გულითა შებმა უყვეს, და ურიცხუნი სპანი მოისრნეს პირითა მახჳლისათა ქართველთა მიერ, არამედ სიმრავლისაგან მათისა არა აკლდებოდათ. ხოლო ლანგ-თემურ გამოცდილ იყო, და უწყოდა ქართველთა ომისა სიფიცხლე და ადრე სიმაშურალე. ამისთჳსცა დაღაითმინა, ვიდრემდის დიდად დაშურეს ომისაგან ქართველნი.

ხოლო ოდეს მიმყოვრდა ომი და მზეცა მიდრკა შთასასვლელად, სცნა ლანგ-თემურ ფრიადი სიმაშურალე, და დაღალვა მკლავთა, და დალეწა აბჯართა საომართა სპათა ქართველთასა. მაშინღა განიწირა თავი თჳსი მოსიკუდიდ და აღუზახა ჴმითა დიდითა სპათა თჳსთა. და განმჴნდა იგინიცა, და ესრეთ მიეტევნეს სპათა ქართველთასა და, რაც ოდენ ძალ-ედვაო, კუალად შებმა უყვეს, არამედ ვერღარა ძალ-ედვაო წინადადგრომად ფრიადისა სიმაშურალისა და მოჭირვებისაგან. და მაშინღა სძლეს ბანაკმან ისმაიტელთამან, ლანგ-თემურ და აგარიანთა, და მიდრკეს ქართველნი, და ივლტოდეს მთათა მიმართ და სიმაგრეთა.

მაშინ ლანგ-თემურ წარმოვიდა პირველად და მოადგა ციხესა ტფილისისასა. მაშინ დიდად განმაგრებულ იყო ციხე იგი ტფილისისა, რამეთუ მდგომარე იყვნეს შინაგან ციხისა სპანი ქართველთანი; და ბრძოლა უყო ძლიერად, და აგრეთვე ძლიერად ებრძოდეს მეციხოვნენი. და მოიცვა ლანგ-თემურ სრულიად გარემონი ტფილისისანი, და მაშინღა მძლავრებით ინებეს შემუსრვა ციხისა. და ეგრეთცა შემუსრნეს ზღუდენი, და ხანთა რაოდენთამე შინა აღიღეს ციხე იგი ტფილისისა და ეგრეთვე ყოველნივე სიმაგრენი ქართლისანი აღიღეს და დაიპყრა ქართლი, და შეაყენა ციხესა შინა ტფილისისანა სპანი ხორასნელნი, და თჳთ აღიყარა და წარმოვიდა და დადგა მუხრანს. და შემუსრნეს კუალად წმიდანი ეკლესიანი და მონასტრები, და შენობანი ყოველნი აღაოჴრეს და დაწვეს ვეცხლითა. და მაშინღა მოუვიდეს ზოგი რომელიმე ქართველთაგანიცა, რომელთა არა აქუნდათ ძალი სიმაგრესა.

ხოლო იყო ვინმე მთავარი და დიდად წარჩინებული ქართლსა შინა სახელით ჯანიბეგ. ამა ჯანიბეგისა მამულსა ჩაუდგა ლანგ-თემურ და აღაოჴრა, დაწვა და დააქცია. მაშინ მოუვიდა იგიცა და შეურიგდა, და იყო ხანსა რაოდენსამე შინა მუნ. და მოვლეს სრულიად ქართლი და მოაოჴრეს და დაწუეს, და დიდად ღონე ჰყოფდა და წადიერ იყო შეპყრობად მეფისა გიორგისა, და ვერ შეუძლო.

ხოლო რაჟამს მოუვიდა ჯანიბეგ, აღიყარა და წარვიდა, და მივიდა სადაცა ჰქონდა ბარგი და სამძიმარი თჳსი. ხოლო არცაღა მაშინ დასცხრა ბოროტისა მისგან შურისა და გულისწყრომისაგან მეფისა გიორგისთჳს, რამეთუ ჰგონებდა კუალად შთამოსვასა ქართლად და დაპყრობასა. ამისთჳსცა გამოაყენა ამირსპასალარად ხოჯა შიხალი და ამირჯანშა, ესენი წარმოავლინა საქართველოსა ზედა, და წარმოატანნა თანა სპანი რიცხუნი, და უბრძანა თჳთოეულსა თჳთოსა არესა მტკიცედ დგომა და სრულიად მოოჴრება, დაწვა და დაქცევა ყოველთავე, რათა არღარა დაემკჳდრნენ მკჳდრნი საქართველოსანი მუნ.

და წარმოვიდეს იგინი და მოვიდეს ქართლსა შინა, კუალად იწყეს უკეთურებად და ბოროტის-ყოფად, წვად და ქცევად ტყუენვად და სრვად, და უფროსღა წმიდათა ეკლესიათა ზედა ყვეს მრავალი ბოროტი. მაშინ დიდად წადიერ იყვნეს ჴელგდებად და შეპყრობად მეფისა გიორგისა, არამედ ვერ შეუძლს და ესრეთ ყოველს დიდითა ოჴრებითა ქართლი. მაშინ შეიპყრეს რომელნიმე მეფისა გიორგისანი, და ეკითხვიდეს სადა ყოფასა მისსა, და მათ არა-რა, უწყოდეს, და ვერცაღა შემძლებელ იქმნნეს მათგან ცნობისა საქმისა.

ხოლო მაშინღა წარმოვიდენ, და მოვიდენ წინაშე ლანგ-თემურისა, და აუწყეს ვერ-შეპყრობა მეფისა გიორგისა. და მაშინ დაჭმუნდა და დიდად მწუხარე იქმნა. და შემდგომად მცირედისა აღიყარა და მივიდა ყარაბაღს, და დაიბანაკა მუნ.

ხოლო იყო ვინმე მუნ კერძოთა არეთასა სახელით სახელით თირ-სულთან, ქუეყანისა ჯალალისა, და ასე იყო სჯულითა მაჰმადიანი. მაშინ ოდეს მოვიდა ლანგ-თემურ ყარაბაღს, ესე თირ-სულთან ფრიად წინააღუდგა ლანგ-თემურს, და მრავალი ბოროტი შეამთხვივა თჳთ ლანგ-თემურს და სპათა მისთა, და იყო განდგომილ მათგან, და არა ჰმორჩილებდა ლანგ-თემურს და, რაოდენ ძალ-ედვა, ჰბრძოდა მათ. ხოლო ვერღარა შეუძლო წინააღდგომად მისსა, და ესრეთ ლტოლვილი წარმოვიდა და მოვიდა მეფისა გიორგისა თანა.

ხოლო მეფემან დიდად პატივ-სცა და კეთილად ისტუმრა იგი, და იყო თანაგანმზრახ მისსა, და ისმენდა მისსა. და იყო მის თანა ჟამ რაოდენმე. და ამას შინა კუალად უფროსად განმძლავრდა ლანგ-თემურ. სცნა ესე მეფემან გიორგი, და დიდად მოურნეობდა საქმის წარმართებასა საქართვეოლოსასა, და მაშინღა უმჯობესისა წარმართებისათჳს ინება მორჩილებად ლანგ-თემურისა, და ჰკითხვიდა დიდებულთა თანაგანმზრახთა თჳსთა. და განიგულეს წარგზავნად კაცისა მშჳდობის ყოფისათჳს. მაშინ სცანა რა ესე სულთან-თირ, რაც ოდენ ძალ-ედვა, დიდად წადიერ იყო არა ქმნად და დაშლად საქმისა მის, რამეთუ არა ენება მორჩილებად ლანგ-თემურისა, არამედ არა უსმინა მეფემან და წარავლინა კაცი, და იჴმო პირველ მოსრული იგი მოციქული, რომელი წარმოევლინა ლანგ-თემურს მეფისა გიორგის თანა. ხოლო ესე იყო შემეცნებულ და ცნობილ მეფისა მიერ, ესე იყო სრულითა მაჰმადიანი, სახელით ისმაილ, და თანაგანმზრახი ლანგ-თემურისა; ამას მოუწიდა და წარავლინა შერიგებისათჳს და მშჳდობის ყოფისა წინაშე ლანგ-თემურისა, და შეუთუალნა სიტყუანი მორჩილებისანი.

ხოლო ვითარცა ესმა ლანგ-თემურს, განიხარა სიხარულითა დიდითა, და მართლ-უკუნ აქცია იგივე მოციქული, და ესრეთ მიუმცნო მეფესა გიორგის, ვითარმედ: „ფრიად კეთილი საქმე აღგირჩევიეს თავისა შენისათჳს და სამეფოსა შენთათჳსცა, და კმა არს დაცადება ესოდენისა სიბოროტისა. ამიერითგან ვყო მშჳდობა და, უკეთუ მოხვალ ჩემდა, არცაღა მე მოვიჴსენებ გარდასრულთა მათ ჭირთა, რომელნი გიქმნიან ჩუენ ზედა, არამედ ნაცვლად სიმდაბლისა და მორჩილებისა შენისა მეცა მრავალი კეთილი ვყო შენ ზედა, და მიიღო ჩემ მიერ მრავალი საბოძვარი და ძმებრივი პატივი“.

და ვითარცა წარავლინა კაცი იგი. მაშინ განიზრახა თჳსაგან და თქუა, ვითარმედ: „ესე უწყი, რომელ საქმე ესე ჴელოვნებითრე განუზრახავს, და ჰნებავს ცნობა ჩემი, ვითარცა ჰყო პირველ მამამან მისმან მეფემან ბაგრატ, და მოსრნა პირითა მახჳლისათა რჩეულნი სპანი თორმეტი ათასი; ესე ვერ ეგების და არცა სარწმუნო მიჩნს საქმე ესე, არამედ ზაკჳთ ჰნებავს ცთუნება ჩემი“.

მაშინ აემზადა, და წარმოვიდა სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა, ამისთჳს რომელ პირველსა ომსა შინა ახლდა სპითა რჩეულითა ათაბაგი ივანე მეფესა გიორგის და იყო მორჩილ მისა. ამა პირველსავე შურსა იგონებდა მძლავრი იგი, და წარმოემართა ძჳრის-ყოფად ივანე ათაბაგსა ზედა, და მიიწია და ჩაუდგა შიგან ზემო ქართლსა, რომელ არს საათაბაგო, და ვერღარა წინააღუდგა ათაბაგი და ივლტოდა სიმაგრეთა შინა.

მაშინ მრავალი ბოროტი მოაწია, და მოსრა პირითა მახჳლისათა სულნი მრავალნი, მრავალი ტყუე ჰყო, და დააქცინა წმიდანი ეკლესიანი, და დაწვნა ცეცხლითა ყოველნივე შენობანი, თემნი და დაბანი. და სრულიად იავარ ჰყვეს ზემო ქართლი. და წარმოტყუენა და წარიღო მრავალნი საჴმარნი წმიდათა ეკლესიათანი, ხატნი და ნაწილნი ყოველნივე შერიეს და უჴმარ ჰყვეს. და რაოდენნიცა შეიპყრნეს კაცნი ქრისტიანენი, რომელნიმე მოკლეს და, რომელთაცა დაუტევეს სჯული თჳსი, იგინი თანაწარმოიყვანნეს.

მაშინ წარმოვიდა მუნითგან, გარდმოვლო მთა კლარჯეთისა და მოიწია მანგლისს. და დაიბანაკა მუნ თუესა ორსა, ხოლო მოვიდეს კაცნი, რომელნიცა მსხემ იყვნეს. საზღვართა საქართველოსათა ისმაიტელნი, სჯულითა მაჰმადიანნი. ესენი მოვიდეს ლანგ-თემურისა თანა ძჳნად მეფისა გიორგისა და სპათა საქართველოსათა მეტყუელთა ესრეთ, ვითარმედ: „ამიერითგან ვერღარა ძალ-გჳძს მკჳდრ-ყოფად საზღვართა საქართველოსათა, არამედ განგუასახლეთ სხუათა ქუეყანისა კერძოთა და მუნითგან ვიქმნებით მოხარკე თქუენდა. რაოდენიცა ბოროტი თქუენ მიერ ქმნილ არს მათ ზედა, იგინი. უმრავლესისა ბოროტისა მყოფელ არიან ჩუენდა მომართ. და აწცა, რაჟამს წარხვალთ ამიერ, უეჭუელად იგინი ჩუენდა მომართ მჴდომ არიან და იღრჭენენ ჩუენ ზედა კბილთა თჳსთა“.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>