ქართლის ცხოვრება

ბერი ეგნატაშვილი

ახალი ქართლის ცხოვრება, პირველი ტექსტი

როსტომ მეფე

მაშინ იყო ვინმე სააკაძე როსტომ, რომელი აღზრდილიყო ყაენის კარზედა. და იყო ესე სააკაძე როსტომ კაცი გამოჩენილი და დიდად პატივცემული ყიზილბაშთაგან. და მისცა მას სპასალარობა და გამოაყენა ქართლსა ზედა და წარმოატანა თანა ბატონად ქართლისა ხოსრო-მირზა, ძე დაუთხანისა, რომელი პირველ ვაჴსენეთ, რამეთუ ამა ხოსრო-მირზას მისცა ყაენმან ქართლი და უწოდა როსტომ-ხან და წარმოგზავნეს ორნივე ზოგად როსტომ-სან და როსტომ სპასალარი სააკაძე.

ხოლო კახეთი მისცა სალიმ-ხანს და იგიცა თანა წარმოატანა. წარმოემართნეს და მოვიდეს ხუნანს და დაიბანაკეს მუნ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ჴიდი.

მაშინ ბატონმან თეიმურაზ, სცნა რა საქმე ესე, შემოიყარა სპანი თჳსნი, მოვიდა და დადგა საფურცლეს და მოუწოდა ბარათიანთა ცოლშვილიანად და მოასხა მუხრანს და იყვნენ მუნ. და რა სცნეს ბარათიანთა მოსვლა როსტომ მეფისა ხუნანს, დაუტევეს ცოლშვილი და წარვიდენ როსტომ მეფეს თანა. და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ წასვლა ბარათიანთი, განრისხნა ფრიად და ინება ცხვირ-პირის დაჭრა ბარათიანთ ცოლშვილისა, ხოლო ხორეშან დედოფალმან აღარ დაანება. და ვეღარა დადგა ბატონი თეიმურაზ მუხრანსა და არცაღა ძალ-ედვა წინააღდგომა როსტომ მეფისა. მაშინ წარვიდა ცოლშვილით იმერეთს და თან წარყვნენ რომელნიმე კახნი.

და, რა ესენი წარვიდენ, მაშინ ეპყრა მუხრანი ვახტანგს, ძესა თეიმურაზისასა, წარვიდა ესე ვახტანგ და მივიდა როსტომ მეფეს თანა. და რა სცნეს ყიზილბაშთა წასვლა ბატონის თეიმურაზისა, გამოუყენეს უკანა თარეში. ბატონმან თეიმურაზ და რომელთამე კახთა გარდაასწრეს იმერეთს, ხოლო რომელთამე მოეწივნეს პერანგაზედა, რომელიმე მოსრეზ, რომელიმე შეიპყრეს და ტყუე-ყვეს ხიზანი, წარმოვიდნენ და მოვიდნენ როსტომ სპასალართანა.

ხოლო იყვნენ მრავალნი და ურიცხუნი ყიზილბაშნი, მოიყვანეს და გააბატონეს. როსტომ მეფე ქართლში და შემოეხვივნენ ქართველნი, ხოლო სალიმ-ხან ჩაიყვანეს. და დასუეს კახეთშია.

მაშინ აღაშენეს ციხე გორისა და შეაყენნეს მცველნი, და კუალად შეაყენნეს მცველნი სურამის ციხეშიაცა.

მაშინ როსტომ მეფეს მოსცეს მაშუელებლად ლორის ხანი, ყაზახის ხანი და შამშადილოს ხანი, ხოლო სალიმ-ხანს უჩინნეს მაშუელებლად განჯის ჯარი და ყაჯარისა.

და იყო მეფე როსტომ დიდად მორჭმული და საქონლით სავსე ამისთვის, რომ ყაენი აძლევდა მრავალსა და. იყო ყულარაღასი და ტარუღა ისპაანისა. და იყო დიდად მწყალობელი ყაენი როსტომ მეფისა და უგზავნიდა მრავალსა.

ხოლო როსტომ მეფე აძლევდა ქართველთა ლეინის ხალათებსა და მცირესა მისაცემსა, რამეთუ მაშინ ქართველთა არ იცოდნენ კაბა და არცა ჰყუარობდნენ მორთუასა. და ამა მცირედითა მისაცემითა დაიერთგულნა და შემოიყარნა ქართველნი, რამეთუ მაშინ იყვნენ ქართველნი გულწრფელნი და გამოუცდელნი ყიზილბაშის ჴერჴისა და ტყუილისაგან, და ესე როსტომ მეფე იყო კაცი ჴერჴიანი და ილათიანი და მცდელი საქმისა. და მას ჟამსა ვინცავინ ქართველნი იყვნენ ყიზილბაშში დატყუვებულ[ნ]ი და გათათრებულნი, ყოველნივე წარმოიყვანა ქართლში და სწადოდათ გათათრება ქართლისა. და იყო წესსა ზედა ყიზილბაშისასა და გაარიგა რიგი სახლისა თჳსისა ყიზილბაშურად და განაწესა მოჴელენი და გამრიგენი თათარნი, და არცა მოშალა ქართველი მოჴელე, და იქცეოდა დიდებულად.

და მაშინ მეფეთა ქართლისათა სასახლე იყო ციხესა შიგან, სადა დგას საყდარი წმიდისა ნიკოლოზისა, და ამან როსტომ დაუტევა და მუნ დასუა მიმბაში ყიზილბაშისა, თჳთ გამოვიდა და დასახლდა პირსა მტკურისასა ანჩის საყდარსა და სიონს შუა. მუნ ციხეშიაც აღაშენა მეჩიტი აბანოს პირდაპირ და ჴევს გამოღმა და თჳსსა სასახლეშიაც აღაშენა მეჩიტი, და კუალად აღაშენა ბაღი სიშიტურტუქს ქუემორე და მუნცა აღაშენა მეჩიტი.

და ამა ჟამსა შინა იჯდა ერისთავად დათუნა ერისთავი არაგჳსა და არა უდებდა თავსა როსტომ მეფესა, და ესაქმებოდა ბატონს თეიმურაზს და როსტომ მეფესაც ემსახურებოდა. შეუტყო ჴერჴი ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და მივიდა მუხრანს, შეუთუალა დათუნა ერისთავსა: „პირობა მომეც, რომ ყაენთან წახვიდე, მოგიმართავ ჴელსა და გაგგზავნი, თუ არა და, შემოგიჴდები და შენს ქუეყანას ავაოჴრებო“. და არა ძალ-ედვა წინააღდგომა მეფის როსტომისა და წარმოვიდა მეფეს თანა და მოვიდა. უღალატა მეფემან როსტომ და მოსჭრა თავი და გაუგზავნა ყაენსა, შეუთუალა, რომ ეს მჩხუბევდა ბატონს თეიმურაზთანა, და თჳთ საერისთოს შეუჴდა.

მაშინ იყო ძმა დათუნა ერისთვისა ზაალ შემოიყარა ამან ზაალ ჯარი თჳსი და დაუხუდა წინა, გაემარჯუა და გამოაბრუნა, მაშინ გაუგზავნა ზაალ კაცი ბატონს თეიმურაზს და შეუთუალა ფიცი საშინელი და გაუგზავნა მძევალი და საფიცარი: „მოდი და გაგაბატონებო“. რა მიუვიდა ბატონს თეიმურაზს კაცი, მაშინ ვერ ძალ-ედვა ქართლზედ მოსვლ და წარვიდა იმერეთიდან დვალეთზედ, გარდმოიარა და მოვიდა ანანურს და მუნ დადგა.

მაშინ შემოუჩინეს კაცები და ემტერებოდენ როსტომს მეფესა, მაგრამე ვერსად მოაჴელეს: ფრთხილობდა და იყო ქალაქის ციხეშია. მაშინღა ერთგულად მოუდგნენ რომელნიმე წვრილნი კაცნი ქართველნი, ციხეში იჯდა და ვერას უმტერებდენ.

სალიმ-ხან, რომელი იჯდა ქუეყანასა კახეთისასა, მოსაბრუნს, და მუნ აშენებდა სახლსა, და რა ნახეს ესე რომე როსტომ მეფეს ვეღარა უმტერეს, მაშინ მიუჴდენ სალიმ-ხანს, დაესხნეს თავსა. და თჳთ სალიმ-ხან გარდაუსწრა, ვერ დაიჭირეს და სხუანი, რომელნიც ყმანი მისნი თათარნი მოაჴელნეს, დაჴოცეს და ზოგი დაიჭირეს.

და წარმოვიდა ბატონი თეიმურაზ და დაიჭირა კახეთი. მაშინ კახეთი დამცრობილი იყო და ვერ დადგა როსტომ მეფის შიშით, მივიდა და დადგა ანანურთან და მუნითგან ქართლსაცა ცდილობდა, ამა ჟამსა შინა ინება როსტომ მეფემან და დადიანმან ერთმანერთის მოყურობა. მაშინ დადიანი ლევან და იმერეთის მპყრობელი ერთმანერთს უჴდებოდენ და იყო შური დიდი ერთმანერთშია. და ამისთჳს მოინდომა დადიანმან როსტომ მეფის მოყურობა და როსტომ მეფემანც ამისთჳს მოინდომა დადიანის მოყურობა, რომე ბატონი, თეიმურაზ ამისი მტერი იყო და იმერეთში მაგრობდა და დადიანს იმისთჳს ემტერებინა.

მაშინ არა ჰყვანდათ რა, რომ ერთმანერთისათჳს მიეცათ. დადიანს ჰყვანდა დაჲ, სახელით მარიამ, ესე ესუა ცოლად სჳმონს გურიელს. ესე მარიამ იყო ნაშობი ათაბაგის ქალისა. მაშინ სჳმონ გურიელმან გმო ღმერთი, შურითა ეშმაკისათა აღბორგებულმან, მოკლა მამა თჳსი მამია გურიელი: სარეცელსა ზედა მწოლარეს უღალატა. და ვითარცა სცნა ლევან დადიანმან, მიზეზ-ყო საქმე ესე, შეუთუალა სჳმონ გურიელსა: „ვინათგან ჰყავ საქმე ეგე ბოროტი, მე ჩემს დას შენ აღარ მოგცემო“. შეიყარა დადიანმან ლევან ჯარი და მიუჴდა ლანჩხუტს. შეიყარა იქიდამ სჳმონ გურიელმან ჯარი. ესე სჳმონ გურიელი იყო კაცი მჴნე და გულოვანი და მივიდა ესეც ლანჩხუტს, შეიბნენ, და გაემარჯუა ლევან დადიანსა, შეიპყრა სჳმონ გურიელი და დასწვა თუალები და გამოართუა დაჲ თჳსი მარიამ. და დასუა გურიელად ქაიხოსრო, გურიელის სახლისკაცი. და ესე ქაიხოსრო გურიელი იყო მარიამ დედოფლის დედით ძმა.

და წარმოუგზავნა როსტომ მეფეს კაცი და აღუთქუეს ქალის მიცემა. იამა როსტომ მეფესა და აემზადა წარმოსაყვანელად ქალისა. შემოიყარნა ქართველნი და წარმოემართა.

მაშინ იყო დადიანი ლევან დიდად მდიდარი საქონლითა და სპითა. აქედამ როსტომ მეფე წარვიდა სპითა მრავლითა და იქიდამ დადიანი წარმოვიდა შეყრილი და თანა წარმოიყვანა დაჲ თჳსი მარიამ, რამეთუ მაშინ ეშინოდათ იმერეთის მპყრობელისა გიორგისაგან და წარმოვიდა სამიქელაძეოზედა, გამოიარა ფოკე, გამოჴდა რიონს და ამოვლო საჩხეიძო და მოვიდა კაკას-ჴიდსა დადიანი. და წარმოვიდა როსტომ მეფეც სამცხეზედ და შეიყარნენ როსტომ მეფე და დადიანი კაკას-ჴიდსა და დადგნენ პირდაპირ სიახლოესა. მაშინ იმერეთის მპყრობელი გიორგი შეიყარა სპითა მისითა და წარვიდა იგიცა მათ ზედა, რამეთუ გაუბედა ჴრმალი და არა უტევებდა, მივიდა იგიცა სიახლოვესა მათსა და დადგა. არჩია გიორგიმ და განიზრახა თჳსგან, წარვალ სუბად და დავხედავ ჯარსა მათსა, და წარვიდა. ურჩიეს იმერელთ, მარტო ნუ წახვალო, და არა დაიშალა, და წარვიდა ათის კაცითა და დახედა მაღლიდამე ჯარსა მათსა. და შეუტყო საქმე ესე დადიანმან ლევან, წარმოგზავნა სპანი თჳსნი. და ნახეს გიორგი რომ სუბად იყო, შეუტივეს და შეიპყრეს და მ[ი]იყვანეს დადიანთანა. ამა ჟამს იყო ქრისტეს აქათ ჩ~ქლბ. ხოლო დადიანს იამა და გამხიარულდა დიდად და ტყუე-ყო, ხოლო მოსცა ქალი როსტომ მეფესა და წარმოვიდა როსტომ მეფე და წარმოიყვანა.

მაშინ გაბრუნდა დადიანი და წარიყვანა გიორგი თანა და დაატყუევა ციხეშია და ჰყვანდა ტყუეთა. ხოლო ძემან გიორგისმან ალექსანდრე დაიპყრა მამისა წილ თჳსისა.

და წარმოვიდა როსტომ მეფე მასვე გზაზე, რომელსაცა მისულიყო. მას ჟამსა თათრად იყო ათაბაგი და არღარა სახელსდებდენ ათაბაგად, არამედ ოსმალის ენითა ფაშად სახელსდებდენ. და მაშინ იჯდა ფაშად საფარ-ფაშის ძე უსუფ-ფაშა. ამან დაანება გზა როსტომ მეფესა, გარდმოვლო ოცხე და ჩამოვიდა ქართლსა და ქნა ქორწილი ჴელმწიფური და სახელოვანი.

მაშინ სთხოვა ალექსანდრე, ძემან გიორგისამან, დადიანს მამათჳსი და შეუკუეთა საჴსარი. ხოლო დადიანმან სთხოვა ჩიხორსა და ჩხარს სომხები საჴსრად. აჰყარა და მისცა, რაც შემოუკუეთა, და გამოიჴსნა მამა თჳსი და მოიყვანა იმერეთს. და იცოცხლა გიორგი ხანსა რაოდენსამე შინა და მოკუდა. და დაჯდა მის წილად ძე მისი ალექსანდრე.

ამიერითგან მძლავრობდა დიდად დადიანი იმერეთზედა: ესრეთ გაუჭირა საქმე ალექსანდრეს, რომე ქუთაისს გალავანი შემოივლო და იჯდა მას შინა და ვერა წინააღუდგებოდა დადიანს. ხოლო დადიანი მოუჴდებოდა ყოველს საუფლოს დღეს, შობასა, ახალწელიწადსა, ნათლისღებასა და აღდგომასა და აოჴრება ქუეყანასა იმერეთისასა: რომელსამე ჴოცდა და რომელსამე ტყუე-ჰყოფდა და ჰყიდდა და დაირჩენდა და თავს დააჴსნევინებდა.

და ამას ჟამსა შემოიღო ლევან დადიანმან ტყჳს სყიდვა და თავის დაჴსნა, რამეთუ არა იყო მანამდი სყიდვა ტყჳსა. და იყო დადიანი მდიდარ ფრიად და ემორჩილებოდენ სრულად აფხაზნი და შარვაშიძენი ყმობდენ და ულაშქრებდენ დადიანსა.

ხოლო როსტომ მეფე განდიდნა ფრიად და ვერღარა დააკლეს რა მტრებმან.

ამას შინა გარდაჴდა წელიწადნი სამნი. მაშინ უკუდგნენ არაგჳს ერისთავი ზაალ და ქსნის ერისთავი ბატონს თეიმურაზს. და აბატონებდენ კახეთსა შინა და ესენი ეკერძებოდენ მას. და იყო მას ჟამსა კახეთი გაოჴრებული, და ჩავიდნენ ლტოლვილნი კაცნიცა და რაც მუნ იყვნენ, მცირედ ოდენ იწყო შენობად და მოსახლეობად. მაშინ ზოგჯერ გაუგზავნის ყაენს ფეშქაში და შეურიგდებოდის ბატონი თეიმურაზ და ხან აეშლებოდა, იყო კახეთშია და ესრეთ ბატონობდა.

მაშინ ბატონმა თეიმურაზ იზრახა და განიგულა დაპყრობა დიდოეთისა და სწადდა იქიდამე რუსეთის გზის შოვნა და ზურგის მობმა რუსეთის ჴელმწიფისაგან და მუნითგან რუსის ჯარის მოსვლა, რამეთუ ესე იყო წადილი მისი. შეიყარა ჯარი და წარვიდა დიდოეთზედა, ენება მოქცევა დიდოეთისა და მიუჴდა დიდოეთსა და აღიღო რომელიმე კოშკები და ალაგები.

ხოლო დიდოთა ითხოვეს შეწევნა ლეკთაგან, რამეთუ მაშინ დიდად ემტერებოდენ ლეკნი კახთა, რამეთუ ბატონი თეიმურაზ მიჴდომოდა და მრავალი ბოროტი შეემთხვია ლეკთათჳს, და პირველითგანაც მტერ იყვნენ, ამისთჳს მტერობდენ ლეკნი კახთა. მოეშუელნენ ლეკნი დიდოთა და შემწე ეყვნენ. და დახუდენ სიმაგრეშია ბატონს თეიმურაზს, დაუშინეს საგორავები, ქვა და ისარი, და ამოსწყჳტეს მრავალი. და გამოაქცივეს ბატონი თეიმურაზ, და, რომელნიცა ჰყვანდა გამოჩენილი ეპისკოპოზნი, დარბაისელნი, ყოველივე მუნ ამოსწყჳტეს. და ჩამოვიდა კახეთს და იტირა: „ვაი ეპისკოპოზ - დარბაისელ - ამოწყუეტილს“.

ამაში გამოჴდა ხანი რამე, შეკრეს პირობა [ზაალ] ერისთავმან, იოთამ ამილახორმან, ნოდარ ციციშვილმან, კათალიკოზმან დიასამიძემან ევდემოზ, გოჩაშვილმან გიორგი და ზოგმან რომელმანმე ქართველმანცა, ამათ ინებეს განდგომა როსტომ მეფისა. და უფროსღა ცდილობდა კათალიკოზი ევდემოზ ამისთჳს, რომე ამისი ძმის ასული დათუნა[ს], ბატონი თეიმურაზის შვილს, ცოლად ესუა. ამათ გაუგზავნეს ბატონს თეიმურაზს კაცი და მისცეს საფიცრები და პირობა დიდი და იჴმეს: „კუალად მოდი ქართლში და გაგაბატონებთო“. ამაში ნოდარ შემოიყარა ჯარი და წარვიდა.

რა სცნა საქმე ესე როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი და წარმოემართა იგიცა ნოდარზედა, მოვიდა და დადგა საჯავახიანოს. ვითარცა ესმა ნოდარსა წარმოსვლა როსტომ მეფისა, გაიქცა და წავიდა, დევნა უყო როსტომ მეფემან უკანა. მაშინ ახლდა ნოდარს ორნი ძმანი ჩხეიძენი გარდმოვარდნილნი და იყვნენ ნოდართანა. რა მიეწივა როსტომ მეფე ნოდარს, გამოუბრუნდენ ორნივ ძმანი ჩხეიძენი, შემოებნენ, იომეს და დაჴოცნეს იგინიცა. ხოლო ნოდარ ივლტოდა და შევიდა ციხესა ატენისასა. მივიდა როსტომ მეფე და შემოადგა გარს და ვერცაღა მუნ გამაგრდა ნოდარ და წარვიდა ზემო ქართლად, რომელ არს საათაბაგო.

ხოლო როსტომ მეფემან აღიღო ციხე, დაამტვრია და წარმოვიდა მუნითგან, და დადგა ცხირეთს, და მუნ იჴმო დედოფალი მარიამ და იყოფოდენ მუნ. ხოლო კათალიკოზი ევდემოზ იყო მუნვე როსტომ მეფეს თანა. კუალად შეუთვალა ბატონს თეიმურაზს კათალიკოზმან, ვითარმედ: ნოდარ“ რომ წასულიყოს, მაგისთჳს საქმეს რატომ წააჴდენ და ან რატომ გაბრუნდი?“ მაშინ ბატონს თეიმურაზს შეეყარა ზაალ ერისთავი, მოვიდენ და დადგნენ მუხრანს. კუალად გაუგზავნა კათალიკოზმან კაცი ნუღარ ჰყოვნითო, მოდითო, და რაც გინდა გაქნევინებო“.

მაშინ, სცნა რა საქმე ესე მუხრანის ბატონმან ვახტანგ, წარმოავლინა კაცი მსწრაფლ და ამცნო საქმე ესე როსტომ მეფესა. მაშინ დედოფალი წარავლინა გორის ციხეშია და თჳთცა უკან ჩამოუდგა და მივიდნენ გორის ციხეშია და მუნ გამაგრდენ.

ხოლო ბატონი თეიმურაზ მივიდა უფლისციხესა და ვერღარა გააწყო რა, გამობრუნდა და წარმოვიდა. და დახუდა წინა ვახტანგ მუხრანის ბატონი და უყო მრავალი ზიანი. და წარვიდა კახეთს.

ხოლო შეიპყრა კათალიკოზი ევდემოზ როსტომ მეფემან და წარავლინა ქალაქის ციხეშია და ტყუე-ყო და, ხანსა რაოდენსამე უკანა, მუნვე ციხეში მოაშთობინა. ხოლო გოჩაშვილი გიორგი შეიპყრა და დასთხარა თუალები, და სხუანი, რომელნიცა იყვნენ როსტომ მეფის ორგულნი, რომელნიმე გაახეიბრა და რომელიმე მამულით გააღარიბა და განაძო თჳსისა ქუეყნიდამე, თჳნიერ ზაალ ერისთვისა და იოთამ ამილახორისა. ხოლო იოთამ ამილახორი ხან მოუდგებოდა როსტომ მეფესა და ხან ბატონ თეიმურაზს და, სიტკენაც დრო დააჴელის, იქითკენ იყვის.

და ამისგან რა მოიცალა როსტომ მეფემან, შემოიყარა ჯარი ქართველთა და, რომელნიცა ყიზილბაშნი იყვნენ მიჩენილნი ყაენისაგან, იგინიცა შემოიყარა, და წარვიდა კახეთს ბატონს თეიმურაზზედა, რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ მაღაროს იდგა სუბათა და კახნი თავ-თავისთჳს იყვნენ. მიუჴდა როსტომ მეფე, და დაუწყო სროლა ვიწროებში ბატონმან თეიმურაზ და, რაც ოდენ შეეძლო, იომა ბატონმან თეიმურაზ. და ვერღარა დაუდგა როსტომ მეფე, გაიქცა და წარვიდა ტფილისს. და აღარა დევნა უყო ბატონმან თეიმურაზ, იშოვა მრავალი ბარგი მისი, აიკლო და წამოიღო და წამოვიდა და მოვიდა თჳსსა სახლსა.

და რა ნახა ესე ზაალ ერისთავმან და იოთამ ამილახორმან, რომ ვეღარცა რა ამ დამარცხებით დააკლეს რა, დაუწყეს როსტომ მეფეს ლაპარაკი და ხუეწნა: „შეგჳრიგე და გჳმსახურეო“. ხოლო როსტომ მეფემან ესე უპასუხა ზაალ ერისთავსა: „უკეთუ წარხვალ ყაენთან, შეგირიგებ და, უკეთუ არა წახვალ, ჩემთან ჴელი არა გაქუს“. მაშინ დაჰყვა ზაალ ერისთავი: მოიყვანა და შეირიგა. და გაგზავნა ყაენთანა და მისწერა ყაენთანა კაი წიგნები.

და რა მივიდა ზაალ ერისთავი ყაენთანა, სცა პატივი დიდი და კეთილად მიიჩნივა სიტყჳთა როსტომ მეფისათა და უყო წყალობა მრავალი: გაუჩინა წელიწადში სამასი თუმანი ჯამაგირი, გაათათრა და გამოისტუმრა ქართლი. და მოვიდა როსტომ მეფესთანა და მიერითგან იყო ერთგული როსტომ მეფისა.

და მას ჟამსა იწყო ქართლის წესმან და რიგმან გარდაცვალება, და ყოველთავე შეიყუარეს ანგარება და სიმდიდრის-მოყუარება, ჯამაგირი და სოფლის მიცემა ყაენისაგან, და განმრავლდა ტანთ-ცმა ყიზილბაშურად, და საქართველოს დიდებულნი და თავადნი ყაენისაგან განმდიდრდებოდენ და რაყმით იშოვნიდენ მამულებსა.

და თჳთ როსტომ მეფის წადილი და ნება ესე იყო, რომ უყაენოდ არავის რა მისცემოდა, და, თუ ვინმე გასაკეთებლად უნდოდა, ყაენს შეეკითხვოდა. და იყო მეფე როსტომ მორჩილი ყაენისა და მოყუარე სჯულისა მაჰმადისასა.

ამან აღაშენა სახლი ყიზილბაშური, კეკლუცად და ტურფად ნაგები [შემოიღო] მოფენილობა, სმა-ჭამა, გამოჩუენება და კეკელაობა. და მიიქცნენ სრულიად წესსა ზედა ყიზილბაშისასა, და განმრავლდა სახლსა შინა მისსა სიძვა და არა-წყინდება, ცოდვა იგი სოდომ-გომორული და მეძაობა და დედათა თანა აღრევა.

კუალად ინება სიმაგრე ციხისა და თავისუფლობა ციხესა შინა მყოფთა თათართა: განძლიერდენ თათარნი და კადნიერებდენ ქართველთა ზედა. და რომელნიცა იყვნენ ქართველნი, მოყუარენი წესისა მათისა, მეძავნი და ბილწების მოქმედნი, დიდად პატივსცემდა მეფე როსტომ და ჰკითხევდა და უსმენდა მათსა, და, რომელნიცა იყვნენ სიმართლის-მოქმედნი და წრფელნი გულითა და ცოდვის მორიდალ[ნ]ი, მათ არას პატივსცემდა და ცუდს კაცს ეძახდენ და შეუძლებელსა.

და იყვნენ დღითი-დღე სმასა და განცხრომასა შინა, ხოლო სულისათვის არარას ზრუნვიდენ: მოიყვანა მეჩანგენი და მუტრიბნი, და აქებდენ ქართველნი დარბაისელნი, და მათცა ეგრეთვე იყოლიეს მუტრიბნი და მრავალნი მჴევალნი და არღარა იყო სირცხვილი სიძვისა და მეძაობისა.

და ქართველთაცა ისწავეს სმა და ჭამა ყიზილბაშური და დიდად სირცხვილ უჩნდათ სერსა ზედა უფლაობა და არა-კეკელაობა. და, რომელსაცა არა შეეძლო ამ წესისა ქმნა და უღონო იყვნენ მონაგებთაგან, განყიდეს მამაპაპათაგან დაგდებული მამული და აგარაკები და იცვემდენ ტანთა და სჭამდენ და სმიდენ და არარას ზრუნვიდენ შვილისათჳს.

და ამიერითგან შემოვიდა ზოგ-ზოგან ტყჳს სყიდვა თავადებისაგან და, რომელნიცა იყვნენ ობოლნი და ქურივნი, გამოიყვანებდენ და გაჰყიდდენ, და განმრავლდა ცოდვა.

ხოლო სამღდელონი ეპისკოპოზნი ამითი დაიერთგულნა, რომე ყოველთავე ჯამაგირი განუწესა, თავდაბლად და ტკბილად ექცეოდა. ამისთჳს არღარას ზრუნვიდენ სამღდელონი კრებულნი. ხოლო აღაშენა წმიდა კათოლიკე ეკლესია, მცხეთის გუმბათი და სხუანიცა რომელნიმე მოოჴრებულნი ეკლსიანი აღაშენნა.

და კუალად აღაშენა გატეხილი-ჴიდი.

და იყო სმისა და ჭამისა მოყუარე და გასცემდა [არა-]მცირედსა საბოძვარსა სმასა ზედა. და ამისა ჟამსა შინა არა იყო ზრუნვა სულიერი ერისკაცთა შორის, არამედ, იყვნეს ფუფუნეულ და ჴორცთ-მოყუარე, რამეთუ თჳთ სამღდელონიცა და მღდელთმთავარნიცა მიდრკეს კეთილისაგან და აღერივნეს ერთა თანა, გოდებისაებრ იერემიასა, რამეთუ იყვნეს მოყუარე ღჳნისა და სმისა და შუებისა და განცხრომისა, უმღერდენ ურთიერთას სიძვა-მრუშობასა და მეძაობასა. ამას შინა მოუძლურდა სჯული და განირყუნა წესი ეკლესიისა, რამეთუ არღარა ეძიებდენ სულიერსა საქმესა, არამედ ჴორცთათვის ზრუნვიდენ ყოველნივე.

ხოლო რაჟამს მოკლა კათალიკოზი დიასამიძე ევდემოზ, მაშინ მისცა როსტომ მეფემან წინასწარ აღრჩევითა თჳსითა და მოწამებითა ყოველთავე საქართველოსა მღდელთ-მთავართა და სამღდელოთა დასთა მიერ გამორჩევითა მისცეს კათალიკოზობა ურდუბეგაშვილს ქრისტეფორეს.

ესე ქრისტეფორე კათალიკოზი იყო კაცი მოყუარე სიმართლისა, მშჳდი, მდაბალი, გულ-ტკბილი, ყოველთათჳს მოწყალე, სიწმიდის მოყუარე, სახითა შუენიერ და ღირს ხარისხ-მპყრობელობისა თჳსისა, კუალად აღზრდილი და გამოცდილი საეროსა სამამაცოსა ლაშქარ-ნადირობასა შინა. და არა ჰქონდა გამოცდილობა წერილთა, მცირედ ოდენ წურთილ იყო. ხოლო განაგებდა კეთილად წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა.

და ამან როსტომ მატა ყოველსა ფეშქაშსა და მეტადრე სიტყჳსასა. რაჟამს დაიდვა სჳმონ მეფემან, ამ წესით იქმოდა: ანუ ძესა ურიისასა, ანუ ნასყიდსა და ანუ ოსთასა გაგზავნიდა, ხოლო ამან გამოიყვანა ქართველთა გლეხთა, აზნაურთა, დიდებულთა ასულნი და ძენი და მას გაუგზავნიდა, ამიერითგან დაიდვა ესე და ყოველნი მეფენი საქართველოსანი ესრეთ ჰყოფდენ, ვიდრე მოდღეინდელად დღედმდე.

მაშინ დაიმორჩილა როსტომ მეფემან სრულიად ქართველნი და იყვნენ დიდად ერთგულნი, შემოიყარნა სპანი თჳსნი, მივიდა და დადგა აფურცლეს და მუნითგან მოუწოდა ყიზილბაშის ხანებსა, რომელი იყო ყაენისაგან მი[ს] ზედა ჩენილი. მოვიდეს და შემოეყარნეს იგინიცა და წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა-რამეთუ მაშინ ბატონი თეიმურაზ იდგა თიანეთს.

და ურჩია ბიძინა სუფრაჯმან ბატონს თეიმურაზს, ვითარმედ: „წარგზავნე ძე შენი დავით და მე თანა ვიახლები და რომელნიმე კახნიცა გამოგუატანე, წარვალთ ქისიყსა და ვემტერებით როსტომ მეფეს იქიდამე და უსმინა ბატონმან თეიმურაზ და წარგზავნა ძე თჳსი დავით.

ხოლო რა ესმა როსტომ მეფესა, მანცა წარგზავნა ყიზილბაშის ჯარი იმათზედა, და თჳთ წარვიდა ბატონს თეიმურაზზედა. და უთავა სარდლად ვახტანგ მუხრანის ბატონი და ზაალ ერისთავი და გაატანა სპანი ქართველთანი. მივიდნენ ესენი უღლისს, იქიდამ ბატონი თეიმურაზ მოვიდა და შეიქმნა ომი და თოფის სროლა ძლიერი.

მაშინ ჰკრეს თოფი რევაზ სახლთუხუცესსა ჩოლაყაშვილსა, რომელი იყო კაცი კეთილი და რჩეული სარდალი. ესე იყო ბატონის თეიმურაზის მოწინავე ამას ჰკრეს თოფი და დაკოდეს სასიკუდინედ. და რა სცნა სიკუდილი თჳსი, არა აშალა ჯარი და მუნცა დაუტევა ძენი თჳსნი, და თჳთ გაბრუნდა სახლთუხუცესი და მივიდა ბატონს თეიმურაზთანა. მაშინ დალოცა ბატონი თეიმურაზ ესრეთ, ვითარმედ: „მე მომკუდარვარ შენის სამსახურისა და ერთგულობისათჳს, ჩემი თავი თქუენის ჭირის სანაცვლო იყოს“. გამოესალმა და აკოცა ლელსა და იტირეს ორთავე მრავალი. წარვიდა და მივიდა სახლთხუცესი მუნვე ადგილს, სადაც დავიდოდა, და მუნ მოკუდა.

და რა ნახეს სიკუდილი მისი კახთა მოეშალა თავი, შეშინდენ და უკუნ იქცენ და წარვიდნენ, უკუნ იქცა ბატონი თეიმურაზცა და წარვიდა.

ხოლო მუნცა შებმულ იყვნენ ყიზილბაშნი და დავით, ძე ბატონის თეიმურაზისა, გამარჯუებოდა ყიზილბაშთა და მოეკლათ დავით და ჯარიცა მისი ამოეწყჳტათ. მაშინ ბატონი თეიმურაზ შეწუხდა დიდად: არას გზით ღონე აღარა ჰქონდა დადგომისა და შემაგრებისა. წარმოგზავნა ხორაშან დედოფალი, რომელი იყო მამის ძმის შვილისშვილი როსტომ მეფისა. ესე მოვიდა როსტომ მეფესთანა და შემოეხუეწა. ხოლო როსტომ მეფემანი რა სცნა მოსვლა მისი, სცა პატივი დიდი და აღუსრულა სათხოვარი: დაანება გზა, გაუმძღუანა კათალიკოზი ქრისტეფორე წინა და ბარგიცა ამან გარდაუტანა იმერეთსა. ბატონმან თეიმურაზ გაუშუა კახეთი და ჩავიდა იმერეთს. მოეგება სიძე მისი ალექსანდრე, მპყრობელი იმერეთისა, ჩაუძღუა და დააყენა და ისტუმრა კეთილად. მაშინ განუმჟღავნეს ბატონს თეიმურაზს ძე მისი დავით და იქმნა მათ შორის ტირილი და გლოვა დიდი.

ხოლო როსტომ მეფემან დაიპყრა სრულიად კახეთი და პატრონობდა ქართლსა და კახეთსა, გაურზავნა თავი დათუნასი ყაენსა და მიულოცა გამარჯუება და არღარა ჰქონდა ფიქრი როსტომ მეფესა, იშუებდა, ლხინობდა.

ხოლო ამა ჟამსა შინა მომკუდარიყო სამცხეს უსუფ-ფაშა და იჯდა მის წილად ძე მისი როსტომ-ფაშა, ნაშობი მჴევლისა, მაშინ იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა, სიმრავლისათჳს ცოდვათა მათთა: გამოგზავნა კაცი ხონთქარმან და დაპატიჟეს სჯული მაჰმადისა ცოლსა როსტომ ფაშისასა. ხოლო ქალსა მას რა ესმა, შეძრწუნდა ფრიად და ზარი დაეცა და განიგულა სიკუდილი თავისა თჳსისა და არა დატევება სჯულისა, და ენება გარდავარდნა თავისა თჳსისა კლდესა შინა, და არავინ უტევა. კუალად განიზრახა მოშთობა თავსა, და ვერცა იგი აღასრულა, რამეთუ ჰყვანდათ შეპყრობილი და სულს იქით ღონე აღარა ჰქონდა. და რა მისჭირდა ქალსა მას, მაშინ უთხრა: „უკეთუ ყოველსავე საათაბაგოში შინა-მყოფსა ქალსა და კაცსა, ყუელაკას გაათათრებ, მეცა გავთათრდებიო, და უკეთუ არა, თავს მოვიკლავო და არა ვიქო. მაშინ დაათათრეს ყოველივე და იგიცა გათათრდა: და ყოველთავე მუნ მყოფთა დაუტევეს სჯული ქრისტიანობისა და იქმნეს მაჰმადიან.

მიერითგან იქმნა რისხვა ღმრთისა საათაბაგოსა ზედა: განირყუნა წმიდანი ეკლესიანი, შეირია და იავარ-ყვეს ყოველივე უსჯულოთა თათართა, დაიპყრეს და ყვეს წმინდანი მონასტერნი სამროწლედ და ცხოვართა სადგურად და დაუტევეს მნეთა ეკლესიისათა და სამღდელოთა კრებულთა, ეპისკოპოზთა და მოწესეთა კაცთა, საყოფელი თჳსი, წარიღეს თანა წმიდანი ხატნი და ჯუარნი და ნაწილნი, და წარმოვიდეს რომელნიმე საქართველოსა შინა და რომელიმე გურიას და იმერეთს, და დაემკჳდრნენ იგინი სანახებთა ქართლისათა და იმერეთისათა. და რომელნიცა დაშთეს მუნ ნეშტნი ქრისტიანენი, იგინიცა მძლავრებით და იძულებით მიიზიდნეს თჳსათ და მცირედ-მცირედ ვიდრე აქამომდე მიდრკეს ქრისტიანობისაგან, და აწ სრულიად არღარა იპოებიან მუნ მორწემუნეთაგანი, თჳნიერ კლარჯეთისა მსხემთა, რომელ არს ჯავახეთი.

ხოლო როსტომ მეფესა არა ესუა ძე. ფრიად მზრუნველმან უძეობისამან, წინააღრჩევითა რომელთამე განმზრახთა თჳსთათა, წარავლინეს კაცი ისპაანს და მოიყვანეს სპარსეთით ძისა ვახტანგისა თეიმურაზის ლუარსაბ, რომელი დაშთა სპარსთა შინა. ესე იყო სჯულითა მაჰმადიანი და ესე ისუა ძედ თჳსად მეფემან როსტომ. ხოლო იყო სულელ და ხელ და აღტაცებულ გონებითა, რომელი არა შუენის ძეთა მეფისა საქართველოსათა, და ზრდიდენ და სწურთნიდენ კეთილად, და საყუარელ იყო მეფისა მიერ.

ხოლო ბატონი თეიმურაზ იყოფოდა სანახებსა იმერეთისასა. მას ჟამსა იყო დადიანი ლევან მდიდარი საუნჯითა აურაცხითა და სპითა მრავლითა დიდად მძლავრობდა მპყრობელსა იმერეთისასა ალექსანდრე: ესრეთ იყოფებოდა ქუთათის[ს] აღმშენებელი ზღუდისა, და მჯდომარე იყო მას შინა თჳთ და ძმანი მისნი და თავადნი ჩინებულნი იმერთანი დედაწულითურთ, ყოველნივე თანა ჰყვეს გარე-შეზღუდვილსა მას შინა შიშისათჳს დადიანისა, რამეთუ ფრიად მძლავრობდა შურით მჴდომი და იავარ-მყოფელი სანახებსა იმერთასა ზემოთა და ქუემოთა; არასადა დაშთა დაბასი და შენობანი და სიმაგრენი. რომელ არა მიემძლავრა. და არარას ჟამსა მოქმედებდა, თჳნიერ დღესასწაულსა მას საუფლოსა შობა-ნათლისღებასა, ახალწელიწადსა.

ამათ შინა არა დასცხრებოდა მოოჴრებად ქუეყანისა, სრვიდა და ტყუე-ჰყოფდა მრავალთა და ჰყიდდენ ნაშოვართა ტყუეთა და დარჩენილთა კაცთა.

ეჰა, რისხვა ღმრთისა ულხინებელი მოქმედთა ამის ბოროტისათა, რამეთუ მან განაწესა ბოროტისა მის მტერისა მიერ წარმოთხეული გესლი იგი იუდაებრივი, რომელმან განყიდა ვეცხლად შემოქმედი და მოძღუარი თჳსი. მიერითგან განეთესა განსყიდვა უსჯულოთა-ზედა ტყუეთა ქრისტეს-ნათლისღებისათა და წინააღმდგომთა ღმრთისათა კაცთა მყოფთა სანახებთა იმერთა, ოდიშართა და გურიელთასა, რომელი ნუ ყოს ღმერთმან საქმე ქართლსა ზედა ბოროტი იგი. ხოლო მან უფროსად და უმეტესად განმრავლდა და გარდაემატა ცოდვა იგი ვიდრე დღეისამდე. ჵი ჩემდა, რამეთუ თჳთ მუნ-მყოფნი მღდელთ-მთავარნიცა და სამღდელოთაგანნი შეირინნეს ბოროტითა მით სენითა, რამეთუ არა იყო პირველ ლევან დადიანისა და ალექსანდრესა, ამათთა ჟამთა შინა შემოვიდა წარსაწყმედელად სულთა მათთა, რამეთუ ესე ესრეთ იქმნა და აწ მივილტოდეთ პირველსავე სიტყუასა ზედა.

ხოლო მიიმძლავრა დადიანმან ლევან სრულიად იმერეთი და ვერ ეძლო წინააღდგომა და შემთხუევა ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, და ვერცა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან.

ხოლო მამუკა, უმრწამესი ძმა მისი, იყო ყრმა ჰასაკად მიწევნული, შუენიერი და ახოვანი, მსგავსი მამისა თჳსისა, განთქმული რაინდობასა შინა, კისკასად და უებროდ მორბედი, რამეთუ კნინღა და ჟამსა მას არასადა აღზრდილ არს ესევითარი მოასაკეთაგანი ზნე-სრული და გულოვანი გოლიათებრივი. ესე მამუკა მცირედითა სპითა თჳსითა გამოვიდოდა ზღუდისა მისგან, განმსტრობელმან თარეშთამან სპათა მათ დადიანისათა შეემთხვევის მზირად მცირედითა სპითა და მრავალი მოსრის და მრავალი დარჩენით შეიპყრის და ტყუე-ყვის და შემოიქცის გამარჯუებული, და მსგავსად მათსა ჰყიდდენ დარჩენილთა კაცთა თათართა ზედა. და ვითარცა კუალად მოუჴდა დადიანი და მოაოჴრა ქუეყანა, დღესა ერთსა ჩუეულებრივ გაუჴდა მცირითა სპითა თარეშსა დადიანისასა, მიეტევა მჴნედ, და მაშინ წარმოექცა ცხენი სისწრაფისაგან და დაეცა ქუე. მაშინ შეუტივეს ოდიშართა და შეიპყრეს და წარიყვანეს და მიჰგუარეს დადიანს, და დადიანი მსიარულ იქმნა შეპყრობისა მისისათჳს, წარიყვანეს და ტყუე-ყვეს ოდიშს ციხესა შინა.

ხოლო რა ესმა ესე ალექსანდრეს, მპყრობელსა იმერეთისასა, დაუმძიმდა ფრიად, მოიპოვა ღონე ესევითარი და აწჳა ბატონი თეიმურაზ წარსვლად ოდიშად დადიანსა თანა. ხოლო მორჩილ ექმნა ბატონი თეიმურაზ სიძესა თჳსსა ალექსანდრეს და წარვიდა. და, ვითარცა მივიდა, მიეგება დადიანი ლევან წინა, ისტუმრა კეთილად, დაუმზადა სერი დიდი და ჴელმწიფური და მხიარულ იქმნეს ურთიერთას ხილვითა, რამეთუ მეყჳსნიცა იყვნეს ესრეთ: ძე იყო ლევან თეიმურაზის მამის დისა. დღეცა რაოდენსამე უკანა წარმოუთხრა მიზეზნი მისვლისა მისისა და მოქენე იყო გამოჴსნისათვის. მამუკასა და განტევებად მისა, და არღარა შურობდა და ჴდომად ურთიერთას.

ხოლო იყო მუნ წულუკიძე პაატა წუწკი, მკელობელი, მეყჳსი და თანა-განმზრახი დადიანის ლევანისა. და ესე, პირველვე განძებული მეფის ალექსანდრესაგან სამყოფთაგან თჳსთა, ლტოლვილი წარვიდა ოდიშსა და მიერთ დადიანსა ლევანსა და დიდად მტერ იყო იმერეთის მპყრობელისა ალექსანდრესი: რამეთუ ენება დადიანს პატივის დადება ბატონის თეიმურაზისა და განტევება მამუკასი, ხოლო იგი სავსე შურითა არა უტევებდა, რამეთუ ესრეთ იყო დამორჩილებულ დადიანი, რამეთუ არარას მოქმედებდა, თჳნიერ მისსა. მაშინ მოიმტკიცა დადიანი პაატა წუწკმან ენითა მზაკუარითა და უარყო დადიანმანცა არა განტევება მამუკასი აუწყეს ბატონს თეიმურაზსა მეტყუელთა ესრეთ: „ვერ ეგების ჩუენგან განტევება მისი“. და იყო ხანსა რაოდენსამე მუნ ბატონი თეიმურაზ და არც ბატონმან თეიმურაზ დაუჟინა და წარმოვიდა, მოვიდა იმერეთს სიძესა თჳსსა თანა.

მაშინ არავე დასხრა ბოროტისაგან საქმისა და არცა შეიშინა რისხვისაგან ღმრთისა კუალად შესძინა შურსა თანა სიკუდილი მართლისა მის, წარავლინა კაცი და დასწვა თუალები მამუკას ციხესა შინა და მოკუდა.

ხოლო ჟამსა მას მოკუდა და იქმნა დიდად სალმობიერ სენითა სასიკუდინეთა გიორგი შვილისშვილი თეიმურაზისა, რომელსა ზრდიდა ალექსანდრე, მოკუდა და მიიცვალა იგიცა და ყვეს გლოვა დიდი და მწუხარება და აღასრულეს წესი გლოვისა. და იყო მუნ ბატონი თეიმურაზ, ვიდრე შჳდ წლამდე.

ხოლო როსტომ მეფე მეფობდა მშჳდობით, არარას მზრუნველი, თჳნიერ ლხინისა და შუებისა და მოსუენებისა, და გარდაიჴდიდა დღეთა თჳსთა სიხარულით, ნადირობდა და შეექცეოდა. და მას ჟამსა მოვლო რომელნიმე სანადირონი და იყვნენ ხუნანს, რომელ არს გატეხილი-ჴიდი, და თანა ჰყვა ძედ მისა წოდებული ლუარსაბ. მაშინ დაეთხოვა როსტომ მეფესა ყარაიის სანადიროდ ხოლო მეფემან დართო ნება და წარვიდა. და გაჰყვნენ თანა ყრმანი, მსგავნი მისნი, ახლ-მოასაკენი ქართველნი. და ვითარცა მიიწივნეს მუნ, მოირკეს ტყე და მოვიდა ჯოგი ირემთა და შეექნათ სროლა ძლიერი. და აღირივნეს ურთიერთას და ისროდენ ურთიერთას ყოველნივე დიდნი და მცირენი, განირყუნეს სანადირონიცა. და სროლასა მას შინა მოხუდა თოფი ლუარსაბს. და მოკუდა მუნ. ვითარცა ესმა როსტომ მეფესა, მწუჴარე იქმნა და იყო გლოვა და ტირილი წესისებრ.

მაშინ ბატონი თეიმურაზ იყო მუნვე იმერეთს დიდად გლახაკად, უღონოდ საჭურჭლითა და საზრდელითა, მოუძლურებული წლისა სამოცდაათისა და ვერღარა ძალედვა წინააღდგომად როსტომ მეფისა ფრიადისა უძლურებისაგან. და დიდად მოკლებულ იქმნა საზრდელთა და საჭიროთა საჴმართაგან.

მაშინ წარგზავნა შვილისშვილი თჳსი ერეკლე რუსეთის ჴელწიფესთანა და შეემთხვივნეს წინა ავაზაკნი და მათ მოსრეს პირითა მახჳლისათა ყმანი ერეკლესნი და კნინღა თჳთ განერა, რამეთუ ერეკლე ყრმა იყო, მათგან მოუწყულელად, და დასტაცეს მჴევალნი და ბარგნი. და წარიყვანეს თჳთ რუსეთს, და მივიდა ჴელმწიფეს თანა. ამაში გამოჰჴდა ხანი რამე და თჳთ ბატონი თეიმურაზცა წარვიდა რუსეთს რამეთუ წლისა იყო სამოცდა თორმეტისა, მივიდა და დიდად პატივ-სცა რუსეთის ჴელმწიფემან. სთხოვა შეწევნა და ჯარი ქართლზედა, და უთხრა ჴელმწიფემან მიზეზი: „ჯერეთ მოცლა არა გუაქუსო“. და რა სცნა ბატონმან თეიმურაზ, რომ შემწე არა ეყო, ხანსა რაოდენსამე უკანა დაეთხოვა და წარმოვიდა. და აჩუქა მრავალი ჴელმწიფემან. ამა ჟამსა შინა დიდად მოუძლურებულიყო ბატონი თეიმურაზ, წარმოემართა და მოვიდა ასტარხანს.

ხოლო ამა ჟამსა მომკუდარიყო იმერეთს შვილისშვილი მისი ლუარსაბ, ყრმა კეთილ-მოასაკე, შუენიერი და მჭურეტელთათვის სატრფიალო. მოვიდა კაცი ასტარხანს, და გაუმძღავნეს მუნ, და ყო გლოვა მუნ დიდი და მწუხარება. ხოლო ერეკლე დაუტევა რუსეთის ჴელმწიფესთანა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>