ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

მეფე დავით. ო~

და დაჯდა მის წილ ძე მისი დავით, ქრისტეს აქათ ჩ~ტნე. მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი ბასილი. და იმეფა კეთილად ამან დავით მეფემან ხანსა რაოდენსამე შინა მშჳდობით და მოკუდა.

 

მეფე ალექსანდრე. ო~ა

და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე, ქრისტეს აქათ ჩ~ტნიბ. და ამავე ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი ბასილივე. და მოკუდა კათალიკოზი ბასილი და დაჯდა დორათეოზ. და იმეფა კეთილად ამან ალექსანდრე მშჳდობით და ხანსა რაოდენსამე უკან მოკუდა.

 

მეფე გიორგი. ო~ბ

და დაჯდა მის წილად ძე მისი გიორგი, ქრისტეს აქათ ჩ~ტჟგ. ამა ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი გიორგი. და მოკუდა კათალიკოზი გიორგი და დაჯდა კათალიკოზი ელიოზ. და მოკუდა კათალიკოსი ელიოზ და დაჯდა მიქაელ. და მოკუდა კათალიკოზი მიქაელ და დაჯდა დავით. და იმეფა ამან გიორგი მეფემან კეთილად და მშჳდობით და ხანსა რაოდენსამე შინა მოკუდა.

 

მეფე - ალექსანდრე, ო~გ

და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩ~უიბ.

და იყო მას ჟამსა შინა კათალიკოზი დავით და მოკუდა კათალიკოზი დავით და დაჯდა ელიოზ. მოკუდა ელიოზ კათალიკოზი და დაჯდა თეოდორე. და მოკუდა კათალიკოზი თეოდორე და დაჯდა შიო.

და ამა ალექსანდრე მეფემან მატა სხუათა მეფეთა ქართლისათა სიკეთითა, რამეთუ იყო კაცი მეცნიერი და მოშიში ღმრთისა, და ესმოდა გული მოოჴრებისათჳს წმიდისა კათოლიკე ეკლესიისა, და არა აქონდა ღონე აღშენებისა, ამისთჳს რომე ქუეყანა ლანგ-თემურისაგან მოოჴრებული იყო, საუნჯე არღარა ჰქონდა. მოიპოვა ღონე ესევითარი და დასდვა იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და კახთა, კომლზედ ექუსი შაური. ყოველსა წელიწადსა ამა მალს გამოართმევდა და ამით იწყო შენებად მცხეთისა და რუის ღმრთაებისა საყდრისა, და დაშურებოდა დიდად და ხანსა რაოდენსამე შინა აღასრულა და შეამკო ყოვლითა სამკაულითა. და შესწირნა სოფელნი და აგარაკნი იმერთა და ამერთა, ზემო ქართლსა და კახთა. და იმეთა კეთილად და მშჳდობით და ხანსა რაოდენსამე შინა გარდაიცვალა ამიერ სოფლით.

 

მეფე ვახტანგ, ო~დ

და დაჯდა მის წილად ძე მისი ვახტანგ ქრისტეს აქათ ჩ~უით. მას ჟამსა იჯდა კათალიკოზი შიო.

და მოკუდა ვახტანგ მშჳდობასა შინა და არა ესუა ძე.

 

გიორგი მეფე, ო~ე

და დაჯდა მის წილად ძმა მისი გიორგი ქრისტეს აქათ ჩ~უმე. და იჯდა ამას ჟამსა შინა კათალიკოზი დავით.

და ამას, ჟამსა შინა განრისხნა ღმერთი ქრისტეანეთა ზედა და დაიპყრა კოსტანტინიპოლ ოსმალთა ქრისტეს აქათ ჩ~უმე, ხოლო შემდგომად სიკუდილისა ლანგ-თემურისა კუალად დაიპყრეს ხვანთქრის ბაიაზითის ძეთა სამკჳდრო მამული თჳსი და მიერითგან გაძლიერდენ და იწყეს ბრძოლა კოსტანტინოპოლისა და დაიპყრეს კოსტანტინოპოლი. და ცხოვრება მათი ვრცელად წერილ არს ცხოვრებასა მათსა. და ჟამსა ამას ოსმალნი ებრძოდეს კოსტანტინოპოლის.

და სპარსთა შინა იყო ურთიერთას შური და ჴდომა. და იყო საქართველო მშჳდობით და მოსუენებით.

და მოკუდა მეფე გიორგი და დაჯდა მის წილად ძე მისი ბაგრატ.

 

მეფე ბაგრატ

და ამა მეფისა ბაგრატისა ჟამსა შინა წარმოავლინა ყაენმან უზუნ-ასან სპა თჳსი, რამეთუ ესე უზუნ-ასან ყაენი იყო თესლი თურქმანისა. და შემდგომად გარდავლენისა ლანგ-თემურისა ძეთასა, ამან დაიპყრა თავრიზი და მრავალნი სხუანი თემნი და მრავალი ოჴრება და ჭირი შეამთხჳა თემთა სომხითისათა, და ქართლსა ზედაცა მოაწიეს სპათა მისთა.

და, თუ რაცა იქმნა ჟამსა მას, ანუ რა ქმნა მეფემან ბაგრატ, ანუ რაცა იქმნა, ყოველივე ძუელის ქართლის ცხოვრებიდამე აღგჳწერია, ვიდრე მეფის ალექსანდრესამდე, ქუემორე დაგჳწერია. ცხოვრება მეფის ალექსანდრესი და მის ჟამისა ყოველივე ძუელთა გუჯართა და სპარსთა ცხოვრებიდამე გარდმოგჳწერია.

სახელითა ღვთისითა ვიწყოთ ცხოვრება ბაგრატის მეფობისა, ო~ვ

იყო მეფობასა შინა მეფეთ-მეფისა ბაგრატისასა კათალიკოზი დავით, ქრისტეს აქათ ჩ~უნე. და იყო ჟამსა ამას შინა დიდი მოსვენება ქრისტეანეთა ზედა. და ამისა ჟამსა შინა იყო ყაენი ასანბეგ მორჭმული, ორისავე საყაენოსა მპყრობელი. არაოდეს დარბეულ იყო ქართლ დიდისა თემურის უკანის, შენობა და გამოსუენება [იყო]. ამას ჟამსა შინა არა იყო ხარაჯა, არცა მალი ქართლსა შინა, არამედ განთავისუფლდეს ყოველნი სამყოფნი და არენი ქართლისანი მონებისაგან თურქთასა. ესე მეფე ბაგრატ იყო მორჭმული სახელოვანი. ამასა ჰქონდა ქართლი, სომხითი, და ჰმონებდენ პატიახშნი ლორისა, კახეთისა, შირვანისა და სამცხისა, და ჰყვეს იმერელნი, ოდიშარნი, გურიელნი, აფხაზნი, ჯიქნი, სუანნი, მთიულნი კავკასიანნი.

ამას შინა უკუდგნეს დადიანი, გურიელი და უკუიტანნეს ოდიშარნი და აფხაზნი, შეიყარნეს ერთად და არღარა. მსახურებდეს ბაგრატ მეფესა. იწყინა მეფემან და შეიყარა და მივიდა და დადგა ცხენისწყალზედა; იქით ისინი მოდგეს რაზმითა და შეიბნეს. იპრიანა ღმერთმან და გაიქცნენ დადიანი, ოდიშარნი, დაჴოცეს და დაატყუევეს და ამოსწყჳტნეს ქართველთა, მიჰყვნეს თანა, ჩაუდგნენ შინა, დაწვეს და დააქცივეს ციხენი, სიმაგრენი. მობრუნდეს გამარჯუებულნი და წარმოიყვანეს თანა ტყუე, მძევალი ამაზედ არღარა ჰქონდა თავი ჴელთა მეფესა.

შეიყარა ყაენი უზუნ ასან, მოვიდა სომხითს, და მეფე ლიხთ იქით იყო, ქართველნი თან იახლნენ. მოადგეს ბარათიანთა და ორბეთისა ძირსა. დიდად კარგად დახუდეს ბარათიანნი. დამაგრდენ და ვერა უყვეს რა. მოვიდეს ტფილისსა და აღიღეს. და თჳთ ყაენი მუხრანს დადგა. აღივსო ქართლი ლაშქრითა, მოაოჴრეს სრულიად ქართლისა ადგილი. იჴმნა ყაენმან ბარათიანნი, მიინდვნა, ნახნა და შეიწყალნა, მოსცნა მრავალნი და აღავსნა პირთამდინ. ამას ზედან ღმერთმან იპრიანა, იწყინა ამოწყუეტა საქრისტიანოსა, შეედვა ყაენსა სენი სასიკუდენე, აიყარა და წარვიდა, და გამოუშუნა ბარათიანნი შეწყალებულნი და უბოძნა მრავალნი მოსაცემელნი.

ამაზედა კოსტანტინე წარვიდა თათრებშიგან, და სხუამან ვერავინ გაბედნა ქართველმან დარბაისელმან წარსვლა თათრებშიგან და ბატონის ხლება, - დიდად ერთგულად და კარგად იყვნენ ბარათას შვილნი. იგინივე წარყვნეს თანა და მსახურეს.

იპრიანა ღმერთმან და მოკუდა ყაენი. დააგდეს თათართა ტფილისი და სომხითი, და დაიჭირა მეფემან ბაგრატ. ჩაუჴდეს ბარათიანნი, დაიფორაქეს ელი და დაჴოცეს მრავალი თათარი ყაენისაგან შეწყალებულნი.

მას უკანის დაჯდა ყაენად ასანბეგის შვილი იაღუბეგ.

ამას შინა გამოჴდა ხანი და სოფელმან თჳსი ბეგარა არ დაიკლო და მიიცვალა მეფე ბაგრატ რაჭას, იყო დიდი გლოვა და მწუხარება სამეფოსა ზედა. აღიღეს და დამარხეს გელათს, მათსა სამარხოსა შიგან.

 

მეფე კოსტანტინე. ო~ზ

ხოლო შემდგომად გარდაცვალებისა ბაგრატისა დაჯდა მის წილად ძე მისი კოსტანტინე, ქრისტეს აქათ ჩ~უჲა. ამას ჟამში იყო კათალიკოზი დავით. და მეფობდა მეფობითა კეთილითა და არღარა იყო წყენა თათართაგან. მოიმორჩილნა იმერელნი, ოდიშარნი, აფხაზნი, ესახურებდა ათაბაგი და მორჩილებდეს კახნიცა. არა სადა იყო წყენა ქრისტიანეთა: იყო მოსუენება და დაწყნარება.

მერმე, ვითარცა წესი არს და ჩუეულება ეშმაკისა, აღძრნა ეშმაკმან, მოძულემან კეთილისამან, თათარნი ქრისტიანეთა ზედან. და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ თურქმანთა და მომართეს სამცხეს. მოვიდეს და მოადგეს ტაშირზედა. მოუმცნეს მეფესა ქართლისასა, რათა ქუემოთ ქართველნი შეუჴდენ სამცხესა. და აახლო ყაენმანცა ერთი თავადი და მისი ლაშქარი. ჩაუდგეს სამცხეს და იავარ ყვეს ქუეყანა მათი. მოადგეს ციხესა ახალციხესა, ბრძოდეს დიდხანს და ვერღარა დაუდგნა სიმაგრემან, გატეხეს და დაწვეს ქალაქი და დაიპყრეს ჴელთა მესხნი დარბაისელნი ციხოვანნი.

და მერმე აიყარნეს და მოაიგნენ ციხესა და ქალაქსა აწყუერისასა. ეზრახნეს ციხოვანთა და უჴადეს მშჳდობა და არა დაქცევა საყდრისა და ციხისა, ამას ზედა გამოვიდნენ და მიენდვნენ.

ამას შინა ბრძანა ყაენმან, რათა სომხითი მოარბიონ, ბარათაშვილი გაუძახა და მისი უკეთესი ლაშქარი მალვით მივიდეს და დაესხნეს შეუგებრად დმანისს და ქუეშის ჴევსა და წარმოიღეს ტყუე, ალაფი უამრავი, გავარდა ჴმა ბარათიანთა, გარდაუდგეს. წინა ცოტას ლაშქრითა. იპრიანა ღმერთმან და ასრე გაემარჯუათ, რომე ერთისა ქართველისაგან ასი და ორასი მოიკლა. დაჴოცეს და ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და ცოტა რამე გარდმოეხუეწნეს ცხენ-კეთილნი. და თავად კარგი კარგად იყო სულხან ბარათასშვილი. ერთი ასეთი დარბაისელი მოკლა, ყაენის კარზედ მისთანა არა იყო, და სხჳს დანაჴოცის ანგარიში არა იქმნებოდა, და რანიცა გარდაიხუეწნეს, მივიდეს ყაენთანა. ერთობ ეწყინა და დაუმძიმდა ლაშქართა ამოწყუეტა. ამაზედ აიყარა ყაენი, წარვიდა და დაატყუევა აწყუერისა ღმრთისმშობელი, მოქალაქენი და, რანიცა ციხესა შიგან იყო, დიადი სული წაასხეს. და წავიდა ყაენი თჳსსა საყაენოსა.

ამას შიგან გამოჴდა ცოტა ხანი, და გამოგზავნა ყაენმან ხალიბეგ და დაუწყო შენობა ქაოზიანსა და არჯაყალის ციხესა. იწყინეს ბარათიანთა და არა დაანებეს: დაუწყეს მისარჩელი წყენა და მტერობა. გაგულისდა ყაენი, აშუელა ლაშქარი ხალიბეგის შეიყარნენ და მოადგნენ ტფილისს. ებრძოდეს მრავალ-დღე და ვერარა ავნეს, რამეთუ სიმტკიცესა ზედა ეგნეს. და იყვის ყოველთა დღეთა ომი, და არა იყო ღონე ციხის წაღებისა.

მერმე შეიყარნეს ბარათიანნი და შემოუთუალეს მეფესა კოსტანტინეს და ითხოვეს მისგან შეწევნა. მეფემან გაგზავნა ციციშვილი ქაიხოსრო და ჯავახისშვილი ჯავახი ცოტათა აზნაურშვილითა და ლაშქრითა. წაუძღუეს წინა ბარათიანნი, მივიდეს და დაესხნეს ჭანდართა მდგომთა მონაპირეთა თათართა, გააქცივნეს და დაჴოცნეს ასრე, რომე თუ-არ მაცნე წავიდა სადამე, ვერცა ერთი წაუვიდათ. აივსნეს აბჯრითა, ალაფითა და ბარგითა პირთამდის.

ხოლო ვითარცა ესმა ესე ქალაქსა მდგომთა თურქმანთა, უკუ-ეყარნეს ციხესა ტფილისისასა და წავიდეს ჩაღმა. გარდაუდგენ კუმისისა ბოლოსა, შეებნეს წინამავალსა ლაშქარსა, გაექცნეს და დაჴოცნეს ასე, რომე თათრებსა თავსა სჭრიდეს და ვენაჴიცა ღობესა და მარგილზედა ააცვემდეს. მერმე გარისხდა ღმერთი და მოუჴდა ზემოთ ბუხუნი და შუა შეეყარნეს, და, რაც ბარათიანთა ქაიხოსრომ ქნა და ჯავახმა არც წინა გმირთა უქნიათ, ასრე რომე ულუსსა ლაშქარსა ომითა ჴრმლითა წამოვიდეს, და ცოტა ლაშქარი დაზიანდა, და თჳთ მორჩნენ ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა. ამას ზედან თურქმანი ლაშქარი შერცხვენილი ორბეთისა ძირსა დადგნენ, და ეცადნეს თათარნი, და მუდამ ბარათიანთა და ორბეთის-ძირელთა გაემარჯვის.

ამაზედა ადგა ხალიბეგ და სხუანი ყაეის თავადები, მივიდეს და შეეხუეწნეს ყაენსა, რამეთუ გამოჴდა წელიწადი ერთი. აშუელა ლაშქარი, მოირთო ძალი და წარმოემართა სომხითსა და ორბეთის-ძირზედა. მომართა ციხესა კოჟრისასა, მოადგა გარე, დაუწყეს ომი და თოფის სროლა, აწყუდინეს შიგან სოლაღაშვილნი დიდხან. და იყო ომი დიდხან და შეაწუხნა მეტმან თოფის სროლამან, და ცოტა ციხეცა დააქცივეს, და ვეღარ-დაუდგნეს, ამისთჳს რამეთუ მეშუელი არღარა ჰყვათ. ერთსა ღამესა თოვლმან უკუყარნა და გამოვიდნენ ციხით, და ციხე დაუდგეს ცარიელი და თჳთ მიმართეს მთათა და სიმაგრეთა. ხოლო ვითარცა გათენდა, ნახეს თათარ ციხე უკაცური შევიდეს შიგან და კაცი არა პოვეს. მიჰყვეს ჴელი და დააქცივეს. ვითარცა ესმა მეფესა აღება ციხისა, დაუმძიმდა, რამეთუ შეყრილი ნიჩბისის წყალზედ იდგა.

ამას ზედა ადგეს თათარნი და მოადგეს ტფილისის ციხეს. და იყო ყოველთა დღეთა ომი და ესროდეს თოფსა, და არა იყო ღონე წაღებისა ციხისა, რამეთუ მჴარი ბარათიანთაგან ჰქონდა. ეუბნებოდა მეფე კახთა და არა უშუელეს იმერელნი უკუდგომილნი იყვნეს და არცარა მესხთ უშუელეს, ამისთჳს ომი ვერ გაბედა მეფემან. ადგეს დიდს ხანსა ქალაქსა და შეეწყინა ომი თათართა, ციხეს ვერა უყვეს რა; მერმე ჰკაზმნეს ლაშქარნი და გამოარჩივეს დარბევა ორბეთისა ძირსა. აარჩივეს ათას ხუთასი კაცი და სხუა წურილი კაცი ლაშქრისა მრავალი, და ცისკრისა ჟამსა შეუგ[ებ]რად ორბეთის-ძირსა დაესხნეს, და აიფორიაქეს და ამოსწყჳტეს მთის სოფლები, განძი, ტყუე, ალაფი ურიცხჳ.

ამას ზედან ესმა ბარათიანთა, და იგინი იყვნეს ენაგეთს, და მათ თანა იყვნეს ქაიხოსრო თურმანის-ძე და სხუანი მეფის ყმები ცოტაოდენი. დავარდა ჴმა და მომართეს ასე, ვითა ვეფხთა. და წამოვიდა აქეთ სულხან ბარათაშვილი და მისნი ძმანი, და აქეთ სხუანი ბარათიანნი, მოეწივნეს უკანა, შეიბნეს და გააქცივნეს და მისჯარნეს ჴევსა ჴირჴალასა, ასე ჴოცა დაუწყეს, ვითა ქათამთა მართუეთა. ხოლო მოსცა ღმერთმან ძლევა ქრისტეანეთა, დაჴოცეს ურიცხჳ, რამეთუ არა იყო განცდა მკუდრისა, სისხლისა რუ დიოდა. რაცა სიკუდილსა მორჩეს ჴელთა დაიპყრეს. ერთი ასეთი თავადი დარჩა ბარათაშვილს მერაბს, რომე ყაენის კარზედ მას ვერავინ სჯობდა და მეყჳსიც იყო ყაენისა. ასეთი ძლევა მოსცა ღმერთმან ბარათანთა, რომელ ერთი ტყჳსა დედაკაცისაგან სამი და ოთხი მუსულმანი მოიყვანებოდა ყელ-დოლბანდიანი, რამეთუ პირველსა ომსა ვეღარ მოესწრნეს ქაიხოსრო, ჯავახი და ქავთარ სოლაღაშვილი და სხუანი დარბაისელნი. მოუჴდეს უკანა მდევარნი დარჩეულნი ჩაღდაულად დიდნი და ლაშქარნი, აქათ არცა ამათ დაუგდეს გზა. შეიბნეს ოცი კაცნი, სამასამდი სპასა თათარსა ჴმლითა წინა დაუდგა. იპრიანა ღმერთმან და მორჩეს. და ორჯელ და სამჯერ ცხენები დაუჭრეს, ჩამოყრილნი ზედვე შესხდეს. ჩუენი ქართვლთაგანი, ერთისა თურმანიძის მეტი, არა დაგვაკლდა: იგიცა ჯარმან ფეჴითა გაიტანა. დიდისა ულუსისა ჯარისაგან ცოტანი ჩაღთაულნი მაცნედ წარვიდეს, და სხუა ყველა ჴელთ დარჩა.

რა ესმა ესე ქალაქს მდგომთა, შეშინდეს და ადგეს და უკუეყარნეს ციხესა და თუმცა ბარათიანთა არ გამარჯუებოდა, ძალად ქალაქსაც წაართმევდენ და ქართლსაც შემოეჭრებოდნენ. ამას ზედან იპრიანა ღმერთმან, წყალობით მოხედნა ბარათიანთა მოჭირვებასა და მას უკანით თათართა ძალი ვეღარა უკადრებია და არცა რბევა; გატყდეს და შეშინდეს შეწევნითა ღმრთისათა.

ესე მეფე კოსტანტინე იყო ძე ბაგრატისი და იმეფა ამანცა კეთილად, ვითარცა ცხოვრება მისი მოგჳთხრობს, და მოკუდა კონსტანტინე მეფე ქრისტეს აქათ ჩ~უდ.

 

მეფე ალექსანდრე, ო~ჱ

და დაჯდა ძმა მისი ალექსანდრე ქრისტეს აქათ ჩ~უჲჱ. და მას ჟამსა იყო კათალიკოზი დავით და მოკუდა და დაჯდა ნიკოლოზ. და იმეფა კეთილად, რამეთუ მას ჟამსა თათართა ძალა არა აქუნდათ, და იმეფა მშჳდობით, და შემდგომად ხანსა რაოდენსამე მოკუდა.

 

მეფე კოსტანტინე, ო~თ

და დაჯდა მის წილად ძე მისი კოსტანტინე ქრისტეს აქათ ათას ოთხას ოთხმოცდა თორმეტსა. ამას ჟამსა შინა იჯდა კათალიკოზი აბრამ. ამანცა იმეფა კეთილად, რამეთუ მაშინ ათაბაგი ყუარყუარე იჯდა და არა ემრჩილებია მეფესა კოსტანტინეს.

ხოლო ამა ყუარყუარე ათაბაგისა ვაჭარი მივიდა ქუეყანასა არეშისასა სყიდვად აბრეშუმისა. და რომელიმე მუნებური ვაჭარი და ესე ყუარყუარეს ვაჭარი წაიკიდნენ, და სძლო არეშელმან ვაჭარმან და კიდეც გალაჴა და აბრეშუმიც წაართუა, და ესრეთ კადნიერებით ეტყოდა: „წარვედ პატრონისა შენისა და აუწყე ჭირი შენიო, და ესე არ მიყოს ბატონმა შენმაო, დუქანი არ დამიქციოსო და ჩემს დუქანზედ ყურით არ მიმაკრასო“. და რა ესე უყვეს ვაჭარსა მას, წარმოვიდა მსწრაფლ და მოვიდა ათაბაგისად და აუწყა ყუარყუარეს ყოველივე საქმე მისი ვაჭარმან მან.

და რა ესმა ესე ყუარყუარეს, წარმოვიდა განრისხებული ხუთასითა რჩეულითა სპითა, გარდმოვლო ფარავახი და ჩამოვლო დმანისი. უმასპინძლეს ორბელიანთა და წარვიდა, ჩამოვლო ხუნანი, განვიდა მტკუარსა და მივიდა არეშს. მიიძღუანა ვაჭარი სახლსა მის არეშელისა ვაჭრისსა, შეუჴდუნნა კაცნი. გამოიყვანეს კაცი იგი და მიიყვანეს თავის დუქანზედა და ყურითა მიაჭედეს და წიხლიცა უკრა დუქანსა, და ეგრეთვე უყო ყოველივე, როგორც მას ეთქუა. და აბრეშუმიც გამოატანინა ვაჭარსა. მას და წარმოვიდა უშიშრად.

და შემოვლო კახეთი, და შემოიარა ყარაიაზეთა, შევლო მცხეთაზედა და მივიდა შიდა ქართლსა. ხოლო შიდა-ქართველთა არა ინებეს გზისა დანებება. და მეფემან კოსტანტინე არა უწყოდა საქმე ესე და არცა გამოვლა მისი, და ამისთჳს არა ინებეს შიდა-ქართველთა უდასტუროდ განტევება მისი. შეიყარნეს გაღმართელნი, და გამოღმართელნი ციციშვილები, და უფროსად ზაზა ციციშვილი თაობდა. მაშინ დახუდნენ ათაბაგსა და აუწყეს ქართველთა გაუშუებლობა.

მაშინ რა ესმა ესე ათაბაგსა, მოუგზავნა მოციქული და შემოუთუალა ესრეთ: „მე თქუენს მამულში არა წამიჴდენია რაო და თქუენი არა მიმაქუს რაო, ჩუენსა და თქუენსა მტერობა ხომ არა არის რაო, ძმობისა და მეზობლობის მეტი თქუენთან საქმე არა მაქუს რაო. ჩემს მტერს პასუხი უყავ და ჩემს გზაზედ მივალო, თქუენ რას სამართლით მიდგებით, წინაო“. ხოლო ქართველთა არა უსმინეს და ეწყუნეს ურთიერთას. იქმნა ბრძოლა ძლიერი ქრისტეს აქათ ჩ~უპდ, თუესა აგჳსტოსა ი~ბ, არადეთს, რომელსა გორასა მას მიერ დღითგან ეწოდების სისხლის ჯუარი და ვიდრე დღეინდელად დღედმდე სისხლის ჯუარად სახელ-სდებენ. და იქენა ეგრეთი ომი, რომე ყოველივე საჭურველები და საომარი იარაღები დაამტვრივეს და დაშვრენ იმიერ და ამიერ ომითა და დაიჴოცნენ ორგნითვე მრავალნი კაცნი, და სძლო ათაბაგმან, ამისთჳს რომ არას ემართლებოდენ და სამართალი იმისი სჯობდა.

მაშინ შალიკაშვილი რომელიმე იჯდა ურასა კჳცსა ზედა. იგი შალიკაშვილი და მაჩაბელი მიხვდენ ერთმანერთსა. შემოსცა შუბი შალიკაშვილმან და გაუხეთქა კუბო ფარისა და განავლო მჴარსა შიგან და გარდმოაგდო ცხენიდამა; შეუძახა ესრეთ: „აწყუერისა ღმრთისმშობეის მადლმა, თუ ურას კჳცსა არა ვმჯდარიყავ, შიგ გაგაგდებინებდიო“. მაშინ წარმოიჩოქა მაჩაბელმან, გაიკრა ჴრმალს ჴელი, შემოუკრა ცხენსა, ცხენს თავი გაუგდებინა და ტახტაზედ დაასო და შესძახა მაჩაბელმან: სპარსმა“ წმიდა გიორგიმა! თუ გადმოგდებული არ ვყოფილიყავ, შუა გაგკუეთდიო“.

მაშინ სძლია ათაბაგმა და შეიქცნენ ქართველნი და მრავალნი იქითაც ამოსწყდნენ.

მაშინ წარვიდნენ მესხნი და ჩამოჴდა ათაბაგი ერთსა ადგილსა, სიახლოვესა ნაომრისასა მოსასუენად. მაშინ მესხი ამილახორი მოწყენით იჯდა ათაბაგთანა. ჰკითხა ათაბაგმან: „რასათჳს მოიწყენიაო, ნუთუ ომში კაცი ვერ იშოვნეო“. მოაჴსენა ამილახორმან: მე ერთსა კაცსა ჴრმალი შემოვკარ და სამკლავიანი ჴელი გავაგდებინეო, და თუ გინდა, წამოდით და გიჩვენებო“. წარმოვიდნენ და ნახეს, სამკლავიანი ჴელი ძეძვში ეგდო. მაშინ დასჯერდა ათაბაგი და წარვიდა თჳსდა ადგილად.

და ვითარცა ესმა მეფესა კოსტანტინესა საქმე ესე, დაუმძიმდა დიდად, მაგრამ ვერღარა გააწყო რა, ხანსა რაოდენსამე შინა იმეფა კეთილად და მოკუდა.

 

მეფე დავით, პ~

და დაჯდა მის ნაცვლად ძე მისი დავით.

აქა არღარა იცვალებოდა ერისთავნი და არცა თავადნი, ყოველნივე ჴევსა და სანახებსა და თემთა და ადგილთა მკჳდრ ქმნილიყვნენ, და, ვისცა მამულსა მისცემდა, მკჳდრად მიეცემოდა. და ყოველნივე ძლიერ იყვნეს: მთავარნი, ერისთავნი და თავადნი.

ხოლო ამა ალექსანდრესა და კოსტანტინესა ჟამში განდგნენ იმერელნი, ოდიშარნი და გურიელნი, და არღარა მორჩილებდა ათაბაგი, და განდგა კახეთი. რამეთუ თჳთ ძუელად ნაწერი რომელიმე ვპოვეთ კოსტანტინეს ცხოვრება, მაშიგან დაგჳწერი, არღარა შეეწევნიან მოსლვასა სპარსთის ლაშქრისა.

ხოლო ესე ვერა ვსცანით, თუ ბატონი იმერეთისა და კახეთისა რომლისა თესლისაგან არიან, და ანუ ვითარ უპყრიესთ ქუეყანანი იგი.

ხოლო იმერეთისა რომელთამე თქუეს: „ოდეს მამა ალექსანდრესი ბაგრატ მეფე ჩავიდა იმერეთს, მაშინ თჳსნი მისნი დაუტევა და მიერითგან ძენი მისნი არიან. ამა ბაგრატისა შემდგომად რაოდენნი მამანი გარდაიცვალნენ არა უწყით ხოლო იმერეთისა მპყრობელისა ბაგრატის ამბავი ქუემორე დავსწერეთ.

ხოლო კახეთისა მებატონეთა მამა იყო დავით. და ამა დავითის მამა, არა უწყით თუ ვინ იყო. ესე დავით დიდოეთადამე ჩამოიყვანეს და კახთა გაიბატონეს.

მოკუდა დავით და დაჯდა ძე მისი ლევან და შემდგომად ლევანისა ძე მისი ალექსანდრე.

ამა კახთა ბატონთა მას ჟამსა ეპყრა: გარდმოღმართი ლეკის მთისა ეპყრა თუშეთი, ხოლო დიდონი არა მორჩილობდეს ნებისაებრ მისისა; ზემოთ ფშავი და თიანეთი, სადა შეერთჳს ფშავისწყალი არაგუსა; მიერითგან ვიდრე არაგუს გაღმართი ჴევ-ძმორამდის; ჴევ-ძმორიდამე გაყოლილი ლილოს სერამდის, რაოდენი სერსა წყალი გასდის და გაერთჳს მარტყოფის წყალსა; გაყოლით ამართულამდე, გაყოლით ვიდრე აჯი-სუმდე, აჯი-სუს ვიდრე მტკურის შესართავამდე, მას ქუემოთი მტკუარს გაღმართი ვიდრე შაქისის საზღვრამდე.

ხოლო ძესა კოსტანტინესასა, მეფესა დავითს, ეპყრა: აჯი-სუს ზეით უდაბნონი, და სამგორს-ქუემოთი. ლილო და ლილოს ქუემოთი, და ჴევძმორას-ქუემოთი, და არაგუს-აქათი, და ფშავისწყალს-აქათი, გუდამაყარი, და ჴევხილაკას-აქათი, და კასრისჴევს აქათი; და წედისის მთის გადმოღმართი, და კუდარო, და ჭალის მთას გარდმოღმართი, ერწო, და მშვილდაურსა და პერანგას გარდმოღმართი, გორასძირს-აქათი, ლიჩი, ღოდორა, ქეფინისჴევი, და ჩხერის ციხე, და მას-ზემოთი ისრე გაყოლით მთის-აქათი; ჴეობა ვიდრე დვირამდის, კოდიანს გარდმოღმართი, ნინოსჴევი რომ ჩამოივლის, - გაღმით სამგორისკენ, ცივწყაროს ჴევ-ჴევ გაჰყვება, გახშული- ბარშიამის მთა ჩამოივლის ჯანელის ციხე საღამოს თავსა, ბორცვს ზემოთი წაივლის სერ-სერ სათხე ქუნცელის თავსა, გარდავლითა ხენჭურის თავსა, პალაკაციოს მთამდე, რომელსა თურქნი იელდოღდის ეძახიან; პალაკაციოდამე სერ-სერი ჩამოვლის, კარის სოფლის აქათი ერევნის საზღვრამდის, ჩამოყოლით ბანბაკი და ლორე, ვიდრე ყაზახის საზღვრამდე, ეპყრა მეფესა ქართლისასა.

ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა: წყდისის მთის-აქათი, დიგორის მთის-აქათი. ლენტეხი და თაკუერი, რომელსა აწ რქჳან ლეჩხუმი, - ცხენისწყალსა ჩაყოლით გამოღმართი, და საჯავახოს-აქათი, გაყოლით ფერხათის მთას-აქათი, ვიდრე ქართლის საზღვრამდის.

ხოლო დადიანს ეპყრა: ცხენისწყალს ჩაღმართი ლეჩხუმს ქუემოთი, სუანეთი მთის გარდმოღმართი. აფხაზეთის ზემოთი. და აფხაზეთი ჯიქეთამდის შარვაშიძეს ეპყრა, და ესე შარვაშიძე მორჩილობდა არა ყოველსავე ბრძანებასა დადიანისასა. კუალად ეპყრა დადიანს ზღუას შემოღმართი და რიონს გაღმართი.

ხოლო გურიელსა ეპყრა რიონს გაღმართი, საჯავახო, იმას-აქათი გამოსწურივ ღომისციხეს გარდმოღმართი, ერგე აჭარა, და ჭანეთი რკინისპალოს აქათი.

ხოლო ათაბაგს ეპყრა: გურიელის საზღვარს ზეითა, ფერხათის მთის გარდაღმართი, დვირს ზეითი, აქათ, ქართლის საზღვრამდის, იქით კარის საზღვრამდის, აზრუმისაკენ გურჯი-ბოღაზს აქათი.

ხოლო ამას გარდა საქართველონი, რომელნიმე თავისუფალ შექმნილიყვნენ, რომელნიმე სპარსთა მიეტაცნეს, რომელსამე ხონთქარსა და რომელსამე ხაზართა.

ხოლო ამან ძემან ალექსანდრესმან კოსტანტინე შვა ხუთნი ძენი. სახელები მათ ხუთთა ესე არს: უხუცესსა დავით, გიორგი, ბაგრატ, ალექსანდრე და მეხუთესა მონაზონი მელქისედეკ, რომელი იყო კათალიკოზი კათოლიკე მცხეთისა. და მოკუდა კოსტანტინე ქრისტეს აქათ ჩ~ფდ.

 

დავით მეფე

და დაჯდა ძე მისი დავით მეფედ. ამ ჟამში წარმოგზავნა ხონთქარმან სპასპეტი თჳსი ლაშქრითა თჳსითა უამრავითა საქართველოსა ზედა ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ, და ააოჴრეს სამცხე; ჩამოვიდეს იმერეთს და დაწვეს ქუთაისი. და მივიდეს გელათსა და დაწვეს გელათი, და აღიღეს ალაფი მრავალი, და ვერღარა დაუდგა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა. და წარვიდენ და შეიქცენ თჳსდავე ადგილსა. და შემდგომად შექცევისა მათისა ჩამოვიდა ბაგრატ მპყრობელი იმერეთისა და დაიპყრა კუალად იმერეთი.

ხოლო ეპყრა კახეთი ალექსანდრესა. და იყო კაცი კეთილი და ესუა ორი ძე. და ძემან მისმან უხუცესმან გიორგი უღალატა მამასა თჳსსა ალექსანდრეს ჭალასა შინა საფურცლისასა და მოკლა მამა თჳსი, და ძმასა თუალები დასწვა, და ამიერითგან უწოდეს ავ-გიორგი, და იქმნა პატრონი კახეთისა.

ხოლო იყო მეფე ქართლისა დავით, და ამის ჟამში იყო კათალიკოზი ბასილი. და მოკუდა ბასილი, და დაჯდა კათალიკოზი დორათეოს. და იყო ესე დავით კაცი ლმობიერი, მშჳდი და მოშიში ღმრთისა.

და აღდგა ავ-გიორგი დავითზედა და ვერღარა დაუდგა დავით: საზღვრამდის იმერეთისამდე მოარბევდის ქართლსა მრავალგზის. და თჳთ მეფე დავით შეამწყუდია ციხესა ატენისასა, მრავალდღე ბრძოდა, და ვერ წაუღო ციხე და მიიქცა თჳსდავე ადგილსა. მაშინ რქუეს ძმათა დავით მეფესა ესრეთ ვითარმედ: „მამათა ჩუენთა კახეთი მიუღეს და აწ ქართლისაცა ჰნებავს მიღება, აწ ჩუენცა აღვდგეთ მის ზედა და ვბრძოდეთ მათ ხოლო მეფემან დავით არა ინება. მაშინ თქუა ძმამან მისმან უმრწემესმან ბაგრატ: „მომეც მე მუხრანი საუფლისწულოდ ჩემდა და დროშა, დარაჯად ჩემდა იყოს ერისთავი ქსნისა და ჴეობა არაგჳსა, და შევიწიო ძალი ქრისტესი და თემიცა მისი იავარ ვყო“. უსმინა ძმამან მისმან დავით მეფემან და მისცა ყოველი თხოვილი მისი. მოვიდა ბაგრატ და აღაშენა ციხე მტუერისა, რომელ არს ციხისძირის თავსა, და დადგა მუნ.

ხოლო, რაჟამს სცნა პატრონმან კახეთისამან ავ-გიორგი, იჴმო სპა თჳსი, რაოდენ ძალ ედვა, ძალითა თჳკლითა წარმოემართა და მიადგა მტუერის ციხესა, ადგა ვიდრე სამ თუემდე. მერმე მიუვლინა კაცი ერთი ავ-გიორგი და გაუგზავნა ღჳნო ერთითა საღჳნითა და შეუთუალა, ვითარმედ: „ძე ხარ მეფისა, ნუ უკუე უღჳნობითა მიგჭირდეს, და სუი ესე“. და ვითარცა მიართუეს ბაგრატს სიტყუა ესე, მას ჰქონდა ორაგული ახალი და ღჳნისა წილ თევზი გამოუგზავნა და შემოუთუალა: „ხანია, რომე დგახარ პირსა ქსნისასა, და ვერ გიშოვნია ორაგული, და აწ ესე იჴმიე და წარვედ ქუეყანასა შენსა“. და რაჟამს მოართუეს ავ-გიორგის, მაშინ სცნა სიმრაველე საზრდელისა მათისა. და შესწუხებოდა ჯარი მრავალდღე დგომისაგან, მაშინ წარვიდა თემთა თჳსთა.

და ხანსა რაოდენსამე უკანა შეიყარა სპა თჳსი ავ-გიორგი და წარმოვიდა დარბევად ზემო ქართლისა, მივიდა, დაარბია ზემო ქართლი და დაბრუნდა გამარჯუებული და წარმოემართა. და რაჟამს. ესმა ბაგრატს, მპყრობელსა მუხრანისასა, შეიყარა სპა თჳსი და დაუმზირდა ჴევსა მას შინა, რომელ არს ძალის[ს]ა და ჭაპურს შუა. და ლაშქარნი ავ-გიორგისანი წინა წარმოვიდენ ნაშოვრისა მისთჳს, რომელი წარმოეღოთ. ხოლო ავ-გიორგი მცირითა კაცითა უკანა მოვიდოდა და მონადირობდა და არავისი ფიქრი ჰქონდა.

და რაჟამს დაუახლოვდა, სადა მდგომარე იყო ბაგრატ, მაშინ შეუტივა გულითა სრულითა და შეიპყრა ავ-გიორგი და სპანიცა, რომელნი მის თანა იყვნენ. პატიმარ-ყო ავ-გიორგი მტუერის ციხესა, რომელ არს მუხრანს, ქრისტეს აქათ ჩ~ფიდ.

მაშინ მიუმცნო ძმასა თჳსსა მეფესა დავითს საქმე ესე. და რა ესმა საქმე ესე, განიხარა ფრიად. და ხანსა მცირედსა მოკუდა ავ-გიორგი; და რომელნიმე იტყჳან დაარჩვესო, და რომელნიმე იტყჳან თავისის დღით მოკუდაო. აღაშენა მცხეთას მცირ ეკლესია მთავარ-ანგელოზისა ჩრდილოთ კერძო და მუნ დამარხეს. და მიერითგან იტყჳან კახი ბატონნი, რომე მცხეთა სამარხო არისო ჩვენიო.

ხოლო შემდგომად ავ-გიორგის დაჭერისა, დაიპყრო კახეთი მეფემან დავით. და დარჩა ძე გიორგისა, რომელსა ეწოდა ლევან, მცირედ. და წარმოიყვანა [...] ყრმა იგი დედითურთ და დამალა პატივითა სახლსა ჩოლაყაშვილისა გარსევანისასა, რომელი იყო სახლთ-უხუცესი, რამეთუ ეყოდა დედასა მისსა. და რა სცნა მეფემან დავით, წარავლინა ძმა თჳსი ბაგრატ და ერისთავი ქსნის და ამილახორი, რათა დასჩხრიკონ კახეთს მსახლობელნი დიდით ვიდრე მცირემდი, რათა იპოვონ ყრმა იგი. მაშინ წარვიდენ საძებნელად, დასდვეს შიში და ზარი ყოველთავე კაცთა ზედა და დააფიცეს, რათა არა უწყოდენ ყრმა იგი თუ სადა არს, და ყოველთავე შეჰფიცეს, რომე არა ვიცითრაო. შემდგომად მოვიდნენ სახლსა ჩოლაყაშვილის სახლთ-უხუცესისასა გარსევანისასა. და მოეპოვა გარსევანს საქმე ესე, რამეთუ მოიყვანა ყრმა იგი ლევან მონისა თჳსისა ძია მსგავსად, და მას დღესა მეღჳნედ იმსახურებდა ყრმასა მას, ვითარცა მონასა. და დღესა მეორესა შეფიცა ფიცითა საშინელითა ბაგრატს, ვითარმედ: „რაოდენიცა თქუენ ჩემსა სახლში არ იხილენით და არც თქუენმან თვალმან არა ნახა, იმის მეტი არა მყვანდეს, არა დიდის კაციშვილი და არც ცოტასი“. შეიჯერა ფიცითა ამით.

და ესენი რა წამოვიდნენ, ბაგრატ და ერისთავი და ამილახორი მაშინ ჩოლაყაშვილმან გარსევან ვეღარა თავს იდვა სახლსა თჳსსა დაფარვა ლევანისა და წარმოიყვანა და შეიყვანა ციხესა მას ოჩონისასა, რომელ არს თავსა ივრისასა. შემოეხვივნენ ზემოურნი და გარემონი კახნი და მიერთ[ნენ] ლევანს. წარმოემართა და ჩამოვიდა კახეთად.

და ესმა ესე დავით მეფესა, შეიყარა სპა თჳსი და წარემართა კახეთად. და გარდავლო გომბორი, და ჩავიდა კახეთად. და შემოყარნენ კაცნი ისრევე მეფესა დავითს, და ვეღარა აღდგა ლევან წინა, ივლტოდა და შევიდა ციხესა, რომელ არს თავსა მაღნარისასა. ხოლო მოიცვა მეფემან გარემონი ციხისა და დაუწყო ბრძოლა ძლიერად. მას ჟამსა მოვიდა ოსმალუ და მოეოჴრებინა სამცხე, და ვერავინ წინააღსდგომოდა სამცხესა და მოვიდენ შიდა ქართლსა; და ვერავინ წინააღუდგა ქართველი, ამისთჳს, რომე კახეთს იყვნენ ლაშქრად.

ხოლო მეფესა დავითს მოართუეს ამბავი ესე კახეთს. და რა ესმა ესე, მას ჟამად დაფარა, რამეთუ ციხესა მყოფნი ლევან და დედა მისი შეეჭირვებინა, საქმისა ამისთჳს მუნ დგომა აღარ ეძლო; და წარუვლინა დედასა მისსა მოციქული. ამილახორი და მთავარეპისკოპოსი და სთხოვა ციხე, და რა ესმა დედასა ლევანისასა და მეციხოვნეთა მოსვლა მოციქულისა, ღონე არღარა ჰქონდათ, და შეწუხებულ იყვნენ მიცემისაგან კიდე. მისვლასა მთავარეპისკოპოზისასა აღდგა დედა ლევანისა შემთხუევად მთავარეპისკოპოზისა, - იდუმალ რქუა მთავარეპისკოპოზმან: „მაგრად იყავ, ამაღამე წავალთ“. რა ესმა დედასა ლევანისასა, განიხარა და თჳსთა ყოველივე აუწყა, და ყოველთა თქუეს სიმაგრე და მიუცემლობა. და რა ესმნეს მოციქულთა ესე, წარმოვიდენ და მოაჴსენეს მეფესა დავითს და ესევითიარი ციხეს მაგრობა. და ვეღარა დადგა მეფე და წარმოვიდა.

და მოვიდა ზემო-ქართლად და შეება ოსმალუს ჯარსა. მისცა ძლევა ღმერთმან მეფესა დავითს და ამოსწყჳტა ოსმალუ და გაემარჯუა, და შეიქცა ოსმალუ თჳსდავე ადგილად. ხოლო მცირესა ჟამსა უკან გაილაშქრა კახეთად მეფემან დავით.

რაჟამს წამოსულიყო მეფე დავით, გამოსულ იყო ლევან და მისვლოდეს კახნი და ექმნა პატრონად მათდა. და იყო ლევან მაშინ წლისა შჳდისა. და რაჟამს მივიდა მეფე დავით საგარეჯოსა, შემოეყარნენ საგარეჯო[ელ]ნი და მას-აქეთნი კახნი და წარვიდა მეფე დავით ქისიყსა, და იყო ლევან მუნ და ახლდა მცირე ჯარი. რა მივიდა მეფე დავით, ეწყუნეს ურთიერთას ქისიყსა. დაუმარცხდა მეფესა დავითს და წარმოვიდა თჳსთა.

ხოლო ლევან დაიპყრა კახეთი და მოიყვანა ცოლად ასული გურიელისა თინათინ. ამა თინათინისასა იტყჳან, სიყრმესა შინა ნახა ჩუენება ესე: „შეგირთავს მთავარი ვინმე და მისვლასა შენსა ადგილსა ერთსა“ უჩუენა ადგილი ნიშანი და რქუა ესრეთ: „და მუნ იქმნება შინდი თეთრი ერთი. და უშენე მონასტერი ერთი დედასა ღმრთისასა“. ხოლო რაჟამს მოიყვანეს შუამთასა და ჩამოაჴდინეს განსასუენებელად, და რაჟამს იხილა თინათინ ადგილი იგი, იყო ყოველივე ნიშნეული ჩუენებისა და შინდი თეთრიცა. რაჟამს იქორწინეს, შემდგომად აღაშენა ეკლესია შუამთისა და დაადგინა მოძღუართ-მოძღუარი. და შვა ორ ძე: ალექსანდრე და ვახტანგ. და მიიცვალა თინათინ და დაემარხა ეკლესიასა თჳსსა შენებულსა. ამისთჳს არა დაეფლა ქმრისა მისისა თანა, რამეთუ იყო ლევან კაცი მეძავი. და შემდგომად ისუა ლევან სხუა ცოლი, ყარა მუსალის შამხლის ასული, მანცა უშვა ძე სამი: გიორგი, ელიმირზონ და ქაიხოსრო.

ხოლო მეფე ქართლისა დავით იყო თჳსთა, ხანსა რაოდენსამე უკანა იქმნა მონოზან და ჰყვანდა სამნი ძენი: ლუარსაბ, დემეტრე და რამაზ, მისცა მეფობა თჳსი ძმასა თჳსსა უმრწემესსა გიორგის. მეფე დავით ხანსა რაოდენსამე უკანა მიიცვალა ქალაქსა ტფილისისასა, ქრისტეს აქათ ჩ~ფკზ.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>