პირველად მივიდეს ჯორჯანეთს, და წარმოტყუენეს ჯორჯანეთი, და ყოვლად უმკჳდრო ყვეს. და დასხნეს ადგილსა მათსა ნათესავნი სპარსთანი. და მიერითგან იქმნნეს ჯორჯანნი გლეხად, რომელნი აწ არიან მებეგრენი სპარსთანი.
და მუნით შევიდეს ჰინდოეთად, და მუნ იქმნნეს ბრძოლანი ძლიერნი და თჳთო-თჳთო. და იყო მუნ წესად: რომელმან-ცა მათგანმან სძლის, ივლტინ მის წინაშე ბანაკი. ხოლო ვახტანგ მეფემან მოკლა ბუმბერაზი თხუთმეტი მუნ შინა, რომელთა დაეცნეს მრავალნი გოლიათნი სპარსთანი. და დაყვეს ბრძოლასა შინა ჰინდოეთისასა სამი წელი, და წარმოტყუენნეს უმრავლესნი ქუეყანანი ჰინდოეთისანი, არამედ მტკიცენი ციხე-ქალაქნი ვერ განტესნეს, რამეთუ ზღუდეთა შინა იყვნეს. და წარმოიღეს ხარკი ჰინდოთა მეფისაგან; მუშკი ლიტრა ათასი, ამბარი ეგზომი-ვე, ალვა ნავი ათი, თუალები იაკინთი და ზურმუხტი ნავი ერთი, და მის თანა საფირონი თჳთო-სახე, ოქრო აქლემი ასი, ვეცხლი აქლემი ხუთასი.
და მუნით შევიდეს სინდეთს. მაშინ სინდთა მეფემან განყო ერი თჳსი ციხეთა და ქალაქთა შინა; და რომელსა-ცა კერძსა განვიდიან სპარსნი მტყუენავნი, გამოუჴდიან სინდნი ციხეთა და ქალაქთაგან და დასდვიან ვნება დიდი სპარსთა ზედა, და მოსწყდა ურიცხჳ ერი სპარსთაგანი. ხოლო ძალითა ქრისტესითა არა-სადა იძლივნეს ვახტანგის სპათაგანნი, და ყოვლად-ვე მძლედ გამოჩნდეს მტერთა ზედა, და მჴნედ მბრძოლად გამოჩნდეს ოთხნი იგი წარჩინებულნი ვახტანგისნი და ლეონ ბერძენი; რამეთუ მათ დასცნეს მრავალნი მჴნედ მბრძოლნი ბუმბერაზნი სინდთანი ხოლო სინდთა მეფე იყო ქალაქსა შინა სინდიას. მაშინ ყოვლითა ძალითა მათითა მივიდეს სინდიას, და მუნ მოხუდეს ბრძოლანი ძლიერნი, და დღეთა ყოველთა გამოვიდის თჳთ სინდთა მეფე, რამეთუ იყო იგი მჴნე გოლიათი და შემმართებელი, და გამოიტანნის მჴედარნი სინდეთისანი, და იყვის ბრძოლა ბუმბერაზთა; რომელსა-მე დღესა მათ სძლიან და რომელსა-მე მათ. და სინდთა მეფემან სძლო თავის-თავითა ყოველთა ბუმბერაზთა მბრძოლთა მისთა, და არა მიხუდეს იგი და ვახტანგ ბრძოლასა შინა დღეთა მრავალთა.
მაშინ სინდთა მეფემან ველსა მას ზედა, კართა ქალაქისათა, ღამე თხარა მთხრებლი დიდი დასამალავად შიგა მჴედართა, და სიმარჯჳთ დაუტევნა გზანი გამოსავალნი, და ჩაადგინნა მუნ შინა მჴედარნი ათნი რჩეულნი. და დილასა ადრე გამოგზავნა ბუმბერაზი ერთი. და მას დღესა ხუედრი იყო ვახტანგისი კართა ცვისათჳს. და მიდგა ესე ბუმბერაზი და სთხოვა ბრძოლა თავის-თავ, რათა-მცა წარიტყუა და შეჰჴადა მჴედართა მათ ზედა. მაშინ საურმაგ, ეჯიბი ვახტანგისი, განვიდა და რქუა: „არა ხარ შენ კადნიერ ბრძოლად მეფისა, არამედ მე გებრძოლო, მონა მონასა“, და მიეტევა. ხოლო სინდელი იგი გაიქცა, და მისდევდა საურმაგ ჩუეულებისაებრ: რამეთუ მრავალ-გზის ბრძოლილ იყო ველსა მას ზედა. და ვითარ წარჴდა დამალულთა მათ, მჴედართა, გამოუჴდეს ზურგით მისსა და იგი მეოტი შემოიქცა. ხოლო საურმაგ სცნა ჰოროლნი წინასა მას და მოკლა, ხოლო ათთა მათ მოკლეს საურმაგ.
მაშინ მიეტევა თჳთ ვახტანგ მეფე და მის თანა სამნი იგი წარჩინებულნი მისნი: არტავაზ, ბივრიტიან და ნასარ, და მათ თანა ლეონ ბერძენი. ხოლო სინდელნი იგი ივლტოდეს, და მისდევდა ვახტანგ მოყუსით-ურთ ვიდრე კართამდე ქალაქისათა, და სინდნი იგი შეივლტოდეს ქალაქად. მაშინ ვახტანგ სავსე მწუხარებითა შეიქცა, და იგლოვდა გუამსა ზედა საურმაგისსა, ვითარცა ძმისა საყუარელისასა. რამეთუ თანა-ზრდილ იყო მისი, ძმის-წული მამა-მძუძისა მისისა, არტავაზის მამისა, ერთ-გული, მისანდობელი და ქუელი.
მაშინ სინდთა მეფე გამოდგა კართა ქალაქისათა, და ჴმა ყო ჴმითა მაღლითა, და რქუა: „ვახტანგ მეფეო, მსგავსი ხარ შენ ყუავისა მის უგუნურისა, რომელმან პოვა ქორი მოწყლული და გაგლეჯილი არწივისაგან, რომელსა ვერ ეძლო აფრენა და მიახლებულ იყო სიკუდილსა. და არა ქმნა ყუავმან მან ვითარცა წესი არს ყუავისა. რამეთუ სხუამან ყუავმან ოდეს იხილის ქორი, იწყის ჴმა-მაღლად ყივილი, და ასმინის სხუათა-ცა, და დაესხის სიმრავლე ყუავთა ქორსა, რათა-მცა განიოტეს საყოფელთაგან მისთა, და უშიშად-მცა დაყვნეს დღენი მათნი რამეთუ პირუტყუთა-ცა იციან სარგებელი თავისა მათისა.
„არა ქმნა ყუავმან ესე-ვითარი, არამედ შეიწყალა ქორი იგი, ვითარცა კეთილის-მყოფელი მისი; დაუტევა ზრდა მართუეთა თჳსთა, და მარადის უკრებნ მკალსა და გუელსა, რამეთუ სხჳსა შეპყრობა არა ძალ-უც ყუავსა, და მით ზრდიდა ქორსა. ვითარცა მოეზარდნეს ქორსა მას ფრთენი, თქუა გონებასა თჳსსა: „ესე-რა დღეთა მრავალთა გაზრდილ ვარ მკალითა და გუელითა, და არა მომცემია ძალი მამა-დედათა ჩემთა, რამეთუ მკალითა ვერ განვძლიერდები. თუ-მცა ძალ-მედვა მიწევნა მფრინველთა და მით გამოზრდა თავისა ჩემისა, არამედ შევიპყრა ყუავი ისი, მზრდელი ჩემი, შევჭამო და განვისუენო ორ დღე: მომეცეს ძალი და ვიწეო წესისაებრ ნადირობად, მამათა ჩუენთაებრ“. რომლისათჳს-ცა აღასრულა ესე, შეიპყრა ყუავი იგი და შეჭამა. მიერითგან იწყო ნადირობად დიდთა და მალეთა მფრინველთა. არა მიეცა ყუავსა მას ქება მოწყალებისა მისთჳს, არამედ უგუნურად და თავისა მკლველად ითქმის. არ-ცა მიეცა ქორსა მას შუედრება უწყალოებისა და კეთილის-უჴსენებლობისა; რამეთუ იგი არს გუარი და წესი ქორისა: განილეოდა და მოკუდებოდა მკალითა, და ქმნა წესისაებრ, და განერა სიკუდილისაგან ხოლო ყუავმან მან არა წესისაებრ ქმნა, და მით-ცა მოკუდა.
„აწ სპარსნი, რომელნი პირველითგან მოაქამომდე და წაღმართ მიუკუნისამდე მტერნი არიან ჯუარის-მსახურთანი, ჟამსა შინა, უღონოებით, ლიქნით ყვიან სიყუარული; და ოდეს ეცის ჟამი, არა ყვიან წყალობა და კეთილის-ჴსენება. ესე, ბევრის-ბევრეულ-ჯერ ქმნილი, გუასმიეს წიგნთაგან. და ოდეს იხილენ სპარსნი ჩემ მიერ შეკნინებულნი, არა ჰყავ იგი, რომელი ჯერ იყო შენდა საქმედ, სიხარული და მადლისა შეწირვა ღმრთისა შენისა, და ზრახება სხუათა-ცა ნათესავთა, და მტერთა აღზრზენა სპარსთა ზედა, და შეწევნა მტერთა სპარსეთისათა. არა ჰყავ ესე-ვითარი, არამედ დაგიტეობიეს საყოფელი მამათა შენთა, და წინამძღუარ ქმნილ ხარ სპასა დიდსა საქრისტიანოსა საბერძნეთისასა, და მოგივლია ორისა წელიწდისა გზა, და მოსრულ ხარ ძალად სპარსთა, რათა-მცა განძლიერდეს, და მოიწყუნეს, და წარგწყმიდეს შენ და ქუეყანა შენი, და დაიპყრეს წარსაწყმედელად ყოველთა ჯუარის-მსახურთა. ჭეშმარიტად ამას იმზადებ თავისა შენისათჳს და ყოველთა ჯუარის-მსახურთათჳს. რად ვთქუ მე შენთჳს ყუავისა იგავი? რამეთუ მეფე ხარ თჳთ-მპყრობელი და ახოვანი, და ნებითა შენითა მიგიცემია თავი შენი მონად მტერთა შენთა. და ვითარ არა უგუნურად ვთქუა თავი შენი?“
მაშინ ვახტანგ რქუა: „გეგონა შენ, ვითარმედ სიბრძნით გამონახულად იზრახე, არამედ ცრუ არიან სიტყუანი ეგე შენნი. მე გითხრა და გაუწყო ჭეშმარიტი: უგუნურო, მსგავს ხარ შენ თაგჳსა მის მთხუნველისა, რომელსა არა ასხენ თუალნი, და საყოფელი მისი არს მიწასა ქუეშე; და არა უწყის ბრწყინვალება მზისა და შუენიერება ველთა; და დაჯერებულ არს იგი ცხოვრებასა თჳსსა, რამეთუ ეგე-ოდენი ჰგონიეს მას. ცხოვრება ყოველთა იძრვისთა, ვითარსა ცხოვრებასა თჳთ არს; და არა სურვიელ არს ხილვად ნათელსა და შუენიერებასა ცისა და ქუეყანისასა.
„ეგრეთ-ვე შენ ბრმა ხარ გონებისა თუალითა, და ყრუ ხარ გონებისა ყურითა: არა ხედავ, არ-ცა გესმის, და არ-ცა უწყი ცხოვრება სულიერი; და არ-ცა სურვიელ ხარ შენ მისლვად ცხოვრებასა მას საუკუნოსა, ნათელსა მას დაუსრულებელსა, დიდებასა მას მოუგონებელსა და მიუწდომელსა. და არ-ცა იცნობ შენ ღმერთსა შემოქმედსა ყოვლისასა, რომლისა მიერ შეიქმნა ყოველი-ვე.
„არა მიქმნია მოსლვა ამას ქუეყანასა დიდებისათჳს ამა სოფლისა, არ-ცა მსახურებისათჳს სპარსთა მეფისა, არამედ მსახურებისათჳს ღმრთისა დაუსაბამოსა, სამებისა ერთარსებისა, დამბადებელისა ყოველთასა, დიდებისათჳს მერმისა საუკუნოსა დაუსრულებელისა. რამეთუ ჩემითა აქა მოსლვითა პირველად გამომიჴსნია იერუსალემი, წმიდა ქალაქი, სადა დადგეს ფერჴნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, და მუნ აღასრულა ყოველი-ვე ჴსნისათჳს სულთა ჩუენთასა. და შემდგომად ყოველი საქრისტიანო დამიჴსნია მოოჴრებისაგან, რამეთუ მისცემოდა ჟამი სპარსთა მეფესა მოტყუენვად ყოვლისა საქრისტიანოსა.
„დაღათუ-მცა ქუეყანა ჩემი დაცულ იყო ძალითა ქრისტესითა და სიმჴნითა სპათა ჩემთათა არამედ უცალო იყვნეს ბერძენნი და ვერ წინა-აღუდგებოდეს და ესრეთ ჯერ არს ჩუენ ქრისტეს მოსავთაგან, რათა ერთისა მოყუსისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი. ხოლო ბევრისა-ბევრეული სული დაჴსნილ არს ჩემითა აქა მოსლვითა, და ამისთჳს მიქმნიეს ესე, რათა ღმერთმან დამბადებელმან შეიწიროს მსახურება ესე ჩემი, და აღმისუბუქნეს ცოდვანი ჩემნი. და რომელ სთქუ შენ, თუ „მოიწყონ რა სპარსთა, მტერ ექმნებიან ქრისტიანეთა“, მე ძალითა და შეწევნითა ქრისტესითა ჟამსა ამას დამიჴსნიან ქრისტიანენი ჭირისაგან დიდისა, და უკანას ღმერთმან დამბადებელმან წყალობა ყოს კუალად მოსავთა მისთა ზედა.
„დაღათუ-მცა არა იყო მიზეზი ქრისტიანეთა ჴსნისა, და თჳთ ძალად სპარსთა მოსრულ ვიყავ აქა. ჯერ იყო ესე-ცა პირველად ნათესაობისათჳს და შემდგომად ამისთჳს, დაღაცათუ არა ჭეშმარიტსა სჯულსა ზედა არიან სპარსნი, არამედ მეცნიერნი არიან ღმრთისა დამბადებელისანი, და რწამს ცხოვრება სულიერი ხოლო თქუენ სრულიად უმეცარნი ხართ ღმრთისანი და უგულისხმო, ვითარ-ცა ცხენი და ჯორი. ვითარ უკუე არა-მცა მსახურებად შეიწირა ღმერთმან დამბადებელმან ყოვლისამან.
„და საწუთოსა-ცა ამის საქმეთაგან საძაგელ არს გონება შენი. რამეთუ ქორმან ღადარმან, რომელმან შეჭამა ყუავი იგი, მზრდელი მისი, აქებ ნაქმარსა მისსა ხოლო ბუნება ჩუენი ესე არს, რათა კეთილის-მყოფელისა ჩუენისათჳს დავდვათ სული ჩუენი, და მოვიგოთ მადლი ღმრთისაგან, და ვპოვოთ ცხოვრება საუკუნო, და სოფელსა ამას მოვიგოთ ქება კაცთაგან და სახელსა ზედა ღმრთისასა და მცნებათა მისთათჳს თუ მოვკუდეთ, უკუდავნი-ვე ვართ, და სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალებით“.
მაშინ რქუა სინდთა მეფემან: „ცუდ არს სიგრძე ზრახვისა ჩუენ შორის, არამედ რომელ სთქუ შენ, თუ სახელისათჳს ღმრთისა ჩემისა მოვკუდე, სიკუდილისაგან ცხოვრებად მივიცვალები, მაშა უკეთუ კაცმან უწყოდის მის ზედა მომავალი დიდება და კეთილი, ჯერ არს ესრეთ, რათა ისწრაფოს მიმთხუევად სუფევისა მის. აწ უკუე ჭეშმარიტად უწყი სუფევად მისლვა შენი. გამოვედ ბრძოლად ჩემდა, რათა ჩემ მიერ მიიცვალო დღეს სიკუდილისაგან ცხოვრებად; რამეთუ წარჩინებული ისი შენი წარმოვლენია წინამორბედად შენდა, რათა განგიმზადოს სადგური შენი“.
რქუა ვახტანგ: „აწინდელი სიკუდილი არა მიჩნს სიხარულად, რამეთუ ცოდვილი ვარ, და არა სრულიად აღმისრულებია მცნება ღმრთისა, და არა სრულიად აღმიჴოციან ცოდვანი ჩემნი სინანულითა, არამედ ძალითა ქრისტესითა არა მეშინის მე შენგან სიკუდილისა; რამეთუ იგი არს მფარველი ჩემი, რომლისა მიერ დაცულ ვარ ყოვლად-ვე; და მრავალ-მოწყალემან ღმერთმან, მრავლითა ძალითა მის-მიერითა, ჩემ მონისა მისგან მოგკლას მგმობარი მისი, და სული შენი წარვიდეს ბნელსა მას გარესკნელსა, ცეცხლსა უშრეტსა“.
მაშინ გამოვიდა სინდთა მეფე, და ვახტანგ რქუა მოყუასთა თჳსთა: „ღმერთსა ევედრენით, და ზურგით კერძი ჩემი განმიმაგრეთ“. და განვიდა ვახტანგ, და ორთა-ვე მათ აქუნდა ჰოროლები. მაშინ იწყეს რბევად მრგულივ ნავარდსა, და ღონესა ეძიებდეს ორნი-ვე, რათა-მცა შეჰყვეს წუერსა ჰოროლისასა. მაშინ დაიჟამა სინდთა მეფემან შეყოლა ვახტანგის ჰოროლის წუერისა და შეუტევა, რათა-მცა სცნა ჰოროლნი. ხოლო სიმჴნითა და სიკისკასითა ტანისა მისისათა მიუდრკა ვახტანგ ჰოროლსა და წარჴდა, და შემოუმრგლო ვითარცა გრიგალმან და სცნა ჰოროლნი სინდთა მეფესა ბეჭსა მარცხენასა. ვერ უფარა სიმაგრემან საჭურველისამან, და იწყლა წყლულებითა დიდითა. რამეთუ წინათ განავლო წყრთა ერთი. და ჩამოიჭრა სინდთა მეფე, და მივიდა ზედა ვახტანგ, ჩაჰყო ჴელი და უპყრა ფერჴი მისი, და თრევით მიიღო წინაშე სპარსთა მეფისა.
მაშინ ყოველმან სპამან ჴმითა მაღლითა შეასხეს ქება ვახტანგს, და აღივსო სიხარულითა სპარსთა მეფე და ყოველი ბანაკი მისი. და მოვიდოდეს ყოველნი წარჩინებულნი წინაშე ვახტანგ მეფისა ძღუნითა, და შესწირვიდეს ძღუენსა. მაშინ სპარსთა მეფემან მოიყვანა მკურნალი ჴელოვანი და დაადგინა ზედა სინდთა მეფესა, რათა განიკურნოს წყლულებისაგან, და მის მიერ წარიღოს ყოველი სინდეთი. ხოლო სინდთა დაიჭირეს ნაცვლად მეფისა მათისა ძე მისი.
მაშინ მეფემან ვახტანგ აზრახა სპარსთა მეფესა განტევება სინდთა მეფისა, აღება ხარკისა და მძევალთა, რამეთუ ვერ წარიღებდეს სინდეთსა. არამედ სთნდა სპარსთა მეფესა განზრახვა ვახტანგისი: განუტევა სინდთა მეფე, აღიღო.მისგან ხარკი ორი ეგზომი, რომელი აეღო ჰინდოთაგან, და ორნი შვილნი მძევლად. და ესე ხარკი სინდთა სპარსთა მეფემან ყოველი მიანიჭა ვახტანგს.
მაშინ მეფე იგი სინდთა დაემოყურა ვახტანგს სიყუარულითა დიდითა: პირველად ამისთჳს, რომელ, ოდეს შევარდა ჴელთა ვახტანგისთა, არა მოკლა და ცოცხლებით მიიყვანა წინაშე სპარსთა მეფისა; და შემდგომად ამისთჳს, რამეთუ ვახტანგის მიერ-ვე განთავისუფლდა ტყუეობისაგან. და უძღუნა ვახტანგს ძღუენი მიუწდომელად დიდ-ძალი. და წარმოვიდეს სინდეთით წელსა მეოთხესა სინდეთს შესლვისა, და დარჩომოდეს მოუოჴრებელად ქალაქნი სინდეთისანი: სინდილა, თოფორი, კიმრაი.
და მოვიდეს მუნით აბაშეთს. ხოლო აბაშნი მსხდომარე იყვნეს ქუეყანასა, რომელსა მოსდგმიდა წყალი და ლერწმოანი, რომელსა ვერ იარებოდა ნავი, და ვერ-ცა ოთხ-ფერჴი, არამედ საზღვართა ზედა არს სპარსთასა, და სულ-გრძელად ჰბრძოდეს. რამეთუ წყალი იგი რომელ შესდიოდა, გარდაუგდეს, და ლერწმოანი იგი დაწუეს ცეცხლითა, და წარმოტყუენეს აბაშეთი ყოველი. და განყვნა მეფემან სპარსთამან აბაშნი ორად: და ნახევარნი დაუტევნა ადგილსა-ვე ზედა, და ნახევარნი წარმოიყვანნა ვითარ სახლი ათასი, და განყვნა იგინი ადგილითი-ადგილად. და ესე არიან ქურდნი, ნათესავნი იგი რომელ წარმოტყუენნა აბაშთაგან.
და წარმოვიდა ვახტანგ წელსა მერვესა შესლვით მისითგან სპარსეთად ვიდრე ანტიოქიამდე, და მოვიდა ურაჰად. ხოლო სპარსთა მეფე აძლევდა ვახტანგს ცოლად თჳსთაგან მეფეთასა. ხოლო ვახტანგ რქუა: „არა ჯერ არს ჩემგან ორთა ცოლთა პყრობა, რამეთუ მივის მე ცოლი ასული კეისრისა“. დაუმძიმდა ესე მეფესა ხუასროს, არამედ ვერა რქუა, ხოლო ვახტანგ მშჳდობით პოვნა დედა და დაჲ მისი, და წარმოვიდეს ვიდრე განსაყოფელსა ბერძენთა და სომეხთასა.
და წარვიდა ლეონ ბერძენი და სპა მისი შიმშატად. ხოლო ვახტანგ წარავლინა მოციქული წარმოყვანებად ცოლისა მისისა, და პეტრესთჳს კათალიკოსისა და სამოელ ეპისკოპოსისა. წარმოვიდა ვახტანგ ქართლად, და მიეგება ძე მისი დაჩი და მის თანა ყოველნი სპასალარნი, და მათ თანა ეპისკოპოსნი. და ვითარცა ცნა ეპისკოპოსმან, ვითარმედ წარავლინა მეფემან მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა, დაუმძიმდა მას ზედა. და იწყო რე-ცა ამბოხებად და მიზეზობად, და მიუვლინა მეფესა და რქუა, ვითარმედ: „შენ დაგიტეობია ქრისტე და ცეცხლსა ესავ“. ხოლო ვახტანგ მოუვლინა, ვითარმედ: „ძალითა ქრისტესითა შევედ და სიმართლით გამოვედ ძალითა-ვე ქრისტესითა, და უბრალო ვარ, ღმერთმან იცისმაგრა წარმივლენია მოციქული მოყვანებად კათალიკოსისა და ეპისკოპოსთა“.
და ვითარცა ესმა ესე ეპისკოპოსსა, დაიდასტურა; და ჰგონებდა, რათა შფოთითა დააცადოს საქმე იგი და მოსლვა მათი, და კრულ ყო მეფე და ყოველნი სპანი მისნი. ხოლო მეფემან თქუა: „დაღაცათუ უბრალო ვართ, სიმდაბლე ჯერ არს ჩუენგან“ და მივიდა მეფე, და გარდაჴდა საჴედარსა, რათა-მცა შეემთხჳა ფერჴთა ეპისკოპოსისათა. და განძრა მან ფერჴი, და მიამთხჳა პირსა მეფისასა ფანდაკითა და შემუსრა კბილი მისი. ხოლო მეფემან თქუა: „სილაღე ესე ამპარტავანებისა არს საცთური ეშმაკისა; უკეთუ სიმრავლემან ცოდვათა ჩემთამან აღგძრა, არა გაქუს ჴელმწიფება ბოროტისა, არამედ შენდობისა, ვითარცა იტყჳს სახარება, ვითარმედ: არა დაშრიტო პატრუკი მგზებარე, არ-ცა განსტეხო ლერწამი დაჩეჩქჳლი“. ხოლო შენ ჰგონებ ვითარ-მცა შენითა სივერაგითა ჩუენ დაგუაცადენ სიყუარულსა ქრისტესსა. მაშინ გამოჩნდა ცხადად, რაჟამს გესმა უმთავრესისა შენისა ქართლად მოყვანება, და აღეგზენ შურითა ბოროტად, ვითარცა იუდა პეტრესითა; რამეთუ შენ ხარ ვითარცა იუდა, ხოლო ეკლესია ვითარცა პეტრე. ვეცხლის მოყუარე ხარ შენ, რამეთუ შენ-ცა მეგუადრუცე ხარ ქრისტესი. აწ მიგავლინო შენ პატრიაქისა კოსტანტინეპოლედ და, ვითარცა ჯერ იყოს, განგიკითხოს“.
და წარსცა იგი დიასპანთა, და მის თანა კბილი მისი, და შეუთუალა, რათა კათალიკოსი და თორმეტნი ეპისკოპოსნი სწრაფით წარმოავლინენ. და მათ შორის-მცა არს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად, და სხუანი ვინ-ცა სთნდენ. და ვითარცა მიაწიეს მიქელ ეპისკოპოსი, რქუა მას პატრიაქმან: „ვინათგან დაითხია სისხლი შენ მიერ ქუეყანასა ზედა, არღარა ღირს ხარ შენ ეპისკოპოსად, და კადრებისათჳს მეფისა თანა-გაც შენ სიკუდილი, ვითარცა იტყჳს: დაემორჩილენით თქუენ მეფეთა, რამეთუ არა ცუდად ჴრმალ აბიეს, რამეთუ ღმრთისა მიერ მთავრობს, ვითარცა ლომი შორის ცხოვართა“. და ექსორია ყვეს მიქელ ეპისკოპოსი მონასტერსა მღჳძარეთასა.
და წარავლინეს პეტრე მღდელი და სამოელ მონაზონი ანტიოქიას. და მიუწერეს ანტიოქიისა პატრიაქსა მეფემან და პატრიაქმან კოსტანტინეპოლელმან ესრეთ, ვითარმედ: „პირველად, დასაბამსა ქართლის მოქცევისასა დედა-კაცისა ჰრომაელისა ნინოს მიერ, განივლინა აქათ ეპისკოპოსი, რამეთუ შორის სპარსთა და ბერძენთა შფოთი იყო, და მით ვერ მოაწიეს საქმე ესე ჯერისა-ებრ სჯულისა: რამეთუ ჩუენ უწყით, ვითარმედ ქართლი და აღმოსავლეთი და ჩრდილო მაგის წმიდისა საყდრისანი არიან, ვითარცა განაწესეს მოციქულთა სახარებასა შინა, რომელ არს უწინარესობა“. და მიუწერეს ყოველი საქმე დიდისა ვახტანგ მეფისა, ვითარმედ: „ეპისკოპოსი იგი, რომელი მათ მიერ დადგინებულ იყო, უკუ-ვადგინეთ, და დღეს იცოდეთ ახალ-ნერგად ჭეშმარიტად ქართლი. აწ ორნი ესე მათნი თხოილნი აკურთხენ, სხუანი თორმეტნი, ვინ-ცა-ვინ შენ გენებოს, იგინი აკურთხენ. და ჩუენდა წარმოვიდენ, რათა ჩუენ ნიჭითა და საჴმრითა ყოვლითა განუტევნეთ“. და ანტიოქელმან პატრიაქმან აკურთხნა თორმეტნი ეპისკოპოსნი და პეტრე კათალიკოსად.
და მოვიდეს კოსტანტინეპოლედ, და მეფემან მისცა ნიჭი დიდ-ძალი, და ასული თჳსი მისცა, სახელით ელენე, მეფესა ვახტანგს, და გამოავლინა იგი სპითა დიდითა ვიდრე საზღვართამდე სომხითისათა. და მუნ მიეგება ვახტანგ მეფე, და შეიქცეს სპანი ბერძენთანი. და წარმოვიდეს მცხეთად.
ხოლო მცხეთას მეფემან ვახტანგ აღაშენა ეკლესია მოციქულთა სუეტი ცხოველი, და უპყრა სუეტსა შინა სამხრით ადგილსა მას, სადა-იგი დაცემულ იყო ეკლესია, რომელ არს სიონი დიდი. და მუნ შინა დასუეს პეტრე კათალიკოსად და სამოელ ეპისკოპოსად მცხეთასა-ვე საეპისკოპოსოსა.
და დასუა ერთი ეპისკოპოსად კლარჯეთს, ეკლესიასა ახიზისასა; ერთი არტანს ერუშეთს; ერთი ჯავახეთს, წუნდას; ერთი მანგლისს; ერთი ბოლნისს; ერთი რუსთავს; ერთი ნინოწმიდას, უჯარმის კარსა, რომელი გორგასალსა აღეშენა; ერთი ჭერემს, მისსა-ვე აღშენებულსა, და მუნ ქმნა ქალაქი ერთი შორის ორთა-ვე ეკლესიათა, რომელი-იგი მან-ვე აღაშენა; ერთი ჩელეთს, რომელი სოფელსა და აღაშენა; ერთი ხორნაბუჯს და ერთი აგარაკს, რომელ არს ხუნანს გამართებით.
შემდგომად მისსა აღაშენა ეკლესია ნიქოზისა საგზებელსა თანა ცეცხლისასა. და დასუა ეპისკოპოსი, სადა-იგი ეფლა გუამი წმიდისა რაჟდენისი, რომელი იწამა სპარსთა მიერ წყობასა ვახტანგისსა.
ესე რაჟდენ იყო მამა-მძუძე ვახტანგის ცოლისა, რომელი-იგი პირველ მოეყვანა სპარსთა მეფისა ასული; და მოიქცა იგი ქრისტიანედ, და იქმნა იგი დიდად მორწმუნე; და იყო იგი ბრძოლასა მას შინა ძლიერ, შეიპყრეს იგი სპარსთა და აიძულებდეს, რათა-მცა უარ-ყო ქრისტე. ხოლო მან წმიდამან აღირჩია წარუვალი იგი დიდება და იწამა ქრისტესთჳს.
და ესხნეს ვახტანგს ბერძნისა ცოლისაგან სამ ძე და ორ ასულ. ხოლო ძესა მისსა პირმშოსა პირველისა ცოლისასა, დაჩის, მისცა ქალაქი ჭერემისა და ნეკრესისა. და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი; და ყოველი ქუეყანა მტკუარსა აღმოსავლით. და თჳთ ვახტანგ დაჯდა უჯარმოს, და აღაშენა იგი ნაშენებითა უზომოთა. და დაჲ მისი ხუარანძე მისცა ბაკურს ცოლად, პატიახშსა სომხითისასა.
და ვითარცა წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, მოკუდა ხუასრო, მეფე სპარსთა, და დაჯდა მის წილ ძე მისი ხუასრო. და განძლიერებულ იყვნეს სპარსნი, რამეთუ ყოველნი მტერნი მათნი დაემორჩილნეს შესლვითა ვახტანგისითა, და წარმოემართა იგი ბრძოლად ბერძენთა, და მოუვლინა გორგასალსა მოციქული და რქუა: „მოკუდა მამა ჩემი, და მეფე მყო მე ყოველმან ერმან მისმან საყდართა მისთა ზედა და ესრეთ მიბრძანეს მოხუცებულთა ჩემთა, რათა მოვიდე წინაშე შენსა და ვერჩდე ბრძანებასა შენსა, და შენ წარმიძღუე ჩუენ, მეფეო, წინა-მძღურად ჩუენდა შესლვასა ამას ჩუენსა საბერძნეთად. და მომეც ასული შენი ცოლად, რათა ვიყო მე ვითარცა ერთი შვილთა შენთაგანი“. და ვითარცა მოვიდა მოციქული წინაშე ვახტანგ მეფისა, და ვახტანგ აშენებდა ქალაქსა ტფილისისასა და საფუძველი ოდენ დაედვა.
და ვითარცა უთხრა მოციქულმან შეთულილობა ხუასრო მეფისა, თქუა მეფემან: „ამისთჳს თქჳან: მჭედელო, გამახუე მახჳლი შენი, რათა მსწრაფლ განეწონოს. ასოთა შენთა“. მაშინ ვახტანგ დღეთა მიწევნულ იყო ვითარ სამოცისა წლისა და თქუა ესრეთ: „უთხართ მეფესა ხუასროს: პირველად განემზადე ბრძოლად ჩუენდა, და ეგრე შევედ საბერძნეთად, რამეთუ ძალნი რომელნი იქმნნეს ყოველნი ძალითა ჯუარისათა იქმნნეს. აწ ცხოვრება ჩუენი იყავნ სასოებითა ჯუარ-ცმულისათა“.
და წარავლინა ქადაგი, რათა დაუტეონ სოფლები და ქალაქები, რომელი იყო არა ძლიერი, და შეივლტოდიან კავკასიანთა და კახეთად, რამეთუ კახეთი ტყე იყო და შეუვალი მტერისა მიერ. ხოლო დაჩი მეფე და დის-წული მისი გარდავიდეს კახეთად, და შედგეს ჴევსა ლოპოტისასა, ქუეყანასა მას კლდითა მოზღუდვილსა (და იყვნეს სოფლისა მის კაცნი ცეცხლისა და წყლისა მსახურ, და სავსე იყო ჴევი იგი სიმრავლითა კაცთათა ვიდრე ნოსრამდე), ხოლო გორგასალისა ცოლი და შვილნი - უჯარმის ჴევსა. და წინასა ციხესა თჳთ შედგა, და მის თანა ჯუანშერ და ადარნასე. ხოლო მცხეთას დემეტრე და ნერსე და ბივრიტიანი დაუტევა, წარავლინა მოციქული და მიუმცნო კეისარსა.
<< წინ |