ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

ამას ესევითარსა და სრულყოფასა ყოვლისა სოფლისასა და საწუთროთა გემოთა საწადელთასა მოიწიფა ძმისწული მისი, შვილი დავით ძმისა მისისა უხუცესისა, სახელით დემეტრე, სახე-კეთილი და ყოვლითა ჴელითა მარჯუე, ნასწავლი, მსგავსი სახლიშვილობისა მათისა, გარნა რომელი ცუდ იქმს ყოველთა სიკეთეთა და სწავლულებათა, სახე-უკლებობათა და ჭაბუკებათა, იგი ექმნა მკლველ და შემმწარებელ ჟამთა ცხოვრებისა მისისათა: უშიშობა ღმრთისა და გარდამავლობით მოქმედება სჯულისა ქრისტეს. მცნებათასა, ვითარ თანაშთამამავლობა და გუართა უბედურობა ამის სამეფოსა კაცთა. ვინათგან დავითცა. მამამან მისმან, ღალატსა და განდგომილებასა შინა მამისა მის დემეტრესსა ამოსწყჳტნა ამის სამეფოსა დიდებულნი რომელნიმე ექსორია-ქმნითა, რომელნიმე სიკუდილითა და რომელნიმე განპატიჟებითა, აქაცა მსგავსად მისა შევიდა ეშმაკი გულსა და გონებასა მისსა და მის მიერ შერისხდა ღმერთი ორბელთა და ყოველთა ტომთა და მიმდგომთა მათთა: სამცხეთართა, ჰერეთთა, კახეთთა და სადაცა ნათესავი და ნატამალი მსმენარი მათდა იყო. იქმნა განდგომა, ბრძოლანი, კლვანი, სისხლნი და რბევანი. და არა მიმშუებელმან ღმერთმან, მოქმედმან სამართალთამან, რომელ[მან] დავითის ზე აბესალომს არა მისცა უფლება - რომლისათჳს ითქმის წმიდასა შინა სახარებასა: „უკუეთუ ჰქუას მშობელსა შვილმან „კორბან“ - ნიჭი, ჩემგან სარგებელ ყოფად სიკუდილითა მოაკუდინა. ამისთჳსცა მიცსა გიორგისვე ძლევა, მძლეთა მძლესა.

და შემყრელმან ლაშქართამან ტფილისით ქალაქით მიმართა სომხითის მთასა ყოფობასა შინა, იოტნა გააქცივნა, შეიხუეწნა ციხესა ლორისასა, და მოუხუნა ყოველნი სიმაგრენი და ციხენი. ვინაცა წამოუვიდა დემეტრეს სარგის მჴარგრძელი, შვილითა და ძმისწულითა მისითა, ძმა და საყუარელი ორბელთა. ესე შეიყუარა და შეიტკბო მეფემან, და მისცა მისანდობლობა გუარისშვილობისა მისისა. და მომრბეველმან ტაშირისა და ლორის კართამან დაიბანაკა აგარათა. და გაგზავნა ლაშქარნი, რომელნი დარჩომილ იყვნეს ერთგულად მისად და სხუა თემისა და თემის: მესხნი, თორელნი, ქართლელნი, სომხითარნი და თჳთ გაზრდილი მისი მეჯინიბეთ-უხუცესი ჭიაბერი, და მივიდეს ქუეყანასა ჰერეთისასა და მუნით მოვიდეს ჰერეთის ერისთავი და ყოველნი ჰერნი სრულითა ლეკითა და კავკასითა. და შეიქმნეს ჟამნი ფიცხელნი და კუეთარკუეთებანი, რამეთუ იყვნესცა გამოცდილნი და ლომნი ჭაბუკნი. ამას შინა სძლო მსჯავრისა და სიმართლისა მქონებელმან, და გააქცივნეს ჰერნი, დიდებულნი აზნაურნი, და ლეკნი. შეიპყრნეს[...] და გრიგოლ ასათის ძე, ფიცხლა დაიკარგა ომსა შინა, თჳთ ჴრმლის დაკოდილობითა და გამოკლვითა ცხენისათა შეიპყრეს ივანე ვარდანის ძე, რომელი ითქმოდა პირველითგანვე მთხრებლად მთხრებლისად, და თანა შოთაცა, ძე ართავაჩოსძისა. ესენი ვითარცა შინათ-გამცემალნი განზრახ განგებითა ჴელთ იპყრნეს, წამოსრულთა მოასხეს წინაშე მეფისა, მარჯუება-აღმატებულისა. და გაიხარეს სიხარულითა დიდითა ფრიად, ვინათგან ხედვიდა მარჯუებისა მომცემსა ღმერთსა.

მაშინ მეფე აგარას მყოფი აღვიდა და მოდგა ლორესა. მუნიდაღმან წარსრულ იყვნეს სპარსეთს ქართლის ერისთავი სუმბატის ძე ლიპარიტ. მეჯინიბეთ-უხუცესი ქავთარ ივანეს ძე, რომელნი-ესე გიორგისაგანვე იყვნეს ჴელისუფალნი, და ანანია დვინელი; ზოგნი შაჰარმენისა, ზოგნი ელდაგუზის ძეთასა. დაღაცათუ უშუელეს და მოჰყვეს, ეგრეთვე უქმადვე უკუნ აქცია მართლმსაჯულებამან ქრისტესმან. ამას შინა დაუღონოვდეს ლორეს შინა მდგომნი. დემეტრე, გარდამომბმელი საბლისა, გარდამოჴდა ციხისაგან და მომართა თავისავე ბიძასა. და ამირსპასალარი და სხუანი, რომელნი დარჩეს ციხესა შინა, გამოასხეს მსგავსად სუისა და ეტლისა მათისა. აიღო ლორე და დაიმჭირა თავისა თჳსისათჳს. ხოლო მას ჟამსა თჳთ მორჭმული და ზეამაღლებული წარმოვიდა ურჩთა და მტერთა მისთა [ზედა] და შემსგავსებული საქმეთა მათთა მიაგო მისაგებელი. თჳთ მოვიდა ნაჭარმაგევს, იშუებდა და იხარებდა შემრისხველი მტერთა მისთა.

შემდგომად ამისსა მეორესა წელიწადსა შეიყარა ყოვლით სამეფოთ მისით შემოქცეული ღანუყით ნაჭარმაგევსა. შემყრელმან შვიდთავე სამეფოთა მისთამან აწჳა დედოფალთა დედოფალი, ბედნიერი და სჳანი ცოლი მისი ბურდუხან და შვილი მათი თამარ, ნათელი და ბრწყინვალება თუალთა მათთა, და მანიაკი ყოველთა მეფეთა, და გჳრგჳნი ყოველთა ჴელმწიფეთა.

განრჩევითა და გამორჩევითა, განგებითა და გაგონებითა ზენისა მის ხუედრისა შარავანდედთა მნებებელისათა მეფე ყო თამარ, თანადგომითა ყოველთა პატრიაქთა და ებისკოპოზთა, დიდებულთა იმიერთა და ამიერთა, ვაზირთა და სპასალართა და სპასპეტთა. და დაისუა მარჯვენით მისსა მეფე და დედოფალი, შემკული და შემოსილი პირად-პირადითა ფესუედითა ოქროანითა, ბისონითა და ზეზითა, რომელსა ხადა მთად ღმრთისად, მთად პოსილად და მთად შეყოფილად, და დაადგა გჳრგჳნი ოქროსა თავსა მისსა, ოქროსა მის ოფაზისა, აღმკული იაკინთთა, ზმირთა და სმარაგდოთა მიერ. და მდიდარნი ერისანი ლიტანიობდეს წინაშე პირსა მისსა. და თჳთ მეფე, მაფიცებელი ერთგულობისა და ერთსულობისა მისისათჳს და ცრემლით მლტოლველი და შემვედრებელი ღმრთისა, მაკურთხეველ ექმნა აბრამიანთა ისაკისადმდე, და ისაკიანთა იაკობიასადმდე და იაკობიანთა ვიდრე იოსებიანთადმდე, რომელი ჩანს ვითარ მზე უღრუბლო ჰ[აე]რისა მიდღევანდლად დღედმდე, კურთხევა მამისა შვილსა საყუარელსა, ნანარსა და მშჳდსა დავითიანებრსა ზედა, რომელი მსგავსად ლოდისა მის გამოვიდა მთისა მის, დანიელისაგან ხილულისა, იმატა, იმატოს და მერმეცა იმატა, ვიდრემდის იქმნა მთა დიდ, ლოდ საკიდურ და არა ლოდ შებრკოლებისა. და შემუსრა ყოველი ხატი და ყოველი კერპოვნება ოქროთა და ვეცხლისა, რკინისა რვალისა და კეცისა, რომელიმე უხილავთა ძალთა ძეგლები და ანდრიანტები, რომელიმე ხილულთა მბრძოლთა და წინააღმდგომთა.

შემდგომად ამისა დღეკეთილობასა და სუესრულებასა შინა მოიწია თანანადები სოფელსა ამას შინა, არამედ მოსრულთა, გარნა უჟამო და შეუსწორებელი შემცირებით განწესებულთა მოქცევათა, და მიიცვალა დედოფალი [ბურდუხან], დედა თამარისი, სწორი ძისა ღმრთისა დედისა. და თუ ვითარ ჟამთა. და ვაებათა სიმრავლენი იქმნეს, შესატყჳსნი მოსაწყვარისანი, რომელმანცა ენამან გამოთქუა? გარნა ესეოდენ ვთქუათ პატივად და სიმტკიცედ მოსაწევართა.

მეფესა, გეგუთს მყოფსა, უთხრეს ესეოდენ ზარგანჴდილობა. თმათა და წუერთა ამფხურელმან, მსგავსად მათ აბესალომ ოქრსთმოსნისათა, და ცრემლთა ნაკად-დენითა ათასეულთა და ბევრეულთა მცემელმან მკერდსა, მკულელ უღონო ქმნილმან აღიკუეცნა თმანიცა თავისა მისისანი, სოფლისანი, და ესევითარითა შემუსრვილითა [გულითა] აღისწრაფა შეყრა საყუარელისა და ტკბილისა დედისაგან უსამშობლო ქმნილისა, რომელსა ნათელი ცისკროვნება ჰაერისა მისისა სიმრუმედ გარდაქცეოდა. და ნაკადნი ცრემლთანი ოთხთავე თუალთაგან, მოხუევასა შინა ურთიერთას, მსგავსად სამოთხისა მომცენარეობდეს სახედ გეონისა, ვინათგანცა ესრე იქმნა ქუეყანა ქართლისა, კუალად ნუგეშინის-მცემელი და შემატკბობელი შვილისა საყუარელისა და სატურფოსა უმეტეს ზომისა იმედის მდებელ ექმნა ორკერძოვე სიყუარულისა მინიჭებითა და ჟამისა უქმნელობითა. დააგდო ქართლი და მიჰმართა ჩაღმართ. ვითარცა წესი იყო, რა გარდაჴდა ჟამი ამის ვამისა და მისაწევრისა მოქცევისა, კუალად იშუებდა მონადირე მთათა და ბართა, ბრძანებითა მპყრობელი აღმოსავლეთისა და [დასავლეთისა], ჩრდილოსა და სამჴრისა. სძღუნობდეს და სძმობდეს მას მეფენი ბერძენთანი, [იერუ]სალიმს. ალამანთანი, და ჰრომთანი, და ჰინდოთანი, და ხონელნი; და ეგრეთვე სულტანნი ხორასნისა, ბაბილოვნისა, შამისა, ეგჳპტისა და იკონიისანი ჰმონებდეს, და შემდგომნი ამათნი სკჳთნი, ხაზრნი, ალანნი, ხუარასანი და ხუარაზმშა, და ბერეთელნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი, და ყოველნი ენანი და ნათესავნი მაშრიყით მაღრიბამდე.

ამას ესევითარსა სისრულესა სოფლისა მონაგებთა და დიდებათასა აჰა მოიწია ჟამი ევას წყევისა და ადამის ცთომათაგან დანასაჯი აბელ მართლისათ ვიდრე ზაქარიასა და ძმისა მისისა იოვანესამდის, აღმსარებელთა მართალთასა, ჯოჯოხეთად ტვირთვად სამოელ მკლველისა ჩუენისა და თჳთ თავისა მკლველისა, ცით ცათათ უფსკრულად ქუესკნელსა შთასრულისა, ანგელოზობისა და ნათელ-მოსილობისა სიბნელედ მყვისა და ეშმაკად გარდაქცეულისა, რომლისა ჴელთა შინა იპყრობოდეს მყუარებელნი და ყუარებულნი ღმრთისანი. ამისად ჴსნად მნებებელმან ღმერთმან კაცთა ცთომილთა კაცობრივითა სახითა იმოქმედა, არა ძლიერებისა მომმძლავრებელმან, ვინათგან ოცდა ათცამეტთა წელთა ქმნენ ნიშნი და სასწაულნი და იმეუფა ქუეყანასა ზედა მეუფემან და მექმემან ცისა და ქუეყანისამან. ამისად შემდგომად, თავისა-მსხმელმან ცოდვათა და ცთომათა მედინისა ამის და ხრწნადისა სოფლისათამან, მიიღო სიკუდილიცა უკუდავმან, გარნა ჴორცთა ჩუენისაგან თბისა, ჩუენისა დაჴსნისათჳს, ჩუენისა მიმხუმელმან. და ვინათგან ღმერთმან და ძემან, უწინარეს საუკუნოთა უკუდავმან, არცაღა მისგან მოსილნი ჴორცნი უკუდავ ყვნა, სხუა რამცა ვსახე, სხუა რამცა გავისახე, რამცა ნუგეშინის-მცემელი სხუა რამცა, ოთხთა სტჳქოთაგან დამჭირვად სული სხეულსა შინა მსმენელმან ამისმან? თუმცა [პირ]ველ იგი მზე მზეთა და შარავანდი ჴელმწიფობისა, ახალი ნებროთ, ალექსანდრე აქილევ, ქუეყანით ცად მიიმართა, და ამანცა მასვე მსგეფსსა მის ვნებისასა ივნო; ესრეთ „ვითარცა იგი ცათა შინა, ეგრეთვე ქუეყანასა ზედა“: ვინათგან მან ჴორცითა, სიგლახაკითა და სიმდაბლითა, წარვლნა ჟამნი ოცდა ათცამეტისა მოქცევისანი, ხოლო ამან არა ესრეთ, გარნა ვითარცა სახედ-ჩენილმან ღმრთისამან.

ესერა ესევითარი საგოდი და მოსაწევარი მოსაწევართა, განსახეთქელი კლდეთა და განსაპობელი კართა საბლისა და საშინელება შთამოსაცჳვრი მანანათა და ვარსკულავთა, ესმა სამ-მნათობიერსა მეფეთ-მეფისაგან მეფედ ქმნულსა თამარს ქალაქსა შინა ტფილისსა, საჯდომსა მათსა ციხესა ისანს, ყოვლითურთ სამოთხის მსგავსი სამყოფი იქმნა მსგავს ჯოჯოხეთისა, და შუებათა წილ და სიმღერისა აჰჴდეს ჴმანი ვაებისა და ტყებისანი, და ნათელთა წილ მიუაჩრდილებელთა შეიმუსრნეს არსნი და საგონებელ-არსნი. და თამარი, პირი იგი ეთეროვანი, და უკიმირო ჰაერი, და უმრუმო ნათელი შეიზღუდა ბნელითა. [თმათა] დამთხურელსა თამარსა უსწრობდა წყარო სისხლის წყაროსა ცრემლთასა. და წარსრულმან პატრიაქმან და დიდებულთა კმასაყოფელთა წარმოიყვანეს სამშჳლდით, მთხრობელთა საზაროთა და საშინელისა და მიუწდომელისა სათქმელისათა, [დაჲ] მეფისა დედოფალი რუსუდან თანა გაზრდილითა მისითა, რომელთადა შემყრელნი იყვნეს. მომსუეველნი ურთიერთისანი და მოლტობილ[ნ]ი სისხლ-რეულითა ცრემლითა შევიდეს ტაძარსა სამეუფოსა. ამხილველთა თუალთა მათთასა, მხილველთა საყდრისა ცამდი ამაღლებულისათა ნათელმზე-გაბაონიანისა და შუქის-ჰალონიანისა საჯდომისა მარმენიონთა და სუეთაგან პოეს დაცლილად. მიმოიხილეს გარემოს და იხილეს მიქაელ პატრიაქი ყოველთა ებისკოპოზითერთ მდგომი ვაზირი ანტონი, და ამირსპასალარი ყუბასარ. და სხუანი ჴელისუფალნი. ყუთლუ-არსლან მეჭურჭლეთ-უხუცესი, ვარდან დადიანი ჩუხჩარხი, ჭიაბერი მეჯინიბეთ-უხუცესი, აფრიდონ მსახურთ-უხუცესი, ივანე[...] და დიდებულნი აზნაურნი მონანი და მოყმენი თანა პორფირი და გჳრგჳნი სკიპტრითა და საჭურველითა სჳანად ჴმარებულითა. და კუალად ამხილველთა იხილეს კედლებიცა სრისა სავსე მეომართა, რაზმები, სპები, მონასპები, ქალაქები და ციხეები აწყუედილი და ოჴერ-ქმნილი. და თჳთ იხილეს ტანითა გორგასლიანითა და მკლავითა აქილიანითა და პირითა მნათობიერითა კაცი იროად საგონებელი. რომლითაცა ენითა გამოთქუან ანუ რომელიცა შემოვიდა სახე უსახოსა მის დღისა? რანი გლოვანი, რანი ტყებანი, რანი ვაებანი, რანი სისხლ-რეულთა ცრემლთა ნაკადნი ათასკეცნი რანი მოთქმანი და მოჴსენებანი ადამისნი აბელის. მართლისადმდე, დავითისნი იონათანისადმდე და იაკობისნი იოსებისადმდე.

ამას ესევითარსა უნუეშინის-ცემულობასა უჭურო-ქმნასა სხუაებისასა, შთაცმასა და დაფენასა ძაძისასა, კიდე-ქმნასა ყოვლისა სანოვაგისასა - ესენი ესთამდის.

ხოლო ამიერითგან ვიწყო წყობად, ბრძილად გონებისად მიმზიდავმან, და მკუეთებელმან მსგავსად ქვისა და რკინისამან აღმოვშობო ცეცხლი სიყუარულისა და ქებისა და სურვილისა, აღვატყინო და აღვამაღლო საჴმილი ცამდინ. მუნ შიგან აღმოვაჩინო ეთერიცა ცეცხლისა და ქუეყანა ცეცხლთაგან მლეველი ურჩთა და ცეცხლებრ ღონე და მოჴმარებული მეგობართა და მოყუარეთა. თუ მაშინ ნაბუქოდონოსორ სამთა ყრმათა თანა ოთხებად იხილა ერთი სამებისაგანი, აქა კულად სამებისა, თანა იხილვების ოთხებად თამარ, მისწორებული და აღმატებული.

ხოლო შემყრელთა შჳდთავე ამის სამეფოსა მეთქუ-მეტყუთა ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს: „დღეს შენა სჩან მშობელთა ამათთა ნაცვლად და ვინათგან ვხედავთ ყრმასა თამარს გონებითა და ყრმებრივითა, არამედ მეცნიერ[ი]თა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა, მომსმენელად და პატივისმცემელად შენდა, ხუედრთაებრ ჩუეულებითა, და უჩინოდ გხედვიდეს სახედ მშობელთა, არქუ მთქმელმან-მბრძანებელმან და მომჴსენებელმან შეცვალება. ამის ესევითარისა შეითისაგან და, სადა ძმასა თქუენსა და მამასა მათსა დაუსუამს ზეობასა და სიმჴნესა შინა მათსა, მუნ ჴელ-ყოს განბრწყინვებად ჴელმწიფობასა და შარავანდედობასა ტომის-გუარისა თქუენისა. უკეთუმცა არა შემეცნებულ იყო სისრულესა და პყრობასა ულუმპიანობისა და, ზეშთა სთქუათ, ამთავრებისასა მანიაკი იგი გჳრგჳნი მეფობისა, არმცა მრწმუნებელ ქმნილ იყო საყდარსა დავითისსა და ბეჭედსა სოლომონისსა. აწ ვინათგან მან ჴელ-ყოს ჴელითა მეფობასა და კურთხევითა გჳრგჳნოსან-ყოფად აღვიდეს, და ამაღლდეს და და ოდეს საყდარსა თჳსთა მამათასა აღპყრობითა და აღძღუანებითა ძელისა ცხოვრებისათა და კურთხევითა მელქიზედეკისათა, რომელი ყო აბრამის მიმართ, და მან დაიპყრნეს კიდენი ქუეყანისანი და მეფობდეს იგი ზღჳთი-ზღუადმდე“.

ამისმან მსმენელმან, მომწონებელმან და მაჯერებელმან დედოფალმან უბრძანა და მოაჴსენა თამარსა, მეფესა და დედოფალსა და მორჩილებდა პირველსავე ბრძანებასა აწ კადრებულსა დიდებულთა შჳდთავე სამეფოთასა და, მსმენელი ჰაჯისა, ძალითა-სამე დამორჩილ იქმნა.

აღმყვანელთა საყდართა და საჯდომთა [მამა]-პაპეულთა აღსუეს მზე იგი მზეთა და ნათელი ნათელთა, ელვარება და მზეებრ მაშუქებელი სხუათა. და მოიღეს გჳრგჳნი, და აღიღეს ჴმა მგალობელთა და ძლევით გჳრგჳნოსნობისა და მძლედ-მფლობელობისა, და მოაჴსენეს მთასა ზეთისხილთასა ჯუარი გამოჩენილი კოსტანტინესთჳს. და ამას ესევითარსა შესხმასა და გალობასა შინა, ვინათგან ლიხთ-იმერითგან იყო წესი დადგმად გჳრგჳნსა თავსა სამეუფოსა, აწჳეს მონაზონი ღირსი და მადლშემოსილი, მთავარეპისკოპოსი ქუთათელი ანტონი საღირის-ძე, მიღებად გჳრგჳნისა, და ცალის-კერძისა. კახაბერი, ერისთავი რაჭისა და თაკუერისა და სრულ ყვეს მოჴელეთა სჳანთა და დიდებულთა ვარდანის-ძეთა, საღირის-ძეთა და ამანელის-ძეთა მოღება და დადება ჴრმლისა. ამას შინა ჰკრეს სპერმურთა, ბუკთა, ქოსთა და წინწილთა, და იყო ზარი და ზაჰმი ქალაქსა შინა, სიხარული და შუება და იმედი უიმედო-ქმნილთა. თაყუანისცეს, დალოცეს და ადიდეს სპათა შჳდისავე სამეფოსათა. და დაიპყრა ჟამიერად თჳთოეულმან თჳსი ადგილი. თამარ შჳდ-მნათობიერი იდიდა მისგან, რომელმან წამოაჩინნა და აღმოაჩინნა ექუსთა შინა დღეთა ყოველნი არს-საჩენნი და განსუენებად სცა მეშჳდესა.

ესე თამარ არს, რომლისათჳს თქუა განსუენებად სულსა შინა მშჳდსა და წრფელსა და მოქადულ იქმნა მოქმედი აღზრდილისა აღთბებისა. აწ მხილველმან იხილა და იყო ნათელი უმეტეს ნათლისა მის პირველისა, „და იყო ნათელი და უწოდა ნათელსა მას დღე“, ამას უწოდა ნათელი ულუმპიანთა შორის დიდსუეობისა. და ამან, განმზადებელმან სიბრძნისა შჳდთა სუეტთამან, აღაშენა მათ ზედა ტაძარი და სადგური შჳდთა მადლთა შჳდთავე სამპყრობელოთა განმანათლებელად. და შჳდგზის დღესა შინა მადიდებელმან ღმრთისამან შჳდწილ განწმენდილ ყვნა სიტყუანი სახედ მობადისა და მეფისა, ვითარ იტყჳს რომელსამე ესაია და რომელსამე დავით. „და პატივისმცემელი შჳდთა უფროსღა ნაწილ-ჰყოფს და მერვისა მისთჳს, სიტყჳსაებრ სოლომონისსა, განმაბრწყინვებელი შჳდ არვედ ერთად; კუალად შჳდცა და სამეოცდაათ შჳდცა ყვის შჳდეულსა თჳთოეულსა შინა შემნდობლობა ბრალეულთა. და შჳდთა მათ სარტყელთა ცისათა და მნათეთა სფეროსთა. რომელ არიან: კრონილს, ზევს და აფროდიტე, ერმი, აპოლონ და არეა-ამათ შეასახა სფერო მიწიერი ხუთთა მათ საგრძნოს-ცნობათათა შჳდმყოფელად თანადართვითა სულისა და გონებისათა, და ოდესმე რომელიმე აღებაძვის ზენასა მნათსა ქუენა მნათი, გინათუ შუენებითა უცხოთა და უსახოთა, გინათუ სიბრძნის-მპყრობელობითა, გინათუ მზეებრ უხუებითა და მომფენობითა მართალთა ზედა და ცოდვილთა ზედა გინათუ მძლეველობითა სძლევდა საჭიროთა მიმართ.

ჩანართი (V)

და ესრეთ განსწავლნა ხუთნივე საგრენობელნი, და შეიზღუდა შიშითა ღმრთისათა, ხედვა, ყნოსა, სმენა, გემოს-ხილვა და შეხება, და ულიქნავად სატანას და გუელისა მიერ და ესრეთ მარად წარმდინარე ესე საწუთო და ქუე დამზიდველი, მსგავსად სოლინართა, შეუხებელმან ბიწისამან უვნებელად წარიჴადნა, და ესეოდენთა დიდებათა და სიმდიდრეთა გარდარეულთა და სიმაღლესა შინა ესრეთ იყო, ვითარმცა ყოვლად არა რაჲ ჰქონებოდა, და უადარეს და უგლახაკეს ყოველთა კაცთასა შეერაცხა თავი თჳსი, მომჴსენებელი ჴმისა მის: შიშველი გამოვედ დედის მუცლით ჩემითგან. და შიშველსა მეგულების წარსლვად. და ესეოდენსა ამა; ღმრთისმსახურებასა და კრძალულებასა შინა ნუ უკუე ქუეყნიერი ესე მეფობა უდიდებელად და განუგებელად დაუტევა, ნუ იყოფინ, არამედ უზესთაეს ყოველთა მეფეთა და ბრძენთა და ფილოსოფოსთასა, კეთილად განაგო, და შეამკო, და წარმართა, რომელი-ესე შეუძლებელ არს სხუათა კაცთა მიერ ჴმისაებრ სამეუფოსა, ვითარმედ: ორთა უფალთა მონება შეუძლებელ არსო, არამედ ამან პირველად მეძიებელმან სასუფეველისამან და ზენასა სუფევისა მოსურნემან ქუენაცა ესე დიდება და სიმდიდრე უხუებით და სავსებით მიიღო აღთქმისაებრ უტყუელისა: „პირველად ეძიებდით სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს. რამეთუ აღიმაღლა მაღლად გონება და მდაბლითა სულითა განიცადა სიდიდე საქმისა მისდა ხუედრებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ზედვა, და ვითარცა ორბმან ფრთე-მალემან აღიფრინვა ზე და მიმოავლნა გუგანი სახედველთანი.

და სივრცითა გონებისა თჳსისათა შემოიკრიბა ყოველივე საღმრთონი და საერონი წესნი და განგებანი.

ამათ და ესევითართა მნათთა და ზოდთა თუ ვინ ეძიებს, თჳს[თა] ძალთა თჳთებასა აღაორძინებს თანაჰასაკისასა უმეტესად-უმეტეს. გარდაითავისა მონაბერმან ზენათა სუეთამან ავღუსტიანმან, ვითარცა სამოთხე, დასხმული ჴელითა ღმრთისათა და სულნელებითა მით მადედლებელითა საყნოსელთათა. და შეკრიბნიან შორის მისსა ძღუენნი გონებათანი და სულთანი, გრძნობათანი და ნერგოვნებათანი; და გონება ღმერთუქმნია და სული მხედ მსედავისა არსთასა, და მუნ შინა ჰგიეს, ულიქნავი სატანას და გუელისა მიერ. აჰა იხილვებისცა, ვითა სოლინარი, მცენსა თანა მედინთა ნაკადისათა, და ვითარ პითოდორა და კრიტია შენებულთა ხედვათაგან განსაცადნი. და ჴელ-ყო ქაიხოსროს მსგავსმან ჴელმწიფემან წყალობად და შეწყალებად, განცემად და მინებებად. განჴსნილითა მით თუალითა განჴსნა საჭურჭლენი მონაგებნი პაპათა და მამათა მისთანი. პირველ ესეოდენი ნაწილი დაუდვა პირველსა მას და კუალადსა და პირველისა მის ზეცისათჳს და კუალადისა ქუეყანისა ჩუენისათჳს, რომლისა მცნებანი იპყრნა, მაღლისა და განურყუნელისა, განრყუნად შეუხებელსა ადგილსა დამდებელმან; და ესეოდენისა დღეინდლადმდე წარმო[მ]დგინებელ იქმნა დარსა წარგებად მშობელთამდე. რომლისა რიცხჳ ურიცხუ არს და ჰამარი უჰამრავი. და იჴსნნა მოვალენი ვალთაგან, და მისცა ობოლთა ღონე და ქურივთა ჴელმწიფობა ქორწინებად, და ღონიერ ყვნა გლახაკნი და მდიდარ ღონიერნი. და თჳთ დედოფალი რუსუდან სწორად აღსარებულ იყო, თჳთ მისთჳს და გაზრდილისა მისისათჳს, მიცემითა ქალაქთაცა, ჴევთა, სოფელთაცა სამსჭუალთათა.

ამას ესევითარსა შინა დაწყებასა წყალობისასა იმიერთა და ამიერთა, ზემოთა და ქუემოთა შჳდთავე თემთასა იწყეს რომელთამე ძუელებრი კაცთა დაუდგრომელობისა შე[მსგავსებული] საქმე; და დიდებულთა ვიეთმე ჴელისუფალთა ყვეს ფიცი ესრეთ, ვითარმედ: „აღარ ვეგებით ძუელთა ჴელისუფალთა და გამგებელთა საქმისათა ფარმანსა ქუეშე მყოფნი, ვინათგან მათგან დაძრცვილნი და უნატოდ გაძეულნი ვართ, და გუარიანნი და მსახურეულნი სახლნი უპატიოდ და უსახელოდ გასრულ ვართ უგუაროთა და უჴმართაგან“.

დაღაცათუ ერთგული და კარგი მოყმე და ჭაბუკი იყო ყუბასარ, გაზრდილი პატრონთაგან, და იყო ამირსპასალარი და მანდატურთ-უხუცესი, გარნა სენისა მიერ ფილენჯად წოდებულისა მოღებოდა ენა, ჴელი და ფერჴი. და აწჳეს მეფესა თამარს მოღებად ყოვლისა დიდებულისა ქონებისა და სიმდიდრისა, გარნა უქმ იქმნა განზრახვა მათი, ვინათგან თამარი სახიერ იყო და მოწყალე, მოიჴსენა სიყუარული, სამსახური და ზრდილობა მისი, თჳნიერ ჴელისუფლობისა და ლორისაგან კიდე არა რა დააკლო, და ეგრეცა სიყუარულითა დიდითა და პატივითა დაიჭირა დღემდი მიცვალებისა.

კუალად აფრიდონ, აზნაურისა ყმობისაგან ღმრთის მობაძაობითა კაც-ქმნილი, მიიწია მსახურთ-უხუცესობამდის, თმოგვისა და სხუათა ციხეთა და ქუეყანათა პატრონობამდის აღზეებული, - მოიშალა და დაიმჴო ნებითა დათნევითა ლაშქართათა. და ბრძოლამყოფთა ჴელისუფლობისა და დიდებისათჳს ურთიერთს დაუწყეს ზიდვა.

და ესეცა უცხო მოსაგონებელი: ყუთლუარსლან, ცხოვარმან ჯორის სახ[ედ] ორ ბუნებისა მყოფელმან, ვითარ მისცემს ბიჭთა გონებისა მზაკუარება, მომღებელმან წესსა რასამე სპარსთა განაგისსა, ითხოვა კარავი დადგმად ველსა ისანისასა და სანახებსა საღოდებლისასა და თქუა: „დასხდომილნი მუნ შიგა, განმგებელნი მიცემისა და მოღებისა, წყალობისა და შერისხვისანი, ვჰკადრებდეთ და ვაცნობებდეთ თამარს, მეფესა და დედოფალსა; მაშინღა სრულ იქმნებოდეს განგებული ჩუენი“.

ესე ვიეთ საწყენელ იყო - დასასრულისა ჴელმწიფობისა პატრონისასა მიმცემელი - ესრეთ იწყინა, და გაიკჳრვა, და გაიგონა უკლებელმან გონებითა და საუნჯემან სიბრძნისამან. და მოიღონა ჴელით გდება თავისა მის მოქმედთასა და, თანაზრახველ მყოფელმან ერთგულთა და საკუთართა მისთამან, შეიპყრა ყუთლუ-რსლან, მეჭურჭლეთ-უხუცესი და აწ თავისა თჳსისა ამირსპასალარად და სომხითს სომეხთა მეფისა ადგილსა ლორეს დაჯდომად განმზადებული.

და ვითარცა ცნეს ესე ლაშქართა თანაშეფიცულთა და თანაშემწეთა მისისა მის გზად-გამყუელობისა და უკეთურებისათა, შეიყარნეს და უკუადგეს თამარს, დაადგინეს ახალი სიმტკიცე ყუთლუ-არსლანის გაშუებულობისა და, არა მიშუებისა ვნებად მისსა მეტყუელნი, განემზადნეს ისანისაცა შემობმად გარნა ვინათგან ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი შემწე და თანამბრძოლ [ექმნებოდა] მბრძოლთა მათ მისთა, და ვის წილ ამღებელი ჭურისა და ფარისა ეკუეთებოდა დამჴობად წინააღმდგომთა მისთა. ცუდ სამე იქმნა განზრახვა მათი, ვითარ განზრახვა აბიათარ მღდელისა და იოაბ სპასპეტისა, რომელნი ეთანებოდეს ორნიას, ძმასა სოლომონისსა; და ამას შინა თამარ, წარმგზვნელმან ორთა საპატიოთა დიოფალთამან, რომელი იყო ერთი ხუაშაქი ცოქალი, დედა ქართლისა ერისთავთ-ერისთავისა რატისი, და ერთი კრავაჲ ჯაყელი, დედა აწ მყოფთა სამძივართა, უბრძანა ფიცით მონდობა და სხჳსა არავისი ბრალობა. და მოჰყვეს დიდებულნი ბრძანებასა პატრონისასა და წინაშე მოსრულთა დავრდომით თაყუანის-ცეს, აღიღეს ფიცი პატრონისაგან და მისცეს მათ პირი ერთგულობისა და ნების-მყოფლობისა მათისა.

კუალად დაჯდა ცხებული ღმრთისა თამარ მეფე საყდართა მათ ცამდი აღმართებულთა შუენებითა მით აფროდიტიანითა და სიუხჳთა მით მზეებრითა აპოლონიანითა, სატრფო საჭურეტი დაბნედამდის და გაჭრამდის ყოველთა გამცდელ-მხედთა და შეპყრობამდის წყალ-ჯავარითა მით უმსგავსოთა სახითა მით ღმრთივ-ქმნულითა. იურვის და იურვოდა ურვა-ქმნისათჳს ყოველთა შეურვებულთათჳს.

პირველად გარდაცვალებასა [ქართლისა კათალიკოსისა, ჭყონდიდელისა და მწიგნობართ-უხუცესისა მიქაელ მირიანის ძისსა და ამირსპასალარისა გამრეკელისა თორელისსა] და გამორჩევასა შინა ორთა - ვაზირთა და სპასპეტთასა, - თანადგომითა და ერთ-ნებაობითა შჳდთავე სამეფოთა დიდებულთათა ბრძანა დამტკიცებად ჭყონდიდლად და მწიგნობართ-უხუცესად და ვაზირად [ანტონი], გაზრდილივე მამისა მათისა, ბრძენი და გონიერი, პატრონთათჳს სჳანი და ერთგული და შემეცნებული საურავთა. და განაჩინა ამირსპასალარი სარგის მჴარგრძელი, კაცი გუარიანი და აღზრდილი ლაშქრობათა შინა და ჭაბუკობათა, და უბოძა ლორე სათავადო და სამთავრო სომხითსა შინა, და წყალობა ყო ძისაცა მისისა ზაქარიას

ჩანართი (V)

ესე ზაქარია და ივანე მჴარგრძელის ძენი, დაღაცათუ მეფეთათჳს ერთგულნი იყვნეს და დიდად გამოცდილნი ლაშქრობათა შინა, კაცნი სახელოვანნი, არამედ სჯულითა სომეხნი იყვნეს. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნით მეცნიერი იყო. რომლისათჳსცა გულისჴმა-ჰყო სიმრუდე სჯულისა თჳსისა, ნათელ-იღო და იქმნა ჭეშმარიტი ქრისტიანე. რომელი ქუემორე სიტყუამან საცნაურ ყოს.

დალოცვითა, და ითაყუანა დარბაზის ყმად უმცროსი შვილი მისი ივანე. და განაჩინა და უბოძა ჭიაბერსა მანდატურთ-უხუცესობა, და მისცა არგანი ოქროსა ჴელთა მისთა, და შთააცუეს ტანსა მისსა სკარამანგი, და დასუეს ხელებითა ოქრო-ჭედილითა რომელნიმე მარჯუენით მისსა და რომელნიმე მარცხენით. და კუალად უბოძა მეჭურჭლეთ-უხუცესობა დიდსა და გუარიანსა კაცსა კახაბერს ვარდანის ძესა, და მსახურთ-უხუცესობა ვარდანს დადიანსა, ჩუხჩარეხობა მარუშიანსა, ძესა ჩუხჩარეხისასა ვინაცა მათ ორთავე მამანი მომჴცოვნებულ იყვნეს, და დასდვა მამისა პატივი მათისა და დასხნა სასთაულითა. და უბოძა ამილახორობა გამრეკელსა თორელსა, რომელი ამირსპასალარცა იქმნა შემდგომად სარგის მჴარგრძელისა.

და ერისთავნი მის ჟამისან ისენი იყვნეს: ბარამ ვარდანის-ძე - სუანთა ერისთავი; კახაბერი კახაბერის-ძე - რაჭისა და თაკუერის - ერისთავად; და ოთაღო შარვაშის-ძე - ცხუმის ერისთავად; ამანელის-ძე - [არგუეთის ერისთავად]; და ოდიშის ერისთავად ბედიანი. ლიხთ-ამერით: ქართლის ერისთავად - რატი სურამელი; და კახეთის ერისთავად - ბაკურ-ყმა ძაგანის-ძე; და ჰერეთის ერისთავად - გრიგოლის ძე ასათ, რომელმან მისტაცა მძლავრობით და მორევით საღირს კოლონკელის-ძესა და მცირედ-ჟამ ქონებასა შინა იაჯა არიშიანის ადგილსა დაჯდომა სასთაულითა, და ჴელთ-უდვა შვილსა მისსა გრიგოლს ჰერეთის ერისთაობა; და სამცხის ერისთავად და სპასალარად აჩინეს ბოცო ჯაყელი. და სხუანი ჴელის-უფალნი, ტაძრისა და საყდრისა სამეუფოსა წინაშე მდგომელნი, განაჩინეს წესისაებრ სახლისა.

ამას შინა აღავსნა ეპისკოპოსნი და საყდარნი შესაწირავითა, თავისუფალ ყვნა ეკლესიანი ხარაჯისა და ბეგარისაგან; გააზნაურდეს ქუეყანისა მოქმედნი, და გადიდევბულდეს აზნაურნი, და გაჴელმწიფდეს დიდებულნი მეფობასა შინა ამისსა, რომელი აწ ჩანს დაწერასა შინა ამისსა ათერთმეტთა მოქცევთა ჟამთა თამარ სამგზის სანატრელიასათა, რომელმან სიმშჳდითა დავითიანითა, სიბრძნითა სოლომონიანითა, სიმქნითა და საურავთა დღესისთა ხვალისა არ-მიგდებითა ალექსანდრიანითა, იპყრნა ზღჳთ პონტოსით ზღუადმდე გურგანისად და სპერითგან დარუბანდამდის და ყოველნი კავკასიისა იმერელნი და ამერელნი ხაზარეთამდის და სკჳთთამდის. მიმხმელ იქმნა ცხოვრებითა და ნეტარებითა, რომელმან ესევითარი იჴმია ფრიადება ცნობიერებისა და სიმშჳდე გონიერებისა, ვიდრემდის ამისსა განგებასა ათორმეტსა წელიწადსა შინა არცა თუ ტაჯგანაგი უბრძანა ვის სადმე კრვად. კიდემქონებელი ყოვლისა მესისხლეობისა და მბნელობლობისა და ასოთა მიღებისა, ნება-აღმსრულებელი, შიშისა და ზარისა დამდებელი, მშჳდი დამშჳდობის მყოფელი იშუებს და სუფევს სამეუფოთა და სამფლობელოთა შინა მისთა, რომელი არა სადა ვის უხილავს, თჳნიერ ამისსა, ესევითარსა კაცისა უვნებლობასა შინა უვნებელად და მშჳდობით დაჭირვა და მოწურთა კაცთა ქედფიცხელობისა და გონება-ურჩებისა.

ხოლო სხუანი ზნენი: გამ[მ]არჯუებლობანი, აღვლანი საზღვართა მიმართ, მამადობანი მამათა და ტომთა მისთანი, ოდესმე რაინდობანი და მკჳრცხლ-მოქმედობანი და მჴედრობანი მჴედართანი, იროელად საგონებლობანი, ოდესმე ნარნარად და წყნარმშჳდად მეპასუხობანი, თუ რანი და რაოდენ იქმნეს, წინამდებარისაგან ეუწყენ მსმენელთა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>