ამასვე ქორონიკონსა სარდალი ვარად ფაშა მოვიდა ახალციხეს საშენებლად, ვეღარ დადგა, წავიდა და თემი ჩუენვე დაგვრჩა.
შემდგომად მცირედისა კუალად შეიყარა სპა თჳსი და წარვიდა ლორეს, რამეთუ ოსმალთა ეპყრა იგი. და ვითარცა მივიდა, მაშინ გამოვიდა ფაშა სპითა მრავლითა, და ეწყვნეს ურთიერთას, და იქენა ბრძოლა ძლიერი. და მისცა კუალად გამარჯუება ღმერთმან მეფესა სვიმონს, და ამოსწყჳდნეს მრავალნი ოსმალნი, რიცხვით ოთხას სამოცდაცამეტნი, ქრისტეს აქეთ ჩ~ფპვ, ქორონიკონსა ს~ოგ. და აღიღო სიმაგრენი და ქუაბები ვითარ ცხრა ლორისანი, რომელი ეპყრა ოსმალთა. და თჳთ დაიპყრა თჳნიერ ციხისა მის და იგი მხოლო ეპყრათ ოსმალთა. მაშინ მიადგა ციხესა მას ლორისასა, აპრილსა ა~, და აღიღო ივნისსა ი~.
ამასვე ქორონიკონსა ყაენმან სამცხე ამოსწყჳდა ხოლო დაიპყრა მეფემან სვიმონ სრულიად ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.
ხოლო შემდგომად მცირედისა კუალად შეიპყრა და მივიდა ტაბაჴმელას. მაშინ სცნა რა ასან-თაშამ, იდუმალ გამოვიდა იგი ციხისაგან სპითა მრავლითა. აგრძნა ესე მეფემან და ეწყვნეს ურთიერთას. იქმნა ომი ძლიერი, და მისცა ღმერთმან გამარჯუება ქართველთა. და მაშინ მეფე სჳიმონ გალომებული მიეტევა ერთსა წარჩინებულცა ბეგსა ოსმალსა და წარიქცია იგი. და მივიდა კაცი იგი და შთაიჭრა დიდსა მას ჴევსა ტაბაჴმელისასა ცხენითურთ. და ესრეთ თქმულ არს, ვითარმედ არა მომკუდარ არს კაცი იგი, და ივლტოდეს ოსმალნი. და მოისრა მაშინ ოსმალი კაცი ვითარ ხუთასი.
ხოლო მიადგა ციხესა მას ტფილისისასა, და აღიღო გალავანი ტფილისისა, და უკან ციხე. და შემდგომად ამისა აღიღო დიდი ციხე იქით ტფილისისა და ქალაქი ტფილისისაცა და მოსრნა ყოველნივე რაოდენნიცა იყვნეს ციხესა მას შინა. და თჳთ დაიპყრა ყოველივე.
მაშინ მიესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, შეუძნდა ფრიად. და წარმოავლინნა უმრავლესნი სპანი თჳსნი; და უჩინა ამირსპასალარი ერთი ვინმე წარჩინებულთაგანი, და მოვიდა ლორეს, და აღიღო ციხე ლორისა, და დაიპყრა ლორე. მოვიდა და დაიბანაკა ხატის სოფლისა ბოლოს.
მაშინ მეფემან სვიმონ შეჰყარა სპა თჳსი, მივიდა და დაიბანაკა ხრამის გაღმა, რამეთუ მოიპოვა ღონე რამე მეფემან სვიმონ, და მოირთო ელჩად თჳთ, და მივიდა ფაშას თანა სვიმონ მეფისა მაგიერად, და მიუთხრნა სიტყუანი ლიქნისანი, ვითა: „თქუენცა გასმიან, თუ რაოდენნი ჭირნი და პყრობილებანი და ტყუეობანი მოწევნულ არიან ყიზილბაშთა მიერ ჩემ ზედა. და აწ არღარა ძალ-მიძს ესეოდენი სისხლი და ბრძოლა ხვანთქრისა და სპათა მისთა, რამეთუ საქმე ესე არა ნებითა ჩემითა მიქმნიან, არამედ მძლავრებითა ყიზილბაშთათა. ამიერითგან არღარა მნებავს მონება ყიზილბაშთა, და აღმირჩევიეს მორჩილება ხვანთქრისა უფროს ყიზილბაშთა. და აწ, უკეთუ თქუენცა გნებავს, შევრიგდეთ და ვიყვნეთ მშჳდობით, და აუწყეთ ხვანთქარსა დამონება ჩუენი, და ამიერითგან ვიქმნებით მორჩილ ბრძანებისა მისისა“.
ხოლო ვითარცა ესმა ფაშასა მას საქმე ესე, განიხარა ფრიად და მიუმცნო მეფესა სვიმონს, ვითარმედ: „კეთილად განგიზრახავს, და ჩუენცა სარწმუნოდ გვიჩნს სიტყუა შენი. აწვე გავრიგდეთ და ამიერითგან იყოს მშჳდობა და ერთობა ჩუენ შორის“.
და წარმოვიდა მეფე სვიმონ სპათა თჳსთა თანა. მაშინ განიმსტრო ბანაკი იგი ოსმალთა და იხილა ყოველივე საქმე ესე, და სიმაგრე მათი, და სიმრავლე მებრძოლთა მათთა და მასვე ღამესა წარვიდა მათ ზედა: შემოვლო ხატის-სოფლის გორასა, და დაესხა თავსა ოსმალთა, და მოსწყჳდნა მრავალნი პირითა მახჳლისათა, სხუანი შეიპყრნა უმრავლესნი და გაემარჯუა ძლიერად. და იავარ-ყვეს ბარგი მათი, და წარმოიღეს საშოვარი ურიცხჳ, და მთვიდეს გამარჯუებულნი ტფილისს, და განისუენა მცირედ.
და კუალად შემოიყარნა სპანი ქართველთანი. და იყო მაშინ ათაბაგიცა მანუჩარ სიძე მისი მას თანა, წარვიდა და მიადგა ციხესა დმანისისასა, რამეთუ მაშინ ოსმალთა ძლიერად ეპყრათ დმანისი და ციხცა დმანისისა. ხოლო აღიღო ციხე და დაიპყრა დმანის-ჴევი და გარემონი ადგილნი, რომელი ეპყრათ ოსმალთა. მაშინ წარვიდა. ათაბაგი მანუჩარ და კულად იპყრა საათაბაგო. და განძლიერდა ფრიად მეფე სვიმონ. ხოლო ჟამსა ამას შინა იყო მოსუენებით მეფე და სრულიად საქართველო, რამეთუ ვერღარა უძლეს ოსმალთა მოსლვად საქართველოსა ზედა.
ქორონიკონსა ს~ოე: აქა შაჰ-ხუდაბანდის შვილი ამზაი-მირზა დალაქმა მოკლა.
აქა მაწყუერელი გაგზავნეს კოსტანტინეპოლეს, და მესაპატიონი კაცნი მძევლად მისცნეს შალიკაშვილი ედიშერ, შალიკაშვილი ელია და ამილახორის შვილი ქოიარ. და მძევლები დაუჭირეს, და პატრონი მანუჩარ ვერღარა მიენდო.
ამავე ქორონიკონსა ახალციხე და გორი აღაშენეს ურუმთა. აგვისტოსა, დასაბამითგან წელთ შვიდათას ოთხმოცდათოთხმეტსა, მეფე სვიმონ საშუელად მოვიდა. აღარ შეაბეს, მესხთა თემი დაარბიეს და წარვიდეს.
ბევრ-რიგი მოღალატე შემოადგეს პატრონს მანუჩარს. ვეღარ დაუდგნა და ახალდაბას ცოლი წაიყვანა და წავიდა. პატრონი დედისიმედი და პატრონის ყუარყუარეს შვილი, პატრონი ქაიხოსრო, საკანაფეს ციხეში დადგეს. და დიასამიძემან ელია დემოთიას ციხეს სავალინაშვილი საღალატოდ შეიყენა. უღალატეს, ციხე წაართუეს და ბევრი საქონელი და სალარო დაიჭირეს.
და გოგორის-შვილმან ბეჟან ციხისჯუარი უკუ-იჭირა და მისცა ფაშასა. შემოგვიყენეს მოღალატენი და ვეღარც ჩუენ დაუდგენით და ჩავედით ახალდაბას.
მარტს ნახევარს, გაზაფხულ, ყაენი ხუდაბანდის შვილი, აბასი მირზა, გამოვიდა, არდაველს მოვიდა. ოზბეგნი ხუარასანს წამოეჭირნეს, დაბრუნდა, იქითვე წავიდა და თუალშუენიერი თან წაიტანა. თავრეზს რომ ჩავიდეს, იქ ომი იქმნა. სამჯერ შეიბა თუალშუენიერი, სამჯერვე გაემარჯვა კიდეც დაჴოცნა, ჴელთაც დაიჭირნა. ყაენს მიუსხა. ყაენმან მამულიც დიდი მისცა და ჯილდოცა.
მერმე პატრონი მანუჩარ აღარ მიენდო, ღონე ვეღარა მოიგონა რა. დაგვიწყეს მოციქულობა. პატრონი დედისიმედი და პატრონი მისი შვილისშვილი, პატრონი ქაიხოსრო, გამოუგზავნეს ახალციხეს ფაშას თანა შობის წინა დღეს.
ყიზილბაშთა განდევნეს შახუდაბანდა ყაენი და დასუეს მის წილად ძე მისი შააბაზ. და გამოვიდა ესე შააბაზ და აღიღო თავრეზი და ყოველივე ადარბადაგანი. თჳნიერ ერევნისა და ბაღდადისა. და იყო ფრიად მწყალობელ შააბაზ მეფისა სვიმონისა. და კუალად უფროსად განმდიდრდა მეფე სვიმონ და განძლიერდა. და არღარა იყო მტერობა. რამთუ ყვეს მშჳდობა ალექსანდრე, მპყრობელმან კახეთისამან, და მეფემან სვიმონ. რამეთუ ჟამსა ამას მოკუდა პატრონი იმერეთისა გიორგი და დაჯდა კოსტანტინე. და მცირედსა ხანსა შინა მოკუდა კოსტანტინე და დაჯდა ძმა მისი ლეონ. და მტერობდენ ურთიერთას დადიანი მანუჩარ და ლეონ მპყრობელი იმერეთის, რამეთუ ესუა ცოლად დადიანს მანუჩარს ასული კახის ბატონს ალექსანრესი ნესტან-დარეჯან. და ჰყვა დადიანს მანუჩარს მას თანა ძე ერთი, რომელსა ეწოდა ლეონ. ამას ჟამსა შინა მოკუდა ცოლი დადიანისა ნესტან-დარეჯან, და შეირთო ასული ათაბაგისა თამარ.
ხოლო რაჟამს განძლიერდა მეფე სვიმონ, მაშინ განიზრახა დაპყრობა იმერეთისა: შემოიყარა სპანი ქართველთანი და წარვიდა დაპყრობად იმერეთისა. სცნა რა ესე ლეონ მპყრობელმან იმერეთისამან, შეიყარა მანცა სპანი იმერთანი, თჳნიერ დადიანისა და გურიელისა, და წარვიდა და დაიბანაკა გოფანთოს. მაშინ გარდმოვლო მთა ლიხისა მეფემან სვიმონ და მივიდა გოფანთოს, და ეწყუნენ ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა სვიმონს, და ივლტოდა ლეონ მპყრობელი იმერეთისა.
მაშინ დაიპყრა მეფემან სვიმონ იმერეთი, და გამოართუა დიდებულთა თავადთა მძევალნი და წარმოვიდა ქართლს, რამეთუ მას ჟამად გორის ციხე ეპყრა ოსმალთა. ამისთჳს ვერა დაადგრა იმერეთს. და ოდეს წარმოვიდა მეფე სვიმონ, მაშინ კუალად დაიპყრა იმერეთი ლეონ. და აღიღო შური დადიანზედა, რამეთუ არა თანამწე ექმნა იგი მეფესა სვიმონსა ზედა, და იწყეს მტერობა ურთიერთას. შეიყარა ამიერ მპყრობელი იმერეთისა ლევან და იმიერ დადიანი მამია. ეწყუნენ ურთიერთას და გაემარჯუა დადიანსა, და შეიპყრა მპყრობელი იმერეთისა ლეონ. და პყრობილ ყვეს იგი ოდიშს ციხესა შხეფისასა, და მუნ მოკუდა ლეონ, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟბ, ქორონიკონს ს~ოჱ.
სცნა რა ესე მეფემან სვიმონ, შეიყარნა სპანი თჳსნი და გარდავლო მთა ლიხისა და ჩავიდა ქუთაისს, ქრისტეს აქეთ ჩ~ფჟგ, ქორონიკონსა ს~ოთ. მაშინ ძმისწული ლევანისა ბაგრატ იყო ციხესა შინა ქუთაისისასა განმაგრებულ. მიადგა მეფე სვიმონ ციხესა მას და აიღო იგი, გამოიყვანა ბაგრატ, ძმისწული ლეონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი იმერეთისანი, და გამოართუა მძევლები და დაიპყრა მტკიცედ იმერეთი, და წარმოიყვანა ბაგრატ თანა.
და ოდეს მოკუდა მპყრობელი იმერეთისა ლევან უძეოდ, რამეთუ არა დაშთა თესლი მისი, და არღარავინ იყო სხუა სახლსა შინა მათსა, თჳნიერ ძე კოსტანტინესი როსტომ. და რაჟამს წარვიდა მეფე სვიმონ ქართლს, ამან როსტომ მოიყენა დადიანი მამია, და მისცა ქალი დადიანმა, და წარმოიყვანა იგი და გააბატონა. და დაიპყრა იმერეთი როსტომ. მიადგეს ციხესა ქუთაისისასა და აღიღეს იგიცა. ხოლო რაჟამს ესმა მეფესა სვიმონს საქმე ესე, შეიყარა და წარმოვიდა, ქრისტეს აქეთ ამასვე ქორონიკონსა გარდავლო მთა და მივიდა რაჭას, და აღიღო. ციხე კვარისა, და ციხე სკანდისა, და ციხე კაცხისა. მივიდა ქუთაისს და აღიღო ციხე, და დაიპყრა კუალად იმერეთი. და ვერღარა დაუდგა როსტომ და წარვიდა ოდიშს დადიანისა თანა.
მაშინ წარვიდა მეფე სვიმონ დადიანსა ზედა, ჩავიდა და დაიბანაკა ოფიშკჳტს, დიდებითა და ძალითა მრავლითა. და წარიღო თანა ზარბაზნები დიდ-დიდნი სახელოვანნი, რომელი აწცა არს ზუგდიდს, და უდიდესი ზარბაზანი ერთი არს რუხს დღესცა. მაშინ დადიანმან მოუგზავნა მოციქული მეფესა სვიმონს, რათამცა პატივ-სდვას მას და შეირიგოს სიძე მისი როსტომ, და მისცეს სარჩო მამული: „და იყოს დამონებულ და მორჩილ ბრძანებისა თქუენისა, და მეცა ვიქმნები დამორჩილებულ, ვითარცა ერთი თავადი შენი ერთგული და მონა-მორჩილი ბრძანებისა თქუენისა, და ესრეთ ერთობით დაიმკჳდრე საქართველო, ვითარცა პირველ დავით აღმაშენებელმან“.
ხოლო მეფემან სვიმონ არა მოიჴსენა განლაღებულმან თქმული იგი სოლომონისი, ვითარმედ: „რაჟამს ამაღლდე ღმრთისა მიერ, მაშინღა უფროს ჯერ არს შენდა დამდაბლება თავისა შენისა, რამეთუ არა უსმინა დადიანსა განზრახვა იგი ფრიად სარგებელი მათი და უმჯობესი ზოგად ყოველთათჳს.
მაშინ სილაღით და კადნიერებით მიუმცნო მეფემან სვიმონ. ვითარმედ: „ვერ ეგების საქმე ეგე, არამედ მოსრულ ვარ ბრძოლად თქუენდა. უკეთუ ძალ-გიძს წინაგანწყობად ჩუენდა, აჰა ჟამი სიმჴნისა თქუენისა“.
სცნა რა ესე დადიანმან მამია, შემოიყარნა სრულიად ოდიშარნი და რომელნიმე თავადნი იმერელნი თანა-გარდაყოლილნი როსტომისანი. წარმოემართნეს მსწრაფლ, და განთიადისა ჟამსა დაესხა თავსა მეფესა სვიმონს უგრძნობელად. მაშინ მეფე სვიმონ და სპანი მისნი შესხდეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი. არამედ სძლო სამართალმან დადიანისამან და მიეცა გამარჯუება ქართველთა ზედა.
რამეთუ ჰყვანდა მეფესა ცხენი ორი რჩეული: ერთსა ეწოდა ფალავანი და მეორესა შურდანი. რამეთუ იყო მეფე სვიმონ მრავალგუარად გამოცდილი ბრძოლასა მინა და პირველსავე ჯარის მიდგომას სცნობდა: უკეთუ გაემარჯუებოდა, მაშინ შეჯდებოდა ფალავანზედა; და უკეთუ დაუმარცხდებოდა, მაშინ შეჯდებოდა შურდანსა ზედა და წარმოვიდოდა. და არავინ უწყოდა ესე, გარნა საამ თურქისტანისშვილმან, და მზერდა ესე თურქისტანისშვილი საქმესა მეფისასა, რომელსა ცხენსა ითხოვსო-და ესრეთ იყო ჩუეულება მისი. მაშინ მოითხოვა შურდანი. სცნა რა ესე თურქისტანისშეილმან, რომელი იყო კაცი ყრმა, ახალ-ვაჟკაცი, და მზერდა საქმესა მეფისასა, მოაჴსენა: „მეფეო. რა არს მიზეზი შურდანზედ შეჯდომისა თქუენისა? ნუმცა მიხილავს თუალითა ჩემითა ლტოლვა მრავალჯერ გამარჯუებულისა და სახელოვანისა თავისა თქუენისა, და მე აქადამ შუბ-მოუქნეველი ცოცხალი არ წავალო“.
მაშინ მიეტევა გამარჯუებული. შეისწრაფა რაზმთა შინა, სცა ოროლითა და გარდააგდო კაცი, და ქმნა სახელი დიდი დამარცხებულსა ომსა შინა. ხოლო მეფემან სვიმონ სცნა რა გაჭირება ომისა და გამარჯუება მამია დადიანისა, მაშინ უკუნ იქცა და წარმოვიდა მარტო თავ-კაცად, ამოვლო იმერეთი და მოვიდა კოლიბაურს.
ხოლო ოდეს წარმოემართა მეფე სვიმონ და წარვიდა ბრძოლად მამია დადიანისა, მაშინ დაიბანაკა კოლიბაურს. მაშინ ერთმან ვინმე დედაკაცმან კოლიბაურელმან მიართუა მეფესა სვიმონს შვილი თჳსი. და ფრიად ევედრა დედაკაცი იგი, რათამცა იახლოს და წარიყვანოს შვილი მისი, ხოლო მეფემან სვიმონ არა იახლა იგი და უბრძანა: „დედაო, ესე არა უწყი, რომე კაცითა მთვრალი ვარო“. და რაჟამს ოტებული მხოლოდ წარმოვიდა, მივიდა მუნვე კოლიბაურს. მაშინ დედაკაცი იგი სთოჴნიდა ახოსა, და იხილა დედაკაცმან მან მეფე სვიმონ მომავალი მარტო უკაცოდ. მიეგება დედაკაცი იგი და იცნა მეფე სვიმონ. და სცნა დედაკაცმან მან დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ მოაჴსენა: „ჴელმწიფეო, კაცისაგან რომ მთვრალი იყავ, ვეჭობ ახლა კი გამოგფხიზლებიაო“. და რა ესმა მეფესა სვიმონს, გაუკჳრდა და მადლობა შეწირა ღმერთსა და წარვიდა.
მაშინ წარმოვიდა თურქისტანისშვილიცა და ყოველნივე ქართველნი; და მრავალნი ამოსწყჳდეს მუნ, და სხუანი წარმოვიდეს ოტებულნი. და დაშთა მუნ მრავალი საუნჯე და დიდნი თოფნი და ზარბაზანნი, რომელი არს დღესცა ზუგდიდს.
ხოლო მეფემან სვიმონ გარდაალო მთა ლიხისა, ჩავლო ზემო ქართლი მხოლომან, თჳნიერ კაცსა, და მივიდა კავთისხევს. რამეთუ ფრიად დაშურა და ვერღარა ძალ-ედვა სლვა, მიადგა ერთსა მუნ მკჳდრსა მცირეთაგანსა გლეხსა და ინება მუნ მცირედ-ჟამ განსუენება.
და გამოვიდა სახლისა მისგან ქალი ერთი და ვერა იცნა მეფე სვიმონ. მაშინ აწვია და უსადგურა კეთილად, და მოუმზადა სერი და მიართუა მას. და მიიღო მცირედი საზრდელი, და მერმე მოაჴსენა ქალმან მან და ჰკითხა ამბავი ლაშქრისა და მეფისა: „თუ მეფე რა იქმნა, ანუ ცოცხლებით არისო, ანუ გამოვიდა ომისაგან მშჳდობითო“.
ხოლო მეფემან უბრძანა: „არა უწყი რა მეფისაო“. ამისა შემდგომად ჰკითხა ქმრისა თჳსისა და ანიშნა ნიშანი ქმრისა თჳსისა. და უბრძანა: „არა უწყი რა მათი, თუ რა შეემთხუა ლაშქართა მეფისათაო“. ხოლო ქალი დიდად მწუხარე იქმნა და ტიროდა მეფისათჳს უფროს, ვიდრე ქმრისა მისისა, და იტყოდა: „ნეტარ თუმცა ღმერთმან მიხედოს წყალობითა და გუაღირსოს მეფისა სვიმონის ცოცხლებით გამოსლვა, და სხუანი ყოველნივე სპანი მისნი ჭირისა მისისა სანაცვლო იყოსო“.
მაშინ ფრიად მხიარულ იქმნა მეფე გულსა შინა თჳსსა ერთგულობისათჳს დედაკაცისა მის, და მერმე წარვიდა სახიდ თჳსად. ამისა შემდგომად მოვიდა ქმარი ქალისა მის; და უყო წყალობა ფრიადი მეფემან სიტყჳთა მის ქალისათა, და ებოძა ყვა და საჴელო და სხუა საბოძვარი მრავალი. და მიერითგან აზნაურ იქმნა კაცი იგი, რომელ აწცა არიან ქულივიძენი.
ხოლო ესმა ლორის ციხესა შინა მყოფთა დამარცხება მეფისა სვიმონისა. მაშინ გამოვიდეს და იავარ-ყვეს რომელნიმე კერძონი საქართველოსანი, და დაიბანაკეს ტაშირზედა. და იყო სიხარული დიდი ოსმალთა შორის. ხოლო მეფემან სვიმონ კუალად შემოიყარა მცირედნი რამე სპანი ქართლისანი, რაოდენნიცა დაშთომილ იყვნეს, და წარვიდა ლორეს ოსმალთა ზედა უგრძნობელად. და ეწყუნეს ურთიერთას, და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა მეფესა, და აღიღეს ციხე ლორისა და მოსრნა იგინი პირითა მახჳლისათა, და დაიპყრა ლორე და წარმოვიდა გამარჯუებული სახიდ თჳსად.
ამისა შემდგომად წარვიდა ზემო ქართლს და მივიდა გორიჯუარს, რამეთუ ჟამსა მას ეპყრა ციხე გორისა ოსმალთა. მაშინ მეფე სვიმონ დაჯდა გორასა მას ზედა გორიჯურისასა და სმიდა ღჳნოსა და სჭამდა თრიაქსაცა. ესე ჩუეულება ესწავა ყიზილბაშთა შინა. ხოლო ოდეს განმხიარულდა ღჳნითა და თრიაქითა, გახედა გორის ბოსტნებსა და იხილა ახალი მწუანვილი.
მაშინ უბრძანა მეფემან მუნ მყოფთა: „აჰა, რჩეულნო სპანო ჩემნო ქართველნო, მნებავს ახალ-აღმოცენებული იგი მწუანვილი მოღებად ჩემს წინაშე, და რა საკადრებელ არს ესე სიმჴნისა თქუენისაო“. ესმა რა ესე ქართველთა, მყის ისწრაფეს და განვიდეს გაღმა გორის ბოსტნებსა შინა და დაგლიჯეს მწუანვილი. მაშან დაუშინეს ოსმალთა თოფნი და დიდნი ზარბაზანნი, და მოკლეს კაცნი მრავალნი, დიდნი და მცირენი.
რამეთუ მუნ მოკლეს ბატონისშვილი გოჩა, რთმელი იყო პაპის ძმისწული მეფისა სვიმონისა, და სხუანიცა მრავალნი თავადნი და აზნაურშვილნი ამოსწყჳდეს მწარეს ხახვისათჳს. და მაშინ განგმეს მეფე სვიმონ. და ამა სვიმონს უწინაცა სძრახევდენ ჭკუასა ტყუეობას უკან. და ყიზილბაშნი და ოსმალნი დელუ-სვიმონს უწოდდენ, რომელ არს ხელი. ხოლო შეუძნდა ფრიად საქმე ესე მეფესა, და შემდგომად მცირედისა შემო ყარა სპანი ქართველთანი, და გარემოადგა ციხესა გორისასა; და ბრძოლა უყო ციხესა გორისასა და აღიღო იგი, და ამოსწყჳდნა ყოველნივე ოსმალნი მეოფნი ციხესა შინა.
ხოლო ესმა რა საქმე ესე ხვანთქარსა, განრისხნა ფრიად ესეოდენისა სპათა მისთა ამოწყუედისათჳს, არა თუ ერთგზის. არამედ მრავალგზის და წარმოავლინა ამირსპასალარი თჳსი ვეზირი ჯაფარ ფაშა და გამოატანა თანა სიმრავლენი სპათანი ურიცხჳ. წარმოვიდეს და დაიბანაკეს ნაჴიდურს. მაშინ მეფემან სვიმონ შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დაიბანაკა თავსა საღირაშენისასა. და მერე განიზრახა თჳსაგან საქმე არა კეთილი და არა აუწყა სპათა თჳსთა, არამედ მინდობითა თავისა თჳსისათა ყო რასაქმე საქმე ესე და არა ითხოვა ღმრთისა მიერ შეწევნა, რამეთუ ესრეთვე ქმნა მეფემან სვიმონ, და წარვიდა ათითა ცხენოსნითა მარტო, რა წარიტანა ერთი საყვირისა მცემელი მექანარე და ეგულებოდა განმსტრობა ბანაკისა მის ოსმალეთისა.
მივიდა და გარდაადგა თავსა ნაჴიდურისასა, რომელ არს მცირე ეკლესია, და მუნითგან განისილა ბანაკი იგი ოსმალთა. მაშინ უბრძანა მეფემან დაცემა ქანარისა, რათა აღრივნეს სპანი მათნი. ხოლო ვითარცა ესმა ოსმალთა ჴმა საყვირისა, თქუეს უცილოდ მოსვლა მეფისა სვიმონისა. შეიჭურნეს მყის და აღსხდეს ჰუნეთა ზედა. და მოეტევნეს ამიერ კერძო, სადა მდგომარე იყო მეფე. და რა სცნა მეფემან, მოისწრაფა სპათა თჳსთა თანა. ხოლო მათ დევნა უყვეს ძლიერად, მიეწივნეს და იხილეს მეფე სვიმონ, რამეთუ ცხენი მისი შთაფლულ იყო ლიასა შინა ბოლოს ფარცხისისასა და თჳთ მდგომარე იყო. ამას ზედა მივიდეს ოსმალნიცა და გარემოადგეს. და იწყო ბრძოლად მხოლომან და, რაოდენ ძალ-ედვა, აჩუენა სიმჴნე თჳსი, არამედ სიმრავლენი ოსმალთანი ზედა დაესსნეს და შეიპყრეს იგი, ქრისტეს აქეთ ჩ~ქ.
მაშინ სცნეს რა მეფობა მისი, განიხარეს ფრიად და მსწრაფლ იჴმიეს სივლტოლა, აღიყარნეს და წარვიდეს ლორეს. მაშინ მიესმა ქართველთა საქმე ესე, რამეთუ გიორგი, ძე მეფის სვიმონისა, მუნ იყო ქართველთა შორის, წარმოუდგეს ოსმალთა უკან და დევნა უყვეს ძლიერად, და ვერღარა მიეწივნეს. მაშინ ოსმალთა აღიღეს ციხე ლორისა, და შეაყენეს მცველნი თჳსნი, და წარვიდეს, და წარიყვანეს თანა მეფე სვიმონ, და მიიყვანეს სტამბოლს. ხოლო გიორგი, ძე მისი, განაგებდა ქართლსა, წარავლინა კაცი სტამბოლს და აღუთქუა საჴსარი მამისა თჳსისა ხოლო მათ სთხოვეს საჴსარი მრავალი და აღუთქუეს განტევება მეფისა სჳმონისა.
ხოლო ხვანთქარმან მიუმცნო მეფესა სვიმონს დადება ხარკისა საქართველოსა ზედა და დამორჩილებად ბრძანებისა მისისა. ხოლო მეფემან სვიმონ არა ნება სცა, ამისთჳს რომე ყაენის ბეგარა. ქართლსა შინა ამან განწესა, კომლის თავს გლეხზედ მარჩილი ასი, რამეთუ ამა თეთრითა იყიდდეს ტყუესა შჳდსა და წარუგზავნიდეს ყაენსა.
მაშინ გიორგი, ძემან მეფისა სვიმონისამან, აღიღო ყოველივე საუნჯე მამისა თჳსისა, ანუ რომელიცა თჳსი ჰქონდა და სხუა სადაცა მონასტრებისა საქონელი იყო, ანუ რომელიცა ქართველთა დარბაისელთა ჰქონდათ მოკრიბეს ზოგად, და წარგზავნეს. საჴსრად მეფისა სვიმონისა. და ვიდრე საქონლისა მისლვადმდე, მიცვლილ იყო მეფე სვიმონ საპყრობილესა შინა, და ესეოდენი საუნჯეცა მუნ დაშთა.
ხოლო იყო მუნ სტამბოლს ერთი გორელი ვაჭარი, რომელსა ეწოდა დიაკუნისშვილი. და ამან იშოვნა ძუალნი, სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართუა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს. და ყვეს გლოვა დიდი, და დამარხეს სამარხოსა თჳსსა მცხეთას. ხოლო რომელმანცა მოიღო ძუალნი მისნი იგი დიაკუნისშვილი ყოვლითურთ სახლეულით მისით გაააზატეს, და შესწირეს პატიოსანსა და ცხოველს-მყოფელსა ჯუარის მონასტერსა სალხინებელად და საოხად მეფისა სვიმონისა. და არიან აწცა გორს დიაკუნისშვილები ყმანი ჯარის მონასტრისანი.
ხოლო გიორგიმ დაიპყრა ქართლი და მეფობდა კეთილად. ამისა შემდგომად შემოიყარნა ქართველნი და წარვიდა ლორესა ზედა. და აღიღო ციხე და დაიპყრა ლორე მეფემან გიორგი.
და ამას ჟამსა შინა მიიცვალა მპყრობელი იმერეთისა როსტომ, ქრისტეს აქეთ ჩ~ქიდ; და არა დაშთა როსტომს ძე, ხოლო ჰყვა ნაშობი მჴევლისა, რომელსა ეწოდა გიორგი, და ესე გააბატონეს იმერელთა.
ამავე ჟამთა მინა მოკუდა დადიანიცა მამია, და დაუშთა მას ძე ერთი, სახელით ლევან. ესე იყო ნაშობი კახის ბატონის ასულის ნესტან-დარეჯანისა. ესე ლევან წარმოიყვანა კახმან ბატონმან ალექსანდრე, პაპამან მისმან, და აღზარდა კახეთს. ხოლო შემდგომად მამია დადიანისა ესე ლევან, ძე მისი, წარმოიყვანეს ოდიშართა და დასუეს დადიანად.
ამასვე ჟამთა შინა წარმოემართა ყაენი შააბაზ აღებად ერევნისა. მაშინ იჴმო ყაენმან მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სპითა მათითა, და წარვიდეს. და რა მივიდენ, დიდად მოეწონა შააბაზს სპანი ქართველთა და კახთანი, და უბრძანა ყოველთავე სპათა მისთა იერიში ერევნის ციხისა. მაშინ სიმჴნე დიდი აჩუენეს ქართველთა უმეტეს ყიზილბაშთა და მივიდეს მეწინავედ, და აღიღეს ციხე ერევნისა. და დაიპყრა შააბაზ ერევანი და შეაყენა ციხესა შინა სპანი თჳსნი. ხოლო სთხოვა შააბაზ მეფესა გიორგის ლორე და ციხე ლორისა, და შეუძნდა ფრიად. და რამეთუ არა ეძლო უარი შააბაზისა, და დაანება ლორე და დაიპყრა ციხე ლორისა შააბაზ. და შეაყენნა სპანი თჳსნი და მიიქცა სახიდ თჳსად, რამეთუ იყო ყაენი შააბაზ კაცი მზაკუარი და აღსავსე ყოვლითავე სიბოროტითა. პირველად ესე წყალობა უყო მეფესა გიორგის. ერთგულობისა ნაცვლად მამისა თჳსისა.
მაშინ წარმოვიდენ მეფე გიორგი და კახი ბატონი ალექსანდრე სამყოფსა თჳსსა. და შემდგომად მცირედისა წარმოვიდეს ძენი კახის ბატონის ალექსანდრესი დავით და გიორგი და ესტუმრნეს მეფე გიორგის, მამიდას-შვილსა თჳსსა. მაშინ მიეგებნეს წინა ავლაბარში მეფე გიორგი და განიხარეს ნახვა ურთიერთას. და წარმოუძღუა და დააყენა და ისტყუანა იგინი კეთილად, და უმზადა სერი დიდი, და იყო ლხინობა და გამოჩუენება დიდი. და ესრეთ იყვნეს დღეთა რაოდენთამე. და მერმე კუალად შინაგან თჳსსა მოაწვივნა იგინი. და წარვიდა დავით და რაოდენ[ნ]იმე კახნი იახლნეს თანა. ხოლო გიორგი მიზეზ ყო სნეულება ბევრთა ღჳნისა სმათა მიერ და არა წარვიდა. მაშინ შეექცეს ლხინსა იგინი. ხოლო გიორგიმ, უმცირესმან ძმამან დავითისამან, განიზრასა ზრახვა ბოროტი ძმისა თჳსისა დავითისთჳს, და ეგულებოდა ღალატად სიკუდილი მისი. ესე ბოროტი აღრჩევა გაანდო ერთგულთა ყმათა თჳსთა, რამეთუ იყო ესე გიორგი კაცი გამცემი და მოყუარე ყმათა. და იყვნენ კახნი უმრავლესნი ამის კერძო, და ერთგულნი დიდად.
ხოლო უხუცესი ძმა მისი დავით იყო კაცი კადნიერი და მრისხანე. ამისთჳსცა დიდად ერთგულ იყვნენ გიორგისა კახნი. მაშინ შემოიფიცა ერთგულნი ყმანი თჳსნი გიორგიმ, და დაასკუნეს ღალატად სიკუდილი დავითისა ღამესა მას, რამეთუ ეგულებოდათ ღჳნითა მთვრალსა ღალატი დავითისი. და იმარჯუებდა ჟამსა აღსრულებად ძმისა მკლველებრთა გულის-სიტყუათა წარეწყმედელთა სულისათა.
ხოლო იყო ვინმე მათ შინა მყოფი ღმრთის-მოყუარე კაცი ჩოლაყაშვილი. და ამან არა თავს იდვა დაფარვად საქმე ესე, არამედ წარვიდა და აუწყა დავითს ღალატი იგი მისთჳს განმზადებული. მაშინ დავით აღდგა მყის სერისა მისგან და წარმოვიდა. რამეთუ ვერ აგრძნა საქმე ესე მეფემან გიორგი, და მივიდა დავით კარავსა ძმისა თჳსისა გიორგისსა, და იხილა ძმა თჳსი აღჭურვილი კარავსა შინა. და რქუა დავით: „ძმაო, ვის ზედა აღჭურვილხარ, ანუ ვის ზედა მიმავალხარ ბრძოლად?“ ხოლო მან ვერა რაჲ სიტყუა უგო. და შეიპყრა იგი და მის თანა შეთქმულნიცა იგი კახნი და წარიყვანა იგი და პატიმარ ყო ციხესა შინა თორღასა, და თორმეტნი ყმანი მისნი ჭოეთის ციხიდამან გადმოყარნა და დაჴოცნა, და თჳსი დაიპყრა კახეთი. და იქმნა ურჩ და წინააღმდგომ მამისა თჳსისა ალექსანდრესი. რამეთუ მძლავრებით მიუღო კახეთი და თჳთ დაიპყრა და იბატონა თუესა ექუსსა. და მერმე ურჩებისა მისთჳს ეწია მსწრაფლ გულისწყრომა ღმრთისა და მოკუდა იგი. და შემდგომად კუალად იპყრა კახეთი ალექსანდრემ, და გამოიყვანა ძე თჳსი გიორგი პატიმარი ციხისაგან, და რამეთუ სხუა არღარა ჰყვა მე თჳნიერ მისსა.
ხოლო დავითს ესუა ცოლად ასული მუხრანის ბატონის აშოთანისა. და ესე იყო ღუაწლ-მრავალი და სამგზის სანატრელი დედათა შორის ახოვანი დედოფალი და მოწამე ყოვლად ქებული ქეთევან. და ამას დაუშთა დავითის მიერ ძე ერთი ყრმა მცირე თეიმურაზ. და ფრიად შიშნეულ იყო და ზრუნვიდა ქეთევან მხოლოდ შობილისა ყრმისა მისისათჳს, ნუ უკუე ძჳრი იჴსენოს გიორგიმ, რომელ ყო ძჳნად მის ზედა დავით. მისთჳსცა ქეთევან იჴმია გონიერება კეთილი და წარგზავნა ძე თჳსი თეიმურაზ შააბაზ ყაენთანა. და წარჰყვა თანა შერმაზან ჩოლაყაშვილი.
ხოლო მივიდეს რა, დიდად პატივ-სცა შააბაზ, და ითჳსა ვითარცა ძე თჳსი, რამეთუ მაშინ დიდად წადიერ იეო შააბაზ და ღონეჰყოფდა დაპყრობად საქართველოსა. ხოლო ალექსანდრეს, მპყრობელსა კახეთისასა, პირველ ოდესმე მიეცა ძე თჳსი კოსტანტინე შააბაზ ყაენისათჳს, და აღზარდა სჯულსა თჳსსა ზედა.
ესე კოსტანტინე წარმოგზავნა შააბაზ, და წარმოატანა თანა სპანი შირვანისა და ყარაბაღისანი. და ჴელითა კოსტანტინესითა წარმოუგზავნა მამასა მისსა ალექსანდრეს. ხალათი. მაშინ შააბაზ მზაკუარებითა თჳსითა აღჭურა და ამცნო კოსტანტინეს, ვითარმედ: „არღარავინ დაშთომილ არს სახლსა მამისა შენისასა თჳნიერ შენსა, წარვედ და უღალატე მამასა შენსა და ძმასა შენსა და დაიპყარ შენთჳს კახეთი, და მეცა ვიყო თანაშემწედ შენდა, და მიიღო ჩემგან პატივი და წყალობა ურიცხჳ“. ესე აცთუნა ბოროტმან მან, და წარმოგზავნა მკვლელად მამისა და ძმისა თჳსისა. ხოლო მან უბადრუკმან ირწმუნა განზრახვა ესე ბოროტი. ჵი, დიდი ესე უგუნურება, რამეთუ ვინ სადა იხილა თჳნიერ სულელთა და ხელქმნილთა, რათამცა სარწმუნო იქმნა განზრახვათა მტერისათა.
მაშინ წარმოემართა კოსტანტინე. და რა მოიწია საზღვართა კახეთისათა, მაშინ წარავლინა კაცი და მიუმცნო მამასა თჳსსა ალექსანდრეს, ვითარმედ: „წარმოვედ დასტურითა შააბასისათა, რამეთუ ფრიად მსურის ხილვად შენდა“.
მაშინ ფრიად განიხარა ალექსანდრემ, და წარვიდა, და თანა წარიყვანა ძე თჳსი გიორგი, და მიეგებნეს წინა. იხილეს რაჲ ურთიერთას, განიხარეს სიხარულითა დიდითა და განისუენეს მცირედ. მაშინ მიუძღ[უ]ნა კოსტანტინემ ხალათი იგი, რომელი წარმოეცა შააბაზს ალექსანდრესთჳს, და იყვნეს მუნ შუებით და სიხარულით.
ხოლო კოსტანტინეს აშფოთებდა ბოროტი იგი გულისთქმა, და აღდგა მკლველად მამისა თჳსისა და ძმისა. დღესა ერთსა განაზრახნა სპანი იგი შირვანელნი და განიგულა წარწყმედა სულისა თჳსისა, და სიკუდილი მამისა და ძმისა თჳსისა. მაშინ მიუწოდა ალექსანდრეს და გიორგის [...]
წყალობითა ღ(ვ)თისათა სრულ იქმნა ქართლისა ცხოვრება ესე ჴელითა ჩემ უღირსისა მღდლისა ქალაქსა ტფილისისასა, ჯვარის საყდრის დეკანოზის იოანესითა, დედასა ზედა სვეტის ცხოვლისასა. რამეთუ ვიდრე აქამომდე აღეწერათ, და ამისგან უსრულესი ქართლის ცხოვრება არსად იპოებოდა. ვითხოვ მხილველთაგან შენდობით მოხსენებასა, რამეთუ ფრიად დავშუჱრ და ვეცადე სიმართლესა, ვითარცა თქვენცა იხილავთ: აპრილის თთვის 24, ქრისტეს აქეთ ც 1761. ქართულს ქრონიკონს უმთ.
ქ. სამი დედანი ვნახე. ამის მეტი არ ეწერა, და სიტყვანიცა და ლექსნიცა ესრეთ ეწერნეს. სხვა თუ არის სადმე მეტი და ან თვით ამისსავე ავქსონს ლექსსა და სიტყვას დაუწუნებო, თქვენ იცით და მან. მე შენდობილმცა ვიყო აღმწერი აღმომკითხავთაგან, ცოდვილი ზაქარია, ძე დეკანოზისა, უღირსი მდღელი: აგვისტოს წელს ქრისტესით ჩ~ღმა.
<< წინ |
შემდეგ >> |