ქართლის ცხოვრება

ახალი ქართლის ცხოვრება, მესამე ტექსტი

ხოლო ლევან ივლტოდა; წარვიდა და შევიდა ციხესა მას შინა, რომელ არს თავსა მაღრანისასა. ხოლო მიადგა მეფე დავით და მოიცვა გარემონი ციხისა მის, და ბრძოლა უყო ძლიერად.

ამას ჟამსა შინა მივიდეს ურიცხუნი სპანი ოსმალთანი, და მოაოჴრეს სრულიად სამცხე, და ვერ აღუდგეს მესხნი წინა წარმოვიდეს მუნითგან და მოვიდეს ქართლს. და ვერავინ აღუდგა წინა, რამეთუ ქართველნი ყოველნივე კახეთს იყვნეს ლაშქრად. და ვითარცა ესმა მეფესა დავითს მოსლვა იგი ოსმალთა, ჯერეთ არა გამოაცხადა, ამისთჳს რომე ძლიერად შეეჭირვებინა ციხესა მყოფნი, და მცირედსა ხანთა შინა ეგულებოდა აღება ციხისა მის, და წარავლინა მოციქული მეფემან დავით ამილახორი და მთავარ-ეპისკოპოზი, და სთხოვა ციხე.

მაშინ ფრიად შეჭირვებულ იყვნეს ციხესა შინა მყოფნი, და ვერ ძალ-ედვათ გამაგრება ციხისა მის. და რა ესძა საქმე ესე დედასა ლევანისასა მისლვა ამილახორისა და მთავარ-ეპისკოპოზისა, და არღარა ჰქონდათ ღონე ციხის მიცემისაგან კიდე. რა შევიდა მთავარ-ეპისკოპოზი და ამილახვარი ხილვად დედისა ლევანისა, მაშინ აღდგა დედა იგი ლევანისა და მიეგება შემთხუევად მთავარ-ეპისკოპოზისა. და რა მივიდა, თქუა მთავარ-ეპისეოპოზმან იდუმალ: „მაგრა იყავით, რამეთუ ღამესა ამას უკუ-ვეყრებით ციხესა ამას და წარვალთ ქართლს“. მაშინ წარვიდა დედა იგი ლევანისა სიხარულით, და აუწყა საქმე მეციხოვანთა მათ და განამტკიცნა იგინი.

ხოლო დღესა მეორესა სთხოვეს ციხე და მათ დიდად უარჰყვეს მიცემა ციხისა და შემოუთუალნეს სიტყუანი მაგარნი. მაშინ წარმოვიდეს მოციქულნი იგი და აუწყეს მეფესა მას დავითს. ხოლო მსწრაფლ აიყარა მეფე დავით და წარმოვიდა ბრძოლად ურუმთა, მოიწია ზემო ქართლს. მაშინ ეწყვნეს ძლიერად ოსმალთა და ძალითა მრავალ-მოწყალისა ღმრთისათა მიეცა განმარჯუება ქართველთა. და მოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალთაგანნი, და სხუანი შეიპყრეს და ტყუე-ყვნეს, და წარმოართუეს ალაფი და ნაშოვარი მითი, და სხუანი რომელნიმე ლტოლვილნი წარვიდეს სახედ თჳსა.

მაშინ რაჟამს წარმოვიდა მეფე დავით, კუალად დაიპყრა ლევან კახეთი. და შემოეყარნეს კახნიცა სრულიად. და იყო მაშინ ლევან წლისა შჳდის. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა დავითს პყრობა კახეთისა, მაშინ შეიყარნა სპანი და წარვიდა კუალად კახეთსა ზედა, მივიდა საგარეჯოს, და შემოეყარნეს გარესჯელნი და მას-აქათნი კახნი ყოველნივე.

მაშინ ლევან იდგა ქისიყს და ახლდეს რომელნიმე კახნი მივიდა მეფე დავითცა ქისიყსა და ეწყვნეს ურთიერთას. და სძლო სამართალმან ლევანისამან, რამეთუ ესრეთ, მოწყალე არს ღმერთი ქურივთა და ობოლთათჳს. და მცირითა სპითა განემარჯუა ლევანს მეფესა დავითს ზედა. და მეოტ იქმნა და წარმოვიდა ქართლსა.

მაშინ ლევან მტკიცედ იპყრა კახეთი. და შემდგომად მცირედისა დაემძახა ლევან, მპყრობელი კახეთისა, გურიელსა და მოიყვანა ასული გურიელისა ცოლად, და ეწოდა თინათინ. და ამან გურიელის ასულმან თინათინ ჟამსა სიყრმისა თჳსისასა იხილა ჩუენებასა შინა ესრეთ, რომე მიჰყვანდა იგი სძლად კაცსა ვისმე მთავართაგანსა და გზასა ზედა დაისადგურეს დღესა ერთსა; და მას ადგილსა, რომელსა მდგომარე იყვნეს, იხილა მუნ შინდი ერთი მდგომარე, და იყო შინდი იგი თეთრი; და აუწყებდა ვინმე კაცი სამღდელოთაგანი, რათამცა აღუშენოს მონასტერი დედასა ღმრთისასა ადგილსა მას, სადა იდგა შინდი იგი თეთრი. და ესრეთ იხილა ჩუენება იგი.

ხოლო რაჟამს სთხოვა ლევან მპყრობელმან კახეთისამან გურიელსა ასული იგი მისი თინათინ ცოლად, მაშინ მოსცა გურიელმან და წარმოიყვანეს კახეთს. მაშინ მიიწივნეს იგინი შუამთას და მუნ განისუენეს მას დღესა. ხოლო მიმოიხედვითა ასული იგი გურიელისა თინათინ და იხილა მუნ შუამთას შინდი იგი თეთრი, რომელი პირველ ეხილვა ჩუენებასა შინა, და მოეჴსენა ჩუენება იგი და შინდი, რომელი მდგომარე იყო ნიშად ეკლესიისა მის მომასწავლებელად. მაშინ გულისჴმა-ჰყო და სარწმუნო იქმნა განგებულებასა მას ზედა. ხოლო რაჟამს იქორწინა, შემდგომად მცირედისა ჟამსა იწყო შენებად შუამთას მონასტერსა დედისა ღმრთისასა, რამეთუ ფრიადი მოსწრაფება აჩუენა და ჟამსა რაოდენსამე შინა აღაშენა იგი, შეასრულა და შეამკო ყოვლისავე სამონასტროსა წესთა და სამკაულითა, და შესწირნა აგარაკნი და დაბანი, და დაადგინა მას ზედა მოძღუართ-მოძღუარი. და იგი შემზადა სამარხოდ თჳსად.

ხოლო შვა ამან გურიელის ასულმან თინათინ ძენი ორნი: სახელი ერთისა მის ალექსანდრე და მეორისა მის ვახტანგ. და ამისა შემდგომად მიიცვალა გურიელის ასული თინათინ, და დაუტევა. ანდერძი, რათა არა დამარხონ გუამი მისი ქმრისა თჳსისა ლევანის თანა, არამედ დაემარხოს იგი შუამთას თჳსსა აღშენებულსა მონასტერსა. და ყვეს ეგრეთ. და ამისთჳს არა დაემარხა ქმრისა თჳსისა თანა, რამეთუ ლევან იყო სიძვისა და მრუშების მოყუარე.

და კუალად ისუა ლევან ცოლი სხუა, ასული შამხლისა, რომელსა ეწოდა შამხალსა მას სახელად ყარამუსალ. და კუალად მიეცა შამხლისა ასულისა თანა ძენი სამნი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.

ხოლო მეფე ქართლისა დავით მეფობდა კეთილად მშჳდობით.

ქორონიკონსა ს~ვ: აღიძრა ყაენი და წარმოვიდა ულუსითა საქართველოსა საქრისტეანოსა; ხატთა და ჯუართა ყველასა ატყუევებდეს. პატრონმან მეფემან დავით თჳსი შვილი რამაზ გაგზავნა და ყაენს წინა მიაგება, და დაიჴსნა საქრისტეანო. და დაჰყო რაოდენიმე ხანი და მერმე დღითა აღსავსემან აღირჩია კეთილი ნაწილი და იქმნა მონაზონ, და უწოდეს სახელად დამიანე. და ესხნეს ძენი სამნი: ლუარსაბ, დიმიტრი და რამაზ.

ქორონიკონსა ს~ზ: მიიცვალა დიდისა მონასტრისა გენათისა მოძღუართ-მოძღუარი ილარიონ პატრონი, თუესა მაისსა ვ~, და გორის-ჯუარით აქა გელათს მოასუენეს.

ამასვე ქორონიკონსა მიიცვალა მეფის ბაგრატის შვილი მუცლის ტკივილითა, და იყო მეფე დავით-ყოფილი დამიანე სინანულსა და ვედრებასა ღმრთისასა, რამეთუ აღეშენა სენაკი მცხეთას და იყოფებოდა სიმართლით. მაშინ იყო ქორონიკონი ს~იდ.

ჟამსა ამას ჯდა კათალიკოზი მელქისედეკ, ძმა მეფის დავითისა.

ქორონიკონსა ს~იდ: მისცეს ბაგრატს ქართლი მეფესა იმერეთისასა, არადათის წყალს გამოღმა: ალი, სურამი და ახალდაბა.

ამასვე წელსა მიიცვალა მეფე დავით. ტფილისის ქალაქს, და დამარხეს მცხეთას.

ამასვე წელსა იქორწინა ძემან მისმან ლუარსაბ, და შეირთო ცოლად მეფის ბაგრატის ასული თამარ, მარტსა კ~ე.

და მეფობდა ლუარსაბ ძალითა და შეწევნითა ბაგრატისითა. და იყო ყაენად შაჰისმაილ, მეოთხე შვილისშვილი იყო შიხისა მის, რომელი გამოჩნდა პირველ არდაველს. და დაიპყრა შაჰ-ისმაილ სამკჳდრო თჳსი არდაველი, და მუნითგან იწყო ბრძოლად სპარსეთისა და დაიპყრა სპარსეთი.

ქორონიკონსა ს~ივ: მიიცვალა იმერელი ბატონისშვილის ვახტანგის ცოლი, კახთა მეფის ასული ხვარამზე.

ქორონიკონსა ს~იზ: მიიცვალა ქუთათელი გერასიმე, იანვარსა ი~ ამასვე წელიწადსა დაჯდა მათი ძმისწული სვიმონ, და წარვიდა და ეკურთხა საყდარსა ბიჭვინტისასა.

ამასვე ქორონიკონსა მეფეთ-მეფემან ბაგრატ განყო ლიხთ-იმერი სამ საეპისკოპოზოდ, ბრძანებითა აფხაზეთისა კათალიკოზისა აბაშიძისათა. ინება ღ(ვ)თივ-გჳრგჳნოსანმან მეფეთ-მეფემან ბაგრატ და დედოფალთა დედოფალმან ელენე დიდისა და ცათა მობაძავისა საყდრისა, ახლისა იერუსალიმისა, გენათისა ეპისკოპოზისა მელქისედეკისა საყუარელის ძისა, საუკუნოდცა არს ჴსენება მათი.

ამასვე დროსა იმავე პატრონმან გააჩინა ხონელ ეპისკოპოზად მჩხეტის-ძე მანოელ მისვე აფხაზეთისა კათალიკოზისა ჴელითა საყდართა შიგან ბირვინტისათა, ქორონიკონი იყო ს~იზ: წარვედით აფხაზეთს საკურთხეველად ივნისსა კ~, და მოვედით ივლისსა კ~.

ამასვე ჟამსა მონაზონ იქმნა გიორგი, ძმა დავით მეფისა, და უწოდეს სახელად გერასიმე. და ბაგრატცა, ძმა მეფის დავითისა და გიორგისა, რომელი უფლებდა მუხრანს, იგიცა მონაზონ იქმნა, და უწოდეს სახელად ბარნაბე.

ხოლო რაჟამს მონაზონ იქმნა ბაგრატ მპყრობელი მუხრანისა, და ესხნეს მას ძენი ოთხნი: ერეკლე, არჩილ, აშოთ და ვახტანგ. მაშინ მტკიცედ ეპყრა ქართლი მეფესა ლუარსაბს. ხოლო კათალიკოზი მელქისედეკ პირველვე განძებულ იყო და იდგა მონასტერსა არმაზისასა, და იყო კათალიკოზად გერმანე, და ტფილელად დომენტი, და მროველად გედეონ.

ქორონიკონსა ს~ით: ივლისსა ი~ა მიიცვალა მჴეცის-ძე სარგის.

ხოლო ოდეს დაიპყრა ქუეყანა სპარსეთისა შაჰ-ისმაილ, მაშინ წარმოემართა და განიგულა დაპყრობა საქართველოსი, მოვიდა ძალითა დიდითა და სპითა ურიცხჳთა, და დაიბანაკა აღჯაყალას. მაშინ სცნა რა მეფემან ლუარსაბ, შემოიყარა სპანი თჳსნი და დადგა ტფილისს, განამაგრა ციხე-ქალაქი.

ხოლო შაჰ-ისმაილ წარმოგზავნა ამირსპასალარი ყარაფირილ სპითა ურიცხჳთა. კუალად შემდგომად მცირედისა წარმოგზავნა მიშკარბაში ელიასბეგ სპითა ურიცხჳთა. და შემდგომად მათსა თჳთცა წარმოვიდა. მაშინ წარვიდა მეფე ლუარსაბ ტფილისით და მივიდა ღელესა მას თელეთისასა, და მუნ განაწყო სპა თჳსი. და რაჟამს მოვიდა ყარაფირი ამირსპასალარი, და ეწყვნენ ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მჴნედ იბრძოდეს სპანი ქართველთანი, ვითარცა ლომნი, და მოსწყჳდნეს ურიცხუნი თათარნი. მიდრკეს იგინი და ოტებულნი ივლტოდეს, ვითარცა ჯოგი კანჯრისა ლომთაგან დანქრეული.

მაშინ შეემთხვია წინათ-კერძო მიშკარბაში ელიასბეგ. ოტებულთა მათ ყიზილბაშთა. და კუალად უკუმოაქციანნა ლტოლვილნიცა იგი, და თჳსითა სპითა წინაგანეწყვნეს ქართველთა. კუალად შეიქმნა ბრძოლა ძლიერი, უძლიერესი პირველისა, და ძალითა ღმრთისათა კუალად მძლე ექმნეს ქართველნი და მოსრეს უმრავლესი პირველისა ომისა. და იოტნეს იგინი და მიჰყვნენ უკანა მათსა ქართველნი, სრვიდეს. და ამოსწყჳდნეს მრავალნი. და აღმოვიდა შაჰ-ისმაილიცა ყოვლითავე ძალითა თჳსითა და სპითა უმრავლესითა. ესრეთ მოიწია მთასა თელეთისასა, რომელ არს კერძოთა ტაბაჴმელისათა. გარდმოხედნა შაჰ-ისმაილ და იხილნა სპანი თჳსნი ძლიერად ოტებულნი და მიმოდანქრეულნი, და უმრავლესნი დაჴოცილნი, და უკანა მათსა ქართველნი ფიცხლად მდევნელნი და განლაღებულნი მათ ზედა. ამას ზედა შეწუხნა შაჰ-ისმაილ, და შემოუტივეს შაჰ-ისმაილ და სპათა მისთა ყარაყოინლუთა.

მაშინ დაშთეს ქართველნი წინათ-კერძო და უკანა მათსა შაჰ-ისმაილ და სპანი მისნი, რამეთუ ფრიადისა ომისაგან მაშურალთა ქართველთა, რაც ოდენ ძალ-ედვათ, ძლიერად ბრძოლა უყვეს, და განგრძობასა შინა ომისასა იძლივნეს სპანი ქართველთანი. მაშინ ივლტოდა მეფე ლუარსაბ და მივიდა ზემო ქართლს, და კუალად ენება შეკრება სპათა და ბრძოლად არამედ ვერღარა უძლო ადრე შეყრა, რამეთუ დაიფანტნეს ქართველნი.

და წარმოვიდა შაჰ-ისმაილ და გარე-მოადგა ციხესა ტფილისისასა და ბრძოლა უყო ძლიერად. მაშინ აღუთქუეს ნიჭი დიდი ციხისთავსა მას ტფილისისასა, და ესრეთ მოინდო ციხისთავი იგი, და მისცა ციხე. და დაიპყრა ციხეცა და ქალაქი, და ქმნა მრავალი ბოროტი. შემუსრნა წმიდანი ეკლესიანი, და შეაგინნეს სიწმიდენი, და მრავალნი ხატნი და ჯუარნი წარყვნეს. და თჳთ შემუსრა ჴელითა თჳსითა სიონთა ღმრთისმშობელი და განძარცუა მრავალფასი სამკაული, ქართველთა მეფეთაგან სასოებით შემკული; ამან უღმრთომან მიჰყო წარმდებად ბილწი ჴელი თჳსი და შემუსრა, და უფასონი იგი თუალნი და მარგარიტნი თჳთ წარიღო, და წმიდა იგი ფიცარი განაშიშულა მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, და დასდვა თავსა ზედა განსავალსა მას ჴიდისასა, რომელ არს ციხესა შინა ტფილისისასა.

და შეიპყრნეს მრავალნი ქრისტეანენი, და მიჰკრიბეს ჴიდსა მას ზედა და მძლავრებით აიძულებდეს ფერჴითა დათრგუნვად ხატსა მას. რომელთამე ქრისტეანეთა ფრიად უარ-ჰყვეს განსლვა ჴიდსა მას ზედა და დათრგუნვად ხატსა მას წმიდისა დედოფლისა ჩუენისასა, და მრავალთა აღირჩიეს სიკუდილი და არა დათრგუნეს ხატი იგი, და წარეკუეთნეს წმიდანი და ყოვლად ქებულნი თავნი მათნი, და აწ იმოთხვენ ყუავილთა მათ შინა დაუჭნობელთა, წმიდათა ორმეოცთა მოწამეთა თანა. ხოლო რომელნიმე ქრისტეანეთაგანნი მომედგრდეს უძლურებითა ჴორცთათა და დაკლებულ იქმნეს სასუფეველისაგან, რამეთუ ვერა-რა ივაჭრეს, და განვიდეს კრებისაგან ცალიერი.

ხოლო ოდეს აღასრულა ყოველივე სიბოროტე თჳსი მძლავრმან უსჯულომან შაჰ-ისმაილ, მაშინ გარდაუტევეს ხატი იგი წმიდისა დედოფლისა ჩუენისა ღმრთისმშობელისა მდინარესა მას შინა მტკუარსა და წარიღო ხატი იგი წყალმან მან, და განვიდა ქუემოთ-კერძო წიაღ მდინარისა მის. ეჰა საკჳრველება ესე და სასწაული ხატისა მის, რამეთუ არავე განეშორა ტაძარსა თჳსსა, არამედ იყო რამ წიაღ მდინარისა მის, ხე ტირიფისა მდგომარე, და ძირსა ზედა მისა მიყრდნობილი წაღმართ სუენებული იხილა ვინმე მწყემსმან, მიმავალმან კახეთად, და განსავალსა წყლისასა აღიღო და განიხარა ფრიად, და თაყვანის-ცა მწყემსმან მან აღიღო და მიართუა მპყრობელსა მას კახეთისასა ბატონს ლევანს; და მხიარულ იქმნა დიდად და მიანიჭა მწყემსსა მას წყალობა მრავალი. და იწყო მეორედ შემკობად ხატისა მის და, რაც ოდენ ძალ-ედვა, აჩუენა მოსწრაფება დიდი და ესრეთ შეამკო, ვითარცა აწ იხილვების სიონისა ღმრთისმშობელი. და კუალად ზედა-წერილ არს ხატსა მას ზედა ცხოვრება კახეთის მპყრობელის ლევანისა. ხოლო ოდეს განასრულა ხატი წარმოგზავნა ხატი იგი პატივითა დიდითა სიონსა შინა, და არს მიერითგან ვიდრე აქამომდე ზე-აღმკულ ლევანის მიერ.

ხოლო აღაშენა შაჰ-ისმაილ მეჩითი სჯულისა თჳსისა ყურესა მას ჴიდისასა, და შეაყენნა მცველნი თჳსნი, და განამაგრა ციხე, და წარვიდა. და ამას შინა შემოიკრიბნა სპანი თჳსნი მეფემან ლუარსაბ, და წარმოემართა შაჰ-ისმაილსა ზედა, და ეგულვა კუალად ბრძოლა მისი. და რაჟამს ცნა აღება ციხისა მის და შექცევა შაჰ-ისმაილისა, დაუმძიმდა ფრიად. მაშინ კუალად იპყრა ქართლი მეფემან. და ამასვე ჟამსა შინა ეწია რისხვა ღმრთისა ულხინებელი შაჰ-ისმაილს. და ბოროტი იგი ბოროტად წარწყმდა, და დაჯდა მის წილად ძე მისი შაჰ-თამაზ.

ხოლო შაჰ-ისმაილ იყო კაცი მზაკუარი, და ამან გამოაჩინა სჯული შიასი და იწყო ძაგებად და გინებად სჯულისა ოსმალთასა, და განთქმულ ჰყო სახელი ალიასი, და იწოდა თავი თჳსიმედ ალიასა, და მიერითგან ირწმუნეს ყიზილბაშთა ძედ იმამისა, და ვიდრე აქამომდე სწამსთ, და უპყრიესთ მტკიცედ. ხოლო გამდიდრდა შაჰ-თამაზ უფროს მამისა თჳსისა და დაიპყრა მრავალი ქუეყანა უცხოთა, რომელი არა ეპყრა მამასა მისსა.

ხოლო მეფემან ლუარსაბ დაიპყრა ტფილისი, და აღიღო ციხე ტფილისისა და გაამაგრა. მაშინ შაჰ-თამაზ იდგა ყარაბაღს, დაესმა აღება ტფილისისა ციხისა, შემოიკრიბა სიმრავლე სპათა რჩეულთა და ესე იდუმალ წარმოემართა ტფილისსა ზედა. და ამას ჟამსა შინა მიიცვალა ტფილისს ძე მეფის ლუარსაბისი ყრმა მცირე. და წარიღეს ყრმა იგი მცირე მცხეთას სამარხოსა თჳსსა, და წარიყვნეს თანა მეფე და დედოფალი. და რომელსაცა დღესა განვიდეს ტფილისით, მასვე ღამესა შემოვიდა შაჰ-თამაზ ტფილისსა შინა, და დაიპყრა სრულიად ქალაქი და ზეგარდამოთა განგებითა ღმრთისათა მორჩეს დიდსა განსაცდელსა მეფე და დედოფალი და მათ თანა მყოფნი ქართველნიცა.

ხოლო სცნა რა საქმე ესე მეფემან, წარვიდა სიმაგრეთა შინა, და ეგრეთვე სრულიად ქართველნი წარვიდეს სიმაგრეთა შინა. ამისთჳს ვერღარა შემოიკრიბა სპანი თჳსნი მეფემან, რამეთუ იყვნეს დაუხიზნავნი ქართველნი, და ყოველნივე დასახიზნავად წარვიდეს.

მაშინ შაჰ-თამაზ მოაწია მრავალი ბოროტი ტფილისსა ზედა: შეიპყრეს და განსძარცვეს ხატი იგი მეტეხისა, სახე წმიდისა ღმრთისმშობელისა, და ამოსწყჳდნა მრავალნი სულნი. ხოლო ციხისთავსა გულბაადს შეეშინა დიდად მეფისა თჳსისაგან: ნუ უკუე ესე საქმე ესე დამადვას მეფემანო“, და გარდამოვიდა ციხით, და მივიდა შაჰ-თამაზთანა; და მიანიჭა წყალობა მრავალი და სხუანი მეციხოვანნი რომელნიმე წარვიდეს სახლსა და რომელნიმე მიერთნეს ყიზილბაშთა.

მაშინ ციხისთავმან გულბაად და სხუათა მეციხოვანთა დაუტევეს სჯული თჳსი და მიიქცეს სჯულსა მაჰმადისსა. და დაიპყრა შაჰ-თამაზ ციხე იგი და განამაგრა, და თჳთ შეიქცა და წარვიდა ყარაბაღს. მაშინ შეურიგდა მპყრობელი კახეთისა ბატონი ლევან, და წარვიდა შაჰ-თამაზ ნახჩევანს ქუეყანასა სომხითისასა, და დაიმორჩილნა ყოველნივე ურჩნი და ჰყვნა საბრძანებელსა ქუეშე თჳსსა.

ქორონიკონსა ს~კა: დადიანი მამია და გურიელი მამია წარვიდეს ჯიქეთს საბრძოლად ზღჳთ ნავებითა, და შეიბნეს თუესა იანვარსა ოცდაათსა. პირველსა დღესა ამათ გაემარჯუა; მეორესა დღესა, პარასკევსა, განრისხდა ღმერთი ოდიშართათჳს, უღალატეს. და გამოექცნეს, დადიანი და გურიელი და გურიელის ლაშქარი დაუტევეს; მოეტევნეს; ჯიქნი და შეიბნეს: მრავალი დაჴოცეს დადიანმან, გურიელმან და გურიელის ლაშა ქართა. მოკლეს გურიელის შვილი გიორგი და მისნი აზნაურშვილნი. დაღალულნი ომისაგან შეჩუენებულმან ცანდია ინალდიფითა გაინდვნა, დადიანი გააშიშულეს, სრულიად შიშუელი დაჭრეს გურიელი და სამნი მისნი ძმანი და ეპისკოპოზნი, და მისნი ლაშქარნი ტყუე ყვეს. წარვიდა მალაქია კათალიკოზი და გამოიჴსნნა ცოცხალნი, და მკუდარნი ფასით იყიდნა.

ქორონიკონსა ს~კგ: მერე ალექსანდრე, ძე ლევანისა, იშვა.

ამასვე ქორონიკონსა მურჯახეთს შეიბნეს; აგვისტოს ი~გ, დღესა ხეთშაბათსა, შეიბა მეფეთ-მეფე ბაგრატ და ათაბაგი ყუარყუარე ახალქალაქსა, და დაიჴოცნეს მრავალნი კაცნი, და გაემარჯუა მეფესა, და ჴელთ დარჩა ყუარყუარე და მისნი ლაშქარნი, და დაიპყრა სრულიად საათაბაგო ძემან ალექსანდრესმან.

და ჟამსა ამას ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა იყო სამცხეს, და ვითარცა ესმა დაპყრობა სომხითისა, წარმოემართა იგიცა და მოვიდა შაჰ-თამაზთანა მიზეზითა ამით, რაჟამს გაემარჯუა ბაგრატს ყუარყუარე ათაბაგსა ზედა, და დაიპყრა ბაგრატ საათაბაგო. მაშინ ოტებულ იქმნა ოთარი შალიკაშვილი, ივლტოდა იგი, და თანა-წარიყვანა ძე ათაბაგის ყუარყუარესი ქაიხოსრო. მივიდეს სტამბოლს და მოაჯე ექმნნეს ხვანთქარს. და შეიწყალა ხვანთქარმან, და მოსცა ჯარი მრავალი, და თოფი, და ზარბაზნები დიდ-დიდნი, და უჩინა ამირსპასალარად მუსტაფ ფაშა, და წარმოგზავნა იგინი ბრძოლად ბაგრატისა.

ხოლო ესმა რა ამბავი ესე ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, ამისთჳს წარვიდა შაჰ-თამაზთანა, და არავინ წარიყვანა კაცნი უჭაღარონი, არამედ აარჩინა კაცნი ჭაღარანი, და წარიყვანნა დიდებულნი და მცირენი, მოხუცებულნი, ჭკუისმყოფელნი, ჭაღარანი, კაცნი მსგავსნივე მისნი.

ხოლო იყო შაჰ-თამაზ აიდარბეგს, და მივიდა ბაგრატ. დიდად პატივ-სცა ყაენმან, და დაისუა წინაშე, აქა მოხუცებულნი მიმყოლნი მისნი. და უბრძანა ყაენმან ბაგრატს, რათა მოსწიოს მშჳლდსა, და მოუტანეს მშჳლდი ძლიერი ბაგრატს. ხოლო, ბაგრატ არა რამე თავს-იდვა, და ეპყრა მცირე რამე ნატეხი წვრილი ჯოხი, და მით ასწია. ხოლო ყაენმან გაიცინა, და მისცა საბოძვარი დიდი და გამოისტუმრა. ითხოვა ბაგრატ მისგან შეწევნა და ძალი ოსმალთა ზედა. და იყო მაშინ შაჰ-თამაზ ფრიად უცალო, ვერა ათხოვა ჯარი, და მისცა საბოძვარი მრავალი, და მით შემწე ეყო. და წარვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა სამცხეს.

მაშინ წარავლინა ბაგრატ კაცი და ითხოვა გურიელისაგან შეწევნა. და წარმოვიდა გურიელი სპითა თჳსითა და მოვიდა ბაგრატის თანა.

ქორონიკონსა ს~კე: მეფე სვიმონ იშვა, ძე ლუარსაბისი.

ქორონიკონსა ს~ლა: ხვანთქრის ფაშები მოვიდეს, კ~ბ ათასი, და სრულიად ტაო ამოსწყჳდეს. მოუჴდა ბაგრატ მეფე და ეწყვნეს ურთიერთას, იქმნა ბრძოლა ძლიერი. მისცა ღმერთმან გამარჯუება ბაგრატს და იოტნეს ოსმალნი, მოსრნეს მრავალნი მახჳლისათა. მაშინ მოკლეს თჳთ მუსტაფ ფაშა, და სხუანი ივლტოდეს ოსმალნი. და იშოვნეს მრავალნი საგანძურნი, და დაიპყრა მტკიცედ საათაბაგო.

ამისა შემდგომად კუალად წარვიდა ხვანთქართანა ოთარი შალიკაშვილი, და ქაიხოსრო ძე ათაბაგისი, ესმა რა ხვანთქარსა, დაუმძიმდა ფრიად. და კუალად წარმოავლინა აზრუმისა ფაშა, და დიარბექირისა, და სხუანიცა მრავალნი, და შეკრბა სპათა სიმრავლე ურიცხჳ. და ესრეთ წარმოემართა სამცხესა ზედა. სცნა რა ესე ბაგრატ, წარმოუვლინა კაცი და ითხოვა შეწევნა მეფისა ლუარსაბისაგან.

ხოლო მეფე ლუარსაბ იყო კაცი სახიერი და ფრიად ზრუნვიდა საქართველოსათჳს, და ეძჳნებოდა უცულოთა ზედა-მოსვლისათჳს და დაკნინებად საქრისტეანოსა. მაშინ მოუწოდა სპათა საქართველოსათა და წარემართა შეწევნად ბაგრატისა რამეთუ ამან მეფემან ლუარსაბ მრავალგზის აწვივნა იმერელნი, მესხნი და კახნი შეწევნად უსჯულოთა ზედა, არამედ იგინი არა თანა-შემწე ექმნეს. და ესოდენ უმეტეს მოურნე იყო მათთჳს, ვითარცა მამა შვილთათჳს ტკბილ არს და ლმობიერ, ეგრეთვე ესეცა ტკბილ იყო მათთჳს და არა ძჳრის მოაჴსენე. და ვითარცა წარვიდა ესე, მაშინღა წარვიდა გურიელი სპითა თჳსითა. და შეკრბეს ყოველნივე სამცხეს.

ხოლო მოვიდეს ოსმალნი ურიცხუნი ბასიანს, ქორონიკონსა ს~ლგ, და მივიდეს ესენიცა მუნ, სადა ოსმალნი დაბანაკებულ იყვნეს. ხოლო იქმნა რამე განზრახვა ქართველთა შორის და მესხთა. თქუეს ქართველთა და აღირჩიეს მეწინავედ მისლვა, არამედ მესხთა არა თავს-იდვეს, რამეთუ იტყოდეს, ვითარმედ: „ძუელითგანვე მეწინაობად მისლვა მესხთათჳს განწესებულ არს და აწცა ჯერ არს ჩუენდა მისლვაო, და რამეთუ რიგი ესე და წესი ძუელითგანვე გუაქუსო“.

ხოლო უმეტეს ქართველთა არა უსმინეს, და იქმნა ცილობა ურთიერთას შორის, და აღეგზნა შური დიდი. აჰა იხილეთ, მსმენელნო, გაბედვა და მკუეთელობა საქმისა, ვითარ იგი ჰყვეს მაშინ ლომ-ვეფხებრ მჴეც-ქმნილთა რჩეულთა მათ სპათა ქართველთა უსჯულოთა მათ ზედა, და მიეტევნეს ქართველნი, ვითარცა ელვა ქუხილისა ცისა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და შეიბნეს სოხოიტს ზედა იმერელი მეფე ბაგრატ, და ქართლის მეფე ლუარსაბ, და ათაბაგი პატრონი ქაიხოსრო, და სრულიად საქართველო იყო, და ორი ფაზა იყო. და მეფენი მეოტ იქმნეს.

მაშინ შურითა ბოროტითა აღსავსეთა მესხთა ინებეს განდრეკილება, და არღარა მიჰყვნენ ომსა შინა. ხოლო სცნეს რა განდრეკილება მესხთა, უფროსად განიწირნეს თავნი თჳსნი ქართველთა და იმერელთა, და გარგრძელდა ომი, და მოისრნეს მრავალნი იმიერ და ამიერ, და უფროსღა მოსწყჳდნეს ოსმალნი, ვიდრე ოთხი ზომა მოისრა. მაშინ მოკლეს ძე გურიელისა ქაიხოსრო და სხუანი მრავალნი ქართველნი და იმერელნი. ქმნეს სახელი დიდი, და შემუსრეს ყოველივე საომარი საჭურველი, და ესრეთ დარჩნენ, რომ საბრძოლველი იარაღი აღარა ჰქონდათ. და იყო ომი ძლიერი დილითგან ვიდრე მწუხრადმდე.

მაშინ სიმრავლისაგან სპათასა იოტნეს სპანი ქართველთანი, დამაშურალთა ქართველთა სძლეს ოსმალთა და მეოტ იქმნენ, და ლტოლვილი წარმოვიდა მეფე ლუარსაბ ქართლს და ბაგრატ იმერეთს.

ხოლო დაიპყრეს ოსმალთა სამცხე-საათაბაგო, და აღიღეს ყოველნივე ციხენი და სიმაგრენი სამცხისანი, და გააბატონეს ქაიხოსრო, ძე ყუარყუარესი, და იქმნა ათაბაგ. მაშინ შემოიკრიბნა მესხნი დიდნი და მცირენი ყოველნივე, და მთავრობდა ოთარი შალიკაშვილი. ხოლო ათაბაგი ქაიხოსრო დაემოყურა მპყრობელსა მუხრანისასა ბაგრატს, მოიყვანა ცოლად ასული ბაგრატისი დედისიმედი და იქორწინა. და იყო ქალი ლაღ და ამპარტავან, გლისპი და არა მოშიში ღმრთისა.

ქორონიკონსა ს~ლდ: აწყუერისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენა ციხისჯუარს იმერელ მეფემან ბაგრატ.

ქორონიკონსა ს~ლ: ტაოს ქუეყანა დაიჭირეს თათართა ურუმთა.

ქორონიკონსა ს~მა: არტანუჯი წაგუართუეს ურუმთა, და არსიანამდის დაიჭირეს ფარნაკანი, და სრულ არტანი დაიჭირეს, და ფარნაკანი აღაშენეს, აწყურისა ღმრთისმშობლის შეწევნითა სამცხეს ვერ გარდმოვიდეს, და მძლავრობდენ ფრიად ყოვლისავე მესხთა ზედა და ვერღარა შეუძლეს ტჳრთვად ბოროტის ყოფასა ოსმალთასა. მაშინ ოთარმან შალიკაშვილმან და ათაბაგმან და ყოველთავე მესხთა წარავლინეს მოციქული თჳთმპყრობელის ერანის მპყრობელის შაჰ-თამაზის თანა, და ფრიად მოაჯე ექმნეს, ებირნეს და ითხოვეს მისგან შეწევნა, და აღუთქუეს მორჩილება და დამონება ვითარცა პირველ.

ხოლო ვითარცა ესმა შაჰ-თამაზს, განიხარა ფრიად და წარმოემართა სპითა ურიცხჳთა საათაბაგოსა ზედა; მოესწრა ყაენი შაჰ-თამაზ. ბატონი ქაიხოსრო მოვიდა; ვარძია, თმოგჳ, და ვანის ქუაბი, და აწყური, ასპინძა, ვარნეთი და სრულიად სამცხის ციხეები აღიღო, და ვარძიისა ღმრთისმშობელი და სრულიად ციხეები ბატონს ქაიხოსრის. მოსცა. და წარვიდა ყაენი და ჩავიდა სომხითს, და დაჴოცნა [...] და ვახუშტი დიასამიძე, და ამაონ ტყუედ წაიყვანა მარიამობის თუესა.

ამასვე ქორონიკონსა ციხისჯუარიდამ აწყურისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასუენეს იმერეთს.

ხოლო სცნა რა საქმე ესე ხვანთქარმან სულთან სულეიმან, წარმოვიდა იგიცა ძალითა მრავლითა და გულისწყრომითა მესხთა ზედა.

მაშინ შაჰ-თამაზ ვერღარა უძლო წინააღდგომად მისსა და მოიპოვა მზაკუარება ესე, და მიუმცნო ოთარს შალიკაშვილსა სიტყუანი გულისწყრომისანი. მიუწერა წიგნი რისხვისანი, და ექადდა მოკუეთასა თავისასა, და სრულიად იავარ-ყოფასა ქუეყანისა მათისასა. ამისთჳს მოსწერა ესე წიგნი, რომ ოთარს მიეგზავნა ხვანთქრისათჳს, რომ შაჰ-თამაზ ჩემი მტერია და ესრეთ მექადვისო, და მით მორჩომოდა ხვანთქარსა. ვითარცა მიუვიდა წიგნი იგი ოთარსა, მეყსეულად წარუვლინა წიგნი სულთან სულეიმანს, და მიუმცნო სიმართლე თავისა თჳსისა და უბრალო-ყოფა მისლვისათჳს ყაენისა.

მაშინ მიხედა ღმერთმან მესხთა, და შეიბრალა სულთანმან და წარვიდა სახიდ თჳსად სულთანი, და წარვიდა ყაენიცა. ხოლო ბაგრატს, მპყრობელსა იმერეთისასა, აქუნდა შური დიდი დადიანისა, რამეთუ მაშინ ოდეს შეება ურუმთა ბაგრატ, ესე დადიანი არა თანამწე ეყო მას. ამისთჳს განიზრახა და მოაწვია დადიანი ლეონ ჭალასა ხონისასა, და ღალატად შეიპყრა იგი ბაგრატ მპყრობელმან იმერეთისამან და პატიმარ ჰყო. მაშინ მიუმცნო გურიელსა საქმე ესე, და აწვია იგი განლაშქრებად ოდიშსა ზედა და აღუთქუა ნახევარი ოდიშისა.

ხოლო გურიელმან არა უსმინა და თქუა გულსა შინა თჳსსა: „ვინათგან ოდიშიცა დაიპყრას, განლაღნების და მერმე აღიძრვის ჩემ ზედაცა ბოროტის-ყოფად უეჭუელად“. ხოლო რაჟამს სცნა ბაგრატ არა მოსლვა გურიელისა, მაშინ ენება თუალების დაწვა დადიანისა და არღარა ინება, და ჰყვანდა იგი პატიმრად გელათს სამრეკლოსა შინა.

მაშინ ათაბაგმან ქაიხოსრო, სცნა რა შეპყრობა დადიანისა, აღძრა ჩხეიძე ხოფილანდრე და გააპარა დადიანი, და მიიყვანა ათაბაგთანა. ხოლო ათაბაგმან და გურიელმან წარიყვანეს და გააბატონეს იგი ოდიშს, და კუალად იპყრა დადიანმან ოდიში.

ამისა შემდგომად გაუწყრა ხვანთქარი გურიელსა, და მოიჴსენა ძჳრი პირველი, რაჟამს იგი თანაშემწე ეყო ბაგრატს, და მოსწყჳდნეს სპანი მრავალნი ხვანთქრისანი. ამისთჳს წარგზაინა სპანი მრავალნი გურიასა ზედა, და მოვიდეს ბათომს, და იწყეს შენებად ციხისა. მაშინ შემოიკრიბა სპა თჳსი გურიელმან და წარვიდა მათ ზედა, და მისცა ღმერთმან ძლევა და გაემარჯუა გურიელსა. დაუტევეს ბათომი, და შევიდეს ზღუასა შინა ნავებითა. და აღუდგეს მათ ღელვანი მძაფრნი, და განყარნა იგინი ჭორასს გაღმართ; და იყო იგი მდინარე ჭორახი აღდიდებულ, და ვერღარა განვლეს იგი ცხენებითა გურიელმან და სპათა მისთა.

მაშინ მივიდეს გონიას, და იწყეს შენება ციხისა; და გამაგრდენ ოსმალნი და იწყეს მძლავრება, ამოსწყჳტეს ჭანეთი, და თჳთ დაიპყრეს. ხოლო გურიელმან ითხოვა შეწევნა ბაგრატისაგან და დადიანის ლეონისაგან. მაშინ დადიანმან შემოიყარა სრულიად აფხაზნი და ოდიშარნი, და წარვიდა.

ხოლო ბაგრატცა წარავლინა ძმა თჳსი ვახტანგ, და სპანიცა იმერელნი წარატანნა კაცი ხუთასი. და აუწყა ბაგრატ ძმასა თჳსსა ვახტანგს: „ამას წადიერ იყავ, რათა არა ჰყონ დადიანმან და გურიელმან ერთობა. და უკეთუ იგინი გაერთდენ, მრავალი ბოროტი გუეწიოს ჩუენ მათ მიერ, და ეცადე, რომე დადიანი არ შეეყაროს გურიელსა“, რამეთუ მაშინ იდგა დადიანი თუალსა რიონისასა.

და ვითარცა მივიდა ვახტანგ საჯავახოს, მიუმცნო დადიანსა, ვითარმედ: „შენცა უწყი, ვითარცა მე ფიცი ვარ შენი და არა-რას დაგიფარავ. ესე უწყოდე, რამეთუ ძმამან ჩემმან ბაგრატ და გურიელმან შეთქმულება ყვეს შენ ზედა; და თუ მოხვალ გურიას, ღალატი ნებავსთ შენი. მაშინ სცნეს რა ესე მეგრელთა მოშიშართა, არღარა ინებეს წამოსლვა გურიას, და მივიდა ვახტანგ როსტომ გურიელთანა ბათომს.

ხოლო ვინათგან არღარა მოვიდა დადიანი, ვერღარა შეუძლო გურიელმან ბრძოლად ოსმალთა, და ვერცაღა განვიდეს გაღმა, რამეთუ არა აქუნდათ ნავები. მაშინ ოსმალნი უფროსღა განძლიერდეს, და აღაშენეს ციხეები. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ იმერეთს.

ამისა შემდგომად მიიცვალა ბაგრატ, მპყრობელი იმერეთისა, და დამარხეს გელათს. და დაიპყრა იმერეთი ძემან მისმან გიორგი.

და ეპყრა როსტომს გურია წელსა ი~ბ, და მიიცვალა იგიცა, და დაეფლა შემოქმედს. და ესხნეს ძენი სამნი, და უხუცესსა ეწოდა გიორგი და ესე დასუეს გურიელად. ხოლო ესუა ასული როსტომ გურიელისა ძესა დადიანისასა ცოლად. და შემდგომად სიკუდილისა მისისა განუტევთ ქალი იგი ძემან დადიანისმან და ქმნა დიდი ბოროტი, რამეთუ ბიძასა თჳსსა წაართუა ცოლი და თჳთ შეირთო ცოლად.

და გამოჴდა ხანი რამე და კუალად ერთობა ყვეს გიორგი გურიელმან და დადიანმან ლეონ. და შეირთო გურიელმან ასული დადიანისა ცოლად, და შემდგომად მცირედისა მანცა განუტევა ასული დადიანისა, და იძია შური.

სცნა რა ესე გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მაშინ ეზრახა გურიელსა და ყვეს ერთობა. რამეთუ ჰყვა მას სძალი ქურივი, და მისცა იგი ცოლად გურიელსა გიორგის შურად დადიანისა, და იწყეს მტერობად დადიანისა. და ვერღარა შეუძლო წინააღდგომა მათი დადიანმან, და მეოტად წარვიდა სტამბოლს, და მოაჯე ექმნა ხვანთქარსა და ითხოვა მისგან შეწევნა. მაშინ მოსცა ხვანთქარმა სიმრავლენი სპათანი აზრუმელნი და ტრაპიზონელნი, წარმოვიდეს და მოიწივნეს სატყეპელას.

ხოლო გურიელმან ვერღარა უძლო წინაგანწყობა მათი სიმრავლისაგან სპათასა. მაშინ წარავლინა მოციქული ხუეწნად დადიანსა, და მისცა სისხლი განტევებისათჳს ასულისა მისისა, ფლური ათასი, და შერიგდენ დადიანი და გურიელი.

ხოლო გიორგი, მპყრობელმან იმერეთისამან, მოაწვია სახლსა თჳსსა ჯავახ ჭილაძე და ღალატითა მოკლა იგი. მაშინ იწყინა საქმე ესე გურიელმან და დადიანმან, და მივიდეს და დაიპყრეს საჯავახო და განიყვეს: ნახევარი დადიანმან დაიპყრა და ნახევარი გურიელმან. ამისა შემდგომად წარვიდა დადიანი ნადირობად, და ჯაიანმან შეაძგერა ცხენი და მოკლა დადიანი, და დასუეს ძე მისი უხუცესი გიორგი დადიანად.

მაშინ გურიელმან გიორგი გარდიბირა უმრწემესი ძმა მისი მამია, ესე მოიყვანა გურიას და შერთო გურიელმან დაჲ თჳსი ცოლად მამიას, ძესა დადიანისასა. ხოლო ულაშქრა გურიელმან, წარვიდა ლაშქრითა და მივიდა ზუგდიდს, და მუნ შემოება დადიანი და გაემარჯუა გურიელსა და წარიოტეს დადიანი, და დასუა დადიანად მამია, და წარვიდა გურიელი სახიდ თჳსად. მაშინ დადიანმან გიორგი შემოიყარნა სპანი აფხაზთანი და წარმოემართა. და კუალად მოუვიდეს ჯიქნიცა შეწევნად და ჩერქეზნიცა. მაშინ ათხოვა გურიელმან ჯარი დადიანსა მამიას. და ეწყვნენ ურთიერთას. კუალად გაემარჯუა მამიას, და ივლტოდა გიორგი დადიანი.

ხოლო დადიანი გიორგი მოაჯე ექმნა მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის. მაშინ აღუთქუა შეწევნა მპყრობელმან იმერეთისამან, რამეთუ ჟამსა ამას ესუა ცოლად გიორგის, მპყრობელსა იმერეთისასა, ასული ჩერქეზის ბატონისა. და კუალად ჰყვანდა გურიელსაცა მეორე დაჲ მისი ცოლად, და კუალად მესამე დაჲ ამათი იყო გაუთხოვარი სახლსა შინა იმერეთის მპყრობელის გიორგისასა, რომელი აღეზარდა მათ. და ესე უმცირესი ასული ჩერქეზის ბატონისა სთხოვა დადიანმან გიორგი მპყრობელსა იმერეთისასა. მაშინ აუწყა საქმე ესე გურიელსა და მან ესრეთ უპასუხა: „ვინათგან დადიანსა ნებავს გაერთება ჩუენი, მომცეს საუპატიო და სისხლი დისა ჩემისა განტევებისათჳს, ვითარცა მე მივეც სისხლი განსატევებელად დისა მაგისისა, და იყოს მშჳდობა ჩუენ ყოველთა შორის. და იქმნას დადიანი მოყუარე და ქვისლი თქუენი და ჩემი“. მაშინ დაურთო ნება და აღუთქუა მიცემა სისხლისა გურიელსა დადიანმან. ხოლო არა აქუნდა თეთრი, და მისცა გირაოდ ხოფი; რომელიცა სისხლი გურიელს მიეცა, ეგეოდენისა მიცემა აღუთქუა; და ამის გირაოი დაუდვა ხოფი. და მაშინ მისცეს ასული იგი ჩერქეზის ბატონისა და გაერთდენ სამნივე.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>