ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამეოცდასამე მეფე ქართლისა
დიმიტრი ძე დავით მეფისა, ბაგრატოანი

მათ ჟამთა იწყო ყაენმან აბაღა ბრძოლად მეგჳპტელთა მთავარსა და სულტანსა მისრეთისასა ფუნკუყადარს და წარავლინა სპა ძლიერი და მათ თანა სპა ქართველთა, და აჩინა მჴედართ-მთავრად თონდა ვინმე, ნათესავით სალდუხი ბადურთა, მთავარი გართათ, და წარგზავნეს გზასა საბერძნეთით მიმავალსა შამად. და მიუმცნო სულტანსა საბერძნეთისასა, სახელით თარმანს, რამეთუ უწინარეს ამის ჟამისა აღსრულებულ იყო სულტანი დიდი სალჩუქიანი ყიასდინ, და მონასა მისცა ფარმანს მიეტაცა სულტნობა, და ცოლიცა მისი, ასული რუსუდანისი, გურჯი-ხათუნ, მიეყვანა ცოლად, და მას აქუნდა პონტო, ასია და კაბადუკია, ამას მიუმცნო ყაენმან, რათა თანა შეეწიოს სპათა მისთა. და წარვიდეს სპანი აბაღასნი, და მივიდეს ფარმანს თანა, და დაიბანაკეს ევხაიტს რომელ არს ასურასტანი, და ვითარცა ესმა სულტანსა ფუნდუყადარს მისლვა თათართა, მოუჴდა სპითა ეგჳპტისათა და ზედა დაესხა ჟამსა განთიადისასა, და იქმნა ძლიერი ბრძოლა, სადა-იგი მჴნედ ბრძოლა უყვეს ქართველთა, რომელ თათარნი განკჳრდეს. მაშინ თათარი ვინმე, სახელით მორღულ, მიეტევა მარტო რაზმსა არაბთასა, და განვლო შიგან, და მერმე გამოვლო რაზმი, და მომავალსა ცხენსა მისსა უკანა ფერჴი მარჯუენა მოჰკუეთა ვინმე ქუე მდებარემან კაცმან საოლავსა ქაჩაჩსა ზედა. იქმნა საქმე საკჳრველი, რამეთუ ივლტოდა სპა აბაღასი, და თანა მოკლულ იქმნა. წარმოვიდა ესე მორღული უფერჴოთა ცხენითა, სამი დღე და სამი ღამე ვლო. ესრეთ მოკუდა ცხენი.

ხოლო ვითარ ცნა აბაღა ამოწყუეტა ლაშქართა და უმეტეს ქართველთა, დაუმძიმდა დიდად, და შეასმინეს სულტანი საბერძნეთისა ფარმანა, ვითარმედ განზრახვითა მისითა იქმნა მოსლვა სულტნისა ფუნდუყადარისა. ამისთჳს შეიპყრეს ფარმანა, დაღათუ არა ენება ყაენსა აბაღას მოკლვა მისი, არამედ ნოინთა მოაკუდინეს ფარმანა, და აღიღეს ყოველი სიმდიდრე მისი, და აჩინეს საბერძნეთსა ნოინი დიდი და კეთილი, ნათესავი პირველთა ყაენთა, ონხანისა გუარისა, სახელით ერინჯი. ამას ჴელთ უდვეს მთავრობა საბერძნეთისა, და წარუღეს აწყუერი, სამცხეს, რომელი ჰქონდა ფარმანას ცოლეულთაგან, და უბოძეს სარგის ჯაყელსა და ძესა მისსა ბერქას.

ხოლო ვითარცა აღიზარდა მეფე დიმიტრი, და იწყო საურავთა საქმეთა კეთილ განგებად, რამეთუ იყო ესე დიმიტრი ტანითა ახოვან, თერითა ჰაეროვან, შესახედავად ტურფა, თმითა და წუერითა მწყაზარ და შუენიერ, თუალითა გრემან, ბეჭ-ბრტყელ და შეწყობილ სამჴედროთა წესითა. სრული ცხენოსანი და მშჳლდოსანი რჩეული, უხჳ, მოწყალე და მდაბალი, გლახაკთა, ქურივთა და დავრდომილთა მოწყალე, რომელ არა სმენილ არს ნათესავი მეფეთა გინა სხუათა კაცთა. რამეთუ აქუნდა ჩუეულება, აღიღის საფასე და აღდგის ღამე, და მოვლის ქალაქი, და მოიხილნის გლახაკნი და დავრდომილნი და ობოლნი, და თჳსითა ჴელითა მისცემდის. და ყოველთა უწყოდიან მოწყალება მეფისა. და ამისთჳს გლახაკნი ღამით ფოლოცთა შინა ვიდოდიან, რათა შეემთხჳვნენ მეფესა. ამას თანა მოეგო მარხულობა, ღამით ლოცვა და მუჴლთ-ყრა ფრიადი, რამეთუ ათას ხუთასი მუჴლი მოაგდის მდაბლად მიწასა ზედა. ესრეთ ყოვლითურთ განშუენებული და განათლებული იყო.

გარნა ესრეთ ჴელთა შინა სადუნისთა იყო, რამეთუ ფრიად განადიდა სადუნი ყაენმან. და იურვა მეფის დიმიტრისგან თელავი და ბელაქანი, და მრავალნი ქუეყანანი, და სადუნი კეთილად განაგებდა საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ დღეთა მისია არა იქმნებოდა თათართაგან ძალი და უსამართლობა, არცა დიდთა ნოინთაგან, არცა ელჩთაგან. და ესრეთ აღშენდა საქართველო და მოირჭუნა.

მეფემან დაიწყო სიბასა წარსლვა, და აღაშენნა ქუეყანანი მოოჴრებულნი. ამანვე აღაშენა პალატსა შინა მონასტერი, ისანთა, საყოფელად მეტეხთა ღმრთისმშობელისა, და შეამკო განგებითა დიდითა, და შესწირნა სოფელნი და ზუარნი, და განუჩინა მონაზონთა საზრდელი და სამოსელი, და განაგო განგებითა კეთილითა. და წარვიდა ურდოსა, და მას შინა ყოფასა მეფისასა სთხოვეს საფასე ურიცხჳ მეფესა, განზრახვითა სადუნისითა. რქუა მეფესა სადუნ: „უკეთუ მომცე დმანისი, მე მივსცე საფასე ყაენსა“. ისმინა მეფემან, და უნებლიად მისცა დმანისი და მიმდგომი მისი, და უმეტეს განდიდნა სადუნი. ხოლო იქმნა კეთილიცა საქმე მონასტერთა და გლახაკთა მიმართ, რომელი დღეთა ცხოვრებისა მისისათა მან მისცა ყალანი და მალი ათორმეტთა უდაბნოთა გარესჯისათა, და განათავისუფლა ქუეყანა გარესჯისა, და მსახურებდა მეფესა დიმიტრის. განდიდნა დიდად ლაშქრითა და სიმდიდრითა ოქროსა და ვეცხლისათა, და ჯოგისა და ხუასტაგისა არა იყო რიცხჳ, რამეთუ იყო კაცი ესე მშუებელი, კეთილად გამგონე და ბრძენი, რამეთუ ყაენი აბაღა ისმენდა სიტყუათა მისთა, და დიდი საჰიბდივანი ავაგ ათაბაგისა ამას აქუნდა და ასული მისი ხუაშაგ მოეყვანა ცოლად. ესე საჰიბდივანი განდიდებულ იყო ყაენის ულოსაგან და სადუნიცა მისგან განდიდებულ იყო, და ყოველი საბრძანებელი ყაენისა მისთა ჴელთა შინა იყო და ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს. და იყიდნა მრავალნი ქუეყანანი, და უბოძეს მეფეთა კარი. და დაჯდა კარსა, და მისი მიმდგომი ქუეყანა მოივერაგა ახალციხელთაგან, და ასული ახალციხელისა ცოლად მოიყვანა, და საქართველოსა ლაშქართა საქმე და განგება ჴელთ უდვა ყაენმან. და დარბაისელნი ქართველნი და სომხითარნი და ჰერ-კახნი მეფეს წინაშე იყვნეს.

ამათ ჟამთა შინა განდიდნა სამცხის სპასალარი და მეჭურჭლეთ-უხუცესი სარგის ჯაყელი და ძე მისი ბექა, რომელნი მთავრობდეს სამცხეს. ხოლო საქმენი სარგისისნი ზემორე აღგჳწერიან და შემდგომად ვაჴსენოთ ძე მისი ბექა. და იყო ესე ბექა ტანითა ახოვან, ფერითა ჰაეროვან, თმითა და თუალითა გრემან და შუენიერ, ბეჭითა და მკერდითა სრულ, ძალითა ძლიერ, ომსა შინა მჴნედ მბრძოლი, ცხენსა ზედა მჴნე და მოისარი ნადირთა ჴელოანი, გონებითა ფრთხილ, მაშენებელი ქუეყანათა, ეკლესიათა და მონასტერთა, და ღმრთის-მოსავთა კაცთა პატივისმცემელ, მლოცავი, რომელ არა დააკლდის ცისკრის ლოცვათა, სამხრად და მწუხრად, ვითარ ტჳბიკონი მოსცემდის. წესსა ლოცვისასა ამისთჳს პატივ-სცა ღმერთმან, და მეუღლეცა შემსგავსებული მოანიჭა, ლოცვისა, მარხვისა და გლახაკთა მოწყალებისა, მონასტერთა და ხატთა პატივისმოყუარე, ობოლთა და უღონოთა აღმზრდელი.

მაშინ ბექამან დაიპყრა ქუეყანა ტასისკარითგან კარნუ-ქალაქამდის, სამცხე, აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი და უმრავლესი ტაო, ვაშლოვანი, ნიგალისჴევი, არტანუჯი, თორმეტნი უდაბნონი, კოლა, კარნიფოლა და ორნივე არტანნი, და მრავალნი სოფელნი ჯავახეთს. და ესრეთ დღითი-დღე განდიდნებოდეს და მსახურებდეს ყაენს აბაღას, და მორჩილობდეს მეფესა დიმიტრის. ხოლო მეფე დიმიტრი წარემატებოდა ღმრთის-მსახურებითა და კაცთ-მოყუარებითა, და ყაენი უმეტეს უმატებდა პატივსა მისსა. დაღათუ ჯერეთ ყრმა იყო, არამედ ინებეს და წარავლინეს კაცი პონტოდ მეფისა ბერძენთასა კომნიანოსისა, რომელი იყო ნათესავად დიდისა კოსტანტინესა, და მოიყვანეს ასული კომნიანოსისა, მეფისა ტრაპიზონელისა, დიდებითა და საჭურჭლითა დიდითა, და ქმნეს ქორწილი სამეფოსა წესისაებრ. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მუცლად იღო დედოფალმან და შვა ძე, და უწოდეს სახელად დავით, რომელი უკანასკნელ მეფე იქმნა ქართლს.

ამათ ჟამთა კუალად მოვიდა იგივე არღუნ, რომელსა აღერიცხვნეს ყოველნი საბრძანებელნი ყოველთა ყაენთანი, რათა აღთუალოს ქუეყანა და ცნას ვითარნი ქუეყანა აღშენდა, გინა აოჴრდა. აღთუალა ახლად და ცნა, რამეთუ უმრავლესი მოოჴრებულ იყო, და უმეტეს ჰერეთი და კახეთი, რამეთუ კამბეჩის ვაკენი მოოჴრებულ იყო გამოსლვასა მას თათართასა, ოდეს გამოვიდა ყაენი დიდი ბერქა. მაშინ ტფილისს ყოფასა არღუნ ოირიდისასა ეზრახა მეფესა და სთხოვა თამარ, რომელი-იგი მხოლო ესუა, და რქუა, ვითარმედ: „კეთილად მოჴსენებულმან მეფემან მამამან შენმან მომცა ასული მისი, დაჲ შენი სძლად ჩემდა, და ცოლად შვილისა ჩემისა, გარნა იგი ვერ ესწრა; აწ ვითხოვ, რათა არა უღირს იჩინო ვედრება ჩემი და მომცე დაჲ შენი შვილისათჳს ჩემისა“.

ვითარ ესმა მეფესა, დაუმძიმდა და დიდსა ჭმუნვასა შთავარდა, და სულითა ტკივნეულითა ეძიებდა ღონესა, რამეთუ სძაგდა წარმართისა ქორწინებად დაჲ მისი ქრისტეს აღმსარებელი, გარნა არა იყო ღონე, რამეთუ მამასა მისსა მისცა. და მისცეს ცოლად შვილსა არღუნისსა, და აღასრულეს წესი ქორწილისა. და წარვიდა არღუნ ურდოსა, ხოლო შვილი მისი დაუტევა მეფისა თანა. მათ ჟამთა კუალად მიუდგა დედოფალი და შვა ყრმა, და უწოდეს სახელი ვახტანგ.

და კუალად ამათ ჟამთა დამშჳდნა ქუეყანა ლიხთ-იმერი, და მოიწყო მეფემან დავით, რომელი იყო კაცი პირველ კეთილი და გონიერი, უხჳ, მდაბალი და პურად უმჯობეს უწინარესთა მეფეთა, და იყო მრავალსა მშჳდობასა შინა.

ხოლო რაჭის ერისთავი კახაბერი იყო ქართლს, და აქუნდა ქუეყანა ატენისა, და არა პატივი ეპყრა არცა ყაენისა და არცა დიმიტრი მეფისაგან, ორგულობისათჳს მეფეთასა. ამისთჳს შეიწრებული ევედრა მეფესა, რათა შეიწყალოს და უბოძოს მამული ისი. ხოლო ტკბილმან და მოწყალემან მეფემან შეიწყალა და შეუნდო ფიცითა მტკიცითა, რათა არა აბრალოს პირველი შეცოდება და ეგოს ერთგულებასა ზედა მისსა, და მიუბოძა მამული მისი ყოველი, და კუალად აგო მამულსა მისსა რაჭას ხოლო ვითარ დაყო მცირედი ჟამი, იწყო მათვე მამურ-პაპურთა კუალთა სლვად, და ვითარ ღორი ისწრაფდა მწჳრეთა მიმართ, და ვითარ იქედნე გესლისა დათხევად, რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა ორგულობა; და დამვიწყებელმან ფიცთა საშინელთამან, იწყო ღალატად მეფეთა და წარავლინა კაცი და წიგნი ალიყანს თანა ათასისთავსა, რომელი იდგის მთათა ჯავახეთისათა და კოლისათა, რათა პირველისაებრ დაესხას მეფესა, და ადვილად ჴელთ იგდოს მეფე. გარნა უქმ ყო ღმერთმან ზრახვა მისი, ვითარ აქიტობელის დავითის მიმართ, და საცნაურ იქმნა წიგნი. ამისთჳს მიეგო საგებელი ბოროტი, და სიცრუე მისი თხემსა მისსა ზედა დაუჴდა. შეიპყრა მეფემან და პირველ თუალი დასწუა, და მერმე ერთი ჴელი და ერთი ფერჴი მოჰკუეთა, და ორნი შვილნი მისნი მისცნა ექსორიობად, კოსტანტინეპოლისს წარგზავნა, რამეთუ დედოფალი ცოლი მისი, ასული იყო დიდისა პალიალოღოს მეფისა. ხოლო კახაბერი, მცირე ცხოვრებული, განვიდა და მოკუდა, და მოისპო ყოველი ნათესავი მისი, ბაღუაშთა კახაბერის-ძეთა, არა დაშთა, და აღიჴოცა ნათესავი მისი და საჴსენებელი მათი.

ამასვე ჟამსა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა ზედა გილანისასა, რამეთუ იგი ოდენ დაშთომილ იყო ჴელთ-უგდებელად, და არა მორჩილობდეს, და არცა ხარაჯასა მოსცემდეს; წარავლინა სპა თათართა და ქართველთა, და მეფე არა წარგზავნა, და აჩინა სპათა უხუცესად სირმონ ბადური. წარვიდეს და შევიდეს გილანსა, და შეკრბეს გილანელნი, და წინადაუდგეს სიმაგრეთა შინა. ხოლო ქუეყანა მათი განმაგრებულ არს ერთ-კერძო კლდითა და ტყითა, და გზანი იწრონი, და ერთ-კერძო ზღჳთა. ამათ სიმაგრეთა მინა წინა-განეწყუნეს და იქმნა ბრძოლა ძლიერი, გილანელთა დაასხეს ისარი ვითა წჳმა. გარდაჴდა სირმონ ცხენისაგან და დაჯდა, და ზურგი შეაქცია მბრძოლთა მისთა, და ყოველნი სპანი მისნი დაქუეითდეს. და ვითარ შემცირდა ისარი, ახლტა სირმონ და მიეტევა ვითა ვეფხი, და მის თანა ქართველნი მიეტევნეს მჴნედ და აოტნეს გილანელნი, და ორნი თითნი მარჯუენისა ჴელისანი დასჭრნეს სირმონს, და დარჩეს სპანი თათართანი და ქართველთანი უვნებელად. და ვითარ იხილნეს სიმაგრენი ქუეყანისანი რომელ უბრძოლველ იყო და არა ეგებოდა დაპყრობად, წარვიდეს ყაენს აბაღას წინაშე.

ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა და ყოვლით კერძო იწყო მშჳდობა. მოჰხედნა ღმერთმან წყალობით მოსავთა მისთა, დაიყო უხუება პურისა და ღჳნისა, და მეფე დიმიტრი განაგებდა სამეფოთა საქმეთა.

ვითარ მოიცალეს მცირედ პირთაგან და განისუენებდეს, და მიდრკეს გზისაგან საღმრთოსა, იწყეს განდგომად, რამეთუ მეფემან მოიყვანნა სამნი ცოლნი, ეგრეთვე სადუნმან მოიყვანა სამი ცოლი, და მთავართა იწყეს ჴელის შეხებად საყდართა და მონასტერთა, და იწყეს მიტაცებად სოთელთა და აგარაკთა, უმეტეს მესხთა საყდარსა ზედა დიდებულსა აწყუერისასა. დაღათუ ამათ უწესოებათა დიდად ამხილებდა ნიკოლოზ კათალიკოსი და ნიკოლოზ მაწყუერელი ჯუანშერის-ძე, გარნა არავინ ყურად იღებდა სიტყუასა მათსა.

და კუალად სხუანიცა აღმოსცენდებოდეს ბოროტნი, რამეთუ იწყეს ურთიერთას. მძლავრებად და მიხუეჭად, და არავინ იპოვებოდა სამართლის მყოფელი, რამეთუ იყო მღდელთ-მთავარი და მღდელი ლაღ-ამპარტავან, ანგარ-ბოროტისმყოფელ, უწესო. და ვითარ განვამრავლოთ სიტყუა, რამეთუ იყვნენ ყოვლით კერძო ბოროტ. მაშინ მოიწია სამართალი სასჯელი ცოდვათა ჩუენთათჳს.

რამეთუ ზემოჴსენებული იგივე არღუნ წარმოემართა სამცხეს ხილვად სარგის ჯაყელისა, რომელი დაბერებულ იყო, და სენთაგან სიბერისათა დაჴსნილ იყო ყოვლითა ასოთა შემოვლო სომხითი, ტფილისი და ქართლი, მჴედრითა ორითა ბევრითა, და დიდად ავნებდა ქუეყანათა, დაღათუ არა ბოროტისმყოფელი, არამედ საზრდელისა ძლით დიდად დასჭირდა ქუეყანასა. და უგრძნაულად მივიდა სამცხეს და დადგა აწყუერს, და ცნა სარგის მოსლვა არღუნისი, და მივიდა მის წინაშე, იგი და ძე მისი ბექა. განკჳრდა ორთავე მოსლვასა, და სარგის წარიტანა ურდოს და ბექა დაუტევა სამცხეს; რამეთუ იყო მეხუთე კჳრიაკე წმიდათა მარხვათა, და წარმოვიდეს სამცხით მოვიდეს სომხითს, და მოიწია ვნებისა კჳრიაკე, და დიდსა ოთხშაბათსა შეიძრა მძაფრიად ქუეყანა, სამხილებელად უსჯულოებათა ჩუენთათჳს; და კუალად ხუთშაბათსა მცირედ შეიძრა, და არავინ გულისჴმა ყო, რათამცა წყალობად აღეძრა ღმერთი შემნდობელი, და ვითარ მოიწია პარასკევი ვნებისა უფლისა, კუალადცა შეიძრა. დაყუდდა, და არღარა იქმნა. და ვითარ მოიწია შაბათი, და იქმნა სამ ჟამად ხვალისა დღე ჯერ იყო სიხარული აღდგომისათჳს უფლისა და ყოველნი მოელოდეს სიხარულსა, ესოდენ რისხვით მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა, სიმრავლისათჳს უსამართლოებათა ჩუენთასა, რამეთუ საფუძველითურთ შეიძრა ქუეყანა და შეძრწუნდა ესოდენ რომელ დაიქცეს საყდარნი და მონასტერნი, ეკლესიანი, ციხენი, სახლნი, ნაშენებნი მოოჴრდეს, მთანი და ბორცუნი მაღალნი დაიზულეს, კლდენი სახედ მტუერისა დაიგალნეს, და მიწა განიპო, და შავი წყალი მსგავსი კუპრისა აღმოიჭრა, ხენი მაღალნი დაეცნიან და ირყეოდიან ძრვასა ქუეყანისასა. რომლისათჳს საყდარი აწყუერისა დაიქცა, რამეთუ ყოვლად-წმიდა აწყუერისა ღმრთისმშობელი, ლიტანიობით მესუენებული, საშუალ საყდრისა ესუენა; გუმბათი ჩამოიჭრა, და ვითარ ქუდი კაცისა ესრეთ თავსა დაერქუა, და დარჩა უვნებელად, ძლიერებითავე მისითა. ესე რისხვა საშინელი სამცხესა ოდენ მოიწია, ვიდრე თჳსა ერთისა ჟამთამდე, გარნა სხუაგან არასადა ევნო; მცხეთის საყდარიც დაიქცა, სამცხეს ურიცხჳ სული მოსწყდა, და ყოვლად საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი, იქმნა გლოვა და ტირილი უზომო.

ხოლო ზემოჴსენებული იგი არღუნ აღა იყო ყაენს წინაშე და შეედვა სენი რაჲმე, რომლისა მიერ მოკუდა. და ვითარ ცნა შვილმან არღუნისმან, წარმოვიდა სახლად დიდად მეფისა, და ცოლი მისი დაუტევა ტფილისს. ხოლო იჴმია დამან მეფისამან თამარ სივლტოლა მთიულეთს, რამეთუ სძაგდა ვითარ უსჯულო და წარმართი. მაშინ სადუნმან ცნა, ვითარმედ არღარა ნებავს დასა მეფისასა ქმრად შვილი არღუნისი, ამისთჳს დაევაჭრა, რათა მოჰყიდოს დაჲ მეფისა, და ევედრა ყაენს აბაღას, ხოლო იგი ერჩდა და მოჰყიდა. ხოლო მეფემან მისცა დაჲ თჳსი სადუნსა; ესე უწესო ქმნა, რომელ სამნი ცოლნი მოიყვანნა სადუნ თჳსად. ამისთჳს განწირა კათალიკოსი ნიკოლოზ, კაცი მოხუცებული და მართლმკუეთელი, გარნა მძლავრებისაგან სადუნისა ვერ უძლო განყენებად, არამედ ფრიად შეაჩუენებდა.

მათ ჟამთა შინა საქმისა რასათჳსმე განუდგეს თათართა სარგის და ძე მისი ბექა. რამეთუ სარგის დაბერებულ იყო სენითა ფერჴის ტკივილისათა; და ბუღა ნოინის მიერ, თუალად წოდებულისა, ძმა არუხა წარმო[ი]გზავნა მოოჴრებად სამცხისა. და მოვიდა არუხაცა სპითა ოცი ათასითა. ხოლო ბექამან მიჰრიდა მთათა, რომელ არიან შუა გურიასა და აჭარასა, და მესხნი შევიდეს ციხეთა, ქუაბთა და ტყეთა, და მოვლო ლაშქარმან სამცხე, და ვერარა ავნო. დაყვეს ოცი დღე და წარვიდეს, დადარჩა ქუეყანა მშჳდობით.

და ვითარ გარდაჴდა წელიწადი, ინება ყაენმან აბაღა წარსლვა ეგჳპტედ, ანუ დაიპყრას, ანუ მოხარკე ყოს. მოუწოდა ყოველთა სპათა მისთა და მეფესა დიმიტრის და სპათა მისთა, წარსლვად და ბრძოლად ეგჳპტისა სულტნისა. რამეთუ მაშინ ფუნდუყადარ მიცვალებულ იყო, და სხუა დადგინებულ იყო, რომელსა ეწოდა ნასირ მელიქ. და მოუწოდა ძმასა თჳსსა უმრწამესსა, და აჩინა მჴედართ-მთავრად, და ჴელთ უგდო ყოველი სპა მისი, და უბრძანა ბრძოლა სულტნისა. მაშინ მანგუ დემურ მოუწოდა მთავარსა სამცხისასა ბექასა, რათა წარჰყვეს თანა. ხოლო ამან რქუა: „მტერთა ჩემთა სიტყჳთა განწყრა ჩემთჳს ძმა შენი ყაენი აბაღა, და არუხა წარმოავლინა და მოაოჴრა ქუეყანა ჩემი. ხოლო მე მოვრიდენ არას შეცოდებისათჳს, და აწ მეშინის ყაენისაგან, და თუ შენ ფიცითა მიმინდობ, რათა არა მაბრალოს და ქუეყანა ჩემი და მამული მშჳდობით დაიცვას, მოვალ წინაშე შენსა ლაშქრითა“.

ვითარცა ესმა მანგუ დემურს, განიხარა და ოქროსა წყლისა შესმითა შეჰფიცა და ყოველი სიმტკიცე აღუთქუა, და მოსცა ბეჭედი, რომელი ეცუა თითსა მისსა, რამეთუ ესე იყო მტკიცე საფიცარი. და აუწყეს მოციქულთა ესე ყოველი ბექასა. მყის მოუწოდა ყოველთა მესხთა და წარემართა მანგუ დემურს თანა, და მივიდა მის წინაშე, და განიხარა ფრიად, და პატივნი და ნიჭნი დიდნი უყვნა, და უჩუმნა ყაენი აბაღა, რომელმან ფრიად პატივ-სცა და შეიყუარა სიკეთესა მისისათჳს. და ესრეთ წარვიდეს მისრეთს, და ვლეს მრავალი დღე, და მიიწივნეს ერთსა ქალაქსა, რომელსა ერქუა დარბუზაკი. გამოვიდეს მოქალაქენი კარით, და იქმნა ომი, სადა-იგი ბექამან და მისთა მყოლთა მესხთა ძლიერად იღუაწეს, უფროს სხუათა თათართა და ქართველთა, შიგან ქალაქსა შესთხინეს, და მესხნი უპირატეს მიეტევნეს. და დასცხრა ღუაწლი ბრძოლისა, მაშინ პატივი დიდი უყო ბექასა, შესამოსელთა და ცხენთა საკჳრველთა მინიჭებითა, ეგრეთვე დიდებულთა და აზნაურთა ბექასათა.

აიყარნეს მიერ და წარვიდეს ეგვიპტის კერძო, და მივიდეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების ამასია და ამო, და დაიბანაკეს მახლობელად ქალაქისა მის. და ეცნა სულტანსა ნასირ მელიქს მოსლვა თათართა, წარმოსრულ იყო ყოვლითა ძალითა მისითა, და მოვიდა იგიცა. და ვითარ იხილა მანგუ დემურ სულტანი და სპა მისი, ამჴედრდა და წინა-განეწყო. ხოლო მეფე დიმიტრი, დაღათუ ჯერეთ არა სრულ იყო დღითა ბრძოლათათჳს, ევედრა მანგუ დემურს, რათა წინამბრძოლად განაჩინოს იგი და სპა მისი, რომლისათჳსცა ისმინა. და იქმნა ბრძოლა სასტიკი და ძლიერი, ოდესვე ყოფილთა და გარდასრულთა ბრძოლათა უდიდესი. ხოლო ვინათგან უწყოდა სულტანმან წყობათა შინა მჴნედ წინადაუდგრომლობა მეფისა და სპათა მისთა, ამისთჳს რჩეული მჴედარი თორმეტი ათასი თანა იყოლია და წინაშე დაიყენა ორთა თანა მთავართა მჴნეთა, რათა განძლიერებასა და შენივთებასა ბრძოლისასა უკანასკნელ მიმტევებელთა სძლონ და აოტნენ ქართველნი. განძლიერდა ომი და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. მაშინ მსწრაფლ ზედა მოეტევნეს მეფესა ყარა-სონღულ და იაყუბ აფრაშ, ათორმეტი ათასითა რჩეულითა მჴედრითა. და კუალად იქმნა სასტიკობა ესევითარი, რომელ ორასი მჴედარი წინმბრძოლად განეწესნეს მეფესა და სრულიად მოისრნეს, თჳნიერ სამთა კაცთასა და ცხენთასა და თჳნიერ მეფისა, გარნა მოიკლა ყარა-სონღულისა მიერ შუბითა ჰუნე მეფისა. ხოლო მხილველთა ქართველთა იწყეს ბრძოლა ძლიერად და უმრავლესნი მეგჳპტელნი მოისრნეს და მეფეცა ცხენ-მოკლული ძლიერად იბრძოდა. ხოლო ვითარ იხილა მეფე სიქანალის ძემან, აბაშმან, მყის აღსუა მეფე ჰუნესა თჳსსა. ვითარცა იხილეს ქართველთა ამჴედრება მეფისა, მაშინ ყოველნი ამჴედრდეს, და მეოტ იქმნეს ყარა-სონღულ და იაყუბ, ათორმეტ ათასთა თჳსთა თანა. ხოლო ლტოლვილ იქმნეს აქათ პირველ ნოინნი და თათარნი, და თჳთ მანგუ დემურ უკმოიქცა ლტოლვით, ყოველთა თანა სპათა მისთა. მაშინ უღონოქმნილთა ქართველთაცა სივლტოლა იჴუმიეს. განგებითა ზეგარდამოთა მეფე დაცულ იქმნა, დაღაცათუ უმრავლესნი ქართველნი მოისრნეს. მოვიდეს მანგუ დემურ და მეფე წინაშე აბაღასა. ხოლო ნადირობასა და ლაშქართა ყოფასა ამბვისა მომლოდეობასა, აბაღა იხილა თათარი ვინმე ლტოლვილი. ხოლო მან, კითხულმან, ყოველივე ლექსთა მიერ შეწყობით წარმოუთხრა ენითა მათითა, თჳთოეულისა მთავრისა ვედრება. ალიყანისსათჳს თქუა: „ვითარცა მაღლით მომავალი შავარდენი მოუჴდა“ და მანგუ დემურ ვერძსა მიამსგავსა, სირმონის შვილი ებაგან მხტომელსა ვეფხსა, და იასბუღა მოზუერსა, ბუღა კამბეჩსა, და თაგუნი დედალსა თხასა. ხოლო ქართველთა მეფისათჳს ესრეთ თქუა ენითა მათითა: თენგრი“ მეთუ ქაურქურბა, ბუღარ მეთუ ბუირლაჯი, ესე იგი არს, ვითარმედ: „ვითა ღმერთი გრგჳნვიდეს, ვითა აქლემი ბუღრაობდეს“ ქართველნი ვითარ მოვიდეს ყაენს წინაშე, მეფესა პატივ-სცა, და წარმოავლინა სახიდ თჳსად. და კუალად ეგულებოდა აბაღას წარსლვად და შურისგებად სულტანსა ზედა, მოკუდა ძმა მისი მანგუ დემურ. და მცირედისა შემდგომად მოკუდა სადუნი ათაბაგი, და მიუბოძა ძესა მისსა ხუტლუბუღას მეფემან მამული მისი, და სპასპეტობისა პატივსა აღიყვანა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>