ქართლის ცხოვრება

ბასილი ეზოსმოძღუარი

ცხოვრება მეფეთ-მეფისა თამარისი

დაჯდა მეფედ გიორგი, ძე დემეტრესი, დავითის შვილისა, ქორონიკონსა სამას სამოცდათხუთმეტსა. ამან დაყვნა მორჭმასა შინა ყოველნი ჟამნი და დღენი მისნი და იმეფა კეთილითა მეფობითა და მატა ყოველთა საყდართა, მონასტერთა და ეპისკოპოსთა. ამას შვილი არა ესუა და მისთჳს მწუხარე იყო უშვილოებისათჳს. მერმე ინება ზეგარდამო მოწყალებამან ღმრთისამან, და იწყო მობერვად ნიავმან ამომან, და იშვა მათგან ქალი, ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლულო და შესატყჳსი. ამას დაარქუა სახელი თამარ.

გარდაჴდეს ამას შინა წელნი რაოდენნიმე, და გარდაიცვალა მეფე გიორგი. და იქმნა გლოვა და მწუხარება უზომო, უფროსღა დასა თჳსსა რუსუდანს.

ესე იყო სძალ-ყოფილი დიდთა სულტანთა შამირამეთი და დედოფალი ყოვლისა ხუარასნელთა უფლებისა, რომელი სიქურივისათჳს თჳსადვე მამულად მოყვანებული დედოფლად დაჯდა ქართველთად, უფროსღა დიდებად სახლისა თჳსისად და ყოვლისა ამის სამეფოსა. ამას წინაშე იყო თამარ მაშინ, ვითარცა თჳსსა მამიდასა თანა, დითურთ თჳსით, რომელსა რუსუდანვე მოაქუნდა სახელად. რომლისათჳს აწ დამაკლებს წინამდებარე ესე მითხრობად, თუ რაოდენ შუენიერება და თავდგმულობა ექმნა ყოველთა პირველ მისსა ყოფილთა დედოფალთა. ვიკადროთ რამე, რამეთუ ოთხმოცისა წელიწდისა დღეთამან შეიყუარა მტკიცედ ქალწულება, სიწმიდე და სიკეთე დიდად სრული.

და ჩუენ პირველსავე სიტყუასა წარუძღუეთ. გლოვა იყო ნამდჳლვე ღირსთა, არამედ არა თავს იდვეს წარჩინებულთა სამეფოსათა, მიმხედველთა თამარისთა. განიყარეს გლოვა და დასცეს საყჳრსა, ვითარცა ოდესმე სოლომონისთჳს, და დადგეს სჳანი ტახტი ვახტანგეთი, საყდარი დავითიანი, რომელი პირველ მთოვარისა განამზადა მეფეთ-მეფემან საბაოთ ელოიმ სამფლობელოდ ზღჳთი-ზღუამდი და მდინარითგან კიდემდი სოფლისა. აღმართეს სკიპტრა დიდებულთა, ძელი ჯუარისა და მის თანა დროშა დავითისი, არაოდეს მობერილი წინააღმდგომთაგან ნიავთა. და ყოველთა ერთჴმაქმნილთა აწჳეს თამარს ჴრმალი მამული თანა-საყდრითურთ მამისა მინიჭებული.

ლიტონად-მე მიიღოა დიდმან ამან გონებამანა არა, ნუ იყოფინ! უმშუენოდ-მე შეიწყნარა იგი გჳრგჳნმან და მეფობამანა ანუ არა მაღნანტ ექმნა ყოველსა თუალსა თჳსად? ვინ ძუელი სიტყუა აქა ახლად ვიჴმაროთ ბრმა-შობილმან ბრმადვე წარვლო უმხედველომან თამარისმან. ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნობა, მორცხჳ ხედვა, ლაღი მიმოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყჳს სინარნარე და ზრახვისა უჩუკნობა. არა ცუდად დასდვა ღმერთმან მადლად თამარს ესრეთ შემკულობა. რომლისათჳს არა უჯერო მიჩნს თქმად, ვითარმედ პირი ამისი პირველვე იყო დავითის მიერ თქმითა, რათა ლიტანიაობით თაყუანის-სცემდენ მეფენი და მთავარნი, და მეძღუნეობდენ ნათესავნი.

ესრეთ იდიდა ღმერთი ყოველთა პირთაგან. იხილეს რა ჴელითა მღდელთმოძღუართათა მეფე გჳრგჳნოსანი, და ქება შეასხეს ძალითა საქებებსა ჴმითა ოხრისათა. და სთქუმცა, თუ ყოველნი ძალნიცა ზეცისანი თანაშემწე არიან სიხარულსა ქუეყანისათა. და ესე უსაკჳრველეს მიჩნს ყოვლისამე, რომელ სხუა მჴედარი არაოდეს იხილა მის ჟამისათა მამადებრ მეფედ და ყოველნი ვითარ გამოცდილნი სასოებითა წინასწრობითა უძღოდა ერთი-ერთსა, და სიხარულითა სავსენი ღმერთსა ჰმადლობდეს, მეფესა აქებდეს და თავთა ჰნატრიდეს.

დაჯდა ნებითა ღმრთისათა თამარ მეფედ დასაბამითგანთა წელთა ექუსიათას ექუსას ოთხმოცდაექუსსა, ქორონიკონსა ოთხას და სამსა, შვილი მეფეთ-მეფისა გიორგისი, დიდისა დავითის ძისა დემეტრეს ძისაგან, ცოლისაგან ბურდუხან ოვსთა მეფისა ასულისა, რომელი ჰმატდა სიკეთესა დედათასა სხჳთა ყოვლითა, გარნა თამარის დედობითა, სძალი სხუა მისებრი მაშინ არა ეხილვა ქართლისა თემსა. და შემდგომითი-შემდგომად აქონ.

ამიერითგან რა ჯერ არს თამარის თქმად, გარნა მონაცვალეობა ღმრთისა, სამეფოსა და ერისათჳს რამეთუ აღიღო გონება მაღლად და მდაბლითა სულითა, და განიცადა სიდიდე საქმისა, მისდა რწმუნებულისა, მიაყვნა მყვანებელსა თჳსსა ხედვა და იწყო განგებად, ვითარ იგი მობერვიდა სული. მიმოიხილა სიმახჳლითა ცნობისათა თჳსსა გარემო ყოველი და მყისსა შინა შეემეცნა ხილვითა ოდენ წრფელთა და დრკუთა, [გულარძნილთა და უმანკოთა, ერთგულთა და ორგულთა,] და სიბრძნითა განგებითა თჳსითა პირველად ყოველთა ზედა დასსა წყალობა უხუებით, რათა ჟამთა საქმეთასა ერთნი ერთგულობით მადლიერობენ, ხოლო მეორენი უსიტყუელ იყვნენ მიგებისათჳს სამართლისა.

ხოლო სჯულთათჳს სულითთა მეორე კოსტანტინე იქმნებოდა და მისებრვე ჰგოროვნებდა დაწყებასა საღმრთოსა საქმეთასა, რამეთუ იწყო აღლესვად ორპირსა მახჳლსა მოსასრველად თესლთა ბოროტთა და ინება. რათა იქმნას შეყრა და გამორჩევა დიდთა მათ და მსოფლიოთა კრებათა.

პირველად აღმოუწოდა წმიდით ქალაქით იერუსალემით ნიკოლაოზს გულაბერისძესა, რომელსა სიმდაბლისა ძალითა ეჯმნა ქართლისა კათალიკოზობისაგან. ესე რა მოიყვანა, შემოკრიბნა ყოველნი სამეფოსა თჳსისა მღდელთ-მოძღუარნი, მონაზონნი და მეუდაბნოენი. კაცნი მეცნიერნი სჯულისა საღმრთოსანი და მოსწრაფე იყო, რათა მართლ-მადიდებლობასა ზედა შემოთესილნი თესლნი ბოროტნი აღმოფხურნეს სამეფოსაგან თჳსისა. რომელი-ესე ადრე განემარჯუა სასოებისა კეთილისა მქონებელსა.

ხოლო შემო-რა-კრბეს ორისავე სამთავროსა ეპისკოპოსნი, რომელთა პირად აქუნდა ზემო მოჴსენებული ნიკოლაოს, მსგავსი სეხნისა თჳსისა, და ანტონი ქუთათელი საღირის-ძე, დიდად განთქმული სათნოებათა შინა და ძლიერი საქმით და სიტყჳთ. მიეგებოდა მათ თამარ დიდითა სიმდაბლითა, ვითარცა კაცი და არა მეფე, ვითარ ანგელოზთა და არა კაცთა შეკრიბნა ყოველნი ერთსა სადგურსა და დასხნა საყდრებითა, ხოლო თჳთ დაჯდა შორის მათსა მარტოდ და არა მეფობით და ესრეთ ეუბნებოდა:

„ჵ წმიდანო მამანო, თქუენ ღმრთისა მიერ განჩინებულ ხართ მოძღურად ჩუენდა და მმართებლად წმიდასა ეკლესიასა და თანა გაც სიტყჳს მიცემა სულთათჳს ჩუენთა. გამოიძიეთ ყოველი კეთილად და დაამტკიცეთ მართალი, ხოლო განჴადეთ გულარძნილი. იწყეთ ჩემ ზედა, რამეთუ შარავანდი ესე მეფობისა არს და არა ღმრთის მბრძოლობისა. ნუ თუალ-ახუამთ მთავართა სიმდიდრისათჳს, ნუცა გლახაკთა უდებჰყოფთ სიმცირისათჳს. თქუენ სიტყჳთა, ხოლო მე საქმით; თქუენ სწავლით, ხოლო მე განსწავლით; თქუენ წურთით, ხოლო მე განწურთით, ზოგად ჴელი მივსცეთ დაცვად სჯულთა საღმრთოთა შეუგინებელად, რათა არა ზოგად ვიზღჳვნეთ: თქუენ ვითარცა მღდელნი, ხოლო მე ვითარცა მეფე; თქუენ ვითარცა მნენი, ხოლო მე ვითარცა ებგური“.

ესმნეს რა სიტყუანი ესე ყოველსა მას კრებულსა მამათასა, მადლობდეს ღმერთსა და თანად მეფესა ღმრთივ-განბრძნობილსა. ჯდა უკუე თამარ მცირედ-ჟამ შორის მათსა, მერმე მოიღო კურთხევა მათგან და წარვიდა პალატად თჳსად.

ხოლო წინამძღუართა კრებისათა ნიკოლაოს და ანტონი, რომელნი ვითარ პირმეტყუელნი მთიებნი უძღოდეს მომრგუალებასა ცაებრისა მის ვარსკულავთა კრებულისასა, არა ინებეს შორის მათსა ყოფად მაშინდელი იგი ქართლისა კათალიკოსი, რამეთუ წინაუკმო რამე იწყო წესთაგან ეკლესიისათა და ჭყონდიდელ-მაწყუერელობა და მწიგნობართ-უხუცესობა მოევერაგა უფლისაგან. არამედ ვერა განაყენეს, დაღაცათუ ფრიად იღუაწეს. რომელი ადრე თჳთ განაყენა საშჯელმან ღმრთისამან. ხოლო სხუანი ვინმე ეპისკოპოსნი შეიცვალნეს და მათ წილ საღმრთონი კაცნი დასხნეს და სხუანი საეკლესიაონი წესნი განმართნეს უდებთა მიერ დაჴსნილნი.

ხოლო აღივსებოდა რა კრება, შემოვიდეს ყოველნი სპასალარნი და ერისთავნი სამეფოსანი და მოაჴსენეს მამათა, რათა ზოგად იღუაწონ შემოყვანებად სიძისა თამარისთჳს, რომელი ყვესცა. და შემოკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა3 და განზრახვითა ყოველთათა წარავლინეს კაცი ვინმე რუსთა სამეფოდ ქრისტიანობისა და მართლ-მადიდებლობისათჳს მათ ნათესავთასა და ესე ვერა კეთილად განაგეს, რამეთუ არცა კაცი იგი ღირსი საქმისა წარავლინეს და არცა მისსა მეცნიერ იყვნეს, რომელსა იგი მოიყვანებდეს.

შემდგომად ჟამისა მოიწია კაცი იგი წარვლინებული და მოიყვანა კაცი დიდად გუარიანი, უდიდესი ყოველთა მათ მეფეთა მის კერძოსათა და სახითაცა არა უმარჯჳ. რომელიცა იხილეს რა, ყოველთა კაცთა სთნდა, რამეთუ არარას მეცნიერ იყვნეს ჩუეულებისათჳს მისისა.

[შეკრბეს წინაშე რუსუდან დედოფლისა პატრიაქი და დიდებულნი, სპასპეტნი და ერისთავნი და] აცნობეს თამარს და აწუევდეს ქორწინებასა და ასწრაფობდეს ამის პირისათჳს.

არამედ იგი მიუგებდა, ვითარმედ: „კაცნო ვითარ ღირს [არს] შეუტყუებული ესე ქმნად? არა ვიცით კაცისა ამის უცხოსა ქცევა და საქმე. არცა მჴედრობისა, არცა ბუნებისა, და არცა ქცევისა. მაცალეთ, ვიდრემდის განიცადოთ ყოველთა სიკეთე, გინა სიდრკუე მისი“.

ხოლო იგინი წინააღუდგებოდეს, უშვილოებასა მოაჴსენებდეს სახლისა მისისა უნაყოფოებასა დრტჳნვიდეს, წინამძღუარსა სპათასა ითხოვდეს, და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა, და ირემსა ემსგავსებოდეს სახისა ოდენ მიხედვითა, პილოთაებრ არა განიხილვიდეს მისაყრდნობელსა და ყოვლითურთ შეაიწრებდეს სულსა მისსა და ესეოდენ მძიმესა საქმესა სუბუქად შეეხებოდეს.

რასაღა [მრავალსა ვიტყოდით?] მრავლისა ცილობისა თჳნიერ ნებისა მისისა ყვეს ქორწილი და მრავალ-ჟამ შემდგომად იყვნეს განცხრომასა შინა, მსგავსად საქმისასა.

არა მრავალთა დღეთა შემდგომად მიიღო აღსასრული სიტყუამან თამარისმან და გამოაჩნდებოდეს რუსსა სკჳთურნი ვითარ ნაღებთა ბუნებითნი და სიმთვრალეთა შინა საძაგელთა უწესოებად იწყო მრავალთა, რომელთათჳს ნამეტნავ არს წერად და [თქუმად], რათა არა სიგრძედ მიიწიოს სიტყუა.

ორისა და ნახევრისა წელთა, ვითარ გურდემლი მოითმენდა მჴნე თამარ უკეთურებათა რუსისათა, გარნა სხუა ვერღარავის მოითმენდა და იწყეს ჭრტინვად, არამედ ცილობათა მათთჳს პირველთა რცხუენოდა ყოველთა თამარისგან.

ხოლო ბრძენმან თამარ იძია მრავალი ღონე განკურნებისა მისისა და უბძანა სარწმუნოთა მონაზონთა პირითა მრავალგზის, დაღათუ ყოვლად არა სარგებელ ეყო რუსსა. ამისთჳსცა თჳსი პირის-პირ იწყო მხილებად მისდა, არამედ უფროს განძჳნდებოდა რუსი, ვითარცა ღმრთისაგან საფარველ-მოძურცული. ვითარ იტყჳს წერილი, „ვკურნებდით ბაბილონს და არა იკურნებოდა“. არა თუ ოდენ არა შეიგონა, არამედ უძჳრესთა მიმართ იწყო და შერაცხილნიცა კაცნი უბრალოდ გუემნა და ასოთა აღმოგდებითა ტანჯნა.

შეუძნდა ესე ყოველი თამარსცა და წინაშე ყოველთასა ესრეთ თქუა: „დაღათუ საღმრთოსა სჯულისა მიერ სწავლულ ვარ მე „არა განშორებად პირველსა საწოლსა“, არამედ რომელმან არა დაიცვას საწოლი თჳსი წმიდად, არა ჯერ არს მის თანა დათმენა, რამეთუ შემაგინებელ არს ტაძრისა ღმრთისა. და მე არა მიძლავს აჩრდილისა მრუდისა ხისასა განმართვად და უბრალოდ განვიყრი მტუერსაცა, რომელი აღმეკრა შენ მიერი“.

ესე თქუა და აღდგა და დაუტევა იგი. ხოლო რუსუდან დედოფალმან და ყოველთა მთავართა საწყალობელად განაძეს იგი, და არა ეგეოდენ უბადრუკი მეფობისაგან დამჴობითა, რაოდენ შუენიერებისაგან თამარისსა დაკლებითა.

კუალად იწყეს ურვად ყოველთა, რამეთუ თამარს ხედვიდეს უშვილოდ და მარტოსა მკჳდრად სახლისა თდსისა.

იყო უკუე შვილი ოვსთა მეფისა, გაზრდილი რუსუდან დედოფლისა, ყრმა ფრიად შუენიერი ასაკითა, ვითარცა შუენის მეფეთა შვილსა, სხჳთა კულა ზრდილობითა კეთილად წურთილი. მჴნე და მჴედარი ძლიერი, რაინდობითა უსწორო და მშჳლდოსნობითა შემმართებელი. ტანითა ახოვანი და ყოვლითურთ სრული სიკეთითა ამისი ინებეს ყოველთა შეერთება თამარისი და საქმე ღმერთსა მიანდვეს თამარცა მიემორჩილა ნებასა მათსა მეცნიერებისათჳს ყრმისა. არღარა ყოვნეს, არამედ შეიყარნეს დიდუბეს, და შერთეს დავით თამარს.

შემოვიდეს ტფილისად, დასხდეს ტახტსა ბედნიერსა ორნი მნათობნი, ორნი მზენი, ორნი განმანათლებელნი. განიხარა დიდითგან მცირედმდე ყოველმან ერმან, და ნიშანნი ცხოვრებისანი მაშინვე იხილვებოდეს მათ ზედა: იყვნეს ლაშქრობანი გამარჯუებულნი ზემოთ და ქუემოთ, და არა სადათ ვინ ჩნდა წინააღმდგომი.

მოკუდა ქართლისა კათალიკოსი, ჭყონდიდელ-მწიგნობართუსუცესი ქართველი, მირიანის ძე მიქაელ, რომელსა აქუნდა სამთავისიცა, და არავინ შეწუხნა მისთჳს, არცა დიდი და არცა მცირე, რამეთუ ყოველნი სძულობდეს.

მოკუდა ამირსპასალარი გამრეკელი და ესე ყოველთა იგლოვეს.

ამას ჟამსა მცირედ რამე აღიძრნეს იმერელ- სუანნი მსგავსად ჩუეულობისა ურჯუკობისა და რუსი მოიყვანეს, რეცა კუალად განსამეფებლად. ეუბნებოდეს მესხთაცა მირთვასა, რომელი ვერა უძლეს, არამედ უფროსღა შეიმტერნეს. გააქცივეს და წავიდეს სირცხჳლეულნი, რამეთუ ღმერთი თამარისთჳს მოურნეობდა.

ხოლო თამარ ევედრებოდა ღმერთსა და იგონებდა, თუ ვის მიანდეს დავით, და სპა თჳსი, და განსაგებელი სახლისა თჳსისა რომლისათჳსცა არა არცხჳნა ღმერთმან, არამედ აღავსო სიბრძნითა და მეცნიერებითა. და მიმოიხილა ყოველთა ზედა სამეფოსა თჳსისა მთავართა, და განიცადა თუალისა გონებისათა, მიანდო ღმერთსა საქმე, მოიყვანა ანტონი გლონისთავის-ძე გარეჯით, რომელი პირველ ჭყონდიდელ იყო და მიქაელ კათალიკოსმან მას მისტაცა, მოძმაცჳთა. ვიეთმე მეფისა განმზრახთათა; ესე მოიყვანეს, ნამდჳლვე კაცი ღირსი ქებისა, ჭეშმარიტი ქრისტიანე, მართალი, წრფელი, უმანკო, სახიერი, მოწყალე ყოველთა, ტკბილი, მდაბალი, პატრონისა ერთგული უზომოდ, ეკლესიათა და მონასტერთათჳს რადღა საჴმარ არს თქუმად: თჳთ წამებენ ქმნილნი მისნი ყოველთაგან, ვითარცა მღჳმესა და კლარჯეთს თჳთ მის მიერ ქმნილსა მონასტერსა და ყოველთა ადგილთა. ესე დასუეს ვაზირად მისცეს ჭყონდიდი სამთავისი, კისის-ჴევი და მწიგნობართ-უხუცესობა, რამეთუ მართალსა უკეთუ უბრკუმეს, არავე დაეცეს.

იწყეს განზრახვათა კეთილთა სამეფოსათჳს და ერისა უმჯობესთა. მოიყვანეს. სარგის ამირსპასალარისა მჴარგრძელისა ორნი ძენი, ზაქარია და ივანე, კაცნი ბრძენნი, მჴნენი, ბრძოლათა შინა დიდად გამოცდილნი და გუარეულადცა ერთგულნი მეფეთანი, ამისთჳს დიდად შეყუარებულნი თჳთ თამარის პაპათა და მამათაგანცა. ამათ მიხედნა თამარ და ესეცა ღმერთსა მიანდო და შეიწყალნა. და ზაქარიას უბოძა ამირსპასალარობა და უმცროსსა დღითა, ივანეს, მსახურთა-უხუცესობა. ესე კაცნი ღირსნი იყვნეს კაცობისანი: დაღაცათუ სჯულითა სომეხნი იყვნეს, გარნა ყოვლითურთ მართლმადიდებლობისა მოსავნი. ესე ივანე წერილთა ზედამიწევნითა სწავლული იყო, რომლისათჳსცა გულისჴმა ჰყო სიმრუდე სჯულისა სომეხთასა, ნათელ იღო და იქმნა ჭეშმარიტ ქრისტიანე.

და შემდგომად ამისსა მოიყვანეს ჭიაბერი, კაცი ესეცა მართალი და ერთგული, და მისცეს მანდატურტ-უხუცესობა. და დღითი-დღე წარემატებოდეს საქმენი თამარისნი უმჯობესად და უკეთესად ბრძნად და მართლად განგებისათჳს.

ამიერითგან განგება ღირს, რომელმან შეუძლოს აღწერასა მიცემად წარმართებანი თამარის საქმეთანი, რამეთუ ვითარ თმანი თავისანი თჳთეულად ვერავინ აღრიცხუნეს, ეგრეთვე ვერცავინ ესენი აღწერნეს, და რომელთაცა ოდენ შეუძლონ, საეჭუელ მიჩნს მომავალთაგან შემდგომად არა დარწმუნებად. გარნა ლომი ბრჭალთაგან საცნაურ არს. და თამარ საქმეთაგან: ვის უნდეს ცნობად, იხილნეს ქალაქნი, ციხენი და თემნი სულტანთა სასხდომნი, მისგან ახმულნი, მზღვარნი, რომელნი მას დახუდეს მას გარეთ მისხა სამეფოსა ორად განფართებულნი, და ამისგან ცნას მეძიებელმან საქმეთამან, მერმე ცნას ერაყამდის ქუემოთ მისგან დადებული ხარაჯა და ბაღდადის კერძ მარღამდის, და თჳთ იგი ხალიფა შეშინებული და მოაჯე კმა არს ქუე-ჯდომით მოქმედისაგან.

ითქუმოდენ წერილისა: „მოაკლდენ ძალი ბაბილოვნისა და აღაშენა მთა ერმონისა, განქარდა კუამლი სუბაკთა და განძლიერდეს ბჭენი სილიმისანი.

ესევითართა წყალობათა შინა ღმრთისათა იშუება ერი ქრისტიანეთა, გარნა წუხდეს და იურვოდეს უნაყოფოებისათჳს თამარისა არამედ ღმერთმან, რომელმან მოხედნა პირველ მანოეს და აბრაამს, და მდედრთაცა ანნას და ელისაბედს. არა ყოვნა არცა აქა. რამეთუ შემდგომად მცირედისა ჟამისა დაორსულდა თამარ. და ცნეს რა ესე ყოველთა, იწყეს ლიტანიაობით ღმრთისა ვედრება, მარხვითა, ლოცვითა და ცრემლითა, რათა მისცეს ღმერთმან შვილი წული. რომელი-ესე იქმნაცა, და შვა შვილი ყოვლითურთ მსგავსი პაპისა. და დაარქუეს სახელი. გიორგი. და განიხარეს ყოველთა სიხარულითა მიუთხრობელითა.

და შემდგომად წელიწდისა კუალად დაორსულდა და შვა ასული, თჳსი შემსგავსებული, რუსუდან, რომლისათჳს კუალად უფროსი სიხარული შეიქმნა ყოველთა ზედა.

და უმეტეს გარდაემატა ბედნიერობით ქუეყანა ყოვლითა კეთილითა და განმარჯუებითა ლაშქართათა. იწყეს ყოველგნით რბევად სპარსეთისა და იქმნებოდეს განმარჯუებანი საკჳრველნი: ციხეთა მქონებელნი ბრძანებითა ოდენ დასცლიდეს, ტყჳსა და ალაფისაგან აღივსო ყოველი კაცი, ხოლო დაშთომილნი მათნი ვითარცა მელნი იმალვოდეს და ვითარცა მთხუნველნი ძურებოდეს მიწათა შინა.

შეიწრდეს ყოვლით-კერძო სპარსნი და უღონოებამან მოცუნა და მხოლოდ ერთიღა სასოება ცხოარებისა მოიპოვეს ესე იგი არს სიუდილითა ჴსნა თავისა. ამისთჳსცა შეკრბეს ყოვლით კერძო შეთქმულებითა, შეიღებნეს სამოსელნი და პირნი, და მივიდეს წინაშე ხალიფასსა, აუწყეს თჳსი ჭირი და აწუევდეს, რათა უბრძანოს ყოველსა სპარსეთსა შეწევნად მათდა. რომელი-ესე ყო ხალიფა: განახუნა ძუელნი საგანძურნი და იდუმალ წარავლინა კაცი ყოველსა შინა სპარსეთსა, მისსა ოქრო აურაცხელი, რათა შეკრიბონ ყოვლით-კერძო ლაშქარი ურიცხჳ. და მისცა ბრძანება რათა რომლისაცა სამთავროსაგან სპარსთასა არა წამოვიდენ, თჳთ მათ ზედა მისლვითა იავარ ყვნენ. ესე ესრეთცა იქმნა: იწყეს ამოღმართ რომ-გჳროს და ინდოეთისა და ქუემოთ სამარყანამდი და დარუბანდამდი. შეკრბა ესეოდენი, ვიდრემდის არცა რიცხჳ იცოდე; და ვერცა ერთსა თემსა დაეტეოდეს. შეკრბეს ადარბადაგანს და მაშინღა გაამჟღავნეს წაკიდება თჳსი.

ესმა ესე ყოველი თამარს და მოუწოდა ყოველთა ვაზირთა თჳსთა და შეიქმნა გამორჩევა. უბრძანა ჭყონდიდელსა ანტონის არა ავითა გულითა, არცა დედაკაცურითა სიტყჳთა, არამედ ესრეთ: „ისწრაფეთ დაწერად და მიმოდადევით, ბრძანება, რათა მსწრაფლ შემოკრბეს მჴედრობა. და კუალად მიუმცენით ყოველთა ეკლესიათა და მონასტერთა, რათა დაუცადებელნი ღამისთევანი და ლიტანიაობანი აღესრულებოდიან ყოველსა ადგილსა. და წარგზავნეთ, ფრიადი საფასე და საჴმარი გლახაკთათჳს, რათა მოიცალონ ლოცვად და მოწყალე ყონ ღმერთი, ნუ სადა თქუან წარმართთა: სადა არს ღმერთი იგი მათი“.

ესე უბრძანა და ბრძანება საქმე იყო. და ათსა შინა დღესა, ვითარცა გროი შავარდენთა, მოფრინდა ყოველი მჴედარი, ყოვლით-კერძო. სავსენი სიხარულითა რომელნი ძალით იპყრობოდეს თავთა შინა თჳსთა. შეკრბეს სომხითს შინა. და მივიდა თამარ და იხილნა. დაეყვნეს მცირედნი დღენი მათცა ლოცვისათჳს. მერმე რქუა მათ:

„ძმანო, ჩემნო, ყოვლად ნუ შეძრწუნდებიან გულნი თქუენნი სიმრავლისა მათისათჳს და სიმცირისა თქუენისა, რამეთუ ღმერთი ჩუენ თანა არს. გასმია გედეონისთჳს სამასნი და სიმრავლე ურიცხჳ მადიამელთა მათ მიერ მოწყუედილი, კუალად ასურასტანელთა ბანაი ლოცვითა ეზეკიელისითა წამსა შინა ანგელოზისა მიერ დაცემულნი? მხოლოდ ღმერთსა ოდენ მიენდვენით და გულნი თქუენნი სიმართლით იპყრენით წინაშე მისსა და სასოება ყოველი ჯუარისა მიმართ ქრისტესისა იყავნ. შეისწრაფეთ ქუეყანად მათდა შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და ძალითა უძლეველისა ჯუარისათა წარემართენით“.

ულოცა მათ და შეავედრნა ღმერთსა, წარუძღუანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონი ჭყონდიდელი.

ხოლო თჳთ წარიჴადნა სამოსელნი ფერჴთანი, და ფერჴივ შიშულითა ფერჴთა მიიწია ტაძარსა ღმრთისმშობელისასა მეტეხთა, და წინაშე ხატსა მას წმიდასა მდებარე არა დასცხრებოდა ცრემლითა ვედრებად, ვიდრემდის სრულ ყო ღმერთმან სათხოველი მისი.

რამეთუ შემდგომად მცირედთა დღეთა მოიწია სარგის მჴარგრძელი თმოგუელი და მოართუა სახარება ლაშქართა განმარჯუებისა და ყოვლითურთ უნაკლულოება მჴედრებისა.

არამედ აწ ჯერ არს მოჴსენებად, თუ ვითარი შეწევნა მოიღეს თამარის ცრემლთაგან სპათა ჩუენთა. შევიდეს უკუე ქუეყანაი მათდა, და იხილნეს განძას და შამქორს. საშუალ მდგომნი, რომელნი სიმრავლითა უმეტეს იყვნეს რიცხუსა, ვითარცა მკალნი.

მყის გარდაჴდეს ცხენითგან ყოველნი, თაყუანის-სცეს ღმერთსა, და წმიდასა ჯუარსა ევედრნეს ცრემლითა, და ვითარ არწივთა მიმართეს, და ვითარ ვეფხნი ეკუეთნეს. და პირველსავე წყობასა ათკეცი რაზმი მათი დაჴსნეს და შესდვეს მახჳლი მათი და ძალი ღმრთისა, და ვითარცა თაგუთა მოსრვიდეს, და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს დიდთა მათ ამირათა მათთა ბაღდადელთა და მუსშლელთა, ავრიელთა და ერაყელთა და ადარბადაგანელთა და ერანელთა და სხუათა მრავალთა ადგილთასა, რომელნი ნიჯადად ჰყვეს, ვითარ ვთქუა ინდოეთითგან მზარეულნი, წუერითა ზიდვით მოიყვანებდეს წინაშე დავით მეფეცა და იხილვებოდა დიდი საკჳრველი და გარდამატებული შეწევნა ღმრთისა, რამეთუ თჳთ მოიღებდეს საქონელთა მათთა და თჳთ მოსხმიდეს აქლემთა და ჯორთა კიდებულთა, და თჳთ იყვნეს მსახურ იავარისა მათისა და ნატყუენავისა.

ხოლო ათაბაგმან ბუბაქარ აქო თჳსი ღონე და ღონიერება, რამეთუ მიწევნულმან ჴნარცუსა სადმე მცირესა მიწასა შინა დაფლა თავი თჳსი.

ესრეთ მოწყალებათაგან ღმრთისათა აღვსებულნი მიიწივნეს განძად და გამოეგებნეს მოქალაქენი, თავთა თჳსთა მშჳდობა ითხოვეს და ქალაქი ნებსით შესწირეს. შეიყვანეს დავით დარბაზსა შინა, ტახტსა სასულტნოსა ზედა დასუეს, თანჯანობათასა სასულტნოსა უკრეს, და ღორის ჴორცითა დიდად ძალი პურობა გარდაიჴადეს. ყოველთა მას წინაშე განძელთა დიდი ძღუენი და ხარაჯა შესწირეს, გაჴსნეს საჭურჭლენი მათნი და მრავალი ტურფა ფიალ-ჯამი და ფეშხუმები სხჳსა თანა განძისა მრავლისა წარმოიღეს. და გარეგან ქალაქისა დაიბანაკეს მცირედთა დღეთა, რამეთუ ეძიებდეს ათაბაგსა და ვერა პოვეს.

ეგრეთვე შამქორელთა ითხოვეს მშჳდობა და მონება.

აქა ვერ კეთილად განაგეს ზაქარია და ივანე, და ესეოდენ იქმნა დაკლება ამას განმარჯუებასა შინა. იყო ვინმე კაცი სპარსი შარვანშეთ სიძე სახელით მირმირან. ესე შემოხუეწით იყო წინაშე თამარისსა სათხოველისა რომლისათჳსმე და მაშინ დავითს წნაშე სამსახურად. ამან მირმირან გამოითხოვა განძა ცნობადმდე თამარისსა და მისცეს შესანახავად.

რაჟამს ბუბაქარ ცნა ჩუენთა ლაშქართა შინამოსლვა, გამოჩნდა და განძელთა ქალაქი მასვე მისცეს, თუმცა მირმირან შიშითა ცოცხალი გამოუშუეს. ვითარცა ვთქუ.

მცირენი რა დღენი გარდაჴდეს, წარმოემართნეს ლაშქარნი დიდად მოხარულნი ულუმპიანსა ამას ზედა ძლევასა, ფრიად უაღრესსა საქებელისა მისგან ძლევისა, რომელი ყო ალექსანდროს დარიოსს ზედა.

ვითარცა მიეახლნეს, მოძიებოდა მათ თამარცა, რამეთუ მოსრულ იყო სარგის თმოგუელი მახარობელად. იხარებდა და მადლობდა ღმერთსა, მოიკითხვიდა თჳთეულსა, ვითარცა შვილთა. და იშუებდეს იგინი ხილვითა მისითა.

აღივსნეს ყოველნი ველნი გარემო ტფილისისა და ვერღარა იტევდა კაცსა, ცხენსა, ჯორსა და აქლემსა. და ესეოდენ მოსაწყინელიცა იყო სიმრავლე იგი ტყუეთა, ვიდრემდის შეიყვანიან ქალაქად და ერთად კუტლად ფუკისად გაყიდიან. და ამისი მოწამე თჳთ იგი ღმერთი უტყუელი არს, და რათა არა ტყუილი ვისმე ეგონოს და ზღაპარი გიჩნდეს თქმულნი ესე მომავალთა ჟამთა.

ნამდჳლვე ერმიონთასა უსახელოვნესთა მათ კაცთა, ზაქარია და ივანე, აიღეს. ფანჯიაკი სამეფოდ და განაწყვეს ველსა დიდუბისასა ავჭალამდი აქლემი ყუელა ტჳრთითა, ცხენი ყუელა შეკაზმული. ეგრეთვე ყოველნი იგი ამირანი თჳს-თჳსითა დროშითა: პირველად ხალიფას დროშა, მერმე ათაბაგისა შემდგომი - შემდგომად. გააწყუეს კარითგან ქალაქისათა ჴევამდე გლდანისა ტყუე ყოველი განიყვანეს თამარ, და შესწირეს, და ათაყუანეს ყოველნი იგი თავნი სპარსეთისანი. მერმე თჳთცა თაყუანისსცეს და მიულოცეს ბედნიერი მეფობა ღმრთისა-მიერი.

ამისსა შემდგომად შევიდეს ქალაქად, და თჳთეულმან იწყო ძღუენთა მოღებად: ოქროსა და სამკაულისა, და ჭურჭელთა მისთა, თუალთა პატიოსანთა და მარგალიტთა უსასყიდლოთა, ჯაჭუთა, მუზარადთა, ჴრმალთა ამათ გამოცდილთა, ნაქსოვთა ფერადფერადთა, ოქროქსოვილთა და შესამოსელთა მრავალ-სასყიდლოანთა, ცხენთა და ჯორთა, მანიაკთა ოქროსათა თუალიან-მარგალიტიანთა, სულნელთა მრავალფერთა და ალვისა ხეთა სპილენძებითა ტჳრთულად. იწყეს ანაკოფის ციხით ვიდრე ციხედმდე გულისტანისა. სეფენი აზნაურთანი აღივსნეს ტყჳთა რჩეულითა, და ყოველნი საგანძურნი ოქროთა, ვითარცა მიწათა, და ინდოურითა ქვითა, და პატიოსანთა მარგალიტთა მიერ ურიცხუთა.

გარნა ამას ყოველსა ზედა აღზუავნა გული თამარისი, განლაღნა ერთგზისცა წარბთა აღებითა? არა. ნუ იყოფინ არამედ უფროსად დამდაბლდებოდა წინაშე ღმრთისა მადლობელი და მოქენე მისგან წყალობისა, აღავსებდა ჴელსა მოქენეთასა და წიაღებსა გლახაკთასა, განამდიდრებდა სამზრუნველოთა ეკლესიათა, ქურივთა და ობოლთა და დავრდომილთა, ზოგად ყოველთა ზედა. ღმრთისა ჴელობად მიუპყრობდა მასვე ძღუნად, რომელმან არწმენა განგებად, და მასვე მიუზღვიდა, რომელი მისცემდა მდიდართაგან და მოუკლებელთა წიაღთა. ძუელთა აუმსგავსოებდა თჳსთა საქმეთა ზედა, ახალთა წარჴდებოდა, ვითარცა უახლესთა მოქმედი, ვინა ზემოვე ვთქუა, არამედ ჩუენ ვიტყოდეთ წერილისასა: იყო სიმტკიცე ქუეყანასა ჩუენსა და მშჳდობა თავსა მთათასა.

არა ოდენ ქუეყანა იავარსა განადიდებდა თამარ, არამედ სარწმუნოება განმტკიცნებოდა, წმიდანი ეკლესიანი შეიმკობოდეს მრავალფერთა მიერ სამკაულთა, ლოცვათი და ღამისთევანი განმრავლდებოდეს, უფროსღა თჳთ პალატსა შინა წმიდათა საიდუმლოთა სრულყოფანი მიმდემნი. და რასა მრავალსა ვიტყოდი? წყალობა ღმრთისა განმრავლდებოდა და ყოველი სიბოროტე ეშმაკისა მოუძლურდებოდა.

ყოველნი თჳს-თჳს იღუწიდეს, რათამცა თამარ მოიმადლეს და ვინაცა გამოაჩინნეს საქმეთა შინა საქებელთა. მონაპირენი, რომელნი იყვნეს, ღამეთა დაღეთავე ზედა დართვიდეს შეუსუენებელად, და რომელნი შიგნით იყვნეს იგინი სანაპიროთა იაჯდეს.

და ესევითარმან გულს-მოდგინებამან და მოსწრაფებამან ყოველთამან ესევითართა მიაღწია სამეფო:

რამეთუ პირველ ქუემოთი სანაპირო გაგი იყო, რომელნი ჰქონდა ზაქარიას. მჴარგრძელსავე, ვარამის მამასა, და ესენი მუნ მოინაპირობდეს, კაცნი მჴნენი, ბრძოლასა შინა მრავალგზის გამოცდილნი და განმარჯუებულნი, და შიშითა ღმრთისათა და პატრონისა ერთგულობითა დიდად საქუბელნი.

ამოღმართ ძორაკერტი იყო და ტაშირი, სადათ ზაქარია და ივანე დაიწყეს პირველად ბრძოლა ლომურად ზემოთ, და ქუემოთ, და ყოველსა ადგილსა.

და ზემოთ ჯავახეთი, სადა სარგის მჴარგრძელივე თმოგუელი და შალვა თორელი მონადირობდეს.

ზედათ არტანი, სადა მესხნი მონაპირობდეს, რომელთა შორის იყო ყუარყუარე, სამცხისა სპასალარი, ჯაყელი, კაცი დიდად გამარჯუებული და ერთგული მეფეთა.

შავშეთით სპერით კერძო ფანასკერტი იყო. ამის შავშეთისა ღადოთა შინა გამოჩნდა ვინმე კაცი ასპაანის-ძე, გუარითა არა უაზნო და ქცევითა და არცა, ღმერთო, უბედო. ამას ზაქარია ერქუა სახელი. არცა სახელსა არცხჳნა, არცა პატრონისა წყალობა აუქმა თჳსსა ზედა, გარნა საქებელთა ზედა შერთო თავი. მარტოდ იქმოდა მრავალთა და დიდთა საქმეთა: აიღო ბანა, ხახული და სხუანი მრავალნი სახელოვანნი ციხენი და ადგილნი.

ქუემოთ ნაპირის კერძ გრიგოლის-ძენი, და უფროსღა ტბელი, და მაჴატლისძენი მონაპირობდეს, რომელთა შიშითა განძას და ბარდავს ყრმა მცირე ვერ აუტირდებოდა დედასა, და ვერცა თურქნი იორის პირსა და მტკურის პირსა საძოვარსა აწყენდეს.

ესე ყოველი რა გესმოდის, ნუ ვინ ესრეთ ჰგონებთ, თუმცა თჳნიერ თამარისსა რამე ქმნილ იყო ვისგანცა, არამედ ესრეთ განიგონე: მონაპირეთა მონახიან საქმე, ანუ ციხე ასაღებელი, ანუ თურქმანი შემოდგომილი, ანუ ქალაქი განსატეხელი, ანუ ქუეყანა მოსარბეველი, მოაჴსენიან თამარს და მან გასინჯის საქმე იგი და გამოიკითხის. უკეთუ ღირს იყვის შეყრასა ლაშქართასა, უბრძანის ზაქარიას და ივანეს და. შეყარნიან ლაშქარნი, თჳთ დავით მეფე წავიდის და არა სადათ შემოქცეული ცუდად. უკეთუ უმცირესი რამე იყვის, მყის შესხნის დარბაისელნი თჳსნი და, ვითარ შავარდენთა, მოისაქმიან. თუ თჳთ იყვის ანუ მინდორით ნადირობასა შინა, ანუ შინა მყოფსა და ესმის რამე, და შესხნის მუნ ღირსნი მისნი, ვითარ არწივთა კაკაბნი ეგრეთ, დანაბნიან ყოველნი წინააღმდგომნი.

არცა თჳთ უჴმობდა და არცა თჳსთა ყმათა აუმებდა, ვითარ-იგი იტყჳს ვინმე ჟამთაღმწერელი ალექსანდრესთჳს. და ამან სარწმუნო ყოს სიტყუა ესე, რამეთუ დიდად სახელ-განთქმულისა ქალაქისა ტფილისისა შემოსავალი წელიწდისა მასვე და ერთსა წელიწადსა არა ეყვის გასაცემრად მახარობელთა ზედა. მრავალგზის და ერთსა მასვე დღესა სამნი და ოთხნი მოვიდიან მახარობელად. და, თუ ვითარ, ისმინე: ქმნიან რამე ერთი საქმე და წარმოავლინიან ამბავი გამარჯუებისა; და მას დღე მას არა დასჯერდიან და კუალად სხუა რამე წარუმართის ღმერთმან და სხუაცა მახარობელი წარმოგზავნიან. და სხუანი ესევითარნი აურაცხელ არიან, რამეთუ ზემონი სხუათა იქმოდიან, ხოლო ქუემონი სხუათა, და ერთსა შინა დღესა მოიწიის მრავალი ამბავი და მახარობელი, რომელთა ნამეტნავ არს და შეუძლებელ არს აღწერა, ესე ღმერთმან უწყის თჳთ.

ამას ყოველსა დაუშრომელად და მოქმედებდა, არა თჳსისა ქონებისა მოქენე იყო და არცა სამეფოდ იმჭირვიდა ესეოდენთა ქალაქთა და ციხეთა, არამედ თჳთ მათვე მისცემდა, რომელთა აუცალოებდა, თჳსთა ლაშქართა, ვითარ წამებს დიდი და სახელგანთქმული სახლი სომეხთა მეფეთა ანისი, რომელი წარუღის სპარსთა შანშეობისა თანა მრავალჟამ მათგან ქონებული, ხოლო სპარსთა სახლი სახელოვანი დვინი და ამათ ორთა პირთათჳს იქმოდა: პირველად, რათა მარადის გული უთქუმიდეს და შური აიღონ ერთმანერთისა წარმართთა შეძინებისათჳს თჳსისა, და მეორედ, რათა მოუკუეთოს ყოველი მიზეზი, რომელი დაჴსნის ერთგულობასა.

და კუალად ამისთჳს არა უდებებდა, რათა არა მოცლილთა განსუენებად სიჩუკნედ განსცენ თავი და სხუათა განზრახვათა დამოეკიდნენ, ვითარცა სიმდიდრითა ალაღებულთა, ანუ ერთი-ერთისა მტერობად მოიცლიდეს და ბრძოლად, ვითარ ყვესცა ვიეთმე დაწყებასავე ამისსა მეფობისასა მისვე დრკუსა ძირისა ნაყოფთა ლიპარიტეთთა, შვილთა კახაბერთა, რამეთუ იწყეს ძმაცუად და ბრძოლად მახლობელთა თჳსთა, რომელთა არცა მხილებულთა შეიგონეს, არცა წყალობათაგან თამარისთა შეიკდიმეს, არამედ ძუელად მათთჳს დაწერილი კუალად განახლდეს და კუდსა ძაღლისა, გინა კუთხსა ფლასისასა ემსგავსებოდეს. და ქმნესცა დიდი ბოროტი: და ორნი ძმანი ანტონი ჭყონდიდელისანი დაჴოცნეს და ამით შეაწუხეს მართალი იგი და განარისხეს თავთა თჳსთა ზედა ღმერთი და თამარ, რამეთუ ჭალასა მდგომმან, მოუწოდა ხუთთავე, და სიბრძნითა თჳსითა შეიპყრნა და თჳთო თჳთოსა ციხესა შესუა, რათამცა განიწუართნეს. არამედ იგინი იგივე იყვნეს, ამისთჳს ექსორია ყვნა მაკედონიას საბერძნეთისასა და მუნ მოსწყდეს ყივჩაყთა მიერ კარგნი ჭაბუკნი ბრძოლასა შინა, ვითარცა გუესმა.

ამისთჳს არავის მისცემდა მოცალეობასა: ანუ იყვნიან წინაშე მისსა, ახარებდის და საბოძვარითა ღირსებისაებრ სწყალობდის და განუსუენებდის, ანუ თჳთ წარუძღჳს, იორის პირი და მტკურის პირი მოინადირის. მერმე დასოს შემოდგის და მუნ იხარებდიან, ვიდრემდის თოვლმან არა დაამძიმის კარავი. მუნით სომხითს შემოვიდიან, ნადირობდიან ამოთა თამაშითა. და ამას შინა თუ რამე სადით ესმის ანუ ნახიან, ყოვლად არა მომედგრდებოდეს განსუენებისა ძალითა, არცა რას დააცადებდეს, რომელიცა რა წინააღმდგომი ცნიან სამეფოსა და თამარისი.

აივსებოდა ნილოსი და იეფობდა ეგჳპტე მოაკლდებოდა ისმაელს, განიქიტნებოდა აღარ, იკურთხეოდა ისაკ. ესე სხუამან ვინმე სხჳსათჳს თქუა, და მე აქა ამისთჳს წინასიტყუა ვყოფ, რამეთუ მოაკლდებოდა ძალსა მოჰმადიანთასა, და მცემელიცა ებანსა, რამეთუ ქრისტიანეთა ორღანონი ჴმოვანობდეს კიდით კიდედმდე. დაშრტა სასოება მუსურმანთა, და ყოვლითურთ უღონონი ღონე-ყოფდეს, რათა წყალობად მოიზიდონ წყალობის-მოყუარე თამარ. ამისთჳს კუალად წარვიდეს ხალიოასა, არღარა პირველებრ, არამედ ფრიად შეცვალებით. და შესახუეწელთა სიტყუათა მოაჴსენებდეს, რათა ავედროს თამარს აღებად ხარკისა ოდენ, მახჳლი მსრველი დააყენონ და ჯაჭჳ შემკრველი. რომელი-ესე ყო ხალიფამან და წარმოავლინა მოციქული ორგზის ამის პირისათჳს. და დიდნი და მრავალჯერნი სამეფონი ძღუენნი უცხონი წარმოგზავნნა, და დიდითა სიმდაბლითა შემოეხუეწა თამარს, რათა აღიღოს ხარკი და დააცადოს რბევა. ისმინა თამარ ამისი ვედრება. და ესრეთ მისცა პასუსი: „აღმისრულებიეს თხოვა შენი და, რომელთაცა ინებონ მშჳდობა თავთა თჳსთა და მოიღონ ხარკი წინაშე ჩემსა, ამათდა მიმინიჭებიეს მეცა ცხოვრება ვედრებისათჳს შენისა“. რომელი-ესე ესრეთ იქმნა.

 


<< წინ

სარჩევი

შემდეგ >>