საოცარია, რომ ბიბლია არა მხოლოდ წარსულში მომხდარი წარღვნის დაწვრილებით და დასაბუთებულ აღწერილობას იძლევა მეცნიერული თვალსაზრისით, არამედ წინასწარმეტყველებს, რომ დადგება ბოლო ჟამი, როდესაც ხალხი არც კი დაიჯერებს ოდესღაც დედამიწაზე მომხდარი წარღვნის ან მისთვის რაიმე უჩვეულო მოვლენის არსებობას. ისინი ჯიუტად დაიწყებენ მტკიცებას, „ვინაითგან მამათა შეისუენეს, ყოველივე ესრეთ ჰგიეს დასაბამითგან დაბადებისაით“ (2 პეტ. 3,4). ასე რომ, ბიბლიის ტექსტების მიმართ დღეს გამეფებული კრიტიკული დამოკიდებულება სავსებით ესადაგება წინასწარმეტყველებას. მაგრამ რა შეიძლება ითქვას მომავლის შესახებ? არის კი შესაძლებელი დედამიწაზე მსგავსი კატასტროფის გამეორება?
მეცნიერული მონაცემები საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ მსოფლიო წარღვნის იდენტური მოვლენა ალბათ მეტად აღარ განმეორდება. წარღვნასა და მის შემდგომ პერიოდში წარმოქმნილი ლითოსფერული ნაპრალები დედამიწის ქერქს საშუალებას არ აძლევს მის მთლიან ფართობზე ერთბაშად მიაღწიოს დაძაბულობის კრიტიკულ მნიშვნელობას, რადგან ლოკალური დაძაბულობები რეგულარულად „ვარდება“ მის ამა თუ იმ უბანში მომხდარი მიწისძვრების შედეგად. წარღვნამდე არსებული დედამიწის წყლის ორთქლის ფენა კი სრულიად დარღვეულია. თუმცა ეს არ გამორიცხავს სხვა რაიმე გლობალური ან კოსმოსური კატაკლიზმების შესაძლებლობას.
ბიბლია იძლევა კიდევ უფრო კატეგორიულ პასუხს:
„და დავამტკიცო აღთქუმაჲ ჩემი თქუენდა მიმართ და არ-ღა-რა მოჰკუდეთ ყოველი ჴორცი წყლისა მიერ რღუნისა და არ-ღა-რა იყოს მერმე რღუნა წყლისა განხრწნად ყოვლისა ქუეყანისა“ (შესქ. 9,11).
„საზღვარი დასდევ, რომელსა არა გარდააჴდენ, არცაღა მიაქციონ დაფარვად ქუეყანისა“ (ფს. 103,9).
„წყლითგან ქმნილით ნოეს ზე ესე არს ჩემდა, ვითარ-იგი ვეფუცე მას ჟამსა მას შინა ქუეყანასა არა განწყრომად შენ ზედა მერმე“ (ეს. 54,9).
„რომელმან დავაწესე ქჳშაჲ საზღუარად ზღჳსა ბრძანებად საუკუნოდ და არა ზეშთაჰჴდეს მას“ (იერ. 5,22)
„რამეთუ დაავიწყდეს მათ ესე ნებსით, ვითარმედ ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა. რომლისაგან მაშინდელი იგი სოფელი წყლითა წარირღუნა და წარწყმდა. ხოლო აწ ცანი და ქუეყანაჲ მითვე სიტყჳთა დაუნჯებულ არიან, ცეცხლისა დამარხულნი დღედ საშჯელისა და წარწყმედისა უღმრთოთა კაცთაჲსა“ (2 პეტ. 3,5-7).
<< წინა თავი |