ხოლო ჩუენ პირველსავე სიტყუასა აღვიდეთ. მას ჟამსა იწყო ყაზან ყაენმან ამჴედრება მეგჳპტელთა ზედა, და მოუწოდა მეფესა ვახტანგს, და მისცა ბექამანცა ლაშქარი მისი რჩეული, რომელი დივნითა ხუდებოდა. წარემართა ყაზან, და შევიდეს ქუეყანასა ასურასტანისასა და შამისასა, და მოაოჴრებდეს, რამეთუ იყო სიმრავლე ლაშქრისა მისისა ათცამეტი ბევრი. და ვითარ ესმა სულტანსა მისრისასა, რომელსა სახელად უწოდდეს, ნასარ მელიქსა, შეკრიბა სპა მისი ყოველი და მივიდა და დევნად განეწყო. და იქმნა ომი სასტიკი ესოდენ, რომელ ხუტლუბუღა ნოინი ათასისა მჴედრითა წინა დაუდგა ყაზანს, ამად რომელ დიდთა მიმართეს ყაზანს ზედა, და ათასისა კაცისაგან ექუსასი დაჴოცეს, და ოთხასიღა დარჩა, რომლითა სძლო და იოტნა, რომელსა თანაშემწე ექმნა ჩოფან სულდურ ხუთასითა კაცითა, სადა ვახტანგ და სპანი მისნი მჴნედ ბრძოდეს. და ვითარ სწყდებოდა ორგნითვე ურიცხჳ, ივლტოდეს მეგჳპტელნი და სულტანი ნასარ მელიქი. და უკმობრუნდა ყაზან ყაენისაგან და სამ დღე განისუენა, და მეოთხესა დღესა დევნა უყვეს და მიეწივნეს მცირედნი და ამოსწყჳდნეს. და განიბნივნეს თათარნი, ტყუევნა ყვეს, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე წმიდად ქალაქად იერუსალიმად, სადა-იგი მრავალი სული მოისრა ქრისტეანე, და უმეტეს სპარსნი. ხოლო ყაზან მიმართა დაიმუმყსა ზედა, რომელ არს დამასკო. ხოლო მათ ზენარისა მთხოველთა მოსცეს ქალაქი და საქონელი ურიცხჳ და დაამყარა ყაზან დამასკო და მიმდგომნი მისნი ქალაქნი, და დაყო ვითარ ოთხ თუე. და დაუტევნა მცველნი ქალაქისანი, და წარმოვიდეს სახლად თჳსად თავრეზად. და ვითარ მოიწია ზაფხული, განდგეს. დამასკელნი, და გამოასხეს მცველნი ყაზანისანი. ცნა რა ესე ყაზან, მოუწოდა სპასპეტსა მისსა ხუტლუბეღასა და მეფესა ვახტანგს, და ყოველთა მთავართა საქართველოსათა, და წარავლინნა სულტანსა ზედა ლაშრად. მივიდეს და შევიდეს შამად და დამასკოდ, და აოჴრებდეს დამასკოს, და ვეღარ აიღეს. განვლეს დიდი ანტიოქია, და მივიდეს ვიდრე ღაზამდე. და ვერ შემართა სულტანმან ომი მათი, და მოაოჴრეს ექუს თუე, და მით უკმოიქცეს და მივიდეს ყაზანს წინაშე გამარჯუებულნი.
და ვინათგან მეფე დავით არა მიენდო თათართა, ზაფხულ მთიულეთს იყვის და ზამთარ ქართლსა. ამისთჳს იშლებოდა ქუეყანა ქართლისა, და მთავარი ბაყათარ განდიდებულ იყო და აოჴრებდა ქართლსა, თრიალეთსა, და განასხმიდა მამულისაგან აზნაურთა, და იყო ჭირი დიდი მკჳდრთა ქართლისათა. და მეფემან დავით შეკრიბთ ყოველი მთიული, წარვიდა და მივიდა ტფილისს, და ჰყვა კაცი ცხენოსანი და ქუეითი, ვითარ ათხუთმეტი ათასი, და მოუჴდა ყივჩაყთა საზაფხულოდ მომავალთა. ხოლო ყივჩაყნი რომელნიმე ქალაქსა ეწივნეს, და ზოგნი მტკურის პირით ივლტოდეს. ესმა ესე ვახტანგს ტაბაჴმელას მდგომსა, მივიდა მცირითა კაცითა, განვლო ჴიდი და სახიუდაბელი, და განვიდა მახათას, რამეთუ დავით და ლაშქარი მისი მახათას დგეს, თავსა ქედისასა და ვახტანგ ქუემოთ მიუდგა, და დადგა და ვერ შემართა შებმა, სიდიდითა დავითის ლაშქრისათა. მაშინ მცირედნი ვინმე ჩამოვიდეს და აქათ მცირენი ვახტანგისნი მიეგებნეს, შეიბნეს, და დავითის კერძნი გაიქცივნეს, და ორნი ძმანი და შვილნი დაჴოცნეს. და ვითარ შენივთდებოდა ომი, ათასი ყივჩაყი გაქცეული შეკრბა ვახტანგს თანა ჯარად. მაშინ მოიწია რისხვა ღმრთისა, და ივლტოდა დავით, და სპა მისი ძლიერი უომრად იყო. დავით მოვიდა, და ომისა არა შემმართი მიუდგეს უკანა ყივჩაყნი და ქართველნი, და სდევდეს ვიდრე ჯაჭუადმდე, დაჴოცეს კაცი ურიცხჳ. არათუ ვახტანგ მტერი იყო ძმისა, არამედ თათართა შიშითა იძულებით შეება. ოტებული რა ცნა დავით, უმძჳნვარესად აოჴრებდა ბაყათარ ქართლსა, და მეფე დავით ვერ წინააღუდგებოდა. მით სენიცა შეედვა ბოროტი, მიკრისი, ჴელთა და ფერჴთა, და უჴმარ იქმნა, და იყოცა კაცი ურწმუნო და უშიში ღმრთისა, ამისთჳს ბოროტსა სენსა ჩავარდნილი უღონოებდა, და ბაყათარ აოჴრებდა ქუეყანათა, და ჴოცდა კაცთა, დაღაცათუ სურამელი აჰმადა და რატი ძლიერად ებრძოდეს. მაშინ ბაყათარ წარუღო გამრეკელსა, კახას ძესა, ციხე ძამისა. ცნა ესე ბექამან, მოუჴდა დიდითა ლაშქრითა, ხოლო ბაყათარ, ციხით გამოსრული, წინ დახუდა წინმავალთა ბექასთა. იქმნა ომი ფიცხელი, და პირველსავე შებმასა გაიქცა ბაყათარ, და შევიდა ციხესა. მივიდა ბექა და მოადგა ძლიერად ციხესა. და ვითარ განძლიერდა, ითხოვეს ოვსთა ზენაარი და აღუთქუეს არა წყენა, და ესრეთ მოვიდა ბექას წინაშე გაუშავებელი, და უკანას მოკუდა ბაყათარ.
აწ ვიწყოთ თათართა მოთხრობად. და ვითარ გამოასხნეს მეგჳპტელთა მცველნი დამასკოსანი, ამისთჳს გამწყრალმან ყაზან გაგზავნა იგივე ხუტლუბუღა სპითა ძლიერითა და ვახტანგ სპითა საქართველოსათა. და ვითარ ცნა სულტანმან მისლვა მათი, მიეგება სულტანი ომად, და იქმნა ძლიერი ომი, დაიჴოცნეს ორგნითვე ურიცხუნი. და მას დღესა სწორი ძლევა არა იქმნა, და ღამემან განყარნა. და ვითარ უკუდგეს, პოვეს ქედი დიდი თათართა და მას ზედა შემოდგეს ხუტლუბუღა ერითურთ, უსეინ, სევინჯი. გარნა სიბუჩი, ხუტლუბუღას შვილი, მივიდა მახლობელად სულტნისა და დადგა ვაკედ, რომელსა ახლდეს ბექას ლაშქარნი, და ყველასა ცხენი ჴელთა ჰყვა. მოიჴელოვნა სულტანმან, რამეთუ ჩამოუშვა წყალი უკანა კერძი თათართა, და მას ღამესა ესეთი ლამი შეიქმნა, ცხენი და კაცი ორნივე უჩინო იქმნიან ლამსა შიგან. და განთენა რა, იხილეს თათართა უკანა კერძო ლამი, დაწინათ ლაშქრისა სიმრავლე, უღონო იქმნნეს, პოვეს მცირე უგანო ადგილი ლამისა, და მაშიგანცა დაიჴოცნეს სიმრავლე კაცისა და ცხენისა; და რაჟამს აღივსო კაცითა და ცხენითა, მეოტმან ლაშქარმან ზედა-განსლვა დაიწყო. დაღათუ მოსწყდეს ურიცხჳ თათარი და ქართველნი, და ვახტანგ და ნოინნი მშჳდობით დარჩეს და მოვიდეს ყაზანს წინაშე, რომელი განწყრა და საპყრობილესა მისცნა ყოველნი ნოინნი. და ეკაზმოდა კუალად სულტანსა ზედა. გარნა დასნეულდა სენითა მუცლისათა და მოკუდა, რომელი იგლოვა ყოველმან კაცმან სიმართლისათჳს, რომელ ავის მოქმედი და მეკობრე და უსამართლო კაცი აღარ იპოვებოდა საყაენოსა მისსა, და ამისთჳს დაუტევა მწუხარება ყოველთა.
ხოლო შემდგომად მისსა დასუეს ტახტსა ყაენთასა ძმა მისი სახელით ხარბანდა, რომლისა უკანასკნელ ოლჯათა სულტანსა მისცა, რომელ ერთითა თუალითა არა მხედველ იყო, და ვითარ ეძლო, იპყრობდა წესთა ძმისა მისისა ყაზანისთა, დაღათუ იყო ესეცა კაცი კეთილი. ამან მოიწყო ყოველი საბრძანებელი მისი, და ფრიად კეთილსა უყოფდა ვახტანგს. ამან ხარაბანდამან ინება გილანს წარსლვა, და მოუწოდა ყოველთა სპათა თათართა და თჳთ მეფესა ვახტანგს, და ოთხად განყო სპა თჳსი: უკეთესი და უწარჩინებულესი სპა მან დაიჭირა და მეფე ვახტანგ; და ერთი ნაწილი მისცა ხუტლუბუღასა და ბექასა, ლაშქარი თჳთ პირველვე მისი იყო; ერთი ნაწილი ლაშქარი ჯალაიარს მისცა, და ოვსნი გორს მსხდომნი; ერთი ნაწილი სალდუხსა ჩოფანსა მისცა; და თჳთო თავადი თჳთოსა გზასა ჩაგზავნა, და ერთს გზას თჳთ ყაენი ხარბანდა, სადა-იგი წინამბრძოლად მეფე ვახტანგ აჩინეს გილანს ყოველგნით. ხოლო გილანელნი დაღათუ მცირენი იყვნეს, არა შეშინდეს, რამეთუ იყვნეს გილანსაცა ოთხნი მთავარნი, რომელთა სახელები იყო: ერქაბაზნ და უბაში, როსტან და ასან. ესე თჳთ დადგა სიმაგრეთა შინა, შეკრა ხარხალი და ერიქაბაზნ ყაენს ხარბანდს დაუდგა წინა და შემოება, და იქმნა ომი ძლიერი, რამეთუ ვახტანგ წინამბრძოლობდა. ქუეითნი გზისა სივიწრისაგან და ტყისა სიჴშირისაგან ვერა იარებოდეს; და სადაცა მცირე ვაკე იყვის, იგიცა ლამი იყვის.
ხოლო ვითარ გაგრძელდა ომი, პირველ ისრითა და მერმე ჴრმლითა იბრძოდეს თათარნი და ქართველნი, და ხარბანდ თჳთ უჭურეტდა. მცირედნი შეეწეოდეს, და ჴმითა განამჴნობდეს. ვითარ შენივთდა ომი, არა შეაქცევდა მეფე ვახტანგ ზურგსა, არცა სპა მისი, არამედ სივიწრითა მოისრვოდეს ესოდენ, რომელ ათისაგან ძლივ ორნი ცოცხალ იყვნიან; სომხითარნი ახლდეს, რაოდენიცა იპოვებოდეს ცხენსა ზედა მდგომი, და ესრეთ მოსწყჳდეს; მრავალნი აზნაურნი უმკჳდრო გახდეს, რამეთუ მამა, შვილი და ძმა, ყოველნივე მუნ ახლდეს. გარნა რომელნიმე დარჩეს თჳთ ვახტანგ არა გარე-მიაქცევდა პირსა, არამედ მჴნედ და ძლიერად იბრძოდეს. განკჳრდეს თათარნი სიმჴნესა ზედა ქართველთასა, რამეთუ ვახტანგ მჴნე იყო ომსა შინა, და მჴნედ იბრძოდა, და მცირედ დაიკოდა ბარკალსა, და მიდრკა მზე და მოეახლა ღამე, და განიყარნეს.
ხოლო ვითარ იხილა ყაენმან სიმაგრე ქუეყანისა, ტყითა და კლდითა, ღამე ყოვლ წარმოვიდა. ცნეს გილანელთა, და დევნა უყვეს, და რომელთა ეწივნეს, დიდად ავნეს, ხოლო ერთ-კერძო ხუტლუბუღას შვილი დაუდგა წინა; ხოლო თავადმან გილანელთა უბიშმან შეკრა მანცა ხარხალი, და შეაბა კარი იწროსა შესავალსა, და დაუდგა ხუტლუბუღას. ხოლო იგი გარდაჴდა ცხენისაგან და დაჯდა სკამითა, და უბრძანა ბექას ლაშქართა ქუეითად შესლვა, და ყვეს. შევიდეს ტაძარსა და გარდვიდეს, და შეიქმნა ომი ძლიერი აქაცა, ქართველთა და მესხთა ზედა. არცა ამათ შეაქციეს ზურგი, არამედ მჴნედ ბრძოდეს, და უფროსნი გილანელნი მოისრვოდეს. მაშინ სტყორცა ვინმე ისარი, და დაეცა შიშუელსა თავსა ხუტლუბუღა ნოინსა, და მყის - მკუდარი შთაიჭრა სკამისაგან. ვითარცა იხილა შვილმან მისმან სიბუჩი სიკუდილი მამისა, მსწრაფლ ივლტოდა, იგი და სპა მისი, ხოლო მესხნი დარჩეს ტაძარსა შინა. მცირედნი ივლტოდეს, და უმეტესნი მოისრნეს, და მოიწია უზომო რისხვა ღმრთისა თათართა და მესხთა ზედა, რამეთუ უკანით, სადა ბრინჯი დგომილ იყო ვაკესა შინა, ღამით წყალი ჩაეგდოთ, და ესრეთ ლამი შექმნილ იყო, რომელ ვერცა ცხენი და ვერცა ქუეითი ვერ. გაიარდა და იქმნა მოსრვა მლიერი.
ხოლო ჩოფანსცა შემოება როსტან მელიქი ვაკესა ადგილსა, გარნა ჩოფან სძლო და იოტა, და სიმაგრესა შინა არღარა შეჰყვა არამედ წყნარად დაბრუნდა და აჩინა მჴედარნი მისნი უკანამავლად. ჯავახის-შვილი გამრეკელი მჴნედ იბრძოდა ომსა მას, და გარდამოვიდეს მშჳდობით. ეგრეთვე უსენს და ოვსთა შეება ასან, და სწორი ძლევა იქმნა, და იგინიცა გამოქცეულნი ივლტოდეს, და მივიდეს და შეკრბეს უჟანს ხარბადან ყაენს წინაშე. სულდუხი ჩოფან მჴედართ-მთავრად განაჩინეს, მონაცვალედ ხუტლუბუღა ნოინისა. ხოლო მეფე ვახტანგ პატივცემულ ყვეს და დიდებულნი მისნი ყოველნი მჴნედ ბრძოლისათჳს, და ნიჭითი დიდითა წარმოავლინეს შინა.
და წარვიდა ვახტანგ, მოუჴდეს კაცნი ხოდრისელნი, სჯულითა სარკინოზნი და მტერნი ქრისტეს აღმსარებელთანი და ყოველთა ქრისტიანეთა, და რქუეს ყაენსა ხარბადანს: „უკეთუ არა ყოველთა ქრისტეანეთა დაატევებინო სჯული, და ეკლესიანი არა დააქცივნე, არა განგემარჯოს მტერთა ზედა, და არა წარგემართოს მეფობა შენი და ჴელმწიფებათ ესე სიბილწე წარმოსთხიეს ცუდრჯულთა, და ამათ ძლით ისმინა ყაენმან და იწყო რღუევად ეკლესიათა. და წარმოავლინა ლაშქარი, და ერთი ნოინთა მთავარი, რათა მოვიდეს საქართველოსა და მეფესა და ყოველთა ქართველთა დაატევებინოს სჯული და სარკინოზად შექმნას, და ყოველსა საქართველოსა შინა დაარღჳვნეს ეკლესიანი. და ეწია ნახჭევანს წარმოსლვასა ვახტანგს ესე წარმოვლინებული ნოინი, ხოლო მეფე ვახტანგ არა შეშინდა, არამედ განმჴნდა, და უმეტეს მოაჴსენებდა სიმჴნეთა და ღუაწლთა ქრისტეს ღმრთისათჳს, და რქუა სპათა თჳსთა: „კაცნო, ძმანო და ერთ-რჯულნო, და ქრისტეს ღმრთისა ჭეშმარიტდ აღმსარებელნო უწყით სჯული მამათა მიერ, და გასმიეს ქადაგება წმიდათა მოციქულთა და უწყით ღუაწლნი და ახოვნებანი მოწამეთანი, და გიხილვან თუალითა თქუენითა ტაძარსა შინა მათსა ურიცხუნი სასწაულნი, და გასმიეს სახარებასა შინა უტყუელისა პირისა, ვითარმედ: „რომელმან აღმიაროს მე წინაშე კაცთა, მეცა აღვიარო იგი წინშე მამისა ჩემისა ზეცათასა“, და კუალად: „მოვედიო ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ“. და აწ ნუ შესძრწუნდებით, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და დავდვათ სული ჩუენი მისთჳს, რომელმან დადვა სული თჳსი ჩუენთჳს. პირველად ჩუენ მივსცნეთ თავნი ჩუენნი სიკუდილად, მერმე იყავნ ნება ღმრთისა, და მან დაიცვას სამწყსო თჳსი“.
ვითარ ესმა სპათა ვახტანგისთა, სიხარულით შეიწყნარეს ბრძანებული მისი, და მყის წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო ყაენი განკჳრდა მისლვასა მეფისასა, და მივიდეს კარსა ყაენისასა, და მუჴლნი დაიდგნეს, და რქუა მეფემან ჴმითა მაღლითა: „ისმინე, მაღალი, და ძლიერო ყაენო, მოვიდა ბრძანება რათა ყოველთა ქრისტიანეთა დაუტეოთ სჯული ჩუენი, აწ ისმინე: ბედნიერთა პაპათა და მამათა თქუენთა ჰმონა და მსახურა პაპამან და მამამან ჩუენმან ამით სჯულითა, და აროდეს გუასმიეს, თუ სჯული ქართველთა ავი არს, არამედ უწარჩინებულეს ვყოფილვართ ყოველთაგან. და სპარსთა სჯული უფროს საძაგელად შეერაცხა პირველთა ყაენთა. ამისთჳსცა იგინი მოსწყჳდნეს, რამეთუ იყვნეს მწამლველ და მამათ-მავალ და კაცის-მკველ. და აწ თუ სიტყუასა სპარსთასა ისმენ, ყაენო, მე ვარ მეფე ქართველთა, და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი შენს წინაშე არიან, და მე მზა ვარ სიკუდილლად სჯულისათჳს ქრისტეანობისა, და მერმე ესე ყოველნი, შენს წინაშე მყოფნი ქრისტეანენი, აჰა თავნი ჩუენნი წარგუკუეთენ“. და წარუპყრაცა ქედი. და ვითარ ესმა ყაენსა სიტყუა ესე, განკჳრდა და პატივ-სცა მეფესა, და სიტყჳთა ტკბილითა აღადგინა, და შეინანა, და აბრალა რომელთა აქმნევინეს.
ხოლო იქმნა ესეცა, რომელ არღუევდეს თავრეჟს ეკლესიათა, არამედ ოთხსა დღესა შინა ოთხნი შვილნი ხარბანდასნი დაიჴოცნეს, სახელით ბარტამ და მას-ზედანი, და ესრეთ წარდგომილმან მეფემან დაჴსნა შური და შფოთი მომავალი საქართველოსა ზედა. ხოლო წარმოვიდა ვახტანგ პატივცემული, და მოვიდა მუნვე ნახჭევანს, შეედვა სალმობა მუცლისა და მოკუდა, შემკული გჳრგჳნითა მეფობისათა, და წარმოიყვანეს და დამარხეს დმანისს. და დარჩეს შვილნი ორნი: დიმიტრი და გიორგი. დიმიტრის. დმანისი აქუნდა, და გიორგის სამშჳლდე. და ვითარ ჴელთ-უდვეს მჴედართ-მთავრობა თჳთ ხუტლუბუღასი ჩოფანს, წარმოემართა ესე ჩოფან, ერითა ურიცხჳთა. პირველად მოვიდა კოლას და არტანს, ვიდრე არსიანამდე, და აწუევდა ბექას, რათა ყაენი ანუ ჩოფან ნახოს, რომელ-ესე არა თავს-იდვა ბექამან, არამედ შვილი მისი უმრწამესი, სახელით შალვა, წარატანა თანა. წარვიდა და ჩავლო სომხითი, და დარჩა ქუეყანა ბექასი მშჳდობით.
ხოლო ესე გიორგი იგი არს, რომელსა ამა მეფისა ვახტანგის უწინ მისცა ყაენმან მეფობა. ესე არს ძე დიმიტრი თავდადებულისა და ძმა დავით მეფისა და ვახტანგ მეფისა.
ხოლო ესე გიორგი წარავლინა ბექამან ჩოფანს თანა, და მან მიიყვანა ყაენს. წინაშე. ხოლო მან პატივითა შეიწყნარა, და წინათვე დაუსახვიდა ნიშთა მეფობისათა. ამან ყაენმან წარმოუვლინა მოციქული დავითს და სთხოვა შვილი, რათა მეფე ყოს. მაშინ მცირე იყო გიორგი, იგიცა მოსცეს, და წარმოგზავნეს ურდოსა, და ყაენმან მოსცა მეფობა და ტფილისი, და უჩინა საზღვარად და საქმის მოურავად დიდი გიორგი, და მივიდეს ტფილისს. და ამას წელსა მიიცვალა მთავარი სამცხისა ბექა, კაცი წარმატებული ყოველსა შინა, სიკეთე-აღმატებული საღმრთო-საკაცობოთა შინა საქმეთა, და უმეტეს სამართლის მოქმედებითა; ეკლესიათა და მონასტერთა მაშენბლობითა, სოფლისა კეთილად მორწმუნეობითა, და გლახაკთა უზომოთა მიცემითა.
ხოლო საყუარელი მეუღლე მისი იყო გამცემელ ეპისკოპოსთა და მონაზონთა, და ყოვლისა სამღდელოსა და საეკლესიოსა საჴმართა, ესოდენ რომელ სადმე ესმის. კეთილი მოღუაწე და მეცნიერი ეპისკოპოსი, გინა მონაზონი, მის წინაშე მოუწოდის და მოიყვანის, და მრავლითა ნიჭითა და პატივითა ამყოფის. და სავსე იყო სახლი მისი მონაზონითა და ხუცითა. ამას თანა აქუნდა შეწყნარებულობა ობოლ-ქურივთა და დავრდომილთა. ხოლო სახლსა მისსა არა დააკლდებოდა სამ-სამი ლოცვა. ამისთჳსცა წარუმართა ღმერთმან დღენი ცხოვრებისა მისისანი; მტერთა ძლევასა, მშჳდობასა და დაწყნარებასა მიიცვალა ვითარ სამეოცდაექუსისა წლისა, და დაუტევა გლოვა და მწუხარება უზომო მკჳდრთა სამცხისათა.
და დაიპყრეს სამცხე სამთავე ძეთა მისთა: უხუცესმან სარგის, და შედეგმან ყუარყუარე, და უმრწამესმან შალვა. ხოლო აღესრულა მესამესა წელსა მეფე დავით, გარჯილი სენთა მწარეთა მიერ, და დაფლეს სამარხოსა მეფეთასა მცხეთას, და დაუტევეს და ნაცვლად მისად ძე მისი მცირე გიორგი, ორ წელ მეფე ქმნული.
შემდგომად ამისა ინება ყაენმან ამჴედრება ქუეყანასა ზედა შამისასა, ციხესა, რომელსა ეწოდება რაბაშანი, რომელი აქუნდა სულტანსა მისრელსა. წარვიდა ძალითა თჳსითა, და თანა წარიტანა ლაშქარი დიდი, და გარე-მოადგა რაბაშანს, ხუთ თუე, და ვერა ავნო, აიყარა და წარვიდა. და ჰყვა ექუსი არწივი, დამართული სხუათა თანა მფრინველთა და ავაზათა. აქათ ესოდენ დიდ იყო ძალი მისი. მოვიდა ყაენი შინა, და მიერითგან არღარა სადა განილაშქრა დღეთა მისთა, იყოფოდა მშჳდობით და ნებიერად, ათცამეტ წელ დამპყრობელი ყაენობისა.
ამან ოლჯათ სულტანმან წარმოავლინა მცირე გიორგი მეფედ, და ზაალ მელიქი ვინმე სპარსი ხუარასნელი, და ახრუნჩი, მამის ძმა ჩოფანისა, თანა წარმოიტანა, რათა ყოველი საქართველო ერთად შეკრიბონ მეფობასა შინა გიორგისსა, და აჩინეს ამათ შანშე მჴარგრძელი და ზაქარია ავაგის ასულის ხუაშაგის ნაშობი. მივიდეს ჯავახეთს, მიერ კოხტის თავსა, და აწუევდეს სარგისს და ყუარყუარეს გამოსლვად, და არა ინებეს.
ამათ ჟამთა შინა იქმნა განდგომილება საბერძნეთს, და განუდგეს ოლჯათ სულტანსა ფარმანის შვილნი და ქალაქი დიდისა კონისა. მაშინ წარავლინა ყაენმან ჩოფან სპითა მისითა საბერძნეთს, და თანა-წარატანნა ქართველნიცა. და წარჰყვა გიორგი ჩოფანს. ხოლო გოგაზილა მალაქ, შანშე და ზაქარია არა წარჰყვეს თანა, წარვიდეს და აიყარნეს, და ტფილისს შევიდეს. და წარიტანეს თანა მეფე გიორგი საბერძნეთს, და ვერ წინააღუდგეს ფარმანიანნი ლაშქართა მათ ერთ წელ, და ყოველნი მას შინა მყოფნი ქართველნი მოსცა მეფესა გიორგის. იახლნეს ჯავახნი და თორელნი, რაოდენნი ყვეს, და სადაცა ილაშქრიან და შეიბნიან ციხეთა ზედა, მუნ მჴნედ მბრძოლად გამოჩნდის მეფე გიორგი, და მის თანა ყოველნი ქართველნი. ესრეთ მოიმორჩილნა ყოველნი განდგომილნი და ურჩნი მისნი, და მოქცევასა წელიწადისასა მივიდა შინა. და სთულის ჟამსა, ვითარ მივიდა ჩოფან ყაენს წინაშე, და მცირედღა დაჰყო, ვითარ თუეცა ერთ, მოკუდა ოლჯათ სულტანი და დაუტევა ძე მცირე, ვითარ შჳდისა წლასა, სახელით მუსაით. ხოლო იგი მიასუენეს და დაფლეს ქალაქსა, რომელსა ეწოდების ყორღოილანგი, რომელი მან აღაშენა და განავრცო უმეტეს თავრეზისა, და უწოდა სახელად სუღ.
ხოლო ესმა რა გიორგი მეფესა სიკუდილი ყაენისა და მის წილ დადგინება მუსაითისა, წარვიდა ურდოსა და, მივიდა რა ურდოსა მეფე გიორგი, განიხარა ჩოფან და შეიტკბო ვითარცა შვილი, და მოსცა ყოველი საქართველო და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და შვილნი დავით მეფისანი, და მესხნი, შვილნი ბექასნი.
და იწყო მთიებმან აღმოჭჳრვებად, ხოლო მე ენა ვერ მიძრავს საკჳრველისა და საშინელისა თქმად.
არსებითაჲ და დაუსაბამოსა ღ(მრთ)ისათა მ(ა)მისა, ძისა და ს(უ)ლისა წ(მიდ)ისათაჲ.
დასასრული ძველი ქართლის ცხოვრებისა
<< წინ |