სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

წარღვნამდელი დედამიწა

რით განსხვავდებოდა წარღვნამდელი დედამიწა ახლანდელი პლანეტისგან?

დედამიწის შექმნის აღწერაში ვკითხულობთ: „და განყო ღმერთმან შორის წყლისა, რომელი იყო ქუეშე კერძო სამყაროჲსა და შორის წყლისა ზედა კერძო სამყაროჲსა. და უწოდა ღმერთმან სამყაროსა ცაჲ“ (შესქ. 1,7-8).

ამგვარად, თანამედროვე ენითა და წარმოდგენით, ატმოსფეროს (სამყაროს) წარმოქმნისას შესაქმის მეორე დღეს დედამიწის წყლის მარაგის გარკვეული ნაწილი მდებარეობდა მის გარეთ, ე.ი. საჰაერო ფენის ზემოთ დედამიწის სფეროს გარს ეტყდა წყლის ორთქლის ფენა. „დავსდევ მას ზედა ღრუბელი სამოსლად და ნისლითა წარვგრაგნე იგი“ (იობ. 38,9). ატმოსფერული ფიზიკის დარგის სპეციალისტმა, დოქტორმა ჯოზეფ დილოუმ (აშშ) მათემატიკური შეფასება მისცა იმას, თუ რა რაოდენოების წყლის ორთქლი შეიძლებოდა ყოფილიყო სტაბილურად დედამიწის საჰაერო ფენის ზედაპირზე. აღმოჩნდა, რომ მსგავსი ფენის სიმძლავრე დედამიწის ზედაპირზე იქნებოდა თხევადი წყლის თორმეტმეტრიანი ფენის ეკვივალენტური. დარღვევისას ასეთ ფენას უნდა გამოეწვია ორმოცი დღის განმავლობაში გადაუღებელი კოკისპირული წვიმა, როგორც ეს წარღვნის ბიბლიურ ქრონოლოგიაშია აღწერილი. შედარებისთვის უნდა აღინიშნოს, რომ თანამედროვე ატმოსფეროში არსებული მთელი ნალექის უეცარი გადმოსვლისას წვიმის ხანგრძლივობა რამდენიმე საათი შეიძლება გაგრძელდეს და ნალექის რაოდენობა ხუთ სანტიმეტრს არ გადააჭარბებს.

წარღვნამდელი დედამიწის ატმოსფეროს
ორთქლის დამცავი საფარი

როგორი ზეგავლენა შეეძლო მოეხდინა ასეთ ფენას დედამიწის სიცოცხლეზე? როგორც აღმოჩნდა, მსგავსი წყლის ეკრანი, რომელიც თავისუფლად ატარებდა მზის სინათლის ხილულ ნაწილს, აკავებდა გარდატეხილ გრძელტალღოვან (სითბურ) გამოსხივებას და ასეთი გზით გლობალურ სითბურ ეფექტს ქმნიდა. ამ შემთხვევაში პლანეტის მთელ ზედაპირზე, პოლუსიდან პოლუსამდე, უნდა შექმნილიყო ტროპიკული კლიმატი. მართლაც, შესწავლილი ნამარხი მცენარეების ანაბეჭდები ნათლად მოწმობს შორეულ წარსულში მსგავსი ტროპიკული მცენარეების არსებობას როგორც ეკვატორის, ისე იმიერპოლარეთის რაიონებში. ამაზევე მეტყველებს არქტიკასა და ანტარქტიდაში უამრავი ქვანახშირის საბადო, რომლებიც წარმოქმნილია ტროპიკული მცენარეების უზარმაზარი მასებისგან.

შემდგომ დედამიწის ზედაპირის თანაზომიერ გათბობას უნდა გამოერიცხა ქარების, ქარიშხლების, ნალექის, წყალდიდობებისა და სხვა არასასურველი მოვლენების არსებობა. პალეონტოლოგიური მონაცემები თავის მხრივ მოწმობს ძველ ფლორაში ძალიან სუსტად განვითარებულფესვებიანი გიგანტური მცენარეების არსებობას, რაც შეუძლებელი იქნებოდა ქარებისა და ნალექის არსებობის შემთხვევაში. ბიბლიაში ხომ პირდაპირ წერია: წარღვნამდე „არღა ეწჳმა ღმერთსა ქუეყანასა ზედა... ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქუეყანით და რწყვიდა პირსა ყოველის ქუეყანისასა“ (შესქ. 2,5-6). დედამიწაზე მოსალოდნელი თავსხმა წვიმის მოსვლა (შესქ. 7,4) ნოესთვის იყო მანამდე არნახული ფაქტის გამოცხადება (ებრ. 11,7). მეტეოროლოგიური აქტიურობის არარსებობა ასევე მტკიცდება იმ ფაქტითაც, რომ წარღვნამდე დედამიწაზე არ შეინიშნებოდა ცისარტყელა (შესქ. 9,8-17). წელიწადის დროთა ჩვენთვის ჩვეულებრივი კანონზომიერი თანმიმდებრობაც კი მხოლოდ წარღვნის შემდეგ ჩამოყალიბდა, როგორც აღნიშნული ფენის რღვევის შედეგი: „და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ“ (შესქ. 8,22).

გარდა ამისა, წყლის ორთქლის ფენა შეიძლება საუკეთესო ბუნებრივი დამცავი საფარი ყოფილიყო მკვეთრი (ან ძლიერი) კოსმოსური გამოსხივებისგან, რაც მიზეზია დეგენერაციული მუტაციისა გენეტიკურ დონეზე, რომელიც თავის მხრივ ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლის ხანგრძლივობას ამცირებს. მართლაც, შესაქმის წიგნის მეხუთე თავიდან ჩანს, რომ ჩვენი წარღვნამდელი წინაპრების სიცოცხლე იყო ძალზე ხანგრძლივი.

ადამმა - 930 წელი, სეითმა - 912 წელი, ენოსმა - 905 წელი, კაინანმა - 910 წელი, მალელეილმა - 895 წელი, იარედმა - 962 წელი, მათუსალამ - 969 წელი, ლამექმა - 777 წელი, ნოემ - 950 წელი იცოცხლეს (600 წარღვნამდე და 350 წარღვნის შემდეგ) (შესქ. 7,6 და 9,28-29).

მტკიცება იმისა, რომ თითქოს ეს რიცხვები ასაკს წლებით კი არა, თვეებით აღნიშნავს, კრიტიკას ვერ უძლებს: ამ შემთხვევაში მათუსალას დაბადებისას მისი მამა ენუქი მხოლოდ ხუთი წლის უნდა ყოფილიყო; ხოლო შესაქმის წიგნის V თავში მოყვანილი მონაცემების საფუძველზე არც თუ ისე რთული იქნებოდა იმის გამოთვლა, რომ მოსეს მამა ლამექი 56 წლის ასაკამდე ადამის თანამედროვედ გვეცნო, რომელიც სინამდვილეში მისი მეშვიდე (!) თაობის წინაპარს წარმოადგენდა.

წარღვნის შემდეგ ირღვევა რა დამცავი გარსი, მალევე იწყება სიცოცხლის ხანგრძლივობის სწრაფი კლება და უკვე იაკობისთვის იგი 147 წელს შეადგენს. მოსეს დროიდან დღემდე კი: „ყოველნი დღენი ჩუენნი მოაკლდეს, და რისთვითა შენითა მოვაკლდით ჩუენ; წელნი ჩუენნი ვითარცა დედაზარდლი იწურთიდეს, დღენი წელიწადთა ჩუენთანი მათ თანა სამეოცდაათ წელ, ხოლო უკუეთუ ძლიერებასა შინა, ოთხმეოც წელ...“ (ფს. 89,9-10). აღნიშნულ ბარიერს მხოლოდ ძველი მცხოვრებნი თუ სცილდებიან, თუმცა ასოცი წლის ზღვარს ისინიც კი ძალზე იშვიათად აჭარბებენ. წარღვნამდელი ზღვარი და მომდევნო პერიოდის ხანგრძლივობის შემცირება წმ. წერილში დეკლარირდება შემდეგნაირად: „და თქუა უფალმან ღმერთმან: არა დაადგრეს სული ჩემი კაცთა ამათ შორის უკუნისამდე ყოფისათჳს მათისა ჴორც, ხოლო იყვნენ დღენი მათნი ასოც წელ“ (შესქ. 6,3). საეჭვოა, რომ შესაქმის წიგნის ავტორს, რომელსაც სამიათას ხუთასი წლის წინ ძველ ეგვიპტეში ჰქონდა მიღებული განათლება, რაიმე სცოდნოდა გენეტიკის, გერონტოლოგიისა და თვით კოსმოსური გამოსხივების შესახებ. ასე რომ, განზრახ ფალსიფიცირება აქ მთლიანად გამორიცხულია. სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირების გრაფიკს ისედაც გადაგვარებული რეალური ფიზიკური პროცესის აღწერის ფორმა აქვს. ამ გრაფიკის მდორედ ცვლილება და უწყვეტობა აღნიშნული ტენდენვიების აღწერის საკმაოდ დამაჯერებელ არგუმენტს წარმოადგენს.

ატმოსფეროს ზემოდან წყლის დიდი რაოდენობით არსებობის კიდევ ერთი მიზეზი მაღალი ატმოსფერული წნევა უნდა ყოფილიყო, რაც მის თანამედროვე მნიშვნელობას ორჯერ (უფრო სწორედ 2,14-ჯერ) აღემატებოდა. ამას ადასტურებს ქარვაში „დაკონსერვებული“ ჰაერის ბუშტუკები, რომელთა ატმოსფეროს შემადგენლობის ძირითადი გაზების პარციალური (დანაწევრებული) წნევა ადრინდელ ქარვაში მნიშვნელოვნად აღემატება. წარღვნამდელი ატმოსფეროს მაღალ წნევაზე ასევე გაქვავებული ნამარხებისა და მწერების ანაბეჭდების ზომები მოწმობს. ცნობილია, რომ მწერის ორგანიზმი მისი სიცოცხლისათვის აუცილებელი ჟანგბადით უშუალოდ ქიტონური საფარის კაპილარების გავლით იკვებება. რაც უფრო მაღალია ატმოსფერული წნევა, მით უფრო ღრმად აღწევს ჟანგბადი და შესაბამისად მწერის ზომები საგრძნობლად შეიძლება გაიზარდოს. მართლაც, ნამარხი მწერის სხეული გაცილებით დიდია თანამედროვეზე. მაგ., არც ისე დიდ იშვიათობას წარმოადგენს მათ შორის გიგანტური ჭრიჭინა (ფოტოზე), რომლის ფრთათაშორისი განი ნახევარ მეტრს აღწევს.

ძველი აღთქმის პატრიარქთა სიცოცხლის ხანგრძლივობის გრაფიკი

წარღვნამდე უფრო მაღალი ატმოსფერული წნევის არსებობის ვარაუდი არაპირდაპირი გზით მტკიცდება იმ ფაქტითაც, რომ იმ დროს ადამიანებისა და ცხოველების ორგანიზმები თავიანთი ცხოველმოქმედების შესანარჩუნებლად ცილოვან საკვებს არ საჭიროებდნენ („და თქუა ღმერთმან: აჰა მოგეც თქუენ ყოველი თივა სათესავი მთესველი თესლისა, რომელ არს ზედა ყოვლისა ქუეყანისა. და ყოველი ხე, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა ნაყოფი თესლისა სათესავი, თქუენდა იყოს საჭმელად და ყოველთა მჴეცთა ქუეყანისათა და ყოველთა მფრინველთა ცისათა და ყოვლისა ქუეწარმავალისა, რომელსა აქუს თავსა შორის თჳსსა სული სიცოცხლისა და ყოველი თივა მწვანვილისა საჭამადად“. შესქ. 1,29-30). მაგრამ წარღვნის შემდეგ, მალევე, შედარებით გაიშვიათებული ჰაერის პირობებში იგივე საქმე გაცილებით მეტი ენერგიის დანახარჯებს მოითხოვდა (ისევე, როგორც დაბლობიდან მაღლობ რაიონებში გადასხლებისას), რაც სავსებით შესაძლებელია ადამიანის მენიუში პირუტყვის ხორცის გამოყენების მიზეზი გამხდარიყო: „და ყოველი ქუეწარმავალი, რომლის არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი“ (შესქ. 9,3).

გიგანტური ნამარხი ჭრიჭინა

მიუხედავად აღნიშნული ფაქტებისა, წყლის თორმეტმეტრიანი ფენა საკმარისი არ იქნებოდა, რომ დაეფარა „ყოველნი მთანი მაღალნი, რომელნი იყვნეს ქუეშე ცისა“ (შესქ. 7,19). წარღვნისას დაგროვილი წყლების დიდ ნაწილს, ეჭვგარეშეა, მიწისქვეშა წყალი წარმოადგენდა. მისი მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილი, როგორც ეტყობა, ადრინდელი ოკეანე იყო. სამყაროს მეტეორიტული ნივთიერების ქიმიური შემადგენლობის შესწავლამ ცხადყო, რომ მისი შემადგენლობის 19%-ს შეადგენს წყალი ამა თუ იმ ფორმით. საფუძველს მოკლებულია ის აზრი, თითქოს წყლის პირველადი შემადგენლობა დედამიწის ნივთიერებაში ამ მაჩვენებლისგან დიდად განსხვავდებოდა. ამ შემთხვევაში მაღალი წნევის და რადიოაქტიური დაშლის რეაქციების შედეგად მიწის წიაღის სწრაფ  გაცხელებას უნდა გამოეწვია წყლის მნიშვნელოვანი ნაწილის გამონთავისუფლება და გადახურებულ მდგომარეობაში დიდი რაოდენობით ზეგაჯერებული წყლის ხსნარის დრეიფი (მიმართულების შეცვლა) დედამიწის ქერქის მიმართულებით. ზედაპირზე მას უნდა მოჰყოლოდა ინტენსიური გეოთერმული აქტიურობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძველ ებრაულ ტექსტში ორთქლის მნიშვნელობით მოხსნიერბული სიტყვა ედ, თანაბარმნიშვნელოვნად შეიძლება ითარგმნოს როგორც ცხელი წყარო, შადრევანი ან გეიზერი: „ხოლო წყარო აღმოვიდოდა ქუეყანით და რწყვიდა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა“ (შესქ. 2,6). უფრო მეტიც, ედემიდან სხვადასხვა მიმართულებით გამდინარე ოთხი მდინარე ფისონი, გეონი, ტიგრისი და ევფრატი (შესქ. 2,10-14), წვიმების არარსებობის პერიოდში, შეუძლებელია არ ყოფილიყო გეოთერმული წარმოშობისა. ხოლო გამოცხადებაში (გამოცხ. 14,7) წყაროები განსაკუთრებულად მოიხსენება ღვთის დანარჩენ ქმნილებათა, ცასა, მიწასა და ზღვას შორის.

ამგვარად, ბიბლიაში აღწერილი დედამიწის წარღვნამდელი მოდელი სრულიად არ ეწინააღმდეგება მეცნიერულ მონაცემებს, თუმცა იმდროინდელი ფალსიფიკატორებისთვის მსგავსი ფაქტების უმრავლესობა ვერ იქნებოდა ასეთი აშკარა. ისღა დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ მართლაც: „ცანი იყვნეს პირველითგან და ქუეყანაჲ წყალთაგან, და წყალთა მიერ შეიქმნა სიტყჳთა ღმრთისაჲთა“ (2 პეტ. 3,5).

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>