სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

გამოქვაბულის ადამიანები

ასტეროიდული დარტყმის თანმხლებმა პროცესებმა დედამიწაზე ყველანაირი უბედურება და ნგრევა მოიტანა. უსახლკაროდ დარჩნილთაგან ბევრი იძულებული გახდა, მსგავსად სოდომის ხანძრისგან გადარჩენილი ლოთისა და მისი ქალიშვილებისა (შესქ. 19,30), წასულიყო მთებში და გამოქვაბულებს შეხიზნებოდა. ხალხი, რომელმაც ყველაფერი დაკარგა რაც გააჩნდა, იარაღებისა და ინსტრუმენტების ნაცვლად იყენებდა იმას, რაც ხელში ხვდებოდა - ქვებს, ძვლებს. მხოლოდ მოგვიანებით - მადნების აღმოჩენისა და მეტალურგიული ჩვევების აღდგენასთან ერთად - გაჩნდა შესაძლებლობა ისევ გამოეყენებინათ სპილენძი, ბრინჯაო, შემდეგ კი უკვე რკინა. ასე რომ, ქვის, ბრინჯაოსა და რკინის კულტურების დამკვიდრება პრაქტიკულად ერთდროულად უნდა მომხდარიყო.

ამ სცენარის საწინააღმდეგოდ ბევრი პოპულარული გამოცემა გამცნობთ, რომ ძველი გამოქვაბულების ძირითად მკვიდრებს წარმოადგენდნენ ნეანდერტალელები, რომლებსაც კიდევ ჰქონდათ შემორჩენილი მაიმუნისმაგვარი წინაპრების გარეგნული თვისებები. მათ არანაკლები წვლილი შეიტანეს კაჟის იარაღის განვითარებაში, დაწყებული დაუხვეწავი აშელური კულტურიდან, დამთავრებული შედარებით დახვეწილი მუსტიურით. დაახლოებით 20-40 ათასი წლის წინ ნეანდერტალელები შეავიწროვეს შედარებით კეთილშობილმა კრომანიონელებმა, თუმცა მათი წინაპარიც ჩვენს ერამდე თითქმის მეხუთე ათასწლეულამდე მხოლოდ ქვის იარაღებს იყენებდნენ (ითვლება, რომ ზუსტად ამ პერიოდისთვის 10-12 ათასი წლის წინ - მთავრდებოდა გამყინვარება). სწორედ მაშინ ქვა შეცვალა სპილენძმა, ხოლო კიდევ რამდენიმე ათასი წლის შემდეგ - ბრინჯაომ.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ქრონოლოგია თუმცა კაცობრიობის კულტურის განვითარების შესახებ უმეტესწილად აგებულია წმინდა წყლის მოსაზრებებზე, მაინც ამით სარგებლობენ არტეფაქტების დათარიღებისთვის. ასე მაგალითად, უხეშად რომ ვთქვათ, თუ თქვენს მიერ აღმოჩენილი ნაკეთობა შესრულებულია სპილენძისგან, მაშინ მას მიაკუთვნებენ სპილენძის ხანას (3-5 ათასი წელი ჩვენს ერამდე), ხოლო თუ ქვისაა - მაშინ პალეო-, მეზო- ან ნეოლითურს მისი ტექნიკური დამუშავების მიხედვით. ამ არტეფაქტების შესაბამისად იქნება დათარიღებული იმავე ადგილზე აღმოჩენილი სხვა მონაპოვრებიც. მაგრამ ნუთუ მართლა ათასწლეულები აშორებს ამ ინსტრუმენტების დამზადების თარიღებს, ან იქნებ ყველა ეს ხელსაწყო ნაკლებად ბედნიერი თაობის საკუთრებას წარმოადგენდა, რომელიც გადარჩენილი ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციას ეკუთვნოდა? (ეს რაიონი მატერიკების „მიმოფანტვის“ გეომეტრიული ცენტრი გახდა, რის გამოც ნგრევა იმ მინიმალური იყო).

აშკარა მტკიცებულებების გარეშე, შესაძლოა დიდხანს გაგრძელებულიყო მსჯელობა ამა თუ იმ შეხედულების ირგვლივ, მაგრამ რაც უნდა იყოს, ფაქტი ჯიუტია და დროდადრო ისინი საოცარ სიურპრიზებს გვიმზადებენ. დროის არცთუ ისე ადრეულ ეტაპამდე მეცნიერების განკარგულებაში იყო გამყინვარებისა და წინაგამყინვარების პერიოდების მკვიდრთა მხოლოდ ცალკეული ჩონჩხები და მსჯელობა უფრო მეტად უწევდათ არა იმის შესახებ, რაც ხელთ ჰქონდათ, არამედ იმაზე, რაც აკლდათ (თუმცა, როგორც ცნობილია, ეს ყოველთვის უფრო იოლი და სასიამოვნოა - განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომელთაც კარგად გავითარებული ფანტაზია აქვთ).

ერცი - ტიროლის ყინულის ადამიანი

სიტუაცია ძირფესვიანად შეიცვალა 1992 წლის 19 სექტემბერს, როდესაც ბუნებამ უზადო საჩუქარი მოუმზადა ანთროპოლოგებს, რომელთაც დღემდე ეშინიათ დაიჯერონ ესოდენ დიდი ბედნიერება. ალპებში, ინსბრუკის სამხრეთით, იტალია-ავსტრიის საზღვართან მდებარე ერცტალერის რაიონში, სიმლაუნის მყინვარზე, ყინულის უჩვეულო ინტენსივობით ლღობის შედეგად აღმოჩენილ იქნა მშვენივრად შენახული ისტორიამდელი ადამიანის სხეული. მონაპოვარი სახელდებულ იქნა, როგორც სიმლაუნის ადამიანი, ტიროლის ყინულის ადამიანი, Homo tyrolensis ან უბრალოდ - ერცი.

ერცი გარდაიცვალა ბუნებრივი სიკვდილით (როგორც ჩანს დაუძლურების გამო) ჯერ კიდევ გამყინვარების პერიოდის დადგომამდე. ალპურმა კლიმატმა გამოფიტული სხეული მიიყვანა მუმიფიკაციამდე, და მხოლოდ ამის შემდეგ იქნა იგი დაფარული ყინულით. ამის წყალობით ერცის სხეულის ქსოვილები არ გარდაქმნილა გვამის ცვილად, რაც ჩვეულებრივ ხდება ყინულში დამარხვისას. ნაპრალში, სადაც რამოდენიმე ათასი წელი მიედინებოდა გლეტჩერი, განისვენებდა ერცი. მანამდე, სანამ გამყინვარების დროიდან ალპური ყინულების ლღობის დღემდე მიმდინარე  პროცესის შედეგად ყინული ისე არ დადნა, რომ სხეული იქნა აღმოჩენილი, ყინულიდან გამოთხრილი და მონაპოვრის საკუთრების შესახებ ავსტიისა და იტალიის მთავრობებს შორის ატეხილი სერიოზული კამათის შემდეგ გადაეცა ქალაქ მაინცის (გერმანია) რომანულ-გერმანულ მუზეუმს გამოსაკვლევად.

ერცი (რეკონსტრუქცია)

რას წარმოადგენდა თავად ერცი? პირველ ყოვლისა, ეს იყო 25-30 წლის დაბალი (158 სმ) მამაკაცი და იგი არაფრით (ორი განსაკუთრებული ნიშნის გარდა, რაზეც ქვემოთ გვექნება საუბარი) არ განსხვავდებოდა თანამედროვე ევროპელისგან. მას ჰქონდა პრაქტიკულად იგივე თავის ქალის ფორმა, სახის ნაკვთები და ასევე დნმ-ის შემადგენლობა, როგორც ამავე რაიონის ახლანდელს მკვიდრებს გააჩნიათ. პატრონის თავთან ნაპოვნი 9 სმ-მდე სიგრძის თმები (სულ მოიკრიბა 1000-მდე), რომელიც მას გარდაცვალების შემდეგ დასცვივდა, ამტკიცებს, რომ იგი იყო ხუჭუჭა, მუქი წაბლისფერთმიანი და რეგულარულად იკრეჭდა მას. ერცის სხეულზე აღმოჩენილ იქნა სვირინგები, ყურზე - ფერად ორნამენტებიანი გაპრიალებული ქვის საყურე, მკერდზე - ასეთივე გაპრიალებული ქვისგან დამზადებული სამკაული ან თილისმა ძაფის ფოჩით.

ერცის ეცვა თასმებიანი ტყავის გამაშები, ტანთ კი ბეწვის საკმაოდ მოდური პერანგი ემოსა, რომელიც გემოვნებით იყო აწყობილი და სახიანი ნაკერით შეერთებული სხვადასხვა ცხოველის - ირმის, ქურციკისა და გარეული თხის - ტყავის ნაწილებისგან. ზედა სამოსი წარმოადგენდა მუხლამდე ჩამოშვებულ უსახელო ბეწვის მანტიას. მანტიის ზემოდან მოგდებული ჰქონდა ბალახისგან დაწნული საწვიმარი, რომლის მსგავსს ჯერ კიდევ ჩვენი ასწლეულის დასაწყისში ატარებდნენ ტიროლის მწყემსები. ფეხზე მას ეცვა, სითბოიზოლაციისთვის ბალახით გატენილი ტყავის ყელიანი ფეხსაცმელი, რომლის ზემოთა ნაწილს შემოგრაგნილი ჰქონდა ბეწვი, რომელიც მიკერებული იყო გამაშების ქვედა ბოლოებზე. ანსამბლს ასრულდებდა კეპისმაგვარი ბეწვის ქუდი.

აღჭურვილობის მიუხედავად, ერცი სულაც არ იყო გამოუცდელი მთებში სამოგზაუროდ. მის წელის ჩანთაში ელაგა კაჟის იარაღები (სამურველი, საბურღი და თხელი ბასრი იარაღი), ძვლის სადგისი და აბედის ნატეხი ცეცხლის დასანთებად. წელზე ასევე ეკიდა კაჟის ხანჯალი ხის სახელურითა და რეტუშერით (მოწყობილობა გასალესად). იქვე იქნა აღმოჩენილი დამუშავებული ურთხმელის საკმაოდ დიდი (180 სმ) მშვილდი. მიაქციეთ ყურადღება, რომ ურთხმელი - ამ მიზნისთვის იდეალურად შესაფერისი ხე, რომელსაც შუა საუკუნეებში იყენებდნენ მსოფლიოში განთქმული ინგლისური მშვილდების დასამზადებლად - არასდროს ყოფილა იმ ადგილებში განსაკუთრებით გავრცელებული. ასე რომ, მასალა იარაღის დასამზადებლად შერჩეული იყო სპეციალურად.

ერცის საკუთრებას წარმოადგენდა ტყავის ზურგჩანთა, რომლის U-ს მაგვარი ჩარჩო თხილის ხის ორი ვერტიკალური ძელაკისგან შედგებოდა. მისი ქვედა ბოლოები შეერთებული იყო ლარიქსის ორი ჰორიზონტალური სიბრტყით (სიმტკიცისთვის). სწორედ ზურგჩანთაში იყო მისი ბარგის დიდი ნაწილი, რომელთა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს პრაქტიკულად სუფთა სპილენძის ცულის პირი (გალესილი 9,5 სმ-ზე), მიმაგრებული ურთხმელის ტარზე ტყავის ზონრებისა და კუპრის წებოს საშუალებით. ცულის ფორმა მსგავსია ჩრდილო იტალიის რემედელო სოტოს სამარხებში აღმოჩენილი ნივთებისა, რომელიც თარიღდება 2700 წლით ჩვენს ერამდე.

ტყავის ჯავშანში იყო კუნელისა და შინდის 14 ისარი, მაგრამ მხოლოდ ორ მათგანს ჰქონდა კაჟის წაწვეტებული ბოლო, რომლებიც ტარზე დამაგრებული იყო რეზინისმაგვარი ნივთიერებით გარკვეული კუთხით. ასეთი მიმაგრება გასროლილ ისარს ღერძულ ბრუნვას ანიჭებს, რაც უზრუნველყოფს ფრენის ბალისტიკურ სიმტკიცეს. საინტერესოა ასევე, რომ ერთ-ერთი ისარი კომბინირებული აღმოჩნდა, ანუ იგი შედგებოდა ორი სხვადასხვა ტიპის ხისგან. რჩება უცნობი: კონსტრუქციის ეს ელემენტი ან გაორების საშუალებას აძლევდა ისარს მიზანში მოხვედრისას, ან ორი გატეხილი ისრის ხელმეორედ გამოყენების მცდელობისთვის იყო გათვალისწინებული.

ერცის ქონებათა შორის აღმოჩენილ იქნა სათადარიგო ძარღვის ლარი, ბაწრის გორგალი, მახვილი ირმის რქები, ბალახის ძაფით შეკრული ოთხი რქის დაბოლოება ისრების ჩასალაგებლად, კაჟისა და ფისის მარაგი, ბალახის ბადე (შესაძლებელია - ბადე-ჩანთა, შესაძლებელია - ფრინველის მახე, შესაძლებელია - უფრო უნივერსალური გამოყენებისთვის), მცირე ზომის კაჟის დანა ხის სახელურით და ასევე ორი არყის ხის ქერქის კოლოფი, რომელთაგან ერთ-ერთში ჩაფენილი იყო ფოთლები და სავარაუდოა, რომ მას იყენებდნენ დნობადი ხის ნახშირის ჩასალაგებლად. ზურგჩანთის ფსკერზე ჩარჩენილი იყო სანოვაგის ნარჩენები - ხორბლის რამდენიმე მარცვალი და ერთი ტყვის კენკრა (ეს უკანასკნელი მეტყველებს, რომ ერცი, შესაძლოა, შემოდგომაზე გარდაიცვალა). ყველაზე საოცარს მოგზაურის ბარგში წამოადგენდა „სამედიცინო აფთიაქი“ - ტყავის ზონარზე ასხმული Piptoporus betulinus. ეს მცენარე, როგორც ცნობილია, შეიცავს ანტიბიოტიკსა და ვიტამინ C-ს.


სვირინგი

ტანისამოსი

საწვიმარი

ფეხსაცმელი

ქუდი

თოკი

ქამარი

აფთიაქი

ჩანთები

ცული

დანა

იარაღები

იარაღები

იარაღები

ისრები

სხვადასხვა ლაბორატორიებმა, რომლებმაც ჩაატარეს ცდები დათარიღებისთვის რადიონახშირბადის მეთოდით, მონაპოვრის ასაკი განსაზღვრეს 4,5-5,5 ათასი წლის ფარგლებში. თუმცა ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ დათარიღების ასეთი ხანგრძლივობის განსაზღვრა აღნიშნული მეთოდის გამოყენებით შეუძლებელია, ასე რომ ეს ციფრები უფრო მეტად გამოდგება არა როგორც მონაპოვრის ჭეშმარიტი ასაკის წარმოსადგენად, არამედ როგორც მისი საერთო სიძველის საორიენტაციო დამამტკიცებელ საშუალებად (ამაზევე მეტყველებს შეფასების 20%-იანი ცდომილება). მეტნაკლებად უდავოა მხოლოდ ის, რომ როდესაც ერცის სიკვდილის ჟამი დაუდგა, მყინვარი, რომელშიც იგი აღმოაჩინეს, იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა.

მოდით ვნახოთ, რა განასხვავებს ყინულის ადამიანს თანამედროვე ევროპელისგან? როგორც ზემოთ აღვნიშნეთ არსებობს ორი ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი და პირველი  მათ შორის - თავის ქალის მოცულობაა. მიუხედავად იმისა, რომ ერცის არ გააჩნია ნეანდერტალელის არანაირი რასობრივი ნიშანი, მისი ქალის მოცულობა შეადგენს არც მეტი, არც ნაკლები 1500-1600 სმ3-ს. გამოდის, რომ ყველა ძველი ადამიანი თანამედროვესთან შედარებით „დიდთავიანი“ იყო. იმისგან დამოუკიდებლად, თავის ზომები არის თუ არა რაიმე კავშირში ინტელექტუალურ შესაძლებლობებთან, სავსებით გაუგებარია: რომელ ევოლუციურ პროცესს შეეძლო ამ ზომების ჯერ გაზრდა მაიმუნის სხეულიდან ზემოთ ხსენებულამდე, ხოლო შემდეგ - შემცირება 1200 სმ3-მდე, ანუ რა ზომისაცაა საშუალოდ თანამედროვე ადამიანის თავის ქალა. ასე რომ, ფაქტები უფრო მეტყველებენ დეგრადაციაზე, ვიდრე ევოლუციაზე.

ერცისა და ნეანდერტალელის ნათესაური კავშირის მეორე, ასევე საინტერესო მომენტი ისაა, რომ მიუხედავად 25-30 წლის ასაკისა, მის ორგანიზმს ჯერ კიდევ არ მიეღწია ფიზიკურ სიმწიფებმდე: სახეზე არსებული რიგი ნიშნები ჩონჩხის ფორმირების მიმდინარეობისა მეტყველებს - განსხვავებული შეხედულების საწინააღმდეგოდ - იმდროინდელი ადამიანის სიცოცხლის საერთო ხანგრძლივობაზე, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება თანამედროვეს. გამოდის, რომ ბიბლიაში რეგისტრირებული სიცოცხლის ხანგრძლივობის თანდათანობით შემცირება და ადამიანის ფიზიკური მომწიფების დაჩქარება - რეალურად შესამჩნევი პროცესებია. და თუმცა, პირველი მათგანი ბოლო დროს რამდენადმე კომპენსირდება მედიცინის უსწრაფესი განვითარების ხარჯზე, მეორე, რომელმაც მიიღო „აქსელერაციის“ სახელწოდება, დღემდე აშფოთებს ექიმებს, ფსიქოლოგებს, სოციოლოგებს და პირველ რიგში - მოზარდის მშობლებს.

ეს სავსებით ეთანხმება ორთოდონტოზის ჯონ კუოზოს მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტებს. მან გამოიკვლია კბილებისა და ყბის დამახასიათებელი თავისებურებანი და მივიდა საინტერესო დასკვნამდე: ნეანდერტალელი სრულიად იდენტურია თანამედროვე ადამიანისა იმ გამონაკლისის გარდა, რომ იგი სქესობრივ და ფიზიკურ სიმწიფეს აღწევდა მხოლოდ 28-32 წლის ასაკში, და შესაბამისად მეტი იყო მისი სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა. ბიბლიაც ხომ ზუსტად ასეთ დახასიათებებს აძლევს როგორც ფალეკის, ისე იობის უახლოეს წინაპრებსა და შთამომავლებს - შეადარეთ სემის შთამომავლების ცხოვრების აღწერა (შესქ. 11,12-24) შემდეგ შენიშვნას: „ცხონდა შემდგომად წყლულებისა ასსამეოცდაათ წელ... და იხილა იობ ძენი თჳსნი და ძენი ძეთა მისთანი, მეოთხე ნათესავი“ (იობ. 42,16).

გასაკვირი არც არის, რომ „გამოქვაბულის ადამიანის“ სადგომების უმეტესობას თანამედროვე არქეოლოგები უკავშირებენ გამყინვარების პერიოდს. მართლაც, ჯერ კიდევ იობის დროს არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც „მრავალნი შიშუელნი დააწვინნეს თჳნიერ სამოსლისა და საფარველი გუამისა მათისაჲ მოუღეს. ცუარისაგან მთათასა დაელტნენ და, რამეთუ არა აქუნდა მათ საფარველი, კლდეთა შინა დაეყუდნეს“ (იობ. 24,7-8). იობის თაობის ბევრი წინამორბედი კი (უფრო ზუსტად, ფალეკის თანამედროვენი): „ნაკლულევანებასა და სიყმილსა შინა იყვნეს, რომელნი ივლტოდეს ურწყულსა გუშინ იწროებისაგან და უბადრუკებისა, რომელნი მდელოსა კრებდეს მთათა შინა, რომელთაჲ მხალი იყო მათა საზრდელად, უპატიონი და განქარვებულნი, ნაკლულევანნი ყოვლისაგან კეთილისა, რომელნი ძირსაცა ხეთასა იცოხნიდეს სიყმილისაგან დიდისა, ჩემ ზედა აღდგომილ არიან მპარავნი, რომელთანი სახლნი მათნი იყვნეს ჴურელნი კლდეთანი, შორის საოხრელთა ღაღადებდეს. რომელნი ქარქუეტითა ველისათა იზარდებოდეს“ (იობ. 30,3-7).

აბრაამის დროსაც კი (ქრისტეს შობამდე დაახლოებით 2000 წელი) ქორეელების ტომი (თარგმანით - „გამოქვაბულში მცხოვრებნი“) ბინადრობდა „მთათა შინა სეირისათა ვიდრე ტერევინთამდე ფარანისა, რომელ არს უდაბნოს“ (შესქ. 14,6).

ეჭვის გარეშეა, რომ შესაძლო კატასტროფების შემთხვევაში, იქ, სადაც ქალაქები დაინგრევა, გამოქვაბულები და კლდეების გადმონაშვერები ისევ გახდება ადამიანის თავშესაფარი, როგორც ამას იოანე ღვთისმეტყველი ამბობდა: „და მეფეთა ქუეყანისათა და მთავართა და ათასის-თავთა და მდიდართა და ძლიერთა და ყოველმან მონამან და აზნაურმან დაშალნეს თავნი მათნი ქუაბთა შინა და კლდეთა შინა მთათასა“ (გამოცხ. 6,15).

ძალიან ბევრი ფაქტორი მეტყველებს იმაზე, რომ „გამოქვაბულის ადამიანი“ - არა „დამაკავშირებელი რგოლი“ ადამიანსა და მაიმუნს შორის, არამედ მსგავსი თანამედროვე ადამიანისა - გადაურჩა რომელიღაც კატაკლიზმას, მაგრამ შედეგად უსახლკაროდ დარჩა. ხშირად, იგივე ნეანდერტალელების ცნობილი ჩონჩხები ამტკიცებენ მათ პატრონებში D ვიტამინის ნაკლებობას, რაც სავსებით შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო მზის რადიაციის ნაკლებობით, მაგრამ არავითარ შემთხვეავაში შუალედური მდგომარეობით ადამიანსა და მაიმუნს შორის.

ერცის აღმოჩენამ კიდევ ერთი საინტერესო საკითხი დასვა. გაყინულ ადამიანს თან ჰქონდა კაჟის იარაღების სრული სპექტრი (დაწყებული ტლანქიდან, დამთავრებული ძალზედ დახვეწილამდე), სპილენძის ცული და ასევე მშვილდისარი, როემლიც ძალიან წააგავდა შუა საუკუნეებისას. თუკი ამ საგნებიდან შემოინახებოდა მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი, ერცის მიაკუთვნებდნენ შესაბამისად ან პალეოლითის, ან მეზოლითის, ან ნეოლითის, ან სპილენძის ხანას, და ბოლოს შეიძლება - შუა საუკუნეებს. მაგრამ ყველაფერი ეს ერთდროულად ჰქონდა თურმე ერთსა და იმავე ისტორიამდელ ადამიანს. და ნუთუ ჩვენს დროშიც კი, ავსტრალიის კონტინენტზე არ შეინიშნება ერთდროული თანაარსებობა კოლონიზატორების შთამომავალთა ავტომობილებისა და ამავდროულად აბორიგენების ბუმერანგებისა? ნუთუ ულტრათანამედროვე რაკეტებით სავსე ჩვენს კონტინენტზე მოსახლეობის განსაზღვრული ფენებისთვის რიყის ქვა არ რჩება უსაყვარლეს იარაღად? გამოდის, რომ არქეოლოგიური კულტურების არტეფაქტებით დათარიღების უტყუარობა არცთუ ისე სანდოა.

ძირითადი დასკვნა, რომელსაც გვკარნახობს მთელი ეს ისტორია, ის არის, რომ გამყინვარებამდელი ადამიანი მცრედ განსხვავდებოდა თანამედროვისგან. ადამიანი ყოველთვის იყო ადამიანი. და თუ მატერიალური კულტურის უცილეობელი განვითარების ფონზე, რომელიც მჭიდრო კავშირშია მეცნიერებასა და ტექნიკასთან, ადამიანებმა განიცადეს რაიმე ცვლილებები, მაშინ ამას ყველაზე ნაკლებად შეიძლება ვუწოდოთ პროგრესი, ანუ ევოლუვია ამ სიტყვის დარვინისეული გაგებით.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>