ხოლო შააბაზ მოვიდა გორსა და დადგა მუნ. და წარუგზავნა მპყრობელსა იმერეთისასა კაცი შააბაზ და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: „მომეც ეგევე ორნივე მეფენი და აღგავსებ მრავლითა ნიჭითა და საბოძვრითა“. ხოლო მპყრობელსა იმერეთისასა რა ესმა საქმე ესე, გაუგზავნა კათალიკოზი აფხაზეთისა მალაქია და აბაშიძე ლევან მოციქულად და გამოუგზავნა ფეშქაშიცა მრავალი და შემოუთუალა ესრეთ, ვითარმედ: „ამათი მოცემა ჩემგან არ იქნებისო და ჴელმწიფემან ამდენი წყალობა გჳყოს და დაგვდვას პატივი, რომე ესენი ისევ შეირიგოს და თჳთონ წაბ[რ]ძანდეს და დაანებოს ამათ ამათი მამული და საბატონო“.
და რა მოვიდა კათალიკოზი მალაქია და აბაშიძე ლევან, - და თანა ახლდათ ყაენის გაგზავნილი კაცი, - და რა მივიდა, დიდად პატივ-სცა ყაენმან და დახუდა კარგად.
და რა სცნა მოუცემლობა მეფისა და თეიმურაზისა იმერეთის ბატონის გიორგისაგან, ვეღარა გააწყო რა შააბაზ, და მაშინღა მოიპოვა ჴელოვნება და ღონე ილათისა, რათამცა ჴერჴით მოაგუაროს. და მოიჴმო კათალიკოზი მალაქია და აბაშაძე ლევან და შეუთუალა ესრეთ მპყრობელსა იმერეთისასა გიორგის: „რადგან შუა ჩამოსულხარო, მე მეფე ლუარსაბთანა არცა რა საქმე მაქუსო და არცა რას ვემდურვიო და არცა მაგის წასაჴდენდ მოვსულვარო ბატონი თეიმურაზ ჩემი მტერი არისო მაგას არც შევირიგებ და არც მინდა. მეფეს ლუარსაბს კიდეც შევირიგებ და, თუ მოვა და შემომრიგდება, წყალობასაც უზამ“.
და, რა მათ ესე სიტყუა დააბარა და გაისტუმრა, მოიჴმო შადიმან სუფრაჯი რომელი იყო გამზრდელი ლუარსაბისა, და დაიწყო ტირილი შააბაზ ყაენმან და თქუა: „მე მეფეს ლუარსაბს როგორ წავაჴდენო, მეფის სიმონის შვილისშვილსა და მეფის გიორგის შვილსა მე ავსა და ურიგოს როდის ვკადრებო, მაგრამ ეს თეიმურაზ მიცდინაო და მომიტყუაო. ესე იცოდე, თუ მეფე ლუარსაბ მოვა და შემომრიგდებაო, დიდს წყალობას უზამო და გავამდიდრებო. და მისცა ფიცი საშინელი და საფიცარი და იტირა ბევრი,
და რა ნახა შადიმან ესევითარი ტირილი. და საფიცარი შააბასისა, მაშინ დააჯერა გული, რომ მეფეს ლუარსაბს ყაენი დიდს წყალობას უზამსო და კიდეც შეირიგებსო, ამაზედ დიდად დააჯერა გული.
ხოლო ამას ყოველსავე ჴერჴითა და ილათითა იქმოდა შააბაზ. მაშინ გაუგზავნა შადიმან სუფრაჯი და გაატანა ერთი გულის სანდო ერთგული ხოჯა ყაენმან და მისწერა წიგნი და საფიცარი და გაუგზავნა მურასა ჴრმალი.
მაშინღა ჰყვანდა შააბაზს ცოლად დაჲ მეფისა ლუარსაბისა და მასცა მიაწერინა წიგნი და იჴმო მეფე ლუარსაბ, რამეთუ დაატყუა დაცა მეფისა. და მისცა მრავალი საბოძვარი და საჩუქარი კათალიკოზს მალაქიას და აბაშიძეს ლევანს და აღავსო პირთამდი.
რა მივიდნენ ესენი მეფესა ლუარსაბსა თანა და გიორგის იმერეთის მპყრობელი თანა, მოაჴსენეს ამბავი ესე, ყაენისაგან დანაბარები, და აუწყეს ყოველივე. და შადიმანც საფიცარი აჩუენა, და ხოჯამან ჴრმალი მიართუა, და მიართუეს. დისა მისისაგან მიწერილი წიგნი. მაშინღა დააჯერა გული მეფემან ლუარსაბ და აემზადა წამოსასვლელად.
და პატრონმან იმერეთისამან გიორგი შეატყობინა დადიანს ლევანს და გურიელს მამიას, რომელი იყო ესე გურიელი მამია ძე ვახტანგ გურიელისა. მაშინ მოვიდენ ისინიცა და შეიყარნენ ერთად. ურჩდეს ბატონმან თეიმურაზცა და სრულიად იმერელთა, რომე ყიზილბაშთ მრავალი ტყუილი იციანო და დაუნდობარნი კაცნიც არიანო, არც შენ დაგინდობენო, ნუ წახვალო.
ხოლო მან არა უსმინა და წარმოვიდა. გამოყვნენ გზასა რაოდენსამე თანა და გამოესალმნენ და დაბრუნდენ, ისინი იქით წავიდენ და მეფე ლუარსაბ წარმოვიდა და მოვიდა შააბაზ ყაენთანა გორს.
და ყაენმან არც იჩემა წინამიგებება, არამედ სანადიროდ ცხენს შეჯდა და წინ შემოეყარა პატივი-სცა ლუარსაბს და მოიყვანა თჳსთა თანა და დიდად განიხარა ყაენმან შააბაზ და სცა დიდი პატივი. ხოლო ხანსა რაოდენსამე იყვნენ შექცევაშიგან. ხოლო შემდგომად ამისა თქუა გულსა შინა ყაენმან შააბაზ და ეშინოდა, ნუ უკუე ქართველთა არავინ გამოუცვალოს გულიო და არა აღადგინოს შფოთიო. ხანსა რაოდენსამე უკანა შააბაზ ინება წარსვლად ტფილისად, და უთხრა მეფესა ლუარსაბს: „წარვიდეთ ტფილის[ს]აო და ვილხინოთ მუნცაო და შევექცეთო, შენ მუნ დაგაგდებ და მე წავალო“.
და რა ჩავიდენ ივლისს, მუნ რქუა: „წარვიდეთ ყარაიაზედ და ვინადიროთ შევიქცეთ ნადირობითა და ლხინითა, შენ დაგაბრუნებ და მე წავალო“. რა მივიდენ ყარაიაში, შემოავლეს ჯელგა დიდი და არამიცა თანა ახლდენ. მაშინ არმისათჳს კარავი და შუაში შემოავლეს თეთრი, და თჳთ შააბაზ და ლუარსაბ დაკარდენ და მოემზადნენ სასროლად.
რამეთუ ესე მეფე ლუარსაბ იყო კაცი შუენიერი და კეკლუცი და სანახავად სატრფიალო, და არსად გამოსულა ამისთანა შუენიერი და შემკობილი კაცი, ყოვლისა სამღთო-საკაცობოთ ზნეობით გათავებული და უკლები.
მაშინ მოინადირეს ყარაია. და მოკლა მეფემან ლუარსაბ კარზედა ცხრამეტი. და რა ნახა ესე შააბაზ, უფროსად აღეგზნა გულსა მისსა შური მისი და გაუმტერდა, დაღაცათუ პირისპირ დიდს ქებას ეუბნებოდა და ეფერებოდა არამედ გულში დიდად ემტერებოდა და არჩევდა ამისთჳს ბოროტსა.
მაშინ დამან მეფისამანცა გაუგზავნა საიდუმლოდ წიგნი და ასწავა: „ამას ასე გამოჩუენებით, სიკეთით და შუენიერებით ნუ ეჩუენებით, მე ვიცი ამისი ამბავი, რომ შურიანი და ხვანჯიანი კაცი არისო, და ეწყინებაო შენი სიკეთე გულშიაო. პირად კი ვერას გეტყჳსო, მაგრამ ერიდე და ფრთხილად იყაო“. მაშინ მეფემან ლუარსაბ უთხრა: „აწ რა ვქნა, რაგინდ რომ ავად ვაჩუენო და ჴელი შეუწყო, ეს ხომ ვიცი, აღარ გამიშუებსო და, რადგან კი აღარ გამიშუებსო, ისევ-ისევე კარგად ვეჩუენებიო, ისი სჯობსო“.
და ჰქონდა შური დიდი მისთჳს იდუმალ. მაშინ უთხრა შააბაზ: „რადგან ამისთანა მონადირე კაცი ხარო და უებრო მშჳლდოსანიო, ყარაბაღი დიაღ კარგი სანადირო და შესაქცეველი ადგილი არისო და წარვიდეთ იქაცაო და შევიქცეთო, მოვინადიროთ და ვილხინოთო. და წარიყვანა მუნცა.
და ხანსა რაოდენსამე უკანა კუალად უთხრა: გილან-მაზანდარა“ და მისი გარემონი ქუეყნებიცა კარგი სანადირო არისო, წარვიდეთ მუნცაო და შევექცეთო.
და რა მიიყვანა აშრაფს, მაშინ დაჰპატიჟა სჯული. ხოლო მან არა უსმინა და არცა უარ-ყო სჯული თჳსი. მაშინ განრისხნა შააბაზ და იგონებდა ბოროტსა მეფის ლუარსაბისათჳს: და აღუთქმიდა მრავალსა ნიჭსა და სიტყჳთა ლიქნისათა ზაკჳთ ჰგონებდა ცთუნებად და მიქცევად სჯულსა მისსა ზედა, რეცათუ დაარწმუნოს ვერაგობითა თჳსითა, და ვერ მძლე ექმნა, არამედ ამაო იქმნა სიცბილი მისი, და ვერ ეწიფა ნებასა გულისა თჳსისასა. უმეტესად აღივსო შურითა, ვითარცა იტყჳს დავით: „უმზირინ ცოდვილი მართალსა და იღრჭინის მის ზედა კბილნი მისნი, ხოლო უფალი ეცინინ მას, რამეთუ წინასწარ ხედავს მას“, და შემდგომნი ამისნი.
მაშინ ესმნეს სიტყუანი ესე მძლავრსა მიერ მეფესა ლუარსაბს, არად შერაცხა რისხვა მძლავრისა, არამედ ეგო ვითარცა ანდამატი, და შეუძვრელ ვითარცა კლდე, და უშიში იყო ვითარცა ლომი საყოფელსა თჳსსა. და არა იგონებდა წარმავალსა ქუეყნიერსა ზრუნვასა, არამედ ზეცად მიმართ აღაფრენდა გულსა და გონებასა თჳსსა. ვითარცა ორბი ზეაღმფრინვალე ეთერისა მიმართ, ეგრეთ განახლებად ისწრაფდა და შემოსად სულიერისა სამოსლისასა და განგდებად. თმისა ამის მოკუდავისა და შემოსად უკუდავისა მის, რომელი მოსიეს წმიდასა მჴნეთა მოწამეთა, და წარმომთქმელი სიტყჳსა მოციქულისა, ვითარმედ: გული მითქუამსო განსვლად და ყოფად ქრისტეს თანა“. განიცდიდა სიმჴნესა და ღუაწლსა წმიდათა მოწამეთასა გჳრგჳნსა და მოსაგებელსა მათსა, და უფროსად მობაძავ და საღვთოდ მოშურნე ქმნილიყო მეფეთა შორის წარჩინებულისა და მოწამისა მეფისა არჩილისა და ვახტანგისა და იტყოდა მიციქულისა მიერ თქმულსა მას: „უკეთუ მოვკუდე ქრისტესთჳს, მრწამს, რამეთუ რამეთუ მის თანაცა ვსცხონდეთ და, უკეთუ მან სახიერმან სიკუდილითა თჳსითა გჳჴსნა ჯოჯოხეთისაგან ქუესკნელისა, ჩუენცა თანა-გუაც; რათამცა დავსთხივნეთ სისხლი მისთჳს და არა ვრიდოთ თავთა ჩუენთა მისთჳს. ნეტარ თუმცა ღირს მყოს სახიერმან მან, რათამცა არა ერთგზის და ორგზის მივსცე თავი ჩემი სიკუდილსა, არამედ მრავალგზის, რომელმან მიბრძანა ჴმითა მით საუფლოთა: „ნუ გეშინინ, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი, ხოლო სულისა ვერ ჴელ-ეწიფების მოწყუედად“, და კუალად, „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინაშე მამისა ჩემისა ზეცათასა“. ვინათგან იგი ესრეთ აღმითქუამს გჳრგჳნსა მას დაუჭნობელსა და მოსაგებელსა, რომელი თუალმან არა იხილა და ყურსა არა ესმა, ხოლო გულსა კაცისასა არა მოუჴდა; და ესეცა უწყი, ვითარმედ სიკუდილისა თანამდებ ვარო და უვნებელად თანა-მაც განსვლა სულისა და განშორება ჴორცთაგან, მეგულვების გარდაცვალება თიჴოანთა ამათ თბეთა და დაჴსნად ნასხამთა ამათ და ანაქუსთა ჩემთა; ნამდვილ კეთილ არს ჩემდა, რათა მოსწრაფედ ვრბიოდე ასპარეზსა მას ზედა ძლევისასა და მოვაკუდინო ასონი ქუეყანისანი და შეიმოსო უკუდავი, ვინათგან უჭუელად ესე ყოფად არს. რაღა ყენება არს ჩემდა და არა ვისწრაფი შესვლად ქორწილსა სიძისა მის შუენიერისასა და უკუდავისსა? და მზა არს. ჩემდა მოცემად ჴმლითა თჳსითა გჳრგჳნსა მას უხრწნელებისასა. აჰა ჟამი შეწყნარებული და დღე სათნო უფლისა“.
და უწყოდა წინასწარვე არა შეწყალება და ულმობელობა მძლავრისა მის შააბაზისა, მაშინ ევედრებოდა გულითა მჴურვალითა და ცრემლითა ნაკადულითა და ზედასაზედა მიწევნითა გარდაიხდიდა დღეთა მარხვითა.
კუალად აიძულა შააბაზ დატევება სჯულისა და არა ისმინა. მაშინღა განაჩინა ტყუეობა ციხესა მას, რომელსა ჰქჳან გულაბყალა. და მუნ განეგულა აღსასრული ძისი.
მაშინ აუწყა მეფემან ლუარსაბ ქართველთა, რომელნიცა ჰყვეს თანა, და წარმუთხრა ყოველივე ანდერძი თჳსი და უბრძანა ესრეთ: „ესერა დაუტეობ საწუთოსა ამას სოფელსა და განგეშორები თქუენგან და წარვალ მეუფესა ჩემისა ღ(ვ)თისა წინაშე, რომლისათჳსცა მსუროდა, გარნა ნუ დამივიწყებთ და ესე-მებრ სიტყუა გეჴსენედ და ცრემლით მგოდებდით, რომელნიცა ხართ ჩემ თანა აღზრდილნი და რომელნიმე ხართ გამზრდელნი ჩემნი, და ნუ უგულებელს ჰყოფთ ტკბილად პატრონს ყმურებრ მეგობრობასა და სიყუარულსა. ჩემსა, რამეთუ მნებავს თქუენ მიერ, რათა წესისაებრ საქართველოსა აღუტეოთ ზარი და ჴმა დაფლვისა ჩემისა და ეგრეთ სტიროდეთ ჩემ ზედა, რამეთუ ამირითგან არღარა მეგულების სმენა ჴმისა თქუენისა არამედ მეგულვების სმენა ჴმისა მის ანგელოზებრივისა სიხარულისა და ზატიკობისა“.
მაშინ აღუტევეს ქართველთა ჴმა რა მათ გოდებისა და ტირილისა, ვითარცა რაქაელ სტიროდა შვილთა თჳსთა და არა ნუგეშინისცემის, და ტიროდენ ზარითა წესსა ზედა საქართველოსასა. და თჳთ მწოლარე იყო მეფე ლუარსაბ და მიუტირებდენ ქართველნი ჴმითა საზარელითა. და ტირილითა უნუგეშისცემოთა, და ეგრეთვე მეფე ლუარსაბ მიუგებდა და მეტყუელება სიტყუასა მწარესა განშორებისა მათისათჳს. და ესრეთ აღასრულეს წესი ცხედრისა, და იყო ჴმა ტირილისა და გლოვისა.
მაშინ მოუწოდა ეპისკოპოზსა, რომელი ჰყვეს თანა, მღდლითა და დიაკუანთა და უბრძანა მოღება წმიდათა ქრისტეს საიდუმლოთა ჴორცსა და სისხლსა ცხოველს-მყოფელსა. მაშინ აღიპყრნა ჴელნი თჳსნი ზეცად მიმართ და შემჭვალნა თუალნი გონებისა მისისანი მსგავსად მწყურნებითა ნეკტარობდა და მცნებლობდა თუალთაგან ნაკადულსა ცრემლთასა, და ნილოსისაებრ რწყჳდა ორნატთა ჯეჯილთა სულისა თჳსისათა და მეტყუელებდა ფსალმუნსა ამას: „შენთჳს მოვწყდები ქრისტე ღმერთო ჩემო, ვითარცა ცხოვარი კლვადი, და აწ ღირს მყავ ზიარებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა“, და მაშინღა ეზიარა შიშითა და კრძალულებითა.
და ოდეს ეზიარა, მაშინ მადლობდა ღმერთსა და იტყოდა: „შენ უწყი, უფალო ჩემო იესო ქრისტე, ვითარ არცა ანგარებითა, არცა სიმდიდრის მოყუარებითა დაუტევე მამული და საყოფელი ჩემი და ვერცავინ შემძლებელ იყო შეპყრობად ჩემდა. და ვერცა გამოყვანებად სიმაგრეთა მათგან, რომელსა მე ვიყოფოდი, არამედ მანქანებითა და ჴელოვნებითა მძლავრისა ამის ბოროტისათა და ზაკჳთა ეშმაკისა, მოყუარეთა და მსახურთა მისთა, ბოროტთა კაცთათა, წარმოვედ და მოვედ მძლავრისა ამის. და უფროსად მწუხარე ვიყავ და მელმოდა გულსა იავარ-ყოფა საქართველოსი, შერევა წმიდათა ხატთა და ჯუართა და დარღუევა წმიდათა ეკლესიათა. და უკეთუმცა ხოლო მე განვერე ჴელთაგან მათთა, მაშინღა განრყუნილ იყო ჴელთაგან მათთა და მოოჴრებული, ვითარცა იერუსალიმი ნაბუქოდონოსორის მიერ, ეგრეთვე სუროდა საქართველოსათჳსცა მძლავრსა მას და სწადოდა სრულიად იავარ-ყოფა, არამედ აღძრულმან და ბრძანებისა შენისა მსმენელმან ვყავ წინააღრჩევით საქმე ესე, რომელმან ბრძანე წმიდასა შინა სახარებასა, ვითარმედ: „მწყემსმან კეთილმან დადვის სული თჳსი ცხოვართა თჳსთათჳსო“. და არა ვიქმენ სასყიდლით დადგინებულ, რათამცა დაუტევე ცხოვარი ჩემი და ვივლტოდი, და მჴეცთა განსარყუნელად და შესაჭმელ იყო სიწმიდენი და ალაგნი ქართლისანი, არამედ მინდობილმან ბრძანებისა შენისამან დავსდევ თავი ჩემი ქუეყანისათჳს და განერა თემი ჩემი მოოჴრებისაგან. ესე ყოველივე შენ უწყი, რამეთუ მეცნიერ ხარ გულის-სიტყუასა და გონებათა. არა მეწყალვის მეფობა და შარავანდედობა ჩემი, არცა შუენიერობა, ჰაეროვნება და და ახოვნება სიჭაბუკისა ჩემისა, არცა უებრობა და ყუავილი სიორძილისა ჩემისა, არცა კისკასად მორბედობა ასპარეზობისა და ქუელ-ყოფილობა ჰასაკობისა ჩემისა, არცა ბრძოლასა შინა მჴნეობა და სიმაგრე მკლავისა, და არცა თეატრონსა შინა მორბენადობა ცხენითა და მსწრაფლმალვობა და მარჯვედ სრვა მჴეცთა, დაუშრომლობა მკლავთა და ყოველთა მოსავთა ჩემთა უზეშთაეს ყოფა, არცა დიდება, პატივი და სანოვაგენი მრავალფერი ტაბლანი და გამოჩუენებითი ლხინნი და მხიარულითა პირითა მეტყუელებანი, ზმანი და მღერანი და მეფობრივი ცხედარი და ტახტ-გჳრგჳნოსნებანი. ესე ყოველივე დამიტევებიან სიყუარულისა შენისათჳს, და აწ გევედრები მეუფეო, სული, გული და გონება ჩემი შენდა მომართ აღამაღლო, რამეთუ საშუებელნი და გემონი სოფლისანი არარად შემირაცხიეს, ქუესკნელად შტამჴდელნი და ამაონი, რამეთუ შენდა შუენის დიდება, პატივი და თაყუანისცემა მამისა და ძისა და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე ამინ“.
და ვითარცა დაასრულნა სიტყვანი ესე, მაშინ მიავლინა მტარვალნი თჳსნი მძლავრმან შაჰაბაზ და წარგზავნეს იგი ტყუედ ციხესა მას გულაბყალისასა და მუნ ტყუედ ყვეს. და შემდგომად მცირედისა ჟამისა კუალად წარავლინა კაცი და მიუმცნო ხანსა მუნ მყოფსა, რომელსაცა ჰყვა პყრობილად მეფე ლუარსაბ, რათამცა მოაშთოს.
და ვითარცა ესმა ხანსა მას სიკუდილი მეფისა ლუარსაბისა, დიდად მწუხარე იქმნა, რამეთუ ეწყალოდა სიჭაბუკე და ახოვანება მისი. და მაშინღა შევიდეს მტარვალნი და აუწყეს სიტყუანი მძლავრისა შააბაზიანისანი მეფესა ლუარსაბს. და რა ესმა, იტყოდა ფსალმუნსა ამას: „იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ ამიერითგან და უკუნისამდე“, და ევედრებოდა მრავალ-მოწყალესა ღმერთსა. შემდგომად ამისა რქუა წმიდამან ლუარსაბ მტარვალთა მათ: „აღასრულეთ ბრძანებული თქუენი“. და მოიღეს საბელი მშჳლდისა, მოაბეს ყელსა და მით მოაშთუეს. და ესრეთ სრულ ყო წამება თჳსი და შეირაცხა წმიდათა მოწამეთა კრებულთა თანა, და აწ იხარებს სიხარულსა მას მოუკლებელსა და გამოუთქმელსა. და აწ სხენან წმიდანი ნაწილნი მის მეფისა და მოწამის ლუარსაბისანი მუნ ციხესა გულაბყალისასა.
ხოლო დედა ბატონის თეიმურაზისა, ქეთევან, და ორნი ძენი თეიმურაზისანი ალექსანდრე და ლევან, გაგზავნა შირაზს და მუნ ტყუედ ყვეს.
ხოლო რაჟამს მოიქცა შააბაზ, ვერცავინ დასუა ქართლსა ბატონი და ვერცა კახეთსა, რამეთუ ამას ლუარსაბს არცა ჰყვანდა შვილი და არცა ძმა. და მიაბარა შააბაზ კახეთი ნოდარ ჯორჯაძესა და დავით ასლანის-შვილსა, და ქართლი იყო უბატონოდ, რამეთუ თავადნი თჳს-თჳსად მჴარესა მთავრობდენ და ბატონობდენ ურთიერთას იგინი.
ხოლო ნოდარ და დავით ქნეს ერთგულობა და ჩამოიყვანეს ბატონი თეიმურაზ იმერეთიდამე და გააბატონეს კახეთშია. და თანა მოჰყვნენ ბატონს თეიმურაზს არაგჳს პირამდი გიორგი, იმერეთის მპყრობელი, დადიანი და გურიელი. და რა ჩავიდა ბატონი თეიმურაზ კახეთშია, ესენი გამობრუნდენ და წარვიდენ იმერეთს, თჳსსა სამყოფსა შინა. და დაჯდა ბატონი თეიმურაზ კახეთს და ბატონობდა.
და, რა ესმა შააბაზს მოსვლა თეიმურაზისა, განრისხდა, ვითარცა ვეშაპი განძჳნებული, და ალიყულიხან წარმოგზავნა მრავლითა ჯარითა და ესე დავედრა, რათა შეუკრას გზები ყოველგნით და არა წარუვიდეს. და თჳთცა წარმოემართა, რამეთუ სწადოდა თჳთ მისვლა იმაზედა. და წარვიდა ალიყულისან და გაჰკრა არაგუზედა გზები.
და რა ესმა ბატონს თეიმურაზს საქმე ესე, შეიყარა სპა, მივიდა და დაესხა თავსა წიწამურს ზეით, დაესხა ჟამსა შუადღისასა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი და გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს დიდად. და მისცა ღმერთმან ძლევა და შუადღითგან მოკიდებული ჴოცეს თათარნი ვიდრე ბინდამდე, გაემარჯუა ბატონს თეიმურაზს და კახთა და გააქცივეს.
და ესმა ამბავი ესე შააბაზსს და უმეტეს განძჳნდა და წარმოემართა თჳთ. და მოვიდა შააბაზ, და ვერღარა დაუდგა თეიმურაზ და წარვიდა იმერეთს. და რომელნიმე კახნი აიყარნენ და გაჰყვნენ ცოლშვილიანად თეიმურაზს.
ხოლო შემოვლო კახეთი შააბაზ და მოვიდა ქართლად და დასუა მუნ ქართლში ბატონად ძმისწული მეფის სჳმონისა ბაგრატ, მაშინ ქრისტეს აქათ ჩ~ქით, ნაშობი კახის ბატონის გუარის ქალისაგან.
მაშინ ეზრახა შააბაზ ლეკთა და გაუგზავნა კაცი და შეუთუალა ესრეთ, ვითარმედ: მნებავს წარმოტყუენვა და იავარ-ყოფა სრულიად სანახებისა ამის, კახეთს მე ავყრი და, რაც მანდ ხიზანი კაცი და ქალი შემოვიდეს, დაატყუე[ვე]თო. და წარვიდა და ჩავლო კახეთი და ამოსწყჳტა. და წავიდა და მოაოჴრა, და სხუანი აჰყარნა და თანა წაასხნა. და რომელნიმე ლეკთა ამოსწყჳტეს და დაატყუევეს და რომელნიმე მორჩეს თუშეთს, ფშავს და ჴევსურეთს, და სხუანი ააოჴრეს და ამოსწყჳტეს, და რაც-ოდენნი შეიპყრეს, ცოლშვილიანად აჰყარეს და წაასხეს რომელიმე ფერიასა, რომელნიმე ახლანან თანა აწცა წინამძღოლ-მეთოფედ და არიან დღეინდელად დღედმდე მეთოფედ, წინა უძღუებიან ყაენსა. მაშინ შემუსრა და დაამტვრია, რაოდენნი დაუშთა პირველ, ხატნი და ჯუარნი და წარმოიღო ნაცარცვი და ნატყუენავი მისი.
და დასუა მუნ პატრონად ფეიქარხან და მოუყენა რომელიმე ჯარი და ელი, და თჳთ წარვიდა განრისხებული და მივიდა ისპაანს.
მაშინ გაუგზავნა კაცი შირაზის ხანსა და იჴმო ბატონის თეიმურაზის შვილი ალექსანდრე და ლევან და, რა მოიყვანა, გამოასაჭურისნა ორნივე და ამყოფა თჳსთა თანა. და ერთი ძმა შეიშალა, ლევან, და ისრე იარებოდა შეშლილი, და მეორე, ალექსანდრე, მოკუდა. ხოლო ქეთევანისთჳს გაგზავნა კაცი და შეუთუალა იმამყულიხანს, ვითარმედ: ქეთევან“ დედოფალი თუ გათათრდეს, ნურას აწყენო და, თუ არ გათათრდეს, აწამე და სასჯელით მოჰკალო“. ხოლო იმამყულიხანს რა ესმა ესე, გამოუბრუნა მოციქული და მოაჴსენა ესრეთ, ვითარმედ: „ბერი დედაკაცი არისო და ახლა ეს არ გათათრდებისო, და რას აქნევთ ამის გათათრებასაო, დაეჴსენითო, თქუენთჳს სირცხჳლი არისო ამისი სიკუდილი“. ხოლო შააბაზ იწყინა და გაუგზავნა კაცი, ვითარმედ არ იქნებისო.
მაშინ იმამყულიხან დაუწყო ლაპარაკი ქეთევანს და აუწყა ყაენს შემოთვლილი და უთხრა გათათრდიო. ხოლო ქეთევან არა უსმინა. მაშინ შეიპყრეს და დაუჭირეს მხლებლები და წინა გაუთათრეს. და ახლდა თან მღდელი ვინმე იმერელი და იგიცა გაუთათრეს. ხოლო გაუბეს ჴელ-ფეჴი და გააშიშულეს წმიდა ქეთევან დედოფალი და გა განჴურვებულის გაზებით დაგლიჯეს ძუძუები და გაჴურვებული საჯები ნაგლეჯს ჴორცზედან შემოაწყუეს და დაგლიჯეს. გააჴურვეს ლურსმები და დაუყარეს ქუეშე და ზედ გაატარეს. დააწვინეს და შიშუელაზედ ზედ შემოაყარეს ლურსმანი გაჴურვებული. კუალად განჴურვებული შამფურები გაავლეს მუცელსა და ძუძუ-მკერდშიგან, განჴურვებული ქუაბი დაარქუეს თავსა ზედან. კუალად განჴურვებულს ქუაბსა შიგან შიგ ჩასუეს და თავსაც დახურეს და შემოაწყუეს გაჴურვებული ბარები შუბლსა ზედა და ახეთქა თავის კეფა და ყვეს მრავალი სატანჯველი, და ესრეთ შევედრა წმიდა სული თჳსი უფალსა და შეირაცხა წმიდათა ქალწულთა მოწამეთა კრებულთა თანა. და მოვიდა სამხილებელად ყოველთა და დაადგა ნათელი ხოლო მუნ დაესწრნენ ფრანგნი და აღიღეს წმიდანი ნაწილნი წმიდისა ქეთევანისნი ფრანგთა და წარიღეს თჳსთა თანა ნაწილად, ხოლო ჴელი და მკლავი ბატონს თეიმურაზს გამოუგზავნეს.
და ესრეთ სრულ-ყო წამება მისი და ღუაწლი წმიდამან ქეთევან, რომლისა ცხოვრება მისი არცელად წერილ არს მეტაფრასსა მისსა. და რომელსა მიწასა ზედან აწამეს, ადგილსა მას არღარა მოვა მწუანე და ჩანს ადგილი იგი ესრეთ, ვითარმედ უნახველნი სცნობენ აქა ქმნილა რამეო.
ხოლო დაჯდა ქართლსა ბაგრატ, რომელი გარდაქცეულიყო სჯულსა მაჰმადისასა, და არცა იყო ღირსი მეფობისა, და ზურგად განჯის ხანი და მისნი შემდგომნი ჰყვეს და მაშინ ამან ბაგრატ ვერ დაუჭირა თავი ქართველსა და ვერცა ეუფლა ქალაქს ზეით ზემო ქართლსა და არცა ჰყუარობდენ ქართველნი და არცარად აჴსენებდენ თათრობისათჳს და ეძახდენ საბარათაშვილოს ბატონსა და იყოფებოდა ეგრეთ.
ხოლო რაჟამს იყო ბატონი თეიმურაზ იმერეთს მას ჟამსა შეიქმნა სიყმილი დიდი იმერეთს. და მაშინ გაუგზავნა ბატონმან თეიმურაზ ხონთქარსა კაცი, შეეხუეწა და სთხოვა სარჩო. ხოლო ხონთქარმან სხუა ვეღარა გააწყო რა და მისცა გონიასა და ახალციხესა და გარეშემო მისსა მამული სარჩოდ. და სანამდისინ ხვანთქრის კაცი მოუვიდოდა ბატონს თეიმურაზს, ვეღარ გასძლო იმერეთს, წარვიდა და მივიდა მამია გურიელთან. მაშინ მოვიდა ხონთქრიდამ კაცი და წარვიდა, მივიდა ხონთქრიდამ მოცემულს მამულში.
მაშინ იჯდა ათაბაგად ძე მანუჩარ ათაბაგისა, სახელით მანუჩარ, რომელი იყო დისწული სჳმონ მეფისა. და დააყენა ოლთის[ს] ბატონმან თეიმურაზ ცოლშვილი მუნ და მოუყენა გუერდსა კახი სა[ხ]ლთუხცესი ნოდარ, და თჳთ წარვიდა ხონთქართანა შჳდასის კაცითა. და რა ესენი წარვიდენ. მაშინ შეეტყო ყაენს ბატონის თეიმურაზისა ხვანთქართან წასვლა და მისის ცოლისა და შვილის საათაბაგოს დაგდება. მაშინ შემოუთუალა ერევნის ხანს, ამირგუნა-ხანს, და მოსწერა წიგნი ესრეთ: „ბატონი თეიმურაზ ხონთქართან წასულა და მისი ცოლი და შვილი საათაბაგოში დაუგდია, შიყარე ჯარი, წადი, დაესხი თავსა, აიფორაქე მისი ცოლშვილი და საქონელი, და ცოლშვილი აქ გამომიგზავნე“.
მაშინ წარვიდა ამირგუნა-ხან, - ზამთარი იყო და დიდი თოვლი მთაზედ, - გადასთხარა მთა და წარვიდა. ხოლო მას ღამესა სიზმარი ენახა ბატონის თეიმურაზის. ცოლს ხორაშანს, ვითამ სიზმარში ყიზილბაშნი თავს დასხმოდენ და აეფორაქათ მისი ხიზანი და საქონელი. და რა გამოღვიძებოდა ბატონს ხორაშანს, ღამესა მასვე აყრილიყო და შესულიყო ოლთისის ქალაქიდამ ციხეში, რაც რამ ჰყვანდა და ჰქონდა, იგიცა ყველა ციხეში შეხიზნა, რამეთუ უწინ ციხეს დაბლა იდგნენ. და წარვიდა ამირგუნა-ხან ღამესა მას, მივიდა, სადაც ბატონის თეიმურაზის ცოლი და შვილნი იდგნენ, იმ სოფელს თავს დაესხნენ. და მოარბია სოფელი იგი და იავარ-ყო და სხუა ვერა მოაჴელა-რა, გაბრუნდა და წარვიდა. მაშინ სცნა ნოდარ სახლუხუცესმან, შემოიყარა ცოტა რამ საათაბაგოს კაცნი და, რაც თჳთან ჰყვანდა, იგიცა, და გამოუდგა უკანა, მიეწია ამირგუნა-ხანს, მრავალი კაცი ამოუწყჳტა, თჳთ გამოაქცივა და იშოვნა მრავალი საშოვარი, გამობრუნდა და მოვიდა გამარჯუებულ ბატონის თეიმურაზის ცოლშვილთანა.
ხოლო რაჟამს მივიდა ბატონი თეიმურაზ სტამბოლს, მაშინ იჯდა ხონთქარი სულთან-იბრაჰიმ. და სცა დიდი პატივი ბატონს თეიმურაზს შეეხუეწა ბატონი თეიმურაზ. სთხოვა ჯარი. ხოლო მაშინ ყიზილბაშთა და ურუმთა შუა საფიცარი იყო და შერიგებულიყვნენ. როდეს გაეყოთ ქუეყნები, პირობა დაედვათ რომე არღარა იყოს ბრძოლა ერთმანერთშია, და ამისთჳს არ აჰყვა ხონთქარი და მოსცა სარჩოდ სანჯახები, და მრავალი წყალობა უყო და გამოისტუმრა და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ. მას ჟამსა იყვნენ ხონთქრის მამულში მრავალნი ჯალალნი. განდგომილნი ხონთქრისანი, დახუდენ ბატონს თეიმურაზს წინა. და ამას ახლდა შჳდასი კაცი, და იგინი იყვნენ ურიცხუნი, და მრავალნი შემოებნენ ბატონს თეიმურაზს. მისცა ღმერთმან გამარჯუება და ბატონს თეიმურაზს გაემარჯუა. და ამოსწყჳტა მრავალი ჯალალი.
ერთსა დღესა შჳდჯერ შეებნენ და შჳდჯერვე ამას გაემარჯუა: ასე მოუმართა ღმერთმან ჴელი, რომე შჳდასი კაცი ახლდა, არც ერთი არ დაჰკლებია, და მათი მრავალი ამოსწყჳტა. და მოვიდა გამარჯუებული ცოლსა და შვილშია. და მცირესა ხანსა უკანა წარვიდა გონიას და მუნ იყოფებოდა.
და ამა ჟამსა შინა მოკუდა ბატონი საბარათიანოსი ბაგრატ, ძე დავითისი, ქრისტეს აქეთ [....] და მიესმა შააბაზს სიკუდილი მისი, რამეთუ არა ჰქონდა იმედი ფეიქარხან, რომელი იჯდა კახეთს, რათამცა მას კეთილად გაერიგებინა საქმე კახეთისა და საქართველოსი.
მაშინ მოურავი დიდს ხანს ახლდა შააბაზს გუერდსა და მრავალი ემსახურებინა მოურავსა. და დაანდო გული და წყალობაც მრავალი ექნა, იცოდა, რომ მოურავმან ჩემს იქით არა იცის რაო. და უბრძანა მოურავს: „მნებავს წარსვლა შენი საქართველოში და თანა წარგატან ყარჩიხა-ხანს სპითა მრავლითა და ძესა ბაგრატისასა, პატარა სჳმონ-ხანს, წარვედ და მივედ პირველად და მოაოჴრე სრულიად კახეთი და იავარ-ყავთ და მოსარ პირითა მახჳლისათა ქართლი, აჰყარე და ჩამომისხი აქა“. აღუთქუა ნიჭი დიდი და საბოძვარი მრავალი.
ამას შინა გამოჴდა ხანი მრავალი და იყო მოურავი მუნვე. მას ჟამსა იყო ვინმე ისპაანს, ხოსრო-მირზა სახელით, და ესე ხოსრო-მირზა იყო ხარჭისაგან ნაშობი დავით მეფისა, ძმისა დიდის სჳმონ მეფისა.
ოდეს წარსულ იყო ესე დავით შააბაზ ყაენთანა, მაშინ წარიყვანა წავკისიდამე ქალი ერთი და ეპყრა ხარჭად. და ვითარცა მიდგომილ იქმნა დედაკაცი იგი დავითის მიერ, შვა ძე და უწოდა სახელად ხოსრო-მირზა. ხოლო ოდეს წარმოგზავნა ყაენმან დაუთხან საქართველოში, მუნ დაშთა ყრმა იგი მცირე ხოსრო-მირზა და დედა მისი. და იყო ობლად ესე ხოსრო-მირზა და არავინ იყო მწედ მისა, თჳნიერ დედისა მისისა. და შექმნილიყვნენ ორნივე დედა-შვილნი სჯულითა მაჰმადიანნი და იყოფებოდენ დიდად გლახაკად და უღონოდ ყოვლისავე საქმარისაგან.
მაშინ მოვიდა ესე ხოსრო-მირზა მოურავთანა და მცირედი რამე მოართუა მოურავსა. ხოლო მოურავმან რა იხილა ხოსრო-მირზა, წარმოუდგა ფერჴზედ, დაუცალა ადგილი თჳსი, მიიყვანა და დასუა იგი და პატივ-სცა დიდად. ხოლო იყო მოურავი მაშინ ყაენისაგან დიდად პატივცემული და მორჩილებდენ სულად ყიზილბაშნი და გუერდს ახლდენ მრავალნი იხილეს რა ყიზილბაშთა ესევითარი პატივისცემა ხოსრო-მირზასი, ჰკითხეს მოურავსა: „ვინ არს კაცი ესე, რომელსა ესრე დიდად პატივ-ეცო“. ხოლო მოურავმან აუწყა მათ, ვითარმედ: „ესე არსო ძე დაუთხანისა, პატრონისა ჩემისაო“. მაშინ სცნეს ყიზილბაშთა ესე და უპყრობდენ დიდსა პატივსა ხოსრო-მირზას. მაშინ დიდად კეთილსა უყოფდა ყაენი ხოსრო-მირზას და მისცა მოურაობა ისპაანისა და ჰყვანდათ ესე მეტოქად ქართლის ბატონისა.
<< წინ |