ქართლის ცხოვრება

ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი

სახელითა ღ(ვ)თისათა აწ ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატოანთა მეფობისა

ქორონიკონსა რ~მბ: დაჯდა მეფედ ძე გიორგისა ბაგრატ და ძმა მეფისა ალექსანდრესი. და ჰყვანდა ცოლად დედოფალი ელენე, და ეხნეს ამათ ძენი ალექსანდრე და დავით. და იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისსა დიდი მოსუენება ქრისტიანეთა.

ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასან-ბეგ, მორჭმული და ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არაოდეს დარბეულ იყო ქართლი დიდისა თემურის უკანის, იყო შენება და განსუენება. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა და არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამეფონი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა.

ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული, სახელოვანი. ამას ჰქონდა ქართლი, სომხითი, და მონებდეს ლორის პატიახშნი, კახეთისა, შარვანისა და სამცხისა. და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურულნი, აფხაზნი, სუანნი, ჯიქნი და მთიულნი კავკასიანნი.

ამას შინა უკუდგა დადიანი და გურიელი. და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი. შეჰყარნეს ერთად და არღარა მსახურეს ბაგრატ მეფესა. წყინა მეფემან და შეიყარა ლაშქარი, მივიდა და დადგა ცხენის-წყალსა ზედა; იქით ისინი მოადგეს. ქმნეს რაზმი და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნეს დადიანი, ოდიშარნი. დაჴოცნეს და დაატყუევეს და მოსწყჳტეს ქართველთა, მიჰყვეს თანა, ჩაუდგეს შინაგან, დაწვეს და დააქციეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიტანეს თანა ტყუე და მძევალი. ამას ზედა არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა, ლიხთ იქით იყო და ქართველნი თანა იახლნეს.

ქორონიკონსა რ~მდ: შეიყარა ყაენი უზუნ-ასანლ და მოვიდა სომხითს. მოადგეს ბარათიანთა, და ორბეთისა ძირსა დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი, და გამაგრდეს, და ვერა უყვეს რა, მოვიდეს და ტფილისი აიღეს. თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოოჴრდა სრულ ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი, მოინდუნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავანი და აღავსნა პირთამდის. ამას ზედა აიყარა ყაენი და წარვიდა, და გამოუშუნა ბარათიანნი შეწყალებულნი, და უბოძა მრავალნი მისაცემელნი.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი.

ქორონიკონსა რ~ნ: კუალად უზუნ-ასან ყაენი მოვიდა სამცხეს, ყუარყუარეს უშუელა. ჩიხორს შეიბნეს მეფე ბაგრატ იმერეთისა, და ათაბაგს ყუარყუარეს გაემარჯუა.

ქორონიკონსა რ~ნა: ქართველთა მეფემან თავრეზს გილაქმა და თემურა ააოჴრა.

ქორონიკონსა რ~ნგ: მეფე ბაგრატ იმერეთისა დაიჭირა ყუარყუარემ ტყუედ, და დაატყუევა ციხესა შინა.

ქორონიკონსა რ~გ: ათაბაგი ბაადურ გარდაიცვალა წლისა კ~ა, ოკდომბერსა ი~, დასაბამითგან ქორონიკონსა ექუსიათას ცხრაას ოთხმოცდაორსა.

ქორონიკონსა რ~ჲდ კუალად შეიკრიბა ერი ურიცხჳ და წარმოემართა უზუნასან ძალითა დიდითა სამცხესა ზედა. ესმა ესე ყუარყუარეს და ორთა ძეთა მისთა, რამეთუ პირისპირ განწყობა ვერ ძალ-ედვათ სიმრავლისაგან ურიცხვობისა სპათა მათთასა, და ჰქმნეს განზრახვა, რათა სამთაგან ერთი წარსრულ იყო და დაეცხრო გულისწყრომა მძლავრისა მის, რათა არღარა მოსრულ იყვნეს ქუეყანასა სამცხისასა. მოვიდა სამცხეს და მერმე მოიწივნეს აწყუერს და მოსრნეს მრავალნი ქრისტეანენი, მღდელნი და მონაზონნი და ერისკაცნი, და წარტყუევნნეს სრულიად სამცხე.

აღიყარა ყაენი და წარვიდა საყაენოსა თჳსსა და ტყუე ჰყვეს ხატი აწყუერისა ღმრთისმშობელი, და წარიყვანეს ქუეყანასა მათსა. და იქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი სრულიად მესხთა ზედა. აღდგეს ყოველნი და შთავიდეს ქართლს, ვიდრემდის მწირობდენ მუნ შჳდ წელ.

მიიცვალა ძე მეფისა ალექსანდრესი მეფე გიორგი კახთა და დაჯდა მის წილ ძე მისი ვახტანგ. და გარდაჴდეს მცირე რამე ხანი და წარვიდა კოსტანტინე თათარშიგან. და სხუამან ვერავინ ბედა ქართველმან დარბაისელმან წარსლვა თათარშიგან და ბატონის ხლება. დიდად ერთგულად და კარგად იყვნეს ბარათასშვილნი. და იგინივე წარყვეს თანა და მსახურეს. და წარყვა მზეჭაბუკსა, პირმშო შვილი ყუარყუარესი. იპრიანა ღმერთმან და იწყინა ამოწყუეტა საქრისტეანოსა.

შეედვა ყაენსა სენი სასიკუდინე, ქმნა ღმერთმან და მოკუდა ყაენი უზუნჰასან. და მიიღო პატრონობა ძემან მისმან სულთანმან, და ძმა მისი აღუბ ეშურებოდა მიღებად პატრონობასა.

დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი. ხოლო სულთანი და მკითხველნი სჯულისა თათრისანი უქადაგებდენ სჯულსა თჳსსა. ხოლო იცოდა მზეჭაბუკ არაბული და სპარსული და თათრულიცა. ესეოდენ სწავლულ იყო ენითა და წიგნითა მათითა, ვითარმედ ყოველსავე ღრმათა სცნობდა და მისგან ესრეთ აღმოვიდოდეს საღმრთონი სიტყუანი პირით მისით; და სჯულისა მათისაგანცა ყოველივე ზედამიწევნით უწყოდა და მათისავე სჯულისა წიგნთაგან დაუყოფდა მედგარსა პირსა მათსა და მიერ დღითგან ვერღარა-ვინ იკადრა ამის პირისათჳს სიტყჳსა ყოფად წინაშე მისსა. ხოლო მიეცა ძლევაცა ესევითარი რამეთუ იყო უსჯულოსა მის მთავრისა კაცი ერთი, ფალავანთა თავი, დიდი და გოლიათი, რომელსა სახელად მალანი ეწოდებოდა, და ჰმატდა ყოველთა კაცთა სიდიდითა, ვითარ წყრთა ერთი ანუ უფროსცა, და არავინ გამოჩინებულ იყო სიმრავლესა მას შინა მრკინობელ მისსა. ამან ინება ოდესმე განმცდელობა მზეჭაბუკისი და, ვითარცა ცნა ესე, არღარა ჰპოვნა. არამედ ვითარცა ლომმან მსწრაფლ შებმა უყო და მინდობილმან ღმრთისა და ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისამან აღიყვანა და უპატიოდ მიწასა ზედა დასცა.

ესე რა იხილეს ყოველთა მათ ლაშქართა, დიდებულთა ერთა, დიდად განკჳრვებულ იქმნნეს და თქმად რასამე უღონო იყვნეს, ესენი და სხუანი უმრავლესნი მჴნე ქველობანი მოენიჭნეს, ბრძანა ღმერთმან და წარმოავლინა დიდითა პატივითა სულტანმან კოსტანტინე და წარმოატანა თანა მზეჭაბუკცა; და მოვიდა კოსტანტინე თათართათ, ყაენისგან შეწყალებული. მას უკანის მძლე ექმნა სულტანსა იაღუბს, დაიპყრა პატრონობა და დაჯდა ყაენად ასან-ბეგის შვილი იაღუბ-ბეგ განზრახვითა ეშმაკისათა.

ამას შიგან გამოჴდა ხანი და სოფელმან მისი ბეგარა არ დაიკლო. მიიცვალა მეფე ბაგრატ რაჭასა, და იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა; აღიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან. ამასვე შიგან გამოჴდა ხანი.

ქორონიკონსა რ~ჲვ: დაჯდა მეფედ ალექსანდრე მეფის ძის. დიმიტრის შვილი კოსტანტინე და მეფობდა კეთილითა მეფობითა: არღარა იყო წყენა თათართაგან; მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი და აფხაზნი; მსახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა; არა სადათ იყო წყენა ქრისტიანეთა; იყო მოსუენება და დაწყნარება.

არამედ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ.

მაშინ ოდეს მოვიდა უზუნ-ასან მძლავრითა ლაშქრითა და წარიყვანეს ხატი იგი აწყუერისა ღმრთისმშობელი ქუეყანასა მას უცხოთესლთასა, ესევითარი რისხვა ღმრთისა მიავლინა: არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყუმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა.

და იქმნა დიდი გამოძიება მათ შორის უცხოსა ამისთჳს საქმისა და იტყოდეს: „რაჲ-მე არს ესე?“ რომელნიმე იტყოდეს: „შენდომით იქმნა“. ხოლო სხუანი სხუასაცა რასამე მიზეზსა მოიღებდეს. ხოლო უბრძნესთა კაცთა მის ქუეყანისათა ესრეთ თქუეს: „ოდეს-იგი საქართველოს ვილაშქრეთ, მაშინ ერთისა დიდისა საყდრიდაღმენ ფიცარი ერთი, შემკული მრავლითა პატივითა, ვიხილეთ და წარმოვიღეთ; და მგზავრობასა მას. ჩუენსა უცხო სასწაული ვიხილეთ მისგან, რამეთუ მწუხრსა ჩავასუენით უღრმესსა ადგილსა ბარგისასა და, ვითარცა განთენდის, აღმოვიდის სიღრმისაგან და მაღლად მჯდომარე იხილვებოდის და ვითარცა მზე ბრწყინევდის. და საქმე ესე უეჭუელად მისგან იქმნა ქუეყანასა ჩუენსა და, თუ გნებავს განრინება ჭირისა მისგან, იგი მოვიძიოთ და ქუეყანასა მათსა განუტეოთ“.

მაშინ მოიძიეს წმიდა ესე ხატი და, ჰპოვეს რა, ესრეთ განიზრახეს: „მოვედით და დავაკრათ კიცუსა უჴედსა და, უკეთუ წარვიდეს მართლიად გზასა თჳსსა, უწყოდეთ, რამეთუ ამისგან არს ესე ყოველი; და უკეთუ მიიქციოს სხჳთ-კერძო, მაშინ შეხდომით რამე იქმნა და არა ამისგან“.

და ვითარცა დააკრეს კიცუსა მას ზედა წმიდა ესე ხატი, ესრეთ მართლიად წარმოემართა გზასა სამცხედ მომყვანებელსა, ვითარმცა საჩინო მჴედარი და აღჳრითა მპყრობელი და მმართებელი.

და ვითარცა იხილეს უცხოთესლთა საკჳრველება ესე, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, და წარმოგზავნეს პატივითა. და თანა-წარმოჰყვა სიმრავლე ცხენებისა ფრიადი, რომელთა ზურგები ჩადრეკილები დღესცა ჰქადაგებს მაშინდელსა სასწაულსა. ხოლო უცხოთესლთა მათ არა-რა იზრუნეს ცხენებისა მათისათჳს, ვინათგან უზომოსა მის ჭირისაგან ჴსნასა მოელოდეს. და განგებითა საღმრთოთა მცირედთა ჟამთა სამცხეს მოიწია ადგილსა, რომელსა აწ ელავსი ეწოდების, და იქმნა დიდებული სასწაული. რამეთუ მყის განათლდა სრულიად სამცხე და განბრწყინდა წესისაებრ პირველისა.

და ვითარცა იხილეს ყოველთა ანასდათი იგი შეცვალება ბნელისა ნათლად და მიხედეს ადგილსა მას და სახედ ელვისა ბრწყინვიდა ხატი ყოვლად-წმიდისა, განკჳრვებულთა თქუეს: „რაჲმე არს ესე ელვის სახედ ბრწყინვალე?“ და მიერითგან ეწოდა ადგილსა მას ელავსი.

და შეკრბეს ყოველნი და მივიდეს და იხილეს ხატი ესე ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვალეს მჯდომარე კიცუსა ზედა, და სიმრავლე ცხენებისა გარემოს. მისსა; განკჳრდეს უცხოსა მას ელედა საკჳრველსა და ადიდეს ღმერთი და ყოვლად-წმიდა ღმრთისმშობელი, და ცრემლითა მჴურვალითა ღაღად-ჰყვეს მისსა მიმართ: „კურთხეულ არს მოსლვა შენი, დედაო სახიერისა ღმრთისაო, რასათჳს დაგჳტევენ ესეოდენთა ჟამთა ბნელსა შინა, რომელთა შენ მიერ ვიხილეთ საღმრთო ნათელი ძისა შენისა?“

და ვითარცა ესმა ხატისა სასწაულითა მოსლვა მესხთა ქართლს მყოფთა, ვითარმედ სამცხე განათლდა, განიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად და თქუეს: „უეჭუელად ხატი ყოვლად-წმიდისა მოსუენდა. აღვდგეთ და წარვიდეთ ქუეყანასა ჩუენსა“. ხოლო მეფე კოსტანტინე აყენებდა და არა უტევებდა წარმოსლვად; და ვითარცა ჰპოვეს ჟამი მარჯუე, აღდგეს ღამესა ერთსა და წარმოემართნეს ყოვლით სახლეულით მათითურთ.

და ესმა მეფესა, ვითარმედ მესხნი წარვიდეს, აღიმჴედრა ლაშქრითა თჳსითა და დევნა უყო, ვითარცა იგი ოდესმე ფარაო ისრაილთა, და მოეწივნეს ადგილსა, რომელსა არადეთი ეწოდების. ხოლო მესხნი მოუბრუნდეს სახლსა ზედა ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთისმშობელისასა, და განეწყვნეს ურთიერთას, და შეიბნეს კოსტანტინე მეფე და ყუარყუარე ათაბაგი და მესხნი.

ქორონიკონსა რ~ოა, თუესა აგვისტოსა ი~გ, ათაბაგს და მესხთ გაემარჯუა. და ესევითარი ძლევა აღადგინეს მესხთა ქართველთა ზედა, რომლისა მსგავსი არა სადა სმენილ არს, და მოსრნეს მრავალნი წარჩინებულნი. მეფისანი. ხოლო მეფე ლტოლვილი მცირედითა მჴედრითა განერა და უკუნ იქცა სახედ თჳსად. ხოლო მესხნი უკმოიქცეს ძლევა-შემოსილნი მშჳდობით და მადიდებელნი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისანი, და მოვიდეს სამცხეს.

ამისა შემდგომად გარდაჴდეს წელნი ორნი. მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან მოძულემან კეთილისამან თათარნი ქრისტეანეთა ზედა, შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს.

ქორონიკონსა რ~ოგ: მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა, მოუმცნეს მეფესა ქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხეს. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და ძეთა მისთა მზეჭაბუკს და ბაადურს, შემოკრიბნეს სპანი თჳსნი და დაადგრეს სიმაგრესა ადგილსა ქვიანისა მთისასა, რათა უკუე მიიწივნეს რა მათდა, მყის განეწყვნენ და შებმა უყონ. და სხუათა ყოველთა თემთა და ქუეყანათა მათთა უბრძანეს ციხეთა და სიმაგრეთა შინა ყოფა და გამაგრება, ვითარცა-იგი ეპისკოპოზსაცა წმიდისა ამის დედა-ქალაქისასა უბრძანეს, რათა ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა ციხესა საჭურჭლეს შინა დაასუენონ.

და ვითარცა ესრეთ იქმნა, ქორონიკონსა რ~ოდ მოვიდა ყაენი იაღუბ ურიცხჳთა ერითა და უბრძანა ერთსა თავადსა და ლაშქარსა მისსა, რათა ჩაუდგეს სამცხეს. ჩაუდგნენ და მოიცვეს სრულიად და იავარ-ჰყვეს ქუეყანა სამცხისა, და მერმე მოადგეს ციხესა და ქალაქსა ახალციხისასა. ჰბრძოდეს დიდხან და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს ციხე და დაწვეს ქალაქი, და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი. მერმე აიყარნეს და მოადგეს ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა, და მოწვეს აწყუერი და მოაოჴრეს ქალაქი, და ციხესა ვერ უძლეს ბრძოლითა აღებად და წარსლვა ინებეს.

მაშინ ეზრახნეს ციხოვანთა და უქადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა. ამას ზედა გამოენდვნეს, შესცთენ მცველნი იგი ციხისანი და მაწყუერელი და მას თანა სხუანიცა ჩინებულნი განიზრახნეს, აღიხუნეს კლიტენი ციხისანი და თჳნიერ თხოვისა და ბრძოლისა უღმრთოსა მას მთავარსა მიართუეს და მან გაიხარა ფრიად და აღუთქუა, ვითარმედ არა-რა ავნოს მათ. და გამოენდვნეს და ვითარცა შევიდეს ციხესა მას შინა, მიეტევნეს ვითარცა მჴეცნი და იავარ-ჰყვეს ყოველი საჭურჭლე საყდრისა, და ერი ურიცხჳ დედებით და ყრმებითურთ რომელნიმე მოსრნეს მახჳლითა, ხოლო სხუანი ტყუედ წარიყვანნეს.

ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა, შემკობილი თუალთა მიერ პატიოსანთა, ცოდვათა ჩუენთაგან ტყუე-ჰყვეს და მიჰგუარეს უსჯულოსა მას მთავარსა. ხოლო მას ფრიად განუკჳრდა შემკობილება ხატისა მის და პატიოსნება თუალთა, და ბილწითა ჴელითა თჳსითა განძარცუა შემკობილება ხატისა. და შემდგომად ამისსა აღაგზნეს ცეცხლი ფრიად დიდძალი და მას შინა შთააგდეს. ხოლო ცეცხლი იგი დაშრტა და ხატსა ყოვლადვე არა შეეხო, არცა-თუ ნაბრძჳლი აჩინა, რომელი-ესე მრავალთაგან და თჳთ თუალითაცა ჩუენითა სახილველ იქმნა. ესე-რა სასწაული იხილა ერთმან ვინმე ლაშქართა მათ შინა მყოფთაგანმან ქრისტიანემან და სჯულითა არამართლმადიდებელმან, აღიპყრა ხატი იგი ყოვლად-წმიდისა და წარახჳა ფაკელსა წმიდასა ამას შინა.

მაშინ ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუზახა და მისი უკეთესი ლაშქარი, მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგრძნად დმანისს და ქუეშისჴევსა, წარმოიღეს ტყუე-ალაფი უამრავი დაუვარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს წინა ცოტათა ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან, ესე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს, დაატყუევეს და ცოტა რამე გარდამოეხუეწა ცხენ-კეთილი და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათაშვილი, ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არ იყო, და სხჳს ნაჴოცისა ანგარიში არ იქმნებოდა.

რანიღაც გარდაიხუეწნეს, მივიდეს ყაენსა თანა ერთობ. ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა და ამას ზედა აიყარა ყაენი სამცხით და წარვიდა. და დატყუევდა აწყუერისა ღმრთისმშობელი თუესა სეკდემერსა კ~ე, და მოქალაქენი, და რაცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წარვიდა ყაენი მისსა საყაენოსა.

ხოლო რომელი ზემო ვაჴსენეთ, კაცმან ქრისტიანემან და სჯულითა არამრთლმადიდებელმან წარასუენა ქუეყანასა მათსა. ვითარცა ესმა ესე ყუარყუარეს და მეუღლესა და ძეთა მისთა, განრისხნეს გამცემელთათჳს ციხისათა და სიკუდილად დასცა ბრძანეს მაწყუერელისა და სხუათა ყოველთა, რომელნი შინა-გამცემელ იქმნნეს. და იძლია ბუნებითისა მოწყალებისაგან, არღარა სიკუდიდ დასაჯნა, არამედ ექსორია ყვნა.

ამისა შემდგომად მოიძიეს სხუა ეპისკოპოზი და ჰპოვეს საზღვართაგან პონტოსათა, ქალაქით ტრაპიზონელი, სახელით სვიმეონ, რამეთუ მაშინ საჭეთ-მპყრობელობდა საყდარსა ტბეთისასა. ამას მიუბოძა უკანასკნელ მაწყუერელობა. ხოლო ვითარცა ზემორე ვთქუ, ეპყრა კაცსა მას ხატი იგი ყოვლად-წმიდისა სასოსა ჩუენისა აწყუერისა ღმრთისმშობელისა დიდითა პატივითა; გამოეცხადა კაცსა მას და რქუა: „უკეთუ არა წარმიყვანო ქუეყანასა ჩემსა, დიდი ბოროტი მოვაწიო შენ ზედა“ და წარმოვიდა მსწრაფლ კაცი იგი და აუწყა ყოველივე პატრონსა ყუარყუარეს და მანუჩარს. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა და მსწრაფლ წარგზავნნეს კაცნი სარწმუნონი, და დაიჴსნა პატრონმან მანუჩარ, და ვითარცა მივიდეს, იცნეს იგი და დაცვივნეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-ცეს, და აღიჴუეს, და წარმოასუენეს წმიდა იგი ხატი, აღიყვანეს და დაასუენეს საყდარსა თჳსსა აწყუერისასა.

ამას შიგან გამოჴდა ცოტა ხანი და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ, და დაუწყო შენება ქაოზიანთა და არჯაყალისა ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არ დაანებეს, და აუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი და აშუელა ლაშქარი ხალიბეგს. შეიყარნეს და მოადგეს ტფილისსა, ებრძოლეს მრავალ-დღე და ვერა-რა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს; და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.

მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შუელა. მეფემან გაგზავნა ციცის-შვილი ქაიხოსრო და ჯავახის-შვილი ჯავახი ცოტათა აზნაურისშვილითა და ლაშქრითა. წარუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცეს, ასრე რომე თუ არა მაცნე წავიდა სადმე, ვერცა ერთი წაუვიდა, აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.

ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქს მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წარვიდეს ჩაღმა, გარდაუდგეს კუმისის ბოლოს, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაიქცივნეს და დაჴოცეს, ასრე რომე თათარსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴისა ღობესა და მარგილზედა აცუემდეს. მერმე განრისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ ბუსუნი, შუა შეიყარნეს და რაცა ბარათიანთა ქაიხოსრო და ჯავახმან ქმნეს არცა წინა გმირთა უქმნია, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა და ჴრმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩეს ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა.

ამას ზედა წარვიდა თურქმანი ლაშქარი შერცხუენილი და ორბეთისა ძირსა დადგნენ. ეცადნეს თათარნი და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

ამას ზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაენის თავადები, მივიდეს, შეეხუეწნეს ყაენსა.

რა გამოჴდა წელიწადი ერთი, აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითისა და ორბეთისა ძირზედა, მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე და დაუწყეს ომი და თოფსა სროლა. აწყუდინეს შინაგან სოლაღას-შვილნი. იყო დიდხან ომი და შეაწუხნა მეტმან თოფისა საქმემან და ცოტა ციხეცა დააქციეს. ვერღარა დაუდგ ეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი აღარა ჰყვათ, ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდეს ციხით, და ციხე დაუგდეს ცარიელი, თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა.

ხოლო ვითარცა განთენდა, ნახეს თათართა ციხე უკაცური, შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს, მიჰყვეს ჴელი და დააქციეს.

ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხესა, დაუმძიმდა, რამეთუ მეფე შეყრილი ნიჩბის წყალზედა იდგეს, ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისისა ციხესა და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა და არა იყო ღონე ციხისა წაღებისა. რამეთუ მჴარი ბარათიანთაგან ჰქონდა, ეუბნებოდა მეფეს კაცთა და არა უშუელეს. იმერელნი უკუდგომით იყვნეს, და არცარა მესხთ უშუელეს. ამისთჳს ომი ვერ გაბედა მეფემან, ადგეს დიდსა ხანსა ქალაქსა. და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა მერმე აკაზმეს ლაშქარნი და გამოარჩიეს დარბევა ორბეთისა ძირისა აარჩიეს ათას ხუთასი ისპაი კაცი და სხუა წვრილი კაცი ლაშქრისა მრავალი და ცისკრისა ჟამსა შეუდგეს ორბეთისა ძირსა. დაესხნეს და იფორაქეს და ამოსწყჳდეს მთისა სოფლები; იშოვეს განძი, ტყუე და ალაფი ურიცხჳ. ამას ზედა ესმა ბარათიანთა და იგინი იყვნეს ენაგეთს და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის ძე და სხუა მეფისა ყმები ცოტაოდენი. დავარდა ჴმა და მოჰმართეს ასრე, ვითა ვეფხთა. წამოვიდა აქეთ სულხან ბარათას-შვილი და მისნი ძმანი; აქათ სხუანი ბარათიანნი მიეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს, მისჯარნეს ჴევსა და ჴირჴალსა. ასრე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა.

ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა და დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა იყო განცდა მკუდრისა; სისხლისა რუ დიოდა; რაცა სიკუდილსა მორჩეს, ჴელთა დაიაყრნეს; ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედა მას არავინ სჯობდა, და მეყჳსიცა იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათიანთა, რამეთუ ერთისა ტყჳსა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო ჯავახი, ქავთარ სოლაღას-შვილი და სხუანი დარბაისელნი. მოხუდეს უკანა მომდევარნი და რჩეულნი ჩაღდაულად დიდნი ლაშქარნი აქათ, არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცი სამასამდის ისპასა თათარსა ჴრმლითა წინადაუდგა, იპრიანა ღმერთმან და მორჩეს მშჳდობით. ორჯერ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედავე შესხდეს. ჩუენი ქართველთაგანი ერთის თურმანის-ძის. მეტი არა დაგუაკლდა, იგიცა ჯარმან გაიტანა დიდისა ულუსისა ლაშქრისაგან ცოტანი ჩაღთაულნი წავიდეს მაცნედ, სხუა ყველა დაიჴოცა და ჴელთა დარჩა.

რა ესე ესეა ქალაქს მდგომთა თათართა, შეშინდეს, დააგდეს და უკუ-ეყარნეს ციხესა: თუმცა ბარათიანთა არა გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდეს და ქართლსაცა შემოეჭიდებოდეს. ამას ზედა იპრიანა ღმერთმან. და წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანის თათართა ძალი ვერღარა უკადრებია და არცაღა რბევა, გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

და ვითარცა მცირედნი დღენი გარდაჴდეს, შემდგომად ტყუეობით მოსლვისა წმიდისა მის ხატისა, რამეთუ არა დაუტევა უფალმან კუერთხი ცოდვილთა ნაწილსა ზედა მართალათასა. არამედ ვინმე იტყოდეს: „ძლიერებათა შენთა უფალო“, ანუ ვინმე სასმენელ ყვნეს „ქებულებანი შენნი“, რამეთუ მიავლინა ყოვლად-წმიდამან დედოფალმან რისხვა საშინელი სახლსა ზედა იაღუბისასა, და ნათესავსა მისსა, და ყოველსა გუარსა მისსა. და მცირესა ჟამსა სრულიად, დაემჴუნეს და მოისპნეს და აღოჴრდეს. რამეთუ იაღუბს უღმრთოსა ესევითარი სიკუდილი ეუფლა, რომლითა ლელითა იკადრა წმიდისა ამის ხატისა მახჳლისა შეხება, მითვე ჴელითა განზავა სასმელი მაკუდინებელი, რეცა-თუ კეთილ. საგონებელ უჩნდა შეცთომილსა მსჯავრითა მით საღმრთოთა, და შესუა მან, და მიუძღუანა მისგან დედასა თჳსსა და ძმასა. და მიიღეს მათცა. და შესუეს, რამეთუ არა ეგებოდა ურჩება მათგან. და ვითარცა სუეს, ერთბამად მოსწყდეს ერთსა შინა ჟამსა სიკუდილითა სალმობიერითა. და მათ თანა სხუანიცა მთავრნი და წარჩინებულნი სახლისა მათისანი მოისრნეს, რომელნიმე მახჳლითა და სხუანი სიკუდილითა უცნაურითა. და მიერითგან სრულიად დაემჴუა მთავრთბა მათი, უკეთუ ცოდვათა ჩუენთა სამხილებელად მიშუებითა ღმრთისათა მოივლინნეს და სახლი ღმრთისა და წმიდანი სამსახურებელნი დათრგუნნეს. არამედ ყოვლად-წმიდამან ღვთისმშობელმან შეურაცხება ხატისა თჳსისა არა თავს-იდვა და ესევითარი რისხვა მიუვლინა, ვითარემდ ნათესავი მათი ვიდრე დღეს-აქამომდეცა არღარა სადა იპოვების.

ქორონიკონსა რ~ოზ: ახალციხეს თათარნი მოვიდეს. ამასვე წელიწადსა ალექსანდრე ქუთაისი აიღო, ძემან ბაგრატისმან.

ქორონიკონსა რ~ოთ: მიიცვალა მეუღლე ყუარყუარე ათაბაგისა, ბატონი დედისიმედი, წლისა ნ~დ, სეკდემბერს ი~ჱ.

ქორონიკონსა რ~პგ: ბაგრატ დაიბადა, ძე ალექსანდრესი, თებერვალსა კ~გ. კახეთის მეფესა ვახტანგსა და ძმასა მისსა ბატონს ალექსანდრეს ჩხუბი ჩამოუგდეს კახთა და შეამდურეს. და იყო შფოთი მათ შუა, იყო დიდხან შური მათ შუა და ვერ შეიწყვნეს.

მერმე მეფე კოსტანტინე და კათალიკოზი დოროთეოს შუა ჩამოუვიდნენ, და შეიწყვნეს მეფე კახეთისა ვახტანგ და ძმა მათი ბატონი ალექსანდრე, ქორონიკონსა რ~პჱ.

ამასვე ქორონიკონსა დიდი ბატონი ყუარყუარე მიიცვალა წლისა პ~ბ, ივნისს ა~.

ქორონიკონსა რ~ჟ: ათაბაგი ბატონი ქაიხოსრო მიიცვალა წლისა ნ~გ, მაისსა ვ~.

ქორონიკონსა რ-ჟა; მეფე კოსტანტინე მიიცვალა, და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით და ბარათაშვილის დავითის ქალი დედოფალი ნესტან-დარეჯან.

ქორონიკონსა რ~ჟგ დიდისა მონასტრისა გენათისა წინამძღუარი მანასე მიიცვალა.

ქორონიკონს რ~ჟზ: აიღო გორი ალექსანდრე, ძემან ბაგრატისმან თუესა აგვისტოსა ვ~. ამასვე წელსა ქუთათისს თათარნი მოვიდნენ და დაწვეს დიდი მონასტერი გენათისა შიგნით და გარეთ, და ქუთათისი და საყდარი, და სხუანი ეკლესიანი; და ციხე ვერა აიღეს, და აურაცხელნი ტყუენი წაასხეს ქრისტეანენი. თუე იყო ნოემბერი კ~გ.

ქორონიკონსა რ~ჟჱ: მარტსა ი~ბ, მიიცვალა დედოფალი თამარ. აპრილსა ა~ ამასვე წელსა მეფეთ-მეფე ალექსანდრე მიიცვალა. ამასვე წელსა დაჯდა მეფედ იმერეთს ძე მისი ბაგრატ. ამასვე წელსა იქმნა ბრძოლა ძლიერი ქართლის მეფეს დავითსა და ბაგრატს შუა. ამისთჳს ბევრის ტყუენვისა და რბევისაგან ძალი ქართლისა შემცირებულ იყო; აღეღო და დაეჭირა გორი ალექსანდრეს, მამასა ბაგრატისასა. ამას ზედა მოეჴმარნენ ქართლის მეფეს დავითს კახეთის მეფე ვახტანგ და ათაბაგი მზეჭაბუკ. დავით მეფე ვეღარ მოესწრო, მოხისს შეება ბაგრატ ვახტანგსა და მზეჭაბუკს და გაემარჯუა თუესა ივნისსა გ~.

ამასვე წელსა მიიცვალა ბატონი დედოფალი ელენე, დედა ალექსანდრესი, ნოემბერსა გ~.

ამასვე წელიწადსა აღესრულა კახთა მეფე ვახტანგ და დაჯდა მის წილ კახეთს ძმა მისი ალექსანდრე. ესე ალექსანდრე იყო კაცი კეთილი და ღმრთისმოყუარე, დიდად შემწე წმიდათა ეკლესიათა, შემამკობელი ხატთა და ჯუართა. ამან ალექსანდრე და დედმან მათმან ბაგრატიონმან დედოფალმან ნესტან-დარეჯან დაქცეული და დაძველებული აღუშენა ალავერდსა სამჴრენი და გუმბათნი, და დაასატვინა და შეამკო ჯუარითა და ხატითა. წიგნითა და ეკლესიის შესამკობელითა, და შემდგომად ამისა ყოველნივე საეპისკოპოზო ეკლესიანი კახეთისანი შეამკუნა და შესწირნა ყოველნივე საეკლესიო სამკაულნი.

და ესუა ძენი ორნი, უხუცესსა ეწოდა გიორგი და უმრწემესსა ეწოდა დიმიტრი. ამან გიორგი დაიწყო ბრძოლა ქართლსა ზედა, რამეთუ დაპყრობა უნდოდა ქართლისა. ხოლო მამა მისი ალექსანდრე და ძმა მისი დიმიტრი ევედრებოდეს: „რამეთუ ძმანი არიან და არა ჯერ არს შენგან ცილობა და დაპყრობა ქართლისა, კმა არს შენთჳს კახეთიცა“. და არა მისცეს თავი ჴელთა და გარდაუდგნენ წინა საფურცლეს. ამას ზედა აღივსო შურითა. გიორგი და ღალატით მოკლა მამა თჳსი ალექსანდრე საფურცლეს ჩალასა შინა. აღიღეს და დამარხეს კახთა მეფეთა სასაფლაოსა ალავერდს შიგნით საყდარსა უკანა ეკუდერსა შინა. და მერმე შეიპყრა ძმა თჳსი დიმიტრი და დასთხარა თუალები. მაშინ იყო ქორონიკონი რ~ჟთ. და მერმე ცოლითა და შვილითა გამოაგდო დიმიტრი და მოვიდა მცხეთას და სვეტს-ცხოველს შემოეხუეწა. და იყო რაოდენიმე ხანი. ამის მოქმედებისათჳს ავ-გიორგი უწოდეს.

ხოლო რაჟამს მოკლა გიორგიმ მამა თჳსი ალექსანდრე, მაშინ თჳით დაიპყრა კახეთი. და მეფობდა ქართლსა ზედა მეფე დავით, კაცი მშჳდობის-მყოფელი და სათნო ღმრთისა. ხოლო მეფესა დავითს ჰყვანდა ძმა გიორგი, ბაგრატ და ალექსანდრე და მელქისედეკ მონაზონი. და მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი დოროთეოს. ხოლო აღიღო შური მახჳლითა ავ-გიორგი მეფესა დავითს ზედა და ქმნა მრავალი ბოროტი საქართველოსა ზედა. ხოლო ეკრძალებოდა სახლსა ავ-გიორგისასა მეფე დავით და სპანი მისნი ყოველნივე. და ამას ზედა უფროსღა განლაღნა ავ-გიორგი და უჴდებოდა საქართველოსა, და მრავალგზის იავარ-ყო საქართველო, და უფროსღა ზემო ქართლი მრავალგზის წარმოსტყუევნა, ვიდრე იმერეთის საზღვრამდე. და თჳთ მეფე დავით შეწყუდეულ ყო ციხესა შინა ატენისასა და ბრძოდა მრავალ-დღე და ვერ წაუღო ციხე იგი ატენისა. და წარვიდა სახედ თჳსად, და წარიღო ნატყუენავი მრავალი.

მაშინ ეზრახნეს უმრწემესნი ძმანი მისნი მეფესა დავითს, ვითარმედ: „ამიერითგან ვერღარა შემძლებელ ვართ დათმენად ბოროტისა მის კაცისა მიერ, რამეთუ კახეთიცა ვიდრე აქამომდე მამათა ჩუენთა ეპყრათ, და სრულიად კახეთი საბრძანებელთა სახლისა ჩუენისაო დამონებულ იყნეს. და აწ ესრეთ აღზუავნეს ჩუენ ზედა ვიდრეღა საქართველოსაცა ზედა უფლებულ არს და ჰნებავს სრულიად მიმძლავრებად თჳსად. და აწ ჩუენცა აღვსდგეთ მათ ზედა და ვბრძოდეთ მათ“. არამედ მეფემან დავით არა ინება, რამეთუ მსგავსად სეხნად სახელისა მისისა დავითისებრ მშჳდ იყო და არა შურისმეძიებელ, ვითარ-იგი საულისთჳს მშჳდ იყო.

ხოლო ვინათგან არა უსმინა, მაშინ სთხოვა უმრწემესმან ძმამან მისმან ბაგრატ მეფესა დავითს მუხრანი საუფლისწულოდ და დროშა, და დარაჯად გამოითხოვა ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა. ხოლო მეფემან დავით მისცა და ესრეთ წარმოემართა და მოვიდა მუხრანს ციხე მტუერისა, რომელ არს ციხის-ძირის თავსა და დადგა მუნ.

სცნა რა ესე ავ-გიორგი, შემოკრიბნა სპანი თჳსნი, რაოდენ ძალ-ედვა, და წარმოემართა, მოვიდა და მოადგა გარე ციხესა მას მტუერისასა. და ადგა სამსა თუესა და ვერ უძლო აღებად. მაშინ ავ-გიორგი მიუძღუანა ღჳნო ერთითა საღჳნითა და მიუმცნო ესრეთ ბაგრატს: „ვინათგან ესეოდენი ჟამი არს ციხესა მაგას შინა შეწყუდეულ ხარ და არა ჯერ არს ძისა მეფისა შეჭირვება უღჳნობითა და შეიძღუენ ღჳნო ესე და სუ ამისაგან ნუგეშინის საცემელად შენდა, რამეთუ პური და ღჳნო ახარებს გულსა კაცისასა“.

და ვითარცა მიართუეს ბაგრატს სიტყუა ესე და ღჳნოცა იგი, მაშინ აქუნდა ციხესა მას შინა ორაგული ახალი და ღჳნისა მის წილ წარმოსცა ორაგული იგი, მეტყუელმან ესრეთ: „ეგეოდენი ჟამი არს, ვინათგან მდგომარე ხარ პირსა ზედა ქსნისასა და არა მოგსლვიან ორაგული და ესრეთ სიმტკიცით არს ცხოვრება ჩუენი. აწ მიირთჳ ესე, და ამით საცნაურ არს, რომელ ვერ ძალ-გიძს აღება ციხისა ამის“.

ხოლო მოართუეს რა ავ-გიორგის ორაგული იგი, მაშინ სცნა სიმრავლე საზრდელთა და სიმტკიცე ციხისა მის და შეუწუხდეს სპანიცა მისნი. მაშინ აღიყარა და წარვიდა სახლად თჳსად, და მუნ დაჰყო მცირედ. და შემდგომად მცირედისა ხანისა წარმოვიდა ზემო ქართლად და წარმოსტყუევნა იგი ძლიერად და წარმოიღო იავარი მრავალი და წარმოვიდა უშიშრად.

სცნა რა ესე ბაგრატ, მპყრობელმან მუხრანისამან, შემოიკრიბნა მცირედნი სპანი თჳსნი და დაუმზირდა ჴევსა მას, რომელ არს ძალისსა და ჭაპურს შუა. ხოლო რომელნიმე სპანი ავ-გიორგისნი წინათკენ წარმოსრულ იყვნეს ნაშოვრითა. ხოლო ავ-გიორგი უკანით-კერძო წარმოემართა ნადირობითა და შექცევითა. და ვითარცა მოიწია მუნ, სადა ბაგრატ მზირად განწყობილ იყო მაშინ მიეტევნეს გულითა სრულითა და მსწრაფლ დაემჴუა სილაღე და ამპარტავანება მისი. ძალისს შეიბნეს; და შეიპყრა თჳთ ბაგრატ, და შეიქმნა სარტყელი და შეუკრა მჴარნი.

ხოლო იყო ავ-გიორგი ენითა ბრგუნილ, რქუა ავ-გიორგი ბაგრატს: „ვის ეკადრება შეპყრობა და შეკრვა მჴრისა?“ და რქუა ბაგრატ ავ-გიორგის: „ჯერეთ ესე მოვაწიე შენ ზედა და აწ გამცნებ, თუ რა მოიწიოს შენ ზედა, ვინ ხარ და რა კაცი ხარ, რეგუენი და ჭკუა-მცირე“. ხოლო ავ-გიორგისთანაც მყოფნი რომელნიმე კახნიცა შეიპყრნეს და სხუანი ლტოლვილნი შეიქნეს და წარმოართუეს ნატყუენავი, რომელი წარმოეღოთ მათცა მრავალი. და წარიყვანეს შეპყრობილი ავ-გიორგი და პატიმარ-ყო, ციხესა მას შინა მტუერისასა, ქორონიკონსა ს~ა, ქრისტეს აქეთ ჩ~ფიდ.

ხოლო ბაგრატ მიუმცნო საქმე ესე ძმასა თჳსსა მეფესა დავითს, და განიხარა სიხარულითა დიდითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოაშთვეს ავ-გიორგი ციხესა მას შინადა მოკუდა. ხოლო სცნა რა სიკუდილი მისი მეფემან დავით,შეწუხნა. მაშინ აღიღეს გუამი მისი და წარიღეს მცხეთას ეკლესიასა მთავარ-ანგელოზისასა ჩრდილოეთით-კერძო და მას შინა დამარხეს, და აღასრულეს წესი დაფლვისა, და კეთილად მოურნე ექმნეს, ვითარცა ჯერ არს მიცვალებულთათჳს. ხოლო დაშთა ავ-გიორგის ძე ერთი და ეწოდა სახელი ყრმასა მას ლევან.

ამისა შემდგომად განილაშქრა მეფემან დავით კახეთსა ზედან და დაიპყრა სრულიად კახეთი, და მტკიცედ ეპყრა იგი ჟამსა რაოდენსამე. ხოლო მეფე დავით განაგებდა კეთილად ქართლსა და კახეთსა.

და იყო ყრმა იგი ლევან დედითურთ სახლსა შინა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. რამეთუ იყო მეყჳსი დედა იგი ლევანისა ჩოლაყასშვილის გარსევანისა, რომელი იყო სახლთ-უხუცესი კახის ბატონისა.

მაშინ აუწყეს მეფესა დავითს ყრმისა მისთჳს ლევანისა, რამეთუ აღორძინებულ არს კახეთსა შინა. და წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი, რათამცა მოიძიონ ყრმა იგი, თუ სადა არს. მაშინ იწყეს ძიება მკჳდრთა მათ კახეთისა სახლთა შინა დიდთა და მცირეთასა. და განავლინეს ბრძანება და შემოიფიცეს ყოველნივე, რათამცა გამოაცსადონ ყრმისა მისთჳს, თუ სადა არს. და ესრეთ მოვლეს რომელნიმე კახეთისა კერძონი.

მაშინ წარიყვანეს ლევან მოსკოვისა კნიაზთანა, და დედა მისი დედოფალი ელენე აღიყვანეს ციხესა მაღრანისასა, და განამაგრეს ციხე იგი, და მერმე მივიდეს ბაგრატ და ერისთავი ქსნისა და ამილახორი სახლსა ჩოლაყაშვილის გარსევანისასა. და მას ღამესა კეთილად უმანსპინძლა, და დღესა მეორესა დაუმტკიცა ფიცით გარსევან, ვითარმედ: არა არს სახლსა ჩემსა, და რომელიცა იხილეთ თუალითა თქუენითა სხუა არავინ არს სახლსა შინა ჩემსა“.

ხოლო იყო რაოდენიმე ხანი. კუალად მოვიდა ლევან სპითურთ რუსით, და შთამოვიდა კახეთს, და შევიდა ციხესა მას შინა ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა. მაშინ კახნი ყოველნივე მივიდეს მის თანა და შეჰფიცეს და მიერთნეს ლევან, წარმოიყვანეს და გაიბატონეს. და დაიპყრა კახეთი ლევან.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან დავით, შემოიყარა სპანი თჳსნი და წარემართა კახეთსა ზედა გადავლო გომბორი და შთავიდა კახეთად. მაშინ კუალად იპყრა კახეთი და შემოეყარნეს კახნი ყოველნივე.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>