სერგეი გოლოვინი

მსოფლიო წარღვნა: მითი, ლეგენდა თუ რეალობა?

კიდობანი

თუმცა წარღვნის შედეგად სიცოცხლე მთლიანად არ განადგურებულა. ბიბლიის თანახმად „და შევიდა ნოე და ძენი მისნი მის თანა და ცოლი მისი და ცოლნი ძეთა მისთანი კიდობნად წყლისათჳს რღუნისა. და ყოველთაგან მფრინველთა წმიდათა და ყოველთაგან მფრინველთა არაწმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა წმიდათა და ყოველთაგან საცხოვართა არაწმიდათა და ყოველთაგან ქუეწარმავალთა ქუეყანისზედათა. ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს ნოეს თანა კიდობნად - მამალი და დედალი - ვითარცა ამცნო მას უფალმან ღმერთმან“ (შესქ. 7,7-9). შესაძლოა თუ არა ასეთი რამ? რას წარმოადგენდა თავად კიდობანი? რა რაოდენობის ცხოველები შეეძლო დაეტია მას? რამდენი ცხოველის აყვანა იყო აუცილებელი კიდობანში?

ბიბლია კიდობნის კონსტრუქციას აღწერს შემდეგი სახით: „იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი: სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქუენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი“ (შესქ. 6,14-16). კიდობანი წარმოადგენდა სამგემბანიან დიდ ხომალდს დაახლოებით 150X25X15 მეტრის გაბარიტებით. მისი წყალწყვა მხოლოდ ნახევრად ჩაძირულ მდგომარეობაში შეადგენდა დაახლოებით 20 ათას ტონას. ასეთივე წყალწყვა აქვს თბომავლებს „ივან ფრანკოს“, „ალექსანდრე პუშკინს“, „ტარას შევჩენკოს“, „შოთა რუსთაველს“. მას თანამედროვე მთლიანად ლითონის გემების გამოჩენამდე პრაქტიკულად ანალოგი არ ჰყავდა. მაგრამ განცვიფრებას იწვევს ის ფაქტი, რომ კიდობნის სიგრძისა და სიგანის ფარდობა დღესდღეობით ფართოდ გავრცელებული თანაფარდობის მნიშვნელობის (6:1) ტოლია, რაც უზრუნველყოფს ხომალდის ოპტიმალური სვლის ხარისხს დრეიფის დროს. სიგანისა და სიმაღლის თანაფარდობა კი ანიჭებდა მას სიმტკიცეს, რომელიც გამორიცხავდა გვერდულ წნევას ნებისმიერი ღელვისას. კიდობნის გემბანის საერთო ფართი შეადგენდა 9300 კვ. მეტრს, ხოლო მოცულობა 43000 კუბ. მეტრს, რაც 569 სპეციალური სარკინიგზო ვაგონების ზომების ეკვივალენტურია, რომლებსაც წვრილფეხა საქონლის გადაზიდვისას იყენებენ და მსოფლიოში მიღებული ნორმების მიხედვით 240 ინდივიდს იტევს. ცხოველები კი, ალბათ, კიდობანში აყვანილნი იყვნენ ჯერ კიდევ არაზრდასრულ ასაკში - მათ ხომ რაც შეიძლება მრავალრიცხოვანი შთამომავლობა უნდა მოეცათ „დესანტირების“ შემდგომ.

კიდობნის სიმტკიცე
მცურავ კიდობანზე მოქმედებს ორი, სიდიდით ტოლი და მიმართულებით საწინააღმდეგო, ვერტიკალური ძალა: სიმძიმის ძალა G, რომელიც მოდებულია ხომალდის მასის ცენტრზე, და ამომგდები (არქიმედეს) ძალა A, რომელიც მოდებულია კიდობნის ჩაძირული ნაწილის გეომეტრიულ ცენტრზე („გამოდევნილი წყლების“ მასის ცენტრზე).
ხომალდის ჰორიზონტალური მდგომარეობისას ორივე ძალა მოდებულია ერთი ღერძის გასწვრივ, და კიდობანი იმყოფება უძრავ მდგომარეობაში. გვერდული დახრილობის წარმოქმნის შემთხვევაში, ამომგდები A ძალის მოდების წერტილი გადაინაცვლდებს გვერდზე, და წარმოიქმნება მომენტი, რომელიც კიდობანს გარდაუვლად აბრუნებს საწყის მდგომარეობაში.

რამდენი ცხოველის აყვანა იყო აუცილებელი ნოეს კიდობანზე? სპეციალისტების აზრით, დედამიწაზე არსებოსბ 1075100 სახეობის ცოცხალი ორგანიზმი. მაგრამ მრავალი მათგანი არ საჭიროებდა კიდობანს. ესენი არიან 21000 სახეობის თევზი, 1700 რბილგარდიანები, 600 სახეობის კანეკლიანები, 107000 სახეობის მოლუსკი, 10000 სახეობის ნაწლავღრუიანი, 500 სახეობის ღრუბლისებრი ორგანიზმი, 30000 სახეობის უმარტივესი. 838000 სახეობის ფეხსახსრიანებიდან და 35000 სახეობის ჭიებიდან უმეტესს, მრავალი წყლის ძუძუმწოვარას, წყალხმელეთას, რეპტილიასა და მწერს დამოუკიდებლად შეეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა. ამგვარად, ამ გიგანტურ მცურავ ფერმაში აუცილებლად უნდა აყვანილიყო დაახლოებით 35000 ინდივიდი, რომელიც გემის მხოლოდ მეოთხედ ნაწილს ავსებდა და ტოვებდა საკმარის ადგილს რვაკაციანი ეკიპაჟისთვის, პროდუქტებისა და ცხოველების საკვებისთვის. თუმცა ზოგიერთი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ბევრი საკვების განსაკუთრებული აუცილებლობა არ არსებობდა - სულ რაღაც ორმოცი დღის განმავლობაში ატმოსფეროში წყლის ორთქლის ფენის გაქრობის ხარჯზე ატმოსფერული წნევის სიდიდის ორჯერ მეტად დაწევას უნდა გამოეწვია ცოცხალი ორგანიზმების ნივთიერებათა ცვლის სწრაფი დაქვეითების უჩვეულო მოვლენა (ახლაც კი, როდესაც დაბადებისთანავე მუდმივად ატმოსფერული წნევის არასტაბილურობას აქვს ადგილი, ბევრმა იცის რამდენად მძიმეა მასთან შეგუება), და ბევრი ცხოველი შესაძლებელია ყოფილიყო დამუხრუჭებულ მდგომარეობაში, ახლოს ანაბიოზთან.

სწორედაც რომ ბიბლიაში მოყვანილი კიდობნის ასეთი დიდი ზომები კიდევ ერთხელ აყენებს ეჭვის ქვეშ ტექსტის მითიურობას ან ფალსიფიცირებას. მოსეს დროს ხომ მხოლოდ პატარა ზომის გემებით ცურვა იყო შესაძლებელი, ხოლო იმ პერიოდში ცნობილი ცხოველების სახეობების რაოდენობა რამდენიმე ასეულს ძლივს ითვლიდა.

ფალსიფიკატორისა და შემთხზველისათვის უფრო ბუნებრივი იქნებოდა ნოე გამოეხატა თავისი პაწაწუნა გემით ცხოველების გადამრჩენ ვინმე ბაბუა მაზაიას სახით. არ იქნებოდა საჭირო ასეთი გიგანტური ნაგებობის აუცილებლობა არა მსოფლიო, არამედ რაიმე ლოკალური წყალდიდობის შემთხვევაში. ათწლეულების მანძილზე კიდობნის მშენებლობისთვის დახარჯულ ძალებზე ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა წყალდიდობისგან უსაფრთხო ადგილებში მომთაბარეობა. სამწუხაროდ, ისტორიამ ვერ შემოინახა მინიშნება იმის შესახებ, თუ რომელი ხე ატარებდა ნოეს დროს (შესაძლოა მოსეს დროსაც) „გოფერის“ სახელს.

თანამედროვე მკვლევარების აზრები ამის შესახებ მნიშვნელოვნად განსხვავდება. ერთ-ერთი უკიდურესი აზრი ამტკიცებს, რომ „გოფერი“ მუხის ნაირსახეობაა, მეორე უშვებს ამ დასახელებით სინთეტიკური მასალის არსებობას, როგორიცაა მაგ. სპეციალური წესით დამუშავებული მცენარეული ფისი (დღვილი), მსგავსად თანამედროვე პლასტიკური მინისა. შესაძლებელია დროთა განმავლობაში რეგულარულმა არქეოლოგიურმა გათხრებმა არარატის მიდამოებში გააცხადოს ეს საიდუმლოება. მაგრამ იმის მიუხედავად, შემონახულია თუ არა დღემდე კიდობანი, სხვაგვარად ახსნა იმისა, თუ როგორ გადარჩა სიცოცხლე ამ გლობალური კატალკიზმის დროს, ვერ ხერხდება.

 


<< წინა თავი

სარჩევი

შემდეგი თავი >>