ქართლის ცხოვრება

ჯუანშერი

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

აქა სპარსთა მოსლვა ქართლს ვახტანგ გორგასალ ზე საომრად,
და ვახტანგისგან სპარსთა მეფის შვილის ბარტამის მოკლვა

და მოვიდა ხუასრო მეფე და შემუსრნა ქალაქი კამბეჩოანი, და ჭერმისა ციხე, და ველის-ციხე. და ვითარცა მოიწივნეს კახეთად, დაიბანაკეს იორსა ზედა. ხოლო სპანი ვახტანგისნი დადგეს ველსა ზედა, გარემოს ციხე-ქალაქსა, სადა ჰქჳან დარფაკა. და შეიბნეს იორსა ზედა, და სამ დღე ყოველთა დღეთა იბრძოდეს, და დაეცემოდა ორთა-ვე სპათაგან ურიცხჳ. მაშინ ვახტანგ მოუწოდა პეტრე კათალიკოსსა და რქუა: „უწყოდე, რამეთუ არა ხარკისა მიცემისათჳს გუბრძვანან, არამედ ქრისტეს დატეობისათჳს. აწ მე ესე განმიზრახავს, რამეთუ ცხოვრებასა ჩემსა სიკუდილი უმჯობეს არს სახელსა ზედა ქრისტესსა, რათა სასუფეველი გუაქუნდეს, აღთქმული მათ თანა, რომელთა ეტყჳს: რომელმან წარიწყმიდოს თავი თჳსი ჩემთჳს, მან პოოს იგი“.

რქუა მას პეტრე კათალიკოსმან: „გიხილვან საქმენი, რომელნი არა-ვინ ნათესავთა შენთაგანმან იხილნა, შეწევნანი ქრისტესმიერნი. რამეთუ უწყის სიბრძნემან შენმან, ვითარმედ მტერი იგი გამომცდელი ჩუენი აცილობს ღმერთსა ჩუენთჳს ვითარცა იობისთჳს; რამეთუ ღმერთი მიუშუებს მოძულებულთა მათ თჳსთა წარწყმედად, ხოლო შეყუარებულთა თჳსთა განღმრთობად. იყავ შენ, ვითარცა გაზრახოს ღმერთმან, დაღაცათუ არა მოჰკუდეთ, მოვკუდეთ“. და ამით სიტყჳთა ამხილა, ვითარმედ წყობასა მას არა დარჩეს, და რქუა: „არა-ხოლო-თუ ქართლი მიეცეს განსარყუნელად, არამედ იერუსალემი-ცა, რომელ არს მშობელი ყოველთა შვილთა ნათლისათა“.

და რქუა მეფემან: „დადეგ ეკლესიასა შინა რაჟდენ წმიდისასა, რომელი რაბატსა შინა უჯარმოსასა აღმიშენებიეს; და ვეჭუ, ვითარმედ ყოველნი ქალაქნი გარემოს უჯარმოსა იძლივნენ, რამეთუ მტკიცენი და ძლიერნი ზღუდენი აქა დავსხენით“. და ყო ეგრე კათალიკოსმან. ხოლო ეპისკოპოსნი ყოველნი წმიდანი მუნ შეკრბეს.

და იყო ლაშქარი ვახტანგისი ორას ორმოცი ათასი, ხოლო სპარსთა - შჳდას ორმოცი ათასი. და განყო ვახტანგ ლაშქარი მისი სამად: და კლდით კერძო მოავლინა ქუეითი; და ერთ-კერძო მოავლინნა პატიახშნი და სპასპეტი; და სადათ სპარსთა მეფე იყო, მუნით თჳთ მივიდა ვახტანგ ვითარ ასი ათასითა სპითა.

ღამესა ნისლისაგან განცისკრებულსა ოდენ დაესხა ვახტანგ სპარსთა ზედა და რქუა ყოველსა ერსა მისსა: „ყოველი კაცი, რომელი დარჩეს სიკუდილისაგან და მტერთა ჩუენთაგანისა თავი ანუ ჴელი არა გამოიტანოს, ჩუენ მიერ მოკუედინ იგი“. და ცისკარი რა აღეღებოდა, დაესხა და შევლო ვიდრე პალატამდე მეფისა. შევიდა კარავსა შინა მეფისასა და მეფე შეესწრა ცხენსა ზედა, და ძე მისი ბარტამ მოკლა და მოჰკუეთა თავი მისი. და მუნ შინა სპარსმან ვინ-მე სცა ისარი მკერდსა ვახტანგისსა, და იყო ბრძოლა ვიდრე შუადღემდე. სძლო ვახტანგ სპარსთა მათ, და მოკლა მათგანი ვითარ ას ოცდაათი ათასი, ხოლო სპათაგან ვახტანგისთა მოკუდა ვითარ ოცდარვა ათასი. და წარმოიღეს ნატყუენავი ცხენი ვითარ ასი ათასი, და სრულიად ვერ იოტნეს სიმრავლისაგან. და აიყარა მუნით სპარსთა მეფე, და ჩადგა რუსთავს. და დამძიმდა წყლულება ვახტანგისი, რამეთუ შეწეულ იყო ისარი ფირტუად. და წარვიდა უჯარმოს, და უბრძანა სპასალართა ქართლისათა, რათა ადგილსა-ვე დგენ.

ცნეს სპარსთა, ვითარმედ დამძიმდა ვახტანგ წყლულებისაგან, მოაოჴრეს ტფილისი და არმაზი ქართლი, ხოლო მცხეთა ვერ დაიპყრეს გარნა რომელი ზღუდესა გარეგნით იყო, მოაოჴრეს, რომელი-იგი მუხნარით და არაგუსა ხერთვისსა იყო.

ხოლო ბერძენთა მეფე, სიმამრი ვახტანგისი, მოკუდა, და დაჯდა მეფედ ზენონ, ძე მისი. და გამოვიდა სპერად, გამოსლვად ქართლს. და ვითარცა ცნა სიმძიმე ვახტანგისი, დაადგრა კარნუ-ქალაქსა. და მივიდა მუნ ხუასრო, და შეიბნეს ხუასრო და კეისარი კარნიფორას. და დაიჴოცა ორთაგან-ვე სპათა, რომელ იქმნა სისხლისა მდინარე; და მის მიერ ეწოდა ადგილსა მას კარნიფორა რე-ცა სისხლისა მუცელი. და ვერ სძლეს ერთმან-ერთსა, რამეთუ სპანი ორთანი-ვე დაიჴოცნეს, და შეიქცა ხუასრო გზასა ქართლისასა.

ხოლო ვახტანგ შეიტყო სიკუდილი თავისა თჳსისა, და მოუწოდა კათალიკოსსა, და ცოლსა თჳსსა, და ძეთა და ყოველთა წარჩინებულთა, და თქუა: „მე ესე-რა წარვალ წინაშე ღმრთისა ჩემისა, და ვმადლობ სახელსა მისსა, რამეთუ არა დამაკლო გამორჩეულთა წმიდათა მისთა. აწ გამცნებ თქუენ, რათა მტკიცედ სარწმუნოებასა ზედა სდგეთ და ეძიებდეთ ქრისტესთჳს სიკუდილსა სახელსა მისსა ზედა, რათა წარუვალი დიდება მოიგოთ“.

და რქუა ყოველთა წარჩინებულთა: „თქუენ, მკჳდრნო ქართლისანო, მოიჴსენენით კეთილნი ჩემნი, რამეთუ პირველად სახლისა ჩემისა მიერ მიიღეთ ნათელი საუკუნო, და მე ჴორციელებრითა დიდებითა გადიდენ თქუენ ნათესავთა ჩემთა. და სახლსა ჩუენსა ნუ შეურაცხ-ჰყოფთ, და სიყუარულსა ბერძენთასა ნუ დაუტეობთ“.

და რქუა ძესა თჳსსა დაჩის: „შენ ხარ პირმშო შვილი ჩემი, შენდა მიმცემია გჳრგჳნი მეფობისა ჩემისა, და ნაწილად ძმათა შენთა მიმიცემია ტასისკარითგან და წუნდითგან ვიდრე სომხითამდე და საბერძნეთამდე, საზღვარი აფხაზეთისა, რომელი მოცემულ არს ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, იგი თჳთ ძმათა შენთა დედისა არს, იგი აქუნდეს მათ, და იყვნენ შენდა ერის-თავად მორჩილებასა ქუეშე ნათესავისა შენისასა.

და მოუწოდა ნასარს, ერის-თავსა წუნდისასა, და არტავაზს, ერის-თავსა კლარჯეთისასა, და ბივრიტიანს, ერის-თავსა ოძრჴისასა, და მათ მიათუალა ცოლი თჳსი ელენე და შვილნი მისნი, რომელთა ერქუა ლეონ და მირდატ, და შეავედრნა მათ სამთა-ვე ერის-თავთა ცრემლითა და შეხედვებითა ღმრთისათა.

მაშინ წარჩინებულთა და ყოველსა ერსა ზედა დღე იყო სასჯელისა, და იტყებდეს ყოველნი თავთა თჳსთა, ისხმიდეს ნაცარსა, და ყოველნი ინატრიდეს სიკუდილსა თავისა თჳსისასა; და ჴმისაგან ტირილისა და გოდებისა იძრვოდა ქუეყანა; და მორწმუნე ერი ჰნატრიდა მეფესა, რამეთუ ქრისტესთჳს მოიკლა. და მოკუდა ვახტანგ, და დაეფლა მცხეთას, საკათალიკოსოსა ეკლესიასა შინა სუეტსა თანა, რომელსა შინა არს ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისაგან დაპყრობით.

 

ჩანართი

და საფლავსა მისსა ზედა წერილ არს ხატი მისი, სწორი ასაკისა მისისა. აწ რომელ არს აბჯარი და სამოსელნი მისნი მისგან უფრო საცნაურ არს.

 

მეოცდათოთხმეტე მეფე, დაჩი, ძე ვახტანგ გორგასალისა. ხოსროიანი

და დაჯდა საყდარსა მისსა ძე მისი დაჩი, ხოლო ცოლი და ორნი ძენი ვახტანგისნი წარიყვანნეს სამთა მათ ერის-თავთა, და დაიპყრეს დასავლეთი ქართლისა, რომელი მისცა ვახტანგ. და დასხდეს წუნდას ქალაქსა ზაფხულის, და ზამთრის იყვნიან ოძრჴეს. და არა ეწოდა მათ მეფედ, არამედ ერის-თავთა-მთავრად, და იყვნეს მორჩილებასა ძმისა მათისა დაჩი მეფისასა.

ხოლო ამან დაჩი მეფემან იწყო შენებად ქართლისა, რამეთუ მოოჴრებულ იყვნეს ყოველნი ჴევნი ქართლისანი, თჳნიერ კახეთისა და კლარჯეთისა და ეგრისისა. და განასრულნა ზღუდენი ტფილისისანი, და, ვითა ებრძანა ვახტანგს, იგი შექმნა სახლად სამეუფოდ.

და მოკუდა პეტრე კათალიკოსი და დაჯდა სამოელ. და მეფემან მას მიათუალა მცხეთა, რამეთუ ეგრე ებრძანა მეფესა ვახტანგს. ამან-ვე მეფემან დაჩი დაჰპატიჟა მთეულთა კახეთისათა, რათა აღიარონ ქრისტე, ხოლო მათ არა ინებეს, და განდგეს ყოველნი ნოპატელნი.

ხოლო ორთა-ვე მათგან ძეთა ვახტანგისთა, ნაშობთა ბერძნისა ცოლისათა, მოკუდა რომელსა ერქუა ლეონ, და დარჩა მირდატ ოდენ. ამას მირდატს დაევაჭრა ძმა მისი დაჩი: მეფემან გაუცვალა ქუეყანა, და აღიღო მირდატისგან ეგრის-წყალსა და კლისურასა შუა, მირდატის დედული საზღვარი საბერძნეთისა, და მისცა ნაცვლად ჯავახეთი ფარავნითგან მტკურამდე. დაიპყრა მირდატ, ძემან ვახტანგისმან, ფარავნითგან და ტასისკარითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა, და ერისთავობდა მუნ; და იყო მორჩილ დაჩი მეფისა, ძმისა თჳსისა. ამან აღაშენა ჯავახეთს ეკლესია წყაროსთავისა და მოკუდა დაჩი მეფე.

 

მეოცდათხუთმეტე მეფე, ბაკურ. ძე დაჩი მეფისა, ხოსროიანი

და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ. და მოკუდა ბაკურ.

 

მეოცდათექუსმეტე მეფე, ფარსმან, ძე ბაკურ მეფისა, ხოსროიანი

და დაჯდა მეფედ ძე მისი ფარსმან და მოკუდა კათალიკოსი სამოელ, და დაჯდა კათალიკოსად თავფეჩაგ. და მოკუდა თავფეჩაგ, და დაჯდა კათალიკოსად ჩერმაგ.

და ვახტანგისითგან მოაქამომდე ესე მეფენი მშჳდობით იყვნეს, და შვილნი მირდატისნი ჰმონებდეს შვილთა დაჩისთა.

ამის ფარსმანის მეფობასა მოვიდეს სპარსნი, მოაოჴრეს ქართლი და რანი. ხოლო ფარსმან, მეფემან ქართველთამან, ითხოვა სპარსთ მეფისაგან, რათა არა მოაოჴრნეს. ეკლესიანი და იპყრას ქართლი სჯულსა ზედა ქრისტესსა. რამეთუ მას ჟამსა ბერძენნი უცალო იყვნეს: დასავლით მტერნი აღდგომილ იყვნეს, და ვერ შემძლებელ იყვნეს შეწევნად ქართველთა და წინა-აღდგომად სპარსთა. მაშინ სპარსთა მეფემან ისმინა ვედრება მისი და დაიცვნა ეკლესიანი. და ფარსმან დაუწერა მას მორჩილება და მსახურება, და წარვიდა სპარსთა მეფე.

მიერითგან განიყვნეს ნათესავნი ვახტანგ მეფისანი. რამეთუ შვილნი დაჩისნი ჰმორჩილობდეს სპარსთა, ხოლო შვილნი მირდატისნი დაადგრეს მორჩილებასა ბერძენთასა.

მოკუდა ფარსმან და დაჯდა მეფედ ძმის-წული მისი, რომელსა ერქუა ფარსმან-ვე.

 

მეოცდაჩვიდმეტე მეფე. ფარსმან. ძმის-წული ფარსმან მეფისა, ხოსროიანი

და იყო იგი მორწმუნე ვითარ-ცა მამის ძმა მისი, და ჰმატა ყოველთა ეკლესიათა შემკობა.

 

ჩანართი

ხოლო ითხოვეს იუსტინიანესგან ქართველთა, რათა დასხდებოდენ კ(ათალიკო)ზად (?) ნათესავნი ქართველთანი. რამეთუ მოვიდოდიან კათალიკოსნი საბერძნეთით. ხოლო იუსტინიანე დაწერა წიგნი და დაბეჭდა თჳსითა ბეჭდითა ესრეთ, რათა დასხდებოდენ კათალიკოსად ნათესავნი ქართველთანი, და აქუნდეს უაღრესობა ყოველთა ეკლესიათა და მღდელთ-მთავართა ზედა.

და მოკუდა კათალიკოსი ჩერმაგ, და ამან-ვე ფარსმან მეფემან დასუა საბა. აქათგან არღარა მოიყვანებდეს კათალიკოსსა საბერძნეთით, არამედ ქართველნი დასხდებოდეს, წარჩინებულთა ნათესავნი. და მოკუდა კათალიკოსი საბა, და მან-ვე მეფემან დასუა კათალიკოსად ევლათი.

მის-ვე ფარსმანის-ზე მოვიდა იოვანე შუა-მდინარით, რომელსა ეწოდა ზედაზადნელი, განმანათლებელი ქართლისა და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა, რომელმან ქმნა სასწაულები და ნიშები მრავალი, მან და მოწაფეთა მისთა, რომელთა განაკჳრვნეს ყოველნი ქართველნი. დაიწერა ცხოვრება და სასწაულნი მათნი და დაისხნეს ეკლესიათა შინა ქართლისათა.

 

I ჩანართი (BPRTbd)

სახელები წმიდათა მოწაფეთა: იოვანე ზედაზადენელი, დავით გარესჯელი, სტეფანე ხირსელი, იოსებ ალავერდელი, ზენონ იყალთოელი, ანტონი მარტო-მყოფელი, ისე წილკნელი, თათე სტეფანწმიდელი, შიო მღჳმელი, ისიდორე სამთავნელი, აბიბოს ნეკრესელი, მიქელ ულუმბელი, პიროს ბრეთელი და ელია დიაკონი. მრავალნი სხუანი-ც დაემოწაფნეს წმიდასა მას მამასა, კაცნი წმიდანი და სულიერნი მამანი დაჰყუნეთ ჟამისათა და შემდგომად ოთხას ოცისა წლისა გამოიკითხა და გამოიძია წმიდამან მამამან ჩუენმან არსენი ქართლისა კათალიკოსმან; რომელი-მე წიგნთაგან აღმოვიკითხეთ და რომელი-მე მათგან სმენილ იყო საქმეთაგან მათთა. და აღვწერეთ ცხოვრება და მოქალაქობა წმიდათა მათ მამათა, საცნობელად ჩუენ მორწმუნეთა და სადიდებლად სამებისა წმიდისა, აწ და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.

 

II ჩანართი (BPRTbcd)

და აწ ვიწყოთ შემოკლებით ცხოვრება მათი.

იოვანე იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელნი არა უწყით, არამედ მხოლო მამა ზეცისა მშობელად მისა. აღიზარდა და სრულ იქმნა ყოვლითა სწავლითა, და შეიმკო სრულითა სათნოებითა. ამისთჳს მიენიჭნეს მას ღმრთისა მიერ სენთა კურნება, და ეშმაკთა ოტება, რომლისა მიერ მრავალნი სასწაულნი აღესრულებოდეს.

ვინათგან მრავალი წყინება ჰქონდა, ამისთჳს მეოტ იქმნა უდაბნოდ, და მუნ დაადგრა. ხოლო მუნ ბრძანება მოიღო ანგელოზისა მიერ, რათა ათორმეტით მოწაფითურთ თჳსით წარვიდეს ქართლად. და მოვიდა მცხეთას, და ბრძანებითა მეფისათა და კურთხევითა კათალიკოსისათა აღვიდა მთასა ზედა ზადენსა, და მუნ დაემკჳდრა დაყუდებით მუნ მთასა ზედა პირველითგან კერპნი აღმართებულ იყვნეს, და მით დამკჳდრებულ იყო მუნ ეშმაკთა სიმრავლე. ხოლო ლოცვითა წმიდისა მამისა იოვანესითა, ყოველი-ვე განიდევნა მთისა მისგან. ხოლო მოწაფენი მისნი წარგზავნა წინაძღომითა სულისა წმიდისათა, რომელი-მე ქართლს და რომელი-მე კახეთს, და რომელი-მე უდაბნოდ გარესჯად.

მაშინ მუნ დაადგრა იოვანე, ღირსი მამა ჩუენი, ერთისა ოდენ მოწაფითა, და მრავალნი წინა-აღმდგომობა და განსაცდელნი მოითმინნეს ეშმაკისა მიერ, და მძლედ გამოჩნდეს მათ ყოველთა ზედა.

ამისა შემდგომად მთასა მას ურწყულსა წყარო გემრიელი გამოადინა ღმერთმან ლოცვითა მისითა, რომლისა სმითა და ცხებითა მდაბიურთაგან მრავალნი სნეულნი განიკურნებოდეს.

ამისა შემდგომად დათვი წყაროსა მას ზედა მდგომელი მშჳდითა მოძღურებითა განიოტა; და მიერითგან არღარა-ვის ავნებენ დათვნი მის მთისანი კაცთა ვის-მე, ვიდრე დღეინდელად დღედმდე. ესრეთ განისწავლნეს დათვნი უმწყსნი.

მოჰგუარეს მას განრღუეული მრავალჟამეული, და ლოცვითა მისითა მყის განიკურნა. ხოლო სხუა მოიყვანეს კაცი, რომლისა თანა იყო ეშმაკი უტყუებისა: და ილოცა მისთჳს, და მყის დაუტევა ეშმაკმან და ივლტოდა მისგან. და განიკურნა კაცი იგი და ადიდებდა ღმერთსა. მრავალთა მისთა სასწაულთაგან მცირედნი ესე წარმოვთქუნი.

ოდეს მოიწია განსლვა მისი ჴორცთაგან, მოუწოდა ელია დიაკონსა და სხუათა ვიეთთა მოწაფეთა თჳსთა, ასწავა და განამტკიცნა. და იხილნა ზეცისა მჴედრობანი მოსრულნი მის ზედა, და შევედრა სული თჳსი ჴელთა შინა მათთა და დაიძინა მშჳდობით. შემურეს წმიდა გუამი მისი და მიიღეს საყოფელსა-ვე მას თჳსსა, სადა იღუაწა მთასა მას-ვე მუნ. ხოლო შემდგომად მიცვალებისა მრავალნი სასწაულნი აღესრულნეს, რომელთა სრული ცხოვრება წმიდისა იოვანესი მოგჳთხრობს.

*

წმიდა მამა დავით იყო ქუეყანით შუა-მდინარით, რომლისა მშობელთა არა მეცნიერ ვართ. ესე დამოწაფებული იოვანეს თანა მოვიდა, და განვიდა გარესჯასა უდაბნოსა, ერთისა ოდენ მოწაფითა, რომლისა სახელი ლუკიანე, რომელთა სიცხენი მზისანი და ნეფხვანი ზამთრისანი ფრიად მრავალნი მოითმინნეს ამისსა შემდგომად, ვითარცა მამა დიდისა ბასილისა, ირემთა მიერ გამოიზარდნეს. რამეთუ სამნი ირემნი ჩუკროსანნი მოვიდიან და მოწველიან, და ხაჭოსა მისსა ჭამდიან; გარნა ოთხშაბათს და პარასკევს არ მოვიდიან. შემდგომად მცირედისა ჟამისა, ერთი ნუკრთაგანი შთანთქა ვეშაპმან მძჳნვარემან, რომელი მკჳდრ იყო ღელესა რომელსა-მე ნაპრალთა კლდისათა, რომელი სიტყჳთა დავითისითა განიდევნა, და ველსა ყარაიისასა მეხის-ტეხითა შეიწვა, და ბუბაქარ დიდებული, კაკაბთა ნადირობასა შინა, შეემთხჳა წმიდასა და ენება მახჳლითა მოკლვა, რომელსა ჴელი განმარტებული შეაჴმო და ვედრებითა მის-ვე წმიდისათა კუალად ეგო, ვითარცა უვნებელი. და ძენი ბუბაქარისნი, საპყარნი, წამსა შინა, ლოცვითა მისითა განკურნა. ხოლო ამის გამო განისმა ჴმა მისი და ფრიად მრავალნი ერნი დაემოწაფნეს, და მრავალნი ჯურღმულნი აღმოკუეთეს.

და მოვიდა ღირსი დოდო-ცა, და დაადგრა მის თანა. ამისა შემდგომად წმიდამან წყალნი მწარენი დაატკბნა, რომელნი დიან ვიდრე დღეინდელად დღედმდე, გარემოს ბერთუბნის მონასტრისა, და მრავალნი სასწაულნი აღასრულნა. და შემდგომად წარვიდა წმიდა ქალაქად იერუსალემად, ქვეითად. და სადა იხილვების ბორცვებთაგან, არა თავს-იდვა შთასლვა მუნ. არამედ მუნით მოდრკა და თაყვანის-ცა, და აღიღო სამნი ლოდნი; და შთაისხნა ჩაჴუთა რასა-მე, და წარმოემართა. ამისთჳს პატრიაქმან იხილა ჩუენება, და მალე-მსრბოლნი კაცნი მოსწივეს წმიდასა და ორნი იგი ლოდნი მოუხუნეს, და ერთი მიანიჭეს, რომელი მოვიდა და მოიღო ლოდი იგი, რომლისა სასწაულნი ითქუნეს ანგელოზისა მიერ პატრიაქისა მიმართ, არა მიცემად სამთა ქვათა, არამედ მესამედისა მადლისა წმიდისა ქალაქისა მოღებად აქა უდაბნოდ, ვინათგან სამ-გზის აქა ლოცვა მიესწორების ერთ-გზის იერუსალემსა მისლვასა. ამისსა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი სამყოფსა თჳსსა, გარესჯის მონასტერსა. (რომლისა სასწაულნი და ღუაწლნი მისნი სრულიად სრულსა ცხოვრებასა მისსა შინა წერილ არიან. ხოლო ამის წმიდისა მამის დავითის სიცოცხ[ლ]ესა-ვე შინა მოვიდა მამა წმიდა დოდო კახეთით, და მის-ვე მამის წმიდისა განვიდა მიერ უდაბნოდ და დ[ა]ემკჳდრა მუნ, და აღაშენა მონასტერი ფრიად დიდი, რომელსა შინა მრავალნი ღუაწლნი და შრომანი აღასრულნა. რომლისა სასწაულსა და ცხოვრებასა და ღუაწლსა მოგჳთხრობს ცხოვრება მისი. და ამისა შემდგომად სული თჳსი ღმერთსა შევედრა, და დაისხნა წმიდა გუამი მისი საყოფელსა თჳსსა-ვე).

*

იყო წმიდა მამა შიო ქალაქით ანტიოქიით, სიჩჩოთგან დამტევებული სოფლისა და დამოწაფებული მამისა იოვანესი: ვინათგან წარმოვიდა ქართლად წმიდა იოვანე, წინაძღომითა საღმრთოთა სულისათა, არა უგულებელს-ყო სულიერი მამა თჳსი, და მის თანა-ვე წარმოვიდა ღირსი შიო. მოსრულმან ქართლს, ქალაქსა მცხეთას, მყუდროებისა და მარტო-მყოფობისა მოსურნე იყო. ითხოვა შენდობა კათალიკოსისა და მამისა იოვანესგან, და წარვიდა წმიდა შიო დასავლით-კერძო მცხეთისა, მარჯუენით მდინარესა მტკუარსა, რომელსა ჰქჳან მღჳმე, ღრმათა ჴევთა ფრიადთა; მზის სიცხეთა და ზამთრისა ყინვათა მიერ განიბძარვოდეს ჴორცნი მისნი. პოვა ქვაბი კლდისა გამოკუეთილი, და სიცივისა და სიცხისა ნუგეშინის-იცა მას შინა. ხოლო ვინათგან სახიერმან ღმერთმან არა უგულებელს-ყო მრავალი ღუაწლი მისი, არამედ ვითარცა ელია ყორნისა მიერ გამოზარდა, ეგრეთ-ვე აქა-ცა დღითი-დღე ტრედისა მიერ საზრდელი მოეღებოდა. ამისა შემდგომად, დღესა ერთსა, ფრინვლითა ნადირობად გამოვიდა კაცი მდიდარი და საჩინო, სახელით ევაგრე. მხოლოდ მდგომი კლდისა თავსა ზედა, ნახა ტრედი მიმქონი საზრდელისა, თვალ-აგნა და განეცჳფრა გონებასა თჳსსა, და კუალად დღესა მეორესა ეგრეთ-ვე ნახა, ვითარცა პირველ, და შეუდგა კუალსა ტრედისასა, ნახა ბერი ვინ-მე მოღუაწე, შეიშურა მოთმინება ბერისა მის და არა უგულებელ-ყო განშორება მისი. რქუა: „მამაო, ღირს მყავ „ თანა დამკჳდრებად, რათა მყუდროებასა შინა აღვასრულო დღენი ჩემნი“: რქუა მას წმიდამან შიო. „აღიღე კუერთხი ესე ჩემი, უკეთუ იმიერ და ამიერ მდინარემან გზა გცეს, განიპოს წყალი იგი, ნება უფლისა არს. და მოვედ აქა. და უკეთუ არა გზა გექმნას, იყავ სახლად და და სარწმუნოდ მნებებელად“. წარვიდა განმგებ სახლისაგან მოსეს მსგავსად. ორ-გზის მტკუარი განაპო კუერთხმან იმან: აღვიდა მამისა შიოსსა ევაგრე არა უკუნ-მხედველი, ვითარცა ლოთ სოდომისა, შიშითა არა იქმნეს ძეგლ მარილისა: ასწავა მოთმინება, ლოცვა, უძილობა და ღუაწლი მონაზონებისა. ამისა შემდგომად რქუა წმიდამან შიო: „შვილო ევაგრე, გჳღირს ეკლესია, სადა-ცა უფალსა უნდეს მვედრებელი ღმრთისა აღვიდენ“. თავსა კლდისა წუერისასა მარცხენასა ჴელსა საკმეველი და ცეცხლი დაიყარა, მარჯუენით ჯუარი გამოსახა, საკმლის კუამლით წუერ-ჩამობრუნვით იპოვა ადგილი, სადა-ცა ეკლესია უნებს უფალსა, და აღაშენა საყდარი ყოვლად წმიდისა ღმრთისა დედისა. იქმნა მონაზონ ევაგრე, განითქუა ამბავი მათი, და ყოველსა გარემოს სოფლებსა მოვიდენ სხუანი ურიცხუნი სულნი მონაზონებად: ყოველი საზრდო, წყალი-ცა საზიდი იყო. სატვირთავად ჰყუანდათ კარაულები: უბრძანა მგელთა, და იდგნენ მგელნი ვირთა. ერთსა დღესა ბერისა კონონის კარაული კლდესა გარდაჭრილი მიუხლველ იქმნა სადგომსა. რქუა ბერმან მან წმიდასა შიოს: „რა ესე ვყავ, ვითარ მგელი მყემსად კარაულთა განაჩინე, ამას შეუჭამიეს“. ჩუეულ იყო მგელი, რა კარაულთა მიიყვანის, ბერთა პური დაუნეცვიან და ჭამის, ხოლო აწ დატუქსვილი თრთის, და ეჭიდების ზიდვად კალთასა ბერისასა. წაყოლილმან ნახა თავსა კლდისასა ნაპრალთა დაგორებული კარაული, უსულოდ მდებარე პოვა: თავის-უფალ ყო მგელი, უბრძანა: „ნუ-ღა-რა იყოფები სავნებელად ადგილსა ამას. სასწაულნი ესე დღეინდელა დღედმდე ჰგიან, რამეთუ ვერას ავნის პირუტყუთა ნადირნი ველისანი. სხუანი-ცა მრავალნი სასწაულნი აღასრულნა.

შემდგომად ამისა მამად ბერთა ევაგრე განაჩინა, თჳთ შთავიდა ლაკუასა, მღჳმესა ბნელსა, კაცთა მიუვალსა. ვითარ გამოთქუეს სიმჴნე და მოთმინება მისი, ლოცვა, ეშმაკთაგან განსაცდელთა შეწყნარება, ცრემლი და ვედრება უფლისა. მას შინა კეთილად აღასრულა ცხოვრება მისი ითხოვა მღდლისა-მიერი სიწმიდე და წარვიდა წინაშე უფლისა, და მუნ-ვე მიმღებელ იქმნა სადა ღუაწლი აღასრულა და ჩანან საფლავი დღეისით, სასო ქართველთა: წლითი-წლად ნაწილნი აღმოეცენნებიან, მორწმუნეთა განმამჴნობელად, და ურწმუნოთა განმამკჳრებელად: ვიდრე სულიერ-ღა იყო, მრავალი სასწაული აღასრულა: დიდსა-ცა არაგუთა მდინარე განაპო, მკელობელი ავლინა, განრისხებული მეფე მშჳდ ყო, ვნებული არა-წმიდათაგან განკურნა, უშვილოთა შვილი მიანიჭა, და ძე იგი კათალიკოს ყო. დაიდვა წმიდა გუამი მისი სამყოფსა და საღუაწოსა შინა მღჳმისასა.

*

იყო მამა წმიდა ისე წილკნელი მოწაფე წმიდისა მამისა იოვანესი, რომლისა არა უწყით მშობელნი, არ-ცა ადგილსა სადაურობისა, თჳნიერ ესე ვიცით, თანა მოჰყვა იოვანესა და მრავლითა იძულებითა ქართლისა კათალიკოსმან აკურთხა მღუდელთ-მთავრად, საყდარსა წმიდისა ღვთის-მშობლისასა, ქუეყანასა მუხრანისასა, და სოფელსა წილკნისასა. ფრიადნი ურწმუნონი სწავლითა მოაქცივნა, მოძღურება და ქადაგება განფინა სამწყოსა თჳსსა: დაბასა მას უწყლობითა სასო-წარკუეთილ იყვნეს, ამისთჳს რამეთუ შორს იყო ქსანი, შუა ტყე და მაღალი გორა ჰქონდა: აღიღო კუერთხი თჳსი, დღესა ერთსა, შესრულმან, ვედრებისა წარმთქმელმან წინაშე ხატსა დედისა ღმრთისასა: მიიწია ქსნის პირსა, უბრძანა წყალსა მას: „ძლიერებითა უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესითა, და ღვთის-მშობლისა მარიამისითა, გიბრძანებ, მდინარეო, გამოვედ და შემოუდეგ კუალსა ჩემსა, და მოსდევდი წუერსა კუერთხისასა“. უვალსა და უგზაურსა ალაგსა შემოუდგა, ჰყევებოდა ვითარცა მონა. წარმოიღო ვიდრე წილკნის ჩაღმა, რომელი დღეინდელად მდინარეობს წყალი იგი.

ამისა შემდგომად ღუაწლი მრავალი განფინა უფლისა მიერ, წარვიდა სიხარულითა, მღდელთ-მოძღურობისა პატივი აღასრულა, ღირსი წმიდა სული შევედრა ღმერთსა, და მიიღო ყოვლად პატიოსანი გუამი მისი მონასტერსა მას-ვე წილკნისასა, რომელი აწამომდე ჩანს, სასოდ და შესავედრებელად ქართველთა.

*

ხოლო მამა ანტონი შუა-მდინარელი, რომელი იყო მოწაფე მამისა იოვანესი, იყო წმიდა ესე განშორებულთა შორის ფრიად სათნო და წარჩინებული. ამან ყოვლად სანატრელმან წმიდა იგი ხატი უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელ სახედ პირსა თჳსსა ტილოსა ზედან გამოსახა, და ავგაროზს სასოება აღუსრულა; და შემდგომად ამაღლებისა, თადეოსის-მიერითა ჴელითა მიუვლინა და განკურნა კეთრისა მისგან ქუემდებარისა, და ყოვლით სახლეულით მისით ნათელ-იღო, თადეოსის-მიერითა ჴელითა. და შემდგომად მისსა ძე კაცისა ავგაროზისა, და კუალად შვილის-შვილისა ძისა მისისა ენაცვალნეს მათ მეფობათა ოდენ, და არა ღმრთის-მსახურებითა. რამეთუ განდგომილ იქმნეს ღვთის-მსახურებასა, და დამონებულ ეშმაკთა საოცრებასა. რამეთუ რა იგი ავგაროზს ეყო ეშმაკთა, და ვითარ შემუსრნა და განუდგა, მისი ენება შურის-გება, რათა მიუზღოს ეშმაკთა, სახე ძუელისა მის საზორველისა დამჴობისა, დამჴობათა ხატისა მის საუფლოსათა, რომელი აღმართა ავგაროზ ბჭეთა ზედა ქალაქისათა, სადა-იგი ემართა კერპი ბილწი. რამეთუ მუნ დაუსუენა ხატი იგი ტილოსი, ფიცარსა ზედა გარდართხმული, რათა ყოველნი შემავალნი მუნ შინა ხილვით თაყვანის-ცემდენ. მაშინ ბილწმან შვილის-წულმან ავგაროზისმან აღირჩია დღე-კეთილებისა წილ უსახურობა, და ხატი იგი უარყო, და ეშმაკთა შეუდგა, და იგონა ხატისა მის ქრისტესისა, რათა წარწყმიდოს იგი.

მაშინ ეპისკოპოსმან მის ქალაქისამან გულის-ხმა ყო განზრახვა ბოროტისა მის, და ყო განგება ღირსი და შემსგავსებული მის ჟამისა. რამეთუ სადა-იგი ხატი ესუენა, კამარედად ქმნილ იყო, და წმიდამან ეპისკოპოსმან დადგა კანდელი აღნთებული, საფარველად ტაძრისა მის, აღმართა კეცი წინა პირსა ხატისასა, და აღმოყორა კარი იგი კამარისა, და შეაფარილა, რომელ ყოვლად არა ეტყობოდა, თუ ერთი რომელ უახლეს არს. და შემდგომად უკანასკნელთა ჟამთა, ხუასრო, სპარსთა მეფე, მოადგა ედესია ქალაქსა, და უწყო თხრა ქუეშე ზღუდესა, და ენება, რათა ეგრეთ შევიდენ, რ(ამეთუ) ვერ აგრძნან, თუ ბრძავს-ო. მაშინ ღ(მერთ)თ(მა)ნ არა დაიდუმა უტყუველი აღთქმა, რომელ აღუთქუა, ვითარმედ: „ზღუდე ვარ მე ედესიისა“, და მშობელისა თჳსისა მეოხებითა, ევლავიოზს, ეპისკოპოსსა მის ქალაქისასა, გამოეცხადა დედა ღმრთისა და რქუა, ვითარმედ: „მას რომელსა-მე ბჭესა ზედა არს ხატი იგი ჴელით-უქმნელი და დაფარული“. და ვითარცა განიღჳძა ეპისკოპოსმან, გულის-ხმა ყო ჭეშმარიტებით ყელსა შინა ჩუენებულსა მას, და განთიად წარვიდა, ლიტანიით, ადგილსა მას, და პოვა წმიდა ხატი იგი ყოვლად განურყვნელი, და კანდელი იგი წინაშე მისსა ანთებული ეგო ეგე-ოდენსა ჟამთა სიმრავლესა შინა, და გარდააწუეთეს ზეთი მის კანდელისა მბრძოლთა მათსა ზედან მის ქალაქისათა, და მეყუსეულად ვითარცა მიახლდა, მიედვა და დაიწვნეს, და ვითარცა მტუერი განიბნივნეს, და უჩინო იქმნეს.

ხოლო რომელი იგი კეცი საფარველად მის ხატისა აღმართებულ იყო, მას ზედა გამოსახულ იყო სხუა ხატი და მსგავსება წმიდისა მის საუფლოსა ხატისა. რომელი იგი სწორებით პატივ-იცემებოდეს, და ნისტორიანთა ეკლესიასა შინა დაესუენნეს.

მაშინ წმიდამან ამან ანტონი იძია მოძღურისა თჳსისა გზა, და ისწავა ჭეშმარიტი, და ცნა; რამეთუ წარვიდა სომხითს, ჩრდილოეთით-კერძო, სხუათა თანა მოწაფეთა, რომელთა აწ მოვიჴსენნეთ, დავით, და დოდო, და შიო ანტიოქელნი, და რვანი სხუანი მოწაფენი იოვანესნი, ერთისა საზღვრისანი. ესე ცნა წმიდამან ანტონი, აღიძრა ტრფიალებითა მოძღურისა თჳსისათა და ესე-ცა ეძჳნებოდა გულსა თჳსსა, რომელ ნისტორიანთა ეკლესიასა შინა იყვნეს საუფლონი იგი ხატნი, და აღიყვანა კეცი, რომელი საფარველად მის ხატისა ყოფილ იყო, და ხატი ქმნულ იყო. ესე უჩინარად წარმოიყვანა, წინა-ძღომითა ანგელოზისათა და უწყებითა ზეციერითა, ჩრდილოეთს და მიიწია მტკუარსა ზედან, განვლო იგი და დაემკჳდრა აღმოსავალით, ვითარ ოთხ მილიონ ნაპრალსა კლდისასა, შინაგან მთათა აკრიანთა. იოანეს ახლვიდა ვითარ ხუთ მილიონ, და შიოს ვითარ ცხრა მილიონ, დავით-დოდოს ათსამეტ მილიონ. ხოლო მუნქვეს-ვე რომელ წმიდისა ამის ანტონის ედგნეს საზარდელად გუამისა თჳსისა ირემნი. და იყო მთა უღაღი და სერტყიანი, და იყო ქალაქი ვითარ ერთ მილიონ, მცირე. და ესე ირემნი წარვიდიან ველსა, და ვითარ ჟამი მოვიდის, შინა მოვიდიან, წველის, ვითარ მწყემსნი მოვიდოდეს ჟამეულად. ხოლო ერთსა ოდენ ჟამსა მოიწივნეს უჟამოდ, დამფრთხალნი, და უკან ნუკრი მოხდევდა, ჴორც-შეკუეთილი. და ესე დაუკჳრდა წმიდასა მას, და თქუა გულსა შინა თჳსსა: თუ „სადა ვინ შეემთხჳა?“ რამეთუ არა უწყოდა სიახლე მის ქალაქისა, და მყის ვითარცა კაცთა თუალ-მმრუმედ ხედვასა თანა რქვა: „რა არს ეგე?“ და მათ ვითარცა პირ-მეტყუელთა თავ-მიზიდვით რქუეს: „შემომიდეგ და გიჩვენოთ“. და შეუდგა კუალსა მათსა, და მიიწია მას ადგილსა, სადა-იგი შემთხუეულ იყო მათდა, და აჰა მთავარი მის დაბისა მოვიდოდა ნადირობად და წინა შეემთხჳა და რქუა: „ვინ ხარ“? ხოლო წმიდა იგი ჴელით უჩუენებდა, სადა იყოფოდა და ყოველსა-ვე საქმესა, რამეთუ ენა არა ესმოდა.

მაშინ მთავარმან რქუა: „მე ენა შენი არა მესმის, და რომელ ეგე ჴელითა მეუბნები ეგე-ცა მოგკუეთო“. და რქუა: „წარიყვანეთ მჭედლისა თანა“. და ვითარცა მიიყვანეს, მჭედელმან შანთი გააჴურვა, და გამოიღო, რათა ჴელი მოჰკუეთოს, და დავარდა ქუე, და ჴელნი ვითარცა შეშანი შეექმნნეს. მაშინ წმიდამან მიჰყო ჴელი და ვითარცა ნაკუერცხალი ჴელითა აღებული მიუპყრა და რქუა: „ვყავ ადრე ბრძანებული შენდა“. და იგი განკრთა საშინელსა მას ზედა ხილვასა. და მსწრაფლ მიუმცნეს მთავარსა, და რქუეს ყოველი ხილული. და მან ბრძანა, რათა წინაშე მისსა მიიყვანონ. და ვითარცა მიიყვანეს, რქუა მას: „რა გნებავს სთქუ, და ყოველი მიგცე“. ხოლო მცირედი ქვა უჩვენა მან, ვითარ სამეული, და ლოკდა, და ცნეს რამეთუ მარილი უნდა, და მოართუეს ორი ოდენ ქვა გაუტეხელი. და მან მოხლიჩა ერთი ლიტრა და წარვიდა, და ალოკა ფურთა თჳსთა. და იყოფოდა ხატსა მას წინაშე ვიდრე აღსასრულამდე ცხოვრებისა მისისა. და წმიდა იგი წმიდათა შინა მიიცვალა, და ჩუენ დაგჳტევა ხატი იგი საუფლო, და არს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად, და სასწაულთ-მოქმედებს განცხადებულად, რომელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღჳს ქვიშათა, ვიდრე საკჳრველებათა საუფლოსა მის ხატისათა. გარნა ვინათგან ღმერთი მხოლო არს მოქმედი სასწაულთა, მან-ვე მხოლომან უწყის სიმრავლე სასწაულთა მისთა. და უკეთუ სოლომონ-ცა იყო, ვერ-ცა მან შეუძლოს აღრიცხვად, თჳნიერ ღმრთისა მხოლოსა.

 

ჩანართი (Bbp)

1. ხასკუნთა განდგომილება

ჟამსა მას ოდეს თჳთ-მპყრობელი იუსტინიანოს, მეფე ბერძენთა, ბრძოდა კერძოთა ოვსეთისათა, საზღვარსა ავაზგიასსა, ნათესავსა ხასკუნთასა, რამეთუ ექმნა მათ განდგომილება, მაშინ მოძღუანა ნიჭი დიდი იუსტინიანოს ფარსმანს ქართველთა მეფესა და ევედრა რათა შეეწიოს მჴედრობასა მისსა, ყოვლითა ძალითა თჳსითა, და ბრძოლა უყოს ხასკუნთა. ისმინა უკუე ფარსმან ვედრება ბერძენთა მეფისა, და დაუტევა ევაგრე, მცველ სამეუფოსა თჳსსა, ხოლო თჳთ უკუე წარვიდა და შეწევნითა ღვთისათა დაიმორჩილა ნათესავი იგი ხასკუნთა. და მთავარნი მათნი ყოველნი შეპყრობილნი წარავლინნა წინაშე იუსტინიანესსა. მერმე მოიქცა თჳსად-ვე სამეფოდ.

2. მეხუთე მსოფლიო კრება

ოცდამეექუსესა წელსა იუსტინიანეს მეფობისასა იქმნა კრება მეხუთე, ას სამეოცდახუთთა წმიდათა მამათაგან, ქრისტეს აქეთ ფკზ~. კოსტანტინეპოლის, ვიგილიოს წმიდისა ჰრომთა პაპისა-ზე რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს ევტიქიოს კოსტანტინეპოლელი, აპოლინარი ალექსანდრიელი, დომნოს ანტიოქელი, და ადგილისა აღმავსებელნი იერუსალიმელთანი: სტეფანოს, გიორგი და დამიანოს ეპისკოპოსნი. ხოლო შემოკრბეს ორიგენიანთა და მის-თანა მიმდგომთათჳს, დიდიმოს და ევაგრესთჳს, რომელნი-ცა შეაჩუენნეს და დაამჴივნეს.

3. აფხაზთა მოქცევა

მათ-ვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნი-ცა შეიცვალნეს უმჯობესად, და ქრისტეანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინ-მე საჭურისი აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელის-დებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებად მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არ-ცა ერთი-ღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი განჴუებულ იქმნებოდის მამაკაცობისაგან რკინისა მიერ. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი მსახურ სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან. ვინა-ცა იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღმრთის-მშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა, ბიჭვინტას, და მღდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტეანობისასა.

ხოლო ჩვენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.

და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი~დ. და ვახტანგისითგან კათალიკოსნი გარდაიცვალნეს რვანი და მოკუდა ფარსმან, და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>