ქართლის ცხოვრება

ჟამთააღმწერელი

მესამეოცდაორე მეფენი დავით, ძე მეფის ლაშა-გიორგისა,
და დავით, ძე მეფის რუსუდანისა, ბაგრატოანნი

მაშინ არღარა იყო ღონე, დაამტკიცეს, რათა განყონ სამეფო და საჭურჭლე ორად, და აჩინნეს თავადნი სამეფოსანი, და განყვეს ორად, ტფილისი ორად, ქუთათისი ორად, და თავადნი და ერისთავნი ურთიერთ შეასწორეს, ნიკოფსით დარუბანდამდე, და განყვეს სამეფო და საჭურჭლენი; გარნა ხუამლისა ქუაბსა რომელი იდვა, მცირე გამოიღეს და გაიყვეს, და უფროსი ქუაბსავე დაუტევეს. ხოლო ჯაჭჳ იგი სახელდებული, სალმასური, და თუალი იგი პატივცემული გურდემლი, და მარგალიტი იგი დიდი, რომლისა სწორი არა-ვის-სადა უხილავს, - ესე სამივე რუსუდანის ძესა დავითს მიხუდა. და აქა იქმნა განყოფა სამეფოსა, და მიერითგან შეიქმნა ორ სამეფოდ. მაშინ უმეფო იყო ამიერი საქართველო სამეფო, და დაიშალა ლაშქარი და მსახურება თათართა.

ინება კუალად ყაენმან ზავი მეფისა. მოუწოდა არღუნსა, რათა წარავლინოს მოციქული მეფის წინაშე ზავის ყოფად, და ფიცთა დაუმტკიცებდა უვნებლობისათა. რამეთუ დედოფალი გუანცა, ავაგის ცოლ-ყოფილი, და ძე თჳსი ყრმა მცირე დარჩეს ჴელთა ულოსთა, რომელნი ტყუედ წარისსნეს ურდოს. ვითარ ეგულებოდა ბოროტის ყოფა ყრმისა, ნოინის ვისმე ცოლმან აღიყვანა და შვილად მიიყვანა, რამეთუ იყო უშვილო. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ მიიქუა რა ყრმა დიმიტრი წიაღთა, მეყუსეულად საშო განეღო დედაკაცსა და მუცლად იღო, და შვა ყრმა-წული. და ამის ძლით კეთილსა უყოფდა ნოინის ცოლი გუანცას და ყრმასა მას; მას უბრძნა ყაენმან, რათა მან წარავლინოს კაცი წინაშე მეფისა ზავისა ყოფად. და წარმოავლინეს მოციქული ზავისათჳს, რათა მისცეს სამეფო მისი ყოველი და კუალად ეგოს პირველსავე პატივსა დედოფლობისასა. რა მოვიდეს მეფის წინაშე მოციქულნი ყაენისნი, და აუწყეს: „ესრეთ მიუმცნო მეფემან, ვითარმედ ხოჯა-აზიზ იქმნა მიზეზი ჩემისა მიერ წარმოსლვისა და სამეფოსა დატევებისა. უკეთუ ნებავს ყაენსა შეწყნარება ჩემი, პირმშოსა ძესა ჩემსა გიორგის წარმოვავლენ წინაშე მათსა და უბოძოს სამეფო ჩემი, და დედოფალი გუანცა და ძე ჩემი დიმიტრი წარმოავლინოს ჩემდა, და ხოჯა-აზიზ მომცეს, რათა სიკუდილითა მისითა შური ვიგო ნაქმართა მისთა, რომელნი ყვნა ჩემ ზედა“.

ვითარ მიიწივნეს ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა მეფისა, და ითხოვეს ძე მისი გიორგი, და დაუმტკიცეს ფიცთა მიერ, შესუმითა ოქროსა საფიცრისათა, რათა უვნებელად დაიცვას ძე მეფისა, და მისცეს სამეფო მისი. უკეთუ დავით მეფემან იხილოს ყაენი ულო, რომელსა ეჯნობითცა უწოდეს, ხოჯა აზიზცა მისცეს ჴელთა მეფისათა: ენებოს, მოკლას და, თუ ენებოს, განუტეოს. ამის შუა შემოიყვანა ენუქ არქუნ, კაცი მართალი და პატიოსანი, სჯულითა ქრისტეს ჯუარისა თაყუანისმცემელი, და მან უთავსმდება ყაენს, რათა არა ევნოს დავითს და ძესა მისსა გიორგის. თჳთ მივიდა ენუქ დავითს წინაშე, შეჰფიცა და წარიყვანა ძე მისი გიორგი. შევიდეს ტფილისს, და მუნ მოეგებნეს ყოველნი მთავარნი და ერისთავნი საქართველოსანი, და შადინი ვინმე, ნათესავით სომეხი, რომლისა შევედრა ტფილისი და თჳთ მეფობაცა. არღუნ მოიღო ძღუენი ურიცხჳ გიორგის წინაშე, და დაყვეს მცირედი ჟამი ქალაქს, და მერმე წარვიდეს ეჯენს წინაშე, და მიიწივნეს ურდოსა. პირველად მოუვლინა ეჯნის ცოლსა ტონღუზ-ხათუნს, რამეთუ იყო იგი მაღლისა ჴელმწიფისა კოსტანტინეპოლისა ასული, სჯულითა ქრისტეანე და მართლმადიდებელი. ამისთჳს პატივსა უყოფდა ტონღუზ-ხათუნი ენუქ არქუნს, რომელი იგიცა ქრისტეანე იყო.

ვითარ იხილა ყრმა იგი, შეიყუარა სიკეთისა მისისათჳს, და თჳთცა ქმნულ-კეთილ იყო, და მერმე წარიყვანეს ყაენს წინაშე, და მანცა კეთილად შეიწყნარა და პატივი დიდი უყო. და ესრეთ პატივცემულმან დაყო წელიწადი ერთი, რომელსა მიანიჭა ყოველი სამეფო მისი ყაენმან, და წარმოავლინა მოციქული, რათა მივიდეს მეფე დავით ეჯნს წინაშე. ხოლო მეფე მიზეზობდა ხოჯა-აზიზის არ-მიცემასა: „უკეთუ არა მომცეთ მოსიკუდიდ, არა მოვალ ურდოსა“. ამის მცნობელი ყაენი, სიტყჳთა არღუნისათა, განწყრა, რამეთუ მძიმედ აღუჩნდებოდა სიკუდილი ხოჯა-აზიზისი. ამისთჳს ეტყოდა ყაენს არღუნ, ვითარმედ: „მეფე არღა მოვალს მსახურებად შენდა, არამედ კუალად ტყუილით გუაშრომებს; აწ ამას განგაზრახებ, წარსწყმიდე ძე მეფისა, და წარმგზავნე მე ლაშქრად მეფესა ზედა, და შეკრულსა მოვიყვან წინაშე თქუენსა“.

ყაენმან დაიჯერა და განაჩინნა კახნი, რათა წარსწყმიდონ ძე მეფისა და ყოველნი, რომელნი წარმოევლინნეს მეფესა ძისა მისისა თანა. ცნა ესე ენუქ არქუნ, აღდგა და მსწრაფლ მივიდა ტონღუზ-ხათუნს წინაშე, და აუწყა სიტყუა ესე, ხოლო იგი მსწრაფლ მივიდა ყაენს წინაშე და ენუქ არქუნ და მოაჴსენა: „დიდო მაღალო ჴელმწიფეო ყაენო, რასა უსამართლობისა იგი ბრძანება განგიჩენია, სიკუდილი მეფის ძისათჳს და მსახურთა მისთა? არა უწყია შენ, რომელ წინასწარმეტეუელთა, რომელთა ეზრახებოდა ღმერთი, ბრწყინვალეთა და საჩინოთა გუართაგან შთამომავალთა არს. და კუალად იხილე, რომელ ფიცითა მოიყვანე იგი, და მე და ენუქ არქუნ სიკუდილსა აღვირჩევთ; და აჰა, თავნი ჩუენნი იყვნენ მეფის ძისათჳს. და ესეცა უწყოდე, რომელ ძმა შენი დიდისა ყაენისაგან ბათოს შვილი მრავალსა მოციქულსა უგზავნის და დიდთა ნიჭთა აძლევს, რათა მისცეს გზა დარიალანისა და დასავლეთისა, რამეთუ ორივე ჴელთა შინა მისთა არს, და ამასცა განგაზრახებ, ერთისა ბერისა სპარსისა ვაჭრისათჳს, რად დიდსა ჴელმწიფესა გააძებ შენთა მტერთა ზედა, რამეთუ უკეთუ ბათოს ულოსი და მეფე შეიერთნეს, დიდნი შფოთნი აღდგებიან“.

ვითარცა ესმა ულოს, განკჳრდა და მსწრაფლ მოიყვანა გიორგი, შეიყვანა და პატივი უყო, და შემოსა შესამოსლითა ბრწყინვალითა, და მისცა ტონღუზ-ხათუნს და ენუქ არქუნს და რქუა: „აჰა ძე მეფისა, ჩემგან მტკიცე ფიცითა, არას ვავნებ დავითს, თჳნიერ პატივისა. და შენ წარვედ ენუქ, და ორნივე შვილნი და ძენი მეფისანი, გიორგი და დიმიტრი, და დედოფალი გუანცა, ვითარცა ტონღუზ-ხათუნს და შენ გნებავს, ეგრეთ ყავთ, და მოიყვანეთ დავით“. ვითარცა ესმა, განიხარეს და თაყუანის-ცეს, და მოაჴსენეს: „თავნი ჩუენნი იყვნენ ნაცვლად, უკეთუ მოგუცე ხოჯა-აზიზს, და არ მოვიყვანოთ დავით; უკეთუ არ მოგუცემ ხოჯა-აზიზს, არ მოვა“. დაღათუ მძიმედ აღუჩნდა არღუნს, არამედ მისცა ხოჯა-აზიზ. და წარმოიყვანა ენუქ, და მოუწერა წიგნი ფიცისა ტონღუზ-ხათუნ მეფესა: „არა ევნოს ყაენისაგან. უკეთუ მოვიდეს ურდოსა, პატივითა დიდითა პატივ-სცეს, და სამეფო დაუკლებელად მისცეს“.

წარმოვიდა ენუქ არქუნ, და მოვიდა ტფილისს, და ორნი ძენი მეფისანი, და წარმოუვლინა მოციქული მეფესა, და აუწყა ყოველი. და წარმოვიდა მეფე და მოვიდა, ქვიშხეთის ბოლოსა და სურამს შუა დადგა, და მოუწოდა ენუქ არქუნს და მოვიდა და მოუსხნა შვილნი ორნივე და მოართუა წიგნი ფიცისა, და მოგუარა ხოჯა-აზიზ. ვითარცა იხილა მეფემან, ბრძანა თავისა მისისა მოკუეთა. და მოჰკუეთეს და წარგზავნეს თავი ტფილისს, და აღმართეს ძელი, და დამოჰკიდეს თავი ხოჯა-აზიზისი. და ესრეთ წააჰყვა მეფე ურდოს ენუქს, და მოეგებნეს ყოველნი სამეფოსა მისისანი, და წარემართნეს ურდოს.

ხოლო თანა წარჰყვა მეფესა სარგის ციხისჯუარელი ჯაყელი, დიდად ნამსახური, რომელმან ქმნა ესეცა სათნოება, რამეთუ ტფილისს ყოფასა მეფისასა მოვიდა ელჩი ყაენისა, ვითარმედ: „მეფესა მოვინდობ, ხოლო პაპა სარგისს არა მივინდობ“, და არა სათნო უჩნდა ბრძანება ესე სარგისს, და ეტყოდა მეფე გარე-უკუნქცევად. ხოლო იგი არა ერჩდა, და ეტყოდა: „ნუ იყოფინ ქმნად ესე ჩემ მიერ, რათა შევიქცე შინა. უკეთუ ცოდვათა ჩემთაგან გევნოს რამე თათართაგან ყოველნი კაცნი იტყჳან: განზრახვითა სარგისისითა განუდგა მეფე თათართა, აწ იგი წარვიდა შინა და მეფე წარავლინა მოკლვად ყაენს წინაშე. ნუ ჰყოს ესე ღმერთმან, რამეთუ ამით წარჰჴდების გუარი ჩემი, არამედ მო-თუ-მკლან, ნაცვლად თქუენდა ვიყო, და თუ დავრჩე, თქუენ თანა დავრჩე“. დაიმადლა ესე მეფემან ეზომ, რომელ ქუაბულიანი თემი ერთი სამცხეს და საყდარი ტბეთისა შავშეთს სიგლითა სამამულოდ მიუბოძა.

და წარემართნეს ურდოსა, და მივიდეს ყაენს ულოს წინაშე, ბარდავს, რამეთუ იგი იყო საზამთრო სადგური, და არა უწყოდეს რა ეგულების ყოფად მათთჳს, და მცირედთა დღეთა მოუწოდა ყაენმან ხილვად მეფისა და მთავართა და იკითხვიდა, რომლისა მიზეზისათჳს განდგა მეფე? და ყოველნი ჰგონებდეს მეფისა და წარჩინებულთა მისთა სიკუდილსა, და ევედრებოდეს ღმერთსა და ყოვლად-წმიდასა მეტეხთასა და ვედრებისა ღმრთისმშობელსა, რომლისა მინდობილ იყვნეს. და შევიდეს ყაენს წინაშე, ხოლო მან მოსცა თჳსითა ჴელითა ღჳნო თასითა დიდითა ოქროსათა, რამეთუ ესე იყო წესი ყაენთა. და ვითარ ჯდა მეფე მუჴლ-მოყრილი და მის თანა ყოველნი მთავარნი, ჰკითხა ყაენმან, ვითარმედ: „რად ჰქმენ განდგომა ჩემი, და ბრძანებასა ჩემსა რად ურჩ ექმენ, და არღუნს შემოები? არა დიდნი კეთილნი ვქმენ შენ ზედსა? დაკარგული და სიკუდილად განწირული გუელთაგან აღმოგიყვანე ჯურღმულით და მეფედ დაგადგინე“.

მაშინ, ვითარ არღარა აქუნდა პასუხი მიგებად მეფესა, მოიხედნა უკანით კერძო სარგის ჯაყელისა, ვითარმცა იგი ქმნულ იყო მიზეზი არღუნის შემობმისა და თათართ მოსრვისა. და იხილა სარგის ბრდღვინვისა ლომისა მსგავსად, მეფემან მას ზედა მიუტევა საქმე. იგი არა შეშინდა, არამედ უშიშად აღდგა და წარსდგა ყაენს წინაშე, განმწირველი თავისა თჳსისა მეფისათჳს, რათა იგი მოიკლას მეფისა წილ, და მუჴლ-მოყრილი ეტყოდა: „მე ვარ, დიდო ყაენო, რომელი შემოვები არღუნ აღას“. ხოლო მან ჰკითხა: „პაპა სარგის შენ ხარა?“, რამეთუ პაპა სარგისს უწოდდეს თათარნი, და მან რქუა: „იგი ვარ“. რქუა მას: „რაისათჳს განაყენე მეფე ჩემგან და არღუნს შემოები?“. ხოლო სარგის არა მეცნიერ იყო ენასა მათსა, წარმოაყენეს სადუნი თარგმანად, რომელი ფრიად უყუარდა ულის, და დიდად პატივ-ეცა, რამეთუ იყო კაცი იგი გონიერი, და ენა-კეთილი, სიტყჳთა მარჯუე ყაენს წინაშე მეტყუელებად.

მაშინ სარგის მიუგო: „დიდო ყაენო, არა იყო სხუა მიზეზი, რამეთუ მან მიიღო მეფობა დავითისი, ქალაქი და სოფელი, მან დაიჭირნა ეკლესიანი და ციხენი ყოველნი დაარღჳვნა. ბედნიერო ყაენო, არღარავინ გაგაგონებდა უსამართლობასა ამას, შეკრა კარი თქუენი ქრთამითა. ამის მიზეზისათჳს მე წარვიყვანე მეფე, რათა ბედნიერმან ყაენმან გაიგონოს და იკითხოს საქმე ესე, ვითარცა აწ კითხვასა ღირს მყო. ესეცა უწყოდი, ყაენო, რომელ სპარსნი ძუელითგან მტერნი არიან ჩუენ ქართველთანი. ამისთჳს არღუნს თანა ვყავ ბრძოლა და ომი, რამეთუ საქმე და უსამართლობა მეფის მიმართ ხოჯა-აზისისგან ვერღარა დავსთმეთ. აწ, ყაენო, მეფე უბრალო არს; მე ვარ, რომელმან განვაყენე მეფე კარისაგან თქუენისა“. და განმრავლდა სიტყუა მათ შორის და მრავალგუარად უბნობა, რომელთა არა არს ჟამი თქმათ და წერად. და მეფეცა მრავალსა რასმე იტყოდა, და ენუქ არქუნ და დიდი იგი ნოინი სხდეს შუა და სადუნი იგი კეთილად თარგმნიდა, და კაზმევდა თქმულთა მეფისათა, რამეთუ მეფე ენა-მძიმე იყო მცირედ, მანკაბერდელი სადუნი კეთილ-მეტყუელებდა, და ყოველნი მოელოდეს ბოროტის ყოფასა მეფისათჳს, და სიკუდილსა სარგისისსა.

მაშინ მოუვლინა ღმერთმან წყალობა მოსავთა მისთა, და აწცა დაიცვა, ვითარცა მარადის ფარავს. და ვითარ სიტყუასა უგებდეს ყაენი და მეფე ურთიერთას, მოვიდა კაცი დარუბანდით, გზის მცველთა ყაენისთა, რომელთა ყაფულობით უწოდდეს. რამეთუ არღარა განსრულებულ იყო სიტყუა, შევიდა ყაენის კაცი იგი ურდოსა ყაენის წინაშე და მოაჴსენა: „არა არს ჟამი მეტყუელებად, რამეთუ შეიძრა ულუსი დიდი დიდისა ყაენის ბათოსი, და შვილი მისი, ყაენი დიდი ბერქაი, მოვალს გზასა დარუბანდისასა უმრავლითა, დიდად დიდითა ლაშქრითა“.

ესმა რა ყაენს, მსწრაფლ აწვია სპა თჳსი, და მყის შემოკრბეს მის წინაშე. მას ჟამსა წარმოემართნეს წინაგანწყობად, და ვითარ დაეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, მაშინ ევედრა მეფე ყაენს, რათა წინამბრძოლად აჩინოს მეფე და სპა მისი (და წესადცა არს ქართველთა წინამბრძოლობა). ისმინა ულო და აჩინა წინამბრძოლად მეფე, მახლობელად მისსა დგომად. ხოლო სარგის ჯაყელი თჳთ წინა დაიყენა, და განაჩინა მარჯუენე და მარცხენე, დამწყობელმან რაზმთამან მიჰმართეს ხოლო იქმნა ესეცა, რომელ რაზმსა შინა გახლტა შუელი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან, აბჯარცმულმან, მოკლა. მცირედ წარვლეს, და მელი მოკლა, იგიცა სარგის, ისრითა. და წაიარეს, და ყურდგელი მოკლა. და ამას სამსავე ხედვიდა ულო ყაენი, და დიდად აქო სარგისი და კეთილად უთქმიდა მრავალსა.

მაშინ დაეახლნეს სპანი ორნივე ურთიერთას, და გამოჩნდა კაცი ერთი სახელოვანი მათ შორის, რომელი წარმოევლინა დიდსა ყაენს ბერქას, რამეთუ ყაენი არა წარმოსრულ იყო. ესე მოეახლა მეფესა დავითს, რომლისათჳს დიდად შეწუხნეს სპანი მეფისანი, რამეთუ იყო კაცი ესე დიდი და მაგრიად და უცთომლად მოისარი. ხოლო მეფემან აღმოიღო მშჳლდი ქარქაშით, და ჰკრა ცხენსა მისსა მკერდსა, და დაასო და გულსა განვლო. ხოლო ქართველთა განმხიარულებულთა აღიზახნეს და მიეტევნეს. იქმნა ძლიერი და ფიცხელი ომი ველსა ზედა შაბურანისასა, ძლიერად ბრძოდა მეფე და სპანი მისნი, სადა-იგი სარგის ჯაყელმან სახელოვანი ომი ყო წინაშე ულოსა, რომელ განკჳრდა ყაენი. და განგრძელდა ყოველგან ომი, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. ივლტოდა სპა ბერქასი, და დევნა უყვეს ძლიერად. ხოლო იქმნა ესეცა: დევნასა მას ლაშქართასა დაშთა ყაენი ულო ოთხითა ოდენ კაცითა მცირესა რასმე ბორცუსა ზედა, და ვითარ იხილეს ლტოლვილთა მათ, შჳდნი რჩეულნი კაცნი ზედა მოეტევნეს ყაენსა. იხილა ესე მიმავალმან სამითა კაცითა სარგის, შეუტია შჳდთა მათ კაცთა და სამითა კაცითა შეება, და ოთხნი ვიდრემე დაჴოცნეს სარგის და აზნაურთა მისთა, და სამნი იგი ივლტოდეს. მაშინ იხილა თუალითა მისითა სიმჴნე სარგისისი, და ყმათა მისია, განიხარა და დევნა უყო კუალადცა სპასა ბერქასსა დარუბანდის კარამდის. და განვლეს დარუბანდიცა და სამსა დღესა სხუასა დევნა უყვეს. ესრეთ განმარჯუებულნი და სახელოვანნი მოვიდეს სადგურსა მათსა ბარდავს, ხოლო მეფესა დავითს და სპათა მისთა ფრიადითა პატივითა პატივსცა და მრავალი ნიჭი მიანიჭა, ესეზომ, რომელ სარგის ჯაყელსა კარნუ-ქალაქი და მიმდგომი მისი ქუეყანა უბოძა იერალაყითა.

მაშინ შეიშურვეს სხუათა ვიეთმე მტერთა და მოაჴსენეს მეფესა: „აწ მეფობაცა სარგისს მიეც; ვინათგან ყაენმან ეზომ განადიდა, არღარა იქნების მორჩილი მეფობისა თქუენისა“, მაშინ დაიჯერა მეფემან, რამეთუ იყო უმანკო და მალე-მრწმენი სიტყუათა კეთილთა და ბოროტთა, ორთავე, და წარვიდა ღამით ელგონ ნოინის წინაშე და მოაჴსენა: „უკეთუ ყაენი სარგისს კარნუ-ქალაქს მისცემს. მეფობაცა მისცეს“. განკჳრდა ელგონ ნოინი და რქუა: „ყაენმან შენის მოდგომისათჳს მისცა და, თუ შენ გიმძიმს, არღარა მისცემს. თქუენ ქართველნი არას კეთილს უყოფთ მჴნედ მბრძოლთა წყობათა შინა. არა უწყია, ყაენი სარგის დაარჩინა მტერთაგან, ძლიერი და სახელოვანი ომი ყო?“ წარვიდა ნოინი რა მოაჴსენა ყაენს ყოველი იგი თქმული, და არღარა მოსცეს კარნუ-ქალაქი. ცნა ესე სარგის, და შეიქმნა გულკლებით და ქუეგამხედვარად პატრონისაგან. ხოლო მის ზამთარს დაიმჭირა მეფე ბარდავს თავისა თჳსისა თანა, და სარგის წარვიდა გულკლებული სამცხეს.

მას ჟამსა გაადგა ულო ყაენს შანშეს ძე ზაქარია ამირსპასალარი, კაცი ყოვლითა სათნოებითა შემკული და საჩინო, და ივლტოდა ქუთათისს ნარინ დავითისსა, „რამეთუ ბერქას ლაშქართა გამოსლვა მასმია ჩემ ზედა“. ხოლო მეფემან დავით კეთილად შეიაწყნარა, დაჰყო მცირე ჟამი, მერმე ფიცით მოიყვანა ყაენმან, გარნა არცა ეგრეთ დამშჳდდა გული ულოსი, და მოკლა ზაქარია ამირსპასალარი, კაცი პატიოსანი და სახელოვანი. და ცნა დიდმან შანშე, მამამან მისმან, მწუხარებითა შეწუხებული იგიცა აღსრულდა. ხოლო გუანცა დედოფალი, ავაგის ცოლ-ყოფილი, მოკლულ იქმნა, თათართა შინა მყოფი, რომელსა იტყჳან ვითარმედ ასულისა მისსა ხუაშაგის, რომელი იყო ცოლი საჰიბ მდივანისა, ხოჯა შამშადინისა, მისითა განზრახვითა მოიკლაო. და ვითარ უცოლო იყო მეფე, იქორწინა ცოლი, სახელით ესუქნ, დიდისა ჭორთმაღო ნოინისა და დიდისა სირმა ნოინისა, და წარვიდა ტფილისს და ქმნა ქორწილი პატიოსანი.

ამათ ჟამთა გარდამოვიდეს ბერქას ყაენისგან ლტოლვილნი, დედაკაცი საკჳრველი, სახელით ლიმაჩავ, და მან მოიტანა შვილნი მცირენი, ნათესავით ასასარფაკაიანნი, პირმშო ფარეჯან და უმრწმესი ბაყათარ, და სხუანი თავადნი მრავალნი, გამოვლეს კარი დარუბანდისა და მოვიდეს მეფეს წინაშე. ხოლო მან პატივითა ისტუმრნა და წარავლინნა ყაენს ულოს წინაშე, და ყაენმან შეიწყნარნა ფრიად, და უბოძა ხარაჯა, და მოლაშქრედ და თანამბრძოლელად განაჩინნა. და ესრეთ მეფეს თანავე წარმოავლინნა, ხოლო მეფემან დასხნა რომელნიმე დმანისსა, და სხუანი ჟინვანს.

და ვითარ მოიწია სთუელი, წარვიდა ყაენი ქუეყანად შარვა[ნ]შასა, საზღვართა საქართველოსათა, ადგილსა რომელსა უწოდიან ჩაღანუსუნი, ესე იგი არს თეთრი წყალი. და შეკრეს [ღ]ობითა წყლის პირი, რომელსა სიბად უწოდეს. რამეთუ გონებდა გამოსლვასა ბერქა ყაენისასა. და ამათ ჟამთაგან იწყეს სიბასა ზედა დგომად თათართა და ქართველთა სთულითგან გაზაფხულამდე და გაზაფხულ წარვიდიან საზაფხულოთა სადგურთა. ხოლო იქმნა ესეცა, რომელ ყაენთა შვილნი ზემოჴსენებულნი, ულოს თანა წარგზავნილნი, ხუთარ, ყული და ბალაღა, დაიპყრნა ყაენმან ულო. და მოკლნა სამნივე, და დაიპყრა ქუეყანა მათი, და ყოველი სიმდიდრე მათი. და ვითარ ცნეს სიკუდილი პატრონთა მათთა საბერძნეთს მდგომთა დედაწულითა, რომელთა თავადი იყო ალათემურ ვინმე, კაცი სახელოვანი, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და ივლტოდა, და მომართა სამცხის კერძო. ცნეს თათართა ულო ყაენისთა სივლტოლა ალათემურისი, დევნა უყვეს და მოეწივნეს, და იგინი დაბრუნდეს და შეებნეს, და მრავალი კაცი მოკლეს ულოს ლაშქრისა. და, რათა არა განგრძელდეს სიტყუა, ვიდრე კოლის მთათა მოსვლამდე ათორმეტჯერ მოეწივნეს და ათორმეტჯერ შეებნეს, და ათორმეტჯერვე ალათემურ მოერია და გააქცივნა. და ესრეთ მოიწივნეს ქუენა არტანს, სოფელსა, რომელსა ჰქჳან გლინავი. და მუნ დახუდა მურვან გურკელელი, მახუნჯაგის ძე, წინა შეემთხჳა ნადირობას მიმავალი, რომელი შეიპყრეს თათართა და კნინღა მოაკუდინეს. ხოლო იგი ევედრა და აღუთქუა ლიხთ-იმერით წარყვანება მათი და ეგრეთ ბერქას. ყაენს წინაშე წარსხმა, ხოლო იგინი მიენდვნეს. წარმოიყვანნა და მოასხნა სამცხეს, და მოასხნა გურკელის ჭალას, და ესრეთ განსცნა: წარავლინა კაცი და ამცნო სარგის თმოგუელსა და შალვას ბოცოს ძესა, და ყოველთა მესხთა და სარგის ჯაყელის ლაშქართა, რათა შეკრბენ ერთად და შეიპყრან ალათემურ და მიჰგუარონ ულო ყაენს. და წარმოემართნეს, და სცნა ესე ალათემურ, აიყარა ბარგითა და დედაწულითა, და გამოვლო მტკუარი და მომართა ჯავახეთით კერძო, შემოიარა ელასის შემოღმართი. და მივიდა ოშორას ქუეშეთ, ადგილსა, რომელსა რქჳან ლერძავნი, რამეთუ თმოგუელი მუნ დაუდგა წინა, რომელნი იხილნა რა, მორიდნა სარგის და ბოცოს ძე, და ლაშქარნი ერთ-კერძო მოსდევდეს, და გურკელელი მურვან მართლ-კუალსა შედგომილი მოსდევდა. და მოეწია გურკელელი მცირითა ლაშქრითა, რამეთუ ბოცოს ძე და სარგისის ლაშქარნი არ მოვიდეს არცა შუელად გურკელელისა. შეიბნეს ძლიერად, სძლეს თათართა და მრავალი ტაძრეული აზნაური მოკლეს, და ივლტოდა გურკელელი. ხოლო თათართა განვლეს ჯავახეთი და თრიალეთი, და რუსთავს მტკუარს გავიდეს და მრავალგან მიეწივნეს თათარნი და სომხითარნი ლაშქარნი, რომელთა თჳთოეულად არა არს ჟამი მოთხრობად, ყოველგან ალათემურ მძლე ექმნა. და განვლეს კამბეჩიანი, კახეთი, ჰერეთი, ყოველგან ომითა, და წარვიდეს გზასა ბელაქნისასა. შევიდეს ღუნძეთს, რამეთუ წინა-განეწეო მეფე ღუნძთა, და სძლეს თათართავე, და განმარჯუებულნი მივიდეს ბერქა ყაენს წინაშე. და ესრეთი საკჳრველი საქმე ქმნეს, და ამათთანანი თათარნი სადაცა დარჩეს, აღნარღომობით უჴმობდეს, ესე იგი არს უფროსთანი გინა უხუცესთანი. ამისთჳს განძჳნებული ბერქა განემზადა გამოსლვად, და ამათ თეთრსა წყალსა ზედა ღობე შეკრეს, და მუნ იზამთრიან, ვითარცა მითქუამს.

ხოლო ვითარ ამათ საქმეთაგან უბრალო არს მეფე, განდიდნა ჭყონდიდელი ბასილი და უჯარმელი, და იწყო საურავთაცა ქმნად თჳნიერ მეფისა კითხვისა. და მეფისა იმერით ყოფასა შინა დიადი აწყინა სეფეთა ქუეყანათა, რამეთუ ვითარ თჳსთა ხედვიდა. და სიტყუაცა ესრეთ იყო, ვითარმედ ესუქნს თანაეყო. ამისთჳს შესმენილ იქმნა ბასილი წინაშე მეფისა, რომელმან მსწრაფლ მოიყვანა და ბრძანა ძელსა დამოკიდება. დამოჰკიდეს ძელსა შუა-ქალაქსა, რამეთუ იყო მეფე მალე-მორწმუნე და ლიტონიცა. და ვითარ მოიწია სთუელი, კუალად წარვიდა ყაენი სიბასა ზედა და მეფეცა მის თანა. მოიწია რა გაზაფხული, წარმოვიდა ყაენი საქოსა, და ძე მისი თანქუშ წარმოვიდა გელაქუნსა, რამეთუ მას აქუნდა საზაფხულოდ სადგურად გელაქუნი, და მეფე თანა წარმოიტანა. და მუნ იყო. მაშინ ევედრა მეფე თანქუშს, რათა უაჯოს. მამასა მისსა ყაენს ულოს წინაშე, რათა განუტეოს სამეფოდ თჳსად. ხოლო მან ისმინა და წარავლინა კაცი, და ვითარ მიიწივნეს საქოდ, ყაენი ულო აღსრულებულ იყო. მაშინ ხათუნთა და ნოინთა მიუმცნეს თანქუშს, რათა განუტეოს მეფე სამეფოსა თჳსსა. გამოუშვეს და მოვიდა ტფილისს და ყოველსა ქართლსა და სომხითსა და განაგნა საქმენი მანდაურნი.

ხოლო ნოინთა დასუეს ტახტსა ულოს ძე უხუცესი, სახელით აბაღა, კაცი კეთილი, უხჳ, მოწყალე, ტკბილი, მდაბალი, განმკითხველი, სამართლის მოქმედი, გლახაკთ მოწყალე და შემნდობელი ესმზომ, რომელ, დაღათუ დიდისა ბოროტის მოქმედი კაცი იყვის, არავე მოჰკლევდის, რამეთუ ესრეთ იტყოდა: „ყოვლისა ქუეყანისა მპყრობელად დაუდგენივარო ღმერთსა და რასაცა ვერ მივსცემ არცა თუ წაუღები“. და მრავალგზის საჭურჭლენი მისნი წარიხუნეს მპარავთა და არა მოაკუდინის არამედ იტყოდის: „რად მაკლს მე საჭურჭლე, ისი წარიღონ გლახაკთა. რამეთუ ნაკლულევან არიან, და მით იპარვენ“. კუალად უბოროტო და კეთილი გონება აქუნდა ყოველთათჳს. მაშინ ამან აბაღა ყაენმან განაჩინა მჴედართა მთავრად კაცი საჩინო წყობათა შინა, სახელით აბათა, და ურდოსა და სახლისა თჳსისა მოურავად დაადგინა ზემოჴსენებულისა ორმაღონის შვილი სირმონ, კაცი განმარჯუებული და საჩინო ბრძოლათა მინა. ვინათგან ქრთამსა მძიმესა მიიღებდიან მის წინაშე მდგომნი ყოველნი, გამოარჩია კაცი ერთი, მოწყალე და სამართლის მოქმედი და მმარხველი და მლოცავი, ქრისტეანეთა და ეკლესიათა ღმრთისათა მოსავთა მოყუარე, სახელით აღუბაღა. ესე განაჩინა უღონოთა და გლახაკთა განმკითხველად, არა თუ ულო ყაენის პატივცემულნი ნოინნი გამოცვალნა, არამედ უმრავლესნი აღსრულებულ იყვნეს, ვითარ ელგონ ნოინი და სხუანი მრავალნი.

ამას აბაღას წინაშე წარვიდა მეფე დავით, და ფრიად პატივითა შეიწყნარა და პატივ-სცა. და დაემორჩილნეს აბაღას ყოველნი თათარნი, საბრძანებელი მამისა მისისა ულოსი.

მას ჟამსა გამოვიდა დიდი ყაენი ბერქა გზასა დარუბანდისასა აურაცხელითა ლაშქრითა შურის გებად ხუთარეს, ბალაღას და ყულის საქმისათჳს. ცნა ესე აბაღა ყაენმან და მოუწოდა სპათა თჳსთა, და მეფესა დავითს, და წარემართა. ხოლო ვითარ აგრძნა ძლიერება და სიდიდე სპათა ბერქასთა, არღარა განვიდა მტკუარსა, არამედ შეიარა ნაპირი და განსავალი ყოველი, და აღიღო ზომი ყოველგან, და დააყენა ლაშქარი, სადა შეკრბებიან მტკუარი და რაჴსი, და მუნითგან ვიდრე მცხეთამდე ბერქამან მოაოჴრა ქუეყანა შირვანისა, ჰერეთი, კახეთი და ყოველი იორის პირი და მოვიდა ლაშქარი ტფილისამდე, და მრავალი სული ქრისტიანე მოსწყდეს, ხოლო ბერქა ყაენი დადგა მთათა შინა გარეჯისათა. მაშინ მოხედნა ღმერთმან ქუეყანასა ამას წყალობით და ყაენსა აბაღას, შეედვა სალმობა რამე ბერქას, და მოკუდა. ვითარცა იხილეს სპათა მისთა სიკუდილი ყაენისა მათისა, წარიღეს მკუდარი და განვლეს კარი დარუბანდისა. ესრეთ დამშჳდნა ქუეყანა ესე.

ხოლო თათართა გულად აქუნდის შიში ბერქას ლაშქრის გამოსლვისა, და ყოველთა სთუელთა წარვიდიან სიბასა ზედა. და ვითარ მოეახლის ჟამი სიბას წარსლვისა, მოუწოდა მეფემან სპათა თჳსთა და სარგის ჯაყელ-ციხისჯარელსა. ვითარ მივიდა სარგის დავით მეფესა წინაშე ტფილისს, ეგონა სარგისის განდგომილება ყაენს წინაშე, და დაივიწყა ნამსახურება განზრახვითა უკეთურთა კაცთათა. მოუწოდა პალატად და შეიპყრა შინა, და ტყუე ყო. და ვითარ ცნეს ესე აზნაურთა თანამყოლთა სარგისისთა, ივლტოდეს და წარვიდეს ყაენს წინაშე, და მოაჴსენეს აბათა ნოინსა, რათა მან განაჩინოს მეფისაგან დაჭირვა სარგისისი და მოაჴსენოს ყაენს აბაღას და სთხოვოს სარგის.

ხოლო აბაღა ნოინი მივიდა წინაშე ყაენისა და ვედრებით სთხოვა სარგის, რათა იჴსნას ჴელთაგან დავით მეფისათა. ისმინა მსწრაფლ ვედრება აბათა ნოინისა, და მოსცა ელჩი, და წარმოავლინეს, და მოიწია ტფილისს, და წარიყვანა სარგის, და მოჰგუარა აბათა ნოინსა. და მიერითგან იქმნეს ჯაყელნი მორჩილნი ულოსისანი, ვიდრე ჟამთამდე მეფეთა შორის ბრწყინვალისა და საჩინოსა დიდისა გიორგისათა.

ხოლო მეფე ჯერეთ არა წარსულ იყო სიბასა, შეედვა სალმობა მუცლისა ძესა მისსა პირმშოსა გიორგის, რომელი სიკეთე-აღმატებულებითა სავსე იყო. განგრძელდა სალმობა ესეზომ, რომელ კნინღა მკუდარ საგონებელ იყო, და იდვა უჴმრად, უძრავად, სულთა აღმომფშვინველი, და მითცა ძლით. ამას მწუხარებასა და უღონოებასა რა მოეცვა მეფე და ყოველნი მკჳდრნი საქართველოსანი, მოეჴსენა მეფესა დმანისისა ღმრთისმშობელი, და წარვიდა წინაშე მისსა, და თჳთ წარმოაჩინა, ვითარ ყოველი უჴამურითა ფერჴითა მოჰყვებოდეს და მოეგებოდეს, მჴურვალითა ცრემლითა წყალობად მათდა აღძრვიდეს. მაშინ შეისმინა ვედრება მათი წმიდათა უწმიდესისა ღმრთისმშობელმან, და მყის შეხებასავე თანა, და პირსა ზედა შეხებასა, თუალნი აახუნა მსწრაფლ და ვითარცა უვნებელი წარმოჯდა. იხილეს ესე მეფემან და ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, განკჳრდეს ანაზდათსა ამას საკჳრველებასა ზედა ყოვლად-წმიდისასა, და ადიდებდეს ყოველნი ღმერთსა.

და კუალად წარვიდა მეფე სიბასა ზედა, და მუნ ყოფასა მისსა, ჟამსა წარმოსლვისასა, დასნეულდა მეფე დავით მით სალმობითა მუცლისათა, და ვერ განკურნეს მკურნალთა, და წარმოვიდა ცხედრითა. და ვითარ მოეახლა მარტომყოფსა, მივიდა ხატსა მას ჴელით-უქმარსა, რომელი თჳთ გამოისახა ტილოსა, ხატისა მიერ კეცსა ზედა. მოყვანება ბრძანა მარტომყოფისა ხატისა, და ევედრა ცრემლითა, და შეუვრდა, და განკურნა, ვითარ უფლისა მიერ განკურნებული ცხედარსა ზედა მდებარე, და ესრეთ მრთელი მოვიდა პალატად ტფილისისა, და იყო განსუენებასა შინა თჳნიერ ამისსა, რამეთუ მთავარნი და ერისთავნი ვერ სცვალნის შიშისათჳს ყაენისა. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარ ბრძენისა სოლომონისათჳს წერილ არს, ჟამსა სიბერისა მისისასა არა მართლად ვიდოდა წინაშე ღმრთისა, და მძლავრებისაგან თათართასა უცალო ქმნილმან, იწყო შლად საყდართა საეპისკოპოსოთა, რომელი სანატრელთა მეფეთა შესავალნი სოფელნი მიენიჭნეს, განსცემდა, ეგრეთვე მონასტერთა. ამას თანა სხუანიცა ბოროტნი აღძრნა მტერმან, რომელნი არა საჴმარ არიან თქმად, და მძლავრა სიბერესა შინა, ვითარ სოლომონს. ამისთჳს სწრთვიდა ღმერთი არა ჩუენებითა, არამედ შუენიერებითა ძისა მისისათა სიკუდილისა გლოვითა, ვინათგან უგუნურებასა შინა ვართ ნათესავნი ადამისნი, და გულს-მოდგინედ მიდრეკილ არს გული კაცისა ბოროტისა მიმართ, ვითარცა წერილ არს: „არა ინებეს, შეგონებად, არამედ გარდავჴედით ცხოვრებასა ჩუენსა, და ყოველნი ვართ ამაოებასა შინა“, ვითარ იტყჳს ბრძენი ეკლესიასტე: „ამაოება ამაოებათა და ყოველივე ამაო არს“, და მზესა ამას ქუეშე ხილულსა ყოველსა ამაოებასა მისცემს.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>