ხოლო ჩუენ გზისა მცირდ გარდამაბიჯებელნი, კუალად მოგზაურ ვიქმნეთ. და ვითარ მოიწია მსგეფსი სიბას წარსლვისა, წარვიდა მეფე კუალად. ხოლო მუნ ყოფასა მისსა დასნეულდა ძე მისი გიორგი, რამეთუ დიდი ნუგეშინის-ცემა აქუნდა მეფესა საბრძანებელსა მისსა, და მისვე სისხლისა მდინარებისაგან აღსულდა, და დაუტევა მსწუხარება მიუთხრობელი ყოველთა მკჳდრთა სამეფოსათა, დიდითგან მცირეთამდე. ხოლო გუამი ყრმისა გიორგისი დაასუენეს საყდარსა სიონისასა, რათა მოიცადონ მეფე. და ვითარ წარჴდა ჟამი მცირედ, მოვიდა მეფე ტფილისს. ვითარ არავინ გამოგება ცინა, თჳნიერ მცირეთა მოქალაქეთასა, ზარ-განჴდილი მიისწრაფდა პალატად, სადა დახუდეს სპანი და ვაზირნი დამალულნი და შავითა მოსილნი. და ვითარცა აუწყეს სიკუდილი ძისა მისისა გიორგისი, მყის, სმენასავე თანა, დაეცა და კნინღა მკუდარ იქმნა. და ესრეთ შეიღეს პალატად ჴელთა ზედა მქონებელი და ძლით მოვიდა ცნობად, რამეთუ უკეთუ მოისპოს სული, მყის მოისპობ ცნობა, და უკეთუ მოისპოს ცნობ, არა თანა მოისპობის სული, სიტყჳს-მოქმედი იტყჳს; ვინათგან ტკივილთა მიერ უზომოთა მოცვულ იყო, და შვილობისა სიყუარული და კულად სიტურფე-აღმატებულება ათრვამეტისა წლისა მყოფისა, სიმჴნე, სამჴედროთა ზნეთაგან განსრულება, ტკივილნი მრჩობლ ზედა დაერთვოდეს. სალმობიერითა გოდებითა გოდებდა და სიკუდილსა აღირჩევდა თავისა თჳსისასა, რაჟამს იხილა აღყვავებული და შუენიერი გუამი ძისა მისისა გიორგისი მკჳდრად, უფერულად მდებარე, რომელსა იგლოვდა ერი. და ვაებით წარიღეს. მცხეთას, და მუნ დაკრძალეს, და უკმოიქცეს მწუხარებითა სავსენი. ხოლო ესოდენ განუმრავლდეს ტკივილნი შვილისა საყუარელისანი, რომელ მიერითგან არღარა აქუნდის ლხინება, და სენთაცა მრავალთა მოიცვეს და გუამითა უძლურებდა უმრავლესთა ჟამთა, გარნა მონებდავე ყაენსა აბაღა, რამეთუ არა იყო სხუა ღონე.
აქა შინა იწყო მანკაბერდელმან სადუნმან განდიდებად, რომელი პირველი ულოს შეეწყალა, რკინობისა ძლით. და ყაენმან აბაღაცა პატივ-უყო, და დიდი საჰიბმდივანი კეთილსა უყოფდა, მით რომელ ცოლსა მისისა ავაგის ასულისა, ხუაშაგისა, ეჯიბობა აქუნდა, და მეფესა დიავითსაცა მიებოძნეს მისთჳს მრავალნი ქუეყანანი.
ამათ ჟამთა იქმნა განდგომილება თათართა ურთიერთას, რადგან განუდგა ყაენსა აბაღას თეგუდარ ყაენი, ბარახას ძმა უმრწამესი, რომელი იყო ზემოჴსენებულისა ჩინგიზ ყაენის შვილისა ჩაღატა ყაენის ნათესავი, რომელსა ეპყრა ქუეყანა თურანისა და დიდი თურქეთი. ესე ბარახა ყაენი იყო თურანსა, და წარმოავლინა ძმა თჳსი თეგუდარს ხარაჯა ქუეყანისა, რომელ მას წარჴდომოდა, ვითარ ზემო თქმულ არს, თეგუდარს მიხუდებოდის. ესე მივიდა, ორისა ბევრისა ლაშქრისა მქონებელი. შეიწყნარა აბაღა, და უჩინა ზაფხულის სადგურად ვიდრემე მთანი არარატისანი და საზამთროდ რაჴსისა პირი და ნახჭევანი.
ესრეთ იყოფოდა თეგუდარ. შეშურდა ყაენობა აბაღასი, და მიუმცნო ძმასა თჳსსა ყაენსა ბარახას, ჯეონს იქით მყოფსა, ვითარმედ: „რად მივსცემთ ყაენობასა და ქუეყანასა დიდსა აბაღას! აწ წარმოემართე მანდით შენ და აქათ მე, და ორთავე შევმუსროთ აბაღა, და ჩუენ დავიპყრათ ქუეყანა მისი“. ხოლო მოივერაგა ესრეთ, თავი შეშისა ისრისა აღმოთხარა, და ძულითა პილოსათა შეაწებნა სამნი ისარნი და მათ შინა შთადვა წიგნი, ამად რომელ ყოველგან გზისა მცველნი განჩენილ იყვნეს თათართაგან ძუელითგან და განიკითხიან მგზავრი და მოციქული; და ვითარ მივიდა თეგუდარის მოციქული ძმასა მისსა ბარახა ყაენს წინაშე, სთნდა სიტყუა და განზრახვა თეგუდარისი, და მიუმცნო მანცა ეგრეთ, რათა პაემანსა შეკრბენ ერთად, და დაამჴუან აბაღა ყაენი და დაიპყრან ჴელმწიფობა. და მოუწერა განჩინებული დრო პაემანისა, რომელ მას ჟამსა უკუადგეს თეგუდარსა, რომელსა ჟამსა გამოვიდეს ჯეონსა ბარახა სპითა მისითა.
ხოლო განგებამან ზენამან განაქარვა განზრახვა მათი, და დაიცვა აბაღა უმანკოებისათჳს და სიწრფოებისა და სიმართლისათჳს, და შესცთა მწიგნობარი მისი და ორითა მთოვარითა დაწერა განდგომა თეგუდარისა, რამეთუ თუქენი მათნი მთოვარითა აღრაცხილ არიან. და შთადვა მანცა თავსა შინა ისრისასა წიგნი ესე. და წარმოვიდა მოციქული, და მოიწია ნახჭევნის ველსა თეგუდარს წინა და მოსცნა ისარნი, და განაღო თავი ისრისა და პოვა დაწერილი ძმისა მისისა ბარახასი. და ჟამიცა პაემანისა მოახლებული პოვა წერილსა მას შინა, და მყის აღეკაზმა, ბარგითა და დედაწულითა, კაცი მბრძოლი ვითარ ბევრი ერთი და ხუთასი. რამეთუ სხუა იგი ლაშქარი ვერ ესწრა სისწრაფისაგან, ნუ უკუე განცხადნეს საქმე მისი, და ბოროტი ეყოს აბაღას მიერ. აიყარა და მომართა მთათა ღადოსათა, კარჩხალთა და კარისათა, რომელ არს შორის. შავშეთსა და აჭარასა, და დადგა თავსა შავშეთისასა ფიჭუთას, და ეზრახა სარგის ჯაყელსა, რათა მისცეს გზა, უკეთუ უნდეს წარსლვა აფხაზეთისა მეფესა დავითს წინაშე, რათა იგი იყოს შუამდგომელ მეფისა და თეგუდარისა, და უკეთუ განუმარჯუდეს, დიდად განადიდოს სარგის.
და ვითარ ამას ზრახვასა შინა იყვნეს, სთნდა სარგისს სიტყუა თეგუდარისი. მოუწოდა სპათა მისთა და დიდსა შანშეს შვილსა ივანეს მანდატურთ-უხუცესსა, და წარმოავლინა დევნად თეგუდარისა, და აჩინა მჴედართ-მთავრად სირმონ, ჩორმაღან ნოინის შვილი, კაცი წყობათა შინა სახელოვანი და შემმართებელი, და მრავალნი ნოინნი სხუანი, და მოიწივნეს მთათა არტანისათა, და დაიბანაკეს მუნ.
ხოლო იქმნა ესეცა საკჳრველი ყოველთა ნაშობთა დედათა უმეტესისა, რომელმან ღმრთისა სიტყუასა, ქალწულისაგან შობილსა ქრისტესა ღმერთსა ჩუენსა, თჳსითა ჴელითა ნათელ-სცა, და ჴმა მამისა ზეცით ესმა, და სული წმიდა სახითა ტრედისათა იხილა, და სამებისა წმიდისა ერთი არსება ცხად ყო და გუასწავა, იოანე ნათლისმცემელმან, - ამისი უდაბნო შენ არს, და არა უცნაურ, მთათა შინა ღადოსათა ოპიზა, უპირველესი ათორმეტთა უდაბნოთა. ამას შინა უპირატესი ყოველთა წინასწარმეტყუელთა და მოწამეთა, ყოველთა უაღრესთა ნათლისმცემლის იოანეს ჴორჴი იგი, რომელი არა დადუმდებოდა ქებად ღმრთისა მოსრულისა, და მამხილებელი ჰეროდეს უსჯულოებისა და ესრეთ პატიოსნისა საუნჯითა განშუენებული და საღმრთოთა კრებულითა აღსავსე იგი საყოფი ნათლისმცემლისა, და ჭეშემარიტი თჳთ თავადისა საყოფი, ვითარ სიტყუა ცხად ყოფს. ესე რა სიდიდე უდაბნოსა ოპიზისა და შემკობა მისი პატიოსნითა ხატითა, და კანდელთა მიერ აღსავსეობა, ინება წარმოღება მისი, და წარმოავლინა ვითარ ათასი მჴედარი, რათა მოაოჴრონ. ხოლო წარვიდეს მთისა გზასა, რომელი მივალს კარჩხალთა კერძო. გარნა არა დაიდუმა მსჯავრმან ზენამან, რამეთუ ეგოდენი წმიდანი მამანი, რომელ მას ჟამსა ბრწყინვიდეს ოპიზას, სასწაულთა ნიშთა მიერ გაბრწყინვებულნი და მინდობილნი წინამორბედისა იოანესნი წარმართთა მიერ მოწყუედილნი, და ჴორჴი იგი, დაუდუმებელი ღმრთისა ქადაგი, არა უპატიო ყო ღმერთმან; ამისთჳს დაიცვა საყოფი თჳსი და მოუვლინა ნისლი და სიბნელე, და ვერღარა ვიდოდეს ფერჴითა საძაგელითა, რამეთუ მოახლებულ იყვნეს უდაბნოსა. და დადგეს მთისა მის ძირსა, რომელსა ეწოდების ძეგლი, რომელსა ზედა შენ არს ეკლესია წმიდისა გიორგისი, რომელ არს [შორის] ოპიზას და მიძნაძორსა. მაშინ მოხედნა წყალობით სამკჳდრებელსა თჳსსა იოანე ნათლისმცემელმან, მსგავსად ყოვლად უბიწოსა ვლაქერნისა ღმრთისმშობელისა, და მოავლინა ქარი სასტიკი მთისა ღადოსა და ხოშკაკალა სეტყუა და წჳმა მძაფრი, და აღდგეს ღელვანი ვითარცა შუა ზღუასა, და წარმოეცა წყალი მძაფრი და იქმნა მდინარე დიდი, რომელი განსწორდა ვიდრე წუერადმდე ძეგლისა, რომელი აწცა იხილვების დიდი იგი ნაღუარევი, რომელი შევალს მართლ ზედა-ზედა წყალსა შავშურსა. ზედა მოეტევა წყალი და წარიხუნა თათარნი სრულიად კაცი და ცხენი, არა დაშთა თჳნიერ კიდე ერთისა კაცისა. და წარვიდა თხრობად თეგუდარისა, ვითარცა იობის ზედა ღაღადისი, ვითარმედ: „სახლი ღმრთისა არს ადგილი იგი, საყოფი მონათა ღმრთისათა, ერიდენით მუნ მისლვად“.
იდგა მაღალსა არსიანის თავსა, მოვიდეს და რიყეს, ვითარმედ: „მოვიდა ლაშქარი დიდი აბაღასი, და დადგეს მთასა არტანისასა, და ხვალე მოსლვად არიან აქა“. ესმა თეგუდარს და, რა გათენდა, აღყარა ბარგი და დედაწული თჳსი, და უკუ აყენა მთასა მაგარსა კარისათა, რომელსა ერთ-კერძო შევალს გზა, და თჳთ ლაშქრითა და მეომრითა გარდმოიარა არსიანი აქეთ, სირმონ ჩამოვლო მთა ყუელისა, და მოვიდეს ორნივე თავსა ყუელისასა. სირმონ წინა დაუდგა, რომელი იყო ბრძოლათა შინა სახელოვანი, ეგრეთვე ძლიერნი მბრძოლნი თეგუდარისნი: სეგზი ჯოლაქი, აბიშხანოხი, თელქა-დემურ, რომელთა დიდად ძლიერი ომი გარდაიჴადეს, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ. და განგრძელდა ორგნითვე ომი, იძლია თეგუდარ, და ივლტოდა დედაწულითა მიერ მთასა ღადოსასა, ჯნალის თავსა, და მიუდგა უკანა სირმონ, ხოლო თეგუდარ დაუდგა სიმაგრესა მთისა[სა] მინდობილი. და კუალად იქმნა ომი ძლიერი ორ დღე.
და ვითარ მისჭირდა თეგუდარს. ივლტოდა უცნაურად, რომელიმე აჭარით და რომელიმე ნიგალისჴევით, რომელი ყოვლად უვალ იყო კაცთაგან, და არა დასაჯერებელ არს კაცთაგან, უკეთუ ვისმე ეხილნეს მთანი იგი, რომელ წარვლნეს, რამეთუ ყოვლად შესაძრწუნებელ არს სლვა კაცისა, არა თუ ცხენისა, პირველ სიმძაფრითა და მერმე ტყისა სიჴშირითა და შქერთა და ეკალთა, რომელსა ბურწუმალ ეწოდების, განრთხმული ბრძღუმლითა რომელი ნადირთაგნცა უვალ იყო ადგილი რომელი შთავლეს. და იქმნა ესეცა, რომელ განვლეს ტყესა ერთსა, ქუეშეთ კლდიანსა და ზედათ მიწისა მცირისა მქონებელსა, და ზედა მოშენებულ იყო ტყე; გაღმართ განმავალთა წარუსქდა მთა იგი, ვითარცა ზუავი თოვლისა, კაცსა ვითარ ათასსა, დედაწყლისა მქონებელსა, და შთავიდა ჴევსა აჭარისასა, და დაიპყრა ცხენი და კაცი და ყოვლად უჩინო ყო, და ესრეთ საწმალობელად მოისრვოდეს. და ესრეთცა ადგილსა მას სთხრიან მაჭარმლნი და ჰპოებენ სამკაუშლთა დედათასა, ოქროსა და ვეცხლისათა.
ჩაიარეს აჭარა და ნიგალისჴევი, და მერმე შეიარეს გურია, და მივიდეს ქუთათისს მეფესა დავითს წინაშე. ხოლო იგი სიხარულით მოეგება და სერი დიდი განუმზადა; ხუთასი ზროხა მოხარშული დაუდვა, თჳნიერ ღორისა და ცხურისა კიდე, და ლაშქრისა გამოსაზრდელად მასვე დღესა ცხენი ექუსასი, ზროხა ათას ხუთასი, ცხოვარი ათასი, ღორი ორი ათასი. ესე ყოველი მას დღესა მოიღო თეგუდარს წინაშე, და მან განუყო ლაშქართა რომლისათჳს დიდად გნკჳრდეს თეგუდარ და სპანი მისნი. ხოლო ღჳნის ამარი არა იყო, მოიღეს ურმითა და ჭურითა და აღმოასხმიდეს. ესრეთ კუალად ისტუმრა მეფემან დავით. რომელი იყო უხჳ და მდაბალი, და მეცნიერი ყოველსა საქმისა, და სახელისა მომხუეჭელი. ესე ვითარცა მონა დაუდგა სასამსახუროდ თეგუდარს.
ეგრეთვე დედოფალმან, ასულმან მაღლისა ჴელმწიფისამან, პალიალოღოს კოსტანტინეპოლის მეფის ასულმან, ამანცა ეგრეთვე პატივ-სცა ცოლსა თეგუდარისსა; და გაუშინაურდეს ურთიერთას, და მიენდვნეს, და ზედას-ზედა მივიდის დავით მეფე თეგუდარს წინა და განუჩინის ყოველივე წესი და რიგი მისი, და ესრეთ იყოფოდა წინაშე მისსა.
და ვითარ შეიქცა სირმინ გამარჯუებული ყაენს აბაღას წინაშე, მაშინ მოვიდა კაცი გზათა მცველთა ხუარასნით, ვითარმედ: „შეიძრა ულუსი დიდი თურანისა, და ყაენი დიდი ბარახა გამოვიდა ჯეონსა, უამრავითა ლაშქრითა“. რამეთუ ბარახა პაემანსა გამოსულ იყო, და თეგუდარის გარდახუეწა აუწყეს. ვითარცა ესმა აბაღას, განკჳრდა, მოუწოდა ყრმათა მისთა და ყოველთა ქართველთა. მაშინ მეფე დავით შვილის სიკუდილითა დაუძლურდა, არამედ ეგრეთვე წარვიდა ყოვლითა ძალითა მისითა. წარვიდეს ხუარასნით კერძო და მივიდეს ჰერს, და მიერ მინდორსა ამოსისასა, და და ეახლნეს ურთიერთას. წარავლინნეს მეფე და სპანი მისნი წინათ, რათა დაიცვნენ ლაშქარნი მისნი დასხმისაგან ბარახასა, და ულუსი და სპა მისი განიცადოს. და სხუანიცა ნოინნი წარგზავნნა წინა წარსლვად, ვითარ ოთხსა გინა ხუთსა მილიონსა. ამცნო, რათა იხილონ სპა ბარახასი, რომელი მათვე შემოეყენა, და გარე-უკუნიქცეს. ამათ წინა შორს მდგომთა ყარაულად უწოდიან ენითა მათითა.
და წარვიდა მეფე და ყარაულნი თათართანი აბაღასნი და ვითარ ვლეს ორი დღე, დადგეს ადგილსა ერთსა. მიმწუხრი და ცისკარი რა მოეახლა, იხილეს მტუერი დიდი, ამოსის მინდორსა ამაღლებული, ვითარ ღრუბელი. ცნეს, ვითარმედ ბარახასი და სპისა მისისა არსო. აეკაზმნეს მეფე და სიქადურ, და ენება სიქადურს გარე-უკუნქცევად შიშისაებრ აბაღასა, და რქუა მეფესა: „ჩუენ ყარაულნი ვართ, და ლაშქართაგან მცირედნი, და აჰა განგჳცდიან ლაშქარნი, და წარვიდეთ ყაენს წინაშე, და ვაცნობოთ მოსლვა მისი“. ხოლო მეფემან თქუა: „არა არს წესი ჩუენ ქართველთა, უკეთუ ვიხილოთ მტერი ჩუენ კერძო მომავალი, შეუბმელად ზურგი შემოვაქციოთ, დაღათუ იყოს სიკუდილი“. ვითარცა ესმა თათართა, განკჳრდეს და განწყრეს, და ზედა მოუჴდეს მეფესა და ეტყოდეს: „არა იცი რასა იქმ, არა გაქუს ბრძანება აბაღასი უმისოდ შებმა დიდისა ყაენისა; თქუენ ქართველნი უცნობონი ხართ და არა იცით საქმე“. და მრავალსა ევედრებოდეს მეფესა და ყოველთა სპათა მისთა, და ბოროტის ყოფასაცა აქადებდეს აბაღას მიერ, გარნა ვერ არწმუნეს უკუნქცევა. მაშინ წარავლინეს მსწრაფლ კაცი ყაენს წინაშე და აცნობეს: „აჰა მოვიდა ბარახა დიდითა ლაშქრითა, და ჩუენ ვხედავთ მტუერსა დიდსა ამოსისა მინდორსა, სრულიად მტუერითა დაბნელებულსა, და ჩუენ, ბრძანებისაებრ თქვენისა, გუნებავს გარე შექცევა და წინაშე შენსა მოსლვა, გარნა ქართველნი, უცნობო-ქმნილნი, არა მოვლენ ჩუენ თანა. ამას იტყჳან, ვითარმედ არა გუაქუს ჩუეულება, რათამცა მტერი თუალითა ვნახოთ და გარე შევიქცეთო. აწ არა თუ შენ ყაენი მოხვალ და შენ განაგებ, ჩუენ განგჳწირავს თავნი ჩუენნი სიკუდილად. და ისწრაფე შეწევნად ჩუენდა“.
ვითარ მოიწია მოციქული და ესმა მოსლვა ბარახასი და ყარაულთაგან არა მორიდება, განკჳრდა, და მსწრაფლ ამჴედრდა სპითა მისითა, და წარისწრაფა და მიესწრა რაზმწყობილთა, და მოიყვანა მეფე და რქუა: „ვიცი სიმჴნე თქუენი ბრძოლათა შინა. თქუენ ქართველნი ურჩნი ხართ და შმაგნი. უკეთუმცა ნოინს რომელსამცა ექმნა, მო-მცა-ვკალ; ამისთჳს არა ბრალეულ გყო, რამეთუ უმეცარნი ხართ წესისა ჩუენისანი. აწ დადეგ წინათ ლაშქრითა შენითა“.
ხოლო მეფე გარდაჴდა ცხენისაგან თაყუანის-ცა ყაენსა და რქუა: „დიდო ყაენო, არა არს ჩუეულება ქართველისა, რათა მტერი იხილოს და ზურგი შემოაქციოს. აწე ბედნიერმან თუალმან ყაენისამან გჳხილოს, თუ ვითარ დავდვათ თავი ჩუენი სიკუდილად“. და წარვიდა მეფე, და დაეწესა წინა-კერძო, ხოლო დიდი იგი და მჴნე აბათა ნოინი, რომელი იყო მჴედართ-მთავარი, რომელ არს ამირსპასალარი, მარცხენასა მჴარსა, სირმონცა დიდი იგი მარცხენითვე, სიგადურ, ტონღა ბუღა, ჯინილის, არღუნ აღას და იას ბუღა მარჯუენით, და სხუანი ნოინნი განაყენნეს მარჯუენით და მარცხენით. ეგრეთვე რაზმ-წყობილი ბარახა მოიწია.
მაშინ გამოჩნდა კაცი ერთი, სახელით ალიყან, ასისა კაცისა თავადი და არა საჩინოსა გუარისა, არამედ ტანითა დიდი და ახოვანი, ძლიერი ძალითა და უშიში მჴნედ, და აღმატებული სიტურფითა, ჰაეროვანი და შუენიერი. ამან ითხოვა აბათა ნოინისაგან, რათა ფარმანი მისცეს წინამბრძოლობისა, ოდესცა სთნდეს და მისცა სათხოველი ესე აბათა ნოინმან, და ამას შინა მოეახლნეს ორნივე სპანი ურთიერთას, და იქმნა ომი დიდი და საშინელი. ამან ზემოჴსენებულმან ალიყან წინა შეუტივა რაზმსა მათსა, და განაპო და განვიდა რაზმსა მათსა ყოვლითა მოყუსითა მისითა. შეკრბა და იწყო თქმად ალა-ალასა, და მოიქცა, და კუალად განხეთქა რაზმი მათი, და გამოვიდა აქათ. და მეორედ კუალად მიმართა, დაფრიწა რაზმი და განვიდა იქით, და იწყო თქმად ალა-ალასა, და ეგრეთვე ქართველთა იწყეს ძლიერად ომი, რამეთუ თჳთ ხედვიდა ყაენი, რომელ წინამდგომთასა მეფემან და სპათა მისთა უწინ შეუტივეს და სივლტოლად მიდრიკნეს. ეგრეთვე აბათა ნოინმან ძლიერად იღუაწა ესოდენ, რომელ ოხჭანსა შინა ომისასა სრულიად შეჭურვილი კაცი აღიღო უნაგირისაგან და ტახტასა თჳსსა შემოიდვა, და აქუნდა სრულსა ომსა შინა ჴელთა თჳსთა, ვითარცა არწივსა კაკაბი. ეგრეთვე სირმონ იღუაწა ძლიერად, და ყოველნი მათ-კერძონი სივლტოლად მიდრკეს. ხოლო ბარახა ყაენი შეემთხჳა მარჯუენით აბაღასთა, სიქადურს, ტონღა ბუღასა, ჯინილის და არღუნ აღას, ესენი მსწრაფლ სივლტოლად მიდრიკნა ბარახა, ვიდრე მეორე დღე ამათ სდევნიდა, ხოლო აბაღა ორ დღე მათ სდევნიდა, და ვერ ცნეს რაზმისა სიგრძისაგან თუ რა შეემთსჳა, და ვითარ ცნა ბარახა გაქცევა და ამოწყუეტა სპათა მისთა, დაბრუნდა, ეგრეთვე აბაღაცა, და შეიმთხჳვნეს კუალად ურთიერთას, და განეწყუნეს. ვითარ იხილა აბათა ნოინმან ყაენი ბარახა, აღიღო შუბი და მარტომან მიმართა რაზმსა მათსა, რამეთუ იყო ესე აბათა ნოინი კაცი ახოვანი ბეჭითა და მკერდითა, მსგავსი ლომისა, უშიში, ძლიერი შემმართებელი და ჰაეროვანი, ტკბილი და სახიერი და სიტურფე-აღმატებულილი. და ვითარ მიახლდა სპა მისი, სდევნეს და მოწყჳდნეს სული ურიცხჳ, და ტყუე ყვეს, და ესრეთ განმარჯუებულნი მოვიდეს ურდოთა მათთა.
ხოლო ვითარ იყო ყაენი აბაღა ხუარასანს ბრძოლად ბარახა ყაენისა, მაშინ ზემოჴსენებულმან თეგუდარ წარმოავლინნა სამნი მჴედართ-მთავარნი მისნი დედაწულითა და ბარგითა მათითა, სახელით სეგზი ბადურ, და აბიბახა, და თოლაქ დემურ, და მეოთხე ჯოლაქა. წარმოვიდეს და მოვიდეს და დადგეს მთასა ზედა, რომელი აღმოივლის შტოდ კავკასისა, რომელ არს ლიხი. და ვითარ წარვლეს დასავლით კერძო, რომელსა უწოდენ ღადოდ, და ამათსა შესაყარსა დემოთისასა, დადგეს თათარნი ადგილსა, რომელსა ეწოდების ლომისთავი, და მიერ არბევდეს ჯავახეთსა ვიდრე ფარავნამდე. მაშინ მუნ მდგომთა თათართა ჩამოვლეს ეკერის ჴევი, და განვლეს აწყუერს ზედა ფონი მტკურისა, და განვიდეს ჯავახეთს და მუნ დახუდა ჯოგი კახა თორელისა, რომელსა აქუნდა პატივად მეჭურჭლეთ-უხუცესობა, და ყურუმჩის ვისმე ჯოგი ათასისა მჴედრისა თავადისა, არა ალიყანისა შვილი, ყურუმჩისი, არამედ სხჳსა ვისმე, და წარმოიღეს და მომართეს სადგურსა მათსა ლომისთასა. ესმა ყურუმჩი ბადურსა, და მოუწოდა კახას თორელსა და დევნა უყვეს.
ხოლო თეგუდარიანნი განსრულ იყვნეს მტკუარსა, სადა მოერთვის წყალი გურკლისა, და ესენი მივიდეს პირსა მტკურისასა, რამეთუ იყო სიმრავლე ფრიადი თათრისა და ქართველთა სპისა. რამეთუ ისინი მცირედნი იყვნეს, იძიეს ღონე, თოლაქ დემურ განვლო მტკუარი ოცდაათითა კაცითა უგრძნაულად და სხუანი დაუდგეს პირსა მტკურისასა. თოლაქ დემურ აღვლო ჴევი და აღვიდა ქედსა, და აღაბა ალამი რამე სხუა დროშისა, და მოეტევა ჴმითა მაღლითა. და ვითარ იხილა ყურუმჩი ბადურ წინათ და უკანა კერძო ლაშქარი, ჰგონა სიმრავლე სპისა მის და შეშინებულ იქმნა, და ივლტოდა მსწრაფლ შეშფოთებული, სადა-იგი სიმრავლე მოიკლა კაცთა კეთილთა, და ორთა კოხტელთა მიიღეს აღსასრული, და სამძივარი ცხენ-მოკლული ჭურვით ივლტოდა და აწყუერს შევიდა, მჴედართ-მთავარი თათართა ყურუმჩი ბადურ მო[ი]კლა, და უწესოდ დაბნეულნი, გზისა მეოტისა ვერ დამპყრობელნი შეივლტოდეს მთად რუგეთისა, აღმართსა ძნელ-სავალსა, სოფელსა, რომელსა რქჳან კჳრიკე-წმიდა. დაბრუნდეს, და გამარჯუებულნი მივიდეს ყაენის ძმისა თეგუდარისა თანა. და ალაღებული თეგუდარ გარდამოვიდა ქართლს, და მოაოჴრებდა ყოველსა ქართლსა.
მაშინ ევედრა ყაენი აბაღა მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა, რათა არღარა შეეწიოს და არცა შეუშვას თეგუდარ, და ნიჭთა დიდთა აღუთქმიდა, რამეთუ იჭჳსა მქონებელი ღალატ[ი]სა თეგუდარის ყმათაგან განცხადებულად მცნობელი, თჳნიერ თეგუდარის კითხვისა, ერჩდა აბაღას დავით მეფე, და შეკრა გზანი, რომელ არღარა შეისლვებოდა ცხენითა. ხოლო თეგუდარ არა უწყოდა; და ვითარ ცნა აბაღა, რამეთუ არღარა შეეწევის მეფე დავით, გარნა წერილ არს, ვითარ აფროსინელთა შინა სიტყუა, იტყჳს ვინმე, იბრძოლებოდეს რა ანტიპატროს და ყრმა კასანდროს მოაკუდინა, - ცნა აბაღა ყაენმან და წარმოავლინა მჴედართ-მთავარი მისი სირმონ ბადური, და სხუანი მთავარნი ნოინნი, და სპისა სიმრავლე, და მოვიდეს თრიალეთს, და მოუწოდეს მეფესა დავითს და სპათა მისთა. რამეთუ მეფე სნეულობდა მას ჟამად. და წარმოავლინა ყოველნი მთავარნი მისნი, სირმონს თანა, და შთავიდა სირმონ ქართლად. და ცნა თეგუდარ მოსლვა სირმონისი, წინა განაწყო სპა მისი, და იქმნა ბრძოლა ძლიერი, და მოსწყდა ორგნითვე ურიცხჳ, და ესწრა ღამე და გაიყარნეს რა გათენდა, განეწყუნეს ურთიერთას პირისპირ. იქმნა ბრძოლა ძლიერი, და სპა მეფისა წინამბრძოლობდა, და ვითარ აღერივნეს ურთიერთას, ივლტოდა სპა თეგუდარისა, მიმოდაიბნივნეს, მოისრნე და უჩინო იქმნეს. და დარჩეს თეგუდარ და ძე მისი მცირე უღონოქმნულნი, მივიდეს სირმონს თანა, და ევედრა, რათა ყაენი აბაღა იხილოს მან და ძემან მისმან. ისმინა სირმონ, გარნა დააპატიმრნა, და აღიღო ტყუედ დედაწული მისი და ყოველი სიმდიდრე და ბარგი და საქონელი და ჯოგი, და მივიდა აბაღას წინაშე, და მიიყვანა თეგუდარ და ძე მისი. ხოლო აბაღა არა ავნო რა, რამეთუ იყო კაცი მოწყალე და შემნდობელი, ვითარ ზემორე ვთქჳთ, და წარგზავნა ქუეყანასა ერაყისასა, და მისცა ათორმეტი კაცი მას და ძესა მისსა, საზრდელი და შესამოსელი უხუად, ქორ-შავარდენი და ავაზა, და განუჩინა სარჩომი, რომელ არა აკლდეს, და მცველნი დაუდგინნა, რათა არღარა გაუშუას მამულსა მისსა. და ესრეთ განსუენებით იყოფოდა და აღსრულდა. და ყაენმან აბაღა მრავალნი ნიჭნი და ძღუენი წარავლინა მეფესა დავითს წინა, და ქართლს მრავალნი სოფელნი და ატენი მისცნა.
მაშინ წარვიდა ყაენი სიბად, და თანა წარიტანა დავით მეფე. და იყო ჟამი ზამთრისა, და რა ზაფხული მოიწია, წარმოვიდეს, და მგზავრ მომავალსა მეფესა შეედვა სალმობა მუცლისა. და ვითარ მკურნალთა ვერ უძლეს კურნებად, მაშინ ევედრა ხატსა მას მარტომყოფისასა, და მივიდა მის წინაშე, ვითარ ჩუეულ იყო, რამეთუ პირველ ამისსა მუცლისა სნეულებითა შეპყრობილ იყო და ვითარ მკუდარი იდვა, უსიტყუოდ, და აღედგინა ხატსა ჴორცშესხმულისა ღმრთისასა. ხოლო აწ არღარა პოვა ლხინება, ამისთჳს რომელ მოაკლო ღმრთისმსახურება, და იწყო რღუევად საყდართა და შლად. ამისთჳს აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა, და პირველ წელთა მოკუდა ძე მისი პირმშო გიორგი, სიკეთე-აღმატებული, და აქა მიიცვალა დავითცა მწუხარებითა ძისათა. და ესუა სხუაცა ძე, კეთილ-მოჴსენებული, მჴნე და ქველი, სახელით დიმიტრი, რომელი შემდგომად მეფე იქმნა. ხოლო ამან დავით რა დაასრულა ცხოვრება, დამარხეს სმეარხოსა მეფეთასა მცხეთას. ხოლო თქმულ არს ესეცა, ვითარმედ წამლისა მიერ აღსრულდა, ცოლისა მისისა ესუქნის მიერ მიცემითა წამლისათა. ვითარ სიტყჳსმოქმედი იტყჳს მაკედონელისა მის დიდისა მიდოსით თავ-მტკივნეულობად მყოფისა და იჭჳსა წამლისასა მიდოს[ის] და ანტიპატროს მიერ მიცემისა ეგრეთვე დავითისა თქულ არს ესუქნის მიერ, შურისათჳს ბასილი უჯარმელისა, რომელი მოაკუდინა მეფემან, უწესოებისათჳს; რამეთუ თანა ეყო ბასილი ესუქნის, და არა რიდა საწოლსა პატიოსანსა მეფისასა, და ჩოჴანიცა აღიჴადა, და მთავრობა მიიტაცა, ამის უწესოებისათჳს მოიკლა ბასილი. ვინათგან მოიწია უნუგეშინისცემო ყოველთა მკჳდრთა საქართველოსათა, რამეთუ მიიცვალა მწუხარება მეფე დავით, იგლოვეს წესისაებრ, და მრავალი ნიჭი გასცეს ეკლესიათა საყდართა და გლახაკთა საჴსენებლად მისა. გარნა მწუხარე იყვნეს ქართველნი, რამეთუ მეფე დიმიტრი მცირე იყო, და არა ძალედვა მეფობა. ამისთჳს უმრავლესნი წარვიდეს და მსახურებდეს ყაენსა, რამეთუ ვერცა დავით მეფემან სწუართნა ერისთავნი, შიშისათჳს ყაენისა.
მაშინ ზემოჴსენებულნი ღალღურ და რაჭის ერისთავი კახაბერი შეიზრახნეს ურთიერთას, რათა განუდგენ მეფესა დავითს, რუსუდანის ძესა და წარვიდეს ყაენს აბაღას წინაშე, და ეზრახნეს ალიყანს ბადურს, რომელი დგის მთათა ჯავახეთისათა, და მან აცნობა ყაენსა. ხოლო მან ნიჭნი დიდნი აღუთქუნა, და წარვიდა ღალღურ, და კახაბერის-ძე კახაბერი, რომელი იყო თესლით ბოროტი, ვითარ გუაწყებს წიგნი მეფეთა ბაღუშისთა და ნათესავთა მისთა. რამეთუ მოიწივნეს ყაენს წინაშე, შეიწყნარნა, და მოუწოდა სირმონ ნოინსა და რქუა: „მეფე დავით ესეოდენთა განდგომილებათა იქმს, რამეთუ მისსა არა კმა იყოფს, და ყოველთა განდგომილთა ჩუენთა თანა შეეწევის, ვითარ თეგუდარს, და აწ ღალღურს. ხოლო მე ნიჭნი დიდნი და პატივნი წინა უყვენ თეგუდარისთჳს და კუალად ღალღურ შეიწყნარა; აწ მნებავს, რათა შური ვიგოთ მის ზედა. და ესმა რა კახაბერსა, წარსდგა და თქუა: „უკეთუ ნებავს ყაენსა შურისგებად დავით მეფესა ზედა, მე მისთჳს მოვსულვარ, ვიცნი გზანი შესავალნი, და წარვასხამ ლაშქართა, და ვგონებ, რომელ მეფე ჴელთ ვიგდო. და ღალღურცა იცის გზა და ძალი ქუეყანისა მათისა“.
მაშინ უბრძანა ყაენმან აბაღა სირმონ-ნოინს, ალიყანს, და თაიჩოს, და აბჩის, რათა ილაშქრონ მეფეს დავითს ზედა. და შეკრიბეს სიმრავლე ლაშქრისა სამი ბევრი, და გამოვლეს თრიალეთი, და გარდავლეს მთა ლიხისა, და ზედა დაესხნეს ქუთათისს აბანოსა შინა მყოფსა მეფესა, და ძლით შეესწრა ცხენსა, ერთითა კაბითა მარტო ივლტოდა, ხოლო თათართა მოაოჴრეს ეკლესიანი, და მრავალი სული ქრისტიანე მოიკლა და ტყუე იქმნა, და უვნებელად მივიდეს ყაენს წინაშე. ხოლო მეფე, საკჳრველებით დაცვული ღმრთისა მიერ, განერა და ვერ ესწრა მეფე ომსა მათსა, რამეთუ მსწრაფლ უკუნიქცეს თათარნი.
წელსა მესამესა კუალად წარმოვიდეს სირმონ და ალიყან აბაღას ბრძანებითა შეპყრობად მეფისა, რამეთუ დაემსტურა კახაბერსა, და არაღარა ჰგონებდა მისლვასა თათართასა. დაესხნეს კუალად, და მეფემან მიჰრიდნა, და მოაოჴრნეს ქუეყანანი. და ვითარ ცნეს შეყრა და ზედა-მოსლვა მეფისა, ივლტოდეს თათარნი მსწრაფლ, მასვე დღესა, ტყჳთა და ალაფითა.
ამათ ჟამთა სადუნი მანკაბერდელი განდიდებულ იყო უმეტეს ყოველთა მთავართა მის ჟამისათა, რამეთუ შეიყუარა ყაენმან აბაღა, და იწყო ურვად საქმეთა საქართველოსათა, რამეთუ ასული პატრონისა მისისა, ავაგ ათაბაგისა, შევედრა სადუნსა, და ხუაშაგმან ეჯიბობაცა მისცა. მაშინ შეკრბეს ყოველნი დიდებულნი საქართველოსანი და წარიყვანეს მეფის ძე დიმიტრი ურდოსა, და მივიდეს შანშეს მისა ივანეს თანა მანდატურთ-უხუცესსა, და წარჰყვა იგიცა ურდოსა. და მიიყვანეს ყაენს წინაშე ურდოსა და დაუურვეს მეფობა. და ვითარ იხილა ყაენმან დიმიტრი, შეიწყალა და შეიყუარა, რამეთუ იყო ქმნულ-კეთილი და შუენიერი ხილვად, და მოსცა ყოველი სამეფო თჳნიერ სარგის ჯაყელისა, და წარმოატანა თანა სადუნი, რომელსა უბოძა მეფემან დიმიტრი ათაბაგობა. და მოვიდა ტფილისს, და დასუეს ტახტსა მამათა მათთასა, დააღასრულეს. წესი კურთხევისა კათალიკოსმან და ეპისკოპოსთა და ყოველთა მთავართა საქართველოსათა ჰერეთით, კახეთით, სომხითით, ქართლით, ჯავახეთით, და ტაოთ რომელნი შეკრებილ იყვნეს. და იყო მადლობა ღმრთისა და სიხარული დიდი, განცემა გლახაკთა და ობოლთა და დავრდომილთა ზედა, რათა წარემართოს მეფობა დიმიტრისი, და კეთილად განგება საქართველოსა.
<< წინ |