ქართლის ცხოვრება

ჯუანშერი

ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა

მეორმოცდასამე მეფე. მირ. ძე სტეფანოზ მთავრისა. ხოსროიანი

რამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან ყრუ, ძე მომადისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირმუმლსა ბაღდადელსა, ძესა აბდალ-მელიქისსა, ნათესავისაგან ამათისა. ამისთჳს ეწოდა მეორედ ყრუ, რომელ არა მიითუალვიდა სიტყუასა განმზრახთასა.

 

ჩანართი (Tk)

ხოლო რაჟამს აღიღო მთავრობა სპარსთა და არაბთა, და აღძრა ყოველი თესლ-ტომი აგარიანთა, და განილაშქრა ქრისტეანეთა ზედა, და აღაოჴრა და მოსრა, და ტყუე ყო ქუეყანა საბერძნეთისა და სასომხითოსა ვიდრე ზღუადმდე, და მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოსათა, და დაფარა პირი ქუეყანისა.

და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერის-თავთა და წარჩინებულთანი შეიმეოტნეს კავკასიად, და დაიმალნეს ტყეთა და ღრეთა. და მოვლო ყრუმან ყოველი კავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა.

 

ჩანართი (Tk)

და მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრჴისათა რამეთუ იყო მაშინ ქალაქი იგი სახელოვანი, ძველ ნაქმართა მისთათჳს. მაშინ უკუე აღიძრა და წარმოვიდა სამცხით და წარმოემართა ქუეყნად არგუეთად და წინა-მბრძოლნი და რჩეულნი წარმოვიდეს. მაშინ იყვნეს დიდნი და დიდებულნი ტომებითა მთავარნი, ქართველნი, სანახებისგან ქუეყანისა არგუეთისა, დავით და კოსტანტინე. მაშინ იყვნეს შეკრებილ და რჩეულ, და ფრთხილ. ხოლო იხილეს რა წარმართთა დავით და კოსტანტინე, აღიზახნეს ვითარცა მჴეცთა, და მოერთნეს. ხოლო დავით განაძლიერა გუნდი თჳსი, და უშიშ ყვნა იგინი, აღიზახა ვითარცა ლომმან და აოტა, და განაბნივნა იგინი, ურიცხჳ მოსრეს, და აღუდგინა ძლევა ქრისტეანეთა. მაშინ მეოტნი უკუნ-იქცეს და მიუთხრეს მურვან ყრუსა, რა იგი მოწევნულ იყო მათ ზედა, ვითარმედ წინა-მბრძოლნი ლაშქარნი რჩეულნი ყოველნი მოსრნეს შეშის-მსახურთა. ხოლო მან პირსა თჳსსა იკრნა ჴელნი თჳსნი და თქუა, ვითარმედ „ვინ არს მკადრე, რომელ-მცა წინა-აღუდგა დიდსა მოციქულსა მოამედს, დედის ძმასა ჩემსა“. ესე თქუა და შეუძახა ყოველსა-ვე სიმრავლესა წარმართთასა, და წარმოემართნეს, ვითარცა ქვიშა სიმრავლითა, და მოვიდა ქუეყანად არგუეთისა, და შეიცვეს ტყე და ველნი, მთანი და ბორცუნი, და შეეწყუდივნეს ჴელსა წარმართთასა ერნი ქრისტეანეთანი, რამეთუ რომელნი-მე ტყეთა დაიმალნეს და რომელნი-მე მოსრნეს. დავით და კოსტანტინე და სხუან[ნი] ვიეთნი-მე შემდგომნი მათნი შეპყრობილ იქმნნეს. მაშინ, ვითარცა ეუწყა შეპყრობა მათი, (მაშინ) აღიტყუელნა ჴელნი და ადიდა დიდად დედის ძმა თჳსი მოამედ და სჯული მისი, გამარჯუებისა მისთჳს. ხოლო ვითარცა დაიბანაკეს, დაჯდა საყდართა ზედა, მიიყვანეს დავით და კოსტანტინე წინაშე ყრუსა, და წარადგინეს ჴელ-შეკრული უსჯულოსა მის. ხოლო ქრისტეს აღსარებისათჳს იწამნეს წმიდანი ესე და მრავალნი სატანჯველნი თავს-ისხნეს, და მერმე შთაყარნეს ტბასა მას, და თჳთ ივლტოდეს მტარვალნი, შეშინებულნი ჴმისა მისგან წმიდათა მათთჳს მოწამეთა, რომელ ისმოდა ზეცით. მაშინ უღმრთომან არა თავს იდვა.

და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზეთად, შეუდგა კუალსა მათსა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქუეყანისანი. და ციხე იგი სამ-ზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი კლისურისა. და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ.

და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი საბერძნეთისა და საქართველოსა, და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი. და მოადგა ციხესა ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათჳს არა-ვინ უწყის - ვინა იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რომელსა მოსდგამს სამხრით ზღუა და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა. და ერის-თავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერ-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა.

ხოლო ამან-ვე ყრუმ შეიპყრა და აწამა წმიდა დავით და კოსტანტინე, რომელთა წამებასა ვრცელად მოგჳთხრობს ცხოვრება მათი.

და ჩუენ პირველი-ვე სიტყუა ვიწყოთ.

მაშინ ვითარ იყვნეს ციხესა მას შინა ანაკოფისასა, მუნ მივიდა მურვან ყრუ და უწყო ბრძოლა მეფეთა მათ.

მაშინ რქუა არჩილ ძმასა თჳსსა მირს: „მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და უკეთუ შეგჳპყრნენ ჩუენ ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნი იგი დავფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივ-განბრძნობილისანი, და კუალად ვახტანგ ღმრთივ-განბრძნობილისა მეფისანი, და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგი-ცა ითხოვოს, რომელი დამალა ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა ძოწეულისათა, რომელნი იგი გამოიტანნა მამამან ჩუენმან, დიდმან მეფემან ვახტანგ, ინდოეთით და სინდეთით, დავფლენით იგი უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი, ოქროსა და ანთრაკისანი: ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელი მოუძღუნა სპარსთა მეფემან ვახტანგს, ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აჰკიდა სატჳრთავსა ხუთასსა და მკჳრცხლსა ორიათასსა; და შენ და მამამან ჩუენმან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს. ხოლო მე გჳრგჳნნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყჳვისანი მარტოდ დავსხენ. აწ, უკეთუ მოვკუდეთ, განძი იგი ყოველი უცნაურად დარჩეს, და გამოსლვასა ბერძენთასა ძიება ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათჳს, და მოსცეს მეფობა და განძი-ცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნეთ ჩუენ მიზეზ მოოჴრებისათჳს ქართლისა და საბერძნეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყუნეთ ზღჳთ-კერძოსა ამას გუერდსა შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა ბევრი“.

და მივიდეს წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისასა, თაყუანის-ცეს შევრდომით და იტყოდეს: „განვალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისათა, რომელი იშვა შენგან, მისა შეწირე ოხა ჩუენთჳს, და თანა-მავალ მეყავ ჩუენ წყალობა შენი“. და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერის-თავთა და პატიახშთა, ათასი ოდენ, ხოლო სპათაგან აფხაზთა მბრძოლი ორი ათასი. და ვიდრე განთენებამდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა

რისხვა ერსა და ბანაკსა და ეტლებსა მისსა ზედა რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული მდინარესა მას ზედა, რომელსა რქჳან აბაშ[ა], ხოლო უნები და ეტლები მდინარისა კიდესა, რომელსა რქჳან ცხენის-წყალი. და იქმნეს სასწაულნი ზეგარდამო, ქუხილნი და ელვანი;

და ხორშაკი ბღუარისა, და გუემნა იგინი სატლითა სისხლისათა. და ეჩუენა მას ღამესა არჩილს ანგელოზი უფლისა, რომელმან რქუა მას: „წარვედით და ეწყუენით აგარიანთა, რამეთუ მიმივლენია მათ ზედა გუემა სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე. და გან-რა-ხჳდეთ, გესმეს ბანაკით მათით ჴმა ვაებისა და ტირილისა. ხოლო თქუენ მჴნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა“. და ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ჴმა ტირილისა და გოდებისა.

მაშინ უკუე განვიდეს სასოებითა ღმრთისათა წყობად მათდა: და ეწყუნეს, და მოსცა უფალმან ძლევა მცირედთა ერთა ქრისტეანეთა; და მოსწყდა სატლითა სარკინოზთაგან ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახჳლითა-სამი ათასი. და იწყლა მირ მაზრაკითა ფერდსა, ხოლო ქრისტიანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი, და სარკინოზთა ცხენი დაეცა ვითარცა ჭალაკი და ჩაჰყრიდეს ყოველსა მას ზღუად.

მაშინ იხილა აგარიანმან ვინ-მე ჩუენება, რომელსა ეტყოდა რე-ცა მოციქული მათი: „მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, ვითარცა რქუა აბრაამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა წმიდათა და კაცთა ღმრთის-მსახურთა ეკრძალებოდეთ, ვითარცა იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა“. მსწრაფლ აღიყარნეს და უკუნ-იქცეს კუალსა-ვე თჳსსა. და ვითარცა აღიარეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და გარდამოჴდა წჳმა ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და წარიღო მათგან მკჳრცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მჴედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალავე, რომელნიმე ივლტოდეს ადგილითა და რომელნი-მე ხეთა ზედა გაჴდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და მიერითგან სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა აბაშა.

და ვითარცა იხილა ესე ყოველი მურვან ყრუმან, მოწევნული მის ზედა, ფრიად აბრალა [თავსა] თჳსსა [და] განმზრახთა მისთა იწროსა და მაღნარსა ამას ქუეყანასა მოსლვისათჳს, და აღიძრა და დაიბანაკა პიტიოტას, ზღჳს-პირს, ქალაქსა, რომელსა ჰქჳან ცხუ[მი].

და აღიყარა მუნით და შემოვლო გზა გურიისა. და განვლეს სპერისა, და სიმრავლისაგან არა შეჩენილ იყო დაკლება. ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიჴისაგან ვერ ითრევდეს.

და ჩაიარა უღმერთომან მურვან ყრუ ზღჳს-პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი ზღჳს-პირისანი, და ოჴერ და უ[ვ]ალ ყო ყოველი ქუეყანა ზღჳს პირისა, ვიდრემდის მიიწია ქალაქსა მას, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკეს, რომელსა ხალკიდონ ჰქჳან რამეთუ არს მუნ ზღუა იწროდ წარმდინარე და არა აქუს ტანი სიფართისა. ამისთჳს განიზრახა უგუნურმან და უგონებომან ყრუმან, რათა ქვითა აღავსოს ზღუა და სავალ ყოს, რათა ფრჴივ განიყვანოს ერი თჳსი ზღუასა ზედა, და ესრეთ გამოიღოს ქალაქი კოსტანტინეპოლე. არამედ ღმერთმან ცუდ ყო განზრახვა მისი, ეწია რისხვა ღმრთისა; რამეთუ დაიწვა მწუხრი მრთელი, და განთიად იპოვა მკუდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ. და ვითარცა იხილეს ესე სპათა მისთა, განიბნივნეს და ლტოლვილნი წარვიდეს ქუეყანად თჳსად.

ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არ-ცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლად-ვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მირ და არჩილ და ლეონ, ერის-თავმან აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რა-ცა იქმნა ღმრთისა მიერ ჴელითა მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი და გუჯარი მირსა და არჩილს, და მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: „თქუენი იყო მეფობა, სიმჴნე და სიბრძნე ქართლსა შინა. აწ დაღაცათუ იდევნებით ჩუენ თანა მსახურებისათჳს ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანა-ვე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარჴდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა, და შევმუსრნეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი დამდაბლდენ, და ჩუენ თანა მადიდებელნი ამაღლდენ“.

და მოუწერა ლეონს ესრე სახედ: „ყოვლად-ვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან ქმნილ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ თანა-დადგომა და რგება. აწ ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად ნათელი მიიღეს ჴელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოსა, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშჳდობა. რამეთუ იგი-ვე ვახტანგ მეფე შუამდგომელ იქმნა, და ჴრმლითა მისითა უკ-მოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუ-მცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა ბოროტი ეგე მტერი, შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე, და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულის-ხმის-მყოფელი და მბრძოლი, ვითარცა ესე მოგჳთხრობს ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აფხაზეთისა შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად პატივს-ცემდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუ-ღა-რა-მცა ჴელგეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდის იყვნენ მანდა ანუ განვიდენ მანდით.

ხოლო მირ დამძიმდა წყლულებისა მისგან მოსიკუდიდ, და რქუა ძმასა თჳსსა არჩილს: „მე ესე-რა წარვალ, ძმაო, მამათა ჩუენთა თანა; არამედ წარმეც და დამფალ საფლავსა მამათა-ვე ჩუენთა თანა და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩუენთა ნამალევთა სადა არს. და არა მივის ძე-წული შვილი მკჳდრად, არამედ მისხენ შჳდნი ქალნი. აწ შენ ხარ მკჳდრი სახლისაგან მეფობისა ჩუენისა, მირიან მეფისა. და შენ თჳთ უწყი, ვითარმედ ქალი, შვილი ჩუენი, არა მივსცით ერის-თავთა ჩუენთა ცოლად. ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინ-მე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან. ასული მისი ცოლად. და ჩუენ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ რათგან მოიყვანნიან მამათა ჩუენთა ცოლნი ასულნი ერის-თავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვენ მათ ქუეყანანი ქართლისანი: ნახევარი შენ და ნახევარი მათ ხოლო საუხუცესოდ რომელ მქონდა, მომიცემია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამა-ცა ჩუენი მოკუდა შფოთსა ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძუალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისსა, რათა იპოვოს იგი საწამებელად სამკჳდროსა ჩუენისა, და შენ დაადგერ აქა და ემოყურებოდი ბერძენთა, ვიდრემდის განქარდეს ბნელი ესე“.

და მოკუდა მირ, და წარმოსცეს მცხეთას, და დაფლეს ზემოსა ეკლესიასა, შესავალსა კარისასა.

და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი-ვე არჩილ.

 

მეორმოცდაოთხე მეფე, არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა, ხოსროიანი

ხოლო არჩილ მოუწოდა ერის-თავთა ქართლისათა, და მისცნა ძმის-წულნი მისნი:

ერთი მისცა მამის ძმის-წულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი;

მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს;

მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა.

მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა-ვე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი;

მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა;

მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი.

ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ჴევთაგან. და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა მცირედ რა-მე სხუათა მათ. და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებით-ურთ თჳს-თჳსად ადგილად.

ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა: „კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩუენ ადგილთა შენთა მშჳდობით: გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათჳს რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა“.

ხოლო ლეონ რქუა: „მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკჳდრობით კეთილად სიმჴნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკჳდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემი-ცა ესე შენდა-ვე იყოს“.

მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთჳს. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა.

წარმოვიდა არჩილ და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და აღაშენა ციხე საზღუარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და წარჴდა ამათ შინა წელიწადი თორმეტი, და იწყო შენებად ქართლმან. ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა ნაციხარსა ჴიდრისასა.

მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან და რქუა: „უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა“. და მისცა შულავერი და არტანი.

ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნის ცოლისა ნაშობთა და დაჯდა წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მჴეცის-ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე მათი. და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი.

განძლიერებულ იყვნეს სარკინოზნი ქუეყანასა რანისასა; დაეპყრათ გაზირი და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა. ხოლო ძმის-წულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თუალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკჳდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძი, უმკჳდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთუ დარჩომილ იყო, და დაემკჳდრნეს სამნი-ვე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის.

მას-ვე ჟამსა პატიახშნი ვინ-მე არა შეეშუნეს კლარჯეთს, სხუად წარვიდეს ნახევარნი მათგანნი, და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს ციხედ. ხოლო ნახევარნი მოვიდეს კახეთად არჩილის თანა. ერთსა მათგანსა მისცა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქურივებულ იყო იგი და არა ესუა ქმარი, და მიუბოძა წუქეთი ციხით და კასრით-ურთ. ჟამთა მათ დაეცადნეს სარკინოზნი შემოსლვად ქართლად ყრუსა წარსლვითგან წელიწადსა ორმოცდამეათესა. აქა ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერის-თავთაგან.

და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გუარანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან. ესე არჩილის წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>