ქართლის ცხოვრება

მატიანე ქართლისა

მეორმოცდათერთმეტე მეფე, ბაგრატ, ძე გურგენ მეფეთ-მეფისა. ბაგრატოანი

ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე, იწყეს კუალად მედგრობად ზაკულებით, ვითარცა არს ჩუეულება ქართლისა აზნაურთა: შეეუბნეს ნაქურდეველთა და საბოტარელთა, და მოიყვანნეს ლაშქარნი კახეთით; და გასცეს უფლისციხე, და შეიპყრეს გურგენ და ძე მისი ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, წარიყვანეს კახეთად.

რაჟამს ცნა ესე დავით კურაპალატმან, დაუმძიმდა ფრიად, გამოილაშქრა ყოვლითა ძალითა მისითა, მოვიდა თრიალეთს შთასლვად კახეთად და რაჟამს ცნეს კახთა, მოუგზავნეს მოციქული და მოუპყრეს პირი ზავისა: განუტევნეს გურგენ და ბაგრატ და დედოფალი გუარანდუხტ, და შეუქციეს ქართლი და უფლისციხე, ხოლო წირქუალის ციხე და გრუი თჳთ დაიჭირეს. მას ჟამსა ეპყრა უფლისციხე და ქართლი გუარანდუხტ დედოფალსა. ესე გუარანდუხტ დედოფალი ასული იყო გიორგი აფხაზთა მეფისა და დედა ბაგრატისი.

და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი სამი, და მეფობდა აფხაზეთს თეოდოსი მწუხარე. განირყუნა ქუეყანა იგი და შეიცვალა ყოველი წესი და განგება, პირველთა მეფეთაგან განწესებული იხილეს რა წარჩინებულთა მის ქუეყანისათა, იყვნეს ყოველნი ერთობით მწუხარებასა შინა დიდსა.

ამან-ვე ივანე მარუშის-ძემან ინება, რათა მოიყვანოს ბაგრატ მეფედ აფხაზეთისა და მის თანა ყოველთა დიდებულთა, ერის-თავთა და აზნაურთა აფხაზეთისა და ქართლისათა გამოითხოვეს ბაგრატ მეფედ დავით კურაპალატისგან. ხოლო მან დიდითა იძულებითა ძნელად აღასრულა თხოვა მათი; ვითარცა ვთქუ პირველად, უშვილო იყო დავით კურაპალატი, და ბაგრატ გაეზარდა შვილად, მპყრობელად ორისა-ვე კერძოსა ტაოსა. გარნა რაჟამს უმკჳდრო ქმნილ იყო ქუეყანა ქართლისა და აფხაზეთისა, მოსცა მათ სიმტკიცითა და მძევლითა.

შთაიყვანეს იგი აფხაზეთს, დალოცეს მეფედ და დაემორჩილნეს ყოველნი ბრძანებასა მისსა: რამეთუ განსრულებულ იყო ასაკითა. და ვითარ გარდაჴდა ამას შინა წელიწადი ორი, იწყო განგებად და საურავად და განმართებად ყოველსა საქმესა მსგავსად პაპისა მისისა, დიდისა გიორგი მეფისა, გინა თუ უმეტესადრე ვთქუა, რამეთუ ყოვლითურთ მიემსგავსებოდა ქცევასა გამზრდელისა თჳსისასა, დიდისა მეფისა დავით კურაპალატისასა, და იხილვებოდა მის თანა ყოველი საქმე კეთილისა. გამოგზავნა თეოდოსი მეფე, დედის ძმა მისი, ტაოს წინაშე დავით კურაპალატისა, რამეთუ ესე საქმე გამონახა უმჯობესად, რათა ყოველთა კაცთა, დიდთა და მცირეთა, სასოება კეთილისა, გინა შიში უწესოებისათჳს მისა მიმართ აქუნდეს.

შემდგომად ამისსა გარდამოვიდა ქართლს, რათა განაგნეს საქმენი დაშლილნი ქართლისანი მოვიდა და დადგა თიღუას. ხოლო მას ჟამსა აზნაურთა ქართლისათა რომელთა-მე არა ენება გარდამოსლვა მისი, რამეთუ თითოეულად განაგებდეს საქმეთა ქართლისათა, დაღაცათუ იყვნეს მორჩილებასა შინა გუარანდუხტისასა.

იწინამძღურეს ქავთარ ტბელი, მოეგებნეს ბრძოლად და დაუდგეს თავსა ზედა მოღრისასა. იხილა რა ბაგრატ აფხაზთა მეფემან, აღუზახნა სპათა თჳსთა, მივიდეს და შეებნეს. იოტნეს ქართველნი: რომელნი-მე დაჴოცნეს, რომელნი-მე დაიპყრნეს და სხუანი კუალად მეოტნი გარდაიხუეწნეს და დაიფანჩნეს. მოვიდა უფლისციხეს, აღიღო ციხე დედისაგან თჳსისა, დაყვნა დღენი და განაგნა მცირედ საქმენი ქართლისანი; წარიყვანა დედა თჳსი და წარვიდა ქუეყანად აფხაზეთისა. და ვითარცა ჴელოვანმან მენავეთ-მოძღუარმან განაგო ყოველი საქმე აფხაზეთისა: რამეთუ მცირედ ამხილის ყოველთა, ვინ უკუე პოვის ურჩი, და მისსა ადგილსა განადიდის ერთ-გული და მისანდობელი თჳსი.

და ამას შინა გარდაჴდეს წელიწადნი რა-ოდენნი-მე. იყო მას ჟამსა ერის-თავად კლდე-კართა რატი, და ჰქონდა ციხე ატენისა და ქართლისაგან მტკუარსა სამხრით-კერძო ყოველი-ვე, თრიალეთი, მანგლის-ჴევი და სკჳრეთი; არა მორჩილობდა კეთილად ბაგრატ მეფესა.

შეკრიბა უცნაურად სპა თჳსი ყოველი ბაგრატ მეფემან და გამოვიდა ქართლს: ენება შეპყრობა რატი ერის-თავისა. მაშინ უკუე აუწყეს მსწრაფლ დავით კურაპალატსა და უთხრეს ესრე სახედ: „არა სადა წარვალს სხუაგან, არამედ განმზადებულ არს სიკუდილად შენდა. და შეკაზმულ იყო გურგენ, მამა ბაგრატისი, მისლვად შვილისა თჳსისა თანა. ხოლო დავით კურაპალატი წარმოვიდა მსწრაფლ, მოუწოდა ლაშქარსა თჳსსა და უჴმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა. და მაშინ ჯერეთ ცოცხალ იყო პაპა ბაგრატისი, ბაგრატ ქართველთა მეფე; იგი-ცა მოვიდა დავით კურაპალატისა წინაშე, რამეთუ ეშინოდა ძისა თჳსისა გურგენისგან წაღებასა მეფობისასა. მოვიდეს და დადგეს დლივს სპითა დიდითა, რომელთა არა იყო რიცხჳ, და გაგზავნნა ლაშქარნი გურგენს ზედა. მიეგებნეს წინა გურგენს, და შეიბნეს გარდათხრილთა, თავსა შავშეთისასა; გააქციეს გურგენ, და შთაიხუეწა მეოტი, და შევიდა ციხესა წეფთისასა.

მას ჟამსა მოსრულ იყო ბაგრატ თრიალეთს; დადგა კარუშეთს. გაგზავნა მოციქული, განახნა ლაშქარნი და იხილა, რომელ ძალითა არა ეგებოდა წინა-აღდგომა დავით კურაპალატისა. მაშინ დაუტევნა სპანი თჳსნი ადგილსა ზედა, და თჳთ მარტო მივიდა წინაშე მისსა; ითხოვა შენდობა და აუწყა, ვითარმედ: „სხჳსა არა რომლისათჳს მოვედ, გარნა არა მორჩილებისათჳს რატისა“. ხოლო მან გაგზავნა და უბრძანა ესრეთ: „მითხრეს რომელ სიკუდილად ჩემდა გამოსრულ იყავ, გარნა აწ ვსცან დასტური, რომელ უბრალო ხარ. არამედ მითავისუფლებიხარ რატის ზედა: დაიმორჩილე ვითა-ცა სახედ გწადიან“.

მაშინ წარმოვიდა სიხარულითა სავსე, და წარვიდა მას ჟამსა აფხაზეთად-ვე, რათა ვერ უგრძნას რატი და უგრძნეულად მივიდეს ოდეს არა გონებდეს. ვითარ მოიწია ჟამი ზამთრისა, მოვიდა ძალითა თჳსითა ყოვლითა და მოადგა კლდე-კართა იხილა რა ესე რატი, გამოვიდა გარე და გამოიტანა შვილი მისი ლიპარიტ თანა, შევედრა ბაგრატ აფხაზთა მეფესა, და მისცა ციხე თჳსი ბაგრატს, და თჳთ დაჯდა მამულსა თჳსსა არგუეთს.

ხოლო ამას ჟამსა შინა გარდაცვალებულ იყო დავით დიდი კურაპალატი, ვითარცა ვთქუთ ზემორ[ე]. და ვითარ მოკუდა ესე დავით, არა დაშთა ძე.

და აოჴრდა იმიერ-ტაო და გამოვიდა ბასილი, ბერძენთა მეფე, და მისცნეს მას ციხენი აზნაურთა ამა დავითისთა, და დაიპყრა ბასილი მეფემან მამული დავით კურაპალატისა.

და მივიდეს მის წინაშე ბაგრატ, აფხაზთა მეფე, და მამა მისი გურგენ, და მოსცა მათ ბასილი მეფემან პატივად გურგენს მაგისტროსობა და ბაგრატს კურაპალატობა, რათა-მცა ვითა მტერ ყვნა ერთმან-ერთისა მიმართ მამა-ძენი ესე, და ამით ღონითა იძმაცუა. ხოლო გურგენ ჭეშმარიტი და წრფელი იყო, და ვერა აღძრა გული მისი ზაკჳთა ამით მიზეზითა და ვერა უძლო ღონის-ძიებითა.

და შემდგომად ამისა რა-ოდენთა-მე წელთა გარდაიცვალა ესე გურგენ მეფეთ-მეფე, მამა ამის ბაგრატ მეფისა და ძე ბაგრატ მეფე რეგუნისა, ქორონიკონსა ს~კჱ.

კუალად ვითარ წარჴდეს ამას შინა ჟამნი რა-ოდენნი-მე და ვითარ ვთქუ პირველ-ვე, მოიწყუნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თჳსნი შეცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთ-გულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა. და წარემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თჳსი უმეტეს ყოვლისა ჟამისა.

გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თჳსითა, გარდამოვიდა ქართლს, წარგზავნა მოციქული კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს. მას ჟამსა იყო ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესრეთ: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.

განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე. და კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თჳთ-ვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა. წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწჳა სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თჳთ წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ჴიდი მცხეთისა. და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხჳ; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა.

და მათ-ვე ჟამთა, რაჟამს წარმოვიდა ბაგრატ აფხაზთა მეფე, კუალად მიიქცეს კაცნი ჰერეთისანი და მიერთნეს დავითს; აღიღო დავით ჰერეთი. შემდგომად მცირედისა ჟამისა მიიცვალა. კუალად გამოვიდა ყოვლითა სპითა თჳსითა ბაგრატ, აღიღო მეორედ ჰერეთი. დაიჭირა დინარ დედოფალი თჳსად, იწყო ძებნად კახეთისა, და ძალითა მისითა მიუწდომელითა ორ წელ წარიხუნა ყოველნი ციხენი კახეთისანი. შეაწყუდია კჳრიკე ბოჭორმას, და დაუყენნა ციხესა გარეშემო მცველნი წელიწდამდი, წარიღო ბოჭორმა-ცა. და დაიპყრა სრულიად ჰერეთი და კახეთი, წარმოიყვანა კჳრიკე და დაიჭირა თჳსსა კარსა ზედა.

მას ჟამსა განდიდნა ფადლონ, ამირა განძისა, იწყო კირთებად ერის-თავთა ჰერეთისა და კახეთისათა, ჟამითი-ჟამად მეკობრობით და პარვით რბევად და ტყუენვად ადგილითი-ადგილად. ხოლო იხილა რა დიდმან მეფემან ბაგრატ კადნიერება მისი, დიდად შეძრწუნდა და აღივსო შურითა. განემზადა ყოვლითა სპითა მისითა, წარგზავნა მოციქული წინაშე გაგიკ შაჰანშა სომეხთა მეფისა; აწჳა, რათა იძიოს შური ფადლონისგან. ხოლო მან განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თჳსთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა. შეკრბეს ორნი-ვე ძორაკერტს; მიმართეს ფადლონს, დიდად განლაღებულსა, მოძულესა ქრისტიანეთასა, რომელი-იგი ყოვლითურთ ეძიებდა წარწყმედასა ყოველთა ჯუარის-მსახურთასა. და ვითარ იხილა ძალი მათი უძლეველი, შეუშინდა, წარვიდა და მიმართა სიმაგრეთა შესლვად.

ამან დიდმან და ყოვლითურთ ძლევა-შემოსილმან მეფემან ბაგრატ წარმოტყუენა ქუეყანა რანისა, მოადგა ქალაქსა შანქორსა, დაუდგნა ფილაკავანნი, და მცირედთა დღეთა დალეწნეს ზღუდენი შანქორისანი. ხვალისა დღე ეგულებოდა შემუსრვად და წარტყუენვად ქალაქისა მის. მას ღამესა მოუვლინა მოციქული ფადლონ, ითხოვა შენდობა; აღუთქუა დღეთა შინა სიცოცხლისა მისისათა მსახურება, გაუკუეთა ხარაჯა და დაუწერა თავის-თავითა ლაშქრობა მტერთა მისთა ზედა მაშინ უბრძანა და შემოკრიბნა ყოველნი დიდებულნი წინაშე მისსა; უბრძანა პირველად, რათა დაიჭირონ ქალაქი იგი ძალითა მათითა. იხილეს და განიცადეს, და მოაჴსენეს, რომელ ვერ-ვის ძალ-ედვა. და უფროს ამისთჳს, რომელ სხუათა ყოველთა სალაშქროთა საქმეთაგან უცალო იქმნებოდეს.

კუალად უბრძანა და განიზრახა დაზავება ფადლონისი. და მათ ყოველთა, სიბრძნითა მათითა, გამოარჩიეს და უმჯობესად აწჳეს ზავი. უბრძანა და გაგზავნა მოციქული, და მისგან აუწყა ზავი დასტური. მაშინ ფადლონ განიხარა სიხარულითა დიდითა, აღასრულა ყოველი იგი, სიტყჳთ აღთქმული, საქმით: უძღუნა ძღუენი დიდი და მიუწდომელი, აღავსნა ყოველნი დიდებულნი ნიჭითა მიუწდომელითა, და წარმოვიდა შინა გამარჯუებული.

ამის მეფობისა-ზე იყო წმიდა მამა ჩუენი ეფთჳმე ქართველი მთარგმნელი წიგნთა ჩუენ ქართველთანი, შ~კ.

ამან-ვე დიდმან მეფემან აღაშენა საყდარი ბედიისა, და შექმნა საყდრად საეპისკოპოსოდ, მოცვალა მუნ გუდაყჳსა საეპისკოპოსო, შეწირნა სოფელნი მრავალნი ყოველთა ჴევთა და ადგილთა, განასრულა ყოვლითა განგებითა, შეამკო ყოვლითა სამკაულითა ეკლესია, აკურთხა და დასუა ეპისკოპოსი. უკეთუ ვის-მე ენებოს განცდად და გულის-ხმის-ყოფად სიმაღლისათჳს დიდებისა მისისა, პირველად განიცადოს სამკაული ბედიისა ეკლესიისა, და მისგან გულის-ხმა ყოს, რომელ არა-ვინ ყოფილ არს სხუა მეფე მსგავსი მისი ქუეყანასა ქართლისასა და აფხაზეთისასა.

ამან-ვე აკურთხა ეკლესია ქუთათისა განგებითა დიდითა და მიუწდომელითა. რამეთუ შემოკრიბნა მახლობელნი ყოველნი ჴელმწიფენი და კათალიკოსნი, მღდელთ-მოძღუარნი და ყოველთა მონასტერთა წინა-მძღუარნი, და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქუემონი, მამულისა და სამეფოსა მისისა მყოფნი, და სხუათა ყოველთა საჴელმწიფოთანი.

ხოლო ამან ბაგრატ მეფემან კურაპალატმან დაიპყრა ყოველი კავკასია თჳთ-მპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენადმდე, და ადარბადაგანი და შირვანი მოხარკე ყო სომხითისა ჴელმწიფებითა. მეფე სპარსთა მეგობარ და ერთ-გულ ყო სიბრძნითა და ძლიერებითა თჳსითა, უფროს სახლეულთა თჳსთასა, და ბერძენთა მეფესა-ცა შიში აქუნდა ამისი ყოვლად-ვე.

ესე ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე წარემატა ყოველთა ჴელმწიფეთა ყოვლითა განგებითა. ამისდა შემპოვნედ და ამისდა მოაჯედ შეიქმნეს ყოველნი ჴელმწიფენი, მახლობელნი და მოთაულნი მამულისა და სამეფოსა მისისანი, მოლაშქრედ ვითარცა თჳსნი და მისანდობელნი. და დაუმორჩილნა ღმერთმან ყოველნი მტერნი და წინა-აღმდგომნი მისნი; მომადლა დღეთა მისთა მშჳდობა და დიდი დაწყნარება ქუეყანისა. და უკეთუ ვინ-მე ინებოს თჳთოეულად წარმოთქმად ყოველთა განგებულებათა მისთა, მოუძლურდეს ძალი მისი, რომელთაგან მცირედი წარმოვთქუ ჟამთა სიგრძისაგან არა-დავიწყებისათჳს.

და ვთქუა ესე-ცა, რომელ შემდგომად დიდისა მეფისა ვახტანგ გორგასლისა არა-ვინ გამოჩენილ არს სხუა მსგავსი მისი დიდებითა და ძალითა, და ყოვლითა გონებითა; ეკლესიათა მაშენებელი იყო, გლახაკთა მოწყალე და სამართლის-მოქმედი ყოველთა კაცთათჳს.

მოკუდა კათალიკოზი სჳმონ და დასუა ამან მეფემან დიდებულთა კაცთა შვილი მეყვისი და გაზრდილი თჳსი მელქისედეკ კათალიკოზ-პატრიაქად. ხოლო ესე წმიდაჲ მეფე წარვიდა ბერძენთა მეფისა ბასილის წინაშე კოსტანტინეპოლედ, რათა შეეწიოს. რამეთუ იყო დიდი ესე კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი, რომელი ვახტანგ გორგასალს აღეშენა, დაძველებულ იყო და ჟამთა შლილობით გარეშემო სტოანი და ბჭენი დაქცეულ იყო, და აღარა-ვინ იყო მწე აღშენებად და არ-ცა-რა-ვის ძალ-ედვა აღშენება მისი. და მივიდა და მიუთხრა ყოველი შეუძლებლობა ქართველთა და სათხოველი თჳსი.

მაშინ მეფემან ბასილი მოსცა მონასტერი ჴესტორია, რომელ[სა] რ~ე სოფელი აქუს, განძი და შესამკობელნი ეკლესიათანი, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი-ვე სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. წარმოვიდა და მოიწია ქუეყანასა-ვე თჳსსა ქართლად და სამეუფოდ ქალაქად მცხეთად, და იწყო შენებად გარეთითა ბჭითა და გარეშემოთა სტოითა მოქმნითა და ზედა-დაბურვითა, და ყოველი განასრულა. და მიმადლა ღმერთმან განახლება მცხეთის ქალაქისა-ცა, და შეამკო დიდი კათოლიკე სამოციქულო ეკლესია სვეტი-ცხოველი ყოვლითა სამკაულობითა, ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შესჭედა სვეტი-ცხოველი ოქროთა და ვეცხლითა; და შესჭედა წმიდა საკურთხეველი ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და მოჭედა კანკელი და კარნი საკურთხეველისანი ოქროთა და ვეცხლითა; და შექმნა წმიდა სამარტვილო ოქროთა და ვეცხლითა, თუალითა და მარგალიტითა; და შექმნა ძელ[ნ]ი ცხოვრებისანი ორნი თუალითა და მარგალიტითა და დაასვენნა ყოველთა წმიდათა ნაწილნი აურაცხელნი და ძელი ცხოვრებისა სხუაჲ; მოჭედილნი ხატნი თუალითა და მარგალიტითა, ოქროთა და ვეცხლითა შემკულნი, რიცხვით ორმოცდათხუთმეტი; წიგნნი მოჭედილ-მოუჭედელნი, რომელ თვითან აღაწერინა და დასდვა, ჯუმლად ოცდახუთი.

 

ჩანართი

ხოლო ესე-ცა წარმოვთქუათ ჩუენ, რამეთუ რა-ოდენნი ბაგრატოანნი მეფედ და კურაპალატად ზემორ[ე] აგჳწერია, რომელნი-მე მეფობდეს ქართლსა და რომელნი-ვე სამცხე-ტაოსა შინა, ვიდრე ამა ბაგრატის გამეფებამდე. და ოდეს მეფე იქმნა, რომელნი-მე გარდაცვალებულ იყვნეს და რომელნი-მე ამას ჟამსა გარდაიცვალნეს. და არღარა-ვინ იყო ამის ჟამში სხუა ბაგრატოანი, თჳნიერ სუმბატისა და ძმისა მისისა გურგენისა, რომელნი მეფობდეს კლარჯეთს, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, რომელთა სიკუდილი ზემო-რე აღვწერეთ:

სუმბატის სიკუდილი, ს~ლა ქორონიკონ-ზე;

ძმისა მისისა გურგენისა სიკუდილი, ს~ლბ ქორონიკონ-ზე.

ხოლო ესრეთ იყო გარდაცვალება მათი: რამეთუ მაშინ ოდეს-მე ამან ბაგრატ მეფემან კურაპალატმან მოიყვანნა ესე ორნი ძმანი, კლარჯთა ჴელმწიფენი, სუმბატ და გურგენ, ძენი ბაგრატ არტანუჯელისანი, დარბაზობად მის წინაშე, ციხესა შინა ფანასკერტისასა, და მუნ შინა შეიპყრნა იგინი და აღიხუნა ციხენი და ქალაქნი მათნი, რამეთუ იგინი პატიმარ ყვნა ციხესა შინა თმოგჳსასა, და მუნ ციხესა შინა გარდაიცვალნეს სუმბატ და გურგენ.

ხოლო შვილნი ამათნი წარვიდეს კოსტანტინეპოლედ, ძე გურგენისი დემეტრე და ძე სუმბატისი ბაგრატ, ბასილი მეფისა წინაშე, და მათნი-ვე შვილნი კლარჯთა მეფეთანი რომელ დაშთეს ამა ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა.

 

ჩანართი

ამისსა შემდგომად ბაგრატ მეფემან მოვლო ყოველი სამეფო თჳსი, აფხაზეთი, ჰერეთი და კახეთი, მოვიდა და დაიზამთრა ჴევთა ტაოსათა, და მო-რა-იწია ზაფხული, მოვიდა მას-ვე ციხესა ფანასკერტისასა, წელსა მესამესა. და მუნ შინა გარდაიცვალა ესე ბაგრატ მეფე.

მეფობდა ოცდათექუსმეტ წელ და გარდაიცვალა შემკობილი მჴცითა შუენიერითა, ქრონიკონსა ორას ოცდათოთხმეტსა, თუესა მაისსა შჳდსა, დღესა პარასკევსა. და იყო დღეთა მიცვალებისა მისისათა ტაოს და წარმოიღო გუამი მისი ზჳადმან ერის-თავთ-ერის-თავმან, და დამარხა ბედიას.

შემდგომად მისსა მეფე იქმნა ძე მისი გიორგი და იყო იგი-ცა სავსე ყოვლითა სიკეთითა.

 

მეორმოცდათორმეტე მეფე, გიორგი. ძე ბაგრატ აფხაზთა და ქართველთა მეფისა. ბაგრატოანი

ხოლო ესე გიორგი ეუფლა ყოველსა მამულსა და სამეფოსა თჳსსა ჟამსა ოდენ სიყრმისა და სიჭაბუკისა მისისასა, რამეთუ იყო, რაჟამს მეფე იქმნა, წლისა თორმეტისა.

მას ჟამსა გან[უ]დგა ამას ქუეყანა ჰერეთ-კახეთისა, და ღადრობითა აზნაურთათა შეპყრობილ იქმნეს ერის-თავნი, მათ ქუეყანით კუალად-ვე ეუფლნეს მათნი უფალნი, რომელთა პირველ აქუნდა იგი.

ხოლო მეშჳდესა წელსა მეფობისა მისისასა გამოვიდა ბასილი, მეფე ბერძენთა, მას ზედა ყოვლითა სპითა საბერძნეთისათა და უცხო-თესლითა ურიცხჳთა. ხოლო გიორგი მეფე განვიდა სპითა დიდითა წინა-აღდგომად მისსა. და დაიბანაკეს ორთა-ვე ქუეყანასა ბასიანისასა მრავალ-დღე, და არი მიმართეს ბრძოლად ურთიერთას. მორიდა გიორგი მეფემან, მოვიდა და დაწუა ქალაქი ოლთისი. და მუნით მოვიდა კოლას, და გამოუდგა კუალსა, და მოუდგა უკანა ბასილი, მეფე ბერძენთა. და შეკრბეს უკანა-მავალნი გიორგისნი და წინა-მავალნი ბასილისნი, და იქმნა ბრძოლა დიდი სოფელსა, რომელსა რქჳან შირიმნი. და მოისრნეს ორ-კერძო-ვე მრავლად, მოკლნეს ერის-თავნი და დიდებულნი: რატი, ძე ლიპარიტისი, და ხურსი. და გჳანად ეწია ჴმა გიორგი მეფესა, ვითარმედ ომი არს უკანა-მავალთა ზედა. მაშინ უბრძანა სპათა თჳსთა და აღიჭურნეს მსწრაფლ. განვიდა თჳთ გიორგი მეფე, რამეთუ ახოვან იყო და უშიში ყოვლითურთ ვითარცა უჴორცო, და მის თანა სიმრავლე სპისა მისისა. და მოვიდა მუნით ბასილი მეფე ყოვლითა სპითა მისითა. შეკრბეს იმიერ და ამიერ, იქმნა ბრძოლა დიდი, და მოისრნეს ბერძენნი ფრიად, და წარმოიღეს ავარი. ეზომ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, რომელ სივლტოლად განემზადა ბასილი მეფე.

ხოლო ვითარ სულ-მოკლე იქმნეს ქართველნი, მორიდეს და წარმოვიდეს. წარმოუდგეს უკანა ბერძენნი და დაჴოცნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა მოუწია ლაშქარმან არტანს, ტყუე ყვეს და მოაოჴრეს არტანი. და რაჟამს წარვიდა გიორგი მეფე თრიალეთს, წარმოუდგა უკანა, ასწმჳდა ქუეყანა ჯავახეთისა და გარდავიდა თრიალეთს. კუალად-ცა დაეახლნეს ურთიერთას, რამეთუ განძლიერდა გიორგი მეფე და მოირთო ძალი კახეთისა და ჰერეთისა, გარნა დაუშალეს შებმა მეორედ.

შეიქცა ბასილი მეფე თრიალეთით, უკუ-მოიარა ჯავახეთი და არტანი. და კუალად უბოროტესადრე შურის-გებით მოაოჴრნა ქუეყანანი იგი; წარვიდა და დაიზამთრა ქუეყანასა ხალდისასა, მახლობელად ქალაქსა ტრაპიზონთასა. და ვიდოდეს მათ შორის მოციქულნი ზავისა და სიყუარულისათჳს.

მას ჟამსა იქმნა დიდი განდგომილება საბერძნეთს. შეიერთნეს სპასპეტი და წარვეზი, ძე ფოკას განდგომილისა და წარიდგინეს ქუეყანა აღმოსავლეთისა. და დიდად შეძრწუნდა ამისთჳს ბასილი. გარნა პატივ-სცა ღმერთმან მას-ვე, და მოკლა წარვეზი ქსიფე; და გადგეს რომელნი მირთულ იყვნეს. ხოლო ქსიფეს მიეგო ცრუობა წარვეზისა: რამეთუ შეიტყუეს ციხესა დალასანოსთა სისხლისათჳს ფოკას ძისა, შეიპყრეს და მოჰგუარეს ბასილი მეფესა, და მან ექსორია ყო კუნძულსა რომელსა-მე. და მისთანათა მრავალთა მოჰკუეთა თავი მახჳლითა, რომელთა თანა იყო ფერის, ძე ჯოჯიკისი, ნათესავით ტაოელი, და სხუანი იყვნეს ბერძენნი.

კუალად შემოიქცა ბასილი, მოვიდა ბასიანს, ითხოვდა ქუეყანათა და ციხეთა, და აღუთქმიდა ზავსა და მშჳდობასა. ცნა რა გიორგი მეფემან, წარავლინა ზჳადი ერის-თავი სპითა მისითა და უბრძანა, რათა[მცა] ზავის მიპყრობითა მცირედ-ხან დაიმჭირვა ადგილსა, და თჳთ წარუდგა უკანა სპითა ძლიერითა. და განიზრახვიდა ესრეთ: „უკეთუ ინებოს ზავი ბასილი მეფემან, იქმნეს ესრეთ; და უკეთუ ინებოს ომი, განვემზადნეთ მისთჳს-ცა“. ხოლო რომელთა არა უნდა ყოფად მშჳდობისა, იწყეს განმზადებად ბრძოლად და მივიდეს ბასილი მეფესა ზედა დაბანაკებულსა, რომელსა უწოდიან სჳნდაქსად.

იწყეს ბრძოლად და აოტეს ზოგი ლაშქრისა მისისა განუწერა ბასილი მეფე, უბრძანა მოყვანებად ძელისა ცხოვრებისა, და მანდილი წმიდა დადვა ქუეყანასა ზედა, და თქუა: „უკეთუ მიმცე ჴელთა მტრისათა, არღარა ვიყო თაყუანის-მცემელ თქუენდამი უკუნისამდე“. და ვითარ გაგრძელდა მათ შორის ბრძოლა, კუალად-ცა მეოტ იქმნნეს სპანი ქართველთანი და წარმოვიდეს მეოტად, მოისრნეს ურიცხუნი პირითა მახჳლისათა; და რომელნი-მე ტყუე იქმნნეს. და წარიღეს ავარი დიდ-ძალი და განძი სამეფო, რომელი ჰქონდა თანა.

და წარმოუდგა უკანა ბასილი მეფე. ხოლო კუალად-ცა იწყეს ზავად, ვითარცა პირველ; რამეთუ შიში დიდი აქუნდა საბერძნეთით განდგომისა. და ყვეს მშჳდობა და დაიზავნეს, და მისცა გიორგი მეფემან მძევლად ძე თჳსი ბაგრატ წელიწდისა სამისა და ციხენი რომელ პირველ გაეცნეს აზნაურთა დაუცალნა და მისცნა; სხუანი-ცა ციხენი პირველ მიცემულნი და უკანის თოთხმეტნი; და ქუეყანა, რომელი ჰქონდა დავით კურაპალატსა ტაოსთა, ბასიანს, კოლა-არტანთა და ჯავახეთს. ხოლო რომელნი-მე ამა ქუეყანათაგან ეკლესიანი, სოფელნი და ადგილნი დაულოცნა გიორგი მეფესა. და წარვიდა ბასილი მეფე და თანა წარიყვანა ბაგრატ უფლის-წული მძევლად ძე გიორგი მეფისა ჩუენისა. აღუთქუა ფიცითა აღთქმა, ვითარმედ: „წელსა მესამესა გამოგიგზავნო; ძე შენი“. და იყო. სამ წელ ქალაქსა სამეფოსა კოსტანტინეპოლეს და წელსა მესამესა გამოგზავნა, ვითარცა აღუთქუა.

რაჟამს მოიწია მამულსა და სამეფოსა თჳსსა, მოჰყვა თანა კატაბანი აღმოსავლეთისა ვიდრე საზღვართამდე მამულისა მისისა. და ვითარ შეიქცა გარე, მოეწია სწრაფით მანდატური და მოართუა კატაბანსა წიგნი კოსტანტინე მეფისა, რომელსა წერილ იყო ესრე სახედ, ვითარმედ: „განგებითა ღმრთისათა მიიცვალა სანატრელი ძმა ჩემი, ბასილი მეფე, და ნაცვლად მისსა ვიქმენ მე მეფედ ყოველსა საბერძნეთსა. აწ უკუე, სადა-ცა მიწევნულ იყოს განსაგებელსა ჩემსა ბაგრატ, ძე გიორგი აფხაზთა ჴელმწიფისა, შეაქციეთ სწრაფითა დიდითა, რომელ მოიწიოს წინაშე ჩუენსა“.

ხოლო მან, ვითარცა წარიკითხა ბრძანება მეფისა, ენება, რათა-მცა შეაქცია გარე ბრძანებისა-ებრ მისისა შეიქცა სწრაფით, დევნა უყო უკანა. რაჟამს მიეახლა, იხილა, რომელ სიმრავლე დიდ-ძალი მიგებებულ იყო წინა: დიდებულნი, ერის-თავნი და აზნაურნი ტაოელნი, მესხნი და ქართველნი, რომელთა არა იყო რიცხჳ სიმრავლისა მათისა. შეიქცა გარე და უთხრა მანდატურსა, რომელი მიწეულ იყო: „უკეთუ ძალ გიც შენ, აქციე, ჩემგან კულა ესე აღარა ეგების“.

ჵ, დიდი საკჳრველება და მოწყალება ღმრთისა! ვითარ მყის განერა მართალი ჴელთაგან მათთა, რომელთა ენება ზაკჳთ შექცევა მისი. და თუ ვის-მე გენებოს განცდად ესე-ვითართა, შეწევნითა ღმრთისა-მიერითა იხილეთ და განიცადენით ურიცხუნი ჴელის აპყრობანი ღმრთისა-მიერნი ამას დიდსა ბაგრატს აფხაზთა მეფესა ზედა, რომელნი არა-ვის ზედა. მოწევნულ იყვნეს სხჳსა მეფისა, რომლისათჳს ჟამსა და ჟამსა გაუწყოს წინამდებარემან სიტყუამან.

ვითარ უკუე მოიწია წინაშე მამისა თჳსისა გიორგი მეფისა, სახლად მათდა ქუთათისს, იხილეს მშობელთა მისთა შვილი მათი მსგავსი განუცდელისა და მიუთხრობელისა სიკეთისა მათისა, ყოვლითურთ შუენიერი, რომლისა სიკეთისა მისისათჳს შეუძლებელ არს კაცთაგან მითხრობა. იხილეს რა, განიხარეს სიხარულითა მიუთხრობელითა და შეწირეს მადლობა ღმრთისა მიმართ. იყო ქრონიკონი მას ჟამსა ორას ორმოცდახუთი.

ამისა შემდგომად წარვიდა პატრიაქი მელქისედეკ კოსტანტინე მეფისა წინაშე კოსტანტინეპოლედ. შეიწყნარა მეფემან ბერძენთამან კოსტანტინე<მ> და მოსცა მესამკობელნი ეკლესიათა, ხატნი და ჯუარნი, და ყოველი სამღდელთმთავრო და სამღდელო სამკაული. მოვიდა ქუეყანასა და სამწყსოსა თჳსსა და იყიდა სოფლები ტაოს: ზადკარეკი ხუთითა აგარა[ჲ]თა, და ძაღლის-ჴევს იყიდა სოფელი ოროთა სამითა აგარა[ჲ]თა. ესე ორნი-ვე სოფელნი მათითა აგარა[ჲ]თა თჳსთა ძმათა განძითა იყიდა. და კლარჯეთს მოიგო სოფელი ერთი სხლოანი. და შავშეთს მოიგო სოფელი დიდი სხლობანი, აგარა მისი ნაღუარევი. და ჯავახეთს მოიგო სოფელი ტონთიო. და კოლას მოიგო და დააშენა სოფელი დიდი ოროტანი აგარა[ჲ]თა. და ფანავარს ააშენა სოფელი ერთი მახაროვანი. და საკოეთს შეიპყრნა და ააშენნა სოფელნი ორნი <და>: ნაქალაქევი და ბერდაძონი, და დაუდვა წმიდასა ამას დედა-ქალაქსა მცხეთას, სუეტსა ცხოველსა.

შემდგომად ორისა წლისა გარდაიცვალა გიორგი მეფე, სავსე ყოვლითა სიკეთითა, ჟამსა ოდენ სიყრმისასა, რომელ არა-ვინ გამოჩენილ იყო მსგავსი მისი მამათა შორის მისთა ახოვნებითა, ჭაბუკობითა და სიქუელითა, ტანითა და სახითა, ცნობითა, და სავსე ყოვლითა განგებითა საჴელმწიფოთა, ქრონიკონსა ორას ორმოცდაშჳდსა, თუესა აგჳსტოსა თექუსმეტსა, ქუეყანასა თრიალეთისასა, ადგილსა, რომელსა ეწოდების მყინვარნი გინა იწრონი. და დაუტევა გლოვა და მწუხარება ყოველთა მკჳდრთა მამულისა და სამეფოსა მისისათა. იგლოვდეს ყოველნი სიკეთისა, და სიჭაბუკისა, და ახოვნებისა მისისათჳს. წარიყვანეს და დამარხეს საყდარსა ქუთათისსა.

ესხნეს შვილნი ოთხნი: ძენი ბაგრატ და დემეტრე, და ასულნი გუარანდუხტ და კატა; მეხუთე შვილი მათი მართა მიცვალებულ იყო შემდგომად მიცვალებისა დიდისა მეფისა გიორგისსა, მას-ვე ჟამსა მეფე იქმნა ბაგრატ ყოველსა მამულსა და სამეფოსა მისსა ზედა, ზემოსა და ქუემოსა, წელიწდისა ცხრისასა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>