და აემზადა მოურავი, წარმოვიდა და გამოატანეს მეფე სჳმონ პატარა თანა. და მოვიდენ ქართლსა ლაშქრითა მრავლითა და იღუწიდა მოურავი საქმესა მას რომელ ჰქონდა უწყებული ყაენისაგან. და ოდეს გამოგზავნა მეფე სჳმონ ყაენმან, მაშინ მისცა ყაენმან ასული ყორჩიბაშისა ცოლად და წარმოატანა თანა. და იყო ქალი ყორჩიბაშისა, შვილისშვილი ყაენისა, სახელით ჯანბანუმ.
და ოდეს მოვიდეს საქართველოშია, და შემოეყარნენ ქართველნი, და რა ნახეს ქართველთა ჯარისა სიმრავლე, მაშინ იფიქრეს და თქუეს: „ესე საქმე მიზეზი რამე არის ამდენის ურიცხჳს ჯარისა გამოგზავნა“. ხოლო მოურავმან დაუფარა და შეიჯერა ფიცითა დიდითა, ვითარმედ: „ამა ჯარისა სიმრავლე საქართველოსათჳს არ არის საზიანო, ნურცარა ფიქრი გაქუსთ, თქუენი საქმე მე დამადევითო. მაშინ დააჯერეს გული ქართველთა, წარვიდენ და დადგნენ მუხრანს.
ხოლო გაგზავნეს კაცნი და იჴმნეს კახნი. და შემოეყარნენ კახნი ღართისკარზედა. ქმნა მოურავმან ბოროტი დიდი: გამოავლო ყარჩიხან თეჯირი კარავსა თჳსსა და დაჰპატიჟა, ვითარმედ: „მოვიდენ კახნი და ხალათებს მივსცემო“ და მიადგნენ კარსა კახნი, შეიყვანდენ კახთა და მოსჭრიდენ თავსა, ხოლო გარეთ-მდგომთა კახთა ეგონათ ხალათის ძლევა და მუნ დასხდომა მათი. მრავალთა მოსრვისა შემდგომად სცნეს კახთა საქმე ესე და გაიკრეს ჴრმალს ჴელი, და თათარნი კი დაერიდნენ. და გამოიქცენ კახნი და კნინღა და მცირედნი განერნენ.
ხოლო შემდგომად ამისსა იყვნენ ხანსა რასმე მუხრანსა და იყვნენ მზადებაშია, რამეთუ სწადდათ აყრა ქართლისა. ჰქონდა მოურავს ჩუეულება, წარვიდოდა და მოუტევდა ქორსა. დღესა ერთსა კუალად განვიდა ქორის მოსატევად ჴევსა ლოჭინისასა და ნახა, რომე ერთი შათირი მოვიდოდა, და იცნა ყაენის შათირობაზედ. უჴმო მოურავმან შათირსა მას მისვლად მის თანა, ხოლო შათირმან არ უსმინა, და, ვინათგან არამორჩილ ექმნა შათირი იგი, მიეწია ცხენითა და შეიპყრა იძულებით გაჩხრიკა და უნახა წიგნი. წაიკითხა და ესრეთ ეწერა ყარჩიხახანთანა ყაენისაგან, ვითარმედ: „რაჟამს მოსრათ კახნი, აჰყარეთ ქართლი და წამოასხით, ხოლო მოურავს უღალატე, მოსჭერ თავი და გამომიგზავნე“. და რა წარიკითხა მურავმან ესე, მაშინ შათირი იგი მოკლა. აღუჴდა სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა. შეწუხდა დიდად და ეძიებდა ღონესა რასმე. მას ჟამსა იყო ნუგზარ ერისთავი მოყუარე და მოყუასი მოურავისა. და ეპყრა ძესა მისსა ზურაბს ერისთობა, და ცოლი ზურაბ ერისთავსა ისპაანს დარჩომოდა და შვილი პაატა მოურავსა მუნ ისპაანს დარჩომოდა. მაშინ მოურავმან უთხრა რჩევით ზურაბს, რომე „მოდი ქართლს ნუ ამოვსწყუეტთო, თორემ სულიც დაგუეკარგვისო და არც ჩუენ დაგჳნდობენო; მრავლის ლიქნითა და სიტყჳს რჩევითა და მრავლის ცდილობით დასთმო ზურაბ ცოლი თჳსი და მოურავმან შვილი თჳსი პაატა დასთმო.
მაშინ, ოდეს შეიჯერა ზურაბ მოურავმან, ურჩია მოურავმან ყარჩიხა-ხანს, ვითარმედ: „გავგზავნოთ ანდუყაფარ ამილახორი და ზურაბ ერისთავი და დავიბაროთ სრულიად ქართველნი, დავიპყრათ და გაუგზავნოთ ყაენსა“. მაშინ დაჰყვა ყარჩიხა-ხან და გაგზავნეს ანდუყაფარ ამილახორი და ზურაბ ერისთავი და სხუანი ქართველნი და დაიბარეს ქართველნი და იქმნეს მუნ. ხოლო არავინ უწყოდა, თჳნიერ მოურავისა და ზურაბ ერისთავის მეტმან. და წარმოვიდა ზურაბ ერისთავი და ამილახორი ანდუყაფარ, დააყენა თჳსთა თანა მოურავმან პაატა ხერხეულის-ძე და ძე მისი ავთანდილ, ელია დიასამიძე და პაპუნა ვაშაყის შვილი, ხოლო ზურაბ და ანდუყაფარ მოვიდნენ და დადგნენ პირსა არაგჳსასა. მაშინ გაგზავნეს კაცნი და იჴმნეს სრულიად ქართველნი მუნ, და ვითარცა მოვიდნენ ქართველნი, მაშინ ზურაბ ერისთავმან იდუმალ მოიჴმო ქართველნი და უთხრა რა ესრეთ, ვითარმედ: „ჩუენ შააბაზ ყაენისაგან ასრე გუაქუს დაბარებულობა, რომე კახნი ხომ დავჴოცეთ და ქართველნი ვინცავინ ხართ, აგყაროთ და ყაენს გაუგზავნოთ. და აწ ჩუენ ამას ვარჩევთ, რომ ქუეყნის გაოჴრება სწადიანთ ყიზილბაშთა და მოდი შევიფიცნეთ, მივიდეთ და ამოვსწუჳტოთ ყიზილბაშნი და ნუ წავაჴდენთ საქართველოსა“. ხოლო ანდუყაფარს არ ენდობოდნენ, რამეთუ ცოლად ჰყვანდა დაჲ სჳმონ მეფის ცოლისა და ნათესავი ყაენისა, და თჳთცა მაჰმადიანის სჯულზედ მისულიყო და დიდად იჭირვოდა ყიზილბაშთათჳს და დიდად ერთგული იყო. და რა ესმა ქართველთა, განცჳფრდენ დიდად და შეწუხდენ და მისცეს ზურაბ ერისთავსა პირობა და შეჰფიცეს საშინელად, რომ „რასაც თქუენ გჳბრძანებთ, იმას ვიქთო“. და რა შეიფიცნენ, რადგან არ ენდობოდნენ ამილახორს დაიჭირეს და ცოლშვილით არშის ციხეში გაგზავნეს და მუნ დაატყუევეს.
და მაშინ შეიყარნენ ქრთველნი და ზურაბ ერისთავი, აცნობეს დიდს მოურავსა და მივიდნენ გათენების ხანსა. დაესხნენ ყიზილბაშთა. ხოლო მოურავი დიდად სახელოვნად იყო მას ღამესა: მივიდა მოურავი და მოკლა თჳთ შუბითა ყორჩიხა-ხან, და შვილმან მისმან ავთანდილ მოკლა ყორჩიბაშის შვილი. და დაუშინეს, ამოსწყჳტეს ქართველთა სრულიად ყიზილბაშნი. ესრეთ მისცა ძლევა ღმერთმან ქართველთა და გაემარჯუათ: ამოსწყჳტეს, გააქცივეს და იქმნა გამარჯუება დიდი. და რა გაიქცნენ ისინი, მაშინ გამარჯუებულნი ქართველნი წარვიდენ ფეიქარხანზედ, რომელი იჯდა კახეთს, რამეთუ ამას ფეიქარ-ხანს ჰყვანდა ცოლად ბატონიშვილი ლელა. და უნდოდათ დასხმოდენ თავსა ფეიქარ-ხანს და ის მოეკლათ, და ბატონიშვილი ლელა გამოერთმიათ და ზურაბ ერისთავისათჳს მიეცათ. და რა წარვიდენ, მაშინ იგრძნა ფეიქარ-ხან და წარვიდა გაქცეული გამოუდგნენ და სდივეს ბარდამდი და ვერღარა მოეწივნენ. მაშინ მოარბივეს ქართველთა ბარდა და განძა, და იავარ-ყვეს და იშოვეს მრავალი, და წარმოვიდნენ და წარმოიღეს.
და გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი გონიას და იჴმეს თეიმურაზ. მოიყვანეს და კახეთს გააბატონეს.
ხოლო მაშინ განმგედ ქართლისა დაადგინეს დავით მეფის ძის შვილისშვილი ქაიხოსრო, მუხრანის ბატონი, და არც განმგეობითა ემორჩილებოდენ მათ, არამედ თჳს-თჳსად უფლობდენ ქართლის თავადნი.
და იყო მაშინ თავი და უფროსი კაცი მოურავი და ყოველნივე ქართველნი მას მორჩილობდენ, რამეთუ თჳთ ზურაბ ერისთავი და ვინცავინ დიდი კაცნი იყვნენ ქართლისანი, დიდს მოურავს ქეშიკში უწვებოდნენ და ყმურად მონებდენ მას.
და ამის ჟამსა შინა დაემძახა ზურაბ ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და მისცა ასული თჳსი დარეჯან ზურაბ ერისთავსა ცოლად. რამეთუ ესე ზურაბ ერისთავი გაეზარდა მოურავსა პატარა ყმაწვილი და იყვნენ ერთმანერთისათჳს დიდად ერთგულნი და უწყოდენ, უკეთუ ესენი ერთმანეთს გაეყრებოდენ, მაშინ წაჴდებოდა საქმე ამათი და ამისთჳს მორჩილობდენ ერთმანერთსა.
და რა მიესმა საქმე ესე შააბაზს, დაჭერა ამილახორისა ანდუყაფარისა და ცოლისა მისისა და ციხეში შეგზავნა, განრისხდა ფრიად და წარმოავლინა ისახან ყორჩიბაში დიდითა მძლავრობითა წარმოვიდენ, მოვიდენ და დაიბანაკეს ალგეთზედა. მასინ შეიყარნენ ქართველნიცა და კახი ბატონი თეიმურაზ შეყრილი კახითა და მოვიდნენ და დადგენ კოჟორზედა და წარვიდენ ქართველნი.
და მას ჟამსა შინა ხვანთქარი გასწყრომოდა მანუჩარ ათაბაგსა და ვეღარ დაუდგა ურუმსა. მაშინ წარდმოვიდა ახალდაბას სამასის კაცითა. და რა სცნა საქმე ესე მანუჩარ ათაბაგმან, მაშინ წარმოვიდა სამასისა რჩეულისა კაცითა და შემოყარა. და განიხარეს ქართველთა და კახთა სიხარულითა დიდითა, წარვიდნენ და მივიდნენ, განთიადს დაესხნენ ყორჩიბაშსა. და შეეტყო მათცა და წინათ თოფხანა გამოეყენებინა და, რა მივიდნენ ქართველნი, დაუშინეს თოფი და ასეთი კუამლი დადგა, რომ იმათი ჯარი ვეღარ დაინახეს. რა გარდიყარა კუამლი, შეუტივეს ქართველთა და იქმნა ბრძოლა ძლიერი. და მოისრა ყიზილბაშნი თოთხმეტი ათასი, ქართველნი და კახნი ცხრა ათასი და მოუკუდა ზურაბ ერისთავს ცხრაასი. თავთაგან მოკუდა მაშინ აღათანგი ხერხეულიძე და მისი სახლისკაცნი შჳდნი და ბაადურ ციციშვილი, და კახი დავით ჩოლაყაშვილი შჳდი მოკუდა და ცხრა მაჩაბელი და სხუა აზნაურშვილი და მსახური და გლეხი მრავალი ამოსწყდა. და გაემარჯუა ქართველთა და გაიქცნენ ყიზილბაშნი, და სდიეს ვიდრე გატეხილ-ჴიდამდე, დაჴოცეს ურიცხჳ. ხოლო მაშინ ზურაბ ერისთავი შუბლზედ დაკოდილი იყო, თოფსა გარდაეკრა, და უსუსტდებოდა გული მეფემან და მოურავმან და სხუათა თავადთა ნახეს იგი და მოუცადეს.
მაშინ შაბადა-ხან თავისის ჯარითა წინწყაროს მდგარიყო და წარმოსრულიყო და მოვიდა ნაომარზედა, დახედა და ნახა, რომე ესე მცირედი კაცი ერთს ადგილს. შეყრილიყვნენ და იდგნენ ქართველთაგანი, და იცნა შაბადა-ხან. მაშინ შემოუტია და შეექნათ ბრძოლა ძლიერი, უმეტესი პირველისა, და ბრძოდენ ქართველნი ფიცხად. და მას დღესა ბატონმან თეიმურაზ დაამტურია ყოველი საბრძოლო იარაღი და აღარა შერჩომოდა რა და ბეჭდებიცა დაემტურია კაცზედა, და იმდღინდელი მოურავის ნაქმარი ომი და საქმეები პირველთა გმირთაგანცა არა თქმულ არს, რაც იმ დღეს მოურავმან სახელი და ომი ქმნა. და ძლიერად შეიბნენ მან აღათანგი ხერხეულიძე და კახი ასლანისშვილი დავით და ორნივე დაიჴოცნენ მუნ. და შემდგომად ამისა ძლიერად შეიბა მუხრანის ბატონი თეიმურაზ, ძმა ქაიხოსროსი, და მოკლეს იგიცა მუნ და რა მოკლეს თეიმურაზ მუხრანის ბატონი, დაიძახეს თეიმურაზ მოკლესო. და მაშინ რა ესმა ესე ქართველთა, ეგონათ თუ ბატონი თეიმურაზო მოკლესო, და მაშინღა დამაშვრალნი ქართველნი ივლტოდენ და გაიქცენ.
ხოლო ათაბაგი და ყმანი მისნი დიდად მჴნედ და ძლიერად ომობდენ. და ნახა ათაბაგმან ამირგუნა-ხან ერევნის ხანი, გამზრდელი თჳსი, შეუტია და დაჰკრა თავსა თაჯიანსა ჴრმალი, თაჯი გაუპო. თავსა დიდი შეჰკუეთა და ჩამოაგდო. შემოსძახა ამირგუნ[ა]-ხან: „ნამაქაფარმო, რასთჳს მომკლაო, ხომ მე გამიზრდიხარო“. მაშინ, რა ესმა ათაბაგსა, გაუშვა, წარვიდა და ივლტოდა. და რა ეს ნახეს ყიზილბაშთა, მაშინღა გამობრუნდენ და თჳთ ყორჩიბაშიცა გამობრუნდა და მოვიდა პირველსავე მას ნაომარსა.
ხოლო ბატონი თეიმურაზ და ქართველნი შეიქცეს თჳს-თჳსად, და რა მივიდა მოურავი ნოსტევს. მაშინ შემოიყარა, რაღაც გარდარჩომოდა, ჯარი თჳსი. და მას ჟამსა გამოსულიყვნენ ქალაქის ციხიდამე მარბეველნი თარეშნი თათარნი და ლისი მოერბიათ. მაშინ წარვიდა მოურავი, რამეთუ ლისი იმისი იყო, ბატონის წყალობა, მივიდა მოურავიცა სამოცის კაცითა და შეება გულ-მესისხლედ, და ამოსწყჳტა. ღმერთმან გამარჯუება მისცა და მოსრა კაცი შჳდასი, გააქცია და ამოსწყჳტა და ცოლშვილს კაცი უჩინა და სამცხეს გაგზავნა. თჳთ განვიდა, წიწამურის გზები ჩახერგა და ღართისკარიცა შეუკრა თჳთ და მუნ მომავალნი ყიზილბაშნი დაჴოცა და ამოსწყჳტნა და ამის ცდაში იყვნენ ყიზილბაშნი, რათა, ანდუყაფარ ამილახორის ცოლი რომ არშას ციხეში იყო, ის ქალი ყაენის შვილისშვილი იყო, სჳმონ მეფის ცოლის დაჲ იყო, და იმისი გამოყვანა უნდოდათ და დაუწყეს ზურაბს ლაპარაკი, რომ ის ქალი მოგუეცო; რამეთუ მაშინ ის ქალი არშას ციხეში ჰყვანდათ, რომელ არს ციხე ჴევისა, და დაუწყო ყორჩიბაშმან ზურაბ ერისთავს ლაპარაკი: „გზა მომეცო, ჯარს გავგზავნი და იმ ქალს გამოვიყვან და წავალ ჩემთჳნაო“. მაშინ საფიცარი მისცა ზურაბ ერისთავმან, რომ გზას დაგანებებ და არას დაგიმარცხებო, შევლით ჩემს მამულზედ შეიარეთო და ჩამოვლით ქსანზედ წამოდითო, რომ ჩემს მამულს დიაღ ძალი დაემართებაო.
მაშინ ყორჩიბაშმან უთავა ჯარს ხოსრო-მირზა, რომელი პირველ ვაჴსენეთ წარვიდენ, შევლეს. და გამოიყვანეს და გარდმოვლეს ლომისა და ენება ქსანზედ ჩამოვლა.
მაშინ პირობა მისცეს ზურაბ ერისთავმან, იესე ერისთავმან და მოურავმან გიორგ და ერისთავის ძმამან, და შეკრეს ქსანზე გზები, დაუხუდენ და მოსწყჳტეს ასე, რომე იმისთანა გამარჯუება არა თქმულ არს. მოსრეს ესრეთ, რომე ქსანი შეიღება სისხლითა და სისხლის ფერად დიოდა. და მაშინ კარგად იყო ხოსრო-მირზა: ხოლო ქალი ვერ წაართუეს, სხუანი ჯარნი და სპანი ამოსწყჳტნეს და სძლად წაართუეს სალარო და ბარგი. მოვიდა ხოსრო-მირზა და მოიყვანა ქალი ყორჩიბაშთანა.
მაშინ მოურავი წავიდა სამცხეს, ცოლსა და შვილს მიეპატრონა.
წარმოვიდა ყიზილბაშის ჯარი და მოიცვეს საბარათაშვილო და სომხითი, მოითარეშეს და იყვნენ.
ხანსა რაოდენსაეე უკანა გაგზავნა ყორჩიბაშმან ჯარი მოურავის თავს დასასხმელად. მაშინ მოურავი მთაზედ იყო სანადიროდ და გარდმოხედა და ნახა ყიზილბაშის ჯარი, რამეთუ ასპინძა ავსილიყო ჯარითა. მაშინ შემოუტივა მოურავმან და მისცა ძლევა ღმერთმან და ამოსწყჳტა თათრის ჯარი, მრავალი იმათიც დააყრევინა, თვარემ ამათი ვერა წაიღეს რა და წავიდნენ გაქცეულნი.
მაშინ ხერთვისის ციხე და სხუანი რაოდენნიმე სამცხის ციხენი ყიზილბაშთა ეჭირა, მივიდა მოურავი და აღიღო ციხე ხერთვისისა და სხუანი ციხეები და შინამყოფნი ყოველნივე ამოსწყჳტა, და მაშინ გაგზავნა ქავთარის შვილი გიორგი ხვანთქართანა და შეუთუალა, ვითარმედ: ესე ციხეები ყიზილბაშს ეჭირაო და აწ მე წამირთმევიაო, გამოგზავნეთ ჯარი თქვენი და დააყენეთ ციხეებსა ამას შინაო. ხოლო ხონთქარმან დიდად დაუმადლა და მრავალი წყალობა გამოუგზავნა და გამოგზავნა ენგიჩრები და დააყენა ციხეებსა მას შინა.
ხოლო ყორჩიბაშმან გაამაგრა ციხე ტფილისისა და და[ა]გდო მენ სჳმონ მეფე, ქრისტეს აქათ ჩ~ქკჱ, და თჳთ ყორჩიბაში გაბრუნდა, წარვიდა და წარიყვანა ქალი თანა. და ვითარცა წარვიდა ყორჩიბაში, სჳმონ მეფე ვერ გამოვიდოდა ციხიდამე და ვერცა პატრონობდა ქართლსა.
მაშინ კუალად მოვიდა მოურავი და ზურაბ ერისთავმან კუალად დაიპყრეს ქართლი და დასუეს კუალად მუხრანის ბატონი ქაიხოსრო უფროსად, და იგინივე პატრონობდენ და და უფროსობდენ ქართლსა.
და ამა ჟამში მოკუდა შააბაზ. მაშინ ხოსრო-მირზა, ქართლში რომ კარგად ყოფილიყო და ბევრს გარჯილიყო, მისად მაგიერად მიეცათ ყულარაღასობა და იყო ყულარაღასი, ხოლო, და შააბაზ მოკუდა მაშინ აირივნენ ყიზილბაშნი და კარის ბეგლარებს სწადოდათ ერანის აშლა. ხოლო ამა ხოსრო ყულარაღასმან გაამაგრა კარი და გამოიყვანა შვილი შააბაზისა შაჰ-სეფი დადასუა ყაენად, და მოუდგა თჳთ და გაუმაგრა კარი და დარჩა დიდად ერთგულად ყაენზედა. და იყო ყაენი მწყალობელი მისი.
ხოლო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა უდებდა მოურავსა თავსა და სიძეცა იყო ბატონის თეიმურაზისა, ამისთჳნცა დიდობდა. იწყინა მოურავმან მისი თავს-დაუდებლობა და ამანაც აღარა აჴსენა. და ამაში შეექნათ შური დიდი და მტერობა: ზურაბ ბატონს თეიმურაზს მიუდგა, და მოურავი ქაიხოსროს, გამგებელსა ქართლისასა, და ქართლი სულად შემოუყარა ქაიხოსროს მოურავმან. და არა მორჩილ ექმნეს ესე ორნი ერისთავნი ზურაბ და ამილახორი იოთამ, და იყო განდგომილება ურთიერთას შორის. ხოლო წარგზავნა მოურავმან კაცი და ითხოვა შეწევნა იმერეთის მპყრობელის გიორგისაგან. შემწე ექმნა და წარმოსცა გიორგი სპანი თჳსნი.
მაშინ საათაბაგოს საფარ-ფაშა იჯდა, რამეთუ მანუჩარ ათაბაგი ოდეს ქართლად იყო, მაშინ წარვიდა ხონოქართანა. და შეეწყალებინა ხონთქარსა და მიეცა საათაბაგო თავისის სულითა, და ოდეს გაბრუნებულიყო, მაშინ წინ დახდომოდა საფარ-ფაშა მანუჩარ ათაბაგსა, და იყო ნათესავიცა მანუჩარისა. ხოლო მალვით მოეწამლა და მოეკლა ათაბაგი და თჳთ წარსულიყო საფარ-ფაშა და გათათრებულიყო. და მოეცა საათაბაგო საფარ-ფაშისათჳს. წარმოვიდა და მოვიდა საათაბაგოში. რომელნიმე მაშინ თავადნი გათათრებულიყვნენ ათაბაგისანი, და, რა ესე საფარ-ფაშა მოვიდა, სრულიად გაათათრა, რანიცა თავადნი იყვნენ ქრისტიანენი. მიერითგან იყვეს თათრობა და ამას. საფარ-ფაშას სთხოვა მოურავმან ჯარი და ათხოვა.
მაშინ ბატონი თეიმურაზ და ზურაბ ერისთავი ერთად იყვნენ დუშეთს სახლსა ზურაბ ერისთავისასა. და შემოიყარა მოურავმან ჯარი, მივიდა დუშეთს ბატონს თეიმურაზზედ, რამეთუ იყვნენ კახნი სრულიად მუნ და ზურაბ ერისთვის ლაშქარი და საამილახორო. და შეიბნენ ბაზალეთს ფიცხელად ასრე, რომე არა დარჩა კაცი, რომ არ დაიჭრა, და მრავალნი თავადნი დაიჴოცნენ და თჳთ ბატონი თეიმურაზიცა დაიჭრა მას დღესა. და დაუმარცხდა მას დღესა მოურავსა და თჳთ მოურავიც დაიჭრა, წარმოვიდა ცოლი ქაიხოსროს გამგებელისა, ძმისა მისისა თეიმურაზისა, და ძე მათნი იმერეთს გავიდენ. ცოლი მოურავისა და ძენი მისნი სამცხეს გარდავიდნენ და თჳთ მოურავი და ქაიხოსრი, გამგებელი ხონთქართან წარვიდენ.
და უყო მოურავს ხონთქარმან წყალობა და მისცა სანჯახები. და დააყენა მოურავმან ცოლი და შვილი მისი იორამ მუნ სანჯახშია. ხოლო მოურავმან გმო სჯული თჳსი და იქმნა მაჰმადიან და სთხოვა ჯარი ხონთქარსა და დააპირა, რომ წავალ და დავიჭერ ქართლსაო და სულ გავათათრებო და დაგამონებ ყმათაო, ხონთქარი მაშინ ყაენის გარიგებული იყო და უთხრა ხონთქარმან: „ერთი ქუეყანა მაქუსო დამდგარიო და იმაზედ გაგაყენებო და, თუ იმაზედ გაგემარჯუება და დაიჭერო, მას უკან მაგასაც გაგირიგებო“. გაგზავნა და გაატანა აზამ ვეზირი თანა დიდის ჯარითა. რა მივიდნენ, მუნცა დიაღ კარგად იყო მოურავი: შეება და გაიმარჯუა.
აზამ ვეზირს ხონთქრის დაჲ ჰყვანდა ცოლად, და, რა ესე ამბავი მოუვიდა ხონთქარსა, იამა დიდად და დიდი სახელი და ჴმა დაუვარდა მოურავს. მაშინ იწყინა ხონთქრის დამან, რომელი ედგა ვეზირსა, და მისწირა წიგნი: „როგორი საქმე არის და ან როგორ გეკადრებაო, სულ მოურავის სახელი მოდის და შენი არაო“. მაშინ უღალატა ვეზირმან: დაჰპატიჟა და ღალატით მოკლა მოურავიცა და შვილებიცა და გამგებელი ქაიხოსრო და, რაცა ჰყვანდა, ყოველივე ამოუწყჳტა. ერთი შვილი ახლდა თანა ავთანდილ, მოუკლეს იგიცა მაშინ თან ახლდა გორგასალ და შვილი მისი ბეჟან, და წააყენეს ბეჟან სასიკუდილოდ. მაშინ შეეხუეწა და ქრთამი მისცა იასაულს, რომ მაგ ჩემს შვილს კი ნუ მოკლავ და მე მომკალო, ჩემი თავი ანგარიშში გაგეთულებაო და მაგას ნუ მომიკლავო. მაშინ ისმინა მტარვალმან და არღარა მოუკლა შვილი, თჳთ გორგასალ მოკლა: თავი მოსჭრა, მიიტანა და ანგარიშში გააროინა. ბეჟან მორჩა და წარმოვიდა.
ხოლო ცოლი მოურავისა და შვილი მისი იორამ დარჩა აზრუმს ქუეყანსა, ხოლო ძენი მუხრანის ბატონის თეიმურაზისანი და ქაიხოსროსანი წარმოვიდნენ იმერეთიდამე და მოვიდნენ. მუხრანს რა სცნა ბატონმან თეიმურაზ ამათი მოსვლა მუხრანს დაუწყო მტერობა და არა დაანებეს მშურანი, და იყვნენ ერთს გლახაკის კაცისა ღარიბად და გლახაკობითა.
ამა ჟამსა შინა უფრო განდიდნა ზურაბ ერისთავი და არღარა დაუდვა ბატონს თეიმურაზს თავი და ამას შინა დაუწყო საქმობა სჳმონ მეფეს პატარასა და იყო სჳმონ მეფე ციხესა შინა ტფილისისასა. და მისცა ზურაბ ერისთავმან საფიცარი დიდი და გამოიყვანა ციხიდამე და მოუდგა ზურაბ ერისთავი და გააბატონა და მოუყენა ქართლი. და წამოიყვანა ზემო ქართლს და მუნ იყოფებოდა. მაშინ სჳმონ მეფე მამასა ეძახდა ზურაბს და იყო მისი მორჩილი და არას იქმოდა მის გარდაუალსა.
და რა ნახა ბატონმან თეიმურაზ საქმე და განდგომილება ერისთვის ზურაბისა, მოკლებულ იქმნა ძალისაგან და არა სადა ჰქონდა მისალტოლველი. მაშინ წინა. აღრჩევით განიგულა წარსვლა ყაენთანა, განემზადა და წარვიდა, და შთავიდა უფადარს, მუნითგან აღწერა ქარტასა ზედა წარმომთქმელმან ესრეთ: „არა ჯერ არს განწირვა სიძისა მიერ სიმამრისა, ვინათგან შვილი ხართ და სიძე ჩემი. და აწ მე წარვსრულვარ ყაენთან, ამიერითგან ვიხილო ერთობა თქუენი და მეფის სჳმონისა“.
და ვითარცა ესმა ზურაბ ერისთავსა სიტყუა ესე და წარსვლა ბატონის თეიმურაზისა ყაენთანა, განიზრახა თჳსაგან, რამეთუ ესრეთ იყო წადილი ზურაბ ერისთვისა, რათამცა ბატონი თეიმურაზ კახეთსა ზედან უფლებდეს, და სჳმონ მეფე ქართლსა ზედა; და თჳთონ ორთავე ზედა კადრებდეს და ვერარას მოქმედებდენ თჳნიერ მისსა, და მოსწრაფე იყო წარმართებასა საქმისა თჳსისასა, და, უკეთუ რომელიმე არა იყოს ნებისმყოფელი მისდა, იგი მეორე მეტოქად ეპყრას, და, რომელიცა არს მორჩილ მისდა, იგიცა იყოს უფალ მისა და არს საქმე ესე წინააღმდგომი ბრძანებისა ღმრთისა, ვითაცა იტყჳს: „ვერ ჴელ ეწიფების ორთა უფალთა მონებად“.
და ვითარცა სარწმუნო იქმნა წარსვლასა ბატონის თეიმურაზისასა, მაშინ იზრახა ზრახვა ბოროტი, წარსაწყმედელი თავისა თჳსისა, შურითა ეშმაკისათა, და აღდგა მკვლელდ მეფისა სჳმონისა: და მძინარე სარეცელსა ზედა ღალატად მოკლა იგი, წარკუეთა თავი და წარსცა ბატონს თეიმურაზს, და აქა დასრულდა თესლი დიდის მეფის ლუარსაბისა. ხოლო ზურაბ ერისთავმან, რა წარგზავნა თავი მისი, და მიიყვანა ბატონი თეიმურაზ და უფალ-ყო ქართლსა და კახეთსა ზედა.
და ვითარცა გამოჰჴდა, მცირედი ხანი რამე, მაშინ მოიჴსენა ძჳრი იგი წახეთისა სულთნისა ბატონმან თეიმურაზ, რამეთუ მას ჟამსა ოდეს შააბაზ ყაენი მოიწია იავარყოფად კახეთისა და მოაოჴრა სრულიად კახეთი, მაშინ თანა-მწე ეყო სულთანი იგი წახეთისა და ქმნა მრავალი ბოროტი მან კახეთსა ზედა. ამისთჳს იდუმალ მოუწოდა სპათა ქართლისა და კახეთისათა ბატონმან თეიმურაზ, განილაშქრა და წარემართა წახეთსა ზედა, და, ვითარცა მიიწია ალონსა შინა, უბრკმა ცხენსა მას, რომელსა მჯდომარე იყო ბატონი თეიმურაზ, და იქმნა მომტეხელ ჴელისა და თჳთ ვერღარა ეძლო და უთავა ზურაბ ერისთავი და გაატანნა სპანი თანა. და წარვიდეს და მიიწივნეს უგრძნობელად და დაესხნეს თავსა სულთანსა წახეთისასა, და მოსრეს პირითა მახჳლისათა ყოველნი მუნ მყოფნი, მოაოჴრეს და იავარ-ყვეს ყოველივე სანახები და თემნი სულტანისანი და თჳთ იგიცა სულტანი შეიპყრეს და მოკლეს და წარმოიღეს. მრავალი ნატყუენავი და იავარი მათი, შემოიქცეს გამარჯუებულნი და მოვიდეს ბატონს თეიმურაზსა თანა. და იამა ბატონს თეიმურაზს და დიდად მხიარულ იქმნა.
და ამას შინა გამოჰჴდა ჟამი რამე და მოიქცნა პირველი ძჳრი ზურაბ ერისთვისა და ჰქონდა შურია მისთჳს ფრიად და იმარჯუებია ჟამსა, რათამცა ბოროტი რამე შაჩუენა და განიგულა სიკუდილი მისი, და არა რიდა სიყუარულსა სიძისასა და არც ქურიობასა ასულისა თჳსისასა დარეჯანისსა. მაშინ ბატონი თეიმურაზ [იყო] მუხრანსა და მუნ ლამობდა ღალატსა ზურაბ ერისთვისასა; მაშინ მოუწოდა ბატონმან თეიმურაზ სარწმუნოთა მონათა თჳსთა და განუცხადა საიდუმლო გულისა თჳსისა, წარმომთქმელმან ესრეთ: „ვინათგან ესრეთ განდიდნა ერისთავი ზურაბ და არავისი ნებავს უფლება ქართლსა და კახეთსა ზედა და, რომელი უნებს, დააყენებს და, რომლისაცა არა უნებს, რომელსამე მკვლელ ექმნების და რომელსამე განაძებს, და აწ მნებავს სიკუდილი მისი და თქუენ დაიდუმეთ საიდუმლო ესე და, რომელსა მე ჟამსა გამცნო სიკუდილი მისი თქუენ ნუ ურჩ მექმნებითო“.
და ესრეთ განამტკიცნა მონანი თჳსნი და წარავლინა კაცი და უჴმო ზურაბ ერისთავსა. და მოვიდა იგი, იშუებდენ და ლხინობდენ, და ვერა აგრძნა ერისთავმან. და დღესა ერთსა მსხდომარე იყვნენ მონანი მისნი, მაშინ წამ-უყვნა ბატონმან თეიმურაზ. ხოლო მათ აღიღეს მახჳლები უგრძნობელად ერისთვისა და ინაჴით მჯდომარესა უღალატეს და მოკლეს. და აღსრულდა ბრძანება უფლისა მის ზედა, ვითარმედ: „რომელმან აღიღოს მახჳლი, მახჳლითაცა წარწყმდეს“ და იძია შური ბატონმან თეიმურაზ, წარვიდა დუშეთს და წარმოიყვანა ასული თჳსი დარეჯან, მოვიდა და დადგა მუხრანს.
მაშინ განიზრახა მზახობა იმერეთის მპყრობელსა გიორგის ძის ალექსანდრესათჳს, რამეთუ გიორგის, იმერეთის მპყრობელს. ესსნეს სამნი ძენი: ალექსანდრე, მამუკა, და უმრწამესი იყო ბერი. და მისცა ასული თჳსი დარეჯან, ცოლყოფილი ზურაბ ერისთვისა, ალექსანდრეს, იმერეთის მპყრობელის ძესა. იჴმო იმერეთიდამე და მოიყვანა მუხრანს, სოფელსა ქინძარასა, და უკურთხა გჳრგჳნი მცირესა ეკლესიასა ქინძარისასა და გარდაიხადა ქორწილი. რამეთუ ამა ალექსანდრესა პირველად ედგა გურიელის ასული ცოლად, მაშინ დაეწამა ცილი რამე ქალსა მას გურიელისა და მისთჳს იგი განუტევა ალექსანდრე და ესე დარეჯან ისუა ცოლად მისცა და წარიყვანა იმერეთს.
ხოლო ჟამსა ამას მპყრობელი იმერეთისა გიორგი და დადიანი შურად ედგნენ ერთმანერთსა და იყო ჴდომა და შური ურთიერთას, აოჴრებდენ ქუეყანასა ურთიერთას.
მაშინ ბატონმან თეიმურაზას შემოიყარნა სპანი თჳსნი, წარვიდა და მიუჴდა ულიკოსორს ლეკსა, რამეთუ იგინი უჴდებოდენ კახეთს ავაზაკობდენ და სრვიდენ კაცთა და ტყუე-ჰყოფდენ და ჰყიდდენ, და ამისთჳს შური იძია ბატონმან თეიმურაზ, მიუჴდა და გაემარჯუა და მოსრა პირითა მახჳლისათა ყოველივე მუნ მკჳდრნი. და წარმოვიდნენ მუნითგან ეძლეველნი მტერთანი, შემოიქცეს კახეთს:
და ვინათგან არღარავინ ჰყვათ ქართველთა მკჳდრი არცა მეფე არცა ძენი მეფისანი, მცირედ ოდენ მორჩილ იყვნენ კახის ბატონის თეიმურაზისა და ჭმუნვიდენ უმკჳდროებისათჳს მეფისა საქართველოსათა. ამისთჳს არა მსასოებელნი მკჳდრობისა, არამედ ჟამადმდე მგებელნი საქმისა, ერჩდეს ლაშქარ-ნადირობასა შინა და არარას მზრუნველნი მკჳდრობისა მისისათჳს, თჳნიერ მისა მეტყუელნი: „დღეს არს და ხვალე არაო“. და მას ჟამად დაეპყრა ქართლიცა კახს ბატონს თეიმურაზს და ამისთჳს ლაშქრობდა, ვინათგან ჰყვა სპათა სიმრავლე მით მძლავრობდა ყოველთა წინააღმდგომთა ოჳსთა და იძია შური პირველი მტერთაგან მისთა.
მაშინ კუალად მრუწოდა ქართველთა და კახთა, შემოეყარნეს ყოველნივე და წარვიდა წარტყუენვად და მოოჴრებად ყარაბაღისა და, უგრძნობელად თავსა დამსხმელთა, იავარ-ყვეს და მოაოჴრეს სრულიად ყარაბაღი, წარმოსტყუენვეს და წარმოიღეს მრავალი ნატყუენავი და შემოიქცეს ძლევა-მემოსილნი, მოვიდეს კახეთს.
ხოლო ჟამსა ამას იყო გუარეულად უნდილნძე სახელი[თ] დაუთხან, და ესე უფლებდა განჯას, თჳთ აღზრდილი ყიზილბაშსა შინა. და იყვნენ ძმანი და სახლეულნი მისნი მრავალგუარად ნამსახურნი და ცნობილნი შააბაზ ყაენისა მიერ და იყვნენ თანამდგომნი და ერთგულნი ყაენისა. და უყოფდა მრავალსა კეთილსა შააბაზ ყაენი მათ, არამედ კუალად სძლია ჩუეულებამან მიუნდობელობისა მათისამან და სიბოროტისამან, ვითარცა თქმულ არს: „ჩუეულება სჯულსა უმტკიცე არსო“, და არ[ს]ცა ჭეშმარიტად ჩუეულება მათი სჯულსა მათსა უმტკიცე. ამან შა-სეფიმ შეიპყრა ძმა დაუთხანისა და წარკუეთა თავი და შვილსა მისსა დასთხარა თუალები და ექუსი ძმისწული მოუკლა.
და რა ესმა დაუთხანს საქმე, წარმოვიდა განჯიდამე და მოვიდა ბატონს თეიმურაზთანა კახეთს და თან ჰყვა ჯარი ყაჯრისა ცოლიან-შვილიანად და დაასახლა იორზედა. და რა ესმა ესე შა-სეფი ყაენსა, ძესა შააბაზისასა, საქმე ესე, ეწყინა დიდად.
<< წინ |