და ვითარ გარდაჴდეს ამას შინა წელიწადნი ორმეოცდაათნი, კუალად მოვიდა ჭიჭნაომ, ძე მოჰმადისი. მოაოჴრა და შემუსრა ყოველი შენებული ქართლისა და მიჰმართა შესლვად კახეთად, რათამცა მოაოჴრა და ყოვლითურთ უმკჳდრო ყო. და იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა და ყოვლისა ერისა და არა შემძლებელ იყვნეს წინა-აღდგომად, რამეთუ რათგან განერყუნა ქუეყანა ესე ყრუსა, დაღაცათუ გარდავლნა ჟამნი მრავალნი მშჳდობით, არღარა მოგებულ იყო კუალსა თჳსსა.
ხოლო წმიდამან არჩილ განიზრახა გულსა თჳსსა სიმჴნითა გულისა მისისათა, რათა მივიდეს და იხილოს და ითხოვოს მისგან მშჳდობა ქუეყანისა და დაცვა შეურყეველად ეკლესიათა და დაპატიჟება დატევებისათჳს სჯულისა. მინდობითა ღმრთისათა აღირჩია თავისა თჳსისა და სულისა დადება საჴსრად ქრისტიანეთა. აღდგა და მივიდა ჭიჭანაუმს თანა, რომელსა ეწოდა ასიმ.
ხოლო მან ვითარ ცნა მისლვა მისი, მიეგება წინა სიხარულით, და მოიკითხა დიდითა. დიდებითა. და დაყვეს დღე იგი ერთობით. აქო სიკეთე მისი, შეუყუარდა სისრულე ასაკისა მისისა და უმეტესად შუენიერება პირისა მისისა. და შემდგომად მცირედთა დღეთა იწყო სიტყუად ლიქნითა, აღუთქმიდა ნიჭთა დიდთა და აწუევდა დატევებასა ქრისტეს სჯულისასა და მიქცევად სარკინოზად. ხოლო წმიდამან არჩილ ყოვლად-ვე არა თავს-იდვა სიცბილი მისი და მტკიცითა გონებითა მიუგო და რქუა: „ნუ იყოფინ, თუ-მცა სიტყუათა შენთა ვისმინე, ანუ-მცა დაუტევე ქრისტე ღმერთი ცხოველი, რომელი-იგი არს ღმერთი ჭეშმარიტი“, რომელმან ჴსნისათჳს ჩუენისა ჴორცითა სიკუდილი დაითმინა, - და უკუეთუ ვისმინო შენი, უწყოდე, რათა მოვკუდე სიკუდილითა, რომლითა ვიტანჯებოდი საუკუნოდ. გარნა უკუეთუ შენ მომკლა, აღვდგე ვითარცა ღმერთი ჩემი და მის თანა-ცა ვიდიდო“.
ესმა რა ესე ყოველი უსჯულოსა მას, და იხილა სიმტკიცე მისი უქცეველი, დაუკჳრდა ფრიად. და უბრძანა შეპყრობა მისი და შეყენება საპყრობილესა, რათა ღონის-ძიებითა მიაქციოს იგი, რამეთუ არა სთნდა სიკუდილი მისი სიშუენიერისათჳს ხატისა და სიმაღლისათჳს ასაკისა მისისა. და ვითარ შეაყენეს საპყრობილესა, აკურთხევდა ღმერთსა და ითხოვდა მის-მიერსა შეწევნასა, რათა მოწყალებითა მისითა ღირს ყოს თავი თჳსი მიმთხუევად და მკჳდრ ყოფად ნათელსა დაუსრულებელსა ყოველთა თანა წმიდათა, რომელთა ღმრთისათჳს სიკუდილითა უკუდავება მოიგეს.
მაშინ უკუე წარმოდგა წინაშე ასიმისა მთავარი ერთი გარდაბანელი, მიქცეული სარკინოზად, რომლისა მამის-ძმა მოეკლა წანართა და მკლველნი მისნი განერნეს მშჳდობით პაპასა არჩილისსა, ადარნასე მეფესა. ამისთჳს უკუე შური იგო გარდაბანელმან და რქუა ასიმს: „არა უწყი-ა, თუ ვინ არს ესე არჩილ? ესე არს ძე სტეფანოზისი, ნათესავი დიდისა მეფისა ვახტანგისი, რომელი იყო ნათესავისაგან მირიანის ძისა ქასრესი. და ესე იყო მამისა თჳსისა თანა, რაჟამს-იგი დაჰფლვიდეს საგანძურთა სამეფოთა ქართლისათა, და იგი-ცა იცის, რომელი ერაკლე მეფემან დაჰფლნა საგანძურნი თჳსი, რამეთუ ერაკლეცა უჩუენებდა, სადა-იგი ჰფლვიდეს“.
ესმა რა ესე ასიმს, მოუწოდა კუალად არჩილს. და რქუა: „უწინ თუალ-გახუენ ქმნულ-კეთილობისა შენისათჳს, რამეთუ ფრიად ქმნულ-კეთილ ხარ, ხოლო აწ მითხრეს შენთჳს, რამეთუ შვილ ხარ დიდთა მეფეთა ხუასროანთა, არამედ აწ უფროსად განსდიდნე წინაშე ჩემსა, უკუეთუ ისმინო ჩემი და იყოს სამეფო შენი შენდა-ვე და საგანძურნი-ცა მამათა შენთანი მიგანიჭნე შენ-ვე. პირველად მიჩუენენ საგანძურნი მეფეთა ბერძენთანი, მოიქეც სჯულსა ჩემსა. იქმენ სარკინოზ და სპასალარ გყო შენ ქუეყანასა ზედა ქართლისასა, მეფე და უფალ ერთა ზედა ქართლისათა“.
მაშინ მიუგო წმიდამან არჩილ: „უწყოდე მტკიცედ, რამეთუ მცირე ვიყავ ჰასაკითა, ოდეს-იგი განვლო ქუეყანა ესე ერაკლე მეფემან. ხოლო მამამან ჩემმან და ძმამან ჩემმან დასხნეს ყოველნი საგანძურნი მათნი ციხესა მას, სადა-იგი შეიქცა ყრუ ამირა. და აწ აქუს იგი ბერძენთა. ხოლო მე არა დაუტეო უფალი ღმერთი ჩემი, არ-ცა განვყიდო წარუვალი იგი დიდება მსწრაფლ წარმავალისა ამისთჳს“.
მიუგო და რქუა ასიმ: „შენ უკუე იყავ დაცემასა მას აფხაზეთს შინა?“
რქუა წმიდამან არჩილ: „მე ვიყავ მაშინ, რაჟამს დასცნა იგინი ღმერთმან“.
რქუა ასიმ: „რომელმან ღმერთმან დასცნა სარკინოზნი?“
მიუგო წმიდამან არჩილ და რქუა: „ღმერთმან ცხოველმან, რომელ არს შემოქმედი ცისა და ქუეყანისა, და რომელი-იგი მოვიდა ზეცით ქუეყანად ჴსნისათჳს ნათესავისა კაცთასა, და სიკუდილითა თჳსითა აღგუადგინა და უკუდავება მოგუანიჭა. მან უკუე დასცნა და დაამდაბლნა იგინი“.
მაშინ რქუა ასიმ წმიდასა არჩილს: „რომლისა ღმერთი უკუე მოკუდავი არს და სასოება ცხორებისა მოკუდავისა მიმართ გაქუს, ჯერ-არს მისი-ცა სიკუდილი“.
და უბრძანა თავისა მოკუეთით აღსრულება წმიდისა არჩილისი. და არა ჰრიდა სიკეთესა მისსა, არ-ცა შერცხჳნა დიდებისაგან წარჩინებულებისა მისისა. განიყვანეს გარე და მოჰკუეთეს თავი მისი მახჳლითა თთუესა მირკანისსა, რომელ არს მარტი, ოცსა მის თჳსასა. და შეჰვედრა სული თჳსი ჴელთა შინა დამბადებელისათა, აღირჩია სიკუდილი უკუდავებისა მომატყუებელი. შესცვალა მცირედ ჟამისა ესე მეფობა საწუთროსა სიხარულად საუკუნოდ, ღირს იქმნა განწყობილსა შორის წმიდათასა და ახოვანთა მოწამეთასა წარდგომად წინაშე ღმრთისა და მათ თანა გჳრგჳნოსანი იხარებს წინაშე სამებისა წმიდისა.
ხოლო ვითარცა აღესრულა
წმიდა მოწამე არჩილ, მივიდეს ღამესა მას გოდერძიანნი ტბელნი და მათ თანა სხუანი-ცა
აზნაურნი მამეანნი და მოიპარეს გუამი წმიდისა მოწამისა არჩილისი. წარმოიღეს და
შემუსრეს დიდითა პატივითა და დამარხეს ნოტკორას, მას მიერ აღშენებულსა ეკლესიასა.
ხოლო ცოლმან მისმან მიუბოძა სოფლები მათ, რომელთა მოიღეს გუამი წმიდისა მოწამისა
არჩილისა კახეთს შინა სამკჳდრებელად.
____
წიგნი ესე წამებისა მისისა იპოვა სულ-მცირედ აღწერილი, რომელ ჟამთა შლილობითა ჯერისა-ებრ ვერ-ვის აღეწერა.
ხოლო წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისითგან ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმის-წულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან, ნათესავმან რევისმან, მირიანის ძისამან. მიერითგან შემდგომთა მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარცა იხილონ და წინამდებარემან ჟამმან უწყებად მოსცეს გონებასა მათსა ღმრთივ-განბრძნობილსა.
<< წინ |