მაშინ თქუა ვახტანგ: „არა ძალითა განძლიერდების კაცი, არამედ ღმერთმან მოსცის ძალი. და მე ვესავ ძალსა შენსა, და ვითარცა დავით განვალ ნიშითა ჯუარისათა; მომეც ძალი ვითარცა დავითს გოლიათსა ზედა, რამეთუ ესე-ცა მაყუედრებელად და შეურაცხებით მოუჴდა ჯუარსა შენსა; რაჟამს იხილა ჯუარი აღმართებულად ძალად ჩუენდა, არა ივლტოდა მისგან, არამედ სასოებითა ძალისა მისისათა განვიდეს ბრძოლად“ და თქუა: „იხილი, ღმერთო, ამპარტავანი და დაამდაბლი; კუალად იხილი ჭირვეული და იჴსნი. ხოლო ისი შეურაცხად მიჩნს და არა მეშინის, რამეთუ ძალი შენ მიერ მოცემული დიდ არს, რომლითა ვსძლო; არამედ მეშინის მე შენგან, რამეთუ მდაბალთა ჴმანი ისმინნი და შენ გხადი შემწედ ჩემდა“.
აღმოიჴადა ჴრმალი და შეამთხჳა ჯუარსა, და განვიდა შორის განწყობილთა მათ, და თქუა: არა ჰბრძავნ ლომი ჴარსა, რამეთუ მე მეფე ვარ და შენ მონა, არამედ დავდვა თავი ჩემი ერისა ამისთჳს სიმდაბლით, რათა რწმენეს ძალი ჯუარისა“. და მოეტევა პალეკარპოს. ხოლო ვახტანგ მსუმრიად და ნებასა მიეახლებოდა. და აღიზახნეს ორთა-ვე მათ განწყობილთა ჴმითა საშინელითა, და იყო ჴმა იგი ვითარცა ჴმა ქუხილისა, რომლითა შეიძრა ქუეყანა. და დასცა ლახუარი პალეკარპოს ფარსა ვახტანგისსა, რომელი იყო ვიგრის ტყავისა, და განავლო ფარსა ვითარ წყრთა ერთი, რამეთუ იყო სიმსხო ლახურისა ვითარ მკლავი კაცისა. და მისცა ფარი იგი მეფემან ლახუარსა მისსა, და მიეტევა პირისპირ, და სცა ჴრმალი ჩაბალახსა ზედა და განაპო თავი მისი ვიდრე ბეჭთამდე. და მიჰყო ჴელი და უპყრა თავისა მისისა ნახევარი, და მოიღო წინაშე ჯუარისა, და თქუა: „ყოვლისა განდგომილისა შენისა ესე იყავნ ნაწილი“.
და მიეტევნეს სპანი ვახტანგისნი სპათა ბერძენთასა, და აოტნეს იგინი, და აღიჭრნეს გუნდ-გუნდად, და მიაწყუდინეს ზღჳს-პირსა; და არა-ვინ განერა მათგანი, გარნა რომელი შეესწრა ზღუად და ივლტოდეს ნავითა. მას დღესა შინა მოსწყდა სპათაგან ვახტანგისთა ორმოცდასამი ათასი, და სპათაგან ბერძენთასა მოსწყდა სამოცდათორმეტი ათასი; და შეიპყრეს ტყუედ მათგანი ას ოცდახუთი ათასი.
და ვითარცა მოიქცეს სპანი იგი ვახტანგისნი და მივიდეს გუამსა ზედა ვარაზ-ბაკურისსა, ვახტანგის დედის ძმისასა, იგლოვეს და შემურეს იგი საბრითა და მურითა, და წარსცეს ბარდავად.
ხოლო მეფემან ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა, და უბრძანა მოყვანება ყოველთა ტყუეთა, და მოიყვანნეს დაუკლებელად: და იყო ერთ-რიცხვად ყოველი მამაკაცი და დედა-კაცი შჳდას ოთხმოცი ათასი. და წარსცა იგი ყოველი წინაშე კეისრისა, ჴელითა ნასრესითა და ადარნასესითა, ერის-თავთა მისთათა. და მიწერა წიგნი, ვითარმედ: „სიბრძნე ღმრთისა მიუწდომელ არს, და სიბრძნესა კაცთასა და ნებასა სძლევს ნება ღმრთისა. მე უწყი, რამეთუ არა არს ნება შენი საქმესა ამას, რომელი-ესე იქმნა პალეკარპოსისაგან, არ-ცა თუ იყო ნება ჩემი, რომელი-ესე ქმნა დედის ძმამან ჩემმან, და ორნი-ვე ესე ძჳრის-მოქმედნი ძჳრმან-ვე მოინადირნა. ამისთჳს ყო ესე ღმერთმან, რათა ახალ-ნერგნი ესე მოიყვანნეს სარწმუნოებად შიშსა მისსა, ვითარცა იგი უძღებისა შვილისათჳს ყო საქმე განსაცხრომელი. ხოლო თქუენ პირმშონი შვილნი ხართ ღმრთისანი, და მარადის მისნი ხართ აწ მწუხარება ესე დედის ძმისა ჩემისა, დის-წულისა თქუენისა მიერ ნუგეშინის-ვეც, რაჟამს ვიძიე შური მკლველთა მისთა ხოლო თქუენ ნუგეშინის-გეცით ერისა ამისთჳს, რომელი იჴსნა ღმერთმან შჳდას ოთხმოცი ათასი. და უკეთუ ბრძანებდე მიმთხუევად ჩემდა, გამოისწრაფე; და უკუეთუ არა მოციქულითა განაგე საქმე ჩუენი. რამეთუ დამძიმდა დგომა ჩუენი ქუეყანისა ამისთჳს მოოჴრებულისა“.
ხოლო ვიდრე მისლვამდე მოციქულთა ფრიად მწუხარე იყო კეისარი. არამედ რაჟამს უთხრეს, ვითარმედ ტყუე პირველ შეპყრობილი და ტყუე ერისაგან მეოტისა ყოველი დაუკლებელად განუტეობია, მაშინ განიხარა ფრიად და ყოველთა დაუტევეს მწუხარება. და შეჯდა მეფე ნავსა და განვიდა სამასითა დრომონითა, სუბუქად გამოვიდა ზღჳს-კიდესა, და მოუწოდა ვახტანგს; და ყვეს ურთიერთას აღთქმა და ფიცი, და განაგეს საქმე წინდობისა. და უკუ-მოსცა კეისარმან საზღვარი ქართლისა, ციხე თუხარისი და კლარჯეთი ყოველი, ზღჳთგან ვიდრე არსიანთამდე, და ჴევნი რომელნი მოსდგმანან ღადოთა.
და გამოიკითხა კეისარმან საზღვარი საბერძნეთისა, ქუეყანა ზღჳს-პირისა, რომელ არს აფხაზეთი, და რქუა ესრეთ: „ეგრის-წყლითგან ვიდრე მდინარედმდე მცირისა ხაზარეთისა - ესე საზღვარი არს საბერძნეთისა ალექსანდრობითგან, რომელი აწ შენ მიგიღია მკლავითა ჩუენგან. აწ იგი უკუ-მოგუეც, და ოდეს წარიყვანებდე ცოლსა შენსა, ასულსა ჩემსა, მაშინ მოგცე მისგან ქუეყანა“ და დაუწერა ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა ქუეყანა ზითვად, და სხუა აფხაზეთი უკუ-სცა ვახტანგ ბერძენთა.
და წარმოვიდა ვახტანგ გზასა კლარჯეთისასა, და სპანი მისნი განუტევნა გზასა სომხითისასა. და ვითარ მოიწია თუხარისად, მიხედნა და შეუყუარდა ციხე, და თქუა: „ჭეშმარიტად თუ ხარ შენ ციხე“ და ვითარცა წარმოვიდა, იხილა კლდე შუა კლარჯეთსა, რომელსა სოფელსა ერქუა არტანუჯი. და მოუწოდა არტავაზს, ძუძუს-მტესა მისსა, და დაადგინა იგი ერის-თავად; და უბრძანა, რათა ააგოს ციხე არტანუჯისა; და უბრძანა, რათა გამონახოს ჴევსა მას შინა ადგილი სამონასტრე და აღაშენოს ეკლესია, და ქმნეს მონასტრად, ვითარცა ეხილვნეს მონასტერნი საბერძნეთისანი. და რქუა არტავაზს: „უკეთუ განძლიერდენ სპარსნი ჩუენ ზედა, საყუდელი ჩუენი აქა ყოფად არს“.
ხოლო არტავაზ აღაშენა ციხე არტანუჯისა, და მონასტერი რომელ არს ოპიზა, და სამნი ეკლესიანი: დაბა მერისა, შინდობისა და ახიზისა. და განაახლა ციხე ახიზისა, და ქმნა იგი ქუაბად.
და ვითარ წარმოვიდა ვახტანგ და მოვიდა ქალაქად თჳსად მცხეთად, იყო სიხარული დიდი და მადლისა მიცემა ღმრთისა, რამეთუ მოვიდა იგი მშჳდობით. და მისცა ნიჭი დიდი ერსა თჳსსა.
ხოლო მეფემან სპარსთამან ვითარცა ცნა, ვითარმედ მიიქცა ვახტანგ ბერძენთა კერძო, შეიქცა სპარსეთად და მოკუდა. და დაჯდა მეფედ ძე მისი, და ვიდრე მოიწიფებოდა იგი, წარჴდა ამას შინა წელიწადი სამი.
ხოლო ვახტანგ მეფესა უშვნა ცოლმან ძე და ასული მარჩბივად, და მოკუდა შობასა შინა ბალენდუხტ დედოფალი, ასული სპარსთა მეფისა. ხოლო ვახტანგ უწოდა ძესა თჳსსა სახელი სპარსულად დარჩილ და ქართულად დაჩი. მაშინ ვახტანგ მეფემან ვერ მოიცალა მოყვანებად ცოლი ბერძენთა მეფისა ასული, და ვერ-ცა კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, რამეთუ მოელოდა იგი სპარსთა მეფისა მოსლვასა: ამაგრებდა ციხეთა და ქალაქთა, და ჰკაზმიდა მჴედართა, და განამზადებდა ბრძოლად სპარსთა. მაშინ შეაგდო საპყრობილესა შინა ბინქარან მაცთური, ეპისკოპოსი ცეცხლის-მსახურთა, და მოსრნა და განასხნა ყოველნი ცეცხლის-მსახურნი საზღვართაგან ქართლისათა.
ხოლო სპარსთა მეფე, შემდგომად სამისა წლისა, წარმოემართა ბრძოლად ვახტანგისად, და მოიწია ინდაბრიანთა, და დაიბანაკა მუნ. ხოლო ვახტანგ წარავლინა ბერძენთა მეფისა თანა და მიუმცნო, ვითარმედ: „აჰა დღე იგი, რომელ აღმითქუამს, ვითარმედ სპარსნი შემოვაწყუდივნე ჴელსა შენსა; აჰა ესე-რა, მომიყვანებიან იგინი შუა საზღვართა ქართლისათა და ყოველი კაცი მათ თანა ვითარ სამასი ათასი. რამეთუ ჰგონებდა იგი განმრავლებასა სპათა მისთასა სომხითით და მეფეთაგან კავკასიანთასა, ხოლო მათ ვერ იკადრეს განრთვად მისა. რამეთუ რომელთა-მე მათგანთა აქუნდა სასოება ჯუარ-ცმულისა, ხოლო რომელნი იძლივნეს ეშმაკისაგან, მეფენი დარუბანდისანი გაერთნეს. აწ აღმისრულებიეს აღთქმა ჩემი, რომელი აღმითქუამს: რამეთუ სადა-ცა მიპოვნიეს სახლი ცეცხლისა, დამივსია ფსლითა, და მოგუნი და მზირნი მათნი მიმიცემიან სატანჯველსა ბოროტსა, და მაცთური ბინქარან მივეც საპყრობილესა, და სიკუდილისაგან გარდაიხუეწა. მან უკუე მოიყვანნა სპარსნი ქართლად, და დავსუ ეპისკოპოსად მიქაელ, კაცი სარწმუნო. ხოლო ბინქარან, ვითარცა მოიწია საზღვართა ქართლისათა, მოკუდა. აწ სწრაფით წარმოემართნენ სპანი შენნი, რათა აქა შინა დაეცნენ ყოველნი მტერნი ჯუარისანი, და მოიცალო შენ ყოველთა მტერთა შენთაგან, ხოლო უკეთუ ჩუენ გუძლოს, განძლიერდეს იგი და შემოვიდეს საზღვართა შენთა გზასა შიმშატისასა“.
ხოლო ვიდრე მიიწეოდეს მოციქულნი ვახტანგ მეფისანი, წარსრულ იყო კეისარი ქუეყანით ხაზარეთით კერძო, რომლისაგან ვერ მოიცალებდა მოსლვად ქართლად. მაშინ ვახტანგ განაძლიერნა ციხენი ქალაქისანი, და ურჩეულესი მბრძოლი ერისა მისისა ვითარ ასი ათასი მჴედარი და ასი ათასი ქუეითი იპყრა მის თანა, და დაუბანაკა მათ დიღმით ვიდრე ქართლის კართამდე, და სპარსთა დაიბანაკეს ცხენის ტერფითგან ჩაღმართ.
ხოლო ვახტანგ განაფართა ჴიდი მოგუეთისა ვითარ სამოცი მჴარი ქცევისათჳს მას ზედა სპათასა, ხოლო მეფე და ჯუანშერ სპასპეტი დადგეს მცხეთას, და ნასრა და მირდატ დაუტევნა სპათა ზედა სომხითისა და ქართლისათა, რომელნი დგეს არმაზით კერძო. და რა ბრძოდიან სპარსნი არმაზით კერძო, მცხეთით განვიდიან; და რა განვიდის ლაშქარი იგი მიერ კერძო მცხეთით, ეწყუნიან არაგუსა ზედა. და ოდეს-მე განვლიან ფონი მტკურისა და შეიბნიან ფონსა ზედა ტფილისისასა, და რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე დღესა ამათ.
ხოლო ვახტანგ მეფესა შეექმნა ჩაბალახი ოქროსი, და გამოესუა წინათ მგელი და უკანათ ლომი; და რომელსა კერძსა იძლეოდიან ქართველნი, მუნით-ცა მიმართის და მოსრის სპისა მისგან სპარსთასა, ვითარცა ლომმან კანჯარნი. მიერითგან ვერ-ღა-რა შეუძლებდეს სპარსნი წყობად მისა, რამეთუ დაისწავლეს იგი, რომელსა ეწერა მგელი და ლომი, და ვითარცა იხილიან ვახტანგ, თქჳან: „დურ აზ გორგასალ“, რომელ არს ესე: „მირიდეთ თავსა მგლისასა“ და მის მიერ სახელ-ედვა ვახტანგ მეფესა გორგასალ.
განგრძელდა მათ შორის ბრძოლა ოთხ თუე ოდენ და მოვიდა მოციქული კეისრისაგან, და მოართუა ძღუენი ვახტანგს, და მოჰგუარა სპათაგან ბერძენთასა ოთხმოცი ათასი მჴედარი, და მოუწერა ვახტანგს, ვითარმედ: „შევექეც წყობასა ხაკანისასა, და მომივლენია შენდა ოთხმოცი ათასი მჴედარი, და მომიწერია ლეონისდა: უკეთუ გიჴმდეს შენ ლაშქარი, წინაშე შენსა არს მელიტენითგან ვიდრე ლამედმდე და მოღმართ ვიდრე კარნუ-ქალაქამდე, და მიბრძანებია ლეონისდა წინაშე შენსა იყოს.
და მოწევნულ იყო ლაშქარი ბერძენთა ჯავახეთს. ხოლო ვითარცა ცნა სპარსთა მეფემან ბერძენთა მოსლვა შუელად მათდა, იწყო ზრახვად ვახტანგისა. მიუმცნო მოციქულსა მისსა და რქუა: „რასათჳს მოვსწყდებით ურთიერთას, ძმანი კაცნი ვართ, შვილნი ნებროთისნი? უკეთუ ცეცხლი არს ღმერთი, შე-უკუე-ეწიენ იგი; ხოლო ჩუენ დავადგრეთ სიყუარულსა ზედა მამათა ჩუენთასა. ხოლო თჳთოეული ჩუენგანი სათნოსა სულისა თჳსისასა ჰმსახურებდეს“.
ვითარცა მოვიდა მოციქული და უთხრა ვახტანგ მეფესა ყოველი შეთულილობა სპარსთა მეფისა, და სთნდა ვახტანგს და ყოველსა ერსა მისსა. და მისცა ნიჭი ვახტანგ მეფემან, მიუვლინა მოციქული მისი და რქუა: „გიხილავს ძალი ჯუარისა, რამეთუ ყოველთა მეფეთა მოგუაქუნდა ხარკი ვიდრე გამოჩინებადმდე ჯუარ-ცმულისა. რაჟამს გამოჩნდა იგი, მძლე გექმნნეს ყოველნი თაყუანის-მცემელნი მისნი წინაშე მისსა, და მოხარკენი შენნი ბერძენნი მოღმართ გბრძვანან, და მოაოჴრნეს სამსახურებელნი ცეცხლისანი. აწ, უკეთუ გუბრძოდი ჩუენ დატეობისათჳს სჯულისა, მოვკუდეთ ჩუენ მისთჳს, ვითარცა იგი მოკუდა ჩუენთჳს, და მან აღმადგინნეს ჩუენ. ხოლო უკეთუ აღასრულო სიტყუა შენი და არა იყოს ცეცხლი ღმერთად შენდა, და იყოს ღმერთად ჩუენდა ქრისტე, მამად და უფლად გხადო შენ. დაღაცათუ ჩუენ პირმშონი ვართ, არამედ თქუენ სხდეთ საყდართა ზედა მამისა ჩუენისათა“.
ვითარცა უთხრეს სიტყუა ვახტანგისი, შეიწყნარა და წარსცა ძღუენი გორგასალსა ძლიერად, და მის თანა გჳრგჳნი ანთრაკოანი, და ჟამი დადვეს შეკრებისა. აიყარა მეფე სპარსთა, და უკუ-დგა რუსთავად, და გამოვიდეს იგინი განთიად და დადგეს ველსა კალაისასა: რამეთუ ტფილისი სოფელი და კალაი-ცა მოოჴრებულ იყო მაშინ. ხოლო მეფე ვახტანგ დადგა ჯაჭუს, და შეკრბეს მას-ვე ველსა ორნი-ვე მეფენი, და მოიკითხეს ურთიერთას, და ყვეს აღთქმა თავის-თავისა სჯულსა ზედა გარდაუვალ. და მოხადა მას დღესა სპარსთა მეფე გორგასალმან ლაშქრით-ურთ თჳსით ტფილისად, და უძღუნა გორგასალმან მჴევალი ათასი, მონა ხუთასი, სტავრა სკარამანგი ხუთასი, ბიზიონი ზუზმა ხუთასი, ჴდალი ცხენი ათი ათასი, ცხენი ბარგისა ხუთასი, ჯორი სამასი, ზროხა ოთხი ათასი, ცხუარი ათი ათასი, და დღესა მესამესა მივიდა გორგასალი მის თანა და თანა წარიტანა ლეონ, ანთიპატი კეისრისა, და ყვეს განზრახვა. და აზრახა ანთიპატმან გორგასალსა, რათა ყოს მშჳდობა შორის კეისრისა და ხუასროსა, რამეთუ ეშინოდა ბერძენთა - ნუ უკუე შევიდენ საბერძნეთად სპარსნი და მოაოჴრონ იგი, რამეთუ სპანი საბერძნეთისანი ყოველნი იყვნეს ხაზარეთს.
და რქუა ხუასრო გორგასალსა: „ითხოვე ჩემგან რა-ცა გნებავს თავისა შენისათჳს, ანუ სხჳსა ვისთჳს-ცა გნებავს“. ხოლო გორგასალმან რქუა: „მნებავს, რათა იყოს. მშჳდობა შენ შორის და კეისრისა“. რქუა ხოსრო: „დამძიმდა თხოვა შენი ჩემ ზედა: რამეთუ ბერძენთა რაჟამს პოვიან ჟამი ჩუენ ზედა, არა ყვიან წყალობა. და მე ამით ვყავ სიყუარული შენ ზედა, რათა მევიდე საბერძნეთად და შური ვიძიო მათგან და აჰა, მოციქული ხაზართა მეფისა მეათე დღე არს, რაჲთგან მოსრულ არს, და შენ არა უწყი მიზეზი მტერობისა ჩუენისა. ხოლო აწ მიგითხრა სილაღე მათი ჩუენ ზედა, და მერმე ვყო ნება შენი, ვინათგან აღგითქუ ფიცითა ძლიერითა, ვითარმედ არა ვყო უნებელი შენი“ და თქუა, ვითარმედ: „შენ უწყი, რამეთუ ზღუასა მოღმართ ჩუენი არს საზღვარი, განყოფილი ნოესითგან, და აწ იგი მბრძავს ჩუენ ჯაზირსა და შამსა და მოოჴრებულ არიან ქალაქნი, ხოლო შამი სამეფო ჩუენი არს. არამედ ჯაზირისა ნახევარი, განწესებული მამათა ჩუენთა, შენი არს ხუედრი, და მიუღებიეს იგი ბერძენთა, და მე ესე-რა შევიდოდე უკ-მოღებად მისა. აწ რომელი ნაწილი მამათა შენთა არს, შენ განუყავ, შენ იცი და ბერძენთა. ხოლო სხუა ჯაზირისა მომცენ მე ბერძენთა, და რომელი ვითხოვე მე შენგან“.
ხოლო ვითარცა ესმა ესე ლეონ ანთიპატსა, განიხარა ფრიად და თაყუანის-ცა ორთა-ვე მეფეთა, და თქუა: „ხუთნი ქალაქნი ჯაზირისანი შენდა-ვე იყვნენ, შენ-კერძნი, რამეთუ ნახევარი სიკილიისა, რომელი მოგუეღო შენგან, უკუ-გცეთ, და დღეთა ჩუენთა იყავნ მშჳდობა შორის შენსა და მისსა“.
და თქუა მეფემან: ვინ უწყის, თუ დასჯერდეს ბერძენთა მეფე ქმნულსა ჩუენსა. და თქუა ლეონ: „რაჟამს წარმომავლინა მე ძალად ამის მეფისა, რქუა მეფესა ჩუენსა მონაზონმან ვინ-მე ღმრთის-მეცნიერმან, ვითარმედ სთნავს ღმერთსა მშჳდობა სამთა-ვე ამათ მეფეთა. და იქმნა-ცა ეგრე. ხოლო კეისარმან უბრძანა მწიგნობარსა და დაწერა წიგნი ზავისა. და აჰა, აქა არს აღწერილი წიგნი მისი“.
ვითარცა ესე თქუა, წარიკითხეს წიგნი იგი, დაწერილ იყო ფიცით: „თჳნიერ მისსა, რომელი მოსცა სპარსთა მეფემან ივბიმიანოსსა, არა ვძებნო თქუენ ზედა“ და მოუწოდა სპარსთა მეფემან ხაზართა მეფისა მოციქულსა, და უთხრა მან აღზრზენა სპარსთა ბერძენთა ზედა. მაშინ მოიღო სპარსთა მეფემან ქარტა და დაწერა ჴელითა თჳსითა წიგნი ბერძენთა მეფისა სიყუარულისა, და ჩინება საზღვართა, და სიკილიისა უკუ-ცემისათჳს. მისცა ფილისტიმი საზღვრითა იერუსალემისათა. და თქუა, ვითარმედ: „ქალაქი სჯულისა თქუენისა არს იერუსალემი“. და მისცა გორგასალსა ნიჭი: ალვა ლიტრა სამი ათასი, ამბარი ლიტრა ხუთასი, მუშკი ლიტრა ხუთასი, ტაიჭი ცხენი სამი ათასი, სამოსელი ხუასროვანი ათასი და ხაზდი სამი ათასი.
და წარვიდა ვახტანგ შინა; ხვალისა დღე მოუვლინა მეფემან ვახტანგს ბარზაბან, საკუთარი მობიდანი, და რქუა ესრეთ გორგასალს: „რომელი გინდა ჩემგან, მე ვქმნე აწ. განაგე საბრძანებელი შენი, ვითარცა გნებავს: მიავლინენ დასტურნი და მიითუალენ ქალაქნი შენნი, რომელნი მიგცენ შენ და კეისარსა. ხოლო ბარზაბანისდა მიბრძანებია მისლვა კეისრისა მითუალვად ქუეყანათა და ქალაქთა თქუენთა ხოლო შენ უწყი, რამეთუ საქმესა ამას ჩუენ ზედა განრისხნენ სპარსნი მოხუცებულნი, რამეთუ მათ ეგონა ჩემ მიერ შემუსრვა საბერძნეთისა, ხოლო მე დღეს საზღვართა ჩემთაგან ორი სამეფო მივანიჭე. აწ ესე არს სათხოველი ჩემი, რათა დაჲ შენი მომცე ცოლად, და შენ წარმოსჳდე ჩემ თანა ქუეყანასა მამულსა ჩუენსა, რათა ჰნახნე ნათესავნი შენნი და შენ შემწე მეყო მე თავითა შენითა მტერთა ჩემთა ზედა, აბაშთა და ელამთა, ჰინდოთა და სინდთა, რამეთუ უძჳრესი ბოროტი და დამდაბლება მეფობისა ჩემისა მათ ყვეს. აწ ოდეს მოხჳდე ჩემ თანა, და ესრეთ რქუა მოხუცებულთა და მარზაპანთა ჩემთა, რამეთუ სიყუარული ვყავ ჩემი და მოყუარეთა ჩემთა, რამეთუ ესრეთ ინება ძმამან ჩემმან ვახტანგ მეფემან. რომელნი ქუეყანანი მივცენით, მათითა-ვე შემწეობითა მოხარკე ვყვენით მტერნი ჩუენნი, და ამით დავაცხროთ გულის-წყრომა მათი ბერძენთა ზედა. ხოლო შენ თავითა შენითა მინებ ძალად ჩემდა, არამედ სპანი შენნი ადგილსა-ვე იყვნენ“.
მაშინ ვახტანგ მოუწოდა თანა-მზრახველთა თჳსთა, და ეზრახა ლეონ ანთიპატი ესრეთ, ვითარმედ: „დიდ არს კეთილი შენი ბერძენთა ზედა, უფროს მეფეთა მათ, რომელნი სხენან საყდართა მათთა, რამეთუ შენ დასცევ ქალაქი პონტოსა შემუსრვისაგან, და შენ მიანიჭე შჳდას ოთხმოცი ათასი სული, და დღეს შენ მიერ მიეცემის. ჯაზირა და ფილისტიმი, რომელი მშჳდობით არა რომელსა მეფესა ბერძენთასა შეუპყრიეს. და მართალ არს ხუასრო, უკეთუ არა ჰყო მის თანა სათნოება, უჴმრად შერაცხოს იგი ერმან მისმან; დაღაცათუ მან არა გითხრა, მიღმართ ვძლიოთ, რამეთუ ესე არს სრული სიყუარული; მე მიგცე ლაშქრისა ჩემისაგან ათი ათასი ჭურვილი და მე წარვჰყვე მოციქულთა შენთა თანა წინაშე კეისრისა, და მუნით გამოგერთო ჯაზირას სპითა ძლიერითა“.
ესე განაზრახა ლეონ ანთიპატმან. და სთნდა მეფესა ვახტანგს და ყოველთა წარჩინებულთა მისთა განზრახვა მისი; და მისცა სპარსთა მეფესა დაჲ მისი ვახტანგ მეფემან ცოლად, რომელსა ერქუა მირანდუხტ, რომელი წარტყუენულ იყო ოვსთაგან და გამოეჴხნა ვახტანგს. ხუარანძე ამისთჳს არა მისცა, რამეთუ დაწინდებულ იყო სომეხთა პატიახშისა. და მოიყვანა ვახტანგ ძე მისი, რომელსა ერქუა სპარსულად დარჩილ, ხოლო ქართულად დაჩი. იყო ხუთისა წლისა, და დაადგა გჳრგჳნი, და დაუტევა მეფედ, და დაუტევნა მის თანა შჳდნი წარჩინებულნი მისნი:
პირველად ჯუანშერ სპასპეტი, მპყრობელი შიდა ქართლისა და მფლობელი ყოველთა ერის-თავთა:
და დემეტრე, ერის-თავი კახეთისა და კუხეთისა;
და გრიგოლი, ერის-თავი ჰერეთისა;
და ნერსარან, ერის-თავი ხუნანისა;
და ადარნასე, ერის-თავი სამშჳლდისა;
და სამნაღირ, ერის-თავი შიდა ეგრისა და სუანეთისა;
და ბაკურ, ერის-თავი მარგჳსა და თაკუერისა.
და ამათ შეჰვედრა ძე თჳსი დაჩი, და უბრძანა აღშენება უჯარმისა და მუნ შინა ზრდა დაჩი მეფისა, რამეთუ სიმარჯუედ გამონახა იგი ნადირთა და ცხოვართათჳს და წარიტანნა თანა ოთხნი წარჩინებულნი მისნი:
არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა;
და ნასარ, ერის-თავი წუნდისა;
და ბივრიტიან, ერის-თავი ოძრჴისა;
და საურმაგ, ეჯიბი მისი დიდი; და მათ თანა ათი ათასი მჴედარი ლაშქრისა მისისა დარჩეული.
და ლეონ ანთიპატმან დაუტევა ლაშქრისა მისისაგან ათი ათასი ბერძენი, და თჳთ წარვიდა წინაშე კეისრისა. და ვახტანგ მეფემან წარატანა თანა მოციქულად არტავაზ, ერის-თავი კლარჯეთისა; და წარსცა ყოველი ნიჭი წინაშე კეისრისა, რომელი მიენიჭა მეფესა ხუასროს; გარნა სტავრები და ტაიჭები დაიჭირა თავისათჳს, და სხუა ყოველი წარსცა და უბრძანა არტავაზს, რათა ჯაზირას მოერთოს ლეონ ანთიპატისა თანა.
ხოლო ვახტანგს ევედრნეს დედა და დაჲ მისი ხუარანძე, რათა წარიტანნეს თანა და ილოცონ იერუსალემს. წარიტანნა, და წარვიდეს ვახტანგ მეფე და ხუასრო გზასა ადარბადაგანისასა; და მუნით წარვიდეს ვახტანგ და დედა და დაჲ მისი იერუსალემს, და ხუასრო ელოდა ანტიოქიას. შევიდეს და ილოცეს წმიდასა აღდგომასა, და მოილოცნეს ყოველნი ადგილნი წმიდანი, და შეევედრნეს წმიდასა აღდგომასა, შეწირეს შესაწირავი დიდი და წარმოვიდეს ანტიოქიას.
ხოლო ლეონ, ანტიპატოსი კეისრისა, და არტავაზ, ერის-თავი ვახტანგისი, მოვიდეს ოცი ათასითა მჴედრითა რჩეულითა, და მოართუეს ხუასროს კეისრისაგან ძღუენი მიუწდომელი და ვახტანგს ნიჭი მიუწდომელი. და მოემცნო კეისარსა მოციქულთად სიხარული და მადლისა მიცემა ღმრთისა, და ვახტანგის ქება და მადლი მიუწდომელი. და მოემცნო ვახტანგისად: „და მიბრძანებიეს ლეონისდა ესრეთ, რათა იყოს შიშსა და ბრძანებასა შენსა ქუეშე ვითარცა ჩემსა“ და შეკრბა ვახტანგის საბრძანებელსა ქუეშე ბერძენი და ქართველი და სომეხი ორმოცდაათი ათასი მჴედარი რჩეული.
მაშინ უბრძანა სპარსთა მეფემან ვახტანგს: „ვინათგან დედა და დაჲ შენი აქამდის დამაშურალ არიან, მოვიდენ იგინი-ცა სამეფოდ ჩემდა, რათა ერთობით აღვასრულოთ სიხარული ჩუენი მერმე თუ ინებონ წარსლვა ქართლს, წარვიდენ იგინი გზასა რანისასა. ხოლო თუ ინებონ ლოდინება შენი, გელოდიან ურაჰას ქალაქსა შინა“.
სთნდა უკუე ვახტანგს ბრძანება ხუასროსი, და წარიტანნეს თანა და წარემართნეს. და წარგზავნა სპარსთა მეფემან მოციქული წინაშე ყოველთა წარჩინებულთა სპარსეთისათა, და მიუთხრა ესე ყოველი. ხოლო მათ განიხარეს სიხარულითა დიდითა. რამეთუ ცეცხლებრ ეგზებოდეს ბრძოლისათჳს ჰინდოთა, სინდელთა, და აბაშთა, და ჯორჯანთათჳს. და მივიდეს ბაღდადს, და მოეგებნეს ყოველნი წარჩინებულნი სპარსეთისანი სიხარულითა დიდითა. და აღასრულეს ქორწილი სამეუფო, ექუს თუე განცხრომითა და განსუენებითა მიუწდომელითა. და შემდგომად ქორწილისა მისცა ნიჭი დიდ-ძალი დედასა და დასა ვახტანგისსა, და წარმოვიდეს ურაჰას. და პატივ-სცემდა ვახტანგს ყოველი ერი სპარსეთისა ვითარცა ხუასროს, მეფესა მათსა, და მერმე წარემართნეს მტერთა ზედა.
<< წინ |