ქართლის ცხოვრება

ჯუანშერი

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

აქა ვახტანგ გორგასლისაგან საბერძნეთს წასლვა საომრად

წარემართა ვახტანგ შესლვად საბერძნეთად. და მიიწივნეს სომხითს, და მოერთნეს პეროჟა-კაფას, სადა-იგი ციხე აეგო პირველ ჴსენებულსა ფეროზს, ერის-თავნი სომხითისანი: სივნელი არევ, ასფურაგნელი ჯუანშერ, ტაროვნელი ამაზასპ გრიგოლის შენებულისა ქალაქისაგან, თრდატ ნათესავისაგან დიდისა თრდატისა. და მოადგეს ციხე-ქალაქსა, რომელსა ერქუა კარახპოლა, ხოლო აწ ეწოდების კარნუ-ქალაქი. და ბრძოდეს მას, ხოლო ვერ შეუძლეს დაპყრობად, რამეთუ იყო იგი ზღუდითა მაღლითა სამითა. და დაუტევნეს ორნი ერის-თავნი მჴედრითა თორმეტი ათასითა ბრძოლად ქალაქისად.

წარვიდა ვახტანგ პონტოს და მოაოჴრნა გზასა ქალაქნი სამნი: ანძორეთი, ეკლეცი და სტერი. და მოადგეს ლაშქარნი პონტოსა ქალაქსა დიდსა ზღჳს-კიდესა; და ბრძოდეს სამ თუე, და მიუწია ლაშქარმან ვიდრე ქალაქისა მის კოსტანტინისა ხოლო სპარსნი რომელ ჰპოვებდეს ეკლესიისა მსახურთა, დაჰკლვიდეს; ხოლო ვახტანგ მეფემან ამცნო სპათა სომხითისათა და ყოველთა სპარსთა, რათა არა-ვის ჰკლვიდენ მოწესეთაგანსა, არამედ ტყუე ჰყოფდენ, და რქუა მათ:

„მამის მამა ჩემი მირიან ოდეს შემოჰყვა მეფესა სპარსთასა, ძმის-წულსა თჳსსა, ბრძოლად ბერძენთა ზედა, ესე-ვითარსა უყოფდეს მოწესეთა და ეკლესიისა მსახურთა, და იძლივნეს ძლევითა ბოროტითა ურიცხუნი სპანი მცირეთა ლაშქართაგან. მიერითგან მიიღეს საზღვარი ესე ბერძენთა ჩუენ, ქართველთაგან, აღმოსავალით ზღჳსა ამის. ხოლო წყობა პირველთა მეფეთა იყო ანძიანძორს, სადა უკუე აწ არს საფლავი დიდისა მოძღურისა გრიგოლისი, და მუნით იოტნეს მეფენი ჩუენნი. ხოლო ჩუენ ათისა დღისა სავალი ჩამოგჳვლია, ჩრდილოთ მოქცეულ ვართ. და ჩუენ-ცა ვართ სჯულსა ზედა ბერძენთასა აღმსარებელ ქრისტესა, რომელ არს ღმერთი ჭეშმარიტი ყოველთა.

„ანუ არა გასმიან-ა სასწაულნი, რომელნი ქმნნეს კოსტანტინეს-ზე მეფისა წარძღუანებითა ჯუარისათა, ანუ რომელნი ქუეყანასა ბერძენთასა იქმნნეს სასწაულნი ივლიანეს-ზე მეკერპისა მეფისა? - ვითარ იგი ისარმან ზეცისამან მოკლა, და შეკრბეს სპანი ბერძენთანი და ივბიმიანოს აჩინეს მეფედ, ხოლო მან არა თავს-იდვა ვიდრემდის არა დამუსრნეს კერპნი და აღმართნეს ჯუარნი, და მას ზედა დაარქუეს გჳრგჳნი მეფისა; ხოლო ანგელოზმან უფლისამან აღიღო გჳრგჳნი და დაადგა თავსა ივბიმიანოსსა, ჭეშმარიტსა მეფესა. და ჴმა იყო ზეცით, რომელი ეტყოდა სპარსთა მეფესა ხუასროთანგსა: „დაეცადენით ბრძოლად ივბიმიანოსისა, რამეთუ ძალითა ჯუარისათა უძლეველ არს, და მიერითგან იქმნეს მოყუარე მეფე და ხუასრო, ვიდრემდის ორნი-ვე იგი შეიცვალნეს.

„ანუ თქუენ, მკჳდრთა მაგათ სომხითისათა არშაკუნიანთა, პატიახშთა ბივრიტიანთა, არა გაჴსოვანა საქმენი გრიგოლი პართეველისანი და წინა-აღმდგომთა მისთა, თრდატ მეფისა არშაკუნიანისა - ვითარ დასცა ზუაობისაგან და იქმნა იგი ეშუად? არამედ გრიგოლი მოაქცია იგი, და მიერითგან იქმნა იგი მუშაკ ეკლესიათა, და ეკლესია დიდი აღაშენა თრდატ ზურგითა თჳსითა, რამეთუ იყო იგი გმირი. ხოლო თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, ნათესავნო მეფეთა ქართლისათანო, რომელნი დღეს მთავრობასა ზედა დადგინებულ ხართ ჩუენ, მეფეთაგან, რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა ვითარცა თიკანსა მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი. მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი, ვიდრემდის შეუძლო ქმნად ქალაქი, რომლისა ქვად შექმნა ქვა ოქროდ, და ხარისხად ვეცხლი, და გარემოს მისსა მოიქმოდა აგურითა და კირითა, ხოლო ქუდნი კართა და სარკმელთანი იაკინთისა და ზურმუხტისანი შექმნა; რამეთუ მათისა ნათლისაგან ვერ შეუძლებდა დაბნელებად ღამე. და ქმნა მას შინა ტაძრები და კოშკები, რომელ ვერ შესაძლებელ არს გაგონებად თქუენდა, მოუგონებელ არს თჳთოეულისა სიბრძნე მისი, რომელი მიეცა მას ვიდრემდის აღმართა სამისა დღისა სავალსა, რომელი ექმნა აღსავალად ხარისხად ზღუდეთა ზედა. და ენება, რათა აღვიდეს ცად და იხილნეს მყოფნი ცისანი. ხოლო ვითარცა განვლო საზღვარი ჰაერისა და შევიდა საზღვარსა ვარსკულავთასა, ვერ-ღა-რა უძლებდეს საქმედ მოქმედნი, რამეთუ დადნებოდა ოქრო და ვეცხლი; რამეთუ მუნით-გამო ვიდრე-მე არს ჴელმწიფება ცეცხლისა ეთერისა მის, რომელი მგზების მძლაფრიად სამყაროსა ქცევისაგან და ესმა მუნით საზრახავი შჳდთა გუნდთა ზეცისათა, რომლისაგან შესლბეს ადამიანნი. და იქმნა ყოველი კაცი თჳთო ნათესავით-ურთ მეტყუელ თჳთო ენასა, და არღარა ერჩდე ურთიერთას პირსა მოყუსისა თჳსისასა, და წარვიდეს.

„ხოლო ნებროთს ენითა სპარსულითა რქუა: მე ვარ მიქაელ ანგელოზი, რომელი დადგინებულ ვარ ღმრთისა მიერ მთავრობასა ზედა აღმოსავლისასა. განვედ ქალაქით მაგით, რამეთუ ღმერთი ჰფარავს ქალაქსა მაგას ვიდრე გამოჩინებადმდე სამოთხისა, რომელი-ესე დგას მახლობელად ნაშენებსა მაგას შენსა, რომელსა შორის არს მთა ესე, რომლისაგან აღმოვალს მზე და გამოვლენ მისგან ორნი მდინარენი: ნილოსი და გეონი. რამეთუ გეონსა გამოაქუს სამოთხით ხე სულნელი და თივა, რომელი შეეზავების მუშკსა. აწ წარვედ შენდა. და დაჯედ ორთა-ვე მდინარეთა შორის, ევფრატსა და ჯილასა, და განუტევენ ნათესავნი ესე, ვითარცა ვინ ინებოს, რამეთუ წარუვლენიან უფალსა. ხოლო მეფობა შენი მეფობდეს ყოველთა ზედა მეფეთა, არამედ ჟამთა უკანასკნელთა მოვიდეს მეუფე ცისა, რომლისა შენ გნებავს ხილვა მისი, ერსა შორის შეურაცხსა; შიშმან მისმან განაქარვნეს გემონი სოფლისანი, მეფენი დაუტეობდენ მეფობასა და ეძიებდენ სიგლახაკესა. მაშინ გიხილოს შენ ჭირსა შინა და გიჴსნეს ღმერთმან“.

„და დაუტევეს ყოველთა ქალაქი და წარვიდეს. და დაუტევნა ჰინდურად მზრახველნი ჰინდოეთს, სინდნი სინდეთს, ჰრომნი ჰრომს, ბერძენნი - საბერძნეთს, აგ და მაგუგ - მაგუგეთს, სპარსნი - სპარსეთს; ხოლო პირველი ენა ასურებრი იყო, და ესე არიან შჳდნი ენანი, რომელნი ნებროთისამდე ზრახვიდეს. ამისთჳს მოგითხარ, რომელ მამათა ჩუენთა დაფარულად ეპყრა წიგნი ესე, ხოლო მე შურმან საღმრთომან მაიძულა თქმად ამისსა, ამის მიერ შეიწყნარა მამამან ჩუენმან მირიან სახარება ქრისტესი ნინოს მიერ.

„ანუ არა ქრისტეს მოსლვამდე მიიღებდეს მამანი ჩუენნი ხარკსა, და მუნითგან მოუძლურდით, ესე რა ბერძენნი მიღმართ ბრძვანან? და მან იხილა ნებროთ ჯოჯოხეთსა შინა და იჴსნა: იგი არს პირველი ყოველთა მეფეთა, და დანიელ-ცა ეწამების, ვითარმედ მიქაელ დადგინებულ არს ძალად სპარსთა. და თქუენ, ყოველთა ქართველთა, იხილენით სასწაულნი ესე, რომელ ქმნნა ნინო. ანუ ჰგონებთ, ვითარმედ ბერძენნი განწირნა ღმერთმან? არა უმეტესნი ქუეყანანი სპარსთანი მათ შემუსრნეს და მათ შემოურთვან, და დღეს მეექუსე თუე არს, რაჲთგან ასმიეს ჴმა ლაშქრობისა ჩუენისა; ქცეულ არს კეისარი, რამეთუ ასმიეს შემოსლვა ჩუენი, და აწ მოახლებულ არს ბრძოლად ჩუენდა. აწ უკუე ყოველნი ნათესავნი უფალსა ღმერთსა მსახურებდით და დასცხერით ვნებათაგან ეკლესიისათა“.

და ვითარცა ესე ყოველი წარმოთქუა, განავლინა ქადაგი, რათა ყოველნი მოწესენი გამოვიდენ სამალავთაგან მათთა, და ტყუენი განუტევნენ, და სადა-ცა ენებოს წარვიდენ. და გამოვიდა სიმრავლე მღდელთა და დიაკონთა, მოწესეთა მონაზონთა და ენკრატისთა, ქუაბებით და მთათაგან, და უმრავლესნი პონტო ქალაქით, რამეთუ შეიწრებულ იყო ქალაქი ოთხ თუე ოდენ.

და მათ თანა იყვნეს ორნი კაცნი: პეტრე მღდელი, მოწაფეთაგან გრიგოლი ღმრთის-მეტყუელისათა (რამეთუ საფლავსა მისსა ზედა მღდელობდა), და სამოელ მონაზონი. წარდგეს წინაშე ვახტანგისსა მადლისა მიცემად განტევებისათჳს ტყუეთასა და განთავისუფლებისათჳს ეკლესიათასა და მღდელთასა. და ვითარ წარმოთქუეს ლოცვა, სთნდა მეფესა და მოიხილნა იგინი, და უბრძანა შემოსლვად ყოველთა ტყუეთა და მოწესეთა, განტევებულთა მისგან უძლურთა, რამეთუ ყოველნი უძლურნი ქალაქით გამოსრულ იყვნეს. უძლურთა მისცა საჴედრები და ჭაბუკთა სამ-სამი დრაჰკანი, და განუტევნა. ხოლო პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი მის თანა დაიჭირნა.

და ვითარ წარვიდეს სპანი იგი კარვად თჳსად, და მეფე შევიდა სერობად. რქუა მეფემან პეტრეს: „სთნდა-მცა ღმერთსა საქმე ესე ჩემი, რამეთუ დავიცვენ ეკლესიანი და განუტევენ ტყუენი“.

რქუა პეტრე: „იტყოდის მონა შენი წინაშე შენსა კადნიერად, ანუ მიგცემდე ქებასა სიცრუვისასა“.

რქუა მას მეფემან: „იტყოდე, რამეთუ არას ვეძიებ გარნა მხილებასა, რათა განვერნეთ სიცრუვისაგან“.

რქუა პეტრე: „ეკლესიანი ჴორცთანი უფროს არიან წინაშე ღმრთისა, ვიდრე ეკლესიანი ქვათანი. ეკლესია ქვათა ოდეს-მე დაირღუეს, და აღაშენიან მით-ვე ქვითა; ხოლო ეკლესიანი ჴორცთანი ოდეს დაირღუენ, ვერ-ვინ შემძლებელ არს განკურნებად, ვერ-ცა მკურნალი და ვერ-ცა მეფე. აწ რაოდენნი გუამნი კაცთა მართალთანი დაგიცემიან, რომელსა იტყჳს სისხლისათჳს აბელისსა: ყოველი სისხლი ნოეს რღუნითა განიწმიდა; და სისხლისა მისთჳს ზაქარიასსა, ბარუქის ძისა, მიუგო ყოველი შეურაცხება ჰურიათა, ვითარცა იტყჳს ესაია: აღიღე და წარწყმიდე ყოველი წული მათი, ტიტოს და სპასიანოსის მიერ. ანუ არა აღმოგიკითხავსა წიგნთაგან მოსესთა, რაჟამს ისრაიტელმან ისიძვა უცხოსა თესლსა თანა, რა-ოდენი სული მოკუდა ერთისა მის სიძვისათჳს? აწ უკუე სპათა შენთაგან რა-ოდენნი ქალწულნი განხრწნილ არიან, ტაძარნი ღმრთისანი“.

და რქუა მეფემან; „არა ხედავ, ვითარ-იგი ივბიმიანოს დაცვისათჳს ეკლესიათასა იყო ივლიანეს თანა უკეთურისა? და თუ დაბრკოლდეს კაცი, უმჯობეს არს დაცემა სრულიად“.

რქუა პეტრე: „არა დაბრკოლებულსა დაგცემ, არამედ დაცემულსა აღგადგინებ, ვითარცა დავით საცთურისაგან ურიაჲსა; და არა მნებავს შენი, რათა იყო ვითარცა კაცი, რომელი მარჯუენით იქმნ და მარცხენით არღუევნ; და არ-ცა ვითარცა რომელნი პირითა მათითა აკურთხევდენ, და გულითა მათითა სწყევდენ და აგინებდენ, არამედ ვითარცა მეფენი კეთილად ჴსენებულნი რომელთა დაიპყრეს სოფელი ესე და სასუფეველსა არა განეშორნეს: დავით, სოლომონ და კოსტანტინე, ივბიმიანოს და ყოველნი მსგავსნი მათნი. ხოლო რა არს მსგავსება შენი ივბიმიანოსისსა, და ვინ არს შენ ზედა უფალ, რომელ-მცა ჴრმალი მისი იყო კისერსა შენსა ზედა, ვითარცა იგი ივბიმიანოსისსა ივლიანესი? ანუ სადა გევნო შენ ვითარცა ივბიმიანოსს ივლიანესგან? ანუ ვის ხედავს ღმერთი, რომელი შენ ზედა უფალ ყო და ჰქონდა-მცა პასუხი შენსა სიმართლესა წინაშე ღმრთისა. არა უკუე შენ უფალ გყო ამათ ყოველთა ზედა, და შენ შეგიდგინა ყოველნი. ამიერითგან ითხოვოს ღმერთმან ყოველი ჴელთაგან შენთა საქმე ბოროტისა, და შენ მიგაგოს არა თუ შეინანო“.

რქუა მეფემან: „მნებავს განმართლება თავისა ჩემისა, ხოლო სიმართლით შენ დამსაჯე უმსჯავროებასა ჩემსა“.

რქუა პეტრე: „ვინათგან გზა ეც შეწამებად, ცოდვა შენი განგეშორა შენგან. ხოლო აწ გითხრა გულის-სიტყუა შენი: არა უმეცრებამან აღგძრა ბრძოლად ძეთა ზედა ღმრთისათა, არამედ შუელისათჳს ნათესავისა შენისა სპარსთასა. და არა უწყი-ა, რამეთუ ბერძენნი ნათესავნი ღმრთისანი არიან აღთქმისა მისთჳს, რაჟამს უწოდა მათ შვილად ღმრთისა და მოსცა მათ ბეჭედი, რომლითა შემუსრა ჯოჯოხეთი და არს იგი ჯუარი?“

რქუა მეფემან: „აწ რა გნებავს შენ?“

რქუა მას პეტრე: „მნებავს, რათა შენ მიერ აღგზებული ესე ცეცხლი შენ-ვე დაშრიტო და მეგობარ იყო კეისრისა, ვითარცა დღესამომდე იყავ სპარსთა“.

მიუგო მეფემან: „ესე მნებავს, რათა მიჩუენოთ ლოცვითა თქუენითა ამას ღამესა კეისარი და მე შეკრებულნი, და რომელ ზრახვად არს ჩუენ შორის სიყუარულისა ყოფა, და ვცნა მე, ვითარმედ სთნავს ქრისტესა ზრახვა ესე შენი ჩემდა მომართ“.

რქუა პეტრე: „დამძიმდა თხოვა ესე შენი ჩემ ზედა, რამეთუ ესე არს კაცთა რჩეულთა, რომელ არიან ვითარცა ანგელოზნი სრულითა საქმითა, და არიან ამათ კლდეთა შორის, და ესე-ვითარი მათგან ეგების საქმედ, რომელსა შენ ითხოვ. მეც მე დრო, რათა წარვიდე და ვევედრო მათ, და უთხრა ბრძანება შენი, და ლოცვითა მათითა აღესრულოს განზრახვა შენი; არამედ შეურაცხ გჳჩნს თავი ჩუენი, რამეთუ კაცნი ვართ ცოდვილნი, ნუ უკუე სილაღედ იხილოს ღმერთმან“.

შერისხნა მას სამოელ მონაზონი და რქუა: „მღდელო, საქმესა ღმრთისასა ვითარცა საქმესა კაცთასა ზრახავ. ანუ არა აღმოგიკითხავს-ა, ვითარ ეტყჳს ღმერთი პალეკარპოსს - უკეთუ-მცა არა დაბრკოლდებოდეს ანგელოზნი კაცთა სათნოებისათჳს, ყოველთა-მცა ქალაქთა შინა ჯუარს ვეცუ, რათა ყოველნი ვაცხოვნნე? ანუ-მე უფროს არს აქაბ, მეფე ისრაელისა, მეფესა ქრისტიანეთასა, რომელსა ეტყჳს ესაია - ითხოვე სასწაული სიმაღლედ, ანუ სიღრმედ, და მისთჳს თქუა: მიუდგეს ქალწული? ანუ ვინ რქუა ისრაიტელსა - რა-ცა ითხოვო სახელითა ჩემითა, მოგეცეს? ისო რქუა სამყაროსა ცისასა „მოიქეც“, და სამსა ჭდესა მოიქცა იგი. აწ სიტყუა სიმდაბლისა შენისა კეთილ არს, პეტრე, არამედ საბრკოლებელ არს მცირედ მორწმუნეთა კაცთა. ხოლო შენ, მეფეო, მცირედ შეგუეწიენ ჩუენ სარწმუნოებითა, რამეთუ ლოცვამან ჭირვეულისა ამის ქალაქისამან ყოს ნება შენი“ და წარვიდეს წმიდანი იგი სადგურად თჳსად.

ხოლო მეფემან მყოვარ-ჟამ ილოცა და დაწვა, და მირულებასა შინა მისსა, აჰა, უკუე მოვიდა დედა-კაცი იგი, რომელი იყო წმიდა ნინო, და რქუა: „აღდეგ, მეფეო, და განკრძალულად მიეგებვოდე, რამეთუ ორნი მეფენი ზეცისა და ქუეყანისანი მოვლენ შენდა“ და რე-ცა მიხედნა და იხილა პირველ სახე ქალისა, ვითარ არს კოსტანტინეს; და მიიწია იგი სწრაფით და იხილნა ორნი საყდარნი: ერთსა ზედა მჯდომარე ჭაბუკი, საჭურველითა, გჳრგჳნოსანი; და მეორეთა საყდართა იხილა მოხუცებული მჯდომარე ზეწრითა სპეტაკითა, და თავსა ზედა ედვა გჳრგჳნი ნათლისა, არა ოქროსა, და ფერჴთა მისთა თანა ჯდა ნინო; და ჴელი ვახტანგისი მარჯუენა ეპყრა პეტრეს მღდელსა და მარცხენა სამოელს მონაზონსა. და რქუა სამოელ: „შეუვრდი პირველად დიდსა იმას მთავარსა ზეცისასა გრიგოლის“. მივიდა და თაყუანის-ცა. და რქუა გრიგოლი: „რა ესე ჰყავ ბოროტი, კაცო, რამეთუ მოაოჴრე ბანაკი ჩემი და მჴეცთა შეაჭამენ საცხოვარნი ჩემნი. უკეთუ-მცა ორნი ეგე არა, რომელნი გუერდით გიდგან, და დედა-კაცისა ამისთჳს სათნოსა, რომელი მარადის იღუწის მარიამის თანა თქუენთჳს, - შურ ვიგე-მცა შენგან, ვითარცა მამათა შენთაგან, რომელნი ესვიდეს ცეცხლსა შემწუელსა და არა ბრწყინვალებასა განმანათლებელსა ყოველთასა“. და მისცა ჴელი და ამბორს-უყო, რე-ცა და მიჰყო ჴელი გჳრგჳნსა ნათლისასა, რე-ცა ეგე-ვითარი-ვე გჳრგჳნი მისცა ვახტანგს, და რქუა: „დაარქუ ეგე პეტრეს.“ და აღიღო პეტრე მის-ვე გჳრგჳნისაგან რე-ცა უდარესი, და დაარქუა სამოელს მონაზონსა. და რქუა ნინო ვახტანგს: „აწ უკუე მივედ მეფისა და მიიღე ნიჭი შენი“ მივიდა მეფისა, და ამბორს-უყვეს ურთიერთას, და ადგილ-სცა საყდართა თჳსთა, და დაისუა იგი თანა. და მისცა ბეჭედი ჴელისა მისისაგან, რომლისა იყო თუალი ფრიად ნათელი, და რქუა კეისარმან: „უკეთუ გნებავს, რათა მოგცე გჳრგჳნი, აღუთქუ ვინ ესე დგას ჩუენ ზედა, რათა ჰბრძოდი მტერთა მისთა და მიიღე მისგან გჳრგჳნი“. მოიხილა ვახტანგ და იხილა ჯუარი, რომელსა ფრთეთა მისთა ზედა აქუნდა გჳრგჳნი, და უმეტესად ხილვამან ჯუარისამან დასცა შეძრწუნება, რამეთუ უსაშინელეს იყო ზარი მისი, და დადუმნა. ხოლო აღდგა ნინო და მიხედნა პეტრეს კერძო და სამოელისა, და ერთითა პირითა თქუეს: „ჩუენ ვართ თავს-მდებნი, ვითარმედ უმეტეს ყოველთასა წარემართოს, ჵ ჯუარო უძლეველო“. და მიჰყო ჴელი კეისარმან, და მოიღო გჳრგჳნი ჯუარისაგან, და დაარქუა გჳრგჳნი იგი ვახტანგს თავსა.

და იწყეს გამოსლვად, რე-ცა ჴმა ყო ეპისკოპოსმან სამ-გზის, და რქუა: „ვახტანგ, ვახტანგ, ვახტანგ! უმეტეს მორწმუნე იყო შენ ყოველთა შორის ნათესავსა სპარსთასა“. მეორედ: „შენგან აღეშენენ ეკლესიანი და განეწესნენ ეპისკოპოსნი და ეპისკოპოსთა მთავარი“. და მესამედ: „გჳრგჳნი-ცა წამებისა მიიღო“ და გამოვიდა, რე-ცა მოუწოდა ძილსა-ვე შინა პეტრეს და სამოელს, და უთხრობდა ძილსა-ვე შინა ჩუენებასა, და იგინი აუჴსნიდეს: „რომელი-იგი იხილე საყდართა ზედა გჳრგჳნოსანი ნათლითა, იგი არს დიდი მოძღუარი გრიგოლი; და მან რომელ მომცა მე გჳრგჳნისა მისგან, მომცა ეპისკოპოსთა მთავრობა; და მე რომელ მივეც გჳრგჳნისა ჩემისაგან მოყუასსა ჩემსა, ჩემ მიერ ყოფად არს ეპისკოპოსად; და რომელ ნახე გჳრგჳნითა ოქროსათა ჭურვილი, იგი არს კეისარი; და რომელ მოგცა შენ ბეჭედი, მოგცეს შენ ასული ცოლად, და ყოველი საზღვარი ქართლისა მისგან უკ-მოღებული მოგცეს; ხოლო გჳრგჳნი ჯუარისაგან რომელ მოგცა, ვრცელნი ღუაწლნი გარდაიჴადენ შეწევნითა ჯუარისათა; ხოლო მოძღუარმან ჩუენმან რომელ სამ-გზის გიჴმო, სამნი ნიჭნი გითხოვნა ღმრთისაგან, რათა შენ მიერ ჭეშმარიტება დაემტკიცოს ქართლისა კათალიკოსთაგან და ეპისკოპოსთა, და სძლევდე მტერთა ვიდრე დღედმდე აღსრულებისა შენისა. ხოლო აღსრულებასა შენსა გჳრგჳნი წამებისა მიიღო ბრძოლასა შინა, ჴელთა მტერთასა არა შეჰვარდე. ესე ყოველი აღესრულოს ვიდრე მოუძლურებადმდე შენდა და სიბერედმდე“.

ვითარცა განიღვიძა მეფემან ვახტანგ, მადლობდა ღმერთსა, რომელმან ყოველი-ვე გამოუცხადა, და მოუწოდა მსწრაფლ პეტრეს და სამოელს, და რქუა: „რა იხილეთ?“ ხოლო მათ რქუეს: „იტყოდე, მეფე: ერთი მარჯუენით და ერთი მარცხენით ვდეგით, რაჟამს შენ საყდართა მსხდომარეთა წინაშე კეისრისა და ღმრთივ-გამომეტყუელისა სდეგ; და კუალად იგი-ვე დედოფალი ჩუენი დაამშჳდებდა მოძღუარსა მას განძჳნებულსა შენ ზედა, და მიგცემდა შენ ჴელთა მისთა“.

და რქუა მათ მეფემან: „დუმენით, წმიდანო, რამეთუ ყოველი-ვე ჩემ თანა გიხილავს. აწ ვითარ გნებავს თქუენ ქალაქისა ამის საქმე, რომელი შემუსრვად მიწევნულ არს? ანუ რა ვყოთ ტყჳსა ამისთჳს, რომელი უმეტეს არს ბევრ ათასისა, რომელი არს ჴელთა ჩუენთა? აწ უკუე სწრაფით განვიდეს აქათ ქადაგი, ვითარმედ სპარსთა მეფე წარმომართებულ არს ქუეყანად ჯაზირეთად, და გამოვლეს ფილისტიმი კუალსა მეფისა კეისრისასა, რომელმან მოაოჴრა ქუეყანა სპარსთა, და სპარსთა მეფემან ვერ უძლო ბრძოლად. ხოლო კეისარმან ვითარცა ცნა, ვითარმედ ჩუენ მოვედით ქუეყანასა მათსა, მოისწრაფის ბრძოლად ჩუენდა, და ვხედავთ რე-ცა სპარსთა მეფე მოვალს ძალად ჩუენდა. და ვიცით, ვითარმედ სპანი სპარსთანი სომხითისა და ქართლისა სპათა უმრავლეს არიან, და არა-ვინ არს ჩუენ შორის ჭეშმარიტი მორწმუნე; რომელნი დანერგნა მამამან ჩუენმან მირიან, გინა თრდატ, დედით ნათესავმან ჩემმან, აქა ამათ ყოველთა სარწმუნოება ვიცით, რამეთუ სავსე არს საცთურითა. ნუ უკუე გამოცხადებასა საქმისა ჩემისასა განწყრეს დედის ძმა ესე ჩემი, და ვეწყვნეთ ურთიერთას და ვიქმნეთ საცინელ ყოველთა მტერთა ჩუენთა. არამედ ესე ვყო, რე-ცა მოვიდენ სპანი ჩუენნი და მაუწყონ ჩუენ მოსლვა კეისრისა, და მას ზედა უკუ-ვრიდოთ ჩუენ. პირველ-ვე საქმე ესე ვაუწყოთ, ოდეს მოვიდეს და მოგუეახლოს ჩუენ კეისარი; მაშინ ვითარცა იზრახოს სიწმიდემან შენმან, ეგრეთ ვყოთ და არ-ცა ერთი ტყუეთა მისთაგანი დააკლდეს“.

და წარვიდა პეტრე კეისრისა, ხოლო სამოელ დადგა წინაშე მეფისა. ხოლო ხვალისა დღე მოვიდა რე-ცა დიასპანი და უქადაგა მეფესა, ვითარმედ სპანი ბერძენთანი შემოვიდეს კოსტანტინეპოლედ და მოუწოდა მეფემან ვახტანგ დედის ძმასა თჳსსა და ყოველთა მეფეთა, და რქუა: „რასა იტყჳთ, რამეთუ უწყით სიმრავლე სპათა ბერძენთა, და ვერაგობა წყობისა მათისა, და სიმარჯუე ზღუათა შინა ნავებითა. ესე-რა შევიდეს იგინი სპარსეთს, ქუეყანასა გმირთა და გოლიათთასა, და მათ ვერ უძლეს წყობად. აწ მეშინის, ნუ უკუე სპანი ნავებითა მოვიდენ, შეიპყრან გზა ჩუენი და მოგუწყჳდნენ ჩუენ, ვითარცა ბაკსა შინა. არამედ აღვდგეთ აქათ და დავიბანაკოთ ზღუასა სამხრით კერძო, რათა გუაქუნდეს ჩუენ გზა ჭირისა და ლხინისა“.

აღიყარა ლაშქარი გარემოს ქალაქისა, და ვლეს ხუთისა დღისა სავალი სამხრით კერძო, და დადგეს სპერით კერძო და განვიდეს მყოფნი ქალაქისანი, მიწევნულნი სიკუდილად, და მისცეს მადლი ვახტანგს, და მისცეს ძღუენი ათასი ლიტრა ოქრო და ხუთასი თავი სტავრა, და განვიდა ერი იგი მშჳდობით სავაჭროსათჳს და საჴმრისა.

ხოლო ვითარცა მივიდა პეტრე წინაშე მეფისა კეისრისა, და უთხრა ყოველი იგი. ხოლო კეისარმან განიხარა ფრიად, და ყოველი რომელი ეხილვა ჩუენებასა შინა, მისცა მას ზედა ნება ვახტანგს. და წარმოავლინა პეტრე მღდელი, და მიუმცნო აღთქმითა და ფიცითა ძლიერითა, რათა სწორ იყოს მეფობისა მისისა. არამედ ორთა-ვე. სპათა დასცნენ სპარსნი, რომელნი იყვნეს ვახტანგის თანა, არა აღვიდენ საბრძანებელთა მათთაგან, ოდეს შეეკრბენ ვახტანგ და იგი. ხოლო ვიდრე პეტრე და მოციქულნი მოვიდოდეს ვახტანგისსა, კეისარი შემოვიდა კოსტანტინედ და წარმოავლინა ხუთასი დრომონი, რომელსა შინა ისხდა ხუთას-ხუთასი კაცი, და უბრძანა, რათა მიეახლნენ ვახტანგს და დადგენ თჳნიერ ბრძოლისა. და წარმოემართა კეისარი გზასა პონტოსასა რვაასი ათასითა კაცითა. და ვითარ მოეახლნეს სპანი იგი ზღჳსანი, უნდა სპარსთა წყობა მათი, ხოლო მეფე აყენებდა, და არა მიუშუნა ბრძოლად.

ხოლო ვითარცა შეართუეს ძღუენი მოციქულმან კეისრისამან და პეტრე, ჰქონდა სიტყუა საიდუმლო და კუალად ჰქონდა სიტყუა საერო. და თქუა ცხადად, ვითარმედ: „ნუ ივლტი, დადეგ ვიდრე ჩემად მოსლვამდე, რათა რომელნი-ეგე შენ თანა არიან სპარსნი, რომელნი დაგურჩეს შესლვასა ამას ჩუენსა სპარსეთს მოუწყუედელად, მოვსწყჳდნეთ ეგენი-ცა“.

ხოლო საიდუმლოდ მოართუეს მას ჯუარი და გჳრგჳნი შუა-მდგომელად, და შესამოსელი ტანისა მისისა, და თქუა: „რა შევკრბეთ, მიგცე ციხე თუხარისი და საზღვარნი ქართლისანი“. ხოლო მისცა ვახტანგ მეფემან პასუხი საეროდ, ვითარმედ: „არა რომლისა მიზეზისათჳს მოვედით აქა, გარნა წყობისა შენისათჳს, აწ მოვედ აქა, და თუ არა, ჩუენ მოვიდეთ კოსტანტინედ“ და ფარულად ამცნო და რქუა: „რომელი არა შუენის შენსა ღმრთის-მოყუარებასა, რომელი შენ არა ჰყო, სხუასა ნუ აწუევ, რამეთუ ღადრობა არა ჴელ არს კაცთა პატიოსანთა. დაღათუ აწ შენ მიგცნე სპარსნი, არა უკუე განცრუვდესა სახელი ჩემი და უმეტეს ჩუენსა აქუს მრავალთა მათგანთა სიყუარული ქრისტესი, არამედ შიშისაგან მათისა ვერ გამოაცხადებენ აწ ბრძანე, რათა საქმე ესე ჩუენი მშჳდობით ვყოთ, ვითარცა ივბიმიანოს და ყოველთა სპარსთა. ხოლო შემდგომად ამისსა, რაჟამს გაწყდეს საქმე ჩუენი უმარჯუესადრე შევყარნე იგინი ჴელსა შენსა და ნუ-მცა-რა იქმნების საქმე უშუერი, და ნუ-ცა საქმე შფოთისა თქუენ მიერ, რათა არა დაეცნენ პირითა მახჳლისათა ერნი თქუენნი, რამეთუ ერნი თქუენნი განლაღებულ არიან ჯობნასა ზედა სპარსთასა, ხოლო სპარსნი არა-ვე შეშინებულ არიან არამედ შურითა თქუენითა წადიერ არიან წყობასა: ანუ-მცა მოკუდეს, ანუ-მცა იძიეს შური სისხლთა მათთა. ხოლო სპანი ესე შენნი თუ მიღმართ ჰბრძვანან, მე-მცა უბრალო ვარ“.

და წარვიდა მის თანა მოციქულად ვარაზ-მიჰრ, მამა-მძუძისა მისისა ძმა, და სამოელ მონაზონი. ხოლო კეისარი მოწევნულ იყო პონტოდ ქალაქად, და პონტოელნი გამოსრულ იყვნეს მიგებებად, და შეასხმიდეს ქებასა და ვახტანგ მეფისა მადლობასა, რამეთუ უკურიდა მათ და არა მისცნა იგინი სიკუდილად. ვითარცა მიიწივნეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი ქალაქად, მიართუეს ძღუენი ათასი მუთაკალი მუშკი, ხუთასი ამბარი და ათასი ლიტრა ალვა. და განსრულ იყო გუნდი მეფისა ვახტანგისი ალაფობად, და მიეტევნეს მათ მკჳრცხლნი ბერძენთანი, და მათ თანა შეკრებულნი ჴევთა და ქალაქთა მჴედარნი ვითარ სამასი ათასი.

ხოლო ვახტანგ მეფე აყენებდა მიიძულებად სპათა მათ მეალაფეთა, ვიდრე არა მივიდა დედის ძმა მისი, ერის-თავი სპარსთა, და რისხვით რქუა ვახტანგს: „ჵ გუელო და ნათესავო ასპიტისაო! არა უწყი-ა, რამეთუ დედა მამისა შენისა ბერძენი იყო, ნათესავი ივბიმიანოსისი? და გძლო შენ ბუნებამან მამის დედისა შენისამან, და სიყუარული ჯუარ-ცმულისა მის კაცისა მომკუდარისა გიპყრიეს, და გნებავს შეყენება ჩუენი ჴელსა ბერძენთასა“ ხოლო ვახტანგ რქუა: „აჰა, შენ და ბერძენნი, და იხილო ძალი კაცისა მის მომკუდარისა და ცოცხლისა მის სასოსა შენისა“. და სცეს საყვირსა და განვიდეს ყოველი სომხითი და სპარსნი და მეფე დარუბანდისა. ხოლო მეფე ვახტანგ და ქართველნი განვიდეს ხედვად და დადგეს და აღჯდა მეფე პილოსა ზედა თეთრსა, და ეწყვნეს იგინი ზღჳს-კიდესა მას, რომელ არს ჭალაკი, რიყე ხერთვისისა. მისლვამდე სპარსთა ლაშქრისა მოეკლა ბერძენთა ერისა მისგან ოცდაშჳდი ათასი, და განძლიერდა ბრძოლა, და მოკლეს დედის ძმა ვახტანგისი, ერის-თავი სპარსთა და მოკლეს იპაჯაჯ, მეფე ლეკთა, და მრავალნი ერის-მთავარნი, და იძლია ბანაკი აღმოსავლეთისა. იყო ბერძენთა სპასალარი პალეკარპოს ლოღოთელი, დის-წული მეფისა და იყო იგი ძლიერი, და მას მოეკლნეს ძლიერად მბრძოლნი სპარსთანი და ესე-ცა ერის-თავი მან-ვე მოკლა.

მაშინ გარდამოჴდა მეფე ვახტანგ ეტლთაგან და თქუა: „არა რომელი ჩუენ გჳნდა, გარნა რომელი ღმერთსა სთნდა, რამეთუ ჩუენ ვიტყოდით მშჳდობასა, არამედ სილაღემან სპარსთამან აგინა ღმერთსა, და ღმერთმან შურ-იგო, და მოკლეს ერის-თავი რანისა. რომლისათჳს ყოველი სპარსეთი ვითარცა მოოჴრებასა სპარსეთისასა იგლოვს აწ დამდაბლდა სილაღე სპარსთა, მოიყვანეთ ჯუარი და წარვიძღუანოთ, რათა რომლითა გუძლევდენ მით-ვე იძლივნენ, და იქმნენით ძედ ძლიერებისად, და ნუ-ვინ ბრძავთ ურთიერთას სხჳსა მიერ, და ნუ ეძიებთ ძლევასა მტერთასა; არამედ იყვნენ ჴელნი თქუენნი ვითარცა ჴელნი ჩემნი, რათა არა ვიძლივნეთ სრულიად. არა ხოლო თუ აქა ვდევნნეთ, არამედ ვიდრე ადარბადაგანამდე, ვითარცა იდევნიან ყორანნი მართუეთაგან თჳსთა“.

და მოიყვანა პეტრე მღდელმან ჯუარი, და რქუა მეფემან: „დადეგ წინაშე პირსა მტერისასა და ერისა ჩუენისასა, და არქუ ყოველთა - „თაყუანის-ეცით ჯუარსა და ვსძლოთ მტერსა“ და რომელმან არა თაყუანის-ცეს, მოკალთ“ და უბრძანა დემეტრეს, ერის-თავსა თჳსსა, და ჯუანშერს სპასპეტსა, რათა მიჰყვენ ჯუარსა თანა. და ქადაგი ჴმობდა ძლიერად: „რომელმან არა თაყუანის-ცეს ჯუარსა, მოკუედინ“ და მივიდოდეს ყოველნი ერნი, და თაყუანის-ცემდეს და დადგებოდეს წინაშე ჯუარსა. ხოლო ბორზო მოვაკნელმან მეფემან თქუა: „არა დაუტეობ ნათელსა შემწუელსა, და არა თაყუანის-ვცემ ძელსა მაშმელსა, რომელი განშუენებულ არს ოქროთა და ანთრაკითა“, და სცა მას ლახუარი ჯუანშერ სპასპეტმან, და დაეცა მძორი მისი. მიერითგან არღარა-ვინ იკადრა გმობად ჯუარისა, და აღთქმით ეტყოდა ერი იგი მეფესა ვახტანგს: „უკეთუ შემეწიოს ჩუენ ჯუარი, არღარა იყოს ჩუენდა სხუა ღმერთი გარნა ჯუარ-ცმული“.

და გარდაჴდა მეფე და თაყუანის-ცა მას, და ყოველმან ერმან მის თანა და თქუა მეფემან: „აჩუენე ძალი შენი ერსა ამას შენსა ურწმუნოსა, რათა მოიყვანნე სარწმუნოებად, უფალო ღმერთო, მორწმუნენი შენნი; დაღაცათუ მოკუდენ, არამედ ცოცხალ არიან, და ცხოველნი შენნი შენ ცხოველისაგან ძლიერ არიან. და სპანი იგი ბერძენთანი გამოვიდეს ვითარცა ელვა. ხოლო პალეკარპოს ვითარცა მგელი სისხლითა აღმოსრვილი და ვითარ-ცა ლომი განძჳნებული მოიზახდა და შეურაცხ-ჰყოფდა სპათა მათ. ხოლო მეფემან რქუა: „ვინ არს თქუენ შორის კაცი, რომელი ეწყოს იმას და სწორ იყოს მეფობისა ჩემისა“. წარვლო ქადაგმან ორ-გზის, და ვერ-ვინ იკადრა ყოვლად სიტყუად.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>