ესე იჩემებდა ზაკჳთ სიყუარულსა, და გვლანიდა მოციქულთა მშჳდობისათჳს მრავალჟამ, და ძღუენთა შუენიერთა მრავალთა, ეგრეთვე თამარ ჰყიფდა, ნაცვალსახედ მოციქულთა წარავლენდა ძღუენითა გარნა იგი ზაკუასა ჰფარვიდა, და ფიცთა მიერ განმსტრობად მოსწრაფე იყო ამის სამეფოსა.
განახუნა პაპა-მამურნი საუნჯენი და გამოყარნა ოქრო აურაცხელნი და წარგზავნიდა ოქროთა შეკრებისათჳს მჴედრობისა, და ამცნებდა, რათა ორსა კეცსა მისცემდენ გაჩენილისასა. და წარავლინნა ყოველთა რა ზღვართა თჳსთა, და იწყო მესოპოტამიას და კალონეროთ, გალატიას, ღანგრას, ანკჳრიას, ისავრიას, კაბადუკიას, დიდსა სომხითს, ბითჳნიას და საზღვართა ფებლაღონისათა, და არა დაუტევა თჳნიერ დედაკაცისა სოფელთა შინა მათთა, არამედ ყოველნი აამჴედრნა.
ხოლო თჳთ ამოისწრაფა და მიიწია უჯად სახელდებულთა მათ თურქთა თანა რომელ არიან მჴნე ბრძოლასა შინა და არიან სიმრავლითა ვითარცა მკალნი, გინა ჯინჭუელნი. ამათ მისცნა ოქრო მრავალნი, და კუალად ნიჭნი დიდნი ესეოდენ, ვიდრე ასი ათასი მჴედარი შეკაზმული გამოიყვანა მათგან.
და კუალად მიირთნა, თჳნიერ ნებისა მათისა, შიშით, ეზინკელნი, ხალფერდელნი და კარნუ-ქალაქელნი; სალდუხის ძე რომელსა ნაცვლად მსახურებისა მიუღო კარნუ-ქალაქი. და თჳსი ძე დასუა მუნ.
ვითარცა იტყჳან გძღარბისათჳს ჴმელისასა, შვილ-მრავალ არს ცხოველი ესე და, რაჟამს იხილნეს ნაშობნი თჳსნი მრავალად, გამოვალს ბუდით თჳსით მართუეებით და განაწყობს და გოდლოის მათ ზედა. ხოლო ეგრეთვე ყო ნუქარდინცა: იხილნა რა ფრიადი იგი სიმრავლე შეკრებულად, რომელთა ზეშთა იყო რიცხჳსა, აღზუავნა გულითა, მსგავსად სენაქერემისა, და ამაღლდა ღმერთსა ზედა, და არა შეიშინა პირველთა მათ მზაკუართა ფიცთაგან და სიყუარულისა აღთქუმათა, არამედ ფრიად წინა-უკუმო განმზადა თავი თჳსი და მოიწია ქალაქად სევასტიად, და იწყო მუნ განმზადებად საომართა მანქანათა.
„მე ნუქარდინ. სულტანი ყოვლისა ცისა-ქუეშისა უმაღლესი, მიმსგავსებული ძლიერებასა ანგელოზთასა, თანამდგომი ღმრთისა, მოვლინებული მოჰმედისაგან მოგიმცნობ მეფესა ქართველთასა თამარს.
„და კუალად ნათესავსა ზედა თავისუფალსა დადებად ხარკი ყმებური. და აწ მე მოვალ, რათა უსაჯო სამართალი სახლსა სპარსთასა და განგწუართო შენ და ერი ეგე შენი არაოდეს კადრებად აღებად ჴრმლისა, რომელი ღმერთსა ჩუენდა უბოძებია. ხოლო ცხოვნებით იგი ოდენ ვაცხოვნო, რომელმან უწინარეს მოსლვისა ჩემისა თაყუანისმცეს წინაშე კარვისა ჩემისა და აღიაროს ქადაგება მოჰამად მოციქულისა, და უარ ყოს სჯული შენი და ჴელითა თჳსითა იწყოს წინაშე ჩემსა ლეწად ჯუარისა, რომლისა მიმართ დაგიცთ ცუდი სასოება, და აწ მოელოდი ნაცვალსა ჩემსა, რომელი შეამთხჳე სპარსთა“.
წიგნი ვითარცა მიართვეს და იხილა თამარ, ყოვლად არცა აჩქარდა, არამედ სხუა ეზეკია იქმნებოდა სიმდაბლითა და განმარტა წიგნი იგი წინაშე ღმრთისა, სულთ-ითქუნა სიღრმით გულისათ და ცხელთა ცრემლთა დამოდინებითა, და ღმრთისა მიმართ სასოებისა დამდებელმან მერმე მოუწოდა მაშინ რომელნიცა დახუდეს, და ეზრახა მათ ამის პირისათჳს, არცა ჩუკნად, არცა მდედრად, არცა განუბრძნობელად.
და ბრძანება და წიგნები ქროდა მალე-მსრბოლთა. და ცოტათა შინა დღეთა შემოარბეს ვითარცა ვეფხნი სიკისკასითა და ვითარცა ლომნი გულითა. ქრისტესა ღმერთსა ესვიდეს და არღარა ყოვნეს, არამედ მსწრაფლ მიმართეს ტაძარსა ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისასა [ვარძიას. და ვარძიისა ღმრთისმშობელსა წინაშე ცრემლით შევედრნა სოსლან დავით და სპა მისი, და დროშა ბედნიერად ჴმარებული, და წარგზავნა ვარძიით ლაშქარნი], რომელთა თჳთ თამარ უძღოდა წინა შიშულითა ფერჴითა და ცრემლითა ასოვლებდა ღაწუთა თჳსთა. და წარუძღუა ბასიანის კერძოთა და მიიწივნეს. მახლობელად კარისა, და დადგეს დღისა ერთისა სავალსა.
„ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა მინდობილმან, და მარადის ქალწულისა მარიამის მვედრებელმან, და პატიოსნისა ჯუარისა სასოებით მოსავმან წარვიკითხე ღმრთისა განმარისხებელი წიგნი შენი ნუქარდინდა. ვსცან სიცრუენი შენნი რომელთა ბჭე ღმერთი იყოს; არა გასმიესა, რამეთუ ყოველი ცრუდ მფუცავი სახელსა ღმრთისასა მის მიერ აღიჴოცოს?
შენ ოქრისა შეკრებულთა სიმრავლისა მევირეთა მინდობილ ხარ უმეცარი მსჯავრსა ღმრთისასა. ხოლო მე არცა სიმდიდრეთა, არცა სპათა ჩემთა სიმრავლესა, არცა რას სხუასა კაცობრივსა საქმესა მინდობილ ვარ, არამედ ძალსა ღმრთისა ყოვლისა მპყრობელისასა და შეწევნასა ქრისტეს ჯუარისასა. რომელსა შენ ჰგმობ.
ესე-რა-ვითარი შემოგეთუალა. წარმომივლენია მჴედრობა ქრისტეს მოსახელე, არა შენდა თაყუანის-ცემად, არამედ დამჴობად შენდა ზუავისა მაგის და ამპარტავანისა გულისა შენისა, რათა განისწავლო ღმრთისა მიერ არღარა გმობად სახელსა მისსა. იყავნ ნება ღმრთისა და ნუ შენი! სამართალი მისი და ნუ შენი! ხოლო მე უწყი დაჴსნილობა მსახურთა შენთა. ამისთჳს წარმომივლენიეს მსახური ჩემი, რათა წიგნისა შენისა პასუხი ადრე მოგართუას და განგაკრძალოს, რამეთუ ჩემ მიერ წარმოვლენილთა სპათა ფერჴნი ესერა კართა შენთა ზედა დგანან“.
მისცა ესევითარი წიგნი, და მერმე შემოსეს და უბოძეს ნიჭი. და წარავლინა მოციქული სულტნისა.
ხოლო თჳთ უბრძანა. თჳსთა სპათა ყველთა შესხდომა, და თჳთ განვიდა უმაღლესსა ადგილსა, სადათ ყოველთა ხედვიდა, და დავარდა მუჴლთა თჳსთა ზედა დიდხან, და ტიროდა წინაშე ღმრითისა. მერმე, აღდგა რა, იხილვებოდა ადგილი იგი ყოვლად დალტობილად ცრემლთაგან მისთა.
მერმე მოიყვანნა წინაშე თჳსსა ყოველნი წარჩინებულნი და უბრძანა ერისთავთა, რათა თჳთოეული მათი მოვიდოდის წინაშე წმიდასა ჯუარსა და თაყუანის-ცემდენ და შეემთხვეოდიან. და იწყეს მოსლვად ყოველთა და ტირილით ვედრებად, და თაყუანისცემად პატიოსნისა ჯუარისა, და ამბორის-ყოფად, და ეგრეთვე შემთხუევად ჴელსა თამარისსა. და ანდერძ-ყოფდეს ყოველნი სახლთა, შვილთა და სულთა წინაშე მისსა. რამეთუ ერთითა ჴელითა თჳთ მას ეპყრა ძელი ჯუარისა, ხოლო ერთითა ეზოსმოძღუარსა ბასილის და ჯუარის-მტჳრთველსა. სრულ იქმნა რა ყოველთაგან ესრე სახედ თაყუანისცემა ჯუარისა, მერმე თჳთ მიიქუა პატიოსანი იგი ჯუარი ჴმლითა თჳსითა, და ამჴედრებულთა ზედა ყოველსა მჴარსა ნიში ჯუარისა გამოსახა სამგზის, დაულოცა, და ეგრეთ წარემართნეს მინდობილნი ღმრთისანი და თამარის ცრემლთანი.
და მეფე თამარ მოიქცა სამცხეს, და მოვიდა ოძრჴეს, და მოიცალა ლოცვად და მარხვად. მუნ იყო წინაშე მისსა თევდორე, ქართლისა კათალიკოსი, კაცი წმიდა და სახიერი, და მას თანა მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი, ღმრთისა სათნონი,
იყვნეს მიმდემნი ღამისთვანი და ლიტანიობანი.
აწ ჯერ არს მოჴსენებად, ვითარ იგი წყალობა ყო ღმერთმან ერსა თჳსსა ზედა მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისათა და შეწევნით ცხოველს-მყოფელისა ჯუარისათა. ხოლო ვითარ მიიწივნეს ქუეყანად ბასიანისა, მუნ იყო სულტანი დაბანაკებული
ესრეთ ნებიერად მდგომარე იყვნეს, და არა უდგა დარაჯანი სულტანსა. მუნ დააწყუეს რაზმი ქართველთა და მუნ წინამბრძოლად იყო ზაქარია მჴარგრძელი ამირსპასალარი, და ახალციხელნი შალვა და ივანე, და სხუანი თორელნი. და ერთ-კერძო აფსაზნი და იმერნი, და ერთ-კერძო ამერნი და ჰერ-კახნი. და ვითარ იხილეს სულტანი ცოტად ცხენნი ააჩქარნეს და მიმართეს. ხოლო ვითარ იხილნეს სპარსთა, რამეთუ აუზიდავად მიდიოდეს, დააგდეს სადგომი. მათი, და სიმაგრეთა მიმართეს, რამეთუ მიავლინა მათ ზედა ღმერთმან შიში დიდი. ხოლო ქრისტიანეთა იხილნეს რა მათ წინაშე გაქცეულნი, მიეტევნეს, და არა უტევნეს წარსლვად, არამედ გარემოიცვნეს.
მაშინ ვითარცა იხილნეს ლაშქართა თჳს-თჳსნი პატრონნი ქუეითნი, გაწირნეს თავნი სიკუდილად, ჩამოჴდეს ცხენისაგან და პატრონთა მათთა გუერდსა დაუდგეს, ქუეითნი ქუეითთა და ეგრეთ ძლიერი ომი შეიქნსა. და ვითარ იხილა დავით მჴნემან, მორიდა ერთ-კერძ, და მარჯუენასა მჴარსა მორიდა ზაქარია მჴარგრძელმან. და ვითარ ქართველთა განეშორნეს, რათა არა ცხენთა მათთაგან დაითრგუნენ ქუეითნი ქართველნი, და მიმართეს სპარსთა-კერძ მსწრაფლ მიეტევნეს ერთკერძო სოსლან დავით და ერთ-კერძო ზაქარია, და ვითარ მგელნი ცხვართა, ეგრეთ შეუცვივდეს ურიცხუთა მათ სპათა სულტანისათა.
და პირველსა მოკიდებასა და ხეთქებასა ჴრმალთასა მოხედა წყალობა აურაცხელმან ღმერთმან მოსავთა ჯუარისათა, და განადიდა დიდება დავითისი და თამარისი ვარძიისა ღმრთისმშობელმან. და ანაზდად ეგეოდენი იგი სიმრავლე განსქდა. იძლია და დაიპანტა და ამას გუანდა თუალგარდაუწდომელი იგი ლაშქართა სიმრავლე, ვითა მაღნარი მიწითურთ მოგლეჯილ იყო და განქცეულ, და სადათცა თუალი მისწუთებოდა. ყოველგან ტყეთა მსგავსი ლაშქარი იხილვებოდა ლტოლვილად.
ხოლო ჯერ არს ამისიცა მოჴსენება, რომელ მეფისა თამარისა ოძრჴეს ყოფასა შინა იყვნეს. რა მიმდემნი ლოცვანი და ღამისთევანი ლაშქართა გამარჯუებისათჳს, დღესა ერთსა აღესრულა რა საღმრთო ჟამის-წირვა ზემოჴსენებულისა ევლოგის მიერ, განკჳრვება დაეცა ევლოგის, და იწყო ღაღადებად სულელის მსგავსად, და იწყო აღმართ ხედვად. და ვითარ ხედვიდა ევლოგი, ჴმა ყო ევლოგი ჭმუნვის სახედ და სამგზის დაეცა. და მეყსეულად აღხლტნა და აღიტყუელნა ჴელნი: „აჰა, დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ჴელნო ევლოგისნო. სპარსთაგან არა გეშინის განუტევეთ, რათა ვიდოდის მშჳდობით“. ცნეს ყოველთა რამეთუ წინასწარმეტყუელელბით იყო სიტყუა მისი. არამედ ევლოგი არავის რა გამოუცხადა საიდუმლო თჳსი, თჳნიერ იოანე შავთელსა. რამეთუ მას ოდენ აუწყა, ვითარმედ ჟამსა ამას მოსცნა ღმერთმან ბარბაროზნი საძლეველად ჴელთა ქრისტიანეთასა. და მყის წარვიდა ევლოგი პირისაგან მათისა და დაიმალა.
რამეთუ მისცნა ღმერთმან ჴელთა მათთა, და იხილვებოდა საქმე საკჳრველი, რამეთუ თჳთ იყვნეს მსახურ თჳსისა შეკრვისა, რომელნი განერნეს პირსა მახჳლისასა. უდიდესი მათი შეიკროდა უმცროსისა მიერ თჳსსა, და უწარჩინებულეს მათი, მოიყვანებოდა გამობმული ძუასა ცხენისასა, და ერთითა საბლითა ერთისა მიერ კაცისა შეიკროდა ოცი, და თმითა გამოებმოდა ერთი-ერთსა, ყრმისა მიერ მცირისა უმჯობესნი მბრძოლთანი მოიყვანებოდეს ვითარცა თიკანნი. გამოიძივნეს ყოველნი ადგილნი, და გაქცეულთა ჴოცდეს, ხოლო ნეშტთა ვითარცა მართუეთა ქათამთასა მოჰკრეფდეს და გაუშუებდეს აურაცხელსა სიმრავლესა. რამეთუ ასსა სპარსსა ერთი ქრისტიანე ხელით მიხუდებოდა წარმომყვანელად.
ესეოდენი დიდებული ძლევა მიმადლა ღმერთმან ცრემლთა და სასოებისა სიმტკიცეთა თამარისთა. ხოლო ესე ყოველი რა ესრეთ იქენა, მერმე მოუჴდეს ბარგსა მათსა, რამეთუ არა იყო განცდა და აღრიცსვა სიდიდეთა ოქროსა და ვეცხლისა ჭურჭელთა, ნაქსოვთა სიმრავლე აურაცხელი, სასმურნი ოქროსანი. თუალ-მარგალიტოვანი ლანკნები და პინაკები, ლაგჳნებისა და ქუაბებისა თანა ყოვლითურთ სავსეთა მიუწდომელითა ალაფითა. ხოლო ცხენ-ჯორისა და აქლემებისა სიმრავლე და კარავთა და საფენელთა სიმრავლე და ურიცხველობა, რომელ დაყარეს, ვინ-მე აღრაცხნესა რამეთუ სავსე იყო ყოველი საბანაკო მათი.
ამისა შემდომად შეეკაზმა მოქალაქეთა დიდითა მოკაზმულობითა ქალაქი ტფილისი, და შევიდა თამარ და დავით ვითარცა მზისა შარავანდედი მიფენითა, და შეიღეს დროშა ნუქარდინისი. შეიყვანეს პირველად ეზინკელი, და მერმე სხუანი იგი წარჩინებულნი მოიყვანნა, რომელნი სთნდეს, წინაშე თჳსსა. თამარ ყოველთა ნუგეშინის-ცა და დიდად სახელოვნად სერითა ისტუმრნა და უბოძა ყოველთა შესატყჳსად. და წარგზავნა ციხეთა შინა ყოველსა ადგილსა, თჳნიერ ეზინკელისა. არამედ იგი დაიმჭირა ტფილისს პატიმრად, პირველისა პატივისა და სიყუარულისა მისისა წილ, ხოლო უკანასკნელ ეგეოდენი სახელოვანი კაცი და დიდებული განყიდა ნალად ცხენთა, რომელი-ესე ყო თამარ პატივად სახლისა თჳსისა და დიდებად, რომლის არაოდეს. ვისგან ქმნილ იყო დასაბამითგან. ესე ყო დიდებად და საჴსენებელად თჳსა.
აწ კუალად აღივსნეს ყოველნი საგანძურნი სამეფონი ოქროთა და ჭურჭლითა ოქროსათა, რამეთუ მიწისა მსგავსად შეასხმიდეს ოქროსა, ხოლო თუალსა და მარგალიტსა წყჳთ დასდებდეს, ხოლო ოქრო-ქსოვილთა ბერძულთა და სხუათა ნაქსოვთა ძჳრად საპოვნელთა, ვითარცა ცუდთა სამოსელთა, ურიცხუთა დაყრიდეს. ხოლო ვეცხლისა ჭურჭელთა არღარა აქუნდა პატივი პალატსა შინა მეფისასა, რამეთუ ყოველი ოქროსა და ბროლისა წინადაგებული იყო, ინდოურთა ქვათაგან შემკობილი, რომლითა აღავსნა ყოველნი ეკლესიანი, რომელთა მიანიჭა სამსახურებელად სიწმიდდეთა საიდუმლოთასა და აღავსნა ყოველნი ჴელნი მთხოველთანი, და განაძღნა ყოველნი გლახაკნი და აღუვსო წიაღნი მათნი უხუებით.
ესრეთ ადიდებს ღმერთი მადიდებელთა თჳსთა, ესრეთ აღამაღლებს წინაშე თჳსსა მდაბალთა, ესრეთ შემწე არს მონათთა მისთა, ესევითართა ნიჭთა მიანიჭებს მინდობილთა თჳსთა, რამეთუ არარაჲ სხუა დაიდვა თამარ გულსა თჳსსა, ვითარ „დასაბამი იგი სიბრძნისა, შიში ღმრთისა“ და სამართალი და წყალობა სწორად ყოველთა ზედა.
იყო დღეთა მისთა სიმართლე და მრავალი მშჳდობა, განაფინა მადლი ბაგეთა მისთა. ამისთჳს აკურთსა იგი ღმერთმან უკუნისამდე და დაადგრა თავსა მისსა გჳრგჳნი პატიოსნობისა, და დასდვა წელთა მისთა მახჳლი ძლიერებისა და წარემართა სუფევად უკუნისამდე ჭეშმარიტებისათჳს, სიმშჳდისა და იმართლისა. ჯერ არს ამისთჳსცა თქმად, ვითარმედ ქმნნეს მრავალთა დედათა მოღუაწება და ძლიერება, არამედ არაესრეთ ვითარ ამან: არა ვერაგობისაა ღონითა აცხოვნებდა ერსა თჳსსა, არამედ სიბრძნისა წინაძღომითა, და სიმართლითა, და უმანკოებითა დავითიანითა, სიმშჳდითა იაკობის მსგავსითა, სიუხჳთა აბრამისებრითა, მოწყალებითა იესოს. ღმრთისა მსგავსითა, და სამართალითა მისისა მობაძავითა.
დღეთა შინა თამარისთა არავინ გამოჩნდა მიმძლავრებული მეცნიერებითა მისითა, არცა-ვინ დასჯილი, თჳნიერ ძუელისა სჯულისა, რომელი ძეს ავაზაკთა ზედა ძელსა ზედა ჩამორჩობა. თჳთ არცა-ვის ღირსსა სიკუდილისასა და არცა პატიჟისასა მიეჴადა თანანადები, არცა-ვინ ბრძანებითა მისითა ასო-მოკუეთილ იქმნა, და არცა სიბრმითა დაისაჯა, თჳნიერ გუზან, ღირსი სიკუდილისა, რომელი ორგულებით განდგა და კოლას სადმე მთათა შინა ავაზაკობდა მალვით. ესე შეიპყრეს მთიბავთა თივისათა, და დავით მეფისა წინაშე მოიყვანეს ხოლო მან იცოდა დიდი მოწყალება თამარისი, ამისთჳს მისსა შეკითხვამდის თუალნი დასწუნა, ნაცვლად მრავალთა სისხლთა ქრის- ტიანეთასა.
არა ოდენ თჳსსა სამეფოსა შინა იყო კეთილიანობა, არამედ ყოველთა ქრისტიანეთათჳს. და რომელნი მძლავრობდეს ქრისტიანეთა, ყოველთა მიუმცნო, რათა აზადად იყვნენ და ფიცხლად დამორჩილდენ შიშითა და სიყუარულითა მისითა.
წარავლენდის სარწმუნოთა თჳსთა და დაავედრის ესრეთ: „იწყეთ ალექსანდრიით ყოვლისა თანა ლუბიისა, სინისა მთისაი, და მათ კერძოთა ეკლესიათა, მონასტერთა და ერთა ქრისტიანეთა მიიკითხვიდის. ხოლო იერუსალიმისათჳს რადღა საჴმარ არს. თქმად. რამეთუ წარგზავნიდის ამათ ყოველთა შინა ეკლესიათა ბარძიმ-ფეშხუმებსა, და სიწმიდეთა საბურავებსა და მონაზონთა და გლახაკთათჳს ოქროთა აურაცხელთა.
ტყუენი განათავისუფლნის და ხარკი ერისა თჳთ უკუნ სცის, და ყოველი ჭირი დაჭირებული აღიღის მათგან.
კუალად კერძოთა ელადისათა და მთაწმიდას, ეგრეთვე მაკედონიისათა პეტრიწონს, კერძოთა თრაკისათა და კოსტანტინეპოლის მონასტრებთა, რომანას და ყოველგან, კუალად ისავრიას, კურუსეთს, და ყოველთა მათ სანახებთა შავისა მთისათა და კჳპრისათა. ესე ყოველნი აღავსნა ქველის საქმითა, რომლისათჳს ისმინეთ, თუ ვითარ მოხედვიდა ღმერთი საქმეთა მისთა:
მოიწინეს ოდესმე ჩუეულებისაებრ ქველის-მოქმედებათათჳს ამისთა მონაზონნი შავისა მთისა, ანტიოქიით და კჳპრისა ჭალაკით, ეგრეთვე მთაწმიდით და მრავალთა ადგილთათ. შეიწყნარნა თამარ ჩუეულებისაებრ ვითარ ანგელოზნი, და მრავალ დღე არა გაუშვნა, მერმე მისცნა ყოველთა დიადი, და აღავსნა ყოვლითა საჴმრითა. უკანასკნელ მათგან უფრო შორიელთა მისცა დიდძალი ოქრო თჳთ მათთჳს და ყოველთა მონასტერთა განსაყოფელად. წარვიდის მონაზონნი იგი და მიიწივნეს რა კოსტანტინეპოლედ, ესმა მეფესა ბერძენთასა ალექსის, ანგარსა, რომელმან ძმასა თჳსსა ისაკს თუალნი დასწუნა და მეფობა წარუღო. ესე ყოვლითურთ ბოროტი კაცი იყო, და შეუტყუებელი მეფობისა, გარნა უმეტეს ანგარებისათჳს საძაგელ იყო ყოველთა მიერ. იხილა სიდიდე იგი ოქროსა, რომელი მიეცა თამარს და წარუღო მათ მონაზონთა.
ცნა რა ესე თამარ მეფემან ნაცვლად სხუა უფროსი წარგზავნა მათ წმიდათა მიმართ, და ამით უმეტეს არცხჳნა ეშმაკი. ხოლო განრისხნა მეფესა ზედა ბერძენთასა, წარგზავნნა მცირედნი ვინმე ლიხთ-იქითნი, და წარუღეს ლაზია, ტრაპიზონი, ლიმონი, სამისონი, სინოპი, კერასუნდი, კიტ[ი]ორა, ამასტრია, არაკლია და ყოველნი ადგილნი ფებლაღონისა და პონტოსანი, და მისცა ნათესავსა თჳსსა ალექსის კომნიანოსსა, ანდრონიკეს შვილსა, რომელი იყო მაშინ თჳთ წინაშე თამარ მეფისა შემოხუეწილი.
ხოლო ესმა ესე ფრანგთა. რამეთუ მოეღო ბერძენთა შეწევნა აღმოსავლეთით, გამოვიდეს ვენეტიკნი და წარუღეს სამეუფო ქალაქი, მეფობისა თანა, და შეიხუეწა უბადრუკი იგი ალექსი ბორღალეთს, თჳსისა სიძისა თანა. იხილა რა ბორღალელთა მეფემან, სიძემან მისმან, შეიყვანა ციხესა ერთსა, და დაუთინა წინაშე მისსა ოქრო დიადი, და რქუა ესრეთ: „აჰა ალექსი, გულის-სათქმელი იგი შენი; ოქრო ესე მიიღე, თჳნიერ სხჳსა რომლისამე საზრიელისა, და წყლისა წილ, რამეთუ ამისთჳს წარსწყმიდე სახლი სამეუფო ქრისტიანეთა, და დაჴსენ თჳთმპყრობელობა ბერძენთა“. და ესრეთ მოკუდა საწყალობელი იგი სიყმილითა, დაკლებული შეწევნისაგან ღმრთისა.
ესრეთ საზარელ იყო თამარ მტერთა ზედა, და კუალად ესეოდენ ტკბილ და ძჳრუჴსენებელ, ვიდრემდის ესმა რა ესე ყოველი, დიდითა ტკივილითა იგლოვა, დაღათუ არა ღირს იყო მისთჳს ტკივილი. რამეთუ რაცა ვის არა ჭეშმარიტებით აქუნდეს, არა იპყრობს დიდხან, გარნა თამარ უცხოსაცა ზედა და დავრდომილთა ლმობიერ იყო ტკივნეულობად და წყალობად, ვითარ აწ ამასცა ზედა.
ხოლო წარმოვთქუათ ესეცა, რამეთუ ოცდამესამედ, გინა-თუ მეოთხედ, აღმავლობასა მეფობისა მისისა წელიწადსა იკითხა საქმე კარისა რამ თუ მრავლით ჟამითგან ჰბრძოდეს სარგის თმოგუელი, შალვა თორელი და მესხნი, გარნა ვერარა ღონე ქმნეს აღებისა, რამეთუ ზამთრის მკსინვარებისაგან და სიცივისა უღონო იყვნეს მიდგომად. ხოლო ჟამსა ყინვისასა წყლისაგან განყინულისა ვერ შეუძლებდეს ბრძოლად, გარე შემოუხუნეს ყოველნი ციხენი და სოფელნი, და იგი მხოლო მარტოჲ ჰქონდათ სპარსთა. ამისთჳს განიზსრახა კეთილისა გონებითა და წარავლინა დავით ზემოთ ლაშქრითა. წაატანა ზაქარია და ივანე, და უბრძანა, რათა დადგენ მუნ და ძლიერად ეომონ. და ხანგრძლად იქმნა ესე, და თჳთ თამარ დადგა ჯავახეთს, და მუნ მოელოდა ამბავსა მათსა.
ხოლო იგინი მივიდეს და ებრძოლეს უკუე შეკრულსა მას ღობესა წყლისათჳს. და მრავალთა შინა დღეთა განტეხეს ადგილი იგი. და გამოიცალა წყალი და მის თანა უმრავლესნი მოქალაქენიცა. ხოლო დაშთომილთა მათ ითხოვეს დავითისგან, რათა თჳთ თამარ მივიდეს და მას მიენდვნენ, რამეთუ ეშინოდათ სიტყუათა მათთათჳს. გინებისათა, რომელთა ციხით გამო იტყოდეს პირველ.
მაშინ მოაჴსენეს ესე ყოველი თამარს. ხოლო იგი მივიდა. და მოიხუნეს ციხოვანთა მათ კლიტენი წინაშე ძისა მისისა გიორგისა და მერმე თამარის წინაშე და ითხოვდეს მშჳდობასა და ფიცსა, რათა არა განსცნეს კარი, ვითარ ანისი და დვინი არამედ სამეფოდ დაიმჭიროს. ამისთჳს მისცა სიტყუა მტკიცე და უბრძანა ძესა თჳსსა გიორგის რათა შევიდეს და თჳთ მოითუალოს ქალაქი და ციხე. რომელი-ესე ესრეთ იქმნა. და ესე ერთი ქალაქი და ციხე თჳსად დაიმჭირა, მათ ყოველთაგან, რომელნი აიხუნა ზორაკერტით რაჴსამდის, გაგით განძამდის და ჯავახეთით სპერამდის.
და ვისცა ათჩჳდმეტსა წელიწადსა შინა ესე საქმენი თამარისგან ემცრებიან. და მისთა ლაშქართაგან, წელიწდისა ერთისა დღეთა თუ ვითარ შეუძლო ყოველთა მათ, გარეთა აღმართ ოდენ შეხედენ, რომელნი ჰქონან ციხენი მჴარგრძელთა ოდენ სახლთა, ზემოთ და ქუემოთ.
მხიარულად ამბისაგან მეტყუელი პირი აწ მწუხარებისა მიმართ მიიქცევის. რამეთუ მეგულვების აწ წარმოთქმა ყოვლისა სოფლისა საგლოველისა ამბისა.
ნაჭარმაგევს გარდმოდგა მეფე თამარ და მის წინაშე იყვნეს ყოველნი. დიდებულნი და წარჩინებულნი. და იურვნა და განაგნა საქმენი სამეფოსა თჳსისანი, და უფროსღა ეკლესიათა და მონასტერთანი. და მუნ დგომასა შინა გამოაჩნდა სენი რამე მომაოჴრებელი ჩუენი, რომელი დღითი-დღე დამძიმდებოდა მის ზედა და დიდხან ფარვიდა, რათა არავინ შეაწუხოს. გარნა ურგებელ იქმნა რა ჭირი, არა მიმთუალველი კურნებისა, მაშინღა განაცხადა, რამეთუ დედობრივმან უძლურებამან განგრძობილთა შინა მჴედრობათა არა თავს-იდვა შეუმთხუეველად მიშუება აგებულებისა.
და აქა საბრალობელ მიჩნს დიდად ერთგულნი იგი კაცნი, თუ ვითარ უგულებელს ყვეს ეგოდენი ტკივნეულობა მისი. რამეთუ წარმოიყვანეს კუბოთა ტფილისს, და შემდგომად მცირედთა დღეთა ენებათ ჩუეულებისაებრ, რათა დასოს განვიდენ. ისწრაფდეს და მუნ წარიყვანეს კუბოთავე და დიდად განძნელდა სენი იგი უწყალო. და კუალად წარმოიყვანეს აგარათა ციხესა.
და უქმ იქმნა მის ზედა ყოველივე ბუნებათა გამომეძიებლობა მკურნალთა ჴელოვნებისა. ამისთჳსცა იყვნეს თჳთ მუნ და ყოველსა ადგილსა ლიტანიობანი და ღამისთევანი მიმდემნი, და ცრემლთა დინებანი იხილვებოდე! მდიდართა და გლახაკთანი სწორებით. გარნა განჩინება წინააღუდგომელი იყო და დღემან იწყო მიდრეკად, და მზემან დასლვად, და ჰაერმან სხუად ფერად უფერულობა და ცისკარსა დღისასა ზედა იწყეს შემოსად ბნელთა ღრუბელთა: ღაწუთა მათ ვარდოვანთა იწყეს დაჭნობად, და თუალთა მათ ტბაებრ მზისა შემცხრომელთა სიმრუმედ მიმართეს. ჴელთა მათ, მსახურებისაგან გლახაკთასა არაოდეს დაცხრომილია, იწყეს მოუძლურებად; და ფერჴთა მათ მარადის ღმრთისათჳს მაშურალთა იწყეს შედრეკად; და ყოველნი ნიშნი ცხოვრებისანი სხუად და სხვად ფერად იხილვებოდეს.
ზოგადმან უღონოებამან მოიცვნა ყოველნი და არა უწყოდეს, თუ რამცა ყვეს. მთავარნი იცემდეს პირთა, გლახაკნი იტყებდეს თავთა, და ყოველნი ნაცვლად მიუპყრობდეს თავთა თჳსთა და შვილთა თჳსთა ღმერთსა, და ითხოვდეს მის ზედა მომავალსა სიკუდილსა: „რათა მარტო ესე დარჩეს და ჩუენ ყოველნი მოგუსრენ“. ამას ჴმობდეს და მოეცვათ სასუენებელი პალატისა, რომელსა აქუნდა ცხედარი უბადრუკებისა ჩუენისა, და ღონე თუმცა იყო, ეცდებოდეს, რათა არა აუფლონ სიკუდილსა შემოსლვად. რა იყო, რომელი არა იხილვებოდა მუნ, ანუ სავედრებელთაგანი გინა მწუხარებათა, გარნა მწოდებელი კართა ზედა დგა და მბრძანებელისა წინააღდგომა შეუძლებელ იყო.
ბრძენმან ბრძნისა ნეტარება აქაცა მოიღო თამარ, რამეთუ შემოუწოდა ყოველთა [წარჩინებულთა] სამეფოსა თჳსისათა წინაშე მისსა, განიმტკიცა თავი თჳსი, და მჴნედ მდგომარე ესრეთ ეტყოდა: „ძმანო ჩემნო და შვილნო მე ესერა მივიწოდები მსაჯულისაგან საშინელისა, უსაშინელესისა უფროს მეფეთა ქუეყანისათა, რომელმან მიუხუნის სულნი მთავართანი. თქუენ ყოველნი თჳთ მოწამე ხართ, რამეთუ თავისა ჩემისა თანა მაქუნდა სიყუარული თქუენი, და სარგებელსა და სათნოსა თქუენსა არა დავაკლე თჳთოეულისაებრ არზანგისა ვიდრემდის განგებითა ღმრთისათა ვიყავ თქუენ ზედა მეფედ. აწ მეცა წარვალ მამათა ჩუენთა თანა გზასა ჩემგან უცხოსა, ბრძანებითა საშინელითა და განყოფითა საკჳრველითა. გევედრები ყოველთა, რათა მარადის კეთილსა შინა იყვნეთ, მაჴსენებელ ჩემდა. აჰა, ესერა მკჳდრად სახლისა ჩემისა დაგიტევებ რომელნი მომცნა ღმერთმან შვილნი ჩემნი, გიორგი და რუსუდან. ეგენი მიიხუენით. ჩემ წილ. და მაგათ აღმოგივსონ დაკლებული ჩემი“.
შევედრნა ყოველთა და მიუთუალნა წინაშე ხატსა ქრისტესსა და ჯუარსა ცხოველსმყოფელსა. და მერმე უკანასკნელ ჴმა აღმოუტევა, და ყოველთა მშჳდობა მისცა ესრეთ მეტყუელმან: ქრისტე,“ ღმერთო ჩემო მხოლოო, დაუსრულებელო მეუფეო ცათა და ქუეყანისაო! შენ შეგვედრებ სამეფოსა ამას, რომელი შენ მიერ მერწმუნა, და ერსა ამას, პატიოსნითა სისხლითა შენითა მოსყიდულსა, და შვილთა ამათ ჩემთა, რომელნი შენ მომცენ, და მერმე სულსა ჩემსა“.
მაშინ განვიდეს ყოველნი მწარედ მტირალნი. და თამარ დაიძინა ძილი იგი მართალთა თუესა იანვარსა ი~ჱ. და აღივსო მზე ქართლისა, და საფლავმან სადიდებელად თჳსად დაგუაჭირვა ცხოვრება მსოფლიო ყოველთა ქრისტიანეთა.
აქა რაღა ჯერ არს თქმა, გარნა ბავთისა ღაღადი, ბნელი უნათლო და გლოვა უნუგეშინისცემო, რამეთუ ვინ იყო ნუგეშინისმცემელი, ოდეს მწუხარება ზოგადი იყო ყოველთათჳს. სატუხელ იქმნა პირი ქუეყანისა, აღეპარსა ყოველთა თავისა თმანიცა მხოლოდ სახელისა ოდენ მქონებელთა ჴმასა თანა ვაებისასა ქუესკნელნიცა შეიძრნეს, ყოველნი ფლასითა [შეიმოსნეს]. ესრეთ გუანდა, დაღათუ ჩუენ თანა იგლოვა ცა და ყოველი სოფელი.
მაშინ უკუ აღმოივანეს და მცირეთა შინა დღეთა მცხეთად დადვეს, და მერმე უკანასკნელ თჳთ მუნვე გელათს დაამკჳდრეს თჳსსა შინა სამარხოსა, დიდებად მუნ შინა დამკჳდრებულთა პაპათა და მამათა მისთა, სახელოვანთა დიდთა მეფეთა თანა2.
იცვალა ფერი ქართველთა მხიარულებისა, რამეთუ განბიცნეს ბაგენი მათნი, რომელთა პირსა შინა პირველ სხუა არარა მოაქუნდა, ვითარ თამარ. რამეთუ სახლთა ზედა აკროსტიხორად თამარის შესხმათა დასწერდეს ბეჭედთა ზედა და დანათა და არგანთა შეამკობდეს და ზედა თამარის ქებასა დასწერდეს და ყოველთა პირნი ერთბამად მზა იყვნეს, რათა ღირსი რამე თამარის საქებლობისა სიტყუა აღმოთქუან: ყრმანი მემროწლენი, განპებასა შინა ორნატთასა, თამარის ქებათა მელექსეობდიან; ერაყს მყოფნი მეებნენი, გინა მეჩანგენი თამარის შესხმათა მუსიკელობდიან; ფრანგნი და ბერძენნი ზღუასა შინა მენავენი, ნიავ-კეთილობათა შინა თამარის ქებათა იტყოდიან. ესრეთ ყოველი სოფელი სავსე იყო მის-მიერითა ქებითა, და ყოველი ენა ადიდებდა, რომელსაცა ოდენ სახელი მისი ასმიოდეს.
ხოლო საქმეთა მისთათჳს რადღა საჴმარ არს თქმად, რამეთუ კიდით-კიდედმდე განისმნეს, ვითარცა თჳთ მოწამე არს ყოველი ჩუენ მიერ ხილული სიტყჳსაებრ ბრძნისა.
არა უცთომელობა მგონიეს ძალისა უზეშთაესსა მეცადინობა, რამეთუ დაწყება და აღსასრული ამის ჴელ-ყოფისა სრულებით ესრეთ ჩანს, ვითარცა სიმძიმესა და პატიოსნებასა თანა, ოქროსასა ქარქუეტისა ნამუსრევი. რამეთუ ვინ რა წარმოთქუას ღირსი ამისთჳს, გინა რა ვინ პირველ აქოს, ანუ რომელი უკანასკნელ: სიმდაბლე უზომო, სიმაღლე შეუსწორებელი, სიმშჳდე საქებელი, სიმქისე ჯეროვანი, ლმობიერება მოწლე, მოწყალება თანა-ლმობილი, უმანკოება უზაკუელი, სიწრფოება უსიცრუო, სახიერება ზოგადი, სიუხუე აღუზუავებელი და - თავი ყოვლისა კეთილისა შიში ღმრთისა და მსახურება მისი შეუორგულებელი, - რომელი-ესე ყოველი ამან ესრეთ მოიგო, ვითარ ვერცა ერთი სხუამან ვერვინ. და წამებს ამას ყოველი მახლობელი სამეფო გარეშემო ქართლისა, თუ რაოდენნი დაგლახაკებულნი მეფენი განამდიდრნა, რაოდენთა მიმძლავრებულთა უკუ სცა სამეფო თჳსი, რაოდენნი განდევნილნი სამეფოდვე თჳსად კუალად აგნა და რაოდენნი სიკუდილად დასჯილნი განათავისუფლნა. და ამისი მოწამე არს სახლი შარვანშეთი და დარუბანდელთა, ღუნძთა, ოვსთა, ქაშაგთა, კარნუ-ქალაქელთა და ტრაპიზონელთა, რომელნი თავისუფლებითსა ცხოვრებასა ამის მიერ იყვნეს და მტერთაგან უზრუნველობასა.
ხოლო სჯულთა მიმართ საღმრთოთა ვინ იყო ესრეთ მოშურნე, გინა სიმდაბლით თავისა მომდრეკელ, რამეთუ თეოდოსი დიდსაცა აღემატებოდა. ლოცვანი და ღამისთევანი, რომელნი პალატსა შინა ამისსა აღესრულებოდეს, საეჭუელ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცა; ხოლო მარხვისათჳს რაღა ვთქუა, რამეთუ წესი იყო მონაზონთა და მამხილებელ უდებთა ერი პალატისა.
ეგრეთვე სიყუარულისათჳს ხუცესთა და მონაზონთასა ნამეტნავ არს თქმად, რამეთუ წესიერად ცხორებულნი კარნი მარადღე იყვნიან წინაშე მისსა, და მახლობელად სასუენებელისა მისცის მათ საყოფელი, და თჳთ ზრდიდის საზრდელითა და ყოვლითა საჴმრითა, რაცა უნებნ. და უკეთუ მათგანი ვინმე იყვის უძლურ, თჳთ მივალნ მოხილვად და ნუგეშინის ცემად, და თჳთ განუმზადე ცხედარსა და სარეცელსა.
ხოლო გლახაკთათჳს განეჩინნეს სარწმუნონი ზედამდგომელნი, და ყოვლისა სამეფოსა მისისა შემოსავალნი, რაცა იყო შინათ და გარეთ, ყოვლისა ნაათალი გლახაკთა მიეცემოდა დაუკლებელად ერთისა ქრთილისა მარცულამდეცა. და ამას ყოვლადვე არა გონებდა ქველის საქმედ მითუალვად წინაშე ღმრთისა, რამეთუ რაჟამს მოიცალის მარტოებით ყოფად, მყის აღიღის სასთუელი, გინა საკერავი, და ნაშრომსა მას თჳსთა ჴელთასა ხუცესთა და გლახაკთა განუყოფნ თჳსითა ჴელითა.
ესრეთ წესითა განმტკიცებულითა ღმრთისა სახიერისა სათნოებისათა არა დაწყებისასა მიხედვიდა, არამედ აღსასრულისათა, და, ვითარცა მზე სწორ-პატიობით ყოველთა ზედა განუტეობდა ნათელსა თჳსთა შარავანდედთასა. ესრეთ წყალობითა ყოველთათა მოიზიდვიდა წყალობად ღმრთისა, ესრეთ გამოიფრდიდა ჟამთაგან, ესრეთ განაძლიერებდა მეგობართა, დაღათუ არარათ სიცრუით მოგებულითა და სამართლოთა.
არაოდეს მომედგრდა ჟამისაგან, არცა უდებ იქმნა ოდესცა განგებისათჳს, არაოდეს აუქმა გონება მისდა რწმუნებულთა საქმეთათჳსი არა დაუმძიმა კრთომასა გონებისასა დამზიდველი რამე ჩუკენებრივი, არცა სიმდაბლესა მირიდა, არცა სიმაღლესა განეყენა, არცა სიტკბოება ჟამიერი უმოთნო ყო, არცა საშინელება შეურაცხ ყო; ყოველი განზავა ყოვლითა, რათა სრულებით სრულისაგან წარმოაჩინოს თავსა შორის თჳსსა.
უღაფრობა მაარსებელისა განუგმობელად დაიცვა, რათა მოქცევსა შინა სიმრგულისასა არარად ელმად და უცხოდ მიდრკეს, არცა გარდაყვეს სავსებელისა დუღილსა შინა, არცა მოაკლდა შთაზიდვასა შინა საბლისასა, არამედ მეტად დამდაბლებულმან გონიერისა გონებისაგან იყოვლისფერა გარემოდ, რათა მოქცევი თჳსი მარტიობით იხილვოს გუარსა შინა ანაგისასა შეუყოფელად ვნებათა. ისურვებდა და სასურველ იყო, იწადებოდა და საწადელ იყო, იქებოდა და საქებელ იყო, ნატრიდეს და სანატრელ იყო, და არარა იყო სხუა კეთილი, რაცა იგი არა იყო მის შორის.
ურჩნი თჳსნი დაამდაბლნა და მოყუარენი აღამაღლნა. არა იღუწიდა უმეზობლობასა, არცა შერთვიდა სახლსა სახლსა ზედა, არცა აგარაკსა აგარაკსა ზედა უცხოსა, არამედ თჳსი მამული ძუელი კმა იყო, რათა არა უსამართლოდ ჰგონონ და მიმხუეჭელად, ვინათგან სამართალმანცა ზენამან უბჭო მართალსა. არა შინებით უთქმიდა მეზობელთა, არამედ უფროსღა სცვიდა მაშინებელთაგან, და მათ საშინელ ყოფდა მტერთა ზედა. შორს განიოტა წურბლის მსგავსი ვერ-მაძღრისობა, ვინ არა გესლოვან [ყო] ნაყოფი, და არცა ბუგრიან ნაშრომი.
ბჭედ ჯდა შორის თავისა თჳსისა და მეზობელთა მეფეთა, არა მიშუებად ბრძოლისა, არცა გარდადებად უღელსა მძლავრობისასა ურთიერთას, და სახედ თავსა თჳსსა მისცემდა და ამისთჳს მათ ზედა მეორე სოლომონ იქმნა მეფეთა შორის; და არა ერთისა გული აღძრა სურვილად, არამედ ყოველნი რომელთა ესმა სახელი მისი, ვინა დიდითა მეფეთა, ცუდად შერაცხნეს თჳსი ბედ-კეთილობა ვერ-ხილვისათჳს მისისა. კნინღა-და ყოველსა ზღუასა აღმოიწრედდა თჳსად, ვითარცა ღრუბელი ყოველთა ზედა მსხურებელი ტკბილთა წჳმათა.
განიგემნე ყოველნი მატიანენი, ძუელთა გინა ახალთა მეფეთა მაქებელნი, რამეთუ გარდაემატა თამარის საქმეთა ჭეშმარიტებით საქებელობა სიტყჳსაებრ პირველთასა: სახარელ იყო თხრობათა შინა და კდემულ განმსწავლელობათა, შემხებელ ლბილობით და განმწურთელ სიტკბოებით, მგუემელ მოწყალეობით და შემრისხველ თანალმობით“. რათა ყოვლად ყოვლითურთ განუგმობელ აჩუენოს თჳსება ღმრთისა. სანთელი იყო გონიერთა და უგუნურთა, პირველთა განმანათლებელ და მეორეთა დამწუველ. აღჳრი იყო უწესოდ მკრთომთა და დეზ უდებთათჳს; კანონი სირცხჳლისა მოხუცებულთა და კუერთხი რკინისა ჭაბუკთათჳს; კეთილ-მავალთა სიბრძნით მცველ, ხოლო მბორგალეთა თუალ-უხუავად მგუემელ.
მღდელთ-მოძღუართა შეიმოსეს შიში; მღდელთა დაიცვეს წესი თჳსი. მონაზონთა მოიგეს წესიერი მოქალაქობა; მთავარნი განისწავლნეს სიწმიდით ცხოვრებად და სიმართლით სლვად; ერნი განემტკიცნეს შიშით მონებად ღმრთისა და ერთგულობით უფალთა თჳსთა; ყრმანი განიწუართნეს მოძაგებად უჯეროსა უსჯულოებისა, რამეთუ ბილწებამან უწესომან და ყრმებრივმან მბორგალებითმან ბორგნეულობამან ვერცა თუ კუალი პოვა დღეთა თამარისთა. ვინა-და თჳთ გინებადცა შორს იყვნეს, რომელნიცა პალატსა შინა ღირს იყვნეს გინა კარსა ზედა მსახურებად.
ესრეთ ყოველსა შინა დაცვითა ღმრთისა მცნებათათა მოიგო წყალობა ღმრთისა, და აკურთხა ღმერთმან ცხოვრება მისი, და განამრავლა ნაყოფი მისი, და სხმულ ყო მსგავსად წერილისა: „ნათელი აღმოუბრწყინდა მართალსა“ განთიადისა თანა, და მეუღლე მისი სიხარული შუადრე, და მწუხრი მშჳდობით დაიძინა სარეცელსა ზედა თჳსსა. შეამკუნა ღმერთმან დღენი მისნი პატიოსნებით და ჟამნი მისნი მშჳდობით. და მეფობასა შინა მისსა არა შეიჭუა პირი მისი, ამისთჳს რამეთუ არაოდეს გარე მიაქცია ჴელი სათხოველისაგან ქურივთა, ობოლთა და მიმძლავრებულთასა. წარვლნა დღენი მისნი სიხარულსა შინა. ამისთჳს რამეთუ მარადღე ახარებდა ყოველთა გლახაკთა და დავრდომილთა. და უკანასკნელ წარვიდა მამათა თჳსთა თანა, და შეეძინა; და დაუტევნა ორნი შვილნი, გიორგი და რუსუდან, შუენიერნი, საწადელნი, სასურველნი და საქებელნი, შექმნით სეფის პირნი, გონიერებით აღსავსენი, სიბრძნით შემკობილნი, და ყოვლითა სიკეთითა სრულნი. თამარ ოცდასამთა შინა წელიწადთა შეაწყუდიალ ყოველი გუარი კეთილ-მეფობისა.
აქა დავჴში სიტყჳსა წყობა. მომავალთათჳს ყოველთაგან აწინდელთა სხუათა ძლევისა მიცემითა ყოველთა, და უმჯობესად შესატყჳს შესაძლებელად სახის-მეტყუელებასა უაღრესისა სიტყჳსასა პოვნით, და ამისთჳს ჩუენ მიერ დუმილით პატივ-ცემით დავიდუმოთ.
<< წინ |