ვითარ აღასრულეს ლოცვა ესე, სავედრებელი და ქება ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობელისა, და მოახლებულ იყვნეს ბარბაროზნი იგი, უწყალოდ მსპოლავნი ქართველთა მაშინ გამოვიდა კაცი ერთი ლერწმოანით, რომელსა აქუნდა ლახუარი წუდილი, შეღებული სისხლითა. და ლახუარი იგი აღიპყრა ზე, და ძლიერად ჴმა ყო: „მან ქუშტემ ჩაღატაი“, რომელ არს ენითა სპარსულითა, „მე მოვკალ ჩაღატა“. ვითარ იხილეს თათართა, მიეტევნეს. ხოლო იგი ივლტოდა ლერწმოანთა მიმართ, ხოლო მათ შეუდვეს ცეცხლი ლერწამსა და გამოიყვანა ცეცხლმან ლერწამთაგან კაცი იგი, და მოიყვანეს ჩარმაღან, იოსურსა და ბიჩუსა წინაშე. ხოლო იგინი ჰკითხვიდეს, ვითარ მოაკუდინა ჩაღატა ნოინი. და მან ესრეთ აუწყა: „მე ვარ მულიდი, მულიდთა შორის საჩინო. მათ მულიდთა თავადთა მომცეს ოქრო ფრიადი, რათა თქუენგან ვინმე მოვაკუდინო ოთხთა მაგათგან. წარმოვედ მოვკალ და დავიმალე“. და იგინი ეტყოდეს: „რა იყო მიზეზი გამოსლვისა შენისა და ყივილი მაღლად, სიკუდილი დიდისა ნოინისა, ვინათგან დამალულ იყავ.“ და კუალად მულიდი მიუგებდა: „ლერწამთა იმათ უჴშირესთა შევედ და დავიმალე; მყის მოვიდა დედაკაცი ვინმე სიტურფე-აღმატებული და მრქუა მე: „რა ესე ჰქმენ, კაცო? შენ მოჰკალ კაცი და დაიმალე, და აწ მრავალი სული მოკუდების მიზეზად შენდა და იგი უბრალონი მოსწყდებიან“ და მე ვარქჳ: „რა ვჰყო, დედოფალო?“ ხოლო მან მრქუა: „აღდეგ და შემომიდეგ მე; წარვედ და თქუ, რამეთუ შენ მოჰკალ კაცი იგი, და განარინე ურიცხჳ სული სიკუდილისაგანი“: ხოლო მე მსწრაფლ აღვდეგ და შეუდეგ, სადა-იგი მომიყვანა წინაშე თქუენსა. ვითარ ჴმა ვყავ და მიხილეთ, დედაკაცი იგი უჩინო იქმნა, და არა უწყი ვინა მოსრულ იყო, და მე ესე-რა ვარ წინაშე თქუენსა. ვითარ ესმა სიტყუა კაცისა მისგან თათართა, განკჳრდეს და კაცი იგი მულიდი ჴრმლითა ორად განკუეთეს, და ესრეთ იჴსნა ერი თჳსი ყოვლად-წმიდამან ღმრთისმშობელმან და განარინა უმსჯავროსა სიკუდილისაგან, ვითარ ოდესმე იჴსნა ქალაქი იგი დიდი კოსტანტინოპოლი, რაჟამს-იგი ბარბაროზთა მძჳნვარედ გარე მოიცვეს, მჴედართ-მთავრობასა სარვაროსისასა და მძჳნვარედ აღდგომასა ხაღან მთავრისასა, ვითარ დაინთქნეს ზღუად მბრძოლნი ქალაქისა მის მისდა მინდობილისანი, რამეთუ აღდუღნა ზღუა, და განდნა ძივთი ნავისა და დაინთქნეს ზღუად შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა, და მჴდომთა ზედა წჳმა აწჳმა, ვითარ ძუელ ოდესმე სოდომელთა ზედა.
ამათ საკჳრველებათა არა უდარეს ვგონებ, რომელ აწ იქმნა მსწრაფლი და ანასდათი ჴსნა ქრისტიანეთა ყოვლად-წმიდისა ღმრთისმშობელისა მიერ. გარნა ვინ-მე შეუძლოს დიდების მეტყუელებისა მიერ სამადლობელი შესხმა საკჳრველებისა ამისთჳს, რომელ დაიცვა ურიცხჳ სული ნათესავისაგან ქართველთა ყოვლად უბიწომან სიტყჳსა ღმრთისა მშობელმან, ღმრთაებისა და კაცობრიცა გუამოვნებითა და შეერთებითა შემაერთებელმან ღმერთად სრულად და კაცად სრულად, ორთა შინა ბუნებათა და ორთა ნებათა შეურევნელად.
ხოლო ამის უბიწოებისაგან დაცულნი ქართველნი დიდსა ჭირსა შინა იყვნეს. თათართა მიერ, რამეთუ მიმდები და მოუწყინებელი ბრძოლა აქუნდა ალმუთელთა მიმართ, და ქართველნიცა თანა-წარჰყჳან და ორად განყოფილნი იყვნიან, და თჳთოეულნი ერისმთავარნი თჳთოსა ნოინსა დააგნეს ურთიერთას. მაშინ ზემოჴსენებული ესე ეგარსლან, კაცი საკჳრველი და მჴედრობისა ცოდნითა აღსავსე ეზომ განდიდნა, რომელ კნინღა და სახელისა დებადცა მეფისა იკადრა, და ყოველი ქართველთა ნათესავი ბრძანებასა მისსა მორჩილობდეს, ვითარცა მეფესა, და თჳთ დიდი და პატიოსანი შანშე მანდატურთ-უხუცესი, და გაგელი ვარამ და სხუანი ყოველნი მთავარნი.
ამათ ჟამთა შინა სხუანიცა ბოროტნი აღმოსცენდეს. ვითარ ცნეს თურქთა შამს მყოფთა უმეფობა ქართველთა, და ლაშქართა საქართველოსათა ალმუთს წარსლვა თათართა თანა და უცალოება ქართველთა, შეკრბა სიმრავლე ფრიადი, კაცი ვითარ სამოცი ათასი, რომელთა მთავრად და პატრონად ჰყვა კაცი ვინმე სახელოვანი სახელით ყარახან, და გამოემართნეს ოჴრებად საქართველოსა, და მოიწივნეს ქუეყანასა ვალაშკერტისასა, რომელი მას ჟამსა ოდენ აღეღო შანშეს, და იწყეს ოჴრებად საქართველოსა და ვალაშკერტისა, და რაჴსს იქით ქუეყანათა ვიდრე სურმანადმდე, რომელი იგიცა ოდენ დაეპყრა შანშეს მანდატურთ-უხუცესსა. ამან ვითარ იხილა ოჴრება ქუეყანათა მათ, მოუწოდა სპათა თჳსთა და ავაგ ათაბაგისთა, და შეკრბეს მჴედარი ვითარ ოცდაათი ათასი. განვლეს რაჴსი, მივიდეს ვალაშკერტს, სადა-იგი დაებანაკა ყარახანს. ხოლო ვითარ მიეახლნეს, დააწყუეს რაზმი და მიეტევნეს ერთმანერთსა.
ხოლო შანშე უპირატეს ყოველთასა მიეტევა, რომელმან ჰოროლითა განგურიმა თურქი ერთი სახელოვანი. იქმნა ომი ძლიერი, და მოსწყდა სიმრავლე ურიცხჳ სპათაგან თურქთასა, ხოლო სპანი შანშესნი კეთილად დაცულ იყვნეს შეწევნითა ძელისა ჭეშმარიტისათა, რომლისა მიმართ მინდობილ იყო. და ვითარ შენივთდა ომი, იძლია ყარახან, იგი და სპა მისი ივლტოდეს, და დევნა უყვეს ვიდრე ხლათამდე, მოსრეს და ტყუე ყვეს სიმრავლე ურიცხჳ, და აისავსნეს ცხენითა, ჯორითა და აქლემითა, კარვითა და ხარგითა, და ალაფითა ურიცხჳთა. ესრეთ სახელოვანი და გამარჯვებული მივიდა ანისსა, სახლსა და ტახტსა მისსა.
გარნა ვინათგან განითქმოდა ყოველგან უმეფობა საქართველოსა, აღიძრვოდეს ყოველნი ნათესავნი ოჴრებად ქართველთა. მაშინ აღიძრნეს საბერძნეთს მყოფნი თურქმანნი, და სულტანი ეზინკისა, და სხუათა ქალაქთა შინა მყოფნი ამირანი, და შეკრბა სიმრავლე ურიცხჳ, და წარმოემართნეს საქართველოსა. ვითარ ესმა მყოფთა ტაოსთა, შავშ-კლარჯთა და კოლა-არტან-კარნიფორელთა, განკრთეს და წარმოავლინეს კაცი სამცხეს, ყუარყუარე ციხისჯუარელ-ჯაყელსა თანა, რათა შეეწიოს. ხოლო მან მოუწოდა ყოველთა მესხთა ერისთავთა და ყოველთა ტაძრეულთა, და შეკრბა მჴედარი ვითარ ათი ათასი, და წარმოემართნეს. ხოლო იგინი მოსრულ იყვნეს და ბანასა გარემოსდგომოდეს, რამეთუ ოლთისნი და ბუღათა-ყური ყოველი მათ აქუნდა და აოჴრებდეს ტაოსა.
მაშინ წინამძღუარ ექმნა ყუარყუარე სპათა მესხთა, და მოვიდეს თავსა კალმახისასა. ვითარ ესმა თურქმანთა მოსლვა მესხთა, აღიჭურნეს იგინიცა, რომელთა თავადნი იყვნეს ალთუხან და ონხან აქათ მესხნი ჩავიდეს მინდორსა მას, რომელსა ეწოდების ვანის ვაკე.
და შეკრბეს ურთიერთას, და იქმნა ომი ძლიერი და სასტიკი, და ბერძენნი და თურქნი, მინდობილნი სიმრავლისათჳს, არა გარე-უკუნიქცეოდეს, და ეგრეთვე მესხნი, მინდობილნი სიმჴნისანი, არა უკუნიქცეს, რამეთუ ძლიერად ბრძოდეს. რამეთუ კაცმან ვინმე აზნაურმან კაცსა ერთსა თურქსა მუზარადსა შინა ჴრმლითა თავი გაუპო, და მოკლა და მეორესა ონხანის მჴნეთაგანსა ზურგსა უხეთქნა, გაკუეთა, და ზურგნი განუწყჳტნა, ვითარ მკუდარი დაეცა. და ესრეთ გაგრძელდა ომი, და ორგნითვე მოსწყდა ურიცხჳ. იძლივნეს ბერძენნი და თურქნი, და იწყეს სივლტოლად. აღიღეს ტყუე და იავარი ურიცხჳ, ცხენი და ჯორი, აქლემი, კარვები, [და] ყოველი სიმდიდრე, რომელი აქუნდა, და ესრეთ სავსენი და სახელოვანნი მივიდეს სამცხეს, და ესოდენ გამარჯუებულნი, რომელ ესევითართა სპათა შინა არავინ მოიკლა სახელდებული კაცი. ხოლო ამას ომსა უწოდდეს ბანის ჯარად, რომელ ძლით დაეტივნეს ბანას და ვანის ვაკე სიმრავლისათჳს.
და ვითარ იქმნა ესე, ამანვე ერისთავმან, სამცხისა სპასალარმან ყუარყუარე, წარავლინნა ძისწულნი თჳსნი ივანე, რომელსა ეწოდა პაპა, და უმრწამესი მისი სარგის, ორნივე იყვნეს ძმანი ძლიერნი და მჴნენი უმეტეს ყოველთა, წყობათა შინა უშიშნი და შემმართებელნი, ბრძოდეს ოლთისთა, და აღიღეს ოლთისნი და ბუღათა-ყურის ციხე იგი, და ძლიერად განმარჯუებულნი და ნაომარნი ომთა დიდთა შინა, მოიქცეს მშჳდობით. მართალ არს მოთხრობა ჟამთა.
ამათ შფოთთა შეკრბეს ყოველნი მთავარნი საქართველოსანი კოხტას თავსა, იმერნი და ამერნი: ეგარსლან, ცოტნე დადიანი, ვარამ გაგელი, ყუარყუარე, კუპარი შოთა, თორღაი, ჰერ-კახნი, ქართეელნი, თორელ-გამრეკელი, სარგის თმოგუელი, მესხნი და ტაოელნი. და ყოველნი იტყოდეს: „რა ვყოთ? არღარა არს ნათესავი ქართველთა მეფეთა, რათა წინამძღუარ გუექმნას და ვბრძოდით თათართა, და ჩუენ ერთიერთისაგან განდგომილ ვართ, ვერ წინააღუდგებით თათართა. და იგინი ბოროტად გუაჭირვებენ ესეოდენ, რომელ ყოველთა წელთა ალმუთს წარვალთ ჭირთა და ყოველთა ღუაწლთა შემთხუევად. არა არს ღონე, დაღათუ უმეფო ვართ, არამედ შევკრბეთ ყოველნი, და ვბრძოდით თათართა“. დაამტკიცეს ომი, და დადვეს პაემანი ქართლს შეკრებისა, და განიყარნეს. უშორეს მყოფნი აფხაზნი, დადიანი ცოტნე და ბედიანი, კაცი კეთილი და სრული საღმრთოთა და საკაცობოთა, და რაჭის ერისთავი - ესენი ყოველნი წარვიდეს კაზმად. ვითარ ესმა თათართა ერთგან შეკრება ქართველთა, წარმოვიდეს ბიჩუ და ანგურგ, და მივიდეს კოხტას თავსა, დახუდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. ლაშქარი გაყრილ იყო, და ვერღარა წინააღუდგეს, და წარასხეს ქუეყანასა ანისისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების შირაკავანი. ხოლო ვითარ მიიწივნეს ჩარმაღან ნოინს წინაშე, რქუა: „რა არს შეკრება თქუენი, უკეთუ არა იქმთ განდგომილებასა? „ ხოლო მთავარნი მიუგებდეს: „არა განდგომად შევკრბით, არამედ რათა განვაგოთ საქმე თქუენი და ხარკი განგიჩინოთ“, რომელსა-იგი უწოდეს ხარაჯად. ესე რა ესმა, არა სრულიად ირწმუნა, და ბრძანა განძრცვა ყოველთა, მჴართა შეკრვა ყოველთა, სიცხესა შინა შიშველთა მოედანთა ზედა დასხდომა, და ყოველთა დღეთა ჰკითხვიდის მიზეზსა შეკრებისასა, და უკეთუ არა აღიარონ ჭეშმარიტი, სიკუდილსა მისცენ ყოველნი ესე ზემოჴსენებულნი მთავარნი. ხოლო იგინი დაამტკიცებდეს, „რათა განვაჩინოთ ხარაჯა“. და ამას ჰყოფდეს მრავალ დღე, რამეთუ არა არწმუნებდეს.
და ვითარ მოეახლა პაემანი, მივიდა დადიანიცა ცოტნე, ლაშქრითა, მათდა ადგილსა, რომელ არს რკინის-ჯუარი, შორის სამცხისა და ღადოსა, და ვითარ აუწყეს წარსხმა ყოველთა მთავართა საქართველოსათა ანისად, და შეკრებულთა ყოფა სატანჯველთა შინა ბოროტთა ვითარ ესმა, მწუხარე იქმნა უზომოდ, და თჳსად სიკუდილად და სირცხჳლად შერაცხა საქმე იგი. და წარავლინა ლაშქარი თჳსი, და ორითა კაცითა წარვიდა ანისად, დამდები სულისა თჳსისა და აღმსარბელი მცნებისა უფლისასა, რომელსა იტეჳს: „უფროს ამისსა სიყვარული არა არს, რათა დადვას კაცმან სული თჳსი მოყუსისა თჳსისათჳს“, რომელ ყო პატიისანმანცა ამან კაცმან ცოტნე სათნოება მაღალი და განსათქმელი, საქმე საკჳრველი და ყოვლისა ქებისა ღირსი განვლო სამცხე და ჯავახეთი და მივიდა ანისსა.
რამეთუ ქალაქად შესრულ იყვნეს ნოინნი, და ესე წარჩინებულნი, მოედანსა შინა დაკრულნი მჴრითა, შიშუელნი მსხდომარე იყვნეს. ვითარ იხილნა ცოტნე წარჩინებულნი, ესრეთ უპატიოდ მსხდომარენი და სიკუდილად განწირულნი, გარდაჴდა ჰუნისაგან, და დააბნია. სამოსელი თჳსი, განშიშულდა, და შეიკრნა მჴარნი, და დაჯდა წარჩინებულთა თანა. და ვითარ იხილეს თათართა, განკჳრდეს და მსწრაფლ აუწყეს ნოინთა, ვითარმედ: ცოტნე დადიანი მოვიდა ორითა კაცითა, და განიძარცუა სამოსელი თჳსი, და შეკრული დაჯდა ქართველთა თანა“. რამეთუ კეთილად მეცნიერნი იყვნეს ცოტნესი, რომლისათჳს განკჳრდეს თათარნი, და წინაშე მათსა მიუწოდეს, და ჰკითხვიდეს მიზეზსა მუნ მისლვისა მისისასა.
ხოლო იგი ეტყოდა, ვითარმედ: „ჩუენ ყოველნი ამად, შევიკრიბენით, რათა განვაგოთ ხარაჯა თქუენი და ბრძანება თქუენი აღვასრულოთ, - ესე იყო შეკრება ჩუენი. აწ თქუენ ძჳრის-მოქმედთა თანა შეგურაცხენით, და მე ამის ძლით მოვედ წინაშე თქუენსა, რათა გამოიკითხოთ, და უკეთუ ღირსი რამე სიკუდილისა უქმნიეს; მეცა მათ თანა მოვკუდე; რამეთუ თჳნიერ ჩემსა არარა უქმნიეს; უკეთუ ცხოვნდენ, მათ თანა ვიყო. და ვითარ ესმა ესე ცოტნესგან ნოინთა, განკჳრდეს სათნოებისათჳს მისისა და თქუეს: „ვინათგან ნათესავნი ქართველთანი ესოდენ კეთილ არიან, და არა განცრუვდებიან, რომელ აფხაზეთით მოვიდა კაცი, რათა დადვას სული თჳსი მოყუარეთათჳს და არა განცრუვნეს, ესრეთ განწირა თავი თჳსი სიკუდიდ, - არა არს სიცრუე მათ შინა, და ამის ძლით უბრალოდ ვპოვებთ. ამისთჳს განუტეოთ ყოველნი“. რქუეს ცოტნეს: „განდგომილება ვგონეთ თქუენ ქართველთა, და აწ ვინათგან ჰყავ სათნოება კეთილი, ყოველთა ქართველთა შენ მოგანიჭებთ, და შენდა მონდობილ ვართ. და განუშვნეს ყოველნი ესე წარჩინებულნი, და განიყვნეს მთავარნი საქართველოსანი, და წინააღმდგომ იქმნეს ურთიერთას.
მაშინ შეკრბეს დიდებულნი ამის სამეფოსანი, რამეთუ ეგულებოდა მთავარ ყოფა მათ ზედა ეგარსლანისი, არა მათგან უგუარიანესისა კაცისა; ამისთჳს შეკრბეს მთავარნი ამერის საქართველოსანი: შანშე, ვარამ გაგელი, ყუარყუარე ჯაყელი, სარგის თმოგუელი, კაცი მეცნიერი და ფილოსოფოსი და რიტორი, სურამელი გრიგოლ, ქართლის ერისთავი, გამრეკელი თორელი, ორბელნი, და მრავალნი ერისმთავარნი, და ძებნა ყვეს ლაშას ძისი დავითისთჳს. და ეუწყა ვიეთგანვე ვაჭართა, ვითარმედ ჯერეთ ცოცხალ არს, გარნა პყრობილი ჯურღმულსა შინა ღრმასა გუელთა თანა მყოფობს. ვითარ ეუწყა, წარვიდეს ჩირმაღანს, იოსურსა, ბიჩუის და ანგურაგს წინაშე, რამეთუ ჯერეთ ყაენი არა მოსრულ იყო ქუეყანასა ამას, არამედ ესე ზემოჴსენებულნი ნოინნი განაგებდეს ქუეყანათა, და მოაჴსენეს: „ვინათგან წარავლინეთ მეფე ჩვენი ნარინ დავით ყაენს წინაშე, და არა უწყით რა შეემთხჳა, და დედა მათი რუსუდან გარდაიცვალა, და არა არს ნათესავი მეფეთა ჩუენთა, და ჩუენ ურთიერთას დაუმორჩილებელ ვართ, და არა ეგების თუმცა დავემორჩილენით ვისმე, უკეთუ არა იყოს ნათესავი მეფეთა, აწ გუასმიეს, თუ არს შვილი მეფისა ჩუენისა ლაშასი, სახელით დავით, რომელი დაუტევა ძმამან დასა თჳსსა რუსუდანს, რათა იგი დაადგინოს მეფედ, ხოლო რუსუდან მეფემან წარავლინა საბერძნეთს, სულტანს თანა, რათა წარსწყმიდოს და გუასმიეს, რომე ცოცხალ არს, და გუელთა თანა პატიმრად ჰყავს. აწ გევედრებით, რათა წარავლინოთ ერთი ვინმე სახელოვანი კაცი, და მოიყვანოთ დავით მეფე, და ყოთ ჩუენ ზედა მეფედ“.
და ვითარ ესმა ნოინთა, განკჳრდეს საქმისა მისთჳს, რომელი ექმნა მეფესა რუსუდანს, და მსწრაფლ წარავლინეს ანგურაგ მოციქული, და ვარამ გაგელი და სარგის თმოგუელი. და მცირედთა დღეთა მიიწივნეს საბერძნეთს სულტანს თანა, და აუწყეს, ვითარმედ: დავითის“ ძებნად მოვსულვართ, რათა მოგუცე და წარვიყვანოთ იგი“. ხოლო იგი არღარა გონებდა სიცოცხლესა მისსა, და ეტყოდა, ვითარმედ: „ყრმა დავით წარმოევლინა მეფესა ქართველთასა, რათა ექსორია ვყო, და ძუელ-ოდესმე ექსორია ვჰყავ, და არს შჳდი წელი, არა უწყი ცოცხალ არს ანუ მკუდარ“. ხოლო მათ აუწყეს, ვითარმედ: „ჩუენ უწყით, რომე ცოცხალ არს ჯურღულსა შინა მყოფი გუელთა თანა“. რამეთუ სოსნასა ასმოდა მისლვა მათი და ეხილნეს ვარამ და სარგის, და ეუწყა სიცოცხლე დავითისი.
ხოლო ვითარ ცნა სულტანმან, წარავლინა კაცი, და გამოიყვანეს დავით კნინღა სულიერ მყოფი, რამეთუ უსულოდ რადმე, განყინულად ანუ მკუდრად, უძრავად საგონებელ იყო მხილველთა მიერ. და უცხო იყო სახილველად, რამეთუ ფერი პირისა მისისა დაყჳთლებულ იყო, და თმანი ვიდრესხჳლ-ბარკლამდე შთასრულ, და ფრჩხილნი ფრიად გრძელ; რომელი იხილეს, განკჳრდეს სისოცხლესა მისსა. და ვარამ და სარგის დიდად ცრემლოოდეს, ხოლო სულტანი ლმობიერ იქმნა, განბანა და მრავალი ნიჭი მიანიჭა: შესამოსელი, ცხენნი რჩეულნი, ოქრო და ვეცხლი, ფრიად პატივ-სცა. და შენდობასა ევედრებოდა, და ესრეთ წარმოავლინა და ვითარ მოიწივნეს საქართველოს, მიეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, შანშე, და ძე მისი ზაქარია ამირსპასალარი, კაცი სიკეთითა აღმატებული, ყუარყუარე ჯაყელი, სურამელი გრიგოლ ქართლისა ერისთავი, ორბელი, გამრეკელი, შოთა კუპარი და ყოველნი მთავარნი, თჳნიერ ეგარსლანისა, და წარვიდეს ნოინთა წინაშე. ხოლო მათ იხილეს და განიხარეს, მეფობა ვერ დაუმტკიცეს, არამედ წარავლინეს დიდსა ბათო ყაენისსა, და წარჰყვეს თანა შანშეს ძე ზაქარია, ვარამის ძე აღბუღა და სარგის თმოგუელი, და წარვიდეს ბათოს წინაშე.
და ვითარ მიიწივნეს, კეთილად შეიწყნარნა ბათო. შანშეს ძე ზაქარია და ვარამის ძე აღბუღა, თჳსად დაიმჭირნა, და მეფე დავით მანგუ ყაენს წინ წარავლინა. და წარჰყვეს თანა სარგის თმოგუელი და სხუანი მცირედნი ვინმე ქართველნი ყარაყურუმს. მიიწივნეს მანგუ ყაენს წინაშე, რომლისადა, მიემცნო ბათოს, რათა განიხილოს და განბჭოს, და რომელსაცა ორთაგან დავითს ხუდებოდეს მეფობა, მას დაუმტკიცოს. ხოლო მი-რა-იწივნეს, დახუდეს მანგუ ყაენისსა ნარინ დავით მეფე, ათაბაგი ავაგ, სურამელი, გამრეკელი, ამირეჯიბი ბეშქენ. და ესრეთ მრავალჟამ იყოფოდეს ხატაეთს და ყარაყურუმს.
მაშინ ინებეს თათართა ნოინთა, საქართველოს მყოფთა, მიყვანა სულტანისა ყიასდინისა წინაშე მათსა, და მოუწოდეს ელჩთა, და მსწრაფლ წარავლინეს. მაშინ ვერღარა ურჩ ექმნა ყიასდინ, არამედ წარმოემართა დიდითა სიმდიდრითა თჳსითა, და მოიწია წინაშე ნოინთა. ვითარ იხილეს ნოინთა სულტანი სიმდიდრითა უზომოთა და განსაკრთომელითა, ინებეს მისიცა წარვლენა ყაენს ბათოს თანა, და წარავლინეს იგიცა. და თუ სადა ვინ იყო ჴელმწიფე დამორჩილებული მათი, ბათოს თანა წარვლენდიან, და ბათო მანგუ ყაენს თანა წარავლინის, ვითარ ესე სულტანი ყიასდინცა წარავლინა მანგუ ყაენისასა, სადა იყოფოდეს ორნი იგი დავით და დავით. და მივიდა ყიასდინცა სულტანი საბერძნეთისა, ხლათისა სულტანი მუნ იყო და ათაბაგი ავაგ, ხატაეთს და ყარაყურუმს დაყვნეს ვითარ ხუთისა წლისა ჟამი.
ხოლო ამათ ჟამთა შინა იქმნა საქმე ესე. ამას მანგუ ყაენს ესხნეს ძენი ორნი, უხუცესი ვითარმე ყუბილ ყაენ და უმრწამესი ულო, რომელსა ეჯნობითცა უჴმობდეს. ამან მანგუ ყაენმან განაჩინა ყაენად პირმშო ძე თჳსი მუბილ ყაენ და უბრძანა ლაშქრობა დასავლეთით კერძო, ბაბილოვანსა, რომელ არს ბაღდადი, და ეგჳპტისა და ყოვლისა დასავლეთისა კერძოთა, ხოლო ულოს უბრძანა წარსლვა დიდთა ინდოეთად და მუნ განლაშქრობა. გარნა ძნელად აღუჩნდა ყუბილ ყაენს წარმოსლვა დასავლეთით, ულოს წარსლვა ინდოეთის კერძოთა. მაშინ ევედრა ულო ძმასა, რათა განცვალონ ლაშქრობა და ულო დასავლეთით კერძო მოვიდეს და ყუბილ ყაენი ინდოეთს. ვითარ ცნა ყუბილ ყაენმან, სიხარულით შეიწყნარა სიტყუა ულოსი და განცვალეს ლაშქრობა. და მოაჴსენეს მანგუ ყაენს, მამასა მათსა, სალაშქროსა განცვალება, და ულოსი ბაბილოვანს და ეგჳპტეს წარსლვა, რომელსა ნება სცა მანცა, და მოუწოდა ძესა თჳსსა ულოს, და მისცა ლაშქარი ვითარ ექუსი ბევრი მჴედარი, დედაწულითა მათითა და ხუასტაგითა და განაჩინა მჴედართ-მთავრად რომელთა-იგი ულოს ნოინობით უჴმობდეს და აწ ბეგლარბეგად, სახელით ელგა ნოინი, ნათესავით ჯალარი, კაცი პატიოსანი და სათნოებიანი და სამართლის მოქმედი. ამას მოსცა მჴედარნი ვითარ ათი ათასი, და წარვიდეს ულო და მჴედართ-მთავარი მისი ელგა ნოინი, განვლეს თურანი და ჯეონი, მოიწივნეს. ხუარასნის არესა და მიერ ალმუთს. ვითარ მოიწივნეს ბრძოლად ალმუთისა, მოკუდა მანგუ ყაენი და დასუეს ტახტსა მამისა მისისისა მუბილ ყაენ რომელი, მამასა მისსა დაედგინა ყაენად და დარჩეს ყარაყურუმს ზემოჴსენებულნი ესე ჴელმწიფენი, უცალოებისაგან თათართასა.
ხოლო ულო მოიწია ადარბადაგანს მჴედრითა სამოცი ათასითა. ვითარ ცნეს ნოინთა, ჩორმაღან, იოსურ, ბიჩუი და ანგურაგ, წარემართნეს მიგებებად ულოსა, და თანა წარიტანნეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი, და უმეტეს ეგარსლან, რომელსა ვითარცა მეფესა მორჩილობდეს ყოველნი წარჩინებულნი საქართველოსანი. და მიეგებნეს ადარბადაგანს. და შეკრბეს ორნივე თათარნი: პირველ მოსულნი, რომელთა თამბობით უწოდეს, და ულო ყაენს თანა მოსულნი.
და წარჩინებულნიცა საქართველოსანი მივიდეს ულოს წინაშე. იხილნა და კეთილად შეიწყნარნა, და ამჴედრდა მათთანავე ბრძოლად, განაჩინა და უბრძანა რომელსამე ულდაჩად, რომელ არს მეჴრმლე, რომელსა არტყია ჴრმალი და კარსა ზედა მდგომარე არს, და რომელსამე სუქურჩად, ესე იგი არ რომელსა საგრილობელად შექმნული მრგუალი შესაკეცელი და გასაშლელი აქუნდა თავსა ზედა ყაენისასა, მრღალსა შეშასა, ვითარცა ბუნსა დროშისასა, ზედა განრთხმული იყვის, - ამას სუქურად სახელ-სდებდეს, - უკეთუ არა ყაენთა ნათესავი იყვის, არავის ჴელეწიფებოდა დაჩრდილება მათი; სხუათა ყუბჩაჩად, რომელთა აქუნდის ტანისამოსი და ბაშმაყანი; სხუათა ევდრჩად, რომელ არიან კარის მცველნი მეკარენი. სხუათა ყორჩად, რომელთა აქუნდა მშჳლდ-ქარქაში. ესევითარითა უშუერითა პატივითა პატივ-სცა ყაენმან დიდთა ამათ მთავართა საქართველოსათა, და თჳთოეულსა პატივად განუჩინა.
და წარმოვიდეს და მოვიდეს ადგილსა, რომელსა ეწოდების ალატაღი, და მივიდეს ყოველნი მორჩილნი წინაშე მისსა. და დაჯდა ტახტსა საჴელმწიფოსა, და ილოცეს. წესისაებრ მათისა, და უწოდეს ყაენად. რამეთუ პირველ მათ თაიჩუთთა ოთხთა ნოინთა მიერ განეგებოდა ქუეყანა საბრძანებელისა მათისა. პირველად რომგუარი, რომელ არს ხუარასანი, ერაყი, ადარბადაგანი, მოვაკანი, ბარდავი, შარვანი, საქართველო ყოველი, ხლათი და საბერძნეთი დიდი, ვიდრე ასიადმდე, - ამათ ოთხთა ნოინთაგან განეგებოდა, და მათი საურავი იყვის, ვითარ ძუელ ოდესმე, შემდგომად საკადრებელისა, რომისა და რომოსიონთა ქუეყანასა განაგებდეს ოთხნი იპატოსნი. და ვინათგან მოიწია ულო, იწყო საურავად ქუეყანათა, და განაგებდა წესთა ყაენობისათა აღსრულებად.
მათვე ჟამთა წარმოვლინეს სხუათაცა ყაენთა შვილნი მათნი, რომელთა ქოუნ უწოდიან: ბათო ვიდრემე ტურ, და ჩაღატა ყაენის შვილმან უშან ყული და თულის ნათესავისაგან ბოლღა, რათა ქუეყანა მათი წილხდომილი ყაენის შვილთა დაიპყრან, და ხარაჯასა იგინი აიღებდენ და ოქოთა ყაენის შვილის შვილი, ყუბილ ყაენის ძმა ულო, აქ დახუდა, პირველ მოსული. და ვითარ იხილნა ულო სამნი ესე ქოუნნი, შეიწყნარნა და მისცა ქუეყანა ხუედრი მათი, და ესრეთ მშჳდობით იყოფოდეს.
ხოლო ქუეყანა სამეფო, საყდარნი და მცხეთა და მისი მიმდგომი ქუეყანა და მონასტერნი არავისგან იცვებოდეს, რამეთუ წარჩინებულნი ამის სამეფოსანი თჳსისა ქუეყანისათჳს ზრუნვიდეს. ამისთჳს წარვიდა ულოს წინაშე კათალიკოსი ნიკოლოზ, კაცი მხილველი სულითა, ანგელოზთა მობაძავი, და მრავალთა მოღუაწებათა შინა საკჳრველი, მართლმადიდებელი, ძლიერი და თუალ-უხუავად მამხილებელი მეფეთა და მთავართა, რამეთუ იყო უმანკოცა, და არავის თუალნი აუხუნის. იხილა რა ყაენმან, განკჳრდა წესსა და ხილვასა შესახედავსა მისსა, რამეთუ არა მეცნიერ იყო ნათესავსა ქრისტეანეთასა, თჳნიერ არქუანთა; და ვითარ პატივ-სცა, დაუწერეს იერლაყილ რომელ არს წიგნი შეწყალებისა, შეუქმნეს და მოსცეს შანად ჯუარნი ოქროსანი, და შეუმკუნა თვალითა და მარგალიტითა, და უბოძა ერთი თჳთ კათალიკოსსა და ერთი მოძღუარსა ვარძიისასა, რომელი თანა ჰყვა კათალიკოსსა. და არგანიცა იგი ოქროთა შემკული მიანიჭა კათალიკოსსა ოდენ, ჯუარიანი იგიცა, და ესრეთ პატივითა წარმოავლინეს. და დაიცვნა ყოველნი საყდარნი და მონასტერნი.
ხოლო იყვნეს ორნივე დავით და დავით ყუბილ ყაენს წინაშე. და იურვოდეს ორნივე მეფობასა. თმოგუელი სარგის ძლიერად წინააღუდგებოდა თჳთ ნარინ დავითს და რომელნი მის წინაშე იყვნეს თანაზრდილნი მისნი, რამეთუ ეტყოდა: „არა ჯერ არს, რათამცა ნაშობმან დედაკაცისამან დაიპყრას მეფობა და არა ძემან თჳთმპყრობელისა მეფისა მამაკაცისამან“. ხოლო იგინი მიუგებდეს, ვითარმედ: „დაღათუ ნარინ დავით დედაკაცისა ნაშობი იყო, არამედ მეფევე იყო გჳრგჳნოსანი რუსუდან, ძმისა მისისა გიორგისგან დატევებული, და მეფისავე ძე არს ნარინ დავით და ვითარ განგრძელდა ცილობა, ავაგ ამირსპასალარი წარმოავლინეს, და მისცეს იერლაყი შეწყალებისა, და ქალი ქმნულ-კეთილი, ნათესავი წარჩინებულთა, სახელით ესლომ, და ელჩი ულო ყაენს თანა, რათა კეთილად შეიწყნაროს ავაგ, და ესრეთ მოიწია ულო ყაენს წინაშე. ხოლო მან პატივით შეიტკბო და წარმოავლინა საქართველოსა, მამულსა თჳსსა. და ვითარ ცნეს ქართველთა მოსლვა ავაგ ამირსპასალარისა, წინა მიეგებნეს ყოველნი მთავარნი და წარჩინებულნი, თჳთ შანშე და ეგარსლან, რომელსა კნინღა-და სახელი მეფობისა ეპყრა. და ვითარ მიეახლა ავაგ, ჰგონებდა ჰუნისაგან გარდამოჴდომად და ეგრეთ ხილვად ეგარსლანისგან. ხოლო იგი განლაღებულ იყო, და არა ინება წესისაებრ პატივით ხილვა, და ამბორის-ყოფად ავაგისა. და ვითარ იხილა ავაგ, განძჳნდა და თავსა მათრაჴითა უხეთქნა, და უბრძანა მას ქუეშე დაწესებულთა, რათა ცხენისაგან უპატიოდ დაამჴუან ქუეყანად, და ყვესცა ეგრეთ, და პატივისაგან უპატიო ყვეს, და განძრცჳლი განაძეს, და მიერითგან უპატიო იქმნა. და ესრეთ განაგდეს შანშე და ავაგ და თავადთა საქართველოსათა.
ხოლო ჩუენ პირველივე სიტყუა მოვიჴსენოთ. და ვითარ ცილობა იყო მეფეთა შორის, და არა განეჩინეს ყუბილ ყაენსა, თუ რომლისა იყოს მეფობა, ამისთჳს დაშთეს მრავალთა წელთა ყარაყურუმს. ხოლო სულტანი ყიასდინ და ხლათელი წარმოავლინეს ავაგსავე თანა, და მივიდეს სახლად სამეფოდ მათდა. და ვითარ განგრძელდა ეყოფა ყარაყურუმს და ხატაეთს ორთავე მეფეთა, მაშინ ინება ყუბილ ყაენმან და წარმოავლინნა ორნივე მეფენი ძმასა მისსა ულოს თანა, და მიუეცნო ესრეთ, რათა, უკეთუ სთნდეს, ორთავე მისცეს მეფობა, რომელ ყოცა ულო უკანასკნელ. და ესრეთ მოიწივნეს ულოს წინაშე, რომელი იხილა რა, შეიწყნარა. და ორთავე მეფობა დაუმტკიცა, და მისცა ყოველი სამეფო მათი, და ვითარ ესმა ქართველთა მოსლვა მეფეთა მათთა, უზომოთა სიხარულითა აღვსებულნი, წინა მოეგებნეს ალატაღს იმერნი და ამერნი წარჩინებულნი, და იყო სიხარული და მადლობა ღმრთისა. ვითარ დაყვეს მცირედი ჟამი ულო ყაენს წინაშე, და წარმოავლინნა ქართლს. და მოვიდეს ტფილისს სიხარულითა. და შეკრბეს კათალიკოსი და ყოველნი ეპისკოპოსნი და ყოველნი მთავარნი და ერისთავნი, და დასხდეს ტახტსა მამათა მათთასა, ტფილისს, დავით და დავით ორნივე.
ხოლო მოწევნულ არს ესეცა სიტყუა, რომელ სხუა ვინმე ყოველთა აღმწერელი იტყჳს, ვითარმედ: ყარაყურუმს“ ყოფასა ორთავე მეფეთასა, გუ[ჲჳქ] ყაენმან ესრეთ გაბჭო, რომე მეფობა ლაშას ძესა დაუმტკიცონ. და ესრეთ წარმოავლინა, და რუსუდანისა ძე დავით მაშინვე ლტოლვილი ღამით განიპარა და წარვიდა აფხაზეთს, და მე არა შევიწყნარებ ამას.
პირველად უწყოდეთ, რომელ ყაენსა მას არა გაუყო და მან განუყვნა და ულოს მამასა და მეფობა ორთავე მანგუ ყაენის შვილმან ყუბილ ყაენმან მოსცა და ულო ყაენისა წარმოვლინა, და მანცა ორთავე დაუმტკიცა მეფობა.
<< წინ |