სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

რის გამო დათვრა ნოე

წარსულში უფრო მაღალი ატმოსფერული წნევის არსებობის (ამავდროულად - ბიბლიური ტექსტის უტყუარობის) არაპირდაპირი გზით დამტკიცების საინტერესო მაგალითს წარმოადგენს შესაქმის წიგნის მეცხრე თავში აღწერილი უსიამოვნება, რომელიც ნოეს წარღვნის შემდეგ მალევე შეემთხვა.

არც თუ შორეულ წარსულამდე (როცა გამოგონებულ იქნა პასტერიზაცია, კონსერვირება, სამაცივრე დანადგარები) სასმელების დამზადებისა და შენახვის ხერხებს მხოლოდ მეღვინეობა განსაზღვრავდა.

წესისამებრ, ღვინო მზადდებოდა ყურძნის წვენის ბუნებრივი დამჟავებით (დუღილით) და 12%-იანი სიმაგრე ჰქონდა. საკვირველი არც არის, რომ წარღვნის შემდგომ, როცა ნოემ მიწის დამუშავება ისევ დაიწყო, ვენახიც მალე ჩაყარა. მაგრამ შეცვილი პირობების გამო ამან გამოიწვია კაცობრიობის ისტორიისათვის საკმაოდ სერიოზული შედეგი:

„და სუა ღჳნისაგან და დაითრო და განშიშულდა სახლსა შინა თჳსსა. და იხილა ქამ, მამამან ქანანისმან, სიშიშულე მამისა თჳსისა და გამოსრულმან მიუთხრა ძმათა თჳსთა გარე. და მიიღეს სემ და იაფეთ სამოსელი და დაიდვეს ორთავე მჴართა მათთა ზედა. და ვიდოდეს ზურგ უკუნქცევით და შიშლოებაჲ მამისა მათისა არა იხილეს. და განიფრთხო ნოე ღჳნისაგან და ცნა, რაოდენ იყო მას ძემან მისმან უჭაბუკესმან. და თქუა: წყეულ ქანან ყრმა, მონა იყავნ ძმათა მისთაჲ“ (შესაქ. 9,21-25).

მოყვანილი აღწერილობიდან იქმნება შთაბეჭდილება, რომ ღვინის მიღებით გამოწვეული ეფექტი მოულოდნელი აღმოჩნდა, როგორც თვითონ ნოესთვის (ჩვენ ვიცით, რომ ნოე იყო მართალი და წმინდა კაცი (შესაქ. 6,9), ხოლო ასეთი დახასიათება ნებისმიერ საზოგადოებაში გულისხმობს ზომიერებასა და თავშეკავებულობას ზედმეტობისაგან), ასევე მისი ოჯახისთვის; სწორედ ამით შეიძლება აიხსნას მისი შუათანა შვილის არაადეკვატური რეაქცია, რომელსაც იმ დროს უკვე ჰყავდა საკუთარი შვილები და ამდენად მისთვის შიშველი კაცის დანახვა უცხო არ უნდა ყოფილიყო. ეტყობა ქამმა თავისი ცხოვრების მანძილზე პირველად დაინახა მთვრალი კაცი. უფრო მეტიც, ნოეს ამ შემთხვევის გადმოცემა გახდა პირველი აღწერა ალკოჰოლური სიმთვრალისა მთელი კაცობრიობის ისტორიაში. მაგრამ ალკოჰოლის ზემოქმედება ორგანიზმზე პირდაპირ დამოკიდებულებაშია ადამიანის სისხლში ჟანგბადის რაოდენობასთან, ხოლო ეს უკანასკნელი, თავის მხრივ, ჰაერში ჟანგბადის პარციალურ წნევასთან.

გამოცდილება გვიდასტურებს, რომ მაღალმთიანი რაიონების მცხოვრებთა ორგანიზმი ადაპტირებულია მაღალმთიან პირობებთან და ამიტომ დაბლობ ადგილებში მცხოვრებლებთან შედარებით ადვილად იტანენ სპირტიან სასმელებს, რისი მიზეზიცაა ჰიპოქსიის ზემოქმედების ეფექტი ალკოჰოლის მეტაბოლიზმზე, რომელიც წარმოიშობა წნევის შემცირებისას, რაც შეიძლება განპირობებული იქნას სულ რაღაც ათასხუთასი-ორიათასი მეტრის სიმაღლეზე გადაადგილებით. რამდენად მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება მოეხდინა ორგანიზმში მეტაბოლურ პროცესებზე ჰაერის წნევის 1,14 ატმოსფეროთი დაწევას - ორჯერ უფრო მეტი?! ეტყობა, რომ წარღვნამდე მშრალი ღვინის ალკოჰოლური ეფექტი დიდად არ განსხვავდებოდა კეფირისა და სხვა მჟავე რძის პროდუქტების მიღებით გამოწვეული ეფექტისგან: მათში არსებული ალკოჰოლის პირდაპირი გადამუშავებისთვის სრულიად საკმარისია ჩვენს სისხლში არსებული ჟანგბადის დღევანდელი რაოდენობა. ყოველ შემთხვევაში, ნოე არ იკიცხება ამ უნებლიე სიმთვრალისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის ზოგადი დამოკიდებულება სიმთვრალესთან ერთმნიშვნელოვნად უარყოფითია.

ამგვარად, ჩვენ ვხედავთ, რომ აღწერილი შემთხვევა სავსებით ეთანხმება ჩვენს თანამედროვე წარმოდგენებს, რომ ადამიანის ორგანიზმზე ალკოჰოლის ზემოქმედების ეფექტი დამოკიდებულია ატმოსფერული წნევის ცვალებადობაზე. მაგრამ რამდენიმე ათასი წლის წინათ ხომ ეს ყველაფერი ცნობილი არ იყო. ასე რომ, ერთადერთი ახსნა ბიბლიური თხრობის შეთანხმებულობისა ისაა, რომ ის აღწერს რეალურად მომხდარ მოვლენებს.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>