ხოლო იყო ყრმა მცირე გიორგი მეფედ ტფილისისა. და ვითარ მოიწია გაზაფხული, კუალად წარმოავლინა ყაზან ყაენმან იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა და მრავალნი ნოინნი სხუანი, და დადგეს ზემოჴსენებულთა ადგილთა და მოაოჴრეს ქართლი უბოროტესად. ხოლო მეფე დავით დადგა ჴადას. მაშინ ქუენიფლეველი შალვა გამოექცა მეფესა, აღსავსე ნიჭთა მიერ მისთა, რომელნ მას ჟამსა მიენიჭნეს. არა მოიჴსენა წყალობა ეგოდენი, და მივიდა ხუტლუბუღა ნოინთანა. ხოლო მან განიხარა და პატივითა შეიწყნარა, და წინამმღურად გზისა აჩინა. და შევიდეს გზასა ხუარაზმის ჴევისასა, და განვიდეს მთასა შორის ცხავატსა და ცხრაზმის ჴევთა, რომელ არს ლომისა. და ვითარ ცნა დავით ორგულობა შალვა ქუენიფლეველისა; შედგა ციკარეს, რამეთუ ციკარე მტერთაგან შეუვალ იყო. ჩავლო ხუტლუბუღა, და განვიდეს ჴადას, და გარდვიდეს ჴევსა: და მიმართეს გუელეთს, რამეთუ მუნ შინა აგონებდეს მეფესა დავითს. და გარე-მოადგეს სტეფან-წმიდასა სოფელსა, და განგებითა ღმრთისათა განმაგრდეს, რამეთუ წინარნი თათართანი იყვნეს ქუენიფლეველი შალვა, და ოვსთა მთავარი ბაყათარ, და მუხნარს მდგომი თათარი ბანთანაღუთ. ხოლო ვითარ ცნეს, რომელ სტეფანიათ ვერას ავნებდეს და მეფე მუნ არა არს, ითხოვეს საზრდელი მცირე. სტეფანელთა მოსცეს. და აიყარნეს, და გარდამოდგეს ჴადას. სოლო მეფე ციკარეს იყო, დაამტკიცეს და დადგეს ერთგულობასა მეფისასა სურამელი აჰმადა, და ამირეჯიბი აბაზას-ძე ჭილა, და აზნაურნი ქართველნი და სომხითარნი, და დიდი ერთგულობა აჩუენეს.
ხოლო ვითარ ცნა ხუტლუბუღა მეფისა ციკარეს დგომა, განყო ლაშქარი, და რომელიმე წარავლინა ცხავტით გზასა, რათა ეგრეთ შევლონ ციკარესა, რომელი ესე შეუძლებელ იყო. მაშინ ქუემო შესრულთა ლაშქართა შევლეს გზა და განვიდეს ცხავატს. ვითარ ცნა მეფემან, წარავლინნა მცირედნი ლაშქარნი, და იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა თათარი ურიცხჳ, რამეთუ შემოსრულ იყვნეს ვიწროსა გზასა კაცი მეორე ვითარ ხუთასი, რომელნი ვერღარა გამოესწრნეს გზისა სივიწროისაგან. შეიპყრეს ხუთასივე: რომელნიმე მოკლეს და, რომელნი დარჩეს, მოჰგუარეს მეფესა. ხოლო სხუანი ივლტოდეს, და სპანი მეფისანი გამოვიდეს ჴადის თავსა, გორასა რასმე, რომელ არს ციკარეს პირისპირ, და იქმნა ომი ძლიერი. კეთილად ბრძოდეს შინაურნი მეფისანი, ჴადელნი, და ზოგნი ჴევით მოსრულნი რჩეულნი, და უმეტეს მოისრვოდეს თათარნი, რამეთუ დიდად ავნებდეს მთიულელნი, იყვნეს ფერჴითა მალი, ცხენოსანი ვერ შეუვიდოდა ნაომარი, და ქუეითად იბრძოდეს თათარნი, რომელთა შემწედ ყვა ივანეს ძე შანშე, და ოსნი რომელ სხდეს გორს, მესხნი ლაშქარნი, რომელნი წარმოევლინნეს სამცხისა მთავარსა ბექას: თორელნი, თმოგუელნი და ტაოელნი. და განგრძელდა ომი ვიდრე მიმწუხრადმდე. გზათა სივიწრითა არა აღერინნეს ურთიერთას, გაიყარნეს და უკუდგეს ჴადას თათარნი. და უშუელა ღმერთმან მეფესა, რამეთუ ცხავატით შესრული ლაშქარი ივლტოდა. და ვითარ ხუთასი ოდენ კაცი შეიყარა, და ხუტლუბუღასაცა დიდი ვნებოდა. იხილა სიმაგრე ქუეყანისა ხუტლუბუღა და ცნა, რომელ არა ეგების შესლვა ციკარეს; აიყარა ღამით გზასა ლომის თავისასა, დაესხა ქართლს, დაღათუ ვინმე დარჩომილ იყო, მოსრა და ტყუე ყო, და მოაოჴრეს ქართლი, და წარვიდეს ყაენს ყაზანს წინაშე.
ხოლო მოიწია რა არე გაზაფხულისა, წარმოემართა იგივე ხუტლუბუღა, სიტყჳთა ყაენისათა, სპითა უძლიერესითა, და მოიწია ტფილისს, და ეგულებოდა შესლვად მთიულეთს. და ვითარ ცნეს დიდებულთა ამის სამეფოსათა, განკრთეს და ეძიებდეს ღონესა, რათა განერეს პირისაგან თათართასა, ქუეყანა თუღა სადამე დაშთომილ იყო. შეკრბეს მეფესა დავითს წინაშე და მოაჴსენებდეს, რათა წარვიდეს ყაზანს წინაშე და ფიცი და სიმტკიცე აღიღოს უვნებელობისა. ისმინა მეფემან, და დაამტკიცა წარსლვა ურდოსა. სთხოვა ზავი და ფიცი, ხოლო მან დიდად განიხარა და აღუთქუა უვნებელად ყოფა მეფისა და დაცვა ქუეყანისა, უკეთუ ოდენ იხილოს ყაენი, მიერ წარმოგზავნონ დაცვული მშჳდობით. ამის პირსა შინა იყო ბურსელი ივანე, აღიღო პირი მტკიცე, და მოვიდა მეფეს წინაშე. იხილა რა პირი სიმტკიცისა, ქართველთა, ჰერ-კახთა, განეხარნეს და აწუევდეს წარსლვად, და მძევალთაცა აძლევდეს: ხუტლუბუღა“ სარწმუნო კაცი არს და არა ეცრუვების აღთქმასა, ვჰგონებ კეთილად შეწყობასა“. გარნა მეფემან არა ისმინა, რამეთუ შიში აქუნდა თათართა, და დადგა გუელეთს. ხოლო ვითარ იხილეს დიდებულთა მოოჴრება, უმრავლესნი წარვიდეს, კითხვითა მეფისათა, დაცვისათჳს ქუეყანისა. ხოლო ხუტლუბუღა კეთილად შეიწყნარებდა ვინცა მოვიდოდა. კუალად მოაოჴრა ქუეყანა ქართლისა ზემოჴსენებული, თჳნიერ მთიულეთისა, და წარვიდა ურდოსა.
ხოლო ვითარ მოიწია სთუელი, ჩამოდგა ცხრაზმის ჴევსა მეფე დავით, და აოჴრებდა მამულსა შალვა ქუენიფლეველისასა ორგულობისათჳს. მაშინ უღონო იქმნა ქუენიფლეველი და ევედრა სურამელსა მსახურთ-უხუცესსა [და] ქართლისა ერისთავს ჰამადას, რათა იურვოს მეფეს წინაშე. მოაჴსენა მეფესა და არა ინება მისთჳს დაჭირვა, არამედ მიუბოძა ჰამადას. გარდაიყარა თავსა ნაცარი შალვა და იტყოდა: „ესემცა არს მისაგებელი ორგულთა მეფეთასა“. და შეუნდო მეფემან შალვას.
ამათ ჟამთა წარმოვიდა ძმა მეფისა ვახტანგ, რამეთუ იკლო რამე სიყვარული და სიკეთე ძმისა მისისა დავითისაგან, რამეთუ შეპყრობილცა იყო და პატიმრული ციხესა ჟინვანისასა. გამოიპარა და მოვიდა ივანე ბურსელისასა და რქუა: „არა-რა ბოროტი მიქმნიეს და შეურაცხება წინაშე ძმისა ჩემისა, აწე არა წარვალ ურდოსა, მტერთა მისთა თანა, არამედ წარავლინე კაცი წინაშე მეფისა ძმისა ჩემისა და აუწყე ჩემი შენსა მოსლვა. თუ ნებავს, და ფიცით შემაჯერებს, რომე არა ავი მიყოს და არა შემიპყრას, მის წინაშე მივალ, და მცირე სარჩომიცა მომცეს“. ხოლო მან წარავლინა კაცი მეფისა დავითის წინაშე და მოაჴსენა ესე ყოველი. ხოლო მეფემან განიხარა და ფიცითა მოიმტკიცა, და წარიყვანა ძმა თჳსი, და კეთილად ხედვიდა. და კუალად ჰგონებდა განდგომასა, ამის ძლით, რამეთუ შაბურის ძმის ასული შეირთო ვახტანგ ცოლად. და ვერღარა თავს-იდვა ვახტანგ უპატიოდ ყოფნა, და წარვიდა ურდოს ყაზანის თანა. ხოლო მან კეთილად შეიწყნარა და მოსცა მეფობა. და წარმოატანა ხუტლუბუღა ნოინი სპითა უძლიერესითა, და მოვიდა ტფილისს. და მუნ შემოიპირნეს ყოველნი თათარნი და ქართველნი, და სამცხის ბატონის ბექას შვილი, სარგის სპასალრი, ტაოელნი, თორელნი, თმოგუელნი და სომხითარნი, რამეთუ შანშე პირველვე იყო მუნ.
ვითარ ცნა მეფემან დავით, რომე ვახტანგს მეფედ ჰყოფენ, წარმოავლინა იგივე ბურსელი ზავისათჳს და აღუთქუა ურდოს წარსლვა, რათა ფიცითა შეაჯერონ და მოსცენ მძევალი. ხოლო ხუტლუბუღა შეჰფიცა და ყოველი სათხოველი აღუსრულა. და წარვიდა ბურსელი მეფეს წინაშე. ხოლო მან განიხარა და წარმოავლინა დედოფალი ოლჯათ, და კათალიკოსი აბრაჰამ, და ბურსელი. და მოვიდეს მუხნარს ხუტლუბუღა და სხუანი ნოინნი და ბაზალეთს წინა-მოეგებნენ, ოლჯათს და ვითარ ყაენს ეგრეთ პატივსცეს, და მოსცეს პირი სიმტკიცისა, და ბეჭედი ყაენისა, და ჴელის მანდილი, რამეთუ ესე აქუნდა სიმტკიცე ფიცის მინდობისა, და აძლიეს ხუტლუბუღას შვილი სიბუჩი მძევლად. გარნა ოლჯათ დაიმჭირა და არღარა წარავლინა, არამედ კათალიკოსი და ყადი და ბურსელი წარგზავნა, რათა მოიყვანონ მეფე. ვითარ მივიდეს მეფეს წინაშე, ცნა ოლჯათის არღარა მისლვა, მიზეზ ყო და არა ინება ნახვა თათართა, რამეთუ დიდი რამე რიდი და შიში აქუნდა. წარავლინა იგივე კათალიკოსი ყადი და ბურსელი, ითხოვა ოლჯათ და აღუთქვა ხილვა. და ვითარ მივიდეს ხუტლუბუღას თანა, ცნა არა მოსლვა მეფისა, რქუა ბურსელსა: „კაცო, სატყუარი რა არს. მე მტიცითა ფიცითა შემიფიცავს, და ვერ მოვიდა; აწ მიიღე ტყუილისა ნაცვალი პატიჟი“. და განრისხებულმან მოაკუდინა ბურსელი, რომლისა გუამი აღიღო შანშე და წარგზავნა სამარხოსა მისსა. ხოლო ვახტანგს დაუმტკიცეს მეფობა, და ოლჯათ წარავლინეს ურდოსა.
და თათარნი კუალად წარვიდეს მთიულეთს, და გარდავიდეს გუელეთს, რამეთუ მეფე შედგომილ იყო, და დიდად ავნებდა სიმაგრეთა შესრულთა თათართა, გარნა სიდიდითა არა აკლდებოდა. ხოლო ვითარ იხილეს სიმტკიცე და უბრძოლველობა გუელეთისა, აიყარნეს და წარმოვიდეს რამეთუ ქართაცა მოჰბერეს და იწყო თჳთოეულმან მოსლვა, და მოესწრნეს მთიულნი, და მრავალი მოკლეს. ეგრეთვე ზანდუკისჴევს შესრულნი მრავალნი თათარნი მოისრნეს. და შთამოვიდეს ქართლს, და წარვიდეს. ყაზანს წინაშე, და მიჰგუარეს ოლჯათ, და არღარა მოსცეს მეფესა დავითს დედოფალი ოლჯათ. ხოლო ვითარ ცნა მეფემან არღარა მოცელა ცოლისა თჳსისა ოლჯათისი, იქორწინა ქართლისა ერისთავისა ჰამადას ასული, ფრიად ქმნულ-კეთილი. ამათ შფოთთა რა შინა იყო ქუეყანა ქართლისა არა იყო მათ ჟამთა შინა თესვა და არცა შენება ყოვლადვე, ვითარ დღეთა აქაბ მეფისათა ელიას მიერ სამ წელ და ექუს თუე, გარნა აქა ხუთ წელთა იყო ოჴრება. რამეთუ ესოდენთა სიბილწეთა, სოდომურთა ცოდვათა შემოსრულთათჳს, განრისხდა ღმერთი, და ვიქმნენით მიცემულ პირველად მწერესა ტყუეობასა, და მეორედ ბარბაროზთა მიერ სრვასა და ჴოცასა, და მესამედ იქმნა პურის მოკლება, რამეთუ ყოვლად არა იპოვებოდა სასყიდლად, არცა დიდითა ფასითა. ესოდენ განძჳნდა შიმშილი, რომელ მძორსა არაწმიდასა ურიდად ჭამდეს. სავსე იყვნეს უბანნი და ფოლოცნი, გზანი, მინდორნი და ქალაქნი, და სოფელნი მკუდრებითა. ყრმანი მკუდართა დედათა ძუძუთა ლეშკთა სწოვდიან, და უმრავლესი ერი ქართლისა წარვიდა სამცხეს, ქუეყანად ბექასსა, სადა-იგი იპოვებოდა პური სასყიდლად. ფრიადსა და უზომოსა მოწყალებასა შინა იყო მეუღლე ბექასი ვახახი, რომელი იყო ყოვლითურთ შემკობილი.
და ვითარცა დამტკიცდა მეფობა ვახტანგისი, რამეთუ ყაზანმან ჴელთ-უდვა სამეფო, დაიპყრა ტფილისი და ყოველი სომხითი, დმანისი და სამშჳლდე, ხოლო არა წინააღუდებოდა ძმასა თჳსსა დავითს, რამეთუ იყო ვახტანგ ყოვლითურთ სრულ, სარწმუნოებითა მტკიცე, ეკლესიათა პატივისმდებელ, მშჳდ და მდაბალ, არა მოშურნე, მყუდრო და უშფოთველ.
ამათ ჟამთა უმეტეს განდიდნა მთავარი სამცხისა ბექა. ამათ ჟამთა გამოჩნდეს თურქნი საბერძნეთს მყოფნი, რომელნი დაემკჳდრნეს ზაფხულის მთათა პარხლისათა და ზამთრის მახლობელად პონტოსა. და შეკრბა ვითარ სამოცი ათასი, რომლისა თავად იყო აზატ-მოსე, კაცი მჴნე და ძლიერი ესე აზატ-მოსე წარმოვიდა ყოვლითა ძალითა მისითა მოოჴრებად ყოვლისა საქართველოსა. და ვითარ მოიწია ბასიანს და ტაოს, იწყო მძჳნვარედ ოჴრება, ჴოცა და კლვა; ესოდენი სული მოისრა და ტყუე იქმნა, ვითარმედ შეუძლებელ არს მოთხრობა ვითარ ბერნი, ყრმანი და ჭაბუკნი უწყალოდ მოისრვოდეს, და ჩჩჳლთა ყრმათა დედისა ძუძუთა შინა მოჰკლვიდიან. რამეთუ არა ჰგონებიეს თურქთა გამოჩენასა, ამისთჳს ყოველი სოფელი ტაოსა შეუძრავად დახუდა, და ვერასადა-ვინ ივლტოდა. ამისთჳს ურიცხუნი მოისრნეს, და ესეზომ მოოჴრდა ტაო, რომელ ვაშლოვანით წარსრულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიგალისჴევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ჴერჴემელის-ძეთა აზნაურთაგან. მაშინ ერისთავი ტაოსა თაყა ფანასკერტელი უღონო იყო, სიმცროსათჳს ლაშქრისა, გარნა ეგრეცა მცირე წყობა-ყო ციხისა თორთომის ძირსა და დიდად ავნო. გარნა სიდიდისათჳს თურქთასა ქუეყანით მისით ვერ განასხა, არამედ თურქნი უმეტეს განძჳნდეს და მოაოჴრებდეს ტაოსა, ხოლო მოიწია ამბავი მთავარსა თანა ბექასა, რომლისათჳსცა დიდად ტკივნეულ იქმნა, ვითარ ხუდებოდა გონიერებასა და სიბრძნესა მისსა. და მოუწოდა ყოველთამის ქუეშე დაწესებულთა, და წარემართა წყობად თურქთა, და ვითარ მიიწია ტაოს და ბასიანად, ესმა, ვითარმედ თურქნი წარვიდეს საზამთროსა სადგურსა მათსა და ვერ ესწრა. შეწუხდა ბექა მოოჴრებისათჳს ტაოსა, გარნა შეიქცა სახლად თჳსად.
ეძჳნებოდა სულსა მისსა მოსლვად ტაოს. ვითარ ანტაკრად ეტყინებოდა სული მისი წყობად თურქთა, მოუწოდა ყოველთა წარჩინებულთა სამცხისათა, შავშ-კლარჯთა, შემოკრიბნა ყოველნი დარქუა: „ისმინეთ, მთავარნო საქართველოსანო, ძმანო და თანამონათესავენო ჩემნო, სიტყუა ჩემი. დიდმან და სახელოვანმან, სკიპტრისა და პორფირისა მქონებელთა შორის უმეტეს განთქმულმან მეფემან დავით დასცა და დაამჴო ძლიერება თურქთა ნათესავისა და აოტნა სამეფოსაგან მისისა. მიერ ჟამითგან აქამომდე არღარა ჩენილ არიან თურქნი, და აწ ცოდვათა ჩუენთათჳს კუალად აღიძრნეს მძჳნვარედ და მოაოჴრეს ტაო, და ურიცხჳ სული ტყუე ყვეს და მოსწყჳდეს პირითა მახჳლისათა, ეკლესიანი დასცეს, და სიწმიდენი შეაგინეს. და კუალად განმზადებულ არიან ბოროტის ყოფად ქრისტეანეთა და მოოჴრებად, ვინათგან მეფე შემცირებულ არს მძლავრებისაგან თათართასა და კუალად პირნი და თავნი საქართველოსანი განდგომილან, და არავინ არს წინააღმდგომ თურქთა. აწ ისმინეთ ჩემი, ტომნო და ერთ-ნებანო! შევკრბეთ ყოვლითა ძალითა ჩუენითა და მივმართოთ თურქთა, და არა მივსცნეთ თავნი და შვილნი ჩუენნი, და არა განგუწირნეს ღმერთმან მოსავნი მისნი და აღმსარებელნი მისნი, და მოგუცეს ძლევა მათ ზედა, ვითარ მისცა მამათა ჩუენთა ძლევა მათ ზედა. დავდვათ თავი ჩუენი სჯულისა შეუგინებლობისათჳს. და ძმათა ჩუენთათჳს, უეჭუელად ღმერთი მოგუანიჭებს ცხოვრებასა“.
და ვითარ ესმა მთავართა და სპათა ბექასთა, სიხარულით მიემოწმნეს, და დააპირეს ლაშქრობა თურქთა ზედა. განიყარნეს, და მოიწია არე ზაფხულისა. იწყეს თურქთა აღმომართ სლვა, და შეკრბეს სიმრავლე ვითარ ექუსი ბევრი, რამეთუ ყოველთა ქალაქთაგან გამოჰყვა კაცი სჯულითა სარკინოზი ჴოცად ქრისტეანეთა, და არა თურქნი ოდენ იყვნეს, არამედ სპარსნიცა. და ვითარ ცნა ბექამან მოსლვა თურქთა, მოუწოდა ყოველთა მის ქუეშე დაწესებულთა, ტასისკარითგან ვიდრე ბასიანადმდე: მესხთა, შავშთა, კლარჯთა, კოლა-არტან-კარნიფორელთა, და უმრავლესთა ტაოელთა, რამეთუ ამას აქუნდა ესე ყოველი ქუეყანა, ამათ თანა თმოგუელთა და თორელთა და შეკრბა სიმრავლე ერთი ბევრი და ორი ათასი, და მიმართეს თურქთა ზედა. ხოლო იგინი აღმოსრულ იყვნეს მთათა პარხლისათა და დაებანაკა, და წარევლინა მჴედრობა ტყუენვად ვაშლოვანისა, და ეგულებოდა მოსლვად ქუეყანად ბექასა, სამცხეს, და ქართლსა და სომხითს. ხოლო ვითარ მივიდეს თურქნი ვაშლოვანს, კაცი ვითარ ათი ათასი, წინა-განეწყუნეს სპანი ბექასნი, ხუთასი კაცი, რომელნი წარევლინნეს მცველად, და დაუდგეს სიმაგრეთა შინა. იქმნა ომი ძლიერი, და ივლტოდეს თურქნი, და მოსწყჳდეს სიმრავლე ფრიადი ადგილთა სიმაგრითა, და ესრეთ წინა-დაუსახვიდა ღმერთი ძლევასა ბექას თურქთა ზედა.
ვითარ ესმა ბექას ვაშლოვნით გაქცევა თურქთა, განიხარა ფრიად, და წარისწრაფა, და მიმართა სპერს და ბაბერდს, სადა იყვნეს თურქნი მდგომარე. ვითარცა იხილეს თურქთა მოწყვედა სპათა მათთა მცირეთა ლაშქართაგან, განძჳნდეს და იღრჭენდეს კბილთა, და მოუწოდა მთავარმან მათმან აზატ-მოსე სპათა თურქთასა, და გამოარჩია კაცი ოცდაათი ათასი, და წარემართა ვაშლოვანს ძებნად სისხლთა სპათა მისთასა, რამეთუ მისლვა და დაახლება ბექასი არა უწყოდა. ოცდაათი ათასი სხუა წარმოავლინა ტაოს და რქუა: „მე წარვალ ვაშლოვანს და მოვაოჴრებ, და აღვიზღავ სისხლსა ჩემსა, და თქუენ მიდით ტაოს და მოსწყჳდეთ თუღა სადა დარჩომილ იყოს, და დადეგით ბანას, და მეცა განმარჯუებული შემოვიქცევი და მოვალ ბანა, შევკრბეთ, და მივმართოთ ყოველსა საქართველოსა“. და ესრეთ წარემართა ვაშლოვნით კერძო.
მაშინ აღიჭურა მანდატურთ-უხუცესი ბექა და ყოველი სპა მისი, და მიმართეს თურქთაკენ, რამეთუ არა უწყოდეს წარსლვა თურქთა ვაშლოვანს. ვითარ წარვლო მცირე, ოთხნი თურქნი მიმავალნი დაიპყრეს და მოუსხეს ბექასა. ხოლო მან ჰკითხა ამბავი თურქთა, თუ სადა არიან, და ოთხნივე ცალკე გაყო, და ოთხნივე ერთსა იტყოდეს წარსლვასა თურქთასა ვაშლოვანს, ვითარმედ: აზატ-მოსე“ ოცდაათი ათასითა მჴედრითა წარვიდაო ვაშლოვანს, და ორმოცი ათასი დაუტევა და წარმოავლინა ტაოს, ხვალე ანუ ზეგე მოვალსო“.
ირწმუნა სიტყუა მათი, და ორად განყო ლაშქარი თჳსი; რჩეული და უმრავლესი ლაშქრისა მისისა მისცა შვილსა მისსა პირმშოსა სარგისს, რომელი ოდენ აღზრდილ იყო აბჯრის მტჳრთველად, და წარავლინა ვაშლოვანს აზატ-მოსეს ზედა. ხოლო წარისწრაფა სარგის, და მიეწია ვაშლოვანის მთათა ზედა მიმავალსა თურქსა. და ვითარ იხილეს უკანა კერძო ლაშქარი, განკჳრდეს და მსწრაფლ მოაქციეს ჰუნენი სარგისის კერძო. იხილეს სიმცრო ლაშქრისა, რამეთუ იყვნეს მესხნი ხუთასი, ხოლო თურქნი ოცდაათი ათასი, განიხარეს და ჰგონეს მოწყუედა ყოველთა. მაშ მჴედარნი სარგისისნი ზედა მოეტევნეს უშიშრად, ხოლო სარგის წინა განეწყო, და სპანი მისნი მიეტევნეს მჴნედ. იქმნა ომი სასტიკი, და პირველსავე შეკრებასა მიდრკეს თურქნი სივლტოლად და იოტნეს ძლიერად. და ესოდენ მოსრეს, რომელ შექცეულთა აღრიცხეს სარაზმოთა ზედა მდებარე მკუდარი თურქი, პოვეს ხუთას და ცამეტ, თჳნიერ რომელი დევნასა შინა მოკუდა. და დევნეს მზისა დასვლისა ჟამამდე. ხოლო მოხედნა ღმერთმან წყალობით მოსავთა ჯუარისათა, რამეთუ განსაკჳრვებელ არს სმენად, რომელ ეგოდენსა წყობასა შინა არა მოიკლა ბექას ლაშქარი ხუთთა კაცთა კიდე, იგინიცა უსახელო ვინმე. ესრეთ მოსცა ღმერთმან ძლევა და გამარჯუება ბექას ლაშქართა თურქთა მათ ზედა. ხოლო სარგის, დაღათუ ყრმა იყო, არამედ მჴნედ იბრძოდა, რამეთუ გუარისაგან მოაქუნდა სიმჴნე და მამაცობა მამურ-პაპეულად.
ხოლო ბექამან მიმართა თურქთა დედაწულთაკენ, და მომავალნი წინა დაემთხჳვნეს; და იხილეს რა თურქთა შორით მთით მომავალი ბექა და სპანი მისნი, მსწრაფლ გარე-შეიქცეს და ივლტოდეს, ხოლო დედაწულთა მათთა მიმართეს მთათა, არღარა ესვიდეს საფასეთა სიმდიდრეთა, არამედ ყოველსავე დაჰყრიდეს. ხოლო ბექამან და სპათა მისთა მსწრაფლ დევნა უყვეს, იპყრობდეს და ჴოცდეს, რომლისა არა იყო რიცხჳ. და თურქნი მცირედნი რამე შეივლტოდეს ქალაქსა და ციხესა სპერისასა და რომელნიმე ნორქალაქს. მიეწივნეს სპანი ბექასნი, შესჯარეს, გზათა სივიწრითა და დედაწულთა სიმრავლითა არა სადა აქუნდა გზა სივლტოლისა. დაიჭირნეს თურქნი, ვითა ცხოვარსა დაჯრილსა და ჯოგსა ეგრეთ იპყრობდეს და ჴოცდეს. გარნა იქმნა ესეცა, რამეთუ შვილისა მისისა სარგისისგან ლტოლვილნი თურქნი, უკანა მოეწივნეს მანდატურთ-უხუცესსა ბექასა, სადა-იგი მიმართეს მესხთა, და კუალად მოსწყჳდეს, და გარე-მოადგეს ქალაქსა სპერსა. და პირველსავე ომსა აღიღეს ქალაქი თჳნიერ ციხისა, და აღივსნეს საქონლითა, ოქროთა, ვერცხლითა, ლარითა, ჯოგითა, ცხენითა და აქლემითა, ძროხითა და ცხურითა, ანგარიში ვისგან ითქმის. და თჳთ მათთავე საჴედართა აჰკიდეს, და ძლით წარმოიღეს. ეზომი ძლევა მისცა ღმერთმან ბექას, რომელ მისთა სპათაგან ერთი კაცი არა დააკლდა.
მოიცვა ბექამან ქალაქი სპერი, და თურქნი გაქცეულნი ორასნი ჩავიდეს პონტოს კერძ. და ვითარ განემარჯუა სარგისს, მომართა ჟამისა-კერძ, და მომავალმან აღაოჴრა ნორაქალაქი, და აღავსნა სპანი, რომელნი იყვნეს, საქონლითა, ალაფითა და ტყჳთა, და ესრეთ ძლევა-შემოსილი მივიდა მამას წინაშე. ხოლო ვითარ განძლიერდა სპერელთა გარედგომა ბექასი, მოუგზავნა მოციქული, ვითარმედ: „ჩუენ ყაენისა ყაზანისანი ვართ და [თურქნი] ძლით გარდაიხუეწნეს პონტოსა-კერძ და აწ გევედრები მე მოურიდო და უკუ-სდგე, და უზომო ოქრო და ვეცხლი, ჯორი და ცხენი მოგცეთ“. ისმინა ბექამან, და აღიღო განძი ურიცხჳ სპერით და ბაბერდით, და ძლევა-შემოსილი მობრუნდა. და მოეგებნეს კარნუ-ქალაქით მთავარნი, და მოართუეს მათცა ძღუენი, ალაფი, და არცა-რა მათ ავნო, და ესრეთ ბრწყინვალე ძლევა მიანიჭა ღმერთმან ბექასა, და მოვიდეს შინა საქონლითა უამრავითა. რამეთუ იყო ბექა მონასტერთა და ეკლესიათა მაშენებელი, და მონაზონთა და ხუცესთა და მოწესეთა კაცთა პატივისმცემელი, და არა დააკლდის ეკლესიასა მისსა წესი ლოცვისა ცისკრად, სამხარ და მიმწუხრი. და ლაშქარნი მისნი ვერ დააკლდებოდიან სამსა ამას ლოცვასა. და ამისთჳს უმარჯუებდა ღმერთი, და მოსცა ყაენმან ყაზან კარი და მიმდგომი მისი ქუეყანა.
<< წინ |