ქართლის ცხოვრება

ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი

პირველი ქმარი თამარისი

რათა სრულ იქმნას წყალობა და წადილი პატრონისა ტკბილისა და სახიერისა ლაშქართა და სპათა მისთა ზედა, შეიყარნეს შემჭირნენი და ზრახვა ყვეს ძებნა წაღმართისა და მოყვანა ქმრისა. რომლისათჳს ჴამდა თუმცა ყოფილიყო ჟამი გმირთა და გოლიათთა ყოფისა, ანუ-მე გარეშე წოდებულთა ელინთა სისხლისა დათხევისა, ანუ-მე გაჭრანი მიჯნურთა ცოფ-ქმნილთანი.

ვითარ თამთა თუმიანისთჳს,
ვითარ ამირან ხორაშნისთჳს,
ვითარ ხოსრო - შანშა ბანუისთჳს,
ვითარ მზეჭაბუკ მზისათჳს ხაზართასა,
ვითარ იაკობ რაქელისთჳს და
იოსებ ასანეთისთჳს,
დავით ბერსაბესთჳს და აბისაკისთჳს,
ვითარ პელოპი მჴნედ მბრძოლი იპოდამისთჳს, ონომაოს ასულისა,
ვითარ პლუტონ პერსეფონისთჳს,
ვითარ რამინ ვისისთჳს,
ვითარ ფრიდონ შაჰრინოს-არნავაზისთჳს,
ვითარ შადბერ აინლიეთისთჳს

და უჩნდა საჴამსოდ, თუმცა გამოჩენილ იყვნეს ვინმე ანუ გმირნი სახენი გმირთანი, ანუ მამანი სახენი მამათმთავართა შუენიერთა და კეთილად მბრძოლთანი, ანუ მსგავსნი გარეშეთანი, სისხლდამთხეველნი შეყუარებულთათჳს, ანუ მიჯნურნი ლომნი და მზენი, მჴეცებრ გაჭრილნი ამის მზისა და უმეტეს მზისა და თჳთ მათ მითხრობილთა მზედ და მნათობლად საგონებელთა უბრწყინვალესისა და უნათლესისათჳს.

გარნა ვინათგან ცუდ საგინებელ იქმნა და აღარ დაებადა ღმერთსა სწორი ამისი, არცა მგონიეს თუ დაბადებად არს, გამო-ვინმე-ჩნდა მეტყუელი მკჳდრთა ტფილისისათა შინა, თავადი და მეფეთ-მეფისაგან წყალობა-ჴელდასხმული და ამირა ქართლისა და ტფილისისა, სახელით აბულასან, და მეტყუელმან თქუა: „მე ვიცი შვილი ჴელმწიფისა ანდრია დიდისა რუსთ მთავრისა, რომელსა მონებენ სამასნი მთავარნი რუსთანი. და იგი, მცირე დარჩომილი მამისაგან, ექსორია-ქმნით დევნული გარდამოიხუეწა ბიძისა, სავალათად სახელწოდებულისაგან. და არს იგი ყივჩაყთა მეფისა სევინჯისა ქალაქსა“.

მაშინ მომსმენართა მისთა უჴმეს ერთი მკჳდრთაგანი დიდ-ვაჭარი ზანქან ზორაბაბელ. მსწრაფლ მისრულმან ცვალებითა ზნეთათა წარმოიყვანა და მოიყვანა უწინარე პაემნითა მოყმე სახე-კეკლუცი, სრული ანაგებითა და მჭურეტთაგან საჩენი გუარისშვილად. ამისთა მნახველთა და გამცდელთა - პატრიაქმან, დიდებულმან, ვაზირთა და სპათა - მოაჴსენეს თამარს, და მათგან ნება-დაურთავი განმზადეს ქორწილი. რამეთუ თამარ ჭეშმარიტი იყო და მტკიცე სულთა ზედა, და ვიეთნიმე დაღონებულობით აწუევდეს ალექსის მოყვანასა ქმრად, რომელი ახლოს სთჳსობდა და მამულად მამის ძმისწული იყო ბერძენთა მეფისა - ესე მას ჟამსა აქა მყოფ იყო, - და შიშითა ამისის ქმნისათა ყოვლად უწადინელმან ქორწინებისამან იაჯა ჴსნა ქმროსნობისაგან. ხოლო არა მშუებელმან დედოფალმან და სპათა აიძულეს ქმნად. და ვითარ იყო ხუედრი და რიგი ულუმპიანობისა და შარავანდედობისა მათისა, ეგრეთ იქმნა ქორწილი სახედაუდებელი და იგავ-მიუწდომელი; სიმრავლენი სახეობათანი, ძღუნობანი და ნიჭებანი თუალთა და მარგალიტთანი, ოქროჭედილთა და უჭედელთანი, სიმდიდრეთა და ლართა კერულთა და უკერელთანი, მსგეფსამდი სხარული, შუება, ძღუნობანი, გაცემანი.

ხოლო მე ესეცა გაუწყო საბრალო და საძნაური საქმე: რამეთუ მოსრულ იყვნეს. ოვსთა მეფეთა შვილნი, შუენიერნი და სახე-კეთილნი მოყმენი, მოჰაჯენი და მთხოველნი, ღირსნი და მონდობილნი ჭაბუკობისანი, ვითარ: „ღირს რამცა ვიყავით მოწონებად და მიხდომად ბედსა ამას საზესთოსა“. და ვინაცა უქმ იქმნა განზრახვა მათი წარსრულთა თჳსად მამულად ერთსა მათგანსა შეემთხჳა მოუთმენელი სურვილი და სიყუარული თამარისი. რომლისათჳს ვერ გამძლე, მივრდომილი საგებლად ბნედასა შინა, მიიწია აღსასრულად ნიქოზს საყდარსა შინა წმიდის რაჟდენისს, რომელი მუნვე დაკრძალეს.

და სხუანი რაოდენნი ჴელმწიფეთა ძენი ამისთჳს გაჭრით გამიჯნურებულნი და ხელქმნილნი ვერღარა სთმობდეს სურვილსა მისსა, ქვემორე სიტყუამან საცნაურ ჰყოს.

ამისდა შემდგომად ჴელ-ყვეს გალაშქრებად. და გავიდა ტფილისით მეფე რუსთა და უფროსღა აფხაზთა, და ააბეს დროშა სჳანი და ჴმარებული, და წარიძღუანეს ძელი ცხოვრებისა, მცველი და მფარველი მეფეთა სკიპტრისა. პირველ ილაშქრეს ქუყანასა კარისა და კარნიფორისასა და მოარბიეს ვიდრე ბასიანამდის და გამარჯუებულნი და აღვსებულნი შემოიქცეს და მოვიდეს წინაშე პატრონსა მას ღმრთივ-განათლებულსა, და აღივსნეს სიყუარულითა და სიხარულითა.

ამისგან უწინ მოვიდეს ლაშქარნი არანისა და გელაქუნისა თურქთანი ქუყანასა პალაკაციოს და ძაღლის-ჴევაი წოდებულსა და მომრბეველთა ზედა გამრეკელი კახას ძე მიუჴდა; და სჳსაგან თამარ უძლეველისა მცირეთაგან დიდნი იძლივნეხ გააქცივნეს, ამოსწყჳდნეს და მოიღეს არმაღანი წინაშე თჳთმპყრობელისა.

და მასვე ჟამსა მოვიდეს კარნუქალაქელნი, შამელნი და თურქნი გარმ[ია]ნისანი ცხენოსანნი და ქუეითნი, და აივსო შავშეთისა და კლარჯეთისა ქუეყანა. აქათ, შეიყარნეს გუზან აბშლასანის ძე ტაოელი და მის ქუეყანისა ლაშქარნი, და ბოცო და ვინცაღა იახლა, მიესწრნეს მესხნი და მარბიელ-გაშუებულთა შეებნეს მუნვე. ბედმან და სუემან თამარისმან სძლია, გააქცივნეს მუნცა და დაჴოცნეს. და მუნითცა მოიღეს ურიცხჳ კაცი და ცხენი წინაშე მეფისა ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა და დღითი-დღე აღმატებულისა და წარმართებულისა ამას შინა იხარებდეს, იშუებდეს, ნადირობდეს, მხიარულობდეს: ამისდა შემდგომად წარვიდეს მჴარგრძელნი, ძენი სარგისისნი და ვარამისნი, მოყმენი პირ-წაღმართნი, უხუცესნი ზაქარია და ზაქარია დალოცვილნი, ივანე და სარგის დაულოცველნი, და ილაშქრეს ქუეყანასა დვინისასა. და გამარჯუებულთა და ალაფაღებულთა მოეწივნეს ლაშქარნი დვინელნი [და სურამელნი]. და კმა იყო ლომისა სიფიცხედ, ვინაცა ბოლოდ გააქცივნეს. და გამარჯუებულნი და აღვსებულნი და სახელოვანნი მოვიდეს წინაშე მეფეთა და მათ წყალობის მყოფელთა გარდაიჴადეს მადლი.

შემდგომად ამისა გამოსლვასა ხანისასა ლაშქრობდეს ქუემონი ქუემოთ, და ზემონი ზემოთ, და შუანი შუათ, და ყოველგან ძლევა-შემოსით და გამარჯუებით.

და კუალად მეფემან, შემყრელმან სპათამან ბრძანებითა თამარისითა, მიმართა [დვინად], მოაოჴრა ქუეყანა პართთა, და წარმომღებელი და გამომღებელი ქალაქისა და მას. შინა მყოფთა საუნჯეთა და ტყუეთა მოვიდა თამარს სუე-სრულსა და ნათელ-ბრწყინვალესა წინაშე, რომლისა თუალი უღამო და დღე უუკუნო, და საწადელ და საშუებელ სულისა და ჴორცთა. ამას შინა ოდესმე მოისვენიან ლაშქრობათაგან, და მშუებელნი გარდავიდიან იმერთა ქუეყანათა წესისაებრ და ჟამსა ოდესმე ჩავიდიან შარვანისა ზღვრამდე, და მოვიდის შარვანშა დიდითა ნიჭითა და ძღუნითა, და, ერთგან მომნადირებელნი მინდორთანი და მხიარულნი, კუალად განიყარნიან. და უბოძის საბოძუართა სიმრავლე და წარგზავნის პატივითა ძმებრივითა, და მონებდა და მსახურებდა იგი მონებითა ყმებრივითა.

შემდგომად ამისსა შეიყარა დიდძალითა ლაშქრითა და მიმართა გელაქუნად, რომელი ძნელ იყო შესამართებლად ზღჳს ქჳშასახეობითა თურქმანთათა; დაესხნეს, ამოსწყჳტეს და აღიღეს დიდძალი ნატყუენავი და იავარი. გამომართულთა მოეწია ყოველი თურქმანობა გელაქუნისა, წინაძღომითა შამელთა დიდებულთა როსტომ და იალღუზ-ალფესითა, რომელნი მას შინა დაემჭირნეს ყიზილ-არსლან ათაბაგსა. და ვითარ წყობა და რაზმი ერთმანერთს განეწყვნეს. იმათებურეს მოყმეთა თამარისთა: და უსწრობდა ბერი ყრმასა და ყრმა ბერსა, პატრონი ყმასა და ყმა პატრონსა; გააქცივნეს, და ამოსწყჳდნეს და დაჴოცნეს. და მოვიდეს თჳსადე სამეფოდ წინაშე მეფისა და დედოფლისა ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლისა, ჩრდილოეთისა [და სამჴრეთისა].

შემდგომად ამისსა წუევითა ასათ გრიგოლის ძისათა დიდი და სასახელო ილაშქრეს განძას ქუემოთ ბელაყნამდის, შემდგომად ზემო-კერძო რაჴსისა პირი მასისამდე. მუნცა დიდთა ლაშქართა მოწევასა შინა ისახელეს თავი ბუმბერაზთა ამის სამეფოსათა, თჳთ მეფისა უჭურეტელობასა შინა, ვარდან დადიანმან მსახურთ-უხუცესმან, ოთხსავე მჴარგრძელთა და სხუათა დიდებულთა და აზნაურთა დიდი დაჭირებული ომი გარდაიჴადეს, და გააქცივნეს და შემოიქცეს მუნითცა გამარჯუებულნი და აღვსებულნი სიხარულითა.

ამას ესევითარსა მშჳდობასა, მარჯუებასა და ზეობასა შემოვიდა უცხო რამე და უმსგავსი საქმე, შეუმსგავსებელი და დაუჯერებელი კაცთა გონებისაგან; შევიდა სატანა გულსა სუე-უბედურისა რუსისასა, სკჳთ-რამე სახელდებულისა, და სიტყჳთ აღიძრა წყენად თამარისა, ჴელმაიფეთა მზისა და მეფეთა ელვა-ცისკროვნებისა, და იუდა-მყოფელმან თავისა მისისამან აღარ იცოდა რამცა ექმნა. ძლეული და ტაძარ-ქმნილი შჳდთა სულთა. უბოროტესთა პირველისათა სოდომურიცა მოიპოვა ქცევა დაქცევითა დაქცეულმან და წარწყმედითა წარწემედულმან. ამას ესევითარისა უცხოსა და ურიგსა საქმისა შემოსლვასა შინა ითმენდა თამარ. წყნარი და ნარნარი ცნობიერი და გონიერი, და ორ წლამდის გინა უმეტეს იყო განსაცდელისა უცხოსა თმენასა შინა.

და ვითარცა უგრძნეს ესე ვაზირთა და დიდებულთა, განკჳრვებულთა ერთჴმა ყვეს მცნობელთა ამისთა, ვითარმედ ესე მისვე ძუელისა მტერისა არს, რომელმან მოაკულევინა ძმასა ძმა და მამასა შვილი და ექსორია-ქმნა პირველი იგი კაცი სამოთხით, ვითარ ესე აწ ხილულისა ამის სამოთხისა და უბრწყინვალესისა ედემისადა შეუმზადებია ექსორი-ქმნა, რამეთუ მისვე ძუელისა ხაკან სკჳთისა შემსგავსებულად მოსდგომია აქაცა. მუნ თუ იგი მოადგა დედოფალსა ქალაქთასა, აქა ესე დედოფალსა დედოფალთასა და მეფესა- მეფეთასა ბოლოდ რაღა თჳნიერ ამისსა. ვერღარა მინდობილთა უღონო ქმნილისა მის ეშმთა ბომონისა ჴელ-ყვეს ცრემლ-მდინარეობასა შინა თამარისსა ჯერცა მოწყალისა და გაურისხებელისასა, და წარიყვანეს ექსორია-ქმნად, გარნა აურაცხელითა ლარითა-სიმდიდრითა და საჭურჭლითა, ვინათგან რომელი სიკუდილსა ემართლებოდა და არავის მისცა სასიკუდინოდ, იგივე სიუხჳთა მზეებრითა არავის მიეშუა გაძრცუასა, და ვინაცა ჩასმული ნავითა ზღუად მიიწია კოსტანტინეპოლედ, და იყოფოდა ჟამთა რაოდენთამე მუნ.

ამისსა, შემდგომად უფროს და უფროს, უკეთ და უკეთ მთავრობასა და ჴელმწიფებასა ათქმევს ყოველსა მწირსა ჴელი საუფლო და მკლავი მაღალი, თანაშემწე და თანამძლე ბრძოლათა შინა, და არა-მსგავსებული ბედი და სუე პაპათა და მამათა მისთა, ნუ უკუე არცა ბედისა ოდენ მინდობილთა წარმართთა.

რამეთუ ამას სძღუნობდეს ყოველნი მეფენი აღმოსავლით დასავლეთამდი ამისთჳს. ხელდებიან ყოველნი მსმენნი ესრეთ სახებრწყინვალეობისა მისისანი რამეთუ ბერძენთა მეფისა მანოელისა შვილი უხუცესი იყო გაჭრითა და გახელებით, არათუმცა ანდრონიკეს, ჟამსა მის მეფობისასა და მისგან ბერძენთა ამოწყუედისასა, შეეპყრა და განეპატიჟა იგი მოყმე პოლიკარპოს. მსგავსი - ასურასტანისა და შუამდინარისა ანტიოქელისა მეფისა შვილი იყო: უკუეთუმცა ჰქონებოდა გზა მრავალ-გუართა ბარბაროზთა შუაყოფისაგან, წამსაცა შინა აქა პოვნილ იყო. კუალად სულტნისა ყიზილ-არსლანის. შვილთაგანი ერთი, ამბვისა სმენითა ჴელ-ქმნილი. ძალითღა-სამე დაიმჭირა მამამან სჯულისა დაგდებისა შიშითა.

ხოლო ახლო მყოფთა ესევითარი აქუნდა ტრფიალი, რომელ არცა უღირსთა უღირსობისა აქუნდა კდემა-რცხუენა, არცაღა თჳსთა თჳსობისა გავლენა. ვინაცა სახედ მზისა შარავანდნი ცისაგან იშუქებდეს მიწიერთა საჭურეტლად, ეგრეთვე ქუეყანისაგან თამარის ჴელმწიფობისა შარავანდთა ნათელთა ბრწყინვლებანი ეფინებიან იატაკსა ამას ზედა ცისასა.

მცნობელმან ამისმან სალდუხის ძის ძემან, სახელით მუტაფრადინ, აღარ დამხედმან მშობელთა არნებობისამან და დამგდებელმან მუჰამედისამან, სჯულისა ტკბილისამან, რომელმან მოზიდვითა კაცთათა უმოძღურა კაცთა საწუთრო ესე ნებასა ზედა თჳსსა, სურვილითა და სმენა-სატურფოთა სახეთაგან ძლეული მოვიდა წინაშე თჳიმფლობელისა, ყოველთა მეფეთა უზესთაესისა ამის თამარისა სამფლობელოთ თჳსით დიდითა ლაშქრითა, მრავლითა დიდებულითა. ხოჯაებითა და საჭურისითა, მონებითა და მჴევლითა, ბარგითა და სიმდიდრითა, საჴელმწიფოთა ძღუნითა კმასაყოფინელითა, თუალისა და მარგალიტისა, საჭურჭლეთა და ლართა თანა ავასებისა და ტაიჭებისა სიმრავლითა. და წესისაებრ სახლისა საჴელმწიფოსა მიეგებნეს დიდებულნი პატივითა და სიყუარულითა, მოიყვანეს სრად სამეფოდ, რომლისა პაპა სალდუხ ეზდინი პაპასა ამათსა დემეტრეს, ჴელმწიფესა დიდსა და სახელ-განთქმულსა, ჭაბუკსა გორგასლიანსა, ძალითა და ღუაწლთა სიმრავლითა ჴელთ-ეგდო და მოეყვანა. აწ ამან სიტყჳთა, და ნუ უკუე არცაღა სიტყჳსა ღირსებითა. მოიყვანა ვითარცა მონა მოხარკე ნელიად და წყნარად და მიმყოვრებითრე უდარბაზა, რომელმან ნახვასავე თანა რამინისებრი აჩუენა ცრემლთა ნაკადთ-მრავლობა. დასუა პატივითა ტახტსა თანა ხელითა, და იქმნა სიხარული გამოუთქმელი, ვითა მართებს ნადიმსა და წყლიანობასა ამის სახლისა დიდებულთა მოყმეთა, უკლებლობასა მრავალგუართა სახეობათა, მუტრიბთა და მოთამაშეთა განწყობილობათა, ნიჭთა და საბოძუართა და შემოსათა ვინაცა იქმნა უჰამრავი. ამას ესრეთსა სიყუარულსა, პატივსა და ბოძებასა შინა დაყო ჟამი ზამთრისა სომხითს და ტფილისს მომწონებელმანლ სანადიროთა ქუეყანათა და მოყმეთამან თჳთ თავადის პატრონისამან, რომლისა სიკეთისა მითხრობა კაცთაგან შეუძლებელ არს და ჟამსა ღანუყობისასა თანაწარმტანელთა აჩუენეს საყოფნი სანადირონი, მინდორნი მოედანნი ქუემო კახეთისანი და რანისანი. და რანისა დიდებულნი მოყმენი და ლაშქარნი, განაღამცა მომწონებელნი და მაქებელნი, იშუებდეს და იხარებდეს და ადიდებდეს მომლოდენი ჟამისა მის პატრონისა მათისა უკუდავ-ქმნილისანი.

გარნა ვინათგან თამარ ამაყი და ლაღი, უჯერო შესატყჳსობისა, აზეებდა ფრთოვანებასა გონებისა გონებისა მისისა, შემოსრულთა ქალაქად სამეფოდ დაამჴუეს ქედმაღლობა ტრფიალისა მისისა, და წინა-უკმო საულისა იპოვა შვილი სალჩუკმანი: მან მძებნელმან კარაულებისა მამისამან პოვა მეფობა, ამან მძებნელმან მეფობისა და ზესთა მეფეთა მეფობისამან პოვა რომელი საულისა დანაკარგი ჴამდა.

იყო ვინმე ერთი ხარჭთაგანისა ნაშობი, რეცა სახელდებული შვილად მეფისა. და ვინაცა მთქმელთა არა უქმ-საგონებლობისათა. უფროსღა უქმ-მყოფელთა და დამასკუნელთა ქორწილისათა შერთეს და გარდაიჴადეს ქორწილი სახელოანი. შემოსასა თანა მრავალ-მრავალსა უბოძნეს ცხენნი და აკაზმულობანი სხუათა საქონელთა და სიმდიდრეთა თანა და ლართა, და წარგზავნეს თჳსად საყოფლად არზრუმად, გარნა თუ ვითარითა ცრემლითა და ვითარითა გლოვითა, გამოუთქმელ არს კაცთა ენისაგან.

ხოლო შემდგომად ამისა რეცა დარბაზობისა სახედ მოვიდა შარვანშა აღსართან, რომელი მიჴდილ იყო ცნობათა სიყუარულისაგან და, სჯულისაებრ ძუელისა და თჳთ დღეთა ისლიმთასა, გუარისაგან განვლენილი, თჳსისა სჯულისა დაგდებად განმზადებული, მოქენე იქმნა ყოველთა საქმის მოქმედთა, მოძღურისა და კათალიკოსისა, მიუწდომელისა ქრთამისა მძებნელი. გარნა უქმ სადმე და ცუდ იქმნებოდის ზაკუანი ეშმაკისნი, ვინათგან აქუნდა თამარს სული მყოვარე და შეყუარებული ზენარისა მის ხუედრისა, და გონება, მშობელი სიტყჳსა, გონებისა მის დიდისა მიმართ აღემსჭუალა, და სეფე-გუარ ჰყოფდა ტაძარსა შჳდწილ განწმედილსა ღმრთისა სიტყჳსასა. და ყოველთა მამონისაგან ძლეულთა და ქმნად მაწუეველთა სირცხჳლეულ ჰყოფდა მომსმენელთა სატანას ზაკჳთ. წარმავლინებელმან წესისაებრ პატივითა და სიყუარულითა ნიჭ-მრავლობასა შინა მისცა მცნება: „კუალად აღარა შესძინედ ესევითართა თქმადი“.

 

მეორე ქმრის ამბავი

თამარ სუე-სჳანისა ჴელმწიფისა იმატებენ ზარნი, ლაშქრობენ მოყმენი, არს მარჯუება, სიხარული, სიყუარული, შუება და ნადირობა მთათა და ბართა, გარნა წუხდეს და იურვოდეს შეეჭირნენი უწაღმართობისა და შვილის-უსმელობისანი. და ვითარ მოეცვა შჳდივე ესე სამეფო შეჭირვებასა ესევითარისა საქმისასა, პოვეს ღონე განგებითა ღმრთისათა, რომელი აღამაღლებს მდაბალთა და შემუსრავს ლაღთა, რომელი ბრძანებს წმიდასა შინა სახარებასა: „არა რომელთა მე გამომირჩიონ, გარნა რომელნი მე გამოვირჩივნე“. და ვითარ იტყჳს დავით, რომელსა აწ სათნო ეყო გამოჩინებად: „უმცირეს ვიყავ მე ძმათა ჩემთა და უმრწემეს სახლსა მამისა ჩემისასა, ხოლო თავადმან უფალმან მოიღო და მცხო ზეთითა ცხებულისა მისისათა“ და შემდგომი.

იყო სახლსა შინა დედოფლისა რუსუდანისსა მოყმე ეფრემის ძეთაგანი, რომელ არიან ოვსნი, კაცნი მძლენი და ძლიერნი ბრძოლასა შინა ესე დედოფალსა რუსუდანს, ვინათგან თჳს ეყვოდა მამის დისა მისისა დავითის ასულისა ოვსეთს გათხოვილობისა მიზეზითა მოიყვანა საზრდელად სახლსა შინა მისსა და იხილეს მუნ მიმავალთა და წამომავალთა, რამეთუ მოყმე იყო ფერ-ნაკუთად კარგი, ბეჭ-ბრტყელი, პირად ტურფა და ტანად ზომიერი, ორთავე კერძოთა გუართაგან საჴელმწიფო.

ჰკადრეს და მოაჴსენეს დედოფალსა რუსუდანს მკჳდრთა ამის სამეფოსათა, იგი განაღამცა ნებისა დამრთავი, ვაზირთა და დიდებულთა თანაშემწე-ქმნითა მომჴსენებელ და მოაჯე ექმნეს თამარს, მეტყუელნი ამისნი: უკუთუმცა არა იყო ზენა განგება მისსა მოქმედებასა შინა, ჰხედავს შარავანდედობა თქუენი, თუ რაოდენნი რაოდენგზის მოყმენი, შვილნი ჴელმწიფეთანი - ბერძენთა და ჰრომთანი, სულტანთა და სკჳთთანი, სპარსთა და ოვსთანი, მცდელნი, სამართალთაებრ უკუნ-არღჳვნა არშემძლეობამან თჳნიერ ბრძანებისა საუფლოსა“.

მაშინ თამარ, მინდობილმან მამის დისა მისისამან მშობლისა სახედ და მისგან დიდად წყალობიანთა ლაშქართა და სპათამან ესრეთ თქუა მბრძანებელმან: „მოწამე არს ჩუენდა ღმერთი, აროდეს ყოფილა გული ჩემი მოწადინე ქმროსნიბისა, არცა პირველ არცა აწე, თუმცა არა მოსვლოდა უწაღმართობა ჩემი საყდარსა, რომელი რწმუნებულ არს ჩემდა პირველ ღმრთისაგან და შემდგომად მშობელთა ჩემთაგან, აწცა ამისი ვარ მოაჯე“.

მაშინ არ მომშუებელთა ჰკადრეს დედოფალსა და წარვიდეს დიდებულნი იმერნი და ამერნი, და წარმოიყვანეს დედოფალი და გაზრდილი მისი დავით, რჩეული ღმრთისა მის, და მოვიდეს სრასა დიდუბისასა, სანახებსა ტფილისისასა. და მუნ ქმნეს ქორწილი შესატყჳსი და შემსგავსებული ჴელმწიფობისა და სახელზეობისა მათისა. ვინათგან დედოფალი რუსუდან ყოვლითა სიბრძნითა სავსე მოქმედებდა: აქათ ბაგრატოანი ბაგრატოანითა გუარ-ზეობითა აწყობდა რიგთა სახლისათა, და ქუემოთ ხუარასნისა და ერაყისა სულტანთა სძლობითა გამეცნიერებული, მუნებრივითა სახიობითა და შუებითა მოქმედებდა მშუებელნი იხარებდეს, გლახაკნი განმდიდრდებოდეს; იყო ზმა მგოსანთა და მუშაითთა, სახიობათა მჭურეტელნი იყო რაზმთა სიმრავლე და სრულ-ქმნა ამასა შინა. მითხრობად შეუძლებელ არს, თუ ვითარსა ბედნიერობასა, სჳანობასა დღეკეთილობა თამარისი დავითის, მოყმისა დავითიანის, თანა ბედნიერ, და განმარჯუებულ ქმნა, და წაღმართ-წაღმართითა მით მითხრობითა წინამდებარითა [გეუწყოს].

ესე დავით წელიწდის მოქცევამდე ესრეთ წაეჯობინა ყოველსა მშჳლდოსანსა ცხენისანსა და მცურავსა, მოასპარეზესა, მწიგნობარსა და ყოველსა ნასწავლსა ჴელთა სიკეთითა, ვითა დღეს ჩანს, რომელ შინათ ვინ ყოფილა მისი მსწავლებელი და თანა მოსწავლე, და თუ გარეთთა ქუეყანათა მოსრულა, ვერავინ სადა გამოჩენილა მისებრი.

შემდგომად ამისსა, მშჳდობისა და მტერთა მძლეობისა ამათისა, ოდესმე მოესმა, ვითარმედ რუსი იგი ძნელბედი და სუე-უსუეო წამოსრულა კოსტანტინეპოლით და მოსრულა ქუეყანად ეზინკისად, კარნუ ქალაქისად.

და მას ჟამსა ნაცვალი მეჭურჭლეთა უხუცესისა, სჯულითა ბარბაროზი და ქცევითა ტარტაროზი, კეთილთა და ჰამოთა პატრონთაგან სრულწყლიანი, საქმის მოციქულად წარავლინა საქმისა რასათჳსმე, და მას კარნუ-ქალაქსა მისვლასა შინა შეიყარნეს რუსი და იგი ერთად. [მიუ]დგეს იმიერნი, რათა [რუსი] სასახლესა შინა [შეყვანილ] ყონ; მისისა სარგებლისა მოწადინენი შეეხუეწნეს ამას დიდსა [მოციქულსა], რომელი აქით მისრულ იყო. მაშინ ცნეს ამის სამეფოსა კაცთა და უფროსღა ეშმაკმან, რომელი მარადის მბრძოლ არს ვითარ „განკჳრვებასა დავითისსა სიცრუე კაცთა გულებისა“ და რომელნი თანაზიარ მეფობისა მათისა და უხუად და უგულსავსედ წყალობითა იყვნეს, მათცა ქმნეს საქმე ყოველთა ძუელთა გინა ახალთაგან უბოროტესი. უკეთუ ამას სამეფოსა განდგომად პატრონთა უნებელ ქმნილა რომელი, დაწყებითგან სოფლისათ არავის ოდეს სადა უნახავს წარმართებული და გამარჯუებული, გარნა ეგრეცა თჳსთა და ნატამალთა, შვილთა და ძმათა ამის სახლისათა მიზეზითა ქმნილა. გარნა ესე ვინა ანუ სით?

პირველად მიერთო გუზან, პატრონი კლარჯეთისა და შავშეთისა, რომელი ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილსა ზედა შეეწყალა პატრონსა. აქით ბოცო, სამცხისა სპასალარი და სისრულისაცა აღმატებით შეწყალებული, სხჳთა მესხითა დიდებულ-აზნაურითურთ, თჳნიერ ივანე ციხისჯუარელისა, რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების. ესე დამაგრდა თჳსითურთ მოკიდულითურთ, ვითარ გუარ ეყოდაცა მომგონებელსა სულასა ერთგულობისასა, რომელ ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს. ვარდან დადიანი, მსახურთ-უხუცესი, ლიხთ-აქით პატრონი ორბეთის და კაენისა, ლიხთ-იქით ნიკოფსიამდის უცილობელად ქონებისა, და თჳთ ქუეშისა ციხესა მყოფი, მაგარსა და მტერთაგან უვნებელსა. ესე მცირედისა რასმე წარვიდა და მივიდა გეგუთს, რეცა პატრონისა წადილითა შეყარა ყოველი სუანეთი და აფხაზეთი, საეგროი, გურია, სამოქალაქო, რაჭა, თაკუერი და არგუეთი. მომრთველმან სანიგთა და ქეშიგთამან აფიცა რუსისა გამეფებისა და მისის მეფე-ყოფისათჳს დიდებულნი და ლაშქარნი ქუეყანისანი.

გაგზავნა ლაშქარნი ქუეყანისანი და მივიდეს გუზანისად. მუნით წარმოვიდა რუსი, და შეყრილთა მიჰმართეს სამცხესა. და მიეგება ბოცო და ვინცა მისი მიმდგომი იყო. და გარდამვლელნი მთისანი მივიდე გეგუთს. ჵი ღაღადი დიდი და განსაკჳრვებელი კაცთა ცნობისა! ვინა ანუ ვისიღა მოსაყდრე საყდარსა დაჯდა დავითიანსა?

მაშინ თამარ, ქალაქსა მყოფი, უსახურისა და უაზრავისა საქმისა განკჳრვებული, პირველად მომხადველი ჩუეულებისაებრ ზენათა წყალობათა, მბრძანებელ ექმნა ყოველთა ერისთავთა ერთგულთა, ვინაცა შემოკრბეს სპასალარნი და დიდებულნი ჰერეთით, კახეთით, ქართლით, სომხითით და სამცხით. მკჳრნეთა საქმითა ჰკადრეს ფიცით არა მათგან ნებადართულობა საქმისა, და ვითა შეაჯერეს უმათოდ ქმნილობა, მჴეცებრ განმჴნდა გული მათი ერთგულობისათჳს და თავისა საწამებელად დადებისათჳს. და თჳთ თამარ ჴელითა საუფლოთა და სიტყჳთა ოქრო-ნექტარითა მრავალგზის მართლად იკითხვიდა მიზეზსა მკჳდრთა მისთაგან. ოდესმე თევდორე პატრიაქსა და ანტონი ქუთათელსა, რომელი-იგი ოდენ დარჩა მას ჟამსა ერთგულად ლიხთ-იმერით, სისხლთა დათხევამდის, და სხუათა ეპისკოპოსთა გზავნიდის, ოდესმე შინაურსა ეჯიბსა და მესტუმრესა, და მათგან ვერას პირის მპოვნელი.

მაშინ შეკრბა კრებული ღმრთის მბრძოლი, აღიღეს მახჳლები და წათები, წარმოემართნეს პატრონსა ღმერთ-შემოსილსა ზედა. ნახევარნი თჳთ მეფე-საგონებელითურთ გარდამოვიდეს მთითა ლიხისათა: ამწყუედელნი და ამაოჴრებელნი ქართლისანი მოვიდეს ნაჭარმაგევამდის და გორამდის. და ნახევართა, დადიანთა წინაძღომითა, გარდაიარეს რკინის-ჯუარი და ჩავიდეს ციხის-ჯუარს და დაწუეს ქალაქი ოძრჴე. მუნ შეიყარნეს ბოცო და მესხნი, ვინცა იყვნეს მიმდგომნი მათნი. და განმგებელთა ესევითარისა საქმისა, ღმრთისა უკითხავად, შვილთა მზეგრძელ უქმეს. რამეთუ გააგეს პირველად აღება ჯავახეთისა, თმოგჳსა და ახალქალაქისა, კუალად თრიალეთისა და სომხითისა, ვინათგან ქურდვაჭრისა იქით გასდგომოდავე ყოველი სომხითი: ივანე ვარდანის-ძე, პატრონი გაგისა; მაყა, პატრონი კაიწონისა კაენი( თჳთ ვარდანისი იყო), სხუანი მის. ქუეყანისა აზნაურისშვილნი, თჳნიერ ზაქარია ვარამის ძისა; იგი კაცი ერთგული იყო და ჭაბუკი გამოცდილი. ამათ ყოველთავე აგარათა შეყრა გააგეს და მუნიდაღმა მათ და ზემო-ქართლის მყოფთა კართა ქალაქისათა მოსლვა, სადა-იგი იყო მზე-მზეთა, ნათელი ნათელთა, ტარიგი უმანკო, მსგავსი ქრისტესი, მშჳდითა მით დავითიანებრითა გონებითა მინდობილი ზენასა მას განგებასა იმედისა მდებელი წყალობათა მისთა გულმოწყალეთა.

მაშინ უბრძანა ამირსპასალარსა გამრეკელსა და ოთხთა მჴარგრძელთა და სხუათა იორელთა, ზემოთა და ქუემოთა, წასლვა და მიგებება წინა ქუეყანასა ჯავახეთისასა და მუნვე ცნობა ძალისა მათისა, უფროსღა ცნობა ძლიერებისა მართლმსაჯულობისა ღმრთისასა. და მივიდეს მტკუარსა ზედა, ვინათგან იგინიცა მუნვე მოსრულ იყვნეს. და მიერთნეს მესხნიცა, ერთგულად დარჩომილნი; და აქით ესენი მისრულნი მტკუარსა ზედა, და იგინი მუნით ჴიდსა ზედა შეიბნეს.

და შეიქმნა ომი და სროლა. მას დღესა სიღამემან და წყლის შუა-ყოფამან გაჰყარნა. ვითარ შეღამდა, შეიარნეს და ზრახვა-ყვეს, ვითარმედ: „ვხედავთ მჴეცთქმნილობასა ამათ ლაშქართასა, და ვინათგან არა გუაქუს ძალი და ღონე შებმისა, აწ მივრიდოთ სიმაგრისაკენ და მუნიდაღმა ღონითა ვეცადნეთ ღალატსა და ძლევასა“. სიქველისა მომნიჭებელმან თამარის კერძთა ლაშქართა ამცნო გულ-უყოვნელ ქმნა შებმისა და დევნა-ყოფისა. და გამვლელთა ჴიდისათა მიმართეს მთასა ტორნაძიად სახელდებულსა, ღონედ სიმაგრისა საძებნელად და, ვეღარა მუნ დამდგმელთა, გარიდეს და მიიწივნეს ველსა ნიალისასა და წყალსა ხინგრისასა; თმოგუსა და ერუშეთს შუა შეიქმნა ომი, ვითა ხუდებოდა რჩეულებსა იმერთა და ამერთა მოყმეთასა, რომელი კმა იყო ძუელთაცა გოლიათთა და ჭაბუკთა ომად, რომელთა ზედა მოვიდოდეს ქუეითთა სიმწუავენი და მოკუეთილებანი ისრისანი, მფეთებანი ჴრმალთანი და მხეთქელობანი ჰოროლთანი. და განგრძობასა შინა ჰომთასა მიეცა ძლევა ბუმბერაზთა და მოყმეთა თამარისთა, და გაქცეულნი რომელნიმე დაიპყრნეს, დაჴოცეს და ტყუე-ყვეს. ამათ არა ევნო არცა სიკუდილითა, არცა დაკოდითა, თჳნიერ რომელ ივანე სარგისის ძე დაკოდეს.

შემოქცეულთა მხიარულითა პირითა და განათლებულითა გულითა თავისუფალ და უდევნელ ყვნეს იგინი ქენებისა და პატრონისავე არა დაკლებისათჳს. და მოვიდეს. წინაშე ღმრთივ-გჳრგჳნოსნისა მეფისა და მეფეთ-მეფისა. მიმცემელმან ღმრთისა მიმართ ჯეროვნისა მადლობისამან ნახნა მოყმენი მისნი პირითა ბრწყინვალითა, თუალითა ტკბილითა და გულითა დაჯერებულითა ვინაცა ცნეს ესე პირველ მახარობლისა მოსლვითა, სარგის ვარამის ძისათა, ზრახვა ყვეს რომელნი მყოფ იყვნეს. მის წინაშე; თჳთ ჭიაბერი მანდატურთ-უხუცესი, ჰერნი და კახნი, დიდებულნი და აზნაურნი, თანადართვითა ყივჩაყთათა, და შეყრილთა ქართლისა ერისთავისა და ქართველთა დიდებულთა, წინაძღუანვითა დავით მეფისა სჳანისათა, დასხმა [ყვეს] ქართლს მყოფთა, რომელთა მიერთნეს ვიეთნიმე ქართველნიცა და სიმრავლე ყოვლისა კავკასიისა და მთეულობისა.

და ვითარ აგრძნეს მათ ამოწყუედა და გაქცევა ზემოთა ლაშქართა, მსწრაფლ იქმიეს გარდავლა. და შემოქცეულთა და მოსრულთა წინაშე თჳთ თამარისა ჰკადრეს. გასლვა სომხითით და მიმართება ურჩთა და განდგომილთა მეფობისა მისისათა. დამორჩილდა ქრისტე-შემოსილი ჴელმწიფე, შემეცნებული ღმრთისა წყალობა აურაცხელობითა.

ვინა ესეცა უწყოდეთ, რომელ წურთათა ღმრთისათა სივრცე დიდ ფრიად არს; რამეთუ კეთილთა და კეთილ-გაეგონეთა ნიშთა აღჩენითა სწურთის კეთილად-დართვითა, ძლევა-მინიჭებითა. ღამეთუ კეთილისა სულისათჳს ღმრთის-მოყუარე და თჳსად მისი არს, ვითარ იტყჳსცა დღე ბერძენთა ხედვისა პლატონ: „კეთილი კეთილთათჳს არს კეთილ, ვინა იგივე კეთილი ბოროტთათჳს ბოროტ“.

ხოლო აწ ჴამს და უფროსღა გაგონება ნათქუამთა მათ დაუვიწყებად და ხედვა ზენათა წყალობათა, რათა დავჰყოთ თუალი იგი ამათ ესევითართა წყალობათა განგრძობითა.

ხოლო აწ ვინაცა ცნეს განდგომილთა შერისხვა. ღმრთისა მათთანათა თჳს-თჳსთა რომელნიმე დამგდებელ იქმნეს აწ ციხეთა და სიმაგრეთა და უწინარეს სჯულისანიცა. ვინათგან თამარსა ზედა ესევითარი უსახური საქმე კადრეს; რომელნიმე მოვიდეს ყელ-საბელ მობმით; რომელნიმე მკლველ ექმნეს თავის ბიძასა, და ეგრეთ მოვიდეს. და მუნცა იქმნა ჩუეულებითი გამარჯუება. შემოქცეული დგა ჭალასა აგარათასა. მონადირე და მონადიმე, მხიარული და შემწყალებელი ერთგულთა და საკუთართა მისთა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>