ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

რომელმან წყლისა მოაბადნი რიტორთა მძლე ვყავ ყოველთა, ენა-უტყჳ მეტყუელ
ჰყავ ანგელოზთა მთავრისა მიერ, აწცა განმარტე ენა-ბრგუნილი

ისტორიათა და აზმათა
მეტყუელებასა შინა შარავანდედთასა

ვინათგან მოსე, მხილველი ღმრთისა და წინასწარ-მეცნი ყოფადთა, ეურჩა განმგზავნსა ისრაელთადმი. მათდა მომღები ენა-მძიმობისა, მიერულა ურულოსა, ვითარ ყოფადთა დამსახსა, ვითარ ესევითარისა შემკადრე ვიქმნა მე, ვერ-მეტყჳ თქმათა აღმატებულებისა. უკეთუ იგი, სიტყუათა ცეცხლისათა გარდანაცი, კუერთხისა გუელადობითა და ჴელის ფერთა ქცეულებითა მბრძოლთა ვერას ამცნობდა, ვითარ დავსცე სულამიტისა სახედ აღსაყჳრსა „ქებასა ქებათასა“ რომელსა-იგი გალობს სიბრძნითა მეიგავე სოლომონ, რომლისაგან შთამოთესლოვნებისა ვერ-საკმო არსა შემსხმელად ულუმპიანობათა მათ გარდაცემასა, - თამარისსა ვიტყჳ, - ჴელმწიფეთა სახელისა და დიდებისა დავით მის პირველისა, არსთა დამწყისაცა ჴელით-ქმნულებით მოქადულ-მყოფელისა ღმრთისა. რომელი სახუეველთაგან აღმსჭუალავს შორის სულსა, გულსა შინა, ერთმთავრობა-ერთუფლებასა ერთისა კაცისასა, ერთისა ღმრთისა და კაცისა სრულისა მიერ სრულ კაცად აღმოჩენით აღმოჩენილსა და აღმობრწყინვებულსა. ვინაცა ამან შეაყო თჳსისა სულისა წყარო ხედვათა პირველსა ამას წყაროსა ქრისტესა, ნათელსა მამისასა, რომელმან მოიგონნა ხუთნი საგრძნონი: ხედვა, სმენა, შეხება, გემოსხილვა და განრჩევა. და დაამორჩილნა კლდესა მას ქრისტესა ასფოდელოდ-ქმნითა გონებისათა, არა არს მექმნი ნებისა თჳსისა.

ესე შვილ იქმნა მშობელთა ძირ-რტოებათა, შესატყჳსთა და შეზავებულთა, ვითარ საცნაურ არს ხე ნაყოფისაგან და ნაყოფი ხისაგანი დავითიანთაგან და ხუასროიანთაგან და პანკრატონიანთა, რომელთა სახელი უფროს მზისა იცნობებოდა და ყოვლისა ქჳშისა. და მის მინადებისა, რომელმან ნებროთისა ჰასაკითა მოიგო ჰაოსის ძეთა სამთავრები, რომელთა შემსსმელად ჴამს ომიროს მერაბამე იგი. იდიდსიტყუა ალექსანდრესადმი პლუტარხოს ზემომაღლელი ისტორიათა მწერლობასა შინა ჴელმწიფეთა შემსხმელობისასა, ვითარ ჟამთა და ჟამთა ზეგარდმო ჩინებითა აღმონათდებიან ქუეყანის მფლობელნი, და მიიღებს თჳთეული საქმისა შესატყჳსებასა, აღმკულებასა სიტყჳთა და საქმითა, და ვინმე საგმობნი აღძეგლნა ბოროტთა საქმეთა შინა.

აწ მე, რომელი გინა თუ მიხილავს, გინა თუ ბრძენთა და გონიერთა კაცთაგან მასმიან, გარდავსცე ისტორიასა და ვასილოღრაფსა, რომელ არს „მოთხრობა მეფეთა“ ვინათგან ლუკა აღმავლობასა სიტყჳსასა იქმს სეითისა,“ ადამისა და ღმრთისა“, მეცა ესრეთ ვიწყო ამის თამარისა, სამგზის სანატრელისა და სამებისაგან ოთხად თანააღზავებულისა, რომელი ეთეროან იქმნა ჴელმწიფეთა შორის, რომლისა სახე და სახელი თჳსისა ადგილსა სიტყუამან საცნაურ ყოს.

მამა იქმნა გიორგი, მეფე მეფეთა, ძე დიმიტრი მეფისა, რომელსა დავითცა ესუა ძედ, ძესა დავითიანისასა, და აღმოსავლეთისა და კერძო-ჩრდილოეთისა მეციხოვნისა და ზღვართა დამდებლისა და ზღუათა ზღუამდინ მპყრობელისა, რომლისა დიდებითა, სიმჴნითა და გუარითა ცხოვრებასა აღმოჩენ; იოვანე ფილოსოფოსისა ჭიმჭიმელისა შესხმა-მითხრობა.

დიმიტრისა, მჴნესა ჴდომათა შინა და მძლესა ბრძოლასა შინა, ორ ძე ებადესა, რომელთა დავით და გიორგი [ეწოდებოდა სახელა]. მარჩეველი ძისა უმცროსისა მლარწველი მკიცხველი იქმნა, ვითარ ისააკი იაკობისდამი. და ვედრებისა შემასმენელმან ღმერთმან დავითის დღეთა შემცირებითა სრულ ყო პირველ მამისა. და მამამან ძითური ძე ტკბილი, შემგუარი მამისა, აღამაღლა თავისა თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა - მზე მნათობთა შორის; ალექსანდრე და ქაიხოსრო მპყრობელთა შორის; აქილევ, სამბსონ და ნებროთ გმირთა შორის; სპანდიარ, თაჰამთა და სიაოშ გოლიათთა შორის; სოლომონ, სოკრატ და პლატონ ბრძენთა შორის.

ამას თჳსსა მეფობასა შინა მოგუარა ცოლი მამამან, ასული მეფისა ხუდდანისი, სახელით ბურდუხან, ესე თჳთ ვითარი შესატყჳსი ქმრისა პირ-მზისა, ტან-ზომისა, თჳთ მზე-მზეთა შუენებითა და მომფენაობითაცა, ვითარ ითქმის, ცოდვილთა და მართალთა ზედა, რომელი ჰყუარობდა მართალთა და სწყალობდა ბრალეულთა. რომლისათჳს თუ ვთქუა სახეები გარეშეთა გინათუ ვიეთმე სატრფიალოთა, თჳთ მისავე ქრისტე-შემოსილობისაგან მაქუ[ს] შიში და კდემა; რომელი ეკატირინესა და პენელოპის, ირინექმნილისა, და თჳთ მარიამ განმანათლებელისა ცისა და ქუეყანისა ესახების, თჳნიერ ქმრისა მყოფლობისა, მადლითა, სიბრძნითა, შეწევნითა და მეოხებითა. ნუ უკუე ზეშთა განზიდვითა დამრუმდეს თუალი გონებისა და ვიმთხრებლე ნეშთად წყენა სახეობითა, რომელ უმარჯულო და უმარცხულო მავალი გზებისა გზისასა მაბრალებდეს გარდაქცეულებასა ესევითარსა.

აწ ვიწყო ძალისაებრ და ღონე-მიწუდომისა ესე. შვილისა ნათელ-შემოსილისა მამა იგი გორგასლიანი, აღმასრულებელი ვახტანგისა ნეტარებათა, რომელი დავითს მამადობათა შინა ღმრთისა ქენებით აღთქმულსა აღდგინებად ტომთაგან მისთა, მისებრ მპყრობელი აღმოსავლეთისა და დასავლეთისა. ამისთჳსცა ესევითარად დალექსავს მლექსავი ვინმე და იტყჳს:

შენ, ვახტანგ, სანატრელი ხარ შენთჳსა ღმრთისა მაქებარისა,
ცნამცა შენი მტერთა ძლევა, თჳთ მზეებრ მაშუებარისა,
მუსულმანთ-ამწყუედელისა, ქრისტიანთ მშენებარისა,
და ვინ დაგბადა მანვე უწყის დაბადება ბუნებისა.

ამან რა იპყრა შარავანდედი მეფობისა, შჳდ სამეფოდ განწესებული, აღმკულმან ზენათა პორფირითა და გჳრგჳინთა, აღიჭურნა მკლავნიცა მუსრვად და მოწყუედად წინააღმდგომთა ქრისტეს სულისათა: აგარიანთა, ისმაიტელთა და მამადიანთა პირველად წყალობისა მიმფენმან იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა, დიდებულთა და აზნაურთა, სპასალართა და სპასპეტთა, შინაურთა და გარეშეთა - ჴელ ყო შეყრად და გამართებად ქალაქსა ზედა კაღზევანსა და წარმოტყუენა ყოველი ჴევნები კლდოვანი და ქალაქები აშორნისა, სომეხთა მეფედ წოდებულისა შაჰერმენისა.

და შემდგომად ამისსა კუალად შემყრელმან სპათა მისთამან მიმართა დიდად ქალაქად და სახელგანთქმულად [დვინად,] აწ რომელ არს არარატისა ძირსა ზღვარი სომხითისა და ადარბადაგანისა, მამული თრდატ გოლიათისა, რომელი ოდესმე ღორ იქმნა მიზეზითა გრიგოლ პართისათა მდგომელმან წყობად და განმზადებულმან თჳთ წინამსრბოლობითა იჴუმია კუეთება, რომელნი მოაწყუდივნა ქალაქსა გარეთ. კუალად შემ[ზა]ხებელმან სპათა მისთამან გამოიღო და წარმოტყუენა ქალაქი, რომლისა სიმრავლემან ტყუეთა. და საუნჯეთამან დაფარა პირი ველთა და მთათა. ვინათგანცა აღივსო სამეფო ქალაქი ტფილისი, რომელ ტყუესა თჳთო რამად გინა ფუკად მომსყიდავთაგან მომსყიდელობდეს. შემდგომად ამისად მნადირებელი და მომნადირებელი მთათა და ბართა მოვლიდა ვითა იონათან მშჳილდ-კაპარჭოსანი, ვითარ, ჩუბინ უცდენელა მსროლელი, მყის სისრა-მყოფი მტერთა და მჴეცთა ზედა, ვითარ არტემისა, სახედ, რომელი ითქმის „მთაფოლო“, რომელ არს ღმერთი მონადირე.

კუალადცა ინება შეყრად და გალაშქრებად, და მიმართა დიდად ქალაქად ანისად, რომელი ძუელ ოდესმე ბერძენთა მეფეთა სახლი და საჯდომი იყო, რომელსა შინა მოდღესამდე არს ათას და. ერთი ეკლესია. და მირიდებითა ბერძენთათა და მიმოცვალებითა ჟამთათა დიდად-გუარიანთა ვიეთმე შადადიანთა გამგეთა დადგმულთა ამას ზედა მყის მიმჴდომმან სამ დღე იყო ომთა სიმრავლე და ძგერა ჰუნეთა, სიტყჳთ და საქმით ბოლოდ დასტეხნეს; ვითარცა აკანაფიანმან ამფხურელმან და მეხის-ტეხის მყოფელმან შორის ელვებსა, გარდახვეწასა შინა შადადიანისა ჴელთ იგდო ქალაქი ნებისაებრ თჳსისა და არა დამბრუნებელმან და შემტყობელმან დაიმჭირა სადგომად, ტახტისა მისისა შესანახავად და გასამაგრებლად დამგდებელმან ივანე ორბელისა, მანდატურთ-უხუცესისა და ამირ-სპასალარისა, თანაშემწეობითა სარგის მჴარგრძელისათა და სხუათა თემისა დიდებულთა აზნაურთათა ურვა-ქმნილმან მოჰმართა თჳსთა სანადიროთა სათამაშოთა და გასახარებელთა.

რომლისა ჯავრისაგან აღ[ი]ძრა ნაღველ-ფიცხელობა და ქედმაღლობა აგარიანთა და ისმაიტელთა. და შარიარმან სულტანად მწოდებელმან თავისამან მაწვეველ იქმნა ყოვლისა შამისა, ჯაზირისა და დიარბაგისა თურქთა თანა გარდმანისათა: არდოხის ძე, რომელი პაპის მისისაგან დიდგვართა კუზის ძე იყო, რომლისა მამამან, ლაშქრობათა შინა სპა-მრავლად სახელგანთქმულმან, გამოჩენილი ივანე აბულეთი ძე ლტოლვილ ყო; სალდუხ სელჩუკიანი, რომელი სულტანთა გუარსტომობდა სრულიად, მრავალთა დიდთა მეპატრონეთა და ფადაშაჰთა სპარსეთისათა თანა, მსგავსად მჴეცთასა აღმლესველი კბილთა, დიდითა და მიუწდომელითა ძალითა და უჰამრავითა ლაშქრითა მოვიდა და მოადგა ანისსა, ყოველთა დღეთა კართა ზედა მბრძოლი მაშქერებელი და მაძგერებელი ცხენთა და აბჯართა.

ხოლო ცნა ესე მეფემან მეფეთამან გიორგი ნაჭარმაგევსა სახლსა სათამაშოსა შინა, კაცმან მამადმან და ზეს გამომდებელმან წყობათა შინა, იჴმნა დასნი და დასნი და ზედადამმართველმან ერთმანერთთა ზენა-ქუენათა, ვითარ ყოველთა ხილულთა ზესთაობასა წინააღმდგომ ექმნა ჩრდილოსა და აღმოსავალსა. და ვითარ ითქმის, გმირი სრბად გზასა. შეირტყა და წარემართა და სუფევდა“, არღა დამხედველი მცირეთა, და ყოვლადვე არღა მომლოდინე ექმნა სახელგანთქმულთა ჭაბუკთა ლიხთ-იმერთა და ვიეთთამე ამერთაცა მინდობილი წყალობათა შემძლისა, ვითარ იტყჳს ისტორია ისქანდარ მაკიდოვნელისა, და ხადა ძალსა ძალთასა, რომელი მეუფებს ცასა ცათასა და თუალავს სიმრავლესა გარემომდგომთა მტერთასა. არცა განმლეობასა მტერთასა მახვილთა ელვისა, გარდამავალი მთათა შთავიდა შირაკად. რომელსა თანავაზირობდეს იოვანე მწიგნობართ-უხუცესი და სუმბატ სვიმონ-ქმნილი, რომელი სხუათა საჭურთა თანა საქმითასა აღჭურვილ იყო და მით მშლელ მისლვისათჳს სიმცროსათჳს სპათასა. არა დამორჩილდა მჴნე მჴნეთა და გოლიათი გოლიათთა, ჭეშმარიტად მიმღები მოწამეთა ღუაწლთა და გჳრგჳნსა, თჳთ სეხნაი ვითაცა მიმსგავსებული გიორგი: მან თუ ერთი ვეშაპი, ამან კულა ბევრნი ბევრთა სახენი ასპიტთა და იქედნეთნი სძლივნა უძლეველმან მჴედარმან, მართობთაცა შინა გონებისათა მიმართ. მხილველმან სარკინოზთა სპაებისამან გარდასლვითა მლოცველმან და მავედრებელმან, თუალთა ზეცად აღმპყრობელმან აღსაჭურველეს მიმცემელმან იოვანესდა ძელისა ცხოვრებისა მიძღუანვად. და ამჴედრდეს გულითა განჴშრვებულითა და ურთიერთას განამჴნობდეს. და შვილნი ცხოვრებისანი სიკუდილსა არა რიდებდეს თავსა.

ხოლო მეფემან მტკიცედ აზევებულმან ჰუნესა ზედა ჴმითა მით ხოსროვანითა გასცა ღაღადი და სწავლა გულსა მჴედართასა, ვითარმედ: „კაცნო ძმანო ერთსულნო და ერთ-სრჯულნო! თუ რაზომ დიდად კეთილ არს საღმრთოთა სჯულთა და ქრისტეს. სახარებისათჳს სიკუდილი, რომელნი სამარადისოდ ვნატრით ქრისტეს კუალთა შემდგომთა და მომკუდართა მათ თჳთ ბუნებითა მკუდართა სხეულთაგან და ხედავთა, თუ რაოდენ უფრო სასახელო არს მჴნებრივ სიკუდილი, ვიდრე სენითა განდნობითა განლეულებასა შინა, რამეთუ სახე და სახელი კეთილისა საუკუნოდ გზად გუყუების. რამეთუ გუასმიეს ძუელთა მომთხრობელთაგან, თუ რაოდენნი კუეთებანი თავს ისხნეს საღმრთოთა სჯულთათჳს ტომმან ებრაელთამან არტარქსერქსის ზე, ელენთა - ოდეს-იგი იძღუანებოდეს თ[ემისტ]ოკლეოს მიერ უცთომელისა სპასპეტისაგან სოფლისა მქონებელსა მძლესა არტარქსერქსის ზედა, რომელმან ზღუაცა მტკიცე ყო უომრად სპაებთათჳს, ხოლო ათინელთა ერთისა ოდენ ქალაქისაგან უკუნრღუეულ იქმნა. აწ ფრთოვანნო ლომნო ჩემნო, ჩემთჳს განლახურილისა აღვიხუნეთ ლახუარნი და ჰოროლნი, და უგმირნეთ ურწმუნოთა ღვთაებისა მისისათა“.

და წარმომთქუმელმან უკანასკნელთა-ლოცვათამან მოუწოდა ამირახორსა მისსა სუმბატის ძესა ლიპარიტს, ბექასა სურამელს. ქირქიშს აბულეთის ძესა და სამ ათასთა თანა მბრძანებელმან, მუნცა ღიმილითა და სიცილითა მლაღობელმან: „მოყმენი იგიცა ვჯობთ, რომელმანცა უმსწრაფეს უხეთქნეთ დროშის მქონესა, და დაცემითა მისთა დავსცეთ ბანაკი ნავალისი, მასმიეს და კედრისა შთამოსულთა“.

ესრეთ სასოებით მოქადულმან განვლნა რაზმნი და სუმპერაზმანი, განაწონნა კინენი მსავსად აფროდისისა მქონესა წყობისა მამტკიცებელისასა.

და ვითარ იხილეს დროშა დაცემული მკლავითა აქილიანითა, იქცევისი მკუეთრ მკუეთელად, იჴმიეს სივლტოლა ძალისაებრ ჰუნეთასა. რომელსა შინა აღესრულა სიტყუა წარქცევად ერთისაგან ამირსპასალარნი, დიდებულნი და ლაშქარნი. ამათ აქათ და მათ მუნით ადინეს ღუარი სისხლისა. და თჳთ მეფე ალექსანდრეს სუითა და სიაოშის მოყმეობითა სდევდა მრავალგზის გამომცვლელი რაზმთა, სცემდა და იცემებოდა, სრვიდა და ისროლებოდა, და ბუმბერაზნი მისნი თანაშემწეობდეს.

მხედველნი ვითარცა ერნი ისრაელისანი, და მზეცა, ისუ-ნავეთებრ, მდეგი ვეღარა მპყრობელი ეტლთა განგებითა მსრბოლობისა[თა], შთაეწურა დევნასა შინა მათსა.

და კუალად შემქცეველთა იხილეს სიმრავლე სრვილისა და მოსრვილისა, ჴელმწიფეთა და დიდებულთა, აზნაურთა ლომთა და მონათა, სიმრავლე კარავთა და სარაფარდათა, სიმდიდრე თუალთა და მარგალიტთა, ოქროთაჭედილთა და უჭედელთა, აქლემთა, ცხენთა და ჯორთა და ყოველთა განძთა, სოფლისა სიმდიდრეთა და მონა გებთა აღსა რიცხად გარდარეული. ცოცხალთა უამრავთა თანა იხილეს ოთხთა კუდართა მიერ აპყრობა ჴელისა, რომელი რქუა ათასისადა ათასთა ესრე სახედ მგებარეთადა ქმნა, რათა იწყეს შეკრება ორმოთა ზედა.

და იხილნა მეფემან კოსტანტინე საყუარელნი და საკუთარნი ვეზირნი, სპასალარნი, ჴელისუფალნი და თავადნი, დიდებულნი და აზნაურნი, მონანი და მოყმენი. და შეხადეს მას ყოველმან ერმან და ესრეთ ჰქუეს შემოსილსა ჴელმწიფესა დაკოდილთა და ნაცემთაცა: „მშჳიდობა რა[დ]ცამცა სახე[დ[ დაისასახოდ[ა], თუ ვითარ მხიარულნი და მმადლობელნი ღმრთისანი და ღმრთისაგან მის სახედ ჩენილისა პატრონისანი იშუებდეს ფრიად მპოვნელნი მამა ძისა და ძე მამისა, ძმა ძ[მ]ისა და თჳსი ნათესავისა, პატრონი ყმისა და ყმა პატრონისა. გამარჯუებულნი და აღვსილნი ყოვლითურთ სიხარულითა იღიმოდეს, ამბორს უყოფდეს ურთიერთას.

და ამას ესევითარსა განსაცხრომელსა და სახარულევანსა მეფობასა შინა თჳთ მეფე მისით სპითურთ გარდამავალი თაყუანისმცემელ ექმნა ზენასა განგებასა. არა სრჯულთა სიმტკიცეთა, არცა მსხვილ-ბარკალ[თა] მამაკაცისათა, არამედ მას ზენასა ხუედრსა და ზეშთა წმიდასა განგებასა უგალობდა, დამხედ სიმდაბლითა დავარდა წინაშე უფლისათ ღმრთისა საბაოთისთა ძალთასა და ცრემლთა მიერ სულ-დართულ დაჯდა განსუენებად და აღებად ბევრისა ბევრეულთაგან ნიჭთა მცირედ მცირედისათა.

და ეგრეცა აღვსილმან საჭურავთა და საჭურჭლეთა მიერ, აღმსხმელმან ჴელმწიფეთა და დიდებულთამან, აზნაურთა და მონათამან მარადის, სამ დღე დამყოფელმან კართა ანისისთა და მაურვებელმან ქალაქისამან და მას შინა დამყენებელმან ამირისამან და ლაშქართა ამყრელმან პირითა მხიარულითა წარმოავლინა მახარობელი წინაშე ფილოსოფოსთა და პატრიაქისა, რომლისა ლოცვა თანამწედ ჰქონდა. და თჳთ ნათლითა პირითა პირველად მივიდა გამზრდელისა მისისა წინაშე, თამარსა დედოფალსა დედოფალთასა, რომელმან დაივლტო პირველად ცრემლითა და მერმე სიხარულითა გარდარეულითა. და კუალად შეეყარა ცოლსა თჳსსა ურცხუენელითა პირითა და ახოვნითა სახითა.

ამას ესევითარსა მისსა მორჭეულობასა და გაზეებასა და აღმატებულებასა რომელმან აღვლნა ყოვლითურთ საზღვარნი პაპათა და მამათანი, და განისმა ამოწყვეტა შამისა და ჯაზირის, სომხითისა და არზრუმის ლაშქართა. ჴელმწიფეთა და დიდებულთა. მიესმა სულტანსა ხუარსნისას და ერაყისასა, და ხალიფას მპყრობელსა დიდისა ბაბილოვნისასა და ცრუ სჯულისა მდებელსა სარკინოზობისასა, და ვარაზგ ათაბაგსა სპარსეთისასა. და მწუევართა და შემკრებელთა ისლემობისათა მოაჴსენეს და ძებნეს ცაეცხლითა განლეულნი ძუალნი ზორო[ა]სტროსისნი, რომელი იყო პირველ[ი] მეფე და ვარსკულავთ-მრიცხველი სპარსთა შორის, რომელთათჳს ითქ[უა] ესრეთ: „ვიდრემდის გაქუნდეს ესე, არა მოაკლდეს მეფობა სპარსთა“. და შეიყარნეს რანს და მომართეს ქუემო კერძოსა ქუეყანასა სომხითისასა, და მოადგეს ციხესა გაგისასა. აიღეს იგი და მოაოჴრნეს ყოველნი საზღვარნი.

ცნა ესე სახელგანთქმულმან და უძლეველმან მჴედარმან და უებრომან ჭაბუკმან გიორგი მეფემან და მსწრაფლ შემყრელმან შვიდთავე მისთა სამეფოთა, იმერთა და ამერთამან, და გამოასხნა ოვსნი და ქუეყანანი დიდძალნი და მომართა სულტანსა, მყოფსა აურაცხელითა და უამრავითა ლაშქრითა. რამეთუ იყვნეს აქეთცა სიკეთე და სისრულე დაუსრულებელი, და მომართეს და გავიდეს [ადგილთა] მათ, ლაშქართასა. და ვითარცა ცნა ესე სულტანმან, ათაბაგმან და ყოველთა ფალავანთა და დიდებულთა მათთა, თქუეს. ვითარმედ: „არა არს კაცი დღეს პირისპირ შემბმელი გიორგისი და მისთა ლაშქართა და უფროსღა გაგის შინა მყოფთა განვლეს წყალი ეკლეცისა, რომელსა შინა მსწრაფლ მსრბოლობამან და ჯარმან [შეაყენა ისინი], და ეწივნეს მწუერვალნი ლაშქართანი, დაუწყეს ჩამოყრა.

ესე ვინათგან ცნა ჴელმწიფემან და სუე-განდიდებულმან, მკლავმან აქილიანმან და გულმან მაღნინტოანმან, მიეტევა სახედ მჴეცისა, გარნა უქმ იქმნავე ესევითარ[ი] ძლევად განმზადებულება. ანტაკრა ექმნეს ვიეთნიმე დიდებულთაგანნი ვიდრე სადვეთაცა დაჭიდებადმდე, ხოლო უფროსღა ვარდან კოლონკელის ძე, რომელსა მას ჟამსა ერისთაობაცა ეპყრა ჰერეთს, კაცი დღითა მომწჳსებული და ბრძოლათა შინა ძლიერი და გამოცდილი. ნუ უკუე შურმან და მტერობამან ყო ერთი-ერთისამან. რამეთუ კეთილისა და სრულისა ნაქმრისა დარღუევა ორთა ვნებათა მიერ; ანუ მოკლებისაგან ძალისა, ანუ შურისა. ხოლო ურჩეულეს ყოველთა ძალთა და ყოველთა ზესთა ძეს [ღმერთი] ვითარ მბადი ყოველთა ძალთა და მოქმედებათა. და არავინ ეკუეთნეს მის მიერ ურჩეულესად დაბადებულსა მოკლება[დ] ოდესმე ძალისა. რამეთუ მიზეზთა მიერ ზესთა ძალთასა აღეგო იგი. კუალად თუ შურისა მიერ დასდევ იგი დასარღუეოდ, ვითარ ეგოს ურჩეულესი ყოველთა თჳს ზემო მქონეობასა და ბუნებით-კეთილობასა შორს? რამეთუ უცხო არს კეთილისაგან შური, ვითარ სახენიცა სახად ჰყოფენ.

და არა მიუშუეს მეტყუელთა ამისთა; „ვინათგან გაქცეულა სულტანი ყოვლითა სპითა მისითა, ნუღარა აღზევებულ მკადრებლობ ღმრთისა“. ესრეთ მიზეზი უმიზეზო, სიტყუა უსიტყუე, საქმე უქმი. გარნა ვინათგან მეფე ცნობითა ბრძენი და მომსმენი იყო, დამორჩილებული კუალად ეგო, გამყრელი ლაშქართა თჳსსავე შუებასა, სიხარულსა და ნადირობასა.

შემდგომად ამისსა სულტანი და ათაბაგი ყოვლითა ძალითა მათითა და სპითა მათითა აღვიდეს გელაქუნად, მომტყუებელი ძალისა მოვიდა და მოადგა კართა ანისისათა, და ზემოთ შაჰარმენი და ყოველი ჴელმწიფე არაბეთისა. მას ჟამსა შინა ანისსა განამტკიცებდა თორელი, დიდი და სახელგანთქმული მოლაშქრე, და განამზადნა საბრძოლველნი და მანქანანი, დამრღუეველმან და მარბიელმან და ამაოჴრებელმან გარეთთა ქუეყანათამან.

ესე ამბავი ვითარ მოისმა ქუეყანასა ამას, და მიიწია წინაშე მეფისა, რომელი მცირედითა ლაშქრითა, მონადირე და მხიარული, დგა შორის მთათა ლორისა და დმანისისათა. რომელსა წინაშე მოსრულ იყოცა მოციქული სულტნისა, კაცი მოგჳ და ტრელი, მეცნიერი საქმისა, ამხილველი და გამომხილველი ლაშქართა დგომისა, ვითარ ითქმის ინდოთა აღწერილსა ქილილა-დამანასა შინა იგავი ბუთა და ყუავთა, ეგრეთვე ამან, სახედ ყუავისა გამომცდელმან ლაშქართამან, მოისხნა ფრთენი და აფრინდა, და მივიდა წინაშე სულტნისა და ათაბაგისა, და მეტყუელმან ესრეთ თქუა: „აჰა, ჟამი კუალად-გებისა ჩუენისა. უკუეთუ აწ არა მიხუდეთ, სხუა ჟამი ვეღარა ჰპოვოთ“.

ვინათგან იხილა მცირედითა მდგომი, და განლაღებული ამას ზედა ძალითა შემმართებელითა მკლავ-მაგრისა, სუე-ამაღლებულისა მეფისა წარმმართველმან ღამისამან ჟამსა განთიადისასა მძინარეთა ზედა დამსხმელ ექმნეს ესრეთ, რომელ ძლითღა იჴუმია სწრობა შეჭურვისა და [ა]მჴედრებისა. ამას ზედა ივანე ამირ-სპასალარმან და სხუათა დიდებულთა კნინღა და შეპყრობისა სახედ წარმოიყვანეს და გამომართეს მეტყუელთა ამისთა: „ნუ უკუე, მეფევ, ჟამი არს ომისა, და ჟამი არს სივლტოლისა, ვინათგან ყოველსავე საქმესა ჟამი მიაჩანს. რამეთუ ოდესმე ალექსანდრეცა იძლივა დედაკაცისა მიერ, და ეგრეთვე სამბსონ [დალილასაგან და სოლომონ] სიბილასაგანი“. და სხუანი სახენი ჴელმწიფეთა ძლეულებისანი წინაუყენეს, - „ნუ უკუე რათამე განვარისხეთ ზე-მეპყრი შარავანდედობისა შენისა და საწთოდ იმამებრივა მამამან ძისა სწორად აღზევებულსა ძესა დავითიანსა ზედა. ვინათგან იგი საულისაგან იდევნებოდა, მეფე და წინასწარმეტყუელი, უფროსღა მამად ძისა ღმრთისა განჩინებული. აწ ჩუენცა თავსმდებელთა ვიჴუმიოთ სივლტოლა, და კუალად შემძლევმან ძლევათამან ჩუეულებითავე მოგუაგოს უძლეველობა“.

და ესრეთ იძულებითა წარმოყვანილი და გამომართებული მრავალგზის იგი და მისნი მოყმენი რაზმსავე შინა იპოვნეს გარე-უკუნმქცეველნი და დამჴოცელნი სპათა მისთანი, რომელთა ესევითარი სიმჴნე, უცხო და განსაკრთომელი საქმე [იხილვა, რამეთუ] არა დიდებული, არა აზნაური, არა ვარგი და საცნაური აზნაურის ყმაცა დაკლებულ იქმნა მათ ლაშქართა შინა, თჳნიერ ერთისა ჯუარი[ს]მტვირთველისა ქანის ძისადა ერთისა ბედითის კაცის აზნაურის კიდე, გარნა ჯუარი წარმოყვანებულ იქმნა მშჳდობით.

ჵი, განსაკრთომელი სიმჴნე და სიქუელე და ჴელი საუფლო! ვითარ რომელთა წყობათა შინა სმენილ არს, გინა ძუელთა გინა ახალთა, ესრეთ უვნებელობა უგრძნეულად დამსხმელობასა შინა შემდგომად ამისად და ვინ[ა]ცა იხილეს ისლემთა განმფრჴობი ჴელთა მათთაგან, მეტყუელთა ესრე განიზრახეს: „ვინათგან უგრძნეულოდ დამსხმელთა ვერ ჴელთ ვიგდეთ, აწ გრძნობილისა დევნა-[დევნა] არს აჩრდილთა და წიაღითა პყრობა ქართა. აწ უკუნ ვიქცეთ, რომელი მოგუცა ღმერთმან ამისნი მმადლობელნი, თჳსადვე მამულად“.

ხოლო ესე ესრე სახედ იპყარ ყოველმან მცნობელმან და წარმკითხველმან ამისმან: „საზღვარი დასდევ და არა გარდაჴდეს. და ვითარ მზე, დიდი ბასილი, მნათი კესარი[ი]სა ბუნებითმეტყუელობასა შინა არსთა ქმნილებისასა „ექუსთა დღეთასა“, [იტყჳს], ვითარ: „ჩიტი ალკუნი ბაგესა ზედა ზღჳსასა დამსხმელ იქმნების კუერცხთა, ოხრანი და ღელვა-ტეხილობანი ზღჳსანი ვერ გარდაჴდებიან ბრძანებასა ღმრთისასა; და მცველ ექმნების თესლოვანებასაცა ალკუნისასა“. აწ უკუეთუმცა მიუშუა ზენასა განგებისასა და არა წინააღმდგომ ჰქონდეს გაქცევასა სულტნისასა, დამცაქაცეულ იყვნეს ყოველნი მაღნარნი სარკინოზობისანი. და ეგრეთვე, არათუმცა უკუნ ექცივნეს შიშსა და სიმჴნესა მეფისასა და სპათა მისთასა, წარტყუენილ იყვნესმცა უმანკონი არენი და ადგილნი.

შემდგომად ამისა უბოძა ანისი თჳსსავე მემამულესა და ითაყუანა თავისა თჳსისა ყმად. და თჳთ შემოეხუეწა ელდიგუზ ათაბაგი და ჩამოდგა შუა სულტანსა და ქართველთა, და ითხოვა ზავი. აქეთ დედოფალი რუსუდან, და[ჲ] მათი, სულტნის ცოლყოფილი ჩამოდგა, და შეიქმნა მშჳდობა და ზავი ჟამ რაოდენმე.

თჳთ მეფე დაჯდა სიხარულად და განსუენებად და ნადირობად. ოდესმე, ჟამსა ზამთრისასა, გარდავიდის ლიხთ-იმერეთს და მიუწიის ზღუად პონტოსა, მოიწიის და მოინადირის ალანთა ქუეყანა, რომელ არს აფხაზეთი, ოდესმე გურგენის ზღუადმდე. და ამას შინა სუფევდა და იხარებდა სუფევითა ულუმპიანითა. და ვინათგან უღონო იქმნეს ლაშქარნი და დიდებულნი ამის სამეფეოსანი, მკადრებელნი [იტყოდეს] ესრეთ: „არა არს ღონე დარჩომისა ჩუენისა თჳნიერ ლაშქრობისა და რბევისა“ და მომსმენელმან მეფემან წარსცნა ზავნი და ფიცნი შინა და ესრე სახედ ილაშქრა ლიხთ-იქით. ყოფასა შინა დამსკუნელმან ლაშქრობისამან და ერთსა დღესა შინა პაემან-შემქმნელმან უბრძანა ტაოელთა, კლარჯთა და შავშთა მორბევა ოლთისიცა და ბანისა, მესხთა და თორელთა - კარისა და აშორნისა, და ამირ-სპასალარსა და სომხითართა - აქეთ ვიდრე განძამდის; თჳთ ხასაგანიანთა, ლიხთ-იმერთა და ქართველთა - განძას დამართებით მტკურის მტკურის პირი იმიერ და ამიერ ხოლთამდის, ჰერთა და კახთა - ალაზნის. შესართავით ვიდრე შარვანამდის. იქმნა ესევითარი უცხო ლაშქრობა, რომლისა სი[გ]რძე არაოდეს ვის ეხილვა.

მჴნედ და მსწრაფლ მავლობისა მისისა რომელთამე ვინღა თქჳს? ნუ უკუე და უმსწრაფლეს ამბაკომისა, დანიელის ანუ თუ ილიასი, სინასა შინა წვიმისა ერთი ღრუბლითა შემკრებელისა ანუ თუ ელვისა ეტლითა აღმავალისა? ნუ უკუე და ჰნიელ მსგავსი მღასოსა, ფერჴთა წყალ-მცენარისა, ანუ ვეფხისა მის ფრთოვანისა წამსა შინა მლაშქვრელმან და აღვსებულმან აურაცხელითა და მიუწდომელითა საუნჯითა გარდმფრინველობისა ნავროზობითა გეგუთსვე ეგო, რომელ მუნ მყოფთა ძლითღა სამე ირწმუნეს ყოფა ამისი.

ხოლო აწ ესევითარნი რა ენამან, ანუ რა გონებამან თჳთეულისა ჴელ ყო მოთხრობად, საწყენ სამე იქმნას აღწერილი განგრძობითა სათქმელთათა. ვინათგან დავითიანობა და სოლომონიანობა მოჰგვარობდა ცხებულსა ღმრთისასა, ამასცა სოლომონიანებრ ჰმონებდეს ყოველნი მეფენი ქუეყანისანი.

მოვიდა ოდეს ანდრონიკე კომნიანოსი ცოლითა სახებრწყინვალითა და შენიერითა, თანა შვილებითურთ და დისწულითა, მამის ძმისწული დიდისა მანოელ კეისრისა და ყოვლისა დასავლეთისა და საბერძნეთისა მეფისა. და ვითარ მართებდა, ეგრეთ მმადლობელმან ღმრთისამან შეიწყნარა და მისცა პატივი შესატყჳსი სახლის-შვილობისა მისისა. და მიმცემელმან ქალაქთა და ციხეთამან კმასაყოფელთამან დაუდგნა საჯდომნი სიახლესა საყდრისა თჳსისასა, პირისპირ მამის დისწულისა მისისა აღსართანისასა, რომელი მეფე იყო შარვანისა და ზღჳს პირისა დარუბანდით ხირხალამდის, რომელი მეფესა უჩნდა ვითარცა შვილ-ყოფად ვითარცა ერთი დიდებულთა მისთაგანი. ესე შარვანშა შემოეხუეწა ოდესმე დაჭირებული დარუბანდელთა ხაზართაგან. მაშინ შეიყარა ლაშქარი იმიერით და ამიერით, თჳთ ძმა ბერძენთა მეფისა ანდრონიკე წარიყვანა წინაშე და მივიდა ვიდრე კართამდის დარუბანდისათა. მოაოჴრა ქუეყანა მუსკურისა და შარაბამისა, და აიღო ქალაქი შაბურანი, რომლისა კართა თჳთ მჭვრეტელობასა შინა მეფისასა მოსაწონელ იქმნა ანდრონიკე თჳთ მისგან და ყოველთა სპათა მისთაგან. და უბოძა ქალაქი იგი მამის დისწულსა მისსა შარვანშას, და მუნიდაღმან, მომრბეველი ბასიანისა, რომელი-ესე უცხო იყო შესაძლებელად კაცობრივისა ძალისაგან, შემოქცეული მუნით და გამარჯუებული იშუებდა და იმოთხვიდა საყოფელთა მისთა.

ოდესმე გამგზავნელი სპათა და სპასალართა მისთა, მიუწიის ნახჩევნის ოდესმე მასისამდის და ღაღუამდის, ოდესმე ბარდავამდის და ბელაყანამდის. ამას ესევითარსა მარჯუებასა და ზეობასა შინა განამრავლნა საჭურჭლენიცა, და დადვა თჳთ მისით მონაგები და მისთა ტყუეთაგან მონაგები ციხესა შინა უჯარმოისასა, რომელი აგებულ იყო ვახტანგ გორგასლისაგან, რომელსა შინა თჳთ აღესრულა ლომი იგი ლომთა და გოლიათი გოლიათთა. სანადიროთა ქორთა და ძაღლთა სიმრავლე და სიტურფე და მოკაზმულობა არაოდეს ვისგან ქმნილა, არცა წიაღ-მართ ყოფად არს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>