ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამოცდაერთე მეფე, რუსუდან, ძე თამარ მეფისა,
დაი ლაშა-გიორგი მეფისა, ბაგრატოანი

მაშინ წარავლინეს მოციქული წინაშე დიდისა ყაენისა, რომელი იჯდა ყარაყურუმს ტახტსა ჩინგიზ ყაენისასა, რამეთუ ჩინგიზ ყაენი გარდაცვალებულ იყო, და ჴელთ იგდო ძემან მისმან, სახელით ოქროფა, ყაენობა, რომელი იყო კაცი კეთილი და დიდად უხჳ, და მოსამართლე. და იგიცა გარდაიცვალა, და დასუეს ძე ოქროფასი ყაენად, სახელით ქუქ. და იგიცა მოკუდა, და ჴელთ იგდო ყაენობა ძემან ქუქისმან მანგუ. წარავლინეს მოციქული, და აუწყეს აღება სპარსეთისა, საქართველოსა და საბერძნეთისა, და ყოველთა თემთა მოკაზმული ქუდი და აბჯარი და ტანისამისი გაუგზავნეს და წესი მიუმცნეს და ესევითარ: ქართველნი“ სრულიად მოვიდეს, მეფე და ერთობილნი მთავარნი, რომელთა აქუს სჯული კეთილი, და ტყუილსა ევლტიან. და მწამლველი არცა-თუ სახელ-იდების მათ შორის“. და სპარსთათჳს მიუმცნეს ესრეთ: „არიან სპარსნი ცრუ, მოღალატე, ფიცისა არა შემნახველ, და მრავალნი იპოვებიან მწამლველნი და მამათ-მავალ ურცხჳნოდ“.

მიიწია რა ელჩი პირველად ბათოისსა, რომელი იყო შვილი თუბისი, პირმშოსა ჩინგიზ ყაენის შვილისა, რამეთუ მაშინ უპირატესობა ყოველთა ბათოს ყაენსა ეპყრა, რომელსა ჰქონდა ოვსეთი და დიდი ყივჩაყეთი, ხაზარეთი და რუსეთი, ვიდრე ბნელეთამდის, და ზღუადმდე დარუბანდისა. და ამან წარავლინა წინაშე მანგუ ყაენისა. და ვითარ იხილა მოციქული, განიხარა და ჩაბალახისა ხილვასა ზედა განკჳრდა. და ესრეთ მიუმცნო ნოინთა მანგუ ყაენმან: „ვინათგან ქართველნი წყობათა შინა კეთილად გიხილვან და ტყუილი არა არს მათ შორის, და მინდობა იციან, თქუენ თანა იპყრენით მტერთა თქუენთა ზედა ბრძოლად. ხოლო სპარსნი მოსწყჳდენით, და მის ქუეყანისა თავადნი აქა წარმოგზავნენითი“.

ესე მოციქული რა მოიწია, ავაგ, რომელი ამირსპასალარობისაგან ათაბაგ იქმნა მეფის რუსუდანის მიერ, იგი წარავლინა ჩაღატა ნოინ[მან] წინაშე დიდისა ყაენისა ბათოსა, და ხლათისა სულტანი. წარვიდეს უცნაურსა და ყოვლადვე ქართველთა ნათესავისაგან უვალსა გზასა. და ვითარ მიიწივნეს წინაშე ბათოსა, რომელი იყო მას ჟამსა უმთავრესი ყაენთა, და უზეშთაესი, და უაღმატებულესი შუენიერებითა, და მუნ თანა-წარეყვანა ათაბაგსა ავაგს ივანე ახალციხელის ძე, სახელით, დავით, ეჯიბი ავაგისი, რომელმან რქუა ავაგს: „ვინათგან უცხოთა ნათესავთა მომართ მოიწიე, და არა უწყი თუ რა ყოფად არს ჩუენდა, ესრეთ განგაზრახებ, რათა ვიქმნე მე, ვითარცა პატრონი და მთავარ შენდა, და შენ იქმნე მონა; უკეთუ ენებოს მოკუდინება შენი, მე მოვიკლა და არა შენ, და არღარა ვეჭუ, უკეთუ ბატონი მოიკლას, ყმათაცა დაჴოცად“. და ესრეთ მრავლითა ვედრებითა და იძულებითა დაარწმუნეს ავაგს ამისდა ყოფად. ვითარ შევიდეს წინაშე ბათოსა, წინა-წაიძღუანა დავით, ვითარცა უმთავრესი, და ესოდენი სათნოება ქმნა დავით გამწირველმან თავისამან პატრონისთჳს სიკუდილად. იხილა რა ყაენმან ბათო, განიხარა, და დიდად პატივ-სცა მრავალთა დღეთა. და ვითარ ცნეს კეთილის-ყოფა ბათოისგან, და უშიშ იქმნეს სიკჳდილისა, ერთსა დღესა შეუწოდა ბათო, და ავაგ წინა-წარუძღუა რომელი იხილა რა ყაენმან, განკჳრვებით შემხედველი ეტყოდა ავაგს: „არა სადა-მე მეცნიერ ხარა, რომელ პატრონი არს შენი, რომელი უკანის შენსა დგას და შენ წინა-წარმოსძღომიხარა?“ ხოლო დავით ღიმილით ეტყოდა: „დიდო, დიდო განმარჯუებულო ჴელმწიფეო! ეგე არს პატრონი და მე მონა მისი“. და განკჳრვებული ყაენი ჰკითხვიდა მიზეზსა მისსა ყოფად, რომლისათჳს დავით თქუა: „მის ძლით ვყავ. დიდო ყაენო, რომელ არა მეცნიერ ვართ სიკეთისა შენისა, და არა უწყოდით რასა შეგუამთხუევდით; უკეთუ გენება მოკუდინება, მემცა მომკუდარვიყავ უწინარეს, და არა პატრონი ჩემი“. რომლისათჳს დიდად განკჳრდა და აქო დავით, და თქუა ყაენმან: „უკეთუ ნათესავი ქართველთა ეგევითარი არს, ვბრძანებ, რათა ყოველთა ნათესავთა, რომელნი არიან მორჩილებასა ქუეშე მაღალთა. უმჯობეს და უწარჩინებულეს იყვნეს, და მაღალთა თანა მჴედართა აღრაცხონ. და მამული და საქონელი მათთა ჴელთა შინა იყოს, და ყოველსა შინა მისანდოდ იყვნენ“. რომლისათჳს ბრძანება დაწერა და წარმოსცა. და ესრეთ განაჩინა წარვლენა დიდსა მანგუ ყაენისსა ხატაეთს და ყარაყურუმს. ესენი აქამდინ იყავნ.

ხოლო ჩუენ დაშთომილისა სიტყჳსა მიმართ აღვიდეთ. გარდამოვიდა მეფე რუსუდან ლიხით და მივიდა ტფილისად, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სამეფოსა მისისანი. და წარავლინა ძე თჳსი დავით ნოინთა წინაშე, რომელთა პატივითა შეიწყნარეს და მოსცეს ყოველი სამეფო, წარჩინებულნი და ყოველნი მთავარნი საქართველოსანი, და ესრეთ კუალად ეგო სამეფო ბრძანებასა ქუეშე რუსუდან მეფისასა.

კუალად აქაცა ვინებე დუმილი, ვინათგან მეგულების განსაკრთომელისა მოთხრობისა, დაღათუ არა საკადრებელ არს თხრობა მეფეთათჳს უშუერსა რასმე, რამეთუ იტყჳს მოსე, მხილველი ღმრთისა, ვითარმედ: „მთავარსა ერისა შენისასა არა ჰრქუა ბოროტი. გარნა ვინათგან წიგნი ესე შუამდებარე არს კეთილის-მოქმედთა და ბოროტისმოქმედთა, შენდობილ იყვნენ სიტყუანი ჩემნი, რამეთუ ჟამთააღმწერელობა ჭეშმარიტის მეტყუელება არს, და არა თუალ-ახმა ვისთჳსმე. რამეთუ ამათ ჟამთა დაივიწყა შიში ღმრთისა და ანდერძი ძმისა და ფიცი იგი, რომელ ამცნო ძმამან მისმან რუსუდან მეფესა, და განიზრახა ზრახვა უცხო, რათა დაუმკჳდროს მეფობა ძესა მისსა დავითს, და წარავლინა კაცი საბერძნეთს, სულტანსა სიძეს და ასულსა თამარს წინაშე, რათა ძმისწული მისი დავით ყრმა, რომელ პირველ წარავლინა მათდა, რათა ბოროტი რა ეყოს მათ მიერ, და არა რა ბოროტი ეყო, აწ რომელი წარსწყმიდონ და მოაკუდინონ, და მიერითგან უზრუნველად ეპყრას მეფობა მას და ძესა მისსა დავითს.

ხოლო მათ არა ისმინეს ესე, და კუალად სხუა წარავლინა მოციქული ამავე პირისათჳს. ხოლო იგინი არა ერჩდეს. და მესამედ სხუა სავედრებელი წიგნი წარგზავნა, შვილისა და ძმისწულისა გინა ძმისა მკლველობითა სავსე, და იგინი არცა მაშინ ერჩდეს. ამისგან განცჳფრებულმან და გულისწყრომითა აღვსებულმან, დაივიწყა სჯულიცა და ლმობა ნათესავთა, და თჳთ შვილისა სიყუარული დედობრივი, ვითარცა იტყჳს ბრძენი სოლომონ, ვითარმედ: „გულისწყრომამან კაცისამან სიმართლე ღმრთისა არა ყვის“. ვითარ ამანცა კეთილთა ძირთა მორჩმან არა ყო სიმართლე და წყალობა, დაწერა წიგნი სიძესა თჳსსა სულტანსა ყიასდინს თანა, და ესრეთ მიუმცნო, ვითარმედ: „ამისთჳს მენება მოკლვა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავით თანა-ეყოფვის, და ამისთჳს არა ნებავს ასულსა ჩემსა ბოროტი მისი“. ჵი გონება, მჴეცთა უმძჳნვარესი, ვაჲ მკლველობა, ოდესმე სმენილთა და გარდასრულთა მკლველობათა უბოროტესი, რომელი აღასრულა შვილსა და ძმასა ზედა, დამვიწყებელმან დედობრივთა და ძმაებრივთა ლმობათამან.

ხოლო მიიწია რა წიგნა ესე სულტანს წინაშე, მყის აღშფოთდა და შევიდა სახლსა სადედოფლოსა, და უპატიოდ განითრია ცოლი თჳსი, მოფხურითა თმათათა, და ფერჴითა ძლიერად უხეთქნა პირსა მისსა შუენიერსა, და ტანი ფრიადისა ცემისაგან სისხლის ფრად იყო, და ხატნი იგი, რომელნი სამარადისოდ აქუნდის სავედრებელად, წინაშე მათსა შეაგინნა და დამუსრნა და ყოველნი მის წინაშე მყოფნი მსახურნი და მოჴელენი ექსორია ყვნა და რომელნიმე მოსწყჳდნა, და ცოლსა მისსა შეშინებით უთქმიდა უწყალოდ სიკუდილსა, უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და მუსულმან იქმნას. და მრავალნიცა ტანჯვანი შეამთხჳვნა, რომლისა შემდგომად მრავალთა ტანჯვათა მიერ მომედგრებულმან უარ-უყო სჯული ჭეშმარიტი, რამეთუ აქამომდე მტკიცედ ეპყრა სჯული ქრისტესი, რამეთუ ხუცესნი და ხატნი წინაშე მისსა აქუნდეს, არა ფარულად, არამედ განცხადებულად.

ხოლო ყრმა იგი დავით შეიპყრეს, და მრავალნი ტანჯვანი შეამთხჳვნეს, რათა ჭეშმარიტი აღიაროს. ხოლო იგი იტყოდა: „უბრალო ვარ, მოწამე არს ღმერთი! დაღათუ აწ ესე ცილი დამწამა მამიდამან ჩემმან, და დასაჯერებელ არს, გარნა საქართველოთა ბრალისა და შეცოდებისათჳს ექსორია მყო და სიკუდილი ჩემი მოგიმცნო. აწ იხილე, მოწყალეო და მაღალო სულტანო, რომელ პირველითგანვე მკლველობისა ჩემისა გული აქუნდა“.

ესე ვითარ ესმა სულტანსა, მცირედ ვიდრემე ლმობიერ იქმნა, და მაშინ სიკუდილი არა ინება მისი, განგებითა ზეგარდამოთა, რამეთუ მსჯავრნი და განგებულებანი ღმრთისანი გამოუკულეველ არიან, ვითარცა წერილ არს: „ვინ ცნა განგება უფლისა, ანუ ვინ თანამზრახველ ეყო მას“. გარნა არავე დამშჳდნა გულისწყრომა სულტნისა, ვითარცა ალითა მძაფრითა ენთებოდა გული მისი. ამისთჳს მოუწოდა მენავეთ-მოძღუარსა, და მისცა დავით ჴელთა მათთა, და ამცნო, რათა წარიყვანონ ზღუად, და შთააგდონ სიღრმესა ზღჳსასა, ხოლო უკეთუ არა ყონ ესე, იავარ ყოს სახლი და დედაწული მათი, და იგინი ბოროტად მოისრნენ. ხოლო მენავეთა მათ წარიყვანეს და შთასუეს ნავსა, და მიმართეს პელაგონად, და მიიწივნეს სიაღრმედ დიდად განშორებულ ქვეყანისაგან, და ენებათ შთაგდება დავითისი.

მაშინ ევედრა მენავეთა, რათა ილოცოს მცირედი, ხოლო მათ დრო სცეს. ვითარ აღდგა, და აღმოიღო უბითგან ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა, რომელი ვედრების სახედ დასახულ იყო, და მარადის თანა აქუნდის, და მისა მიმართ აქუნდა სასოება, ესე დაიდვა პირსა და თუალთა, და ცრემლნი სიმწარისანი გარდმოსთხივნა, და თქუა: „ყოვლად-წმიდაო დედაო მჴსნელისა ჩუენისა იესუ ქრისტესო, ცოდვილთა შესავედრებელო და ნუგეშინის-მცემელო! შეივედრე სული ჩემი, რამეთუ შენ ხარ ნუგეშინის-მცემელი მწარისა ამის სიობლისა ჩემისა და უმსჯავროსა სიკუდილისა, რომელ სამარესა და მიწასა შინა დაფლვად არავინ ღირს მყო, არამედ საჭმლად თევზთა, არცაღა საფლავი ჩემი საცნაურ იქმნების, არამედ მოწყალებათა შენთა მინდობილი ვითხოვ უკანასკნელსა ამას ოხჭანსა შინა, რომელ მიჴსნა ჰაერის მცველთა ჴელთაგან და საშინელთა მათ სატანჯველთაგან, რომელსა მოელიან ჩემებრ ცოდვილნი და ბრალეულნი ყოველნი“.

ამას და ამისსა უმრავლესსა ილოცვიდა ლმობიერად, ცრემლთა მწარეთა დამომდინებელი. მაშინ აღჴადეს შესამოსელი, და ხატი წარუღეს, რომლისათჳს ლმობიერად ევედრა, რათა მისცენ ხატი იგი ყოვლად-წმიდისა, და თანა აქუნდეს, რომელი ისმინეს მენავეთა და მისცეს ხატი იგი, და დაჰკიდეს ყელსა. ხოლო ვითარ ეგულებოდა შთაგდება, ერთმან მენავეთაგანმან ყო წყალობა, განგებითა ღმრთისათა და ვედრებისა ღმრთისმშობელისათა, მცირე რამე ფიცარი მისსა ჴელთა მისთა, და ესრეთ შთააგდეს ზღუად. ხოლო დავით მოეხჳა ფიცარსა მას, და მოჰბერა ქარმან ძლიერმან, და მყის უჩინო იქმნა თუალთაგან მათთა. და მიმოაქუნდა ფიცარი იგი ყრმითურთ, ღელვათა, ვითარ კიდობანი ნოესი, და მყის განაგდო ჴმელად. და იხილა იგი ვაჭარმან ვინმე მგზავრ მომავალმან და მიავლინა მან მცურველი, რამეთუ ჯერეთვე შორსღა იყო ქუეყანისაგან, ვითარ უტევან ერთ, და გამოიყვანა ვაჭარსა მას თანა. მყის შემოსეს და საზრდელი მიართუეს და ნუგეშინის-ცეს. და განძლიერდა რა სიმშილისა და წყურილისაგან შეიწრებული, რომელ თუალთაცა კამკამებად ძლით ეძლო, იწყო კითხვად ვაჭარმან მან მიზეზი შთაგდებისა მისისა ზღუად. ხოლო მან ყოველი ესე ზემოჴსენებული აუწყა, რომლისათჳს განიხარა ვაჭარმან, და სახლად თჳსად წარიყვანა, და იწყო პატივისცემად; ვითარ საყუარელსა შვილსა, ესრეთ ფუფუნებდა. და იყო მას ვაჭარსა თანა ექუსი თუე ოდენ და განცხადნა საქმე ესე ყოველთა თანა, ვითარ ვაჭარსა ვისმე ზღუასა შთაგდებული ქართველთა მეფის ძე უპოვნიეს. და მიიწია სიტყუა ესე სულტანსა ყიასდინს თანა. გულისწყრომითა აღვსილმან, წარავლინნა მჴედარნი, და მიიყვანა დავით და ვაჭარიცა იგი, და მენავენი იგი პყრობილ ყვნა, და სიკუდილსა აქადებდა. ხოლო ისწავა რა ვაჭრისაგან ზღჳთ გამოყვანება, განუტყვნა მენავენი.

ხოლო დავითისთჳს არავე დასცხრა გულისწყრომად, არამედ შესძინა, ვითარცა ჰეროდე, კაცის კლვად, რამეთუ კაცისკლვასა ზედა კუალადცა კაცის კლვა შესძინა, და უბოროტესი სატანჯველი განაჩინა. რამეთუ იყო ჯურღმული ღრმა, რომელსა შინა წყალი არა. იყო, ამას შინა იყვნეს გუელნი შთაყრილნი, რომელი სავსე იყო განძჳნებულითა და ცოფითა გუელითა, და ზედა იდვა ლოდი, და არა იყო ნათელი, და ესრეთ მწარითა სიკუდილითა მოჰკლვიდა. სულტანმან მას შინა ჩაგდება ბრძანა დავითისი. და ვითარ წარიყვანეს დავით, თანავე აქუნდა ხატი იგი, აღიღეს ორმოსა მისგან ქვა, შთავიდა და დაცულ იქმნა, ვითარცა დანიელ პირისაგან ლომისა; ყოვლად არა ავნეს ესოდენ ყოვლად გესლიანთა. დაბურეს ქვა ზედა, დავითს პირველვე თანა წარტანებულ იყო ვინმე, სახელით სოსან, რომელი მიეცა მამასა მისსა ლაშას. ესე შეუდგა, რაჟამს წარიყვანებდეს შთაგდებად ჯურღმულსა მას, და ამან იხილა ჯურღმული იგი. ხოლო კაცთა მათ სულტნისათა რაჟამს დაუტევს ჯურღმული იგი, გათხარა სოსან მცირედ ქვასა ქუეშეთ, და მიერ შთაუტევნის პური, რომელი ითხოვის, და ესრეთ ზრდიდა ხუთ წელ. [ორი გუდა ჰქონდის სოსანს: ერთითა პურსა, და ერთითა წყალსა შთაუკიდებდის საბლითა ყრმასა მას]. რა დაწვის, გუელნი იგი რომელნიმე მოეხჳს ყელსა, რომელნიმე ფერჴსა, და სხუანი უბესა, სხუანი გუერდსა უწვიან. და ვითარ ეძინა და გარდაიქცეოდა რა გუერდსა ზედა, მჴრითა დააჭირა გუელსა ერთსა, რომელმან მჴარსა სასტიკად უკბინა, ხოლო სხუათა გუელთა დაიჭირეს გუელი იგი მკბენელი დავითისი, და იწყეს ენითა ლოკად წყლულთა მათ ყრმისათა, და მყის განკურნეს დავით, და გუელი იგი შეჭამეს გუელთა მათ. ესრეთ საკჳრველებით განარინა ღმერთმან ყოვლისა წარსაწყმედელისაგან, რომელნი მოიწივნეს მას ზედა.

რამეთუ ესრეთ განიზრახა მეფემან რუსუდან, თავით თჳსით დამტკიცებად მეფობისა ძისა თჳსისა, არა მომჴსენებელმან სიტყჳსა წინასწარმეტყუელისა ესაიასსა, რომელსა იტყჳს: „და მოხედნეს უფალმან გონებასა მას ზედა დიდსა მთავარსა ასურასტანისასა და სიმაღლესა მას ზედა დიდებისა თუალთა მათ მისთასა რამეთუ თქუა: ძალითა ჴელთა ჩემთათა ვყო, და სიბრძნითა გულისჴმის-ყოფისა ჩემისათა მოვიპყრნე საზღვარნი თესლებისანი, და ძალი მათი წარმოვიღო, და შევძრნე [ქალაქნი] დამკჳდრებულნი, და სოფელი ყოველი დავიპყრა ჴელითა ჩემითა ვითარცა მართუენი, და ვითარცა კუერცხნი დაშთომილნი აღვიხუნე, და არავინ იყოს რომელი განმერეს მე ანუ სიტყუა მიგოს. აწ უკუე იდიდოს-მეა ცული თჳნიერ მკუეთელისა, ვითარმცა თავით თჳსით კუეთდა? ანუ ამაღლდეს ხერხი თჳნიერ მზიდველისა მისისაა ეგრეთვე ვინ აღიღოს კუერთხი გინა შეშა? არა ეგრეთ, არამედ მოავლინოს უფალმან საბაოთ შენსა პატიოსნებასა ზედა უპატიოება, და დიდებასა შენსა ზედა ცეცხლი აღგზებული აღტყდებოდეს“ - ვითარ აღესრულა პატიოსნისა მეფისა რუსუდანის ზედა.

რამეთუ სირცხჳლ მიჩნს კადრებად და კუალად ვერ მიძლავს დუმილად, რამეთუ უპატიო ჰყო თავი თჳსი ბოროტითა ამით, რომელ აღადგინა ძმისწულსა თჳსსა ზედა. გარნა განაქარვნა ზრახვანი მისნი ზეგარდამომან განგებამან, ვითარ აქიტოფელისნი დავით წინასწარმეტყუელის-ზე და არა გულისჴმა-ყო, რამეთუ განაქარვნის ზრახვანი კაცთანი ზრახვამან ღმრთისამან“, ვითარ ფარაოსი მოსეს-ზე ვითარ განერა ჴელთაგან მისთა ლტოლვილი პირველად, ვითარ იტყჳს ჟამთააღმწერელი იოსიპოს, და კუალად ვითარ განერა დავით ჴელთაგან სულტნისათა, რამეთუ ცუდად იქმნა განზრახვა მისი. და სხუაცა მოვიჴსენო, რომელ იქმნა განზრახვითა მეფისა ასტუვაგისათა, არა ცუდ იქმნა წარვლენა ასულისა [მისისა] მანდანისი სპარსთათჳს ყოვლად ამას შინა მოცემა ძისა მის. ისა კჳროსისი, რომელი შემდგომად ასტუვაგისა მეფე იქმნა, ანუ არა ამაო იქმნა ხრიზმოზიცა იგი აპოლონის დედოფლისა შენისა კარისოსი განცდილი მე ობოლი მთხრობლი ძლეული კარისოსა შეპყრობილ იქმნა კჳროსის მიერ, და უმეტეს ამისსა არა განცუდნა ხრიზმოზიცა იგი პრიამოსისი მეფისა ასიელთასა და ყოვლისა [აღმოსავლეთისა] პირისა მთავრისა ალექსანდრე პარიდოსისა ზედა, რომელი იპყრა წელთა ოდათორმეტთა [უწინარეს], რომელმან, მიმტაცებელმან ელენესმან ცოლისა აღამემნონის ძ[მ]ისა მენელეოსისგან, ოცდარვად წლად უმშჳდებელნი ბრძოლანი მოუგნა ტროველთა და სრულიადი მოსპოლვა ნათესავსა მისსა.

ესე ყოველი არა თჳთ განზრახვით იქმნა. ჵი ბრძენო, კეთილთა და პატიოსანთა ძირთა მორჩო, დედოფალთ-დედოფალო მეფეო რუსუდან. გარნა რა მოივაჭრე? იხილე, რამეთუ ხუთისა წლისა ჟამნი დაყვნა ულხინობთა ჭირთა შინა ჯურღმულსა ღრმასა, გუელთა თანა, რამეთუ ესე ზემოჴსენებულნი ზრახვანი დაჴსნა ზენამან განგებამან ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისამან, ვითარცა აწცა.

ხოლო ჩუენ პირველსა სიტყუასა აღვიდეთ.

მოიწია მეფე რუსუდან ტფილისს, და ძე მისი დავით ნოინთა წინა წარავლინა. ხოლო მათ ინებეს დავითის. წარვლინება დიდსა ყაენს ბათოსსა და მიერ ყარაყურუმს. მანგუ ყაენისსა, და ვითარ ცნა რუსუდან წარვლინება ძისა თჳსისა უცხოთა ნათესავთა შორის და უცნაურთა გზათა, ტკივილითა და უზომოთა მწუხარებითა შეიცვებოდა და დაუწყუედელთა ცრემლთა მოადინებდა, და მოიჴსენებდა, რა-იგი ყო ძმისწულსა თჳსსა დავითს ზედა: ვითარ ექსორია ჰყო, ეგრეთვე თათართა წარავლინეს ძე მისი, ვითარ ექსორიად წინაშე ბათოსსა.

ხოლო ვითარ არღარა იყო ღონე, წარვიდა ნარინ დავით, და თანა-წარატანა მეფემან რუსუდან მცირედ თანაზრდილნი მისნი, ქართლისა ერისთავის სურამელის გრიგოლის შვილი ბეგაი, გურკლელი მახუჯაგის-ძე, ამირეჯიბი ბეშქენ, და თუალნიცა ორნი დაუმალნა, ძჳრად საფასონი. და წარვიდეს შემდგომად კუალსა ავაგისსა და ხლათის სულტნისასა, რამეთუ პირველ იგინი წარავლინეს თათართა, და მიიწივნეს წინაშე ზემოჴსენებულის ბათოსსა, რომელმან კეთილად იხილნა ნარინ დავით მეფე, და ორისა წლისა ჟამთა თჳს თანა იპყრა და მიერ წარავლინა ჩინ-მაჩინს და ყარაყურუმს, მანგუ ყაენს წინაშე, რომელი მიიწია რა, კეთილად შეიწყნარა, და ავაგს შეეყარა, რომელი პირველ მოსულ იყო მუნ, და მის თანა იყოფოდა.

ხოლო თათართა მათ ოთხთა ნოინთა მოეჴსენა ბოროტი ალმუთელთა, რომელი შეამთხჳეს მომავალთა და აღიმჴედრეს მათ ალმუთსა ზედა, და თანამბრძოლება განაჩინეს ქართველთა, და წარმოუვლინეს მოციქული მეფესა რუსუდანს, რათა მისცეს საყოფი საქართველოს ლაშქრად ალმუთს. ხოლო მეფე რუსუდან მას ჟამსა ტკბილისა შვილისათჳს მწარედ ილეოდა. და დასნეულებული გარდაიცვალა ტფილისს, და წარიყვანეს მთავართა დიდითა პატივითა და ტყეპითა, რამეთუ არღარა-ვინ იპოვებოდა ნათესავი მეფეთა, რამეთუ ნარინ დავით ყარაყურუმს წარავლინა და სხუა იგი დავით მკუდრად საგონებელ იყო. აქა რუსუდან გარდაიცვალა, რომელი დამარხეს სამარხოსა მამათა მათთასა მონასტერსა გელათს.

და გაჴდეს ქართველნი უნუგეშინისმცემლოდ და უმეფოდ, რამეთუ ერთი დავით საბერძნეთს მკუდრად იყო და არა უწყოდეს, თუ რა შემთხუეოდა. ამისთჳს თჳთოეული თავისა თჳსისათჳს განაგებდა და ზრუნვიდა, რამეთუ თჳთოეული ერისმთავარი თჳთოსა ნოინსა შეუდგა, და განაჩინეს თათართა ბევრისა მთავარი, რომელსა დუმნის თავად უწოდეს, და გამოარჩივნეს მთავარნი, პირველად ეგარსლან ბაკურციხელი, კაცი ღრმად მოუბარი, ხოლო არა ნიჭთა მქონებელი საჴმართა, და მას ჴელთ უდვეს სპა ჰერეთისა და კახეთისა და კამბეჩიანისა, ტფილისითგან და აღმართ ვითარ მთამდე შამახიისა; და შანშეს ჴელთ უდვეს მამული მისი და ავაგისი; ვარამ გაგელსა ჴელთ უდვეს ყოველი სომხითი; გრიგოლ სურამელსა ქართლი, და გამრეკელსა თორელსა მსგავსადვე ეგარსლანისასა საჭაბუკოთა შინა, ჴელთ უდვა ჯავახეთი, სამცხე და აღმართ ვიდრე კარნუ-ქალაქადმდე; ხოლო ცოტნე დადიანსა და რაჭის ერისთავსა ყოველი იმერი სამეფო.

და ესრეთ განაჩინეს თათართა, და განიყვეს საქართველო, და წარვიდეს ბრძოლად ალმუთს, და ქართველნი თანა-წარიტანეს, რომელნი განიყვეს ორად: ნახევარნი ერთსა წელსა, და ნახევარნი ერთსა წელსა იყვნიან ალმუთს. რამეთუ შჳდ წელ განგრძელდა ბრძოლა ალმუთისი, რომელნი არიან კაცის მკლველნი მიპარვითა, რომელთა მულიდად უწოდიან. და მათ ჰბრძოდეს თათარნი ჩარმაღან, ჩაღატა, იოსურ და ბიჩუი მოუწყენელად ზაფხულ და ზამთარ. ხოლო ქართველნი განყოფილნი თჳთოეული მისსა წელიწადსა ხუდის და იყვის ალმუთს, და კუალად წარვიდიან სხუანი ხუედრსა მისსა, წელიწად ერთ იყვის ალმუთს, და კუალად სხუანი ხუედრსა მათსა. და ესრეთ შჳდისა წლისა ჟამთა განგრძელდა ყოფა და ომი ალმუთს.

დღესა ერთსა წარმოგზავნეს ალმუთელთა მულიდი ჴელოვანი, მივიდა ღამით და შემოეპარა მცველთა ჩაღატა ნოინისათა, შევიდა კარავსა მისსა, მძინარესა დასდვა დანა გულსა მისსა და მოკლა იგი, რომელ ვერავინ ცნა. და ვითარ განთენდა, იხილეს კარვის მცველთა, ჩაღატა ნოინი მოკლული იყო, იწყეს ტირილად და ტყეპად და ვაებად; რომელ იხილეს სპათა ჩაღატა ნოინისთა, მირბიოდეს და იხილეს მათცა, რომე მომკუდარ იყო ჩაღატა, არა უწყოდეს ვისგან მოკლულ იყო.

მაშინ თქუეს ყოველთა: „ვინათგან ქართველნი დიდსა ჭირსა შინა არიან ჩუენ მოალთაგან, შურით ქართველთა მიერ მოიკლა“. ამას ყოველნი უცილოდ დაამტკიცებდეს თჳნიერ ჩარმაღან ნოინისა გარეშე, რამეთუ იგი იტყოდა: „დასწყნარდით, კაცნო, რამეთუ არა არს ნათესავი ქართველთა კაცის მკლველი, და არცა სჯული უცთ ესევითარისა საქმისა ქმნად“. ხოლო იგინი აღშფოთებულნი, სიკუდილისათჳს პატრონისა განძჳნებულნი, წარმოემართნეს ბანაკისა მიმართ ქართველთასა, რამეთუ მახლობელად ჩაღატა ნოინისასა დაბანაკებულ იყვნეს. და ვითარ მომართეს, განკრთეს ქართველნი, და უღონოებასა მოეცვნეს, და არა უწყოდეს, რამცა ყვეს, ხოლო ზოგნი ომისა მიმართ განემზადებოდეს, და ზოგნი აყენებდეს, რამეთუ ფრიად მცირე იყვნეს. მაშინ გრიგოლ სურამელი, ქართლისა ერისთავი, იტყოდა: „არა არს ჟამი ბრძოლისა, რამეთუ მცირე ვართ. და უკეთუ ვებრძვით, დიდით მცირემდის მოგუწყუედენ, და თუ არ ვებრძვით, ჩუენ წარჩინებულთა ოდენ ვგონებ მოკუდინებად, და უმჯობეს მიჩნს, რათა ჩუენ მოვიკლნეთ და არა ყოველი ესე ძალი. გარნა შევრდომა ღმრთისა ჯერ არს, რამეთუ არავინ არს მჴსნელი ჩუენი, თჳნიერ იესო ქრისტე, ძე ღმრთისა, და ყოვლად-წმიდა მშობელი მისი, მარადის ქალწული მარიამ, რომელი მარადის მცველი არს მოსავთა ძისა მისისათა და უმეტეს ჩუენ ქრისტიანეთა. აწ ყოველთა სამ-სამი მუჴლი მოიდრიკეთ, შევრდომით, ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიმართ, და რომელთა უწყით თქჳთ შესხმა ესე მისი: „მოწყალებისა კარი განგჳღე, კურთხეულო ღმრთისმშობელო“, და შემდგომი.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>