ესე ალექსანდრე გამოჩნდა ქუეყანასა საბერძნეთისასა, ქუეყანასა, რომელსა ჰქჳან მაკედონი, ძე ნიკტანებისი, მეგჳპტელისა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი წიგნსა ბერძენთასა.
ამან ალექსანდრე დაიპყრნა ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. ესე გამოვიდა დასავლით, და შევიდა სამჴრით, შემოვიდა ჩრდილოთ, გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად. და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლ-ქმრობისა და სიძვისათჳს არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, მკუდარსა შესჭამდეს, ვითარცა მჴეცნი და პირუტყუნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უჴმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკჳრდა ესე ალექსანდრეს, რამეთუ არა რომელნი ნათესავნი იქმოდეს მას და ენება რათა-მცა აღმოფხურნა იგინი ქალაქებისა მისგან, არამედ მას ჟამსა ვერ უძლო, რამეთუ პოვნა ციხენი მაგარნი და ქალაქნი ძლიერნი. კუალად გამოვიდეს სხუანი ნათესავნი ქალდეველნი, და დაეშენნეს იგინი-ცა ქართლს.
შემდგომად ამისსა განძლიერდა ალექსანდრე და დაიპყრა ყოველი ქუეყანა, და აღმოვიდა ქუეყანასა ქართლისასა. და პოვნა ციხე-ქალაქნი ესე ძლიერნი შუა-ქართლ: წუნდა, ხერტჳსი მტკურისა, ოძრჴე მოკიდებული კლდესა ღადოსსა, თუხარისი მდინარესა ზედა სპერისასა, რომელსა ჰქჳან ჭოროხი, ურბნისი, კასპი და უფლისციხე, ქალაქი დიდი მცხეთა და უბანნი მისნი, სარკინე, ციხე-დიდი და ზანავი, უბანი ურიათა, და რუსთავი, და დედა-ციხე სამშჳლდე, და მტუერის-ციხე, რომელ არს ხუნანი, და კახეთისა ქალაქნი. ამათ ყოველთა ციხე-ქალაქთა შინა პოვნა კაცნი სასტიკად მბრძოლნი. და განუყო ლაშქარი თჳსი და ყოველთა ამათ ციხე-ქალაქთა გარემოადგინნა, და თჳთ დადგა მცხეთას. და დაუდგინნა ლაშქარნი იმიერ და ამიერ, ზემოთ და ქუემოთ, და თჳთ დადგა ქსანს ზედა, ადგილსა, რომელსა ჰქჳან ნასტაკისი.
ხოლო მტუერის-ციხესა და თუხარისსა არა ჰბრძოდა, რამეთუ ვერ შეუძლებდა დაპყრობად. ხოლო სხუანი ესე ციხენი და ქალაქნი დაიპყრნა ექუს თუე. ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა. განუწყრა ალექსანდრე და არღარა ინება ზავი, და ვედრება მათი არა შეიწყნარა, და რქუა მათ: „ვინათგან მაგინეთ მე, ესე არს ნაცვალი თქუენი, რათა დაგჴოცნე ყოველნი“. და მოიცვა ქალაქი სარკინე, და ვერა სადეთ განერა ერთი-ცა კაცი. ხოლო სარკინელთა შესჭირდა, რამეთუ ჰბრძოდა თერთმეტ თუე. იწყეს ფარულად კლდესა კაფა, და განჴურიტეს კლდე იგი, რომელი ლბილ იყო და ადვილად საჴურეტელი. და განკრბეს ჴურელსა მას სარკინელნი ღამე, და შეივლტოდეს კავკასიად, და დაუტევეს ცალიერად ქალაქი.
დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი, და მოსრნა ყოველნი იგი ნათესავნი აღრეულნი ქართლს მყოფნი, და უცხონი იგი ნათესავნი მოსრნა და დაატყუევნა, და დედანი და ყრმანი უცებნი, თხუთმეტისა წლისა უმცროსნი; და დაუტევნა ნათესავნი ქართლოსიანნი, და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერის-თავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა.
და უბრძანა ალექსანდრე აზონს, რათა პატივ-სცემდენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა, და ჰმსახურებდენ ღმერთსა უხილავსა, დამბადებელსა ყოვლისასა. რამეთუ მას ჟამსა არა იყო წინასწარმეტყუელი და მოძღუარი სჯულისა ჭეშმარიტისა, რომელმან-ცა ასწავა და ამხილა, არამედ თჳთ მოიგონა სჯული ესე ალექსანდრე, მეფობასა შინა მისსა ყოველსა ქუეყანასა სჯული ესე დაუდვა. და წარვიდა ალექსანდრე.
ხოლო ამან აზონ მოარღჳვნა ზღუდენი ქალაქსა მცხეთას საფუძვლითურთ, და დაუტევნა ოთხნი იგი ციხენი, რომელნი მოსდგმიდეს პირსა ქართლისასა: თავადი ციხე, რომელ არს არმაზი; და ერთი ციხე დასასრულსა არმაზისა ცხჳრისასა; და ერთი თავსა ზედა მცხეთისასა; მეოთხე ციხე, დასავლით, მცხეთა მტკუარსა ზედა. და ესენი მომტკიცნა, და განავსნა იგინი ლაშქრითა. და ყოველთა ქართლისა ქალაქთა მოარღჳვნა ზღუდენი, და დაიპყრნა ყოველნი საზღვარნი ქართლისანი, ჰერეთითგან და ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ზღუადმდე სპერისა. და დაიპყრა ქართლსა ზედა ეგრისი-ცა, და მოხარკე ყვნა ოსნი, ლეკნი და ხაზარნი.
და ვითარ წარვიდა ალექსანდრე ეგჳპტედ, აღაშენა ქალაქი ალექსანდრია, და თორმეტ წლამდის მოვლო ყოველი ქუეყანა, თორმეტსა წელსა შინა დაეპყრნეს ყოველნი კიდენი ქუეყანისანი. და მეთოთხმეტესა წელსა ალექსანდრიას შინა მოკუდაო იგი, უსწორო დიდი ჴელმწიფე და ვითარ მოკუდებოდა იგი, სიცოცხლესა-ვე შინა მისსა განუტევნა ყოველნი მთავარნი, რომელნი შეპყრობილ და დამონებულ იყვნენ მისგან. და იგინი წარვიდეს თჳს-თჳსად ქუეყნად, ვითარცა ბრძანებულ იყო.
მერმე მოიყვანნა ოთხნი კაცნი, ტომნი მისნი, რომელნი იყვნეს სახელით: ანტიოქოზ, ჰრომოს, ბიზინტიოს და პლატონ.
და მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას. და მან აღაშენა სახელითა მისითა ქალაქი ანტიოქია.
ხოლო ჰრომოს მისცა თრიმიკოსი, და უჩინა კერძო დასავლეთისა. და მან აღაშენა ქალაქი ჰრომი.
და ბიზინტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა. და მოუწერა წიგნი ანდერძი აზონ პატრიკსა, ერის-თავსა ქართლისასა, რათა მსახურებდეს იგი ბიზინტიოსს. და მან აღაშენა ქალაქი ბიზინტია, რომელსა აწ ჰქჳან კოსტანტინეპოლი.
ხოლო პლატონ დაუტევა ალექსანდრიას.
და მოკუდა ალექსანდრე.
ხოლო ამან აზონ დაუტევა სჯული ალექსანდრეს მოცემული, იწყო კერპთ-მსახურებად, და შექმნნა ორნი კერპნი ვეცხლისანი: გაცი და გაიმ. და მონებდა იგი ბიზინტიოსს, მეფესა საბერძნეთისასა. იყო კაცი ძნელი და მესისხლე, და ესე დააწესა და ამცნო სპათა მისთა, ვითარმედ: „ყოველმან ქართველთაგანმან რომელმან პოვოს საჭურველი, მოკალთ იგი“. და ჰყოფდეს ჰრომნი იგი ესრეთ ქართველთა ზედა, და ვინ-ცა-ვინ გამოჩნდის ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლიან იგი. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა. და ესე აზონ მათ ჰრომთა-ცა ზედა იყო მესისხლე, და მოესრნეს მრავალნი მათგანნი.
მას ჟამსა იყო ჭაბუკი ერთი მცხეთას ქალაქსა შინა, რომელსა ერქუა სახელი ფარნავაზ. ესე ფარნავაზ იყო მამულად ქართლელი, ნათესავი უფლოსი, მცხეთოსის ძისა, და დედულად სპარსი ასპანელი. და იყო იგი ძმის-წული სამარისი, რომელი მოსლვასა მას ალექსანდრესსა მცხეთელ მამასახლისი ყოფილ-იყო.
ესე სამარ და ძმა მისი, მამა ფარნავაზისი, მოკლულ იყო ალექსანდრესგან. ხოლო დედასა ფარნავაზისსა წარეყვანა ფარნავაზ, სამისა წლისა ყრმა, და შელტოლვილ იყო კავკასიად. და მუნ აღზრდილ იყო და მოსრულ იყო მცხეთას, მამულსა თჳსსა.
ხოლო ესე ფარნავაზ იყო კაცი გონიერი, მჴედარი შემმართებელი და მონადირე ჴელოვანი. და იმალვიდა იგი სიკეთესა თჳსსა აზონის შიშისაგან. ხოლო მონადირეობითა მისითა იქმნა მეცნიერ აზონისა, და შეიყუარა იგი აზონმან მონადირეობისათჳს. ევედრებოდა ფარნავაზს დედა მისი: „შვილო ჩემო, ეკრძალე აზონს და ნურა-რას იჩინებ თავისა შენისა სიკეთესა, ნუ უკუე მოგკლან შენ“.
და იყო შიში და ძრწოლა მას ზედა. და ვითარ განმრავლდა შიში აზონისი მათ ზედა, რქუა ფარნავაზს დედამან მისმან: „შვილო ჩემო, დაუტევე საყოფელი მამათა შენთა და წარმიყვანე მამულსა ჩემსა ასპანს, ძმათა ჩემთა თანა, და განერე შენ ცოცხალი ჴელისაგან აზონისა.
და დაამტკიცეს განზრახვა ესე, წარსლვა ასპანისა. ჭირ უჩნდა ფარნავაზს დატევება საყოფელსა მამათა მისთასა, არამედ შიშისაგან დიდისა დაამტკიცა წარსლვა. მაშინ იხილა ფარნავაზ სიზმარი, რე-ცა იყო იგი სახლსა შინა უკაცურსა, და ეგულვებოდა განსლვა და ვერ განვიდა.
მაშინ შემოვიდა სარკუმელსა მისსა შუქი მზისა და მოერტყა წელთა მისთა, და განიზიდა და განიყვანა სარკუმელსა მას. და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქუე-მდაბლად, მიჰყო ჴელი მისი, მოჰჴოცა ცუარი პირსა მ[ზ]ისასა და იცხო პირსა მისსა. განიღვიძა ფარნავაზ და განუკჳრდა, და თქუა: „სიზმარი იგი, ესე არს, მე წარვალ ასპანს, და მუნ კეთილსა მივეცემი“.
ხოლო მას დღესა შინა განვიდა ფარნავაზ და ნადირობდა მარტო, და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა. და ივლტოდეს ირემნი ღირღალთა შინა ტფილისისათა. მისდევდა ფარნავაზ, სტყორცა ისარი და ჰკრა ირემსა. და მცირედ წარვლო ირემმან და დაეცა ძირსა კლდისასა. მივიდა ფარნავაზ ირემსა ზედა; და დღე იგი, მწუხრი, გარდაჴდა, და დაჯდა ირემსა მის თანა, რათა-მცა დაყო მუნ ღამე და დილეულ-მცა წარვიდა.
ხოლო კლდისა მის ძირსა ქუაბი იყო, რომლისა კარი აღმოქმნულ იყო ქჳთა ძუელად, და სიძუელითა შეჰქმნოდა დარღუევა შენებულსა მას. მაშინ დაასხა წჳმა მძაფრი. ხოლო ფარნავაზ აღმოიღო ჩუგლუგი და გამთარღჳა კარი ქუაბისა მის, რათა-მცა მუნ შიგა დაიმშრალა წჳმისა მისგან, და შევიდა ქუაბსა მას. და იხილა მუნ-შინა განძი მიუწდომელი, ოქრო და ვეცხლი და სამსახურებელი ოქროსა და ვეცხლისა მიუწდომელი.
მაშინ ფარნავაზ განკჳრდა და აღივსო სიხარულითა. და მოეგონა სიზმარი იგი, და დაჰკრძალა კარი ქუაბისა ეგრეთ-ვე. და მსწრაფლ წარმოვიდა და უთხრა დედასა თჳსსა და ორთა დათა მისთა. და მას-ვე ღამესა წარმოვიდეს სამნი-ვე იგი საჴედრებითა და ჭურჭლებითა, და იწყეს გამოკრებად განძისა მის და დაფლვად სიმარჯუესა თჳსსა. ხოლო ვითარ განთენდებოდის, კუალად ეგრეთ-ვე აღმოქმნიან კარი ქუაბისა მის. და ესრეთ გამოკრიბეს განძი იგი ხუთ ღამე და დაიგულეს სიმარჯუესა მათსა.
მაშინ ფარნავაზ წარგზავნა მონა თჳსი ქუჯის თანა და რქუა: „მე ვარ ნათესავი უფლოს მცხეთოსის ძისა, და ძმის-წული სამარა მამა-სახლისისა, და არს ჩემთანა ხუასტაგი დიდ-ძალი. აწ ინებო, რათა მით ხუასტაგითა მოვიდე შენთანა, და ვიყვნეთ ჩუენ ძმა და ვიჴმაროთ ჩუენ ხუასტაგი იგი ორთა-ვე. გამოუჩნდეთ ჩუენ მტერად აზონ ერის-თავსა, და სუემან ჩუენმან გუცეს ჩუენ ძლევა კეთილი“.
მაშინ განიხარა ქუჯი სიხარულითა დიდითა და რქუა: „აღდეგ და მოვედ ჩემ თანა, და ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, და ხუასტაგითა შენითა განგიმრავლნე სპანი შენნი ვიდრე გამოვჩნდეთ მტერად აზონისა. მაშინ განიხარონ ყოველთა ქართველთა აწყუედილთა მისგან და მიწყუდეულთა. და ვგონებ, რომელ ჰრომთა მათგანნი-ცა გამოგუერთნენ. რამეთუ ურიცხუნი აწყუედილ არიან მათგანნი-ცა აზონისგან“.
მაშინ ფარნავაზ ფარულად წარვიდა სიხარულითა, და რომელი შესაძლებელ იყო განძისა მისგან წარიტანა თანა, და დედა-ცა და დანი მისნი მისთანა. და მივიდა ქუჯის თანა და რქუა მას ქუჯი: „შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი“.
მაშინ შეიერთნეს და ეზრახნეს ოვსთა და ლეკთა. ხოლო მათ განიხარეს, რამეთუ არა სთნდა ხარკისა მიცემა აზონისა და გამოჰყვეს ოვსნი და ლეკნი და განიმრავლნეს სპანი. ეგრისით შეკრბეს ურიცხუნი სპანი და მომართეს აზონს. ხოლო აზონმან მოუწოდა სპათა თჳსთა და შემოკრიბნა.
მაშინ ათასი მჴედარი რჩეული ჰრომთა მათგანი, რომელთა ბოროტი წაჰკიდებოდა აზონისაგან, განუდგეს აზონს და მოვიდეს წინაშე ფარნავაზისა. მაშინ ყოველნი ქართველნი განუდგეს აზონს. ხოლო სპანი რომელ დარჩეს აზონს, ვერ-ღა-რა მიენდო მათ, რამეთუ ყოველთა ზედა ბოროტის მოქმედ იყო. წარვიდა აზონ და მივიდა კლარჯეთს, და გამაგრდა იგი სიმაგრეთა შინა კლარჯეთისათა.
ხოლო მოვიდა ფარნავაზ მცხეთას და დაიპყრნა ოთხნი იგი ციხენი მცხეთისანი. და მას-ვე წელიწადსა შინა დაიპყრა ყოველი ქართლი თჳნიერ კლარჯეთისა.
ამან ფარნავაზ წარავლინნა მოციქულნი წინაშე მეფისა ანტიოქოს ასურასტანისა, და წარსცა ძღუენი დიდ-ძალი. და აღუთქუა მას მსახურება, და ითხოვა მისგან შეწევნა ბერძენთა ზედა. ხოლო ანტიოქოს შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თჳსად, და წარმოსცა გჳრგჳნი. და უბრძანა ერის-თავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს.
ხოლო წელსა მეორესა აზონ მოირთნა სპანი საბერძნეთით, განძლიერდა ფრიად და მომართა ფარნავაზს. ხოლო ფარნავაზს განემრავლნეს მჴედარნი ქართლისანი. მოუწოდა მათ და უჴმო ქუჯის და ოვსთა. და შეკრბეს ესე ყოველნი, და მოერთნეს ერის-თავნი ანტიოქოზისნი სომხითით. და ესე ყოველნი შეკრიბნა ფარნავაზ და მიეგება ნაქალაქევსა თანა არტანისასა, რომელსა ერქუა მაშინ ქაჯთა ქალაქი, რომელ არს ჰური. და ეწყვნეს მუნ, და იქმნა ბრძოლა დიდ-ძალი. და მოსწდეს ორგნით-ვე ურიცხჳ. ხოლო იძლივნეს ბერძენნი ფარნავაზისგან. ივლტოდა ბანაკი მათი და მოკლეს აზონ, და ურიცხუნი სპანი მათნი მოსრნეს და ტყუე ქმნნეს.
და წარვიდა ფარნავაზ და მოტყუენა საზღვარი საბერძნეთისა ანძიანძორა, და ეკლეცით შემოიქცა. მოვიდა კლარჯეთს და დაიპყრა კლარჯეთი, და წარმოვიდა მცხეთად სიხარულითა დიდითა. ხოლო სიმდიდრესა ზედა მისსა დაერთო ხუასტაგი აზონის-ცა, და იქმნა სიმდიდრე გარდარეული.
ხოლო ეგრის წყალს ქუემოთ დარჩა ბერძენთა, რამეთუ მკჳდრთა მის ადგილისათა არა ინებეს განდგომა ბერძენთა. მაშინ ფარნავაზ მისცა დაჲ თჳსი ოვსთა მეფესა ცოლად, და მეორე დაჲ თჳსი მისცა ქუჯის ცოლად. და მისცა ქუჯის ქუეყანა ეგრის წყალსა და რიონს შუა, ზღჳთგან მთამდე, რომელსა შინა არს ეგრისი და სუანეთი, და დაამტკიცა იგი ერის-თავად მუნ. და მან ქუჯი აღაშენა ციხე-გოჯი.
მაშინ ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თჳსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მჴედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერის-თავნი რვანი და სპასპეტი.
ერთი გაგზავნა მარგჳს ერის-თავად, და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუ[რ]ადმდე [ეგრისისა], რიონს ზემოთ. და ამან-ვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი, შორაპანი და დიმნა.
და გაგზავნა მეორე კახეთისა ერის-თავად, და მისცა არაგჳთგან ვიდრე ჰერეთამდე, რომელ არს კახეთი და კუხეთი.
მესამე გაგზავნა ხუნანისა ერის-თავად, და მისცა ბერდუჯის მდინარითგან ვიდრე ტფილისამდე და გაჩიანთამდის, რომელ არს გარდაბანი.
მეოთხე გაგზავნა სამშჳლდის ერის-თავად, და მისცა სკჳრეთისა მდინარითგან ვიდრე მთამდე, რომელ არს ტაშირი და აბოცი.
მეხუთე გაგზავნა წუნდის ერის-თავად, და მისცა ფანვარითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, რომელ არს ჯავახეთი და კოლა და არტანი.
მეექუსე გაგზავნა ოძრჴის ერის-თავად, და მისცა ტასისკარითგან ვიდრე არსიანთამდის, ნოსტის თავითგან ზღუამდის, რომელ არს სამცხე და აჭარა.
მეშჳდე გაგზავნა კლარჯეთის ერის-თავად, და მისცა არსიანითგან ზღუამდე. და მერვე, ქუჯი, იყო ერის-თავი ეგრისისა.
ხოლო ერთი დაადგინა სპასპეტად და მისცა ტფილისითგან და არაგჳთგან ვიდრე ტასისკარამდე და ფანვარადმდე, რომელ არს შიდა-ქართლი. და ესე სპასპეტი იყო შემდგომად-ვე წინაშე მეფისა, მთავრობით განაგებდის ყოველთა ერის-თავთა ზედა. ხოლო ამათ ერის-თავთა ქუეშე, ადგილთა და ადგილთა, განაჩინნა სპასალარნი და ათასის-თავნი, და მათ ყოველთაგან მოვიდოდა ხარკი სამეუფო და საერისთავო.
ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა.
და მოიყვანა ცოლი დურძუკელთა, ნათესავი კავკასისი.
ამან ფარნავაზ მოზღუდა ქალაქი მცხეთა მტკიცედ, და ყოველნი ქალაქნი და ციხენი ქართლისანი, მოოჴრებულნი ალექსანდრესგან, ამან აღაშენნა.
და ვერ-ღა-რა იძიეს შური ბერძენთა მის ზედა, რამეთუ უცალო იყვნეს ბერძენნი ბრძოლისაგან ჰრომთასა.
და ამან-ვე ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თჳსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთჳს. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთჳს აღმართებულისა.
ოცდაშვიდისა წლისა მეფე იქმნა, და სამეოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა. და ყოველნი დღენი მისნი, რაჲ დაჯდა, მშვიდობით დაყვნა, და აღაშენა და განავსო ქართლი.
ხოლო თუენი გაზაფხულისა და სთულისა არისანი დაყვნის მცხეთას, სამეუფოსა ქალაქსა; და თუენი ზამთრისანი დაყვნის გაჩიანთა; ხოლო თუენი ზაფხულისა - წუნდას. და ჟამითი-ჟამად მივიდის ეგრისს და კლარჯეთს, და მოიკითხნის მეგრელნი და კლარჯნი, და განაგის ყოველი საქმე დაშლილი.
ხოლო იგი ჰრომნი ათასნი მჴედარნი, რომელნი აზონისგან მოერთნეს ფარნავაზს, რომელი ზემოთ ვაჴსენეთ, იგინი განყვნა ჴევთა და ქუეყანათა შინა, იპყრნა იგინი კეთილად, რამეთუ ბრძოლასა მას აზონისსა მჴნედ იყვნეს. და უწოდა მათ სახელად აზნაურნი.
და რათგან წარვიდა ალექსანდრე, არღარა ჭამდეს კაცსა თჳნიერ რომელ შესწირიან კერპსა მსხუერპლად. იყო განსუენება და სიხარული ყოველსა ქართლსა ზედა მეფობისათჳს ფარნავაზისსა და იტყოდეს ამას ყოველნი: „ვჰმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუცა ჩუენ მეფე ნათესავთაგან მამათა ჩუენთასა და აღგვიჴადა ხარკი და ჭირი უცხოთა ნათესავთაგან. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავაზ სიბრძნითა და სიქუელითა, სიმჴნითა და სიმდიდრითა.
ესუა ძე და უწოდა სახელი საურმაგ.
და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არ-ღა-რა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თჳნიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული.
და მოკუდა ფარნავაზ, და დაფლეს წინაშე არმაზისა კერპისა.
და ამის წილ მეფე იქმნა ძე მისი საურმაგ.
მას ჟამსა შინა ზრახვა ყვეს ერის-თავთა ქართლისათა და თქუეს: „არა კეთილ არს ჩუენდა, რათა-მცა ვმსახურებდეთ ნათესავსა ჩუენსა, არამედ ვიყოთ ერთად, და მოვკლათ ჩუენ საურმაგ, და ვიყვნეთ ჩუენ თავის-უფალ, ვითარცა ვიყვენით პირველ, და მივსცემდეთ ხარკსა ვინ-ცა-ვინ გამოჩნდეს მძლე. რამეთუ ესრეთ ყოფითა უფრო განვისუენებთ“. განამტკიცეს განზრახვა და მოკლვა საურმაგისი.
ხოლო იგრძნა საურმაგ, და წარვიდა ფარულად და ივლტოდა, წარიტანა თანა დედა მისი და მივიდა ქუეყანასა დურძუკთასა დედის ძმათა მისთა თანა.
მაშინ ჰრომთა იგი აზნაურნი წარვიდეს და მივიდეს დურძუკეთს-ვე, და რქუეს საურმაგს: „დიდი კეთილი დგას ჩუენ ზედა მამისა შენისა. ამისთჳს ვართ ჩუენ მტკიცე ერთგულებასა შენსა“.
მაშინ საურმაგ ეზრახა ოვსთა მეფესა, მამისა დის-წულსა მისსა, და ითხოვა შეწევნა. ხოლო იგი სიხარულით წარვიდა შუელად მისა და საურმაგ შეიკრიბა დურძუკეთი-ცა, და წარმოემართა ქართველთა ზედა. და ვერ-ვინ წინა-აღუდგა მას. და დაიპყრა ქართლი, და მოსრნა განდგომილნი მისნი; და რომელთა-მე შეუნდო, ხოლო დაამდაბლნა ქართლოსიანნი და წარჩინებულ ყვნა აზნაურნი, ხოლო განმრავლებულ ყვნა დურძუკნი, ნათესავნი კავკასისნი. ხოლო ტყუენვასა მას ხაზართასა ყოველნი-ვე მშჳდობით დარჩომილ იყვნეს, სიმაგრისაგან ქუეყანისა, და ვერ-ღა-რა იტევდა დურძუკეთი.
მაშინ ამან საურმაგ წარმოიყვანნა იგინი ყოველთა კავკასის ნათესავთა ნახევარნი, და რომელნი-მე მათგანნი წარჩინებულ ყვნა, და სხუანი დასხნა მთიულეთს, დიდოეთითგან ვიდრე ეგრისამდე, რომელ არს სუანეთი, და ესენი დაიპყრნა მისანდობელად თჳსად, დედულნი.
და დაჯდა საურმაგ მცხეთას მეფედ. და უმატა ყოველთა სიმაგრეთა მცხეთისა და ქართლისათა. და მან შექმნა ორნი კერპნი, აინინა და დანანა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა.
და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანისასა. და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველის ერის-თვისა. და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ეშუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთისი, ნათესავითგან ცოლისა მისისა, დედის დის-წული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთაო სამშჳლდისა და ერთი ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამის დის-წულსა თჳსსა.
მეფობდა საურმაგ ბედნიერად მრავალთა წელთა. და მოკუდა საურმაგ, და მეფე იქმნა მის წილ შვილებული მისი მირვან.
ესე მირვან იყო ტანითა სრული, შუენიერი, ძლიერი, მჴნე და ქუელი. ამისსა მეფობასა დურძუკთა დაივიწყეს სიყუარული ფარნავაზისი და საურმაგისი; და გარდამოვიდეს დურძუკეთს მყოფნი, და გაერთნეს თანა ჭართალეთსა მსხდომნი კავკასიანნი, მოტყუენეს კახეთი და ბაზალეთი.
მაშინ მირვან მეფემან მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა ქართლისათა, და შემოკრიბნა ყოველნი სპანი, მჴედარი და ქუეითი, და ყოველნი კავკასიანნი იყვნეს სარწმუნოდ მორჩილებასა ზედა მირვანისსა, რომელნი გარდამოვლინებულ იყვნეს საურმაგ მეფისაგან, თჳნიერ ჭართალთასა. შემოკრიბნა ესე ყოველნი და წარემართა დურძუკეთს. შეკრბეს დურძუკნი და დაუდგეს სიმაგრეთა ზედა გარდასავალთა გზასა მას.
მაშინ მირვან გარდაჴდა ცხენისაგან, მივიდა ქუეითთა თანა თჳსთა, და წარუძღუა წინა ქუეითთა, ზურგით შემოადგინნა მჴედარნი, და მოვიდა კართა მათ შინა, ვითარცა ჯიქი სიფიცხითა, ვითარცა ვეფხი სიმჴნითა, ვითარცა ლომი ზახილითა. იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი. ხოლო მირვანს ვერ ჰკუეთდა მახჳლი დურძუკთა, ვითარცა კლდესა სიპსა, და დგა უძრავად, ვითარცა კოშკი მტკიცე. და გაგრძელდა მათ შორის. მიუდგეს უკან ქართველნი, მოსრნეს და ტყუე ქმნეს. და შევიდა მირვან დურძუკეთს, და მოაოჴრა დურძუკეთი და ჭართალი. და შეაბნა კარნი ქჳტკირითა, და უწოდა სახელად დარუბალ. და დაჯდა მირვან მცხეთას, მეფობდა ნებიერად და უშიშად.
იყო კაცი მიმნიჭებელი კეთილისა უხუად, და შეიყუარეს იგი ყოველთა მკჳდრთა ქართლისათა. და მსახურებდა იგი მეფესა ასურასტანელთასა.
ამის-ზე მიიცუალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს. და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს რომელსა ერქუა არშაკ. ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თჳსი ძესა არშაკისსა, არშაკს. და მოკუდა მირვან, და მეფე იქმნა მის წილ ძე მისი ფარნაჯომ.
ამან ფარნაჯომ მეფემან უმატა ყოველთა ციხე-ქალაქთა შენება, და ამან აღაშენა ციხე ზადენი, და შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს და იწყო შენებად კახეთს ქალაქსა ნელქარისსა, რომელ არს ნეკრესი.
ამისა შემდგომად შეიყუარა სჯული სპარსთა, ცეცხლის მსახურება, მოიყვანნა სპარსეთით ცეცხლის-მსახურნი და მოგუნი, და დასხნა იგინი მცხეთას, ადგილსა მას, რომელსა აწ ჰქჳან მოგუთა, და იწყო ცხადად გმობად კერპთა. ამისთჳს მოიძულეს იგი მკჳდრთა ქართლისათა, რამეთუ დიდი საშოება აქუნდა კერპთა მიმართ. მაშინ შეითქუნეს ერის-თავნი ქართლისანი უმრავლესნი, და წარავლინეს მოციქული წინაშე სომეხთა მეფისა და რქუეს: „მეფე ჩუენი გარდაჴდა სჯულსა მამათა ჩუენთასა, არღარა მსახურებს ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, შემოიღო სჯული მამული და დაუტევა სჯული დედული. აწ არღარა ღირს არს იგი მეფედ ჩუენდა მოგუეც ძე შენი არშაკ, რომელსა უზის ცოლად ნათესავი ფარნავაზიანთა, მეფეთა ჩუენთა. გუაშუელე ძალი შენი, და ვაოტოთ ფარნაჯომ, შემომღებელი ახლის სჯულისა, და იყოს მეფედ ჩუენდა ძე შენი არშაკ და დედოფლად ჩუენდა ცოლი მისი, შვილი მეფეთა ჩუენთა.“
მაშინ სთნდა სომეხთა მეფესა განზრახვა ესე. გაგზავნა მოციქული მათი პასუხითა კეთილითა და რქუა მათ: „უკეთუ ჭეშმარიტად უბიწოთა გულითა გნებავსთ მეფედ თქუენდა ძე ჩემი, თქუენ ყოველთა ერის-თავთა მომეცით მე მძევალი, და მიგცე ძე ჩემი მეფედ თქუენდა, და ყოვლითა-ვე ნიჭითა აღგავსნე“.
მაშინ ერის-თავთა ქართლისათა უმრავლესთა მისცეს მძევლები და განაცხადეს განდგომა ფარნაჯომისი. მაშინ, სომეხთა მეფე ყოვლითა ძალითა მისითა წარმოემართა ქართლს. ხოლო ფარნაჯომ მეფემან მოუწოდა სპარსთა და მოიყვანნა სპარსნი ძლიერნი და რომელნი-მე დარჩომოდეს შემოკრიბნა ქართველნი-ცა. ხოლო ერის-თავნი ქართლისანი განდგომილნი მიმგებნეს სომეხთა მეფესა ტაშირს, და მუნ შეკრბა სიმრავლე სომეხთა და ქართველთა. ხოლო ფარნაჯომ მიეგება მუნ-ვე ტაშირს.
იქმნა მათ შორის ბრძოლა ძლიერი, მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ, რამეთუ იძლია ფარნაჯომ სომეხთა და ქართველთაგან. და მოიკლა ფარნაჯომ და მოსრეს სპა მისი. ხოლო ძე ფარნაჯომისი მირვან, წლისა ერთისა ყრმა, წარიყვანა მამა-მძუძემან მისმან, და ივლტოდა სპარსეთს. ხოლო სომეხთა მეფემან მოსცა ძე თჳსი არშაკ.
<< წინ |