მას-ვე ჟამსა წარვიდეს აზნაურნი ტაოელნი საბერძნეთს: ვაჩე კარიჭის-ძე და ბანელი ეპისკოპოსი იოვანე, და მათ თანა სიმრავლე აზნაურთა ტაოელთა. ხოლო კოსტანტინე მეფემან მოქცევასა ოდენ წელიწდისასა გამოგზავნა პარკიმანოზი ლაშქრითა ურიცხჳთა, მოვიდა და ჩამოდგა, და მოაოჴრნა იგი-ვე ქუეყანანი, რომელნი ბასილი მეფესა მოეოჴრნეს. მოვიდა თრიალეთს ციხესა ქუეშე კლდე-კართასა; მას ჟამსა ჰქონდეს ლიპარიტ ერის-თავთ-ერის-თავსა, ძესა ლიპარიტისასა. შემოკრიბნა სხუანი-ცა აზნაურნი, დაუდგეს განძათა და შეებნეს ციხესა ქუეშე. რაჟამს იხილა პარკიმანოზმან, რომელ ვერას ავნებდა, შეიქცა გარე. მას-ვე ჟამსა წარვიდა ჩანჩახი ფალელი საბერძნეთს, მისცა ციხე გარყლობისა, მიერთო ბერძენთა, და არჯევან ჰოლოლას-ძემან მისცა ბერძენთა ციხე წერეფთისა.
რაჟამს იხილა საბა, მტბევარმან ეპისკოპოსმან, რომელ შავშეთს არღარა იყო სხუა ღონე, ააგო ციხე თავსა ზედა ტბეთისასა, დაიჭირა ქუეყანა შავშეთისა, ქმნა დიდი ერთ-გულობა ბაგრატ აფხაზთა მეფისათჳს. პატივ-სცა ღმერთმან და ვერ წარუღეს ქუეყანა მტერთა. რამეთუ მას ჟამსა გაგზავნა პარკიმანოზმან და პროედროსმან იოვანე ბანელი ხარტულარი, წარიყვანა თანა ვალანგი ლაშქრითა დიდითა, და მისცა თანა დემეტრე კლარჯი, ძე სუმბატისი, რე-ცა შესატყუევნელად ქუეყანისა კაცთათჳს, და ამით მიზეზითა მოიქცეს მრავალნი კაცნი მის ქუეყანისანი წურილისა ერისაგან. შემოვიდა მას-ვე ციხესა შინა ეზრა ანჩელი, და რომელნი აზნაურნი გამოჩნდეს ერთ-გულად. შეუდგეს მას-ვე ციხესა შინა და გამაგრდეს ფრიად.
ხოლო ციხე არტანუჯისა ჰქონდა იოვანეს ერის-თავსა აბუსერსა, და მათ ჟამთა ქუეყანათა ამათ შინა იქმნნეს ბრძოლანი და შუღლნი და მი-და-მონი მრავალნი. და ვითარ დიდად იღელვებოდა ქუეყანა ესე, კუალად-ცა პატივ-სცა ღმერთმან ბაგრატს, აფხაზთა და ქართველთა მეფესა. ეწია სენი სასიკუდინე კოსტანტინე მეფესა. მოუწერა პარკიმანოზს პროედროსსა, უჴმო შეღმართ. ხოლო იგი წარემართა მსწრაფლ და, ვიდრე მოვიდოდა, მიიცვალა კოსტანტინე მეფე. და რაჟამს მიიცვალებოდა, დასუა სხუა მეფე, სახელით რომანოზ, და შერთო ცოლად ასული თჳსი ზოია.
შემდგომად ამისსა, წელსა მესამესა, წარვიდა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატისი, აფხაზთა მეფისა, საბერძნეთად ძიებად მშჳდობისა და ერთობისა, და კუალად ძიებად პატივისა კურაპალატობისა ძისათჳს თჳსისა, ვითარცა არს ჩუეულება და წესი სახლისა მათისა, და მოყვანებისათჳს მის ცოლისა.
ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა მოვიდეთ.
და ვითარცა მიიწია საბერძნეთად წინაშე ბერძენთა მეფისა, აღუსრულა ყოველი სათხოველი სიხარულით: მოსცნა ფიცნი და სიმტკიცენი ერთობისა და სიყუარულისათჳს, დაუწერნა ოქრო-ბეჭედნი, მოსცა პატივი კურაპალატობისა, და მოსცა ცოლად ბაგრატისთჳს ელენე დედოფალი.
მო-რა-იწია მარიამ დედოფალი მამულსა ძისა თჳსისასა, ქუეყანასა ტაოს, მოართუა პატივი კურაპალატობისა. აღასრულეს ქორწილი, უკურთხეს გჳრგჳნი ბანას.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა ელენე დედოფალი ქუთათისს შინა, და შეირთო ცოლად ბაგრატ მეფემან ბორენა დედოფალი, ოვსთ მეფისა ასული, დაჲ დორღოლელისა.
შემდგომად ამისა წმიდამან მეუფემან კათალიკოს-პატრიაქმან მელქისედეკ მოიგო ქართლს: მონასტერი პალავრა ოთხითა სოფლითა; და ცუქითი შესავლითა მისითა; ყინცვისი შესავლითა მისითა; და შინდების ნახევარი; კურბითს სააზნაურო კარგი სოფელი ერთი; ჩოჩეთს უბანი ერთი, მიწა და ვენაჴი სასეფეო; ზეგანთა სოფელი ერთი შიდარი; და კახეთს ახატანს უბანი ერთი და ნოსორნა სოფელი ერთი; და ჰერეთს მონასტერი დიდითა ძალითა (და) ლაგოდეჴი და ჰერეთს-ვე კატეხისა ეკლესია შესავლითა მისითა. და კაკს ვაჭარი ათორმეტი. და ზიარი სოფელი დიდი. ესე ყოველი სოფლები, რომელი მას მოიგო.
და რომელნი სოფელნი ძუელად ჰქონდეს წმიდას[ა] სუეტსა ცხოველსა და კათოლიკე ეკლესიასა, და სხუა შესავალნი რა-ც იყვნეს მოაჴსენა ბაგრატ კურაპალატსა და შეუვალად გაუჴადნეს. და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა; და სხუა რომელნი-მე შესავალნი იყვნეს ამის წმიდისა დედა-ქალაქისანი: ცხუარი, ცხენი, ღჳნო ზედანი და რა-ცა იყო ყოველი ალი ამირმა[ნ] ამოაგდო და აჴადა ამას წმიდასა კათოლიკე ეკლესიასა. და ყოველნი სოფელნი, რომელნი წმიდისა კათოლიკე ეკლესიისანი არიან, ააშენნა და დადგნა ყოველგან სახლნი და ააგო ეკლესიანი რიცხჳთ ყოველნი-ვე.
და შემდგომად სამხრით სადიაკვნოსა წმიდათა მოწამეთა სამარტჳლოსა შიგან შექმნა საფლავი თჳსი, და დადგა საკურთხეველი. დააყენა საფლავსა თჳსსა ზედა გაზრდილი მისი იოანე, და უჩინა ამა საკურთხეველსა [და] ჟამის-მწირველსა, და მისცა თემს გლეხი სამი ფუძითა სრულითა, ვენაჴი ერთი, მიწა ერთი, წის-ქვილი ერთი, ჭალა და ოტათლოანს გლეხი ერთი; ციხედიდს გლეხი ერთი, ორი-ვე ფუძითა სრულითა, და ვენაჴი ერთი; მცხეთას სენაკი ერთი, ბოსელი, ყანა, ვენაჴი - ესე ყოველი ჴელ-შეუვალად თავის-უფლად მისცა და გაირიგა სამკჳდრო სასულიერო აღაპნი და მოსაჴსენებელი და გარდაიცვალა წმიდა ესე, და აწ წარუმართენ ღმერთმან ოქროპირს, მელქისედეკისგან შვილად გაზრდილსა; დაჯდა კათალიკოს-პატრიაქად ოქროპირი, და ამან-ცა მრავალნი შემატნა დიდსა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიასა და აღაშენა დასავლის კუთხს სამხრით ეკვდერი, ქვითა წმიდითა და თეთრად შუენიერად გამოქანდაკებულითა, ყოვლად წმიდისა და კათოლიკე ეკლესიისა, და სხუა შესავალნი რა-ც იყვნეს მოაჴსენა ბაგრატ კურაპალატსა და კჳრიკე კახთ მეფესა, დის-წულსა კჳრიკე მეფისასა, და შეუვალად გაუჴადნეს და მისცა სიმტკიცე შეუვალობისა. წმიდამან ამან კათალიკოს პატრიაქმან ოქროპირ(მა) მრავალნი ეკლესიანი აღაშენნა და განა[ა]ხლნა.
და შემდგომად ამისა მოირჭუნა და ეუფლა ზემოსა და ქუემოსა თავის მამულსა ზედა ბაგრატ.
და დიდი ფადლონ ავად იქცეოდა, და სწუნობდა ყოველთა მოთაულთა ამის სამეფოსათა. და ვიდრე ყრმა-ღა იყო ბაგრატ, შეკრბეს ლაშქარნი ამის სამეფოსანი, იპირნეს ლიპარიტ და ივანე აბაზას-ძე; მოვიდა დიდი კჳირიკე, რანთა და კახთა მეფე, დავით სომეხთა მეფე, და ჯაფარ ამირა ტფილელი, რამეთუ ესე ყოველნი პირობითა კჳრიკესითა შეკრებულ იყვნეს ეკლეცს ფადლონს ზედა; გააქციეს ფადლონ და აუწყჳდეს ლაშქარი, აიღეს ავარი და განძი ურიცხჳ. ამიერითგან ვიდრე სიკუდილამდე შეჰავდა ფადლონ.
და სიმცირესა-ვე შინა ბაგრატ მეფისასა ლიპარიტ ლიპარიტის-ძემან და ივანე აბაზას-ძემან, ქართლის ერის-თავმან, მუხათ-გუერდსა გამოიტყუეს ტფილელი ამირა ჯაფარ, და შეიპყრეს, და დიდი ხანი დაყვეს პატიმრობასა შინა, და წარუღეს ბირთჳსი. შეიწყალა აფხაზთა მეფემან და დაუტევა ტფილისს ზედა ამირად; და მიერითგან დარჩა მტერობა ლიპარიტეთ და ამირას შუა.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა აზრახა ლიპარიტ ბაგრატს წაღება ტფილისისა. მოადგეს ტფილისსა მტკუარსა ამიერით, ზემოთ და ქუემოთ, აფხაზთა მეფისა ლაშქარნი, და წყალსა იმიერით, ისნით კერძო, მოადგეს ლაშქარნი კახნი და ჰერნი მას ჟამსა მოკლულ იყო დიდი კახთა მეფე კჳრიკე ოვსისა ვის-მე მონისა მიერ, რამეთუ წყობასა შინა ოვსთა მეფე ურდურე მოეკლა კჳრიკე მეფესა. და მესისხლეობით მოიკლა კჳრიკე მეფე ნადირობასა შინა, ფიდრაზის გორთა, ოვსისა მონისა მიერ.
მას ჟამსა იყო მეფე კახეთს გაგიკ, ძე დავით სომეხთა მეფისა სამშჳლდარისა და ძორაკერტელისა, დის-წული კჳრიკესი, და ბრძოდეს ორ წელ ტფილისსა. და მას ჟამსა იყო ამირად ჯაფარ, ძე ალისი. და ესრე შეაჭირვეს ტფილელთა, რომელ ლიტრა ვირის ჴორცი ხუთას დრამად ასყიდიეს, და ვერ-ღა-რა დაუდგმიდეს შიმშილთა და ბრძოლათა ძლიერთა. ტფილელთა განიზრახეს მოცემა ტფილისისა. და ამის ქალაქისა ბრძოლასა შინა წაუხუნეს ციხენი ორბეთი და ფარცხისი აფხაზთა მეფისა ლაშქართა და ამირა შეეკაზმა თავის ლაშქრითა შემზადა ტივები და ნავები ღამით წარსლვად განძას ლაშქარიას თანა ფადლონის შვილსა და რომელთა-მე დიდებულთა აფხაზთა მეფისათა ლიპარიტისაგან ფარულად გააზრახეს მეფესა არა განძება ამირასი, და ფარულად ლიპარიტისაგან დაჰკიდეს ზავი ამირასა, გამოაცხადეს და დაამკჳდრეს ამირა ტფილისსა-ვე ზედა. და იბირნა აფხაზთა მეფემან კახნი, აშოტ მთავარი მარილელი, დი-სიძე კჳრიკე მეფისა, და ხახჳლა გურთა ჯუარის-ციხითა; და მოეყარა აფხაზთა მეფე ქალაქსა და ემტერა კახთა. და მიერითგან შეიქმნა ლიპარიტ ქუე-გამხედვარად თავის პატრონისაგან.
გაილაშქრა აფხაზთა მეფემან კახეთს, შეება და შეუჴდა მთასა ზედა მიქელ-გაბრიელთასა. და წყობასა შინა შეიპყრნა: სტეფანოზ ვარჯანის-ძე, პანკისისა ერის-თავი; და ვაჩე, ძე გურგენ ბერისა, ხორნაბუჯის ერის-თავი; და ჯედი, დის-წული გოდერძისა, შტორის ერის-თავი და მაჭელისა. გარდადგა თიანეთს და დაწუა დარბაზი ბოდოჯისა, სახლი სახელოვანი, დიდისა კჳრიკე მეფისა აგებული. და ესე ერის-თავნი ქენებით აძლევდეს ციხეთა მათთა; და ვერ-ღა-რა ჩავიდეს კახეთს და შემოიქცა, რამეთუ ლიპარიტ იწყო საურავთა გუერდ-ქცეულთა.
შემდგომად მცირედისა ჟამისა გამოიყვანა ლიპარიტ დემეტრე, ძმა ბაგრატისი, საბერძნეთით ბერძენთა მეფისა ლაშქრითა. და მიერთნეს სხუანი-ცა ვინ-მე დიდებულნი და აზნაურნი, მოვლეს ზემო ქუეყანა და ჩამოვიდეს ქართლს, მოადგეს ატენს, არე-არე მოწუეს ქართლი.
და ჰყვეს ლიპარიტს კახნი და ბერძენნი, და ვერ წაიღეს ატენი, რამეთუ ციხეთა უფალნი კაცნი მტკიცე იყვნეს ერთ-გულობასა ზედა ბაგრატისსა, თჳნიერ ფარსმან თმოგუელისა და ბეშქენ ჯაყელისა, თუხარისისა ერის-თავისა. გავიდეს ჯავახეთს და იწყეს ახალქალაქისა ზღუდეთა შენებად, რამეთუ მას ჟამსა უზღუდო იყო. არე ზამთრისა მოწევნულ იყო; ბერძენთა ენება შეღმართ წასლვა. დაეზავა ლიპარიტ აფხაზთა მეფესა; უბოძა მეფემან ქართლის ერისთაობა. წარვიდეს ბერძენნი საბერძნეთად და წარიტანეს დემეტრე თანა.
და კუალად განძლიერდა და მოირჭუნა ბაგრატ მეფემან თავის მამულსა ზედა. და დააგო სუემან ბაგრატისმან ჟამი; მოერთო ვესტი ცხრითა ციხითა ანისისათა, თჳნიერ ამბერდისათა. და მოსცეს ანელთა ანისი ბაგრატის დედასა, რამეთუ მამულად ეყვოდეს სომეხნი - სენაქერემ სომეხთა მეფისა ასული იყო მარიამ დედოფალი, ბაგრატის დედა.
იყო ჟამი გაზაფხულისა და ბაგრატ აფხაზეთს იყო; მოადგა ანაკოპიას და მისწურა წასაღებელად და მოვიდეს ტფილელნი ბერნი, რამეთუ მის ჟამისა პირველ მომკუდარ იყო ტფილელი ამირა ჯაფარ. უქადეს ქალაქი და უჴმეს სასწრაფოდ. წამოვიდა და მოაყენა ანაკოფიას გარე ქუაბულელ ჭაჭას-ძე ოთაღო აფხაზეთისა ლაშქრითა. ამოიარა და მოვიდა ქუთათისს, და მოიყენა ქუთათისისა სამოქალაქოსა ლაშქარი, და გურიელნი აზნაურნი და ლომსიანნი მოიყვანნა ხუფათსა, დაუდგნეს ფილაკავანნი და ბრძოდეს. და ამოიარა მეფემან და მოვიდა ქართლს, და მოვიდეს სხუანი მჴმობელნი ბერნი ტფილელნი.
წარემართა ტფილისად და მოეგებნეს ქალაქის ბერნი, დარბაზის ყმანი, ცხენოსანნი დიღმისა ველსა, და ყოველი ერი ქუეითი დაკაზმული უმედეულსა, და დედათა და მამათა სიმრავლე იყო მოედანს. და იყო ჴმა ბუკთა და დუმბულთა ორ-კერძო-ვე საშინელი, რომლისა ჴმითა იძრვოდა ქუეყანა; და იყო სიხარული ორ-კერძო-ვე განსაკჳრვებელი. შეიყვანეს და მოვლეს ქალაქი, ასხმიდეს დრამასა და დრაჰკანსა, და მოართუნეს კლიტენი ქალაქისანი, და შეიყვანეს საამირაოსა დარბაზსა. დაჯდა მეფე ბაგრატ საურავად. აღიხუნა კოშკნი კართანი თავის კაცითა, და აღიღო ციხე ქალაქისა დარიჯელი, და ორნი-ვე კოშკნი წყალყინისანი და თაბორი, და დაადგინნა შიგან ლაშქარნი თჳსნი და ერის-თავნი. ხოლო ისნელთა ჩააგდეს ჴიდი და არა მოსცეს ისნი; დაუდგნეს ფილაკავანნი, და ბრძოდეს ისნსა, და ესროდეს ისარსა. და ისნის ველსა მოვიდეს კახთა მეფე გაგიკ და ერის-თავთ-ერის-თავი გოდერძი, და ყოველნი დიდებულნი კახეთისანი დარბაზობად ბაგრატ მეფისა წინაშე და მშჳდობისა ძებნად. მაშინ განვიდა ბაგრატ მეფე ველსა ისნისასა, მოიყვანნა კახნი და ითაყვანნა, მისცა მშჳდობა და განუტევნა. და იყო სიხარული და მშჳდობა და საურავი დღითი-დღე შემატებისა.
და ვითარ ამას შინა გარდაჴდეს დღენი ზაფხულისანი, და კუალად იწყო ლიპარიტ მათ-ვე ფიცხელთა საურავთა. და გამოიტყუვნა ანისით დედოფლისაგან აბუსერი, ერის-თავი არტანუჯისა, და ხისათა და ციხის-ჯუარისა და აწყუერის ციხის პატრონი, და ივანე ერის-თავი, ივანე დადიანი და გუარამ გოდერძის-ძე, ბეჭის ციხისა პატრონი, და შეიპყრნა იგინი ანისის კარსა და დააგდო ტფილისი მეფემან, და გავიდა ჯავახეთს.
ამისა შემდგომად გამოიყვანნა მაწყუერელმან მესხნი, განძითა ბაგრატისითა, შუელად მეფისა და მეფე დგა ღრტილას. ხოლო ლიპარიტ შეკრიბნა კახნი და მოადგა ფოკათა. გამოექცა მაწყუერელი მეფესა ბაგრატს და შეეზრახა ლიპარიტს. ვითარცა ცნა ესე მეფემან, ზამთრისა ბუქთა საშინელთა გარდაიარა შავშეთი და ჩავიდა ქართლს.
და ლიპარიტ გამოიყვანნა ახლად საბერძნეთით დემეტრე, ძმა ბაგრატ მეფისა. ბერძენთა მეფისა განძი და ლაშქარი შემწე იყო. და განხეთქნა ამის სამეფოსა კაცნი: რომელნი-მე წარუდგინნა დემეტრეს, და რომელნი-მე დარჩეს ბაგრატის ერთ-გულობასა შინა. და ძე ლიპარიტისი ივანე მძევლად დარჩა ბაგრატის ჴელთა შინა, და ითხოვა იგი ბაგრატისგან, და ნაცვლად გაუშუა აბუსერი თავის ციხითა მშჳდობით. და იყვნეს თანა-მდგომ ლიპარიტისსა კახნი ძალითა მათითა, და დავით სომეხთა მეფე ძალითა მისითა და განძლიერდა იგი ძალითა მათითა ამას კერძოსა ქართლისასა. და იყო მი-და-მო საურავი ჴელოვნებისა.
და მოვიდეს ვარანგნი სამი ათასი კაცი, და დააყენა ბაშს; გარდამოიტანა თანა შჳდასი კაცი. და მოვიდა ბაგრატ შიდათ ლაშქრითა; და ამათ ვარანგთა მესხნი ვერ-ღა-რა მოილოდინნეს, მივიდეს, და შეიბნეს თავსა სასირეთისა ჭალისასა; გაიქცა შიდა ლაშქარი. და ომსა ამას-ვე შეიპყრეს აბუსერი და სხუანი-ცა დიდებულნი მის თანა, ვერ-ღა-რა უძლეს ბრძოლად ვარანგთა; მისცნა ლიპარიტ პაშტნი და წინა მათსა პურსა უკაზმიდეს; და ეგრეთ ლიხნი გარდავლეს.
და ამისსა პირველ მომკუდარ იყო ძმა ბაგრატისი დემეტრე და შემდგომად გაქცევისა შეშინდა ბაგრატ სამეფოსა და მამულისა მისისა განხეთქილობასა. და უქმნა მუდარა ლიპარიტს, და მცირედითა ცხენოსნითა მივიდა ლიპარიტის თანა ხოვლეს (?). და რა ცნა ლიპარიტ მისლვა მისი, არა ნახა, გარიდა მუნით; შეიქცა მეფე-ცა და წარვიდა აფხაზეთს.
და შემდგომად მცირედისა ჟამისა სულა ერის-თავმან კალმახისამან, გრიგოლ ერის-თავმან არტანუჯისამან შეაერთეს სიტყუა და შეიწჳვნეს მათ თანა სხუანი-ცა აზნაურნი მესხნი, და უჴმეს მეფესა ბაგრატს. და წარმოემართა ლაშქრითა, გარდამოვლო გზა რკინის-ჯუარისა, და შეკრბეს არყის-ციხეს. ცნა ესე ლიპარიტ და შეკრიბა თავისი ლაშქარი, და მოირთნა კახნი და სომეხნი, და ბერძენნი-ცა თანა-ვე ჰყვეს. და მიუჴდა უგრძნეულად არყის-ციხეს, და შეიბნეს. და სძლია ლიპარიტ-ვე, და გააქცია მეფე, შეიპყრეს სულა, კალმახისა ერის-თავი, და მრავლითა ტანჯვითა და ძელსა გასუმითა სთხოვეს კალმახი, და არა მისცა. მას-ვე ომსა შეიპყრეს გრიგოლ, ძე აბუსერისი, და სთხოვეს არტანუჯი სიკუდილისა ქადებითა, და მისცა. მოირჭუნა ლიპარიტ ზემოსა ქუეყანასა და აღიხუნა ციხენი, და მიიერთნა თავადნი კაცნი, და გარეს-გარე წარვიდა ლიპარიტ მით-ვე ლაშქრითა დვინად, და ულაშქრა ბერძენთა მეფესა დვინელსა ზედა, და შემოიქცა თავის ქუეყანად.
და შემდგომად წელიწდისა მოქცევისა გამოჩნდეს თურქნი სულტნისანი ბარაჰიმ-ილმი[ს]ანი ქუეყანასა ბასიანისასა. გამოვიდა ბერძენთა მეფისა ლაშქარი, და უჴმეს ლიპარიტს. და წარვიდა ლიპარიტ შუელად ბერძენთა ყოვლითა ლაშქრითა ამის ზედაჲს კერძისათა. შეიბნეს ორდროსა და უკუმიასა ქუემოთ, და გააქციეს ყოველი სპა საბერძნეთისა და ლიპარიტისა თურქთა იქმნა მოსრვა დიდი, და შეიპყრეს ლიპარიტ და წარიყვანეს ხუარასანს სულტანსა თანა. დიდებულთა ამის სამეფოსათა და შვილთა ლიპარიტისთა, ივანე და ნიანია, იძებნეს უშიშოება და გამოიყვანეს მეფე მეფედ. და კუალად მოირჭუნა და შეიპყრნა შვილნი ლიპარიტისნი; აიღო უფლისციხე და გამოუშუა ივანე.
და დადგომილ იყვნეს განძას ქუეყანასა თურქნი, და წასაღებელად მიეწურა განძა. გამოგზავნა თავისა ნაცვლად ბერძენთა მეფემან ლიხტური ლაშქრითა დიდითა, და აწჳეს. ბაგრატ ყოვლითა ლაშქრითა მისითა, და წაჰყვა თანა. დაემართნეს თურქთა; და მივიდეს განძას კარსა, და მირიდეს თურქთა, და დაარჩინეს განძის ქუეყანა, და შემოიქცეს მშჳდობით. და ამისსა შემდგომად კუალად უჴმეს ტფილელთა და მოსცეს ტფილისი ბაგრატს, და შეიყვანეს შინა. და იყო სიხარული და მშჳდობა დიდი.
ამისსა შემდგომად დაეჴსნა ლიპარიტ თურქთა, და შემოვიდა ანისს დააგდო ბაგრატ ტფილისი ლიპარიტის გზითა, აღმოვლო ქართლი და მოვიდა ჯავახეთს. განძლიერდა ლიპარიტ, რამეთუ მსახურებისათჳს ბერძენთა მეფისა ტყუე-ქმნილ იყო; წარვიდა საბერძნეთს, და ნახა ბერძენთა მეფე, და მოირთო ბერძენთა მეფისაგან ძალი. და ვერ-ღა-რა დაუდგა ბაგრატ.
ამისსა პირველ სუმოდა ძე მისი გიორგი ბაგრატს, დაუტევა ქუთათისს მეფედ სამეფოსა ზედა აფხაზეთისასა და წარვიდა საბერძნეთს. მას ჟამსა იყო ბერძენთა მეფე კოსტანტინე მონომახი და [შემდგომად] მიხაელ. და ლიპარიტის სათნოთა სწრაფით ვერ-ღა-რა შემოიქცა ბაგრატ თავის მამულსა ზედა; და დაყო მუნ სამი წელიწადი დიდსა დიდებასა და პატივსა შინა.
ამისა შემდგომად დაემოწაფა დედოფალი მარიამ, დედა ბაგრატ მეფისა და იკურთხა მის მიერ სქემითა. ხოლო იყო რა ქალაქსა კოსტანტინეპოლედ ნათესავი სამარიტელთა, ტომისაგან სჳმონ მოგჳსა, და ესენი-ცა მგრძნეულობდეს მჴეცთა ზედა საკჳრველად უცხოდ. და ამას გიორგი ჯუარი გამოსახა და აყუდა შეგრძნება მისი. ესე რა ნახა მეფემან სასწაული ბერისა მის და მთავართა, აღივსნეს სიხარულითა და მიუთხრეს მონომახსა კოსტანტინეს.
ამისა შემდგომად, ვითარცა იხილა მეფემან ბაგრატ ესე-ვითარი სიწმიდით და ღირსებით მოქალაქობა და უსხეულოთა მსგავსი ცხოვრება და სასწაული მისი, დიდად შეიყუარა, ვითარცა ანგელოზი ღმრთისა, და ღონესა ეძიებდა, რათა-მცა თჳსსა მამულსა წარიყვანა. და მისცა მღდელთ-მოძღურება ჭყონდიდისა საყდრისა, სადა შექმნა ბაგრატ საფლავი თჳსი და დაუსვენებიან მრავალნი წმიდათა მარტჳლნი. ამა წმიდამა[ნ] ბერმა[ნ] (დ)არა მი[ი]თუალა, არ-ცა დაიჭირა, რამეთუ ყოვლითა მსწრაფებითა ევლტოდა დიდებასა კაცთასა და შფოთსა სოფლისასა, და სიმდაბლესა შეიტკბობდა. და ესრეთ დაყო სამეფოსა ქალაქსა რა-ოდენი-მე წელი.
ხოლო ჩუენ პირველსა-ვე სიტყუასა ზედა მოვიდეთ.
ვიდრე-ღა იყო ბაგრატ საბერძნეთს, ითხოვა ლიპარიტ ძე ბაგრატისი, გიორგი, მეფედ, რათა მოსცეს იგი დედამან მისმან და დიდებულთა მის ქუეყანისათა. მოიყვანეს. საყდარსა რუისისასა და აკურთხეს მეფედ. და მოიყვანეს მზრდელად მისა ლიპარიტ და პატრონად დაჲ ბაგრატისი გუარანდუხტ დედოფალი, კაცი სრული და უნაცვალო სახითა, სიბრძნითა, სიუხჳთა, ღმრთის-მსახურებითა და ყოვლითა სიკეთითა. და შემდგომად მცირედისა ჟამისა მოითხოვა გუარანდუხტ ბაგრატ ბერძენთა მეფისაგან, და გამოგზავნა ბერძენთა მეფემან დიდითა დიდებითა, ნიჭითა და განძითა მიუწდომელითა მიეგება ყოველი ლაშქარი აფხაზეთისა ზღჳს-პირსა, ხუფათს. და იყო სიხარული და ღმრთის მადლობა დიდი, ბრძანა და შემოვიდა სახლად თჳსად ქუთათისს.
და ლიპარიტ მოირჭუნა ზემოსა კერძსა დაუკლებელად, და იყო მოყუარედ მისა ხუარასანს დოღლუბეგ სულტანი და საბერძნეთს ბერძენთა მეფე, და ზრდიდა ბაგრატის ძესა გიორგის მცირესა სახელითა მეფობისათა. ხოლო ბაგრატს აქუნდა ლიხსა ქუემოთი კერძი დაწყობით.
და მცირედისა ჟამისა შემდგომად ამის სამეფოსა დიდებულთა მოეწყინა პატრონობა ლიპარიტისი. სულა კალმახელი და ყოველნი მესხნი გამოექცეს ლიპარიტს, და შეიპყრეს დლივს ლიპარიტ და ძე მისი ივანე, ხოლო ნიანია გარდაეხუეწა და მიმართა კლდე-კართა; და არა შეუშუეს მამისა მისისა ციხოვანთა, და წარვიდა ანისს ბერძენთა თანა. ხოლო ლიპარიტ და ივანე პყრობილნი სულა წარიყვანნა კალმახს. და მსწრაფლ გაგზავნა სულა მეფისა წინაშე სულთა ზედა მჴმობელნი. ხოლო გუარანდუხტ და გიორგი, ძე ბაგრატისი, დგეს ღრტილას, და რა ცნეს შეპყრობა ლიპარიტისი, შეიყვანეს ახალქალაქსა და მუნ მოილოდინეს ბაგრატ სულთა ზედა. მოვიდა ბაგრატ და ამის მსახურებისა ნაცვლად მეფემან უბოძა სულას მამულობით ციხის-ჯუარი და ოძრჴე ბოდო-კლდითა, და სხუა-ცა მრავალი საქონელი და სამღდელთ-მოძღურონი, და რა-ცა უნდა.
<< წინ |