დაჯდა მეფედ არშაკ, და დაიპყრა ყოველი ქართლი; და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა. და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას.
მოკუდა არშაკ, და მეფე იქმნა ძე მისი არტაგ.
და ესე მეფე არტაგ ორ წელ ოდენ მეფობდა. და მეორესა წელსა მეფობისა მისისასა მოვიდეს ერის-თავნი სპარსთანი, სპითა დიდითა, ძიებად სისხლისა ფარნაჯომისა და სპათა მათ სპარსთასა, რომელნი აწყუედილ იყვნეს ფარნაჯომის თანა. ვერ წინა-აღუდგა მათ არტაგ, მეფე ქართველთა, რამეთუ დიდ იყო ძალი სპარსთა, არამედ განამაგრნა ციხენი და ქალაქნი. და მოვლეს სპარსთა ყოველი ქართლი, და მოაოჴრნეს ველნი, არამედ ციხე-ქალაქნი ვერა-რომელი წარიღეს, და წარვიდეს.
მოკუდა არტაგ და დაჯდა მის წილ ძე მისი ბარტომ.
ამან მეფემან ბარტომ უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა.
ხოლო აღზარდეს სპარსთა ძე ფარნაჯომისი მირვან, რომელი სიკუდილსა მას ფარნაჯომისსა წარეყვანა მამა-მძუძესა მისსა, რომელი ვაჴსენეთ პირველ. ესე მირვან იყო კაცი ქუელი, მჴნე, მჴედარი, და მრავალ-გზის გამოიცადა იგი ბრძოლასა თურქთა და არაბთასა.
ამან მირვან შეკრიბნა სპანი ძლიერნი სპარსეთს, წარემართა ქართლს, და მოუგზავნა მოციქული ერის-თავთა ქართლისათა, და რქუა მათ: „მოიჴსენეთ სიყუარული მამის მამისა, მირვანისი, და კეთილი მისი თქუენდა მომართ. დაღაცათუ მამამან ჩემმან შემოიღო სჯული უცხო თქუენ შორის და მისგან-ცა გაქუნდა კეთილი. სამართლად მოიკლა მამა ჩემი, რამეთუ ვერ კეთილად იპყრა სჯული მამათა თქუენთა, და აწ ნუ არს საურავი და შიში გულსა თქუენსა სიკუდილისათჳს მამისა ჩემისა, რამეთუ სჯულისა დატევებისათჳს მოჰკლვენ მამანი შვილთა და ძმანი ძმათა, და არა იძიების სისხლი სჯულისა დატევებისათჳს მოკლულთა. მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა ფარნავაზიანთა დაღაცათუ აღზრდილ ვარ სპარსთა თანა, არამედ ვარ მე სჯულსა ზედა მამათა თქუენთასა, და ვესავ მე ღმერთთა მპყრობელთა ქართლისათა, და სასოებითა მათითა წარმართებულ ვარ ძიებად მამულისა ჩემისა, აწ ითუალეთ ჩემგან დიდება და კეთილი“.
ხოლო ერის-თავთა ქართლისათა არა შეიწყნარეს ბრძანება მირვანისი, არამედ ყოველნი მივიდეს წინაშე ბარტომ მეფისა. ხოლო მცირედნი ვინ-მე ქართველნი, არა წარჩინებულნი, წარვიდეს და მიერთნეს მირვანს.
ხოლო მეფემან ბარტომ შემოკრიბნა ყოველნი სპანი ქართლისანი, და მოირთო ძალი სომხითით, და მიეგება იგი ხუნანს. და იპყრა იგი ზურგად, ქალაქი ხუნანი. მოვიდა მირვან და დადგა მდინარესა ბერდუჯისასა. და იწყეს ბრძოლად, და გამოჩნდეს ორთა-ვე შორის მუნ ბუმბერაზნი. იყვნეს ყოველთა დღეთა ბუმბერაზთა ბრძოლანი თუესა ერთსა: ოდეს მათ სძლიან, და ოდეს-მე ამათ სძლიან.
ხოლო ამას თუესა შინა ერთსა ამან მირვან თავის-თავითა მოკლა ცამეტი ბუმბერაზი ქართველთა და სომეხთაგანი. და არა-ვინ გამოჩნდა ქართველთაგანი და სომეხთაგანი მძლე მირვანისი; და ვერ-ცა-ღა თჳთ ბარტომ მეფე ებრძოდა მას, რამეთუ არა იყო ბარტომის თანა გოლიათობა.
მაშინ ბარტომ მეფემან განაწყვნა სპანი თჳსნი, და მიმართა ყოვლითა სპითა მირვანს, და მუნით მირვან მოეგება სპითა ყოვლითა. და იქმნა ბრძოლა ძლიერი მათ შორის. მოსწყდა ორგნით-ვე ურიცხჳ. და იძლივნეს სომეხნი და ქართველნი სპარსთაგან, და მოკლეს ბარტომ, მეფე ქართველთა.
ხოლო ამას ბარტომ მეფესა არა ესუა ძე, არამედ ასული ერთი, და სიცოცხლესა-ვე მისსა მოეყვანა ეგრისით ძის-წული ქუჯისი, სახელით ქართამ, რომელსა შესდგმიდა ფარნავაზიანობა, ფარნავაზის დისა ქუჯის ცოლისაგან და დედისა მისისა, საურმაგის ასულისა ქუჯის ძის ცოლისაგან. და ამის ქართამისდა ეგრისით მიეცა ასული თჳსი ცოლად ბარტომ მეფესა, და აღეღო ესე შვილად. და ესე ქართველთა სათნოებისათჳს ექმნა ბარტომს, რამეთუ ქართველთა დიდი სათნოობა აქუნდა ფარნავაზიანთა მიმართ; და არა უნდა სხჳსა ნათესავისა მეფობა რომელსა-მცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობა.
ხოლო ესე ქართამ, ძედ შვილებული ბარტომ მეფისა, მას-ვე წყობასა მოიკლა ბარტომის თანა. ხოლო ცოლი მისი, ასული ბარტომისი, უძლები დარჩა, ივლტოდა და წარვიდა სომხითს და მუნ შვა ყრმა და უწოდა სახელად ადერკი, და იზრდებოდა იგი მუნ.
ხოლო ვითარ მოკლა მირვან ბარტომი, და შემოვიდა ქართლად და დაიპყრა ყოველი ქართლი; და რომელნი დაშთომილ იყვნეს ერის-თავნი ქართლისანი ციხეთა და სიმაგრეთა შინა, მისცა მათ ფიცი და აღთქმა, და გამოიყვანნა ყოველნი; და მძლავრებით გამოიყვანა ცოლი ბარტომისი სამშჳლდით და შეირთო ცოლად, რომელი შვილი იყო არშაკუნიანთა-ვე. და დაჯდა იგი მცხეთას.
და ნებიერად მეფობდა მცირედ-ჟამ და მოკუდა. და დაჯდა მის წილ ძე მისი არშაკ.
ხოლო ესე არშაკ მეფე იყო დედით არშაკუნიანი და მამით ნებროთიანი და ფარნავაზიანი. ამან არშაკ განაშუენა ნელქარ, ქალაქი კახეთისა, რომელ არს ნეკრესი, და ჰმატა სიმაგრესა უფლის-ციხისასა. და იყო ესე ძლიერი ძალითა, დიდი და გოლიათი.
ხოლო ესე ადერკი, ძე ქართამისი, ასულის წული ბარტომ მეფისა, რომელი ვაჴსენეთ ზემოთ, აღზარდეს სომხითს. და იყო კაცი ასაკით შუენიერი, ტანით დიდი და გოლიათი, მრავალ-გზის გამოცდილ იყო ბრძოლასა სომეხთა და ასურთასა, და მას მოეკლა მრავალი ბუმბერაზი, და სახელოვან ქმნილ იყო იგი.
ამან ადერკი მოითხოვნა სპანი სომეხთა მეფისაგან, და მოსცნა მას, და წარმოემართა არშაკს ქართველთა მეფესა ზედა, დედის ძმასა თჳსსა. ხოლო არშაკ შემოკრიბნა ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, მოირთო ძალი სპარსეთით და მიეგება წინა.
და შეკრბეს ორნი-ვე სპანი თრიალეთს და დაიბანაკეს მახლობელად ერთმან-ერთისა. სთხოვა ბრძოლა თავის-თავ არშაკ ადერკის, ხოლო ადერკი სიხარულით აღიჭურა საჭურველითა შუენიერითა, და აღჯდა ტაიჭსა და რქუა სპათა თჳსთა: „განმიმაგრეთ ზურგით-კერძო ჩემი, და ნუ შესძრწუნდებით“. და განვიდა ეგრეთ-ვე არშაკ, შეიჭურა და განვიდა განწყობილთა შორის.
აღიზახნეს ორთა-ვე ჴმითა სასტიკითა, და მიეტევნეს ურთიერთას. და იწყეს ორთა-ვე გურემად ოროლითა, და ვერა ჰკუეთდეს საჭურველსა ერთმან-ერთისასა. და ბრძოლისა სიგრძესა შინა განუტყდა ოროლები, აღმოიღეს ჩუგლუგები და იწყეს ბრძოლად ჩუგლუგებითა. ოდეს უსეთქნიან ჩუგლუგი იგი საჭურველსა ზედა მათსა, ჰგუანდის ჴმა იგი ჴმასა მას უროს მჭედლისასა, რომელი ეცემის გურდემლსა; და ჴმა ზახილისა მათისა მსგავს იყო ქუხილისა.
მაშინ ვერ სძლეს ურთიერთას, დაშურეს და უკუ-დგეს იმიერ და ამიერ. შეღამდა დღე იგი და განისუენეს ორთა-ვე, და დილეულ კუალად გამოვიდეს და აღიღეს მშჳლდები, და იწყეს რბევად და სრვად ერთმან-ერთისა. ჰკრა ადერკი ისარი მკერდსა არშაკისსა და ვერ-ღა-რა უფარა სიმაგრემან საჭურველისამან; განვარდა ზურგით, და ჩამოვარდა არშაკ ცხენისაგან.
შემოიქცა ადერკი მსწრაფლ, და მივიდა სპათა თანა სომხითისათა, და რქუა მათ: „გაფუცებ ღმერთთა თქუენთა, ნუ განმარტებთ მახჳლთა თქუენთა ქართველთა ზედა, რამეთუ მამულნი არიან ჩემნი. და აწ მე ვარ მეფე მათი, ძალითა და შეწევნითა თქუენითა“. ისმინეს სომეხთა ვედრება მისი და დაადგრეს ადგილსა ზედა.
შემოიქცა და მოვიდა ადერკი მახლობელად ქართველთა სპათასა. და ჴმა უყო ჴმითა მაღლითა: „მე ვარ შვილი მეფეთა თქუენთა, და სუესა ჩემსა მოუცემია მეფობა ჩემდა. აწ მიიღეთ ჩემგან კეთილი და სიხარული. აჰა ესე-რა აღარა მოუშვნე სპანი სომეხნი თქუენ ზედა“.
მაშინ მიუგეს ქართველთა: „შენ გამოსჩნდი უმჯობესი ყოველთა შორის ნათესავთა ფარნავაზისთა. რათგან მოკუდა მეფე ესე ჩუენი, აწ შენ ხარ მეფე ჩუენი; და ვმადლობთ სუესა ჩუენსა, რამეთუ მოგუეცა საზღვარად მეფისა ამის ჩუენისა შვილი-ვე მეფეთა ჩუენთა, გოლიათი და სახელოვანი“.
და გარდაჴდეს ყოველნი ქართველნი, დაცჳვეს პირსა ზედა თჳსსა და თაყუანის-სცეს ადერკის. და მშჳდობით შეკრბეს ერთად სომეხნი და ქართველნი და სპარსნი რანისანი, და მოიღეს ქართველთა გჳრგჳნი არშაკისი, და დაადგეს ადერკის და წარმოიყვანეს.
და ამან ადერკი დაიპყრა ყოველი ქუეყანა ქართლი და ეგრისი. და მოსცა სომეხთა მეფემან ასული თჳსი ცოლად და დაჯდა მცხეთას და მეფობდა კეთილად: ოცდაათის წლისა მეფე იქმნა და ორმეოც და ჩვიდმეტ წელ მეფობდა.
ხოლო პირველსა-ვე წელსა მეფობისა მისისასა იშვა უფალი ჩუენი იესო ქრისტე, ბეთლემს ურიასტანისასა. და მოვიდეს მისსა მოგუნი ძღუნისა შეწირვად, და მათ მოგუთა შესლვასა იერუსალემს მოვიდა ამბავი მცხეთას, ვითარმედ „სპარსთა იერუსალემი წარტყუენეს-ო“. და ურიანი რომელნი მცხეთას იყვნეს, იქმნა მათ შორის გლოვა და ტირილი. და შემდგომად მეორესა წელსა სხუა მოვიდა ამბავი, ვითარმედ „სპარსნი იგი არა წარტყუენვად მოვიდეს იერუსალემს, არამედ აქუნდა ძღუენი ყრმისა ვის-მე შობილისათჳს“. და განიხარეს ურიათა მცხეთელთა.
და შემდგომად ამისსა, ვითარ გარდაჴდეს წელნი ოცდაათნი, მოვიდეს მოციქულნი ურიათა იერუსალემით ურიათა თანა მცხეთელთა, ვითარმედ: „რომლისათჳს-იგი მოვიდეს მოგუნი და შეწირეს ძღუენი, აღზრდილ არს იგი და იტყჳს თავსა თჳსსა ძედ ღმრთისა. და აწ წარმოგჳვლენიან ჩუენ მოციქულნი ყოველთა თანა ურიათა, რათა მოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი, და განვიკითხოთ და განვბრჭოთ მას ზედა. და აწ თქუენგან-ცა წარმოვიდენ მეცნიერნი სჯულისანი მანდით.
რათა სჯული მამათა ჩუენთა შეუცვალებელ ვჰყოთ და დავამტკიცოთ, და მცნება მოსესი აღვასრულოთ, რათა ახლითა მით სჯულითა რომელ რას-მე გჳქადაგებს არა შეაცთუნნეს უმარტივესნი ვინ-მე სჯულისა ჩუენისანი, ხოლო სიკუდილითა-ცა მისითა შური ვიძიოთ.
მაშინ უკუე წარვიდა ელიოზ, კაცი მოხუცებული. ხოლო ესუა მას დედა ტომისაგან ელი მღდლისა, და კუალად ერთი და. ხოლო წარმავალსა მას ევედრებოდა დედა ძესა თჳსსა, ვითარმედ: „წარვედ უკუე შვილო საყუარელო წოდებასა მას მეუფისასა და წესსა სჯულისასა, გარნა ესე ხოლო, რომელსა გამცნებ შენ, დაიმარხენ, ნუ უკუე შეერთჳნ ცნობა შენი განზრახვასა მას მათსა ბოროტსა, და ნუ-ცა ვიდრე-მე ეზიარები დათხევასა სისხლისა მის მისისასა ნუ, შვილო ჩემო, გევედრები, ნუ რამეთუ უეჭუელად უწყოდე, ვითარმედ იგი არს სიტყუა წინასწარმეტყუელთა, რომელსა პირველითგან-ვე მოესწავებოდეს.
და წარვიდეს აქათ ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. და მუნ დახუდეს ჯუარ-ცმასა უფლისასა და მათ მოიღეს მუნით კუართი უფლისა, ელიოზ მცხეთელმან და ლონგინოზ კარსნელმან, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.
ხოლო რაჟამს-იგი იერუსალემს დამსჭუალვიდეს უფალსა, ცემასა მას კუერისასა სამსჭუალთა ზედა მყის მებრ მას-ვე ჟამსა მცხეთას ჴმა ესმა დედასა ელიოზასსა. ხოლო მან საშინელითა კრჩხიალებითა დაიზახნა და თქუა: „მშჳდობით, მეფობაო ისრაელისაო, რამეთუ უგუნურებით მოკალთ, უბადრუკნო და წარწყმედილნო, უფალი და მაცხოვარი ყოველთა, და იქმენით ბოროტად მკლველ შემოქმედისა თქუენისა. ვაჲ თქუენდა, უბადრუკნო! ვინ-მცა უკუე იპოვა ეგე-ვითარი გლოვა, რომელსა თქუენ ღირს ხართ. ხოლო უფროს-ღა ვაჲ ჩემდა, რამეთუ პირველ სიკუდილისა ჩემისა მსმენელ იქმნეს ყურნი ჩემნი ყოვლისა მწუხარებისა სასმენელსა“. და მყის ამას სიტყუასა ზედა მეყუსეულად უკუე შეისვენა დედაკაცმან მან მწუხარებასა და გლოვასა შინა ფრიადსა და მიუთხრობელსა.
ხოლო ოდეს კუართსა მას ზედა უფლისასა წილ იგდეს უღმრთოთა ურიათა ჯუარ-ცმასა უფლისასა, და განგებულებამან ღმრთისამან მიახუედრა მცხეთელთა ურიათა. და წარმოვიდა იერუსალემით ელიოზ და ლონგინოზ, და წარმოიღო კუართი იგი წმიდა. ვითარცა მოიღო ელიოზ მცხეთას, მყის წინა უკუე მიეგება დაჲ იგი მისი გოდებითა და ტირილითა საშინელითა, ცრემლითა შესუარული, და მოეხჳა ყელსა სასურველისა მის ძმისასა. ხოლო ვითარცა იხილა უსასურველესი იგი ყოველთა სასურველთა კუართი მჴსნელისა ჩუენისა, მყის წადიერებით უკუე და სიყუარულით შეიტკბო მკერდსა თჳსსა, და მეყუსეულად სულნი წარჴდეს ნეტარსა მას დედა-კაცსა სამ-სახეთა მათ მიზეზთათჳს: პირველ უკუე უფლისა სიკუდილისა და ვნებისა მისისათჳს; მეორედ, რამეთუ ეზიარა ძმა იგი მისი სისხლსა უფლისასა; ხოლო მესამე, ვინათგან მოეჴსენა დედისა-ცა თჳსისა იგი მწუხარებით სიკუდილი. ვინათგან უკუე ყოველი-ვე მწუხარება ერთბამად შემოუკრბა, ამისთჳს-ცა ძლეულ იქმნა ბუნებისაგან კაცობრივისა და სიკუდილი დაესაჯა ლმობილსა მწუხარებათაგან ფრიადთა.
მაშინ უკუე საკჳრველი საქმე იგი დიდი განისმა ყოველსა მას ქალაქსა მცხეთას და ვითარცა საცნაურ იქმნა, მეფესა-ცა და ყოველთა მთავართა, და ყოველსა ერსა და ყოველთა ერთბამად დაუკჳრდა საქმე იგი საშინელი. ხოლო ვითარცა იხილა ადერკი მეფემან წმიდა კუართი იგი, სთნდა უკუე ფრიად შუენიერებისა მისთჳს მისისა სამოსელი იგი შეემოსა შეგინებულსა მას გუამსა თჳსსა. ხოლო საკჳრველებისა მისთჳს და მის მიზეზისათჳს, რომელი-იგი იქმნა, არ-ღა-რა უკუე ინება გამოღებად მკერდისაგან მკუდრისა მის. ხოლო ელიოზ დამარხა დაჲ იგი თჳსი სანატრელითა დამარხვითა. რამეთუ ერთბამად ვითარცა აქუნდა მკერდსა თჳსსა ზედა კუართი იგი, ეგრეთ-ვე დამარხნა. ხოლო წმიდა იგი კუართი წმიდა-ვე უკუე დაშთა, და წმიდა-ვე გიეს ვითარცა პირველ-ვე, ვითარცა წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ქართლისასა.
და შემდგომად ამაღლებისა უფლისა, რაჟამს წილ-იგდეს მოციქულთა, მაშინ ყოვლად-წმიდასა ღმრთის-მშობელსა წილად ხუდა მოქცევად ქუეყანა საქართველოსა. და ჩუენებით ეჩუენა მას ძე მისი, უფალი ჩუენი, და რქუა: „ჵ, დედაო ჩემო, არა უგულებელ ვყო ერი იგი საზეპურო უფროს ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთჳს. ხოლო შენ წარავლინე პირველ-წოდებული ანდრია ნაწილსა მას შენდა ხუედრებულსა, და თანა-წარატანე ხატი შენი ვითარი-ცა პირსა შენსა დადებითა გამოისახოს. და შენ წილ ხატი იგი შენი მკჳდრობდეს მცუელად მათდა უკუნისამდე ჟამთა“.
მაშინ რქუა ყოვლად-წმიდამან მოციქულსა ანდრიას: „შვილო ანდრია, დიდად უჩნს სულსა ჩემსა, რომელ ქუეყანასა მას ნაწილსა ჩემსა არა ქადაგებულ არს სახელი ძისა ჩემისა. ოდეს წარვემართე ქადაგებად ძისა ჩემისა ქუეყანასა მას, წილად ჩემდა ხუედრებულსა, მაშინ გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და ღმერთი, და მიბრძანა, რათა შენ წარხჳდე და წარასუენო სახე ჩემი და სახიერისა ძისა ჩემისა ქუეყანასა, ჩემდა წილ-ხდომილსა, რათა მე ვიყო განმგებელ ცხოვრებისა მათისა, ხელი აღუპყრა და შევეწიო მათ, და არა-ვინ მტერთაგანი მძლე ექმნას მათ“.
რქუა მას მოციქულმან: „ყოვლად-წმიდაო, ნება სახიერისა ძისა შენისა და შენი იყავნ ყოველსა ჟამსა“ მაშინ ყოვლად-წმიდამან მოითხოვა ფიცარი, დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თჳსსა. და გამოისახა ხატი ესე-ვითარი, რომელ წიაღთა თჳსთა ეტჳრთა განჴორციელებული ჩჩჳლი, ყოვლად სახიერი სიტყუა ღმრთისა, რომელ აწ ყოველთა მიერ სახილველ არს ხატი ყოვლად-წმიდისა აწყუერისა ღვთის-მშობელისა. და მისცა იგი მოციქულსა ანდრიას და რქუა: „მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა თანა-შემწე გეყავნ შენ, სადა-ცა ხჳდოდე, და მეცა თანა-შემწე ვარ ქადაგებასა მაგას, და დიდად შევეწიო მონაწილესა მას ჩემდა ხუედრებულსა“. მაშინ დავარდა მოციქული ქუეყანად, და მადლი შესწირა ცრემლითა ყოვლად-წმიდასა, და გამოვიდა მიერ სიხარულით, და წარემართა ქადაგებად სახარებისა.
ხოლო ამან ადერკი მეფემან უმატა სიმაგრეთა ქართლისათა, ქალაქთა და ციხეთა, და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ქალაქისა მცხეთისანი, წყლისა იმიერ და ამიერ. და ამის-ვე ადერკის მეფობასა შინა მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანნი ანდრია და სჳმონ კანანელი აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი ქალაქსა ნიკოფსისასა საზღვარსა ბერძენთასა. ხოლო ანდრია მოაქცივნა მეგრელნი და წარვიდა გზასა კლარჯეთისასა.
მოვიდა ... ანდრია ქალაქად ტრაპიზონად, რომელ არს სოფელი მეგრელთა, სადა-იგი დაჰყო ჟამი მცირედი, და იხილა უგუნურება პირუტყუებრივი მკჳდრთა შორის მის ქალაქისათა, განვიდა მიერ და შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდების, და იწყო ქადაგებად სახარებისა. რამეთუ კაცნი პირუტყუთა უუგუნურეს იყვნეს და არა იცნობდეს შემოქმედსა ღმერთსა, და ყოველსა საძაგელსა და არა-წმიდასა წესსა აღასრულებდეს, რომელი სათქმელადა-ცა უჯერო არს. და მრავალნი ჭირნი და განსაცდელნი დაითმინნა ურწმუნოთაგან, და შეწევნითა ღმრთისათა და წმიდისა მის ხატისათა ყოველნი-ვე მადლობით მოითმინნა, ვიდრემდის ყოველნი-ვე მოაქცივნა და მოიყვანნა სარწმუნოებად. რამეთუ ადგილსა, რომელსა დაასვენა ხატი ყოვლად-წმიდისა ღმრთის-მშობლისა, აღმოეცენა წყარო ფრიად შუენიერი და დიდი, რომელი-იგი ვიდრე დღეს-ცა დაუწეუედელად აღმოსდის. და შემოკრბეს ყოველნი-ვე ყოვლით-კერძო მკჳდრნი მის ქუეყანისანი, და ნათელ-სცა ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, და დაადგინნა მღუდელნი და დიაკონნი, და დაუდვა წესი და საზღუარი სარწმუნოებისა და აღაშენეს ეკკლესია შუენიერი სახელსა ზედა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისასა. და ვითარცა ენება წმიდასა მოციქულსა მიერ წარსლვა, ევედრებოდეს და არა უტევებდეს წარსლვად, არამედ ეტყოდეს: „უკეთუ შენ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა აქა დაგჳსვენე, სასოდ და მცველად ჩუენდა“. ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია შექმნა ფიცარი მსგავსი ზომისა და დასდვა ხატსა მას ზედა. და მეყუსეულად გამოისახა სახე უცვალებელი ხატისა მის და მისცა იგი მათ. ხოლო მათ სიხარულით შეიწყნარეს და დაისვენეს ეკკლესიასა შინა თჳსსა პატივით, რომელი-იგი ვიდრე დღეს-აქამომდე ჰგიეს. ხოლო წმიდასა მოციქულსა მისცეს მშჳდობა და მოწლედ მოიკითხეს, ამბორს-უყვეს და წარმოგზავნეს.
ხოლო იგი წარმოემართა და გარდამოვლო მთა, რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თჳთ ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს. ხოლო ვითარცა შთავლო ხევი ოძრახისა და მოვიდა საზღუართა სამცხისათა, დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების ზადენ-გორა. მიხედნა მოციქულმან და იხილნა კაცნი მის ადგილისანი რამეთუ უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან წმიდისა მის ხატისა მიმართ. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს. ხოლო წმიდა მოციქული წარმოემართა და მოიწია აწყვერს, რომელსა პირველად ეწოდებოდა სოსანგეთი, და პირისპირ საქრისი. და დაივანა ადგილსა ერთსა, სადა იგი იყო ტაძარი საკერპო, რომელსა აწ ძველ-ეკკლესია ეწოდების, და მას შინა იმსახურებოდეს კერპნი მათნი. ხოლო მთავრობდა მაშინ დედა-კაცი ვინ-მე ქურივი სამძივარი, რომელსა ერთი ოდენ ძე ესვა და ყოველი სასოება მისი მისსა მიმართ მოძრავობდა, და მას ოდენ ჟამსა მომკუდარ იყო. და იყო ვაება ტირილისა და შფოთი ფრიად მრავალი. და ღამესა მას იხილეს ციხითგან ნათელი დიდი, სადა ესვენა ხატი ყოვლად წმიდისა, განკჳრდეს ფრიად ვინაობასა მათსა. და რა განთენდა, მსწრაფლ წარმოგზავნნეს კაცნი, რათა-მცა იხილონ თუ ვინ არიან, ანუ რაჲ არს. და ვითარცა იხილეს კაცთა მათ წმიდა მოციქული და ხატი ყოვლად-წმიდისა, მსწრაფლ წარვიდეს და აუწყეს ქურივსა მას დედა-კაცსა, ვითარმედ: „უცხონი ვინ-მე კაცნი არიან, და უცხოსა ღმერთსა ქადაგებენ შემოქმედად და დამბადებელად, და სიცოცხლესა კაცთასა მომნიჭებელად, და მკუდართა აღმადგინებელად, და ჰყავს მათ ხატი შუენიერი და მას პატივს-სცემენ.
ვითარცა ესმა სიტყუა ესე მკუდართა აღდომისა დედა-კაცსა მას, განკჳრდა და მცირედ რა-მე ნუგეშინის-ეცა გულსა მისსა, წარავლინნა მონანი თჳსნი მოწოდებად მოციქულისა, რომელი ვითარცა მივიდა. ჰრქუა დედა-კაცმან, ვითარმედ: „ვინ ხართ. ანუ სადა მოხვალთ, ანუ რაჲ არს უცხო ეგე მოძღურება თქუენი, რომელსა იტყჳთ, რამეთუ არა-სადა სმენილ არს ეგე-ვითარი თხრობა“. მიუგო წმიდამან მოციქულმან და ჰრქუა: „მოვალ წმიდით ქალაქით იერუსალემით, სადა დასდგეს ფერჴნი უფლისანი, გოლგოთას და ბეთლემს, ცათა მობაძავთა, და მონა ვარ და მოციქული უფლისა ჩუენისა იესო ქრისტესი, რომელი წამის-ყოფით აღადგენს მკუდართა, და მას ვექადაგებ ღმერთად და უფლად და მპყრობელად ყოველთა დაბადებულთა. და რომელსა ჰრწმენეს იგი და ნათელს-იღოს სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა, ყოველი რა-ოდენი ითხოვოს სარწმუნოებით მიეცემის, და ყოველთა სენთაგან განიკურნების“.
ხოლო ვითარცა ესმა ესე დედა-კაცსა, დავარდა ქუეყანად და ჰრქუა ცრემლით მოციქულსა: „შეიწყალე სიქურივე ესე ჩემი და უბადრუკება; ვინათგან მონა ხარ მკუდართა აღმადგინებელისა, ილოცე ღმერთისა შენისა მიმართ, და მიანიჭე შვილსა ამას ჩემსა სიცოცხლე, და ყოველი რა-ოდენი მიბრძანო, გისმინო, და არა ურჩ გექმნე. უკეთუ ძე ჩემი აღდგომილი ვიხილო. რამეთუ ესე მხოლო მივის და სხუა არა“. ხოლო წმიდამან მოციქულმან მიუგო და ჰრქუა: „უკეთუ გრწმენინ იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, ჭეშმარიტი ღმერთი, რომელი იქადაგების ჩუენ მიერ, რა-ოდენი-ცა-რა ითხოვო სარწმუნოებით, ყოველი-ვე მოგეცემის მის მიერ. ხოლო დედა-კაცსა მას ვითარცა ესმა ესე, აღივსო სიხარულითა, და ცრემლით ჰრქუა მოციქულსა მას: „ჵ, მონაო ჭეშმარიტისა ღვთისაო, ჭეშმარიტად მრწამს და აღვიარებ იესო ქრისტესა, რომელსა შენ ქადაგებ, არამედ შეეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“.
ხოლო მოციქულმან გამოასხა ყოველი იგი ერი და მგოსნები, და არა-ვინ უტევა მუნ, გარნა ქურივი იგი და მცირენი საკუთარნი მისნი, და მიიქუა ჴელთა ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობელისა, და დაასვენა ცხედარსა მას ზედა, სადა იდვა ყრმა იგი. და იწყო ლოცვად და ვედრებად ღვთისა მიმართ ჴელ-აღპყრობით. და შემდგომად ლოცვისა უპყრა ჴელი ყრმასა მას და, ვითარცა ძილისაგან, ეგრეთ აღადგინა იგი და მისცა დედასა მისსა. და ვითარცა იხილეს ყოველთა უცხო ესე სასწაული, განკჳრდეს ფრიად და თქმად რასა-მე უღონო იყვნეს.
ხოლო დედაკაცმან ვითარცა იხილა ძე თჳსი განცოცხლებული, სიხარულით აღსდგა და დავარდა ფერჴთა თანა მოციქულისათა, ცრემლით თაყვანის-სცა და მადლი შესწირა, და ჰრწმენა უფალი იესო ქრისტე, და ნათელს-იღო დედა-კაცმან ძითურთ და ყოვლით სახლეულით თჳსით. და მსწრაფლ წარავლინნა მონანი თჳსნი, და წარსცა წიგნები სამცხისა მთავართა მიმართ, და მიუწერა ესრეთ. „აჰა, ქურივი გახარებ, ძმანო, სიხარულსა დიდსა ყოველთა ერთა. მო-ვინ-მე-ვიდა კაცი ერთი უცხოსა ქუეყანისაგან, რომელი უცხოსა ღმერთსა ქადაგებს, და ჰყავს მას ხატი ზეცისა, რომელმან ძე ჩემი მომკუდარი აღადგინა. აწ უკუე მსწრაფლ მოვედით, რათა უმჯობესი წესი და სჯული გამოვარჩიოთ და ვსცნათ, თუ რაჲ ჯერ არს.
და ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკჳრველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით-კერძო, და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი ვიდრემდის აღივსო ველი იგი საქრისისა. და განუკჳრდა ყოველთა, იხილეს რა ძე იგი ქურივისა აღდგომილი მკუდრეთით.
ხოლო იყო ქალაქსა მას შინა ბომონი საკერპო, რომელსა შინა იმსახურებოდეს ბილწნი ღმერთნი მათნი, არტემი და აპოლონ. და ვითარცა იხილეს საქმე ესე მღუდელთა მათ სიცრუვისათა, აღივსნეს შურითა და იწყეს ცილობად და წინა-აღმდგომად მოციქულისა, ეგრეთ-ვე ერი იგი რომელნი-მე იტყოდეს: „ჯერ არს თაყვანის-ცემად რომელმან ესე-ვითარი სასწაული აღასრულა“, ხოლო რომელნი-მე იტყოდეს ვითარმედ: „აპოლონ და არტემი არიან დიდნი ღმერთნი“. და იყო ცილობა და შფოთი მათ შორის, ვიდრემდის ესე-ვითარი საქმე და ბჭობა დაამტკიცეს თანა-მოწამებითა ყოვლისა ერისათა. და ჰრქუა: „განაღეთ კარი საკერპოჲსა მაგის ტაძრისა, და შევასვენოთ ჩუენ ხატი ესე შუა კერძო კერპთა თქუენთა და დავბეჭდოთ ზოგად ორთა-ვე კარსა ზედა, და მცველნი დაადგინენით, და ილოცეთ თქუენ ღამესა ამას ღმერთთა მიმართ თქუენთა. ხოლო ჩუენ ვილოცოთ იესო ქრისტეს, ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა მიმართ, და ვიხილოთ ჩუენ განთიად: უკეთუ სძლოს ღმერთმან თქუენმან, მისი ჯერ იყოს თაყვანის-ცემა; ხოლო უკეთუ სძლოს ღმერთმან ჩუენმან, მას თაყვანის-ვცეთ ყოველთა“.
და დაასკუნეს ესე ესრეთ. შეასვენეს ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა შუა კერპთა მათთა და დაბეჭდეს კარსა ზედა, და მცველნი დაადგინნეს და იწყეს ლოცვად მღუდელთა მათ სიცრუვისათა.და წმიდამან ილოცა ქრისტეს მიმართ ჭეშმარიტისა ღვთისა ჩუენისა. და ვითარცა განთენა და განაღეს კარი საკერპოსა, იხილნეს ყოველნი კერპნი მათნი ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი. ხოლო ხატი ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა.
მაშინ მღუდელნი იგი კერპთანი აღივსნეს სირცხჳლითა, და უმეცრებისა მათისათჳს შენდობასა ითხოვდეს მოციქულისაგან. და ყოველმან ერმან მადლობისა ხმა აღმოუტევეს და თქუეს, ვითარმედ: „დიდ არს ღმერთი ქრისტეანეთა, რომელსა მოციქული ანდრია ქადაგებს“. და ჰრწმენა ყოველთა უფალი ჩუენი იესო ქრისტე და სიხარულით ნათელს-იღეს ყოველთა სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა. და იქმნა სიხარული დიდი მას დღესა შინა ყოვლისა მის ერისა, და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან იჴსნა იგინი ხელთაგან ეშმაკისათა.
ხოლო წმიდა მოციქულსა ენება კუალად წარსლვა სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ქადაგებად სახარება ქრისტესი. ხოლო დედა-კაცი იგი და ზოგად ყოველი ერი ევედრებოდეს, რათა არა განეშოროს მათგან, არამედ დღითი-დღე ასწავებდეს წესსა სჯულისასა. და მოციქული-ცა ერჩდა მათ და ჟამ რა-ოდენ-მე დაადგრა მათ თანა, და ასწავა მათ ყოველი წესი სჯულისა და სარწმუნოებისა და დაუდგინნა ეპისკოპოსი, მღუდელნი და დიაკონნი, და კუალად განემზადა ქადაგებად სახარებისა.
და კუალად-ცა ევედრნეს ქურივი იგი დედა-კაცი და სრულიად მესხნი, რათა არა განეშოროს მათგან. ხოლო წმიდამან ანდრია მიუგო და ჰრქუა: „სხუათა-ცა ქალაქთა და სოფელთა ჯერ არს ჩემდა ქადაგებად სახარება უფლისა“ ხოლო მათ ჰრქუეს: „უკეთუ წარხვალ, ხატი ეგე ყოვლად-წმიდისა აქა დაგჳსვენე სასოდ და მცველად ჩუენდა“ მიუგო მოციქულმან და ჰრქუა, ვითარმედ: „ხატი ესე თჳთ ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა პირსა ზედა დადებით გამოსახულ არს“. და მიუთხრა ყოველი-ვე შემდგომითი-შემდგომად, ვითარ-იგი შემდგომად ამაღლებისა უფლისა წილ-იგდეს წმიდათა მოციქულთა ყოველი ქუეყანა მოსაქცეველად, და ვითარ-იგი ყოვლად-წმიდასა ღვთის-მშობელსა წილ-ხუდა ქუეყანა ესე სამცხისა, და მის მიერ წარმოგზავნილი არს აქა ხატი იგი სასოდ და მცველად წილ-ხდომილთათჳს და ჯერეთ-ცა ეგრეთ არს, რათა დაესვენოს აქა მკჳდრად უკუნისამდე ჟამთა.
და ვითარცა ესმა ესე მოციქულისაგან ქურივსა მას და მესხთა, უმეტესითა სიხარულითა აღივსნეს, ცნეს რა წილ-ხდომა ყოვლად-წმიდისა ღვთის-მშობლისა, მადლი შესწირეს ქრისტესა და უბიწოდ მშობელსა მისსა, და უმეტესი სიყუარული და სურვილი სურვილსა ზედა შესძინეს წმიდისა ამის ხატისა, და ცრემლითა სიხარულით ადიდებდეს მას. და დაასვენეს ყოვლად დიდებული ხატი ყოვლად წმიდისა აწყვერის ღვთის-მშობლისა მცირესა მას ეკუდერსა, რომელსა აწ ძველ-ეკლესიად სახელ-სდებენ.
ხოლო წმიდამან მოციქულმან ანდრია მოიკითხნა ყოველნი სიმდაბლით და სიყუარულით, მისცა მშჳდობა და წარემართა სხუათა-ცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა.
ხოლო ვითარცა ესმა მეფესა ადერკის მეგრელთაგან სჯულისა დატევება, განუწყრა და წარავლინნა ერის-თავნი მისნი, და იძულებით კუალად-ვე მიაქცივნა მეგრელნი. და დამალნეს ხატნი და ჯუარნი, და შერისხნა მეფე ადერკი ერის-თავსა კლარჯეთისასა, რომელ მშჳდობით განუტევა ანდრია მოციქული.
ხოლო ვითარცა აღესრულა დღე-სასწაული მარტჳლისა, წარმოვიდა მუნით დიდებული ანდრია სხუათა მათ თანა მოციქულთა, მოვიდოდეს ქალაქითი-ქალაქად და სოფლითი-სოფლად, ასწავებდეს ერთა და იქმოდეს სასწაულთა, და ესრეთ მიიწივნეს ქუეყანასა ქართლისასა. და მერმე წარვლეს ტაოს კერძი ქუეყანა და ვიდრე მდინარედ ჭოროხადმდე, ყოველი იგი სოფლები მის კერძისა მოვლეს, და დაუცადებელად ქადაგებდეს სახელსა ღვთისასა. და ესრეთ ქადაგებითა მიიწივნეს სვანეთისა ქუეყანასა.
ხოლო მას ქუეყანასა მთავრობდა დღეთა მათ დედა-კაცი ვინ-მე მთავარი, რომელსა ჰრწმენა ქადაგება მოციქულთა. და მატათა სხუათა მათ თანა მოწაფეთა დაშთა მათ კერძოთა. ხოლო დიდი ანდრია სიმონითურთ შევიდა ქუეყანასა ოვსეთისასა, და მიიწია ქალაქად, რომელსა ეწოდებოდა ფოხტაფორი, სადა იგი დიდი სასწაული ქმნეს და მრავალნი ერნი მოაქცივნეს და განანათლნეს, მიერ წარვიდეს და შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და სევასტე ქალაქად მივიდეს, რომელსა აწ ეწოდება ცხუმი. და უქადაგეს სიტყუა ღვთისა, და მრავალთა შეიწყნარეს.
და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრია სიმონ კანანელი სხუათა თანა მოწაფეთა და თავადი ჯიქეთისა ქუეყანად აღვიდა. ხოლო კაცნი მის ქუეყანისანი ჯიქნი იყვნეს კაცნი ფიცხელნი გულითა და საქმეთა შინა ბოროტთა განფრდილნი, ურწმუნონი და უმღებნი. რომელთა არა შეიწყნარეს ქადაგება მოციქულისა, არამედ ენება მოკლვა მისი. ხოლო მადლმან ღვთისამან დაიცვა და იხილა რა მიუდრეკელობა ეათი და პირუტყუებრივი გონება. დაუტევა და წარვიდა. ამისთჳს-ცა ვიდრე აქამომდე ურწმუნოებასა შინა არიან. ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოპს ქალაქსა, შორის აფხაზეთისა და ჯიქეთისა, რამეთუ მუნ აღესრულა წმიდა სჳმონ კანანელი.
ხოლო კუალად განამტკიცნა წმიდამან ანდრია მეგრელნი და აფხაზნი და წარვიდა სკჳთედ.
ხოლო ამის-ვე ადერკის მეფობასა გამოჩნდა კუალად მეფობა სპარსეთისა. რამეთუ რათგან შესრულ იყო ალექსანდრე და განერყუნა სპარსეთი, აქა ჟამადმდე არღარა დაჯდომილ იყო მეფე სპარსეთს, რამეთუ ადგილთა და ადგილთა იყვნეს ერის-თავნი სპარსეთისა.
მაშინ შეკრბეს ერის-თავნი სპარსეთისანი და დასუეს მეფედ აჟღალან ბრძენი. მაშინ სომეხნი და ქართველნი იყვნეს მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა, და ვიდრე ადერკის მეფობამდე ერთი დაჯდის ქართველთა მეფედ, რაზომ-ცა მრავალნი იყვნიან შვილნი მეფეთანი.
ხოლო ამას ადერკის ესხნეს ორნი ძენი, რომელთა ერქუა სახელად ერთსა ბარტომ და მეორესა ქართამ. და ამათ განუყო ყოველი ქუეყანა თჳსი: მისცა ქალაქი მცხეთა და ქუეყანა მტკუარსა შიდა ქართლი, მუხნარით კერძი ქალაქი და ყოველი ქართლი მტკუარსა ჩრდილოეთი, ჰერეთითგან ვიდრე თავადმდე ქართლისა და ეგრისისა - ესე ყოველი მისცა ბარტომს ძესა თჳსსა, ხოლო არმაზით კერძი ქალაქი, მტკუარსა სამხრით ქართლი, ხუნანითგან ვიდრე თავადმდე მტკურისა, და კლარჯეთი ყოველი მისცა ქართამს ძესა თჳსსა. და მოკუდა ადერკი.
<< წინ |