ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამეოცდასამე მეფე ქართლისა
დიმიტრი ძე დავით მეფისა, ბაგრატოანი

ხოლო შემდგომად მცირედისა მოკუდა აბაღაცა, და დასუეს ნოინთა ყაენად ძმა აბაღასი აჰმადალ არარა ნიჭთა საჴელმწიფოთა მქონებელი. მაშინ წარვიდა მეფე ურდოსა, აჰმადას წინაშე, სოლო მან პატივ-სცა და შეიწყნარა. მაშინ მუნ ყოფასა მეფისასა მისცა ასული თჳსი რუსუდანი შვილსა დიდისა ბუღასა, რომლისათჳს დიდად განრისხებული ნიკოლოზ კათალიკოსი ფრიად აბრალებდა, და ღმრთისა სასჯელთა თუალ-უხობასა აქადებდა. რამეთუ მუნ ყოფასა დიმიტრისსა ქმნა ბოროტი აჰმადა ყაენმან და მომყვანებელმან ძმისა მისისა ყონღარდასმან საბერძნეთით მოაკუდინა ორნი ძმანი, აბულეთის ძენი, სადუნისგან ლტოლვილნი, და ყონღარდას თანა მოაკუდინა ხუტლუბუღა, ძემან სადუნისმან.

აქამომდე მეფე დიმიტრი, კეთილად მმართებელი, სკიპტრათა სამეფოთა შემკობილი, და მოწყალებისა და მოსამართლეობისა, მონაზონთა და ეკლესიათა, ყოველთა წესთა საღმრთოთა და კაცობრივთა კეთილად ზედამიწევნით მმართებელი, სისრულისაგან მცირედ მიდრკა, და აღერია წარმართთა. და ისწავნა საქმენი მათნი, უძღებებისა და სიძვისა, გულის-სიტყჳსა უკანა შედგომილმან მოიყვანნა ცოლნი სამნი, ერთი ბექას ასული, და სხუა რომელი დედათა შეაცთუნეს სოლომონისებრ, და ურიცხუთა კეთილთა მიერ აღვსებული მცირედ სიბოროტედ მიდრკა, რომლისათჳსცა ნიკოლოზ კათალიკოსი განრისხებული უთქმიდავე და ამხილებდა მრავლად, და ვერ არწმუნა. ამისთჳს დაუტევა კათალიკოსობა, და ჴელითა თჳსითა აკურთხა ჯუარისმტჳრთველი მეფისა აბრაჰამ კათალიკოსად და თჳთ წარვიდა მამულად თჳსად, მოხუცებული, და მუნ იყოფოდა, მრავლითა მოღუაწებითა, მარხვითა, მღჳძარებითა და გლახაკთ მოწყალებითა, და სავსე სათნოებათა ტჳრთითა უფლისა მიმართ მიიცვალა.

მათ ჟამთა მოიწია მთაწმიდით ბასილი მონაზონი, ბიძა ევფემიოს კათალიკოსისა, საღმრთოთა წესითა აღსავსე და წინასწარცნობისა მადლითა განბრწყინვებული; მოიწია წინაშე დიმიტრი მეფისა, გამოცხადებითა ყოვლად-წმიდისა ღვთისმშობელისათა, და ვითარცა მოციქული ძლიერად ამხილებდა და წინააღუდგებოდა მეფესა უწესოსა მისთჳს ქორწინებისა, და ასწავებდა სიწმიდესა, და მოჴსენებდა ტაძრისა ღმრთისა ყოფასა ჩუენსა, და სხეულთა განუხრწნელობისათა, ხოლო ტაძრისა ღმრთისა განუხრწნელისა სიძვათა შინა სასუფეველისა ღმრთისა დამკჳდრებასა და უპოვართა მათ უსასყიდლო მარგალიტთა მოპოებასა ლოცვასა, მარხვასა, გლახაკთ მოწყალებასა, და ლმობიერებასა და უხუებასა, მდინარეთა თანა მწჳრიანთა და უყიანთა ლიამპალთა არა თანაშერთვად ყოფასა. ამას ესევითართა სწავლათა ეტყოდა: „უკეთუ დაუტევნეს უწესონი ქორწინებანი, მე თავს-მდებ გექმნე, რათა კეთილად წარგემართოს მეფობა შენი“. და მთავართაცა ამხილებდა უწესოებათა, და უმრავლესთა დაფარულნი გულის-სიტყუანი მიუთხრნის. ესევითარითა სათნოებითა განბრწყინვებულ იყო სანატრელი იგი მონაზონი, და ვითარ ვერა რაც არწმუნა მეფესა და შეურაცხ-ყო სიტყუა მისი, კუალად წარმოუდგა მეფესა და მთავართა მისთა: „უკეთუ მე ჩემებით რასმე ვიტყჳ, ვითარცა ცრუ წინასწარმეტყუელი, შემაცთუნებელი კაცისა ღმრთისა, რომელი მიივლინა რობოამისსა, ძისა ნაბოტიანისსა, და არა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ წარმოვლინებულ ვარ, ვითარ ცრუდ სჯულისა გარდამავალი შეურაცხეთ. და უკეთუ ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ მოვლინებულ ვარ სწავლად შენდა, არა ცუდ იქენენ პირველნი საქმენი შენნი, ლოცვა და ცრემლნი შენნი. და უკეთუ არა განეყენო უწესოთა ქორწილ-შეყოფათა, და შეურაცხ-ყვენ სიტყუანი ჩემნი, ბოროტად და უპატიოდ მოიკლა მძლავრთა მიერ, და ოჴერ იქმნე სამეფოსაგან შენისა, და შვილნი შენნი მიმოდაიბნიენ, და სხუამან დაიპყრას მეფობა შენი, და იავარ-ყონ სიმდიდრე შენი. და აჰა ესერა შენ და მთავართა გეტყჳ, და ვესავ ყოვლად-წმიდასა ღმრთისმშობელსა, რომელ სრულ იქმნეს და აღესრულოს სიტყუა ჩემი, უკეთუ ეგო უწესოებასა მაგას. მე აჰა ესერა წარვალ“. ხოლო მეფემან განკჳრვებულმან არა მიუგო სიტყუა, რამეთუ იყო წმიდათა კაცთა პატივისმცემელი.

ხოლო ამათვე ჟამთა ბრწყინვიდა პიმენ სალოსი, რომელი გარესჯით წარმოვიდა და დაემკჳდრა ბელაქანს, ქუაბსა რასმე, რომელმან ნათესავი ლეკთა წარმართობისაგან მოაქცივნა, რომელნი ჰგიან სარწმუნოებასა ქრისტესა. ამას თანა ბრწყინვიდა დიდიცა იგი მოღუაწე ანტონი ნაოჴრებელის-ძე, ნათესავით მესხი.

ხოლო ჩუენ ზემოჴსენებულისა აჰმადა ყაენის მიმართ აღვიდეთ. ვინათგან მოაკუდინა აჰმადა ძმა თჳსი ყონღადარ იხილეს უწესოება აჰმადასი ნოინთა ხუარასანს მდგომთა, განდგეს და დასუეს ყაენად ძე აბაღა ყაენისა, სახელით არღუნ. ვითარ ცნა ესე აჰმადა ყაენმან, შეკრიბა სპა მისი, და მოუწოდა მეფესა და სპასა მისსა, რათა წარყვეს ხუარასანს, ბრძოლად არღუნ ყაენისა. და წარვიდა მეფე, და თანა წარიტანა ყოველი ძალი მისი, და მანდატურთ-უხუცესი დიდისა შანშეს ძე ივანე, და სადუნის ძე ხუტლუბუღა ამირსპასალარი. წარემართნეს და განვლეს ერაყი, და მივიდეს საზღვარსა არღუნისსა, ხოლო ვითარ იხილა არღუნ სიმრავლე ლაშქრისა, ვერ წინააღუდგა, არამედ ივლტოდა, და შევიდა ციხესა ქალსად წოდებულსა, რომელსა უკანა მიუდგა ყაენი აჰმადა, და მოიცვა ციხე ქალსა. ხოლო ვითარ უღონო იქმნა არღუნ, ევედრა, რათა არა აბრალოს და შეუნდოს, და მოსცეს ფიცი, და მივიდეს წინაშე მისსა. და ისმინა აჰმადა და მისცა ფიცი უვნებლობისა, რამეთუ სპარსთა სჯული აეღო აჰმადას, და გამოვიდა არღუნ ციხით, და მოვიდა ბიძასა მისსა წინაშე, და ესრეთ წარემართნეს. ხოლო ვითარ ვიდოდეს ხუარასანს, შეკრბეს სპანი ვინმე უწესონი და ცუდნი კაცნი და მტერნი ქრისტეანეთანი, რომელ ქრისტიანის კაცის სიკუდილი დიდად ღუაწლად უჩნდეს, რამეთუ უღმერთოსა მის მოჰმედის მოძღურება ესრეთ იყო, რომელ დაეწერა ცუდი სიტყუა წიგნსა მისსა ყურანსა მინა, ვითარმედ: უკეთუ მოჰკლათ ქრისტეანე, სამოთხეს შესლვად ხართ. და უკეთუ მათგან მოიკლათ, მაშინცა შესლვად ხართ“ ამისთჳს. უღმერთო იგი კრებული ჯიმრთა შეკრბა, და სადაცა პოებდეს ქართველსა ერთსა გინა ორსა, მოკლვიდიან. ცნა ესე სურამელის ბეგას შვილმან რატი, რამეთუ ყრმა იყო, და წარვიდა სამოცითა ოდენ კაცითა, და პოვნა მთასა რასამე მაგარსა შინა მყოფნი, კაცი სამასი ოდენ, ზედა მიეტევა, და იქმნა ბრძოლა ფიცხელი. და პირველსავე შეკრებასა მეოტ იქმნეს, და უმრავლესი მათი მოსწყდა, და სხუანი მოიყვანნა წინაშე მეფისა, რომლისთჳსცა დიდად პატივ-სცა. მეფემან, და მრავალი ნიჭი უბოძა და მიერ წარმოვიდეს და მოიწივნეს რეჰსა და ყაზმინსა, და ყაენმან დიდად დაუმადლა მეფესა თანახლება ხუარასანს და პატივიცა უყო დიდი და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი მოსცნა. და ყაენი წარვიდა შინა, რათა მივიდეს ცოლთა თანა, გამარჯუებული, და მეფე თანა წარმოიტანა. ხოლო ძმისწული მისი არღუნ დაუტევა რეჰსა, და ნოინი ყოველი დაუტევა არღუნს თანა, და დავედრა ალიყანს და სხუათა ნოინთა, რათა მცირედნი დღენი დაყვნენ და მერმე მოაკუდინონ არღუნ. და იყვნეს ნოინნი არღანს თანა, და ქმნეს განზრახვა დიდმან ბუღა და იასბუღა, ნათესავით ოირიდთა მთავარმან, რათა აბაღას შვილი არღუნ ყაენად დასუან და აჰმადა მოაკუდინონ, რომელ ყვესცა. და მსწრაფლ მივიდეს ღამით, და გამოიყვანეს ალიყან, კარავსა შინა მწოლი, და მოაკუდინეს. და ვითარ განთენდა, არღუნ ყაენად ქადაგეს და წარმოვიდეს დევნად აჰმადისა. ხოლო იგი მოვიდა ურდოთა შინა მისთა, უჟანს, მოეწივნეს და საბლითა მოაშთვეს.

ხოლო მეფესა დიმიტრის პირველვ- მიუმცნეს, რათა განეყენოს აჰმადას, და ყოცა მეფემან, და მობრუნდა, და მოვიდა ყაენს არღუნს წანაშე. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა, და მისცა ყოველი სამეფო მისი და სახლი ავაგ ათაბაგისა, რომელი აქუნდა საჰიბდივანს, რამეთუ ყაენი ჴელთა. შინა ბუღასათა იყო, და ბუღა მოყუარეცა იყო და მზახალი მეფისა. და წარვიდა შინა მშჳდობით, განმარჯუებული, და წარავლინა ძე მისი დავით მცირე სახლსა ზედა ათაბაგისასა, რათა მუნ იზრდებოდეს და აქუნდეს საუფლისწულოდ, და ესრეთ დღითი-დღე წარემატებოდეს მეფობასა მისსა. და კათალიკოსი აბრაჰამ კეთილად მართებდა საჭეთა კათოლიკე ეკლესიისათა, რამეთუ იყო კაცი ესე მართლმოქმედი კეთილთა საქმეთა, და სთურავთა სამეფოთა გამგე კეთილი.

ხოლო მეფესა დიმიტრის ესხნეს შვილნი, დედოფალსა ტრაპიზონელთა ასულსა თანაპირმშო დავით, ვახტანგ, ლაშა და მანოველ, და ასული რუსუდან. ხოლო თათრის ასულსა თანა ძენი ორნი, ბადურ და იადგარ, ასული ჯიგდა. ხოლო ასულმან ბექასამან ნათელ უშვა ძე მხოლო გიორგი, რომელი უკანასკნელ ძმათა მისთა მეფე იქმნა. და განდიდნა უმეტეს შემდგომთა მეფეთა, რამეთუ მარტო იყო ძე დედისა, მარტო შვა დედამან; ვითარცა მარგალიტისათჳს თქმულ არს მარტოება უმჯობესისათჳს, ეგრეთვე გიორგი იპოვა უმჯობესი ყოველთა კაცთა მის ჟამისათა, არა ოდენ ჴელეწიფეთა, არამედ ყოველთა კაცთა. ამან დიმიტრი მეფემან მოიგო სიმდიდრე დიდად დიდი, სიმდიდრესავე ზედა რომელ დაშთომოდა მამისა მისისაგან, და მსახურებდა ყაენსა არღუნს, რამეთუ თანაშეეწეოდა ნოინი დიდი ბუღა, რომელსა პატივად ჩინგიყაენობა მისცა ყაენმან, რომელი ყოველთა პატივთა უმეტეს არს.

მაშინ განუდგეს ყაენს დარუბანდელნი და წარვიდა ყაენი დარუბანდს, მოუწოდა მეფესა დიმიტრის, და წარყვა და შევიდეს დარუბანდს და ვერ წინააღუდგეს დარუბანდელნი, და ივლტოდეს სიმაგრესა ციხისასა, რომელსა ანიყად უწოდდეს, და გარე მოადგეს, და ვერა ავნეს რა. მაშინ ყაენმან არღუნ უბრძანა მეფესა, რათა ებრძოლოს, რამეთუ იყო ფრიად მაგარი. აღიჭურა მეფე, და სპა მისი, გარე-შეეხჳვნეს და შეუჴდეს ციხესა, რამეთუ ბეგას შვილი რატი უპირველეს ყოველთა გავიდა, და წარუღეს ციხე, და თავადნი მათნი დაჴოცნეს, და წარმოიღეს ტყუ და განძი და დედაწული მათი ურიცხჳ, და ციხე დაწუეს. ყოველსა ხედვიდა ყაენი. თჳთ მეფისა აქუნდა მტერობა, სთხოვა ჯაჭჳ სახელოვანი და მსწრაფლ მიანიჭა მეფემან, და წარმოვიდეს შინა.

და ვითარცა გარდაჴდეს ჟამნი მრავალნი და რაჟამს წელიწდისა თავი მოიწია, რომელსა ურდსინგად უწოდდეს, რომელ არს ენითა მათითა, რომელი იქმნების მარტსა თხუთმეტსა, მიავლინა ყაენმან ნოინი, და დაესხნეს ბუღას და შეიპყრეს, და აღიღეს. ყოველი სიმდიდრე მისი, და მოიყვანეს წინაშე ყაენისა, და მან მსწრაფლ ბრძანა განუკითხავად მოკლვა მისი და ძისა მისისა. და მოაკუდინა ბუღა, და ყოველნი ნათესავნი მისნი. წარავლინეს ყოველგან კაცი, საბერძნეთს, შამს და ხუარასანს, და მრავალნი დიდნი ნოინნი მოსწყჳდნეს, და ესრეთ შეიქმნა კლვა და მოსრვა ნოინთა. და წარმოავლინა ელჩი მეფისად მჴმობელმან ყაენმან, და აწჳა ურდოსა მეფე ხოლო ვითარ ცნა სიკუდილი ბუღასი მეფემან, დაუმძიმდა დიდად. და მოაწოდა მეფემან კათალიკოსსა აბრაჰამს და ეპისკოპოსთა, მონასტერთა და უდაბნოთა გარესჯისა მღდელმონაზონთა, და ყოველთა მთავართა სამეფოსა მისისათა. შემოკრბეს მის წინაშე, დაჯდა და ტახტსა ზედა დასხდეს ყოველნი დიდებულნი თჳს-თჳსად, და აღაღო მეფემან პირი თჳსი და ბრძანა: „ისმინეთ ჩემი, ყოველთა კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და წარჩინებულთა სამეფოსა ჩემისათა, ვითარმედ შეისუენა მამამან ჩემმან, დავშთი ყრმა მცირე მძლავრებასა შინა თათართასა, და ღმერთმან ყოვლისა მპყრობელმან, და უფალმან ჩუენმან იესო ქრისტემან, და ყოვლად წმიდამან ღმრთისმშობელმან, რომლისა ნაწილადცა ვართ, და ჯუარმან პატიოსანმან, რომელი მოგუენიჭა ჩუენ მეფეთა, დამიცვა და მიმაწია ასაკად სისრულისა, და მომმადლა მეფობა, სკიპტრა და პორფირი მეფობისა, და თანადგომითა [თქუენითა] წარვმართე მეფობა, და აქამომდე მშჳდობით ჰგიეს სამეფო ჩემი. აწ განრისხებულ არს ყაენი, და ყოველი მთავარი მისი მოუწყუედიან, და აწ მე მიწოდს წინაშე მისსა. ვგონებ ბოროტის ყოფასა ჩემთჳს, თუ არა წარვიდე ურდოსა. და წარვიდე მთიულეთს, სიმაგრეთა შინა, და დავიცვა თავი ჩემი, და აჰა ყოველი სამეფო ჩემი წინაშე მათსა ძეს, იხილეთ რავდენი სული ქრისტიანე სიკუდილსა მიეცემის და ტყუე იქმნების, და ეკლესიანი შეიგინებიან და მოოჴრდებიან, ხატნი და ჯუარნი დაიმუსრვიან. და უკეთუ წარვიდე ყაენს წინაშე, დასტურობით უწყი მომკლავს. და აწ სიბრძნითა თქუენითა განაგეთ საქმე ესე, რამეთუ მე ესრეთ ვგონებ: მრავალმღელვარე არს საწუთო ესე, დაუდგრომელ და წარმავალ, დღენი ჩუენნი სიზმრებრ და აჩრდილებრ წარვლენ, და უნებელ და მსწრაფლ თანა-გუაც წარსლვა სოფლისა ამისგან. რა სარგებელ არს ცხოვრება ჩემი, უკეთუ ჩემთჳს მრავალი სული მოკუდეს და მე ტჳრთ-მძიმე ცოდვითა განვიდე სოფლისა ამისგან. აწ მნებავს, რათა წარვიდე ყაენს წინაშე, და იყოს ნება ღმრთისა: უკეთუ მე მომკლან, ვგონებ რომე ქუეყანა უვნებელად დარჩეს“.

ხოლო ვითარ ესმათ კათალიკოსთა და ეპისკოპოსთა, და მოძღუართა და მთავართა, განკჳრდეს, თუ ვითარ დადვა მეფემან სული თჳსი ერისა მისისათჳს, და ესრეთ პასუხი უგეს: „არა არს ნაცვალი შენი, მეფეო. გაშოროს ღმერთმან მოკლვა თათართაგან. მოოჴრდეს ქუეყანა და შვილნი შენნი მიმოდაიბნევიან. თუ ქუეყანაცა დაშთების, რა არს ნაცვალი შენი? აწ გეზრახებით, რათა წარხვიდე სიმაგრეთა მთიულეთისათა, ანუ აფხაზთასა, ვითარ ქმნა მამამან შენმან, და არა საჭირო არს განწირვა თავისა შენისა შენგან. ჩუენ ყოველნი მტკიცედ ვჰგიეთ ერთგულებასა“.

ვითარცა ესმა მეფესა, თქუა: „თქუენ ერთგულებისა და სიყუარულისა ჩემისათჳს იტყვით, გარნა მეწყალვის უბრალო ერი, ვითარცა ცხოვარნი კლვად უღონო არიან, და არა-სადა აქუნ ნუგეშინისცემა. მე დავსდებ სულსა ჩემსა ერისათჳს ჩემისა, და არ დავიშლი ურდოს წასვლასა“. მაშინ განკჳრვებულნი ყოველნი აღდგეს, და რქუა აბრაჰამ კათალიკოსმან: „არა არს საქმე, მეფეო, განწირვა სულისა შენისა, რამეთუ მრავალთა მეფეთა მიურიდნია, და დაუცავს თავი თჳსი. აწ თუ შენ დასდებ სულსა შენსა ერისათჳს, ჩუენ ყოველნი ეპისკოპოსნი ვიტჳრთავთ ცოდვათა შენთა, არამედ წინაშე ღმრთისა ვწამებთ, რათა მოწამეთა თანა შერაცხილ იქმნე, ვითარცა უფალი სახარებასა შინა ბრძანებს: „უფროს ამისსა სიყუარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისათჳს“. და უკეთუ ერთისა მოყუსისა[თჳს] სულისა დადება კეთილ არს, რავდენ ურიცხუთა სულთა ცხოვრება ეგოდენ სარგებელ არს“.

ხოლო ვითარცა ესმნეს მეფესა კათალიკოსისაგან, განიხარა და დაასკუნა წარსლვა ურდოსა, დიდითა დიდებითა და საჭურჭლითა, და თანა წარჰყვა კათალიკოსი აბრაჰამ, და განუჩინა შვილთა საყოფელი. ყოველთა მთავართა, რომელნი არა თანა წარჰყვნეს, შევედრნა შვილნი თჳსნი, და წარგზავნა რომელნიმე მთიულეთს, და რომელნიმე კახეთს. ხოლო ყრმა მცირე გიორგი წარგზავნა ტაოს, იშხანის ციხესა, ასპარაშენს, და თჳთ წარვიდა ურდოსა. და ვითარ მივიდა ქუეყანასა ხუაშაგისა ავაგის. ასულისა, მუნ დახუდა ძე მისი დავით, რომელი იგიცა წარიტანა ამისთჳს რომელ უმჭუელ იქმნას ყაენი, და ჰგონოს ერთგულება მისი. ვითარ ვლეს მცირედ და მიეახლნეს ურდოსა, ჰგონა ყაენმან მეფისა არა მისლვა, წარმოავლინა ნოინი ერთი, სახელით სიუქოლ, ძე ზემოჴსენებულისა იასბუღასი, რათა მოიყვანოს მეფე. მგზავრ მიმავალსა მეფესა წინა დაემთხჳა, რომელმან მყის აღიღო ყოველი ბარგი და სიმდიდრე მისი, და მეფე პყრობილ ყო, და მიიყვანა ყაენს არღუნს წინაშე. ხოლო მანცა პყრობილ ყო, და განიზრახვიდა ყაენი, უკეთუ ბოროტი უყოს მეფესა, არღარავინ არს ღირსი მეფობისა, და თუ ბოროტი არა შეამთხჳოს, ვითარ განუტეოს მიმდგომი და მზრახავი ბუღასი.

ხოლო რქუა ხუტლუბუღა ყაენსა: „ნუ იურვი მაგას, რამეთუ მე მოვიყვანო შვილი აფხაზთა მეფისა დავითის, სახელით ვახტანგ, და მას მიუბოძე მეფობა, რომელ ორივე სამეფო ბრძანებასა შენსა მორჩილებდეს“. სთნდა ყაენსა სიტყუა ესე, და წარავლინა ხუტლუბუღა იმერეთს, დავით მეფის წინაშე, უქადა ძესა მისსა მეფობა, და ასული მისი ოლჯათ ცოლად.

და ვითარ წარვიდა ხუტლუბუღა, ჰკითხეს მეფესა დიმიტრის, რათა აღწეროს ყოველი სიმდიდრე მისი, საჭურჭლე. ზროხა და ცხოვარი, და ყოველი საქონელი მისი. რამეთუ პყრობილ იყო თჳთ მეფე და მთავარნი მისნი, თჳნიერ აბარაჰამ კათალიკოსისაგან კიდე. და არღარა იყო ღონე, აღწერა რაცა აქუნდა სიმდიდრე ფრიადი, წარმოგზავნეს კაცნი და წარიღეს ყოველნი. არა-რა დაშთა, რამეთუ მოქალაქეთაცა უწყოდეს საგანძურნი მეფისანი და შინაგამცემელ იქმნეს. ხოლო იტყჳან ამასცა: ხოჯა-აზიზის შვილი, რომლისა მამა მოეკლა მეფესა დავითს, ხუტლუბუღა და იგი, ორნივე მტერობად შეითქუნეს მეფისა და მივიდა საჭურჭლე მეფისა ყაენს წინაშე, და განკჳრდა სიმრავლისათჳს, და მცირედ დასცხრა გულისწყრომისაგან, და არღა ეგრე გონებდა ბოროტის ყოფად. და ვითარ იხილეს ვაზირთა მეფისათა ფლობილად, რქუეს: „აჰა, თავი შენი ჴელთა შინა შენთა არს, ღამით მოიდგინენ ცხენნი მორბედნი და წარვედ, და განერე ჴელთაგან ამათთა, რამეთუ არა არს ნაცვალი სულისა შენისა“. მაშინ რქუა მეფემან: „ისმინეთ ჩემი, რამეთუ პირველვე უწყოდე სიკუდილი ჩემი, გარნა დავდევ თავი ჩემი და სული ჩემი ერისათჳს ჩემისა. ხოლო აწ, თუ წარვიდე, უბრალო ერი მოისრას, რა სარგებელ არს, უკეთუ ყოველი სოფელი შევიძინო და სული წავიწყმიდო“. არა ისმინა განზრახვა მთავართა მისთა.

და მოიწია ხუტლუბუღა ლიხთ-იმერით, და მოაჴსენა ყაენსა, ვითარმედ დავით მეფე წარმოვლენს ძესა თჳსსა მსახურებად შენდა და სპათა აფხაზთასა, რათა გმსახურებდენ ხოლო ვითარ ცნა ყაენმან, კუალად დააპატიმრა მეფე დიმიტრი. და ვითარ გარდაჴდა ორი დღე, კუალად შეიპყრეს მეფე და ძე მისი მცირე ყრმა დავით ცალკე, და წარჰყვა თანა მღდელ-მონაზონი გაზრდილი მისი მოსე. და არგნითა სცეს მეფესა, და ეგონა ყოველთა არღარა მოკლვა მეფისა, რამეთუ წესად აქუნდთ, რა არგნითა სციან, არღა მოაკუდინიან. გარნა არა დამშჳდნა გულისწყრომა მისი. წარიყვანეს სამსჯავროსა სახლსა, რომელსა დივანხანად უწოდდეს, და ჰკითხვიდეს, უკეთუ თანაეწამა განზრახვასა ჩინქიშან-ბუღასსა, და ვერა ბრალი პოვეს. და წარვიდა ვინმე ნოინი ყაენს წინაშე, რათა არა მოკუდინოს მეფე, და ვერ აღასრულა სათხოველი მისი. და მოიწივნეს ათორმეტნი მჴედარნი ყაენისნი, რათა წარიყვანონ და სიკუდილსა მისცენ, და ვითარ ცნა მეფემან სიკუდილი თავისა თჳსისა, მხიარულითა პირითა მოიკითხვიდა მთავართა საქართველოსათა, რამეთუ ყოველნი მუნ მოსრულ იყვნეს ნუგეშინისცემად მეფისა, და ხუტლუბუღაცა მდგომარე იყო. მუნ. რქუა მეფემან: „უკეთუ ძალ-გიძს, ყაენს წინაშე შემეწიე სიკუდილსა ამას შინა. და თუ არა გნებავს, ძე ჩემი მცირე დავით იღუაწე, რათა არა მოიკლას გულისწყრომითა აღსავსისა ყაენისაგან“. ხოლო მან და ყოველთა მთავართა იწყეს ტირილად, და განვიდეს გარე. ილოცა და ეზიარა სისხლსა და ჴორცსა მეუფისა ჩუენისა ქრისტეს ღმრთისასა. ეგრეთ აღსუეს ცხენსა და წარიყვანეს ვითარ მილიონ ერთ. და ევედრა მტარვალთა, რათა ილოცოს მცირედ. და ილოცვიდა ცრემლთა მოდინებითა ქუეყანასა ზედა, და მერმე წარუპყრა ქედი. აჰა დღე საშინელი და ზარის აღსაჴდელი, რომელი იკადრეს ბილწთა ცხებულსა ზედა ღმრთისასა. და წარკუეთეს მეფეს დიმიტრის თავი.

ხოლო გამოჩნდა მასვე ჟამსა პატივი ღმრთისა მიერ ცხებულსა მისსა, რამეთუ მზემან შარავანდედი თჳსი უჩინო ყო სრულიად, და იქმნა სიბნელე დიდი, და ყოველნი წარმართნი განკჳრდეს იყო ჟამი მეათე და მწუხრამდე შეიმოსა ბნელი, ვითარ-იგი ყოვლისა სოფლისა ცხოვრებისა ვნებასა მეუფისასა, ეგრეთვე ამის ნეტარისა და საქართველოსათჳს წამებულისა მეფისასა, რათა საცნაურ იქმნენ, რამეთუ პატიოსან არიან ცხებულნი ღმრთისანი.

ხოლო იყო მესამე შაბათი წმიდათა მარხვათა, და მეათორმეტე თჳსა ებრაელთა მიერ ნისანად წოდებული, და ჩუენ მიერ მარტად. და აღასრულეს გულისწყრომა და არავე დასცხრა გულისწყრომა მათი რამეთუ შეიპყრეს ყრმაცა დავით და ნოინსა ტაჩარს მიჰგუარეს, რომელსა მჴედართ-მთავრობა აქუნდა. მას ღამესა მწუხარებასა გულისასა მოიცვეს ყრმაცა დავით კარავსა შინა მოსიკუდიდ, გარნა ვერა იჴელთეს. და ვითარ განთენდა, განიპარა მოსე მღდელი, რომელი არაოდეს განეშორებოდა დავითს, და შევიდა ტაჩარს წინაშე, და აუწყა მოკლვა დავითისი. ხოლო იგი აღდგა მსწრაფლ, და წარვიდა ყაენს წინაშე და რქუა ყრმისა დავითის უბრალოება: „რად გიჴმს შეუცოდარისა ყრმისა მოკლვა, მე მომ[მ]ადლე“. ისმინა, და მოსცა, და წარიყვანა სახლსა თჳსსა, და შევედრა ხოჯასა თჳსსა, რომელი უკანასკნელ საჰიბდივან იქმნა.

ხოლო გუამი იგი პატიოსანი დიმიტრი მეფისა დასცვეს მრავალ დღე, რათა არა წარიღონ ქართველთა. და ესრეთ სრულ იქმნა წინასწართქმული ბასილი მთაწმიდელისა. ხოლო იყვნეს მრავალნი წარჩინებულნი საქართველოსანი, და ვერვინ იკადრა გამოთხოვად გუამი მეფისა. მაშინ კათალიკოსმან და მოსე იყიდეს კაცნი, და მოსეცა თანა-წარჰყვა, და მოიპარეს ღამით გუამი დიმიტრი მეფისა. მაშინ, განგებითა ზეგარდამოთა, გამოჩნდეს კაცნი ტფილისელნი, რომელთა აქუნდა თევზი წარსაღებელად, და თევზთა თანა იტჳრთეს და მოიღეს მცხეთას, და მუნ დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა. ვითარცა იქმნა ესე ყოველი, დავით ძე დიმიტრისი შეინახა კეთილად ტაჩარ ნოინმან. ხოლო დედოფალი და სხუანი ცოლნი მეფისანი დამალნეს. სორღალა წარვიდა სახლსა მამისა მისისასა თათარში, ხოლო ასული ბექასი წარვიდა მამისა მისისა თანა სამცხეს, და ვახტანგ იყო მთიულეთს. ხოლო ყრმამან მისცა დედოფალსა სარჩოდ სკორეთის-ჴევი, და ეახლნეს ორნი მცირედნი ძენი მანოველ და ლაშა. და სორღალას წარყვეს ორნი შვილნი, ბადურ და იედგარ, სახლსა მამისა მისისა, და დარჩა ქუეყანა ესე უმეფოდ.

მაშინ მოუწოდა ყაენმან ხუტლუბუღას და რქუა: „აჰა მოვსრენ ყოველნი მტერნი ჩემნი, და მტერიცა შენი მეფე დიმიტრი, და აწ მეფე არღარა. აღმისრულე რომელი აღმითქჳ, მოიყვანე ძე აფხაზთა მეფისა, და იყოს იგი მეფედ, მაშინ მოგითუალო საქართველო ყოველი, და განაგებდი ვითარ გნებავს, და წარვედ აფხაზეთს. და წარვიდა ხუტლუბუღა მეფისა დავითის წინაშე. და ვითარ იხილა ხუტლუბუღა მეფემან დავით, მოუწოდა სპათა თჳსთა, წარმოემართა და თანა წარმოიტანა ძე მისი ვახტანგ. გარდამოვიდეს და დადგეს ტასისკარს, ქვიშხეთის მინდორსა. აქათ მოვიდეს სირმონ ნოინის შვილი ყონჩიბა, ალიყანის შვილი ყურუმჩი, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, რომელ არიან არტანსა და სამცხეს შუა, და ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი შემოკრბეს, და ყვეს ფიცი და სიმტკიცე ერთგულობისა. და მოსცა ძე მისი მეფემან, და მრავალნი თავადნი მისნი თანა-წარმოატანნა, და წარმოვიდეს მსწრაფლ, და მეფე დავით შეიქცა ქუთათისს. ხოლო მოიწივნეს რა ყაენს არღუნს წინაშე, იხილა ყაენმან ვახტანგ, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, რამეთუ იყო ტანითა სრულ, პირითა ჰაეროვან, ტკბილ, მოწყალე, სიმართლის მოქმედ, უხჳ, მდაბალი, ენა-ტკბილ, განმზრახი კეთილი, ყოვლისა საქმისა მცოდნე. ამას ვახტანგს მოსცა მეფობა ყოვლისა საქართველოსი, და დაჲ თჳსი ოლჯათ ცოლად, და წარმოგზავნა და მოვიდა ტფილისს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>